მიხეილ ღანიშაშვილი - ფშაური ხინკალი (ეთნოგრაფიული საშობაო )

ფშავლებს მტკიცედ სჯერათ, რომ მთელ მსოფლიოში თუ არა, საქართველოში მაინც სწორედ მათგან გავრცელდა ხინკალი.
ფშაურ ხინკალს „სუ სხვა გემო აქვ“ და რამდენადმე მართლაც განსხვავებულად მზადდება, ვიდრე სხვა კუთხეებში, რომ აღარაფერი ვთქვათ დედაქალაქზე, სადაც ის, ფშავლისავე სიტყვებით „გააფუჭეს, გადააგვარეს, გადაქაჯეს და გააუგემურეს“..
საპატივცემულო სტუმარს ფშაველი უთუოდ დამბალ ხაჭოს ხაჭო–ერბოს გაუკეთებს, ან ხინკალს მოუხარშავს. არჩევანის უპირატერსობა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი დრო აქვს ამ უკანასკნელს, ძალიან ეჩქარება წასვლა, თუ – არა. .
სულ სხვაა საოჯახოდ, საჯალაფოდ, შინაურობაში ხინკლის კეთების ტრადიცია და პროცედურები!.
საზამთროდ ხორცი ფშაველს ყოველთვის დამარაგებული აქვს. გვიანი შემოდგომისთვის საკლავს რომ დაკლავს, რბილობს ხის კასრში ჩადებს–ჩაამარილებს, ხოლო ძვლიანებს ჰაერზე გაფენს, ჩამოკიდებს, გააშრობს, შებოლავს, გაახმობს და ამას კაღს ეძახის. კაღს არც ბუზი აჯდება და არც ჩანამწრავს, ანუ მატლი აღარ გაუჩნდება. თავის დროზე, ნელ–ნელაობით, კაღის ნაჭრებს ჩამოხსნის, ქვაბში ჩაჰყრის, მოხარშავს და უგემრიელეს წვნიანს დაამზადებს.
სახინკლე ხორცი ლამის მთელი ზამთრის მანძილზე კასრშია და ხინკლის გულად ქცევას ელოდება.
ხინკლის გულის გაკეთება ფშავლებში საკაცო საქმეა. მას მამაჩემი ასე ამზადებდა ჩემს ბავშვობაში: სახლში ახლაც გვაქვს ერთი უცნაური სამზარეულო საციქველი, რომელსაც გაუთვითცნობიერებელმა ბარელმა რომ შეხედოს, შეიძლება ჩვეულებრივი პლახი, სქელი და უდბადი ხის ფიცარი ეგონოს. მაგრამ, ჩვენი საკუჭნაო ტერმინოლოგიით, ეს ხორცის საკეფელაა, ანუ ხინკლის გულის გადასამუშავებელი ინსტრუმენტი. საკეფელა უპირატესად წიფლის ხის, 50–60 სანტიმეტრი სიგრძის, 30–40 სანტიმეტრი სიგანისა და 7–8 სანტიმეტრი სისქის ფიცარია. ის საგულდაგულოდ გათლილი, გასუფთავებული და კიდეებმომრგვალებულია. შუაში, ზედაპირის ის მხარე, რომელზეც ხორცი იკეფება, ოდნავ ჩაზნექილ–ჩაღრმავებული აქვს, რომ ნაკეფი მასა ერთგვარად შედედდეს და აქეთ–იქით უშნოდ არ გაიფანტოს.
ხორცს ადრე ხანჯლით, ახლა კი პირბასრი ხელცულით კეფავენ.
სახინკლისგულე ხორცი ცოტა ქონიანი უნდა იყოს, რომ ხინკალი ცხიმიანი, წვნიანი და ნოყიერი გამოვიდეს.
გამოიტანდა მამა საკეფელას, გარეცხავდა და ძირს, იატაკზე, სადაც წინასწარ უკვე საგანგებო ტილოს ფლასი ეფინა, დადებდა. მოიმარჯვებდა ასევე გარეცხილ, პატარ–პატარა ნაჭრებად დანაწევრებულ ხორცს ხის დიდი ბადიით. შემოუჯდებოდა კარგად გალესილ–გაფხავებული ხელცულით ამ პრიმიტიულ კულინარიულ დაზგას და იწყებდა ხორცის კეფვას. ხორცი რომ დანაწევრდებოდა, თან ახალ–ახალ ნაჭრებს უმატებდა, თან სანელებლებს: ბლომად ხახვს, ერთ–ორ კბილ ნიორს, წიწაკას, მთის ქონდარს, ძირას, მწვანე ოხრახუშს, ქინძსა და კამას და ყველაფერ ამას ერთობლიობაში კეფავდა და კეფავდა.
უკვე საკეფელადანვე ოთახი საოცრად სურნელოვანი არომატით ივსებოდა და სასიამოვნოდ გვიღიტინებდა ცხვირში.
– კარგი , ეყოფა, სუ ნუ გაატვინებ, სუ ნუ გაანიორწყლებ ემა გულსა, _ ეტყოდა ბოლოს ბებოჩემი ან დედაჩემი მამას და ისიც შეწყვეტდა ხელცულის კაკუნ–ბრაგუნს. მიღებულ მასას ისევ იმ ბადიაში დააბრუნებდა, ქუბდიიდან მარილს პეშვით ამოიღებდა, მოაყრიდა, მერე თბილ წყალს დაასხამდა და ხის დიდი კოვზით საგულდაგულოდ დაურევდა, გააზავებდა ყველაფერს ერთმანეთში.
ხინკლის გული მზად იყო.
