„ოპოზიცია ზურაბიშვილს პირდება, თუ ის არჩევნებში დაეხმარება, ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში, ხმოსნების მიერ ისევ პრეზიდენტად იქნება არჩეული“

 ლიკა ბერიკაშვილი

   

საქართველოს თავდაცვის ძალების 33 წლის საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა და ჯარის თანდასწრებით, ფაქტობრივად, ქვეყინის ღალატში დაადანაშაულა. მან პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, საზოგადოების ორ ნაწილად გახლეჩვაში დაადანაშაულა.

სალომე ზურაბიშვილმა ჯარს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ შავ-ბნელი ძალები საზოგადოების გახლეჩას ცდილობენ. მისი თქმით, საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინც ცდილობდა ჩვენ განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები.

„30 წელზე მეტია ეს ქვეყანა და საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული, რასაც ევროპული პერსპექტივა ჰქვია და ამ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა“, - თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილს პრემიერმა გამოსვლის დროს იქვე უპაუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადება შეუფერებელი იყო როგორც დღევანდელი დღისთვის, ასევე პრეზიდენტის თანამდებობისთვის.

„ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“,-განაცხადა პრემიერმა.

მანამდე კი ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა: „უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტად იწოდება ეს ადამიანი, რისთვისაც მეც მინდა პირადად ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი პირადი, საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტად იწოდება მოღალატე, თუმცა ჩვენ ისეთი პრეზიდენტი გვყავდა 9 წლის განმავლობაში, რომ მასთან სალომე ზურაბიშვილის ღალატი არაფერია. ბუნებრივია, სააკაშვილს ვგულისხმობ“, - თქვა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საპრეზიდენტო ფიცის ღალატი ჯერ კიდევ მაშინ დაფიქსირდა, როცა ქვეყანა დასავლეთიდან ვითომ და მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო თავდასხმის ობიექტი გახდა.

„საქართველოს მიმართ, როცა სააკაშვილთან დაკავშირებით, ცილისწამების ნიაღვარი წამოვიდა, თითქოს მას აწამებდნენ, ნელ -ნელა კლავდნენ, იყო პუტინის პირადი პატიმარი და მას, როგორც ნავალნის ისე აწამებენ და კლავენ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ფიცი ავალებდა, სიმართლე ეთქვა და საკუთარი ქვეყანა ამ საშინელი ცილისწამებისგან დაეცვა. არავინ ამბობს იმას, რომ ხელისუფლებას გადაფარებოდა, უბრალოდ, სიმართლე უნდა ეთქვა და ქვეყნის შეურაცხყოფისთვის წერტილი დაესვა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ სააკაშვილი ფეშენებელურ საავადმყოფოში ნებივრობდა, ხოლო ყოველ დღე, დედიკოს შერჩეულ საჭმელს მიირთმევდა. ეს ყველაფერი მან კარგად იცოდა და ვალდებული იყო ეს სიმართლე ეთქვა. ზურაბიშვილმა ეს არ გააკეთა და ის გახდა აი, ამ ლობისტების თანამოაზრე, რომელთაც გიული ალასანიამ ამ ტყუილებში მილიონები გადაუხადა. ასევე ვნახეთ, რომ ლამის, ამ ქალბატონმა დაწერა ევროპარლამენტარების მიერ მიღებული ახლანდელი რეზოლუცია, სადაც ისევ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. შემდეგ კი ვნახეთ ეს სასამართლო განხილვა, სადაც ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს. ის ახლა პრეზიდენტი მხოლოდ იმის გამოა, რომ იმპიჩმენტს მხარი ნაციონალებმა არ დაუჭირეს“, - ამბობს მამრაძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რა როლი შეიძლება არჩვენების წინ ზურაბიშვილმა შეასრულოს, მამრაძის თქმით, შიდა წყაროებით ცნობილი ხდება, რომ ოპოზიციამ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო პოსტზე დარჩენა და ამ ამპლუაში დახმარება ურჩია.

„ორბელიანის სასახლეში ვიცით, რომ ოპოზიციის ხშირი შეხვედრები მიდის. ვინაიდან ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა წელს მთავრდება და პრეზიდენტის არჩევნები იქნება არა საყოველთაო არჩევნების გზით, არამედ ხმოსნების მიერ, ოპოზიცია ანუ სააკაშვილის პარტია, მას პირდება, რომ თუ ის მათ მხარეს იდგება და არჩევნებში დაეხმარება, ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში, ის ხმოსნების მიერ ისევ პრეზიდენტად იქნება არჩეული. ზურაბიშვილის ყველა ბოლო მოქმედება ამ ინფორმაციის დამაჯერებლობას ამყარებს. მათ იციან, რომ ზურაბიშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა ტვირთია, ამიტომ ასეთი გარიგებით მას აიმედებენ. ეუბნებიან, სადაც ხარ იქ იყავი, ოღონდ შენი ეს სტატუსი უნდა იყოს გამოყენებული და ხელი „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში შეგვიწყვეო. ზურაბიშვილი ჩვეულებრივ ნაცოპოზიციის პარტნიორია, რომელიც ამას აღარც მალავს“, - ამბობს მამარაძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენატაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი აგენტოკრატი, რომელიც უკვე დიდი ხანია გაიშიფრა. ის ნებისმიერ ადგილს და სიტუაციას იყენებს იმისთვის, რომ „გლობალური ომის პარტიას“ ერთგულება დაუმტკიცოს.

„ზურაბიშვილი უკვე არავის და არაფერს ერიდება. ეს ქალბატონი უკვე დიდი ხანია გაიშიფრა და დე ფაქტო პრეზიდენტია. მას ეს თანამდებობა სჭირდება ოპოზიციასთან სავაჭროდ და საქმეების დასალაგებლად. სხვაგვარად ის აღარ წარმოადგენს არაფერს. ის პრეზიდენტის სტატუსის გარეშე ოპოზიციისთვისაც არ არის საინტერსესო. ხედავს, რომ „გლობალური ომის პარტიასთან“ დიდი კონკურენციაა საქართველოში პოლიტიკურ ლიდერობაზე და ნებისმიერ ადგილს იყენებს იმსითვის, რომ მათ ერთგულება დაუმტკიცოს.

იმდენად უსირცხვილოდ იქცევა, რომ ჩვენი ჯარის წინ, ე.წ. მთავარსარდალი გამოდის და ხელისუფლებას აკრიტიკებს. აქაც კი პირად ინტერესებზე ფიქრობს და იმაზე - დავალება როგორ შეასრულოს. რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, ის დღეს პრეზიდენტი არ იქნებოდა. ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და იმ ხალხის მოღალატე, რომლებმაც ამ სავარძელში ჩააბრძანა. ძალიანაც სწორად იქცევა მმართველი გუნდი, როდესაც მას ასეთი შეხვედრების დროს არაფრად აგდებს. ის არის დე ფაქტო პრეზიდენტი და ამის მტკიცებულება სამართლებივადაც და პოლიტიკურადაც არსებობს. ის გაიყიდა და არის მედროვე. მას როცა როგორ აწყობს, ისე იქცევა, ამიტომ ოპოზიციის ადგილას მე მას მაინც არ ვედობოდი“, - ამბობს გვენეტაძე.

Комментарии

Комментариев нет.