777 "განადგურებულები, მკვდრები ვართ.
წულუკიანმა მიანიშნა, მანჩო გიორგობიანი გაუშვით და ესენი დააკავეთო. სინამდვილეში, ეს იყო მის მიერ "გაცემული" პოლიტიკური ვენდეტა"... პოლიციელები ცარიელები იყვნენ, როცა ჩამოვიდნენ, იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო სახლებში არაფერი აღმოუჩენიათ!"
2025, 08 ნოემბერი
მამუკა ჩარკვიანის ვაჟის, ჯაკო ჩარკვიანის და მისი მეგობრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მალე იმსჯელებს სასამართლო. ამ სკანდალური საქმის დეტალები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. პოლიციამ სუპერმარკეტ "სპარში" მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მანანა (მანჩო) გიორგობიანის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა, მათ შორის არის ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი.
ჯაკოს მამიდა, თაკო ჩარკვიანი გუშინ ამბობდა, რომ ჯაკო თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში ადვოკატთან ერთად. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა განცხადება და უწყებაში აცხადებენ, რომ ჯაკო ჩარკვიანის დაკავების გარდა, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელსაც ის, სავარაუდოდ, უკანონოდ ინახავდა. უწყების ცნობით, ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალას შორის არის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის ჯ.ჩ.-ს მიერ სავარაუდოდ, უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა", - აცხადებენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კატეგორიულად უარყოფს ჯაკოს მამიდა, პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი.
თაკო ჩარკვიანი:
- მოწმეების თანდასწრებით ხდებოდა სახლის ჩხრეკა. დებილები კი არ ვიყავით, მოწმეები ესწრებოდნენ ამ პროცედურას. მთელი სახლი გაიჩხრიკა და ქვემოთ სარდაფიც. ჯაკო ცხოვრობს კორპუსის ბინაში. ცხრა სართულიანი კორპუსია, სამი სადარბაზოთი. ჯაკოს სახლში იარაღები, ან მსგავსი რაიმე კანონსაწინააღმდეგო არავის აღმოუჩენია, რომ ჩამოვიდნენ პოლიციელები, ცარიელები იყვნენ, მერე თქვეს, გავიგეთ, რომ აქ ჯაკოს ბიძა ცხოვრობსო, ანუ ჩემი რძლის ძმა. არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ბიჭი გადაირია, ისეთი დარბაისელი კაცია. კი, ბატონო, შემობრძანდითო, - სახლში იყო. რა თქმა უნდა, გაჩხრიკეს მისი სახლიც აბსოლუტურად, არაფერი არ ამოუღიათ. მე რომ ვამბობ ამას, ჩემს სიტყვებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, მოწმეების თანდასწრებით ხდება ეს.
შემდეგ ჩამოვიდნენ სარდაფში, გაჩხრიკეს, იქაც არაფერი იყო, გამოვიდნენ, თქვეს, არა, არც ამ ოჯახშია არაფერიო, მაგრამ ბიძის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კუთხეში ვნახეთ პირველ სართულზეო. მართლა თუ ფეხებით უნდა შედგეს სამართალს ეს ხელისუფლება, ნუ, შედგეს. ასეთი რამე თუ გსმენიათ ოდესმე?! არც სარდაფებში, არც არავის ბინაში არაფერი არ არის და თურმე, ბიძის სადარბაზოს პირველ სართულზე, სადარბაზოში ჩანთა ვნახეთ იარაღებით და ვაზნებითო. თურმე, იქ იპოვეს რაღაც.
ერთ-ერთმა, ვინც იქ იდგა და უყურებდა ჩხრეკას, უთხრა, - კი, მაგრამ ახლა უკვე შეგვაფურთხეთ ბარემ მოსახლეობას და ეგ რა არისო. გადაირია ხალხი. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ხალხნო რას ბედავთ-მეთქი, ვუთხარი, გადავირიე.