ამასობაში ქალებს ცომი უკვე მოზელილი, გაბრტყელებული, გუნდები მოჭრილი, დაკოპიტებული და ხინკლის ფართორადიუსიანი ქერქი გამზადებული ჰქონდათ. იწყებოდა ხინკლის მოხვევა. მამა ცეცხლსა და სახინკლე ქვაბს აქცევდა ყურადღებას, ხინკალს კი, პატარ–პატარა სინებზე, მთელი ოჯახი ვახვევდით: ბებო, დედა და ბალღები (გოგოები და ბიჭები). იხვეოდა რამდენიმენაირი ხინკალი: სანაკვერჩხლე, საუფროსო, კურდღლები, ციყვები და ჩვეულებრივი. თუ გული არ ეყოფოდა, მორჩენილი ქერქისაგან, ანტრიებს გააკეთებდნენ.
სანაკვერჩხლე ხინკალი – სულ პირველად მოხვეული ხინკალი იყო. მას ეგრევე ნაკვერჩხლებზე შეაგდებდნენ და სახელდახელოდ გახუხავდნენ. გამოიღებდნენ და მამა შეჭამდა–გასინჯავდა მარილად, სიმწრით და ცომად. თუ რაიმე უკმარისობას ან ზედმეტობას აღმოაჩენდა ხინკლის გულში ან ქერქში, ქალები ნაკლს აუცილებლად გამოასწორებდნენ.
საუფროსო ხინკალი – ოჯახის დიასახლისი რამდენიმე საკმაოდ დიდ ხინკალს მოახვევდა, რომლებსაც უთუოდ თავად მიირთმევდნენ ოჯახის ასაკოვანი წევრები.
კურდღლები – ასეთი, კურღლის ბაჭიის ფორმის ხინკლები სიგრძივ ეხვეოდა, ორი მხრიდან იყრებოდა ნაოჭი და ბოლოში ტყუპი ყური აეპრიხებოდა.
ციყვები – ამ ფორმის ხინკალიც სიგრძივ იხვეოდა, ნახვევი აფრისებურ ზოლად გადასდევდა, ხოლო ნაოჭი თავ–ბოლოში ეკვროდა და ასევე აფრისებურად აბოლოვდებოდა.
ჩვეულებრივი – ეს იყო ოცდაცხრა ან ოცდათორმეტნაოჭიანი, მრგვლად მოხვეული, სქელგულიანი ხინკლები.
ანტრია ორნაირი ფორმისა იყო: აქეთ–იქიდან ერთიმეორეზე გადაკეცილი და შუაწელში შეყრილი.
სახინკლე ქვაბი, როგორც წესი, სპილენძისა იყო, ცალყურა, მოკალული და დიდი იმდენად, რომ ერთ ჩაყრაზე 60–70 ხინკალი თავისუფლად მოხარშულიყო შიგ.
ცეცხლი სახინკლე წყლით სანახევროდ სავსე ქვაბის ქვეშ თავიდან ძლიერი უნდა ყოფილიყო. ხინკლის ჩაყრამდე კიდევ უფრო გააძლიერებდნენ, წყალს ჩახასრავდნენ, მერე კი, როდესაც შიგ ჩაყრილი ხინკალი პირველად წამოიდუღებდა, გამოუნელებდნენ და ხარშვას ასე, დაბალ ცეცხლზე დაასრულებდნენ.
სახინკლე წყალში, როცა წამოდუღდებოდა, აუცილებლად ჩაყრიდნენ ცოტაოდენ მარილს, რომ ქერქი არ გაიშალოსო.
მოსახარშად ქვაბში ხინკალს აუცილებლად დედა ყრიდა და ორ წესს ყოველთვის მტკიცედ იცავდა: ხინკლებს ითვლიდა, რათა მათი რაოდენობა უთუოდ კენტი ყოფილიყო, ხოლო ხინკლის ჩაყრისას პირი უსიკვდილოდ მოკუმული ჰქონდა, რომ არ ჩაიშალილიყო.
გადმოღებამდე, ერთ ცალ ხინკალს ცივ, წყლიან ჯამში ამოიღებდა მამა, ოდნავ შეაციებდა და გაშინჯავდა. თუ უკვე მოხარშული იყო, ქვაბს ცეცხლიდან გადმოდგამდა და ხინკალს დიდი ხის ქაფქირით ვრცელ ხონჩასა და ტაბაკებზე გადმოიღებდა.
ხონჩითა და ტაბაკებით ორთქლადენილი ხინკალი სუფრაზე მოდიოდა. დედა აუცილებლად დაანთებდა სანთელს და წიმპში მარილმომარჯვებული ოჯახის მიცვალებულების ხსენებაზე სახელს შესდებდა. მერე წყალს პირველი თავად მოსვამდა და ყველანი ერთად შევექცეოდით ჩვენს საყვარელ კერძს.
როგორც წესი, ხინკლის გაკეთება საღომჟამისთვის იცოდნენ. ამიტომ ხინკლაობა, ფატქიურად, ყოველთვის ვახშამი გამოდიოდა. გარეთ თოვდა. შორს, გორებზე, ტყეში მგლები და ტურა–მელანი ყმუოდნენ, ეზოში ძაღლები ყეფდნენ. ბუხარში ენთო ცეცხლი. ოჯახში იყო სითბო, მასლაათი, მხიარულება.
ჩვენ კი, ბალღები, დამაწივრებულნი ნოყიერი ულუფით და უკვე წამოკოტრიალებულნი ტახტებსა და საწოლებზე, ხარბად ვუგდებდით ყურს უფროსების მიერ მონათხრობ ათასგვარ ამბებს. ამ დროს ძილის პეპლები წამწამებზე გვებანტებოდნენ, გვიმძიმებდნენ ქუთუთოებს და ლოგინისაკენ გველალებოდნენ ნებიერთ.

