დღეიდან ქრისტიანობის აღმსარებელთათვის იწყება ყველიერის კვირა.

დიდმარხვის დაწყების წინ, ერთი კვირის მანძილზე, დასაშვებია რძის პროდუქტებისა და თევზის ხმევა. ამავე დროს, ამ პროდუქტების მირთმევა შეიძლება ოთხშაბათ–პარასკევსაც.
მართლმადიდებელი ეკლესია ყველიერის მთავარ სულიერ საზრისად მიიჩნევს მოყვასთან შერიგებას, წყენის პატიებას, დიდმარხვისათვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მომზადებას, კეთილი საქმეების ჩადენას, სათნომყოფელობას ახლობელთათვის და ქველმოქმედებას!
ყველიერს, ხალხური ჩვეულების თანახმად, ამთხვევდნენ ხოლმე სხვადასხვა სახის თავშესაქცევ სანახაობებს. საქართველოში ეს იყო ბერიკაობა–ყეენობა.
ალ. ხახანაშვილი ყეენობის საწყისს ხედავდა ძველ ქართულ წარმართულ რელიგიაში: “…წარმართული დღესასწაულების მოგონება შემორჩენილია ქართველი ხალხის ყველიერის დროს გატარებაში (დათო–დათვი, ბერიკაობა, ჩალიჩობა), დიდმარხვის ორშაბათს ყეენობის დაწესებით და სხვა. ყეენობა გვაგონებს ბრძოლას ზამთრისა და გაზაფხულისას, ბრძოლას, რომელიც თავდება გაზაფხულის გამარჯვებით, თვით სახელწოდება კი ამ დღესასწაულისა გვარწმუნებს, რომ ძველს წარმართულს ნაშთს დაერთო რაღაც ისტორიული მოგონება სპარსეთის გავლენის დროისა…”.
ყეენობა–ბერიკაობაში, პანტომიმის მეოხებით, ქართველი ხალხი ჯერ უცხო რჯულისა და მერე ერთმორწმუნე დამპყრობელთა წინაშე თავიანთ შეურიგებლობას გამოხატავდა. ეს სახეცვლილება აისახა ჩაცმულობაშიც – ყეენს ტყაპუჭი კიტელით შეუცვალეს, რის გამოც XIX საუკუნის ბოლოს რუსული იმპერიის ადგილობრივმა მოხელეებმა იგი აკრძალეს.
დღეისათვის, ყველიერში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში, დროდადრო ჩნდებიან ხოლმე ბერიკები – სახალხო თეატრალიზებული წარმოდგენების მონაწილეები.

Комментарии

Комментариев нет.