დააკავეს იმ ძალადობაზე, დააკავეს, გავიგე, ეს რა არის?! ამიტომ, მე რომ ვთქვი გუშინ, პროვოკაციის სუნი მეცა-მეთქი, ჰაერში ხომ არ ვთქვი, ადამიანებო, ე.ი. რაღაცა ინფორმაცია მქონდა. ვიღაცებმა მითხრეს, ამართლებ ძალადობასო? რას ჰქვია ვამართლებ, როგორ უნდა გავამართლო ძალადობა? როგორ გეკადრებათ, ცემას როგორ გავამართლებ ოდესმე, მაგრამ კითხვის ნიშნები გამიჩნდა, თქვენც ხომ გაგიჩნდათ ვიცი, ჟურნალისტებს, ყველას გაუჩნდა.
ქალი, რომელიც ასეთ ქარდებს წერდა, დითირამბებს უმღერდა ხელისუფლებას, პოლიციაზე ამბობდა, ჩემო საამაყო, მეიმედებითო, “გამართლება” - ვითომ აი ამ “მენტალიტეტის” არის და ამიტომ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მას და არა პატრულს, ესეც უნდა გამოვრიცხოთ, იმიტომ, რომ თუ იმ რაღაცა ბნელი მენტალიტეტის ქალია და კი ბატონო, მეტყველებით ასე ჩანს, მაგრამ თუ მხოლოდ იმ “მენტალიტეტს” იზიარებს, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუწერდა იმ საქებარ სიტყვებს, რასაც ეს ქალი წერდა. ხომ ლოგიკურად ვმსჯელობ? მარტივი ლოგიკაა ამაში.
მეც დავბერდი ჟურნალისტიკაში და მაქვს უფლება რაღაც კითხვები დავსვა. ჩვენ მივხვდით, რომ პროვოკაცია იყო, რომელზეც ესენი წამოეგნენ და მოიქცნენ უსაზიზღრესად, ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ძალადობას, ეს არც განიხილება სხვაგვარად, მაგრამ პროვოკაციაც იყო, ფაქტია და ეს ეჭვები დღეს უკვე გამყარდა, იმიტომ, რომ შენ ვერსად იარაღი ვერ იპოვე, ეს განაცხადე, მერე გვეუბნები, რომ არა, ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ ეს მისია, დღეს უცებ უკვე აცხადებენ, რომ ეს მისი სახლიდან ამოიღეს.
მეც თქვენსავით ეკრანიდან ვიგებ ამას, რომ მისი სახლიდან ამოიღეს თურმე. შეგვიძლია ამაზე ჩვენ ვიჩივლოთ, იმიტომ, რომ არ ამოუღიათ სახლიდან არაფერი, არც სარდაფიდან. მართლა აღარაფერი აღარ არსებობს? ამიტომ ვთქვი, რომ ეს უკავშირდება იმ ძველ ისტორიას და დაინტერესებას ჯაკოს მიმართ.
- რას გულისხმობთ?
- გახმაურებული ამბავი იყო, ჯაკო მაშინ გაიტაცეს, ათივე თითი ჰქონდა დამტვრეული ჩაქუჩით, ჯაჭვით იყო მიბმული და აწამებდნენ. ეს იყო სამწელიწად ნახევრის წინ, რის გამოც, მე პირადად ვიყავი მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრთან შესული და ვითხოვდი დამნაშავეების დასჯას. ოფიციალურად იდენტიფიცირებული იყო სახეები. ტვ პირველმა მაშინ გადაცემა გააკეთა და აჩვენა უმძიმესი კადრები, როგორც ძალადობდნენ ახალგაზრდაზე. ჯაკოს ინციდენტამდე ეს უმძიმესი ფაქტი მოხდა, რომლის კადრები მაშინ მთელმა ქვეყანამ იხილა. ტვ პირველმა გაასაჯაროვა ეს კადრები, რომელიც რუსული საიტიდან აიღეს, იქ იყო განთავსებული ბიჭის წამება, მისი გვარიც ვიცით, მაგრამ ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური მკურნალობა დასჭირდა, ვისაც გაუსწორდნენ, ამიტომ ვერ დავასახელებ. მოძალადეები იწერდნენ ბოდიშს. ისიც ვიცით, ვინ მონაწილეობდა ამაში და ვის სახლში ხდებოდა ეს ყველაფერი, ეს შემიძლია ვთქვა ღიად. მე დეპუტატი ვიყავი მაშინ, მოვიქეცი კანონიერად, საკანონმდებელო ორგანოს წარმომადგენელი მივედი ამ გადაცემის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრთან და ვუთხარი, ზუსტად იგივე ადამიანები არიან ჯაკოს წამების საქმეში-მეთქი. მინდოდა, რომ გამოეძიათ. იმავე ჯგუფის წევრები იმავენაირად გაუსწორდნენ ჯაკოს. ზუსტად იგივე ადამიანები არიან, უბრალოდ, ჯაკოს ვიდეო არ განათავსეს საიტზე, რადგან წამების დროს გონებას კარგავს და ბოდიში ვერ ჩაწერეს.
