როგორ ურთიერთობს „ნიჭიერის“ უსინათლო და ყრუ-მუნჯი მონაწილე – ავტორი: ნინო მჭედლიშვილი

ამ ლამაზ წყვილს სარეპეტიციო დარბაზში ვესტუმრეთ. მეგი და გიორგი შემდეგი ტურისთვის „მთიულურს“ ამზადებენ. მეგისთან ურთიერთობისთვის მათი ქორეოგრაფი, კახა დავიხმარეთ.
– გიორგი, დაბადებიდან ვერ ხედავ, თუ პრობლემა მერე გაჩნდა?
– დაბადებიდან მაქვს პრობლემა, ბავშვობაში შედარებით უკეთ ვხედავდი, მერე ნელ-ნელა დამაკლდა მხედველობა. ახლა მხოლოდ ჩრდილებს და სინათლეებს ვხედავ. დავდივარ ისეთ ადგილებში, სადაც უკვე ბევრჯერ ვყოფილვარ და ზეპირად ვიცი როგორ მივიდე.
– მარტოც შეგიძლია გადაადგილება?
– ზოგან კი, მაგალითად, მეტრომდე შემიძლია მივიდე. სადაც პირველად მივდივარ ან შორი მანძილი მაქვს გასავლელი, მეგობრები მეხმარებიან.
– ექიმები რას ამბობენ, არის მხედველობის დაბრუნების შანსი?
– ორივე თვალზე მაქვს პრობლემა. საქართველოში ოპერაციის გაკეთება არ მინდა, ადრე იყო მცდელობა და უშედეგოდ დამთავრდა. საზღვარგარეთ თუ გავიკეთებ ოპერაციას, ალბათ, მომემატება მხედველობა. უსინათლოთა სკოლა დავამთავრე. მინდა კომპიუტერი შევისწავლო კარგად, ისე, რომ ეს ჩემი სამსახური გახდეს. სპორტმაც გამიტაცა. ფეხბურთზე დავდივარ. არსებობს უსინათლოთა ფეხბურთი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. ხმოვანი ბურთით ვთამაშობთ. ორივე კართან დგას ადამიანი, რომელიც ხმით გვაძლევს მიმართულებას. გუნდში 12 კაცი ვართ. ეს პირველი უსინათლოთა ფეხბურთის გუნდია საქართველოში. უკვე კორეაშიც ვიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე. გერმანიაშიც ვიყავით ტრენინგებზე. ორი კვირის წინ ერთმანეთში გვქონდა თამაში. მეორე გუნდი რომ არ არსებობს საქართველოში, ვიყოფით და ერთმანეთს ვეთამაშებით. ერთი გუნდის კაპიტანი მე ვიყავი, მეორე გუნდის – ჩემი ძმაკაცი. ფრედ დავამთავრეთ შეხვედრა, 1:1, ერთი გოლი მე გავიტანე, მეორე – ჩემმა ძმაკაცმა. კი ავილეწე, წავიქეცი და ტრავმა მაქვს ფეხზე.
– ეგ არაფერი, შემდეგ თამაშამდე გაგივლის… საყვარელი ფეხბურთელი გყავს?
– კი, მესი მომწონს. მის ყველა თამაშს ვუსმენ და ვგულშემატკივრობ.
– კიდევ რა ინტერესები გაქვს?
– ვმღერი. ორ ანსამბლში ვარ, „კრწანისში“ და „დათვის ჯვარში“. ეს ჩემი სამსახურია, ხელფასიც მაქვს.
– გყოფნის?
– „კრწანისში“ 175 ლარი მაქვს ხელფასი, პენსიას ვიღებ კიდევ 160 ლარს და მყოფნის. ცოლი მე არ მყავს და…
– გეყოლება აუცილებლად.
– „ნიჭიერში“ როგორ მოხვდით?
– ვიცოდი, რომ შარშან უსინათლოების რამდენიმე ნომერი ჰქონდა ამ პროექტს, მეც გამიჩნდა სურვილი ბედი მეცადა. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასდროს მიცეკვია, გავრისკე. პარტნიორიც მიწყობს ხელს.
