ქარმა აიწყვიტა ფრთები სიგიჟემდე,

ფოთლები მთვრალებივით კუშტად გორაობენ,
ეჭვებს მდგმურებივით სულში ვასახლებ და
კვლავაც მგონია რომ ჩემზე ჭორაობენ.
რაღაც შემომიჩნდა, ფეხი ამირია,
მუდამ იქ მივდივარ სადაც არ მელიან,
რადგან ყველა ნატვრა სიზმრად ავიხდინე,
უკვე სიზმრებიც კი ძალზედ დამღლელია.
გუშინ გაფუჭებულს დღეს არ ვამთელებ და
თითქოს ჩემი სული სხვების სარჩენია,
მელნით გაჟღენთილი ფურცლით ვიკვებები,
სხვა რა გავაკეთო, სხვა რა დამრჩენია.
წელში გადატეხილ გაზეთს ავიღებ და
კროსვორდს გადავავლებ თვალებს ღამე ნათევს,
რომც ვერ გამოვიცნო, ისე სულ უბრალოდ,
გრაფას დავამთხვევ და ძალით ჩავამატებ.
დიდხანს ერთ ადგილზე ვერსად ვერ ვჩერდები,
ბედი უკუღმართი მე ბრმად მექაჩება,
ხშირად უნამუსოდ ვცდილობ მოვიტყუო,
საათს დავხედავ და ვამბობ – მეჩქარება....
ქარი ისევ ათრევს ფოთლებს მთვრალებივით
და კვლავ მოაბრუნა ჩემმა აწმყომ პირი.
რა ვქნა კრებული ვარ ვიცი შეცდომების,
ასჯერ დაშლილი და ასჯერ აწყობილი.
დავით სულთანიშვილი

Комментарии

Комментариев нет.