შენმა სიშორემ შენთან ყოფნის ფასი მასწავლა,

და მონატრებამ ოცნებებში გამიყოლია,
ტკბილი განცდების ყველა წუთი გამიცოცხლა და
თვალწინ დამიდგა, რა ლამაზი წლები გვქონია.
ხშირად მსმენია, არ იცისო მანძილი გრძნობამ,
და ვერც სიშორე ვერ ავნებსო გამიგონია,
მე კი უზომოდ მანადგურებს ეს სიმარტოვე,
ნეტავი ბედის სასჯელია, თუ ირონია?
შენს გვერდით დილა თენდებოდა ისე ლამაზად,
ის სილამაზე სიზმარშიც კი აღარ მქონია,
შენს თავს ვფიცავარ, უშენობამ გული მატკინა,
სხვა საფიცარი დამიჯერე, არცა მქონია.
გამახსენდები......ხელში ვიღებ კალამს მშველელად,
და მონატრება ფურცელს ლექსად გამოჰყოლია,
ხანაც თუ სახე დაგენამა გარეთ გამოსულს,
ჩემი ცრემლია, შენ რა, წვიმა ხომ არ გგონია?
როდესაც გნახავ ყველა გრძნობა საზღვარს გასცდება
მაშინ ასაკი გამახსენდეს არა მგონია,
ან სად გინახავთ სიყვარული დადინჯებული
თუ არ აგანთო, სიგიჟემ არ აგიყოლია.
ვერ შემაშინებს მაშინ უკვე ვეღარაფერი,
ვერც შემოდგომა და ვერც ზამთრის ცივი ქარია,
ჩაგეხუტები ჩაგრჩურჩულებ ყურში: " მიყვარხარ,"
იცი, მჭირდები სიცოცხლეზე უფრო ძალიან.

Комментарии