ეს იყო ერთ-ერთი უბნის ბანდა, იდენტიფიცირებული სახეებით, არათუ არ დააკავა ისინი პოლიციამ, საქმეც კი არ აღძრა. მერე მოხდა მკვლელობა ვერაზე, ბიჭს თავში ესროლეს ტყვია - ვიღაცის დაცვამ, ესეც გახმაურებული საქმე იყო. იქაც ფიგურირებდა ერთ-ერთი მათგანი, ამ დაჯგუფების წევრი. დანარჩენი პოლიციას უნდა გამოეძიებინა, მაგრამ არავის გამოუძიებია.
- რა დაზიანებები ჰქონდა მაშინ ჯაკოს?
- ნეკნები ჩამტვრეული ჰქონდა, ძირითადი დარტყმა სწორედ ნეკნებში იყო და 10 თითი ჰქონდა ჩაქუჩით დამტვრეული, გესმით, რა მოხდა? პირველი ტრავმა მიიღო შესვლის დროს თავში, მერე აწამეს. როცა გონს მოვიდა, ჯაჭვით იყო მიბმული. აბსოლუტურად იდენტიფიცირებული იყო ყველა დამნაშავე.
ამის მერე პარლამენტის დეპუტატი მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეუბნება, იდენტიფიცირებული ტიპები არიან, მანამდე ასევე სხვა საქმეში იდენტიფიცირებულები-მეთქი და რატომ არ დაიჭირეს ისინი? ახლა, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, ეს პროვოკაცია არის ამ ყველაფერთან კავშირში, ამას გამოძიება დაადგენს.
მე ამ ამბავს რომ შევეწირო, არ გავჩუმდები. ერთი წამით ვინმემ არ იფიქროს, რომ აქ მე იმ ძალადობას, რომელიც ამ ბიჭებმა გააკეთეს, მივარდნენ და კონსულტანტს სცემეს, ამას ვამართლებ, არა, არ ვამართლებ. მკვდრები ვართ ორი დღეა, მე იმ კადრებს ვერ ვუყურებ, გადავირიე ის ბიჭები ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნენ, ეს გამორიცხულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, გარდაცვლილი მეგობრის დედამ დაურეკა ბიჭებს, რომლებიც მთვრალები იყვნენ, სუფრასთან ისხდნენ და ზუსტად ისე კიოდა, როგორც ვიდეოში კიოდა, - მიშველეთ, მცემეს, მირტყამენო, ესენი ეტყობა აიშალნენ პირდაპირ და იქ შევარდნენ, აქ ბევრი კითხვაა, საიდან იცოდა ამ ქალმა, რომ ეს ბიჭები იქვე იყვნენ და ერთად სვამდნენ, ხომ არ გამოიყენა ეს ქალი, გიორგობიანი პოლიციამ, იმიტომ, რომ დღევანდელი იარაღის ჩადების მცდელობით, ამიტომ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჰგავს აქტიურ პროვოკაციას. ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის, ამას იურისტები ამბობენ. ამიტომ გვაქვს უფლება, რომ ვთქვათ, ეს ქალი ნებსით თუ უნებლიედ გამოყენებულია ამ საქმეში, ან თავისი ინიციატივით, ან მისი ფსიქიკიდან გამომდინარე, არ მაინტერესებს, ფაქტია გამოყენებულია, ზუსტად იმიტომ, რომ უნდოდათ ეს ნასვამი ბიჭები შეეტყუებინათ იმ სუპერმარკეტში. იმ დედაკაცს პატრული გამოუძახებია, სასაკლაოზე რომ შვილისტოლა ბიჭებს ურეკავ, რაში ჯდება ეს?
