ვიცხოვრებდი შენთან ერთად

სადმე,
შორს აქედან... ლურჯი მთების
პირას,
სადაც თავისუფლებაა ცამდე
და სიყვარულს არასოდეს სჯიან.
ვიცხოვრებდი შენთან ერთად
მშვიდად,
შენი ხელით აშენებულ ქოხში,
არ გავცვლიდი ჩვენს პატარა
ბინას
სასახლეში და არც ზღაპრულ
კოშკში.
არ მეტყოდი საალერსო სიტყვებს,
ოდნავ მკაცრიც იქნებოდი
თითქოს,
მხოლოდ თვალებს, სიყვარულს
რომ იმჩნევს,
ჩემთვის მუდამ ექნებოდა სითბო.
ღამით ნაწნავს გავიშლიდი
თრთოლვით,
დავწვებოდი ვარსკვლავების
მხარეს,
დავრჩებოდით ქვეყნად მხოლოდ
ორნი
და ჩვენს შორის - გაბადრული
მთვარე.
რძისფერ ნისლებს დაგისხამდი
თასში,
ყოველ დილას მოგართმევდი
თავად,
მზის გვირილებს ჩავიბნევდი
თმაში,
მხოლოდ შენთვის მოვირთავდი
კაბას.
ღამის ალერსს გაგატანდი
საგზლად
მთაში ჯიხვზე სანადიროდ წასულს,
მერე თვალებს დავკიდებდი
კართან,
მოლოდინით ავსებულს და
ქალურს.
ვიცხოვრებდი შენთან ერთად
სადმე,
შორს აქედან... სადმე, მთების
პირას.

Комментарии

Комментариев нет.