– მეგი, შენთან როდის დაიწყო პრობლემები? დედმამიშვილებს მსგავი პრობლემა არ აქვთ. ვსწავლობ თბილისში ყრუთა სკოლაში და, ფაქტობრივად, იქვე ვცხოვრობ, მეთორმეტე კლასში ვარ.
– პროფესია არჩეული გაქვს?
– ჯერ არა.
– ამ პრობლემის გამოსწორების შანსი არის?
– გერმანიაში ვაპირებ ოპერაციის გაკეთებას, შეტანილი მაქვს მერიაში განცხადება და დაფინანსებას ველოდები.
– როგორ ურთიერთობ ოჯახის წევრებთან?
– ისწავლეს ჩემი ენა, ვახერხებთ კონტაქტს.
– „ნიჭიერში“ მონაწილეობა როგორ გადაწყვიტე?
– პირველად სცენაზე სილამაზის კონკურსზე გამოვედი. შარშან ევროპის მასშტაბით ჩატარდა სილამაზის კონკურსი ყრუ-მუნჯთა შორის, ქობულეთში, სადაც მეც მივიღე მონაწილეობა, ურეკის სახელით. იქ დამჭირდა ცეკვა ტალანტშოუსთვის, მაშინ მომიწია პირველად შეხება ხელოვნების ამ ჟანრთან. შემდეგ, როცა „ნიჭიერს“ ვუყურე, გამიჩნდა სურვილი მეც მეცადა ბედი. დავუკავშირდი ჩემს ქორეოგრაფს, ვინც მაშინ სილამაზის კონცერტზე დამეხმარა, მან მომიძია პარტნიორი და დავიწყეთ მეცადინეობა.
– რამდენ ხანში დადგით ის ნომერი, რომელიც ჩვენ ვნახეთ?
– თვე-ნახევარში.
– შენ არ გესმის, გიორგი ვერ ხედავს, როგორ ახერხებთ კონტაქტს?
– მე გიორგის თვალები ვარ, ის ჩემი სმენაა და ასე ვავსებთ ერთმანეთს. ტელეფონითაც ვახერხებთ კონტაქტს, არსებობს სპეციალური პროგრამები, რომ ერთმანეთის მესიჯები გავშიფროთ. თუ რამე პრობლემა გვაქვს რეპეტიციაზე, მესიჯით ვწერ ხოლმე გიორგის.
– მაგ მესიჯებში სასიყვარულო ტექსტებიც არის?
გიორგი:
– (იცინის) არა, მეგობრები ვართ მხოლოდ.
– გიორგი, როგორი წარმოგიდგენია მეგი?
– არ ვიცი, ყველა ამბობს ლამაზიაო და… ალბათ, მართლა ლამაზია (იღიმება).
– მართლა ლამაზია… სადმე დადიხართ ერთად?
– რეპეტიციაზე ზოგჯერ ერთად მოვდივართ ხოლმე. პირველი ჩვენი შეხვედრა კურიოზული იყო. ტაქსის მძღოლს ვერ გავაგებინეთ სად უნდა ჩამოვსულიყავით და სამი გაჩერებით ადრე ჩამოვედით. მერე ფეხით ვიარეთ ბევრი.
– რას აპირებთ შემდეგ ტურზე?
გიორგი:– მთიულური უნდა ვიცეკვოთ. ჩვენ ნომერს მუსიკალურად ჩემი ანსამბლი „დათვის ჯვარი“ გააფორმებს. ჩვენ ცოცხალ მუსიკაზე ვიცეკვებთ… სხვათა შორის ფანდურზეც ვუკრავ, ფორტეპიანოზეც, მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული.
– ვინ არის თქვენი მთავარი გულშემატკივარი?
მეგი:
– ჩემი შეყვარებული.
– შეზღუდული შესაძლებლობებითაა ისიც?
– არა. სკოლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, თავის ძმას აკითხავდა ხოლმე. ერთი წელია ვურთიერთობთ.
გიორგი:
– მე არ მყავს შეყვარებული. მეგობრები მგულშემატკივრობენ

როგორ ურთიერთობს „ნიჭიერის“ უსინათლო და ყრუ-მუნჯი მონაწილე – ავტორი: ნინო მჭედლიშვილი - 812438713522
როგორ ურთიერთობს „ნიჭიერის“ უსინათლო და ყრუ-მუნჯი მონაწილე – ავტორი: ნინო მჭედლიშვილი - 812438715826

Комментарии