განადგურებულები ვართ, პირდაპირ გეტყვით, ამას რომ ვამბობ, განა ძალადობა შეიძლება გავამართლო, როგორ გეკადრებათ, მაგრამ კითხვები გვაქვს. არ იკითხო არაფერი, რანაირად არ ვიკითხო? ახლა რომ მთელი კორპუსის თანდასწრებით გაიჩხრიკა სახლი, რაღაცნაირად ვერ მიეცათ საშუალება, ვერ ჩადეს, ვერცერთ სახლში, გესმით, არ გამოუვიდათ. თქვენ წარმოიდგინეთ, სადარბაზოში რომ შედიხართ 9 სართულიანი სახლის სადარბაზოში, ჯაკოსთან კი არა, ჯაკოს ბიძის სადარბაზოში, სარდაფებშიც არაფერია და ამბობ, სადარბაზოს კუთხეში ვიპოვეო. ეს წარმოუდგენელია. ჯაკოს იარაღი არასოდეს ჰქონია. სულ დადის ქუჩაში, მის გაჩერებას რა უნდოდა?. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვგმობ ძალადობას. მე გული გამისკდა, ისე ცუდად გავხდი, რომ ვნახე კადრები, კინაღამ გავგიჟდი, უბრალოდ კითხვები გაგვიჩნდა, გასაგებია კადრები, ძალადობას ვგმობთ, მაგრამ კითხვები გვაქვს.
- თქვენ უკავშირებთ ადრე მომხდარ ფაქტს და ამბობთ, რომ ეს იყო პროვოკაცია. ალბათ მას შემდეგ გქონდათ საუბარი ამ თემაზე ჯაკოსთან. რას ამბობდა ის, ვინ და რატომ გაუსწორდა ასე სასტიკად მაშინ თქვენს ძმისშვილს?
- მაშინ ჯაკო ძალიან ტრავმირებული იყო და არ მქონია ამაზე საუბარი მასთან. მე არასდროს მისაუბრია მასთან, მაგრამ ავიღე ეს საქმე ჩემს თავზე და ის, რაც ვიცოდით, ვთქვით. ყველაფერი ჰქონდა პოლიციას, მისამართი, გვარები, სახელები იდენტიფიცირებული იყო ყველაფერი.
- თეა წულუკიანის ძალიან საცოდავი კომენტარი, თითქოს, ერთი შეხედვით უკბილო და უნიჭო ხუმრობაა, სინამდვილეში, ეს არის მიმართულება, ვიზა, დასაჯეთ ისინიო, პოლიტიკურია, დიახ, ბატონო, მე ასეც ვიფიქრე, რომ ჩემ მიმართ გამიზნული პროვოკაცია არის დაგეგმილი და აგერ, ბატონმა თეა წულუკიანმა დღეს დილით დაადასტურა, იმიტომ, რომ თანამდებობის პირი ასეთ რაღაცაში ერევა. ღარიბაშვილის მოპარულ მილიონებზე არ გაუკეთებია კომენტარი...