Комментарии

  • 12 мар 2013 23:23

    gaixare. ice xorci rici jobia? rici xorcit[gori, dzroxa,cxvari] gamodis kargi xinkali?

  • 12 мар 2013 23:29
    1 3 ответил paata dadalauri
    Saqonlis da cxvris xorcia ertad shereuli yvelaze magari goris xorcis xinkali piradad me ar miyvars gori vici mwvadad
  • 12 мар 2013 23:34

    madloba, erti imashic gamarkvie  ramdeni ramdenze jobia, 1 kilo dzroxic xorcze cxvari ramdenia sachiro?

  • 12 мар 2013 23:40
    Erti ertze gaakete.. Magram tu saqonlis xorci tvitonac msuqania naxevari kilo cxvari gaukete ert kilo saqonlis xorcze :-D(Y)
  • 12 мар 2013 23:51
    (Y)(Y)
    Es masa kidev saqonlis xorcis xashlamis tsvenit unda gaatxelo, anu gaazavo da aa, saidumlo tsvenis sigemrielisa.:-)
  • 12 мар 2013 23:53

    gaixaret

  • 14 мар 2013 00:12
    xinkali fshavelebisaa. Me ki miyvars xinkali qindzit magram me mand ert patara shecdomas shevascorebdi namdvil fshaur xinkals qindzs ar uketeben mitumete kamaze xom zedmetia laparaki. Xinklis pirveli sanelebeli dziraa da sxva
  • 15 мар 2013 18:27

    karg sakonlis xorcs ra jobia.. xinkals ki saneleblbit ganzaveba ar chirdeba.xaxvi, cota oxraxushi,sul cota xinzi, marili da wiwaka. kargi comi. cota chachis arayi daaaaa gadasareviaaa

  • 15 мар 2013 20:05
    aba indur saneleblebs arc aravin ushvreba..:-P:-P
  • 20 мар 2013 22:54

    gmadlobt , gaixaret  dzalian  visiamovne  , kitxvis  dros  chemi  bavshobis  tsxovreba gamaxsena ,  da  utsbad  momesma  xinklis  gulis  kakunis  xma, da tsomis  vartsli  , deda  da  mama  tavshi  da  boloshi  rom isxdnen  da  deda  akopitebda  ,  atxelebda  da mamas  gadastsemda  gatxelebul tsoms ximklis  mosaxvevad,.didi  da patara  chartuli  viyavit  xinklis  mzadebashi  ,bavshvebs tsalke  magidas  migvichendnen  xolme  rom  lamazi  xiklebi mogvexvia,  pshavlis  ojaxshi uzrdeli  bavshvi  ar  sheidzleboda  rom  yopiliyo, da  amitom  bavshvebi  sul  wurtmashi  vizrdebodit,.  da rats  dgesats  momwons,.(K):-((K)(L)(H)

  • 23 мар 2013 18:36

    martali xart,

  • 23 мар 2013 19:50

    mokverawvili pankisidan fwavis da xinklis kultura martlac sakartvelowi magaria 5555555555555555555555555555555555555555555555555555555555555(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)(L)

  • 25 мар 2013 12:07

    miyvars moxeveebis xinkali     univro(Y)(Y)(Y)

  • 17 дек 2013 00:02
    Xinkali fshavlebisaa, gemovnebaze ar daoben magram cxvris xorcis xinkali roaaa