უბრალოდ მე ვამბობ, რომ ეს არის პროვოკაცია, იმიტომ, რომ ამ ქალს უნდა დაერეკა უთუოდ პატრულში, ამის გამო დადგე და რაღაცა ისისინო, როგორც მღვრიე წუმპიდან, როგორც გველხოკერა ისისინებს, ეს მხოლოდ ღიმილის მომგვრელი არ არის, ეს არის უფრო მიზანმიმართული ვიზაა, პოლიტიკური დასჯის, აი ეს გააკეთა.
- ამ კომენტარში წულუკიანი ამბობს გიორგობიანზე, "იმ ქალს" ექნება ალბათ ჯანმრთელობის საბუთები, სათანადო არგუმენტები, მათ შორის, მის სამწუხაროდ დანგრეულ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენს მხარე რა არგუმენტია, ის, რომ მამიდა ხმას კარგად აკანკალებს?"
ხომ არ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ გიორგობიანს არ გაწირავენ ციხისთვის?
- დიახ, რა თქმა უნდა, მიანიშნა, მანჩო გიორგობიანი გაუშვით და ესენი დააკავეთ. აი, ეს იყო სინამდვილეში წულუკიანის “გაცემული” პოლიტიკური ვენდეტა. ჩემს მხარეს არის ის არგუმენტი, რომ განსხვავებით მისგან, მე არ ვარ ორმაგ სტანდარტში, ჩემიანია თუ სხვისიანია, ძალადობას ყოველთვის ვგმობ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად სუბიექტური, როგორც თეა წულუკიანი, ვერ გავხდები იმ “ქალბატონის” - მანჩო გიორგობიანის მიმართ, იმიტომ, რომ თეა წულუკიანი და მანჩო გიორგობიანი ხშირად ისხდნენ ეთერში და ეტყობა, დაცვა უნდა მანჩო გიორგობიანის.
რა არ მოეწონა ჩემგან, რომ მე ვთქვი, რატომ არ დარეკა ქალმა პატრულში და რატომ დარეკა შვილისტოლა ბიჭებთან. ეს არის სწორედ კანონის დამცავი პოლიტიკოსის განცხადება, რაც მე გავაკეთე, ხოლო თეა წულუკიანის განცხადება არის სუბიექტური, კანონის დამრღვევი პოლიტიკანის განცხადება. მე კი, როგორც კანონის დამცველმა ვთქვი ის, რაც ვთქვი. ხომ მეთანხმებით, რომ მე ამ შემთხვევაში კანონის მხარეს ვარ, ხოლო ის - არა.
აი, ეს განსხვავებაა თეა წულუკიანსა და თამარ ჩარკვიანს შორის. კიდევ ბევრი სხვა განსხვავებაც არის, იმ განსხვავებებზე სხვა დროს, ხელისუფლება რომ შეიცვლება, აუცილებლად იმ განსხვავებებზე პასუხს მოვთხოვ, აღვირახსნილად კანონის დამრღვევ თეა წულუკიანს.
ავტორი: თეა ხურცილავა
მახსოვს ჩემი ძმა არასრულწლოვანი მანქანის გატაცებაზე დაიჭირეს მის თანაკლასელთან ერთად.უჭკუო სკოლის ბავშვები და მამაჩემს ქონდა გაუფორმებელი ორლულიანი სანადირო თოფი.და იმხელა სტატია ჩამოაჭიკეიკეს რომ არა ქუთაისის უშიშროება ისინი ჩაერიენ ალბათ ბავშვებს 15 წელს მიცემდენ მაგრამ მიმაგრება მაინც მისცენ რადგან დვალუშვილმა ისეთი რამ შეუკერა ბავშვებს რადგან ისეთი საქმე აიცილა დვალუშვილმა რომ არ აეცილებია ის საქმე დახვრეტას მიუსჯიდენ..ყოველთვის არის და იქნება უსამართლობა..მითუმეტეს ძალიან დიდი ხალხი ჩაერია ბავშვების საწმეში მანქანის პატრონი საერთოდ ხმას არ იღებდა არ ყჩივლია..შევარდნაძის სისტემა დღემდე მუშაობს ვინა ივანიშვილი?? შევარდნაძის გაზრდილია.