სიყვარულის მერიდიანი

ღამის პირველი საათი იქნებოდა, პეტრეს რეალური დროის შეგრძნება მთელი დღის განმავლობაში დაკარგული ჰქონდა და თავის შემოქმედებაში თავით იყო გადავარდნილი. მხატვრის ტილოზე უფრო და უფრო ღრმად იკვეთებოდა ზეთის საღებავებში გაცოცხლებული მისი წარსული. აი უკვე ერთი თვე იყო, მას მოსვენებას არ აძელვდა განვლილი ცხოვრების ფრაგმენტები, განსაკუთრებით კი, სკოლის წლები, წლები როდესაც იგი მას შეხვდა და მერე მთელი ცხოვრება გულით ატარა. სურათის დასრულებას ორი სამი შტრიხი თუ აკლდა, მაგრამ ის რატომღაც არ ჩქარობდა წერტილი დაესვა თავისი ახალი კომპოზიციისათვის. მხატვარს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს, როცა ის თავისი ფუნჯით მის წინ გამოსახულ პერსონაჟებს ეხებოდა, ისიც იქ იყო, შორეულ და ლამაზ წარსულში, იმ ცხოვრებისეულ სასტარტო პოზიციაზე, საიდანაც იწყებოდა სამყაროს აღქმა და პირველი ნაბიჯები იმედიანი მომავალისაკენ. ამ წუთში მისი გული სხვაგვარად ფეთქავდა, გონებაში კი მხოლოდ კეთილი აზრები მოსდიოდა, სად, ვისთან და რომელ დროებაში იქნებოდა იგი ბედნიერი ეს მან ყოველთვის კარგად იცოდა. სურათზე გამოსახული იყვნენ ანგელოზებივით ლამაზი ბავშვები, რომლებიც მდინარეზე თევზაობდნენ, მომღიმარი სახეებითა და მხიარული განწყობით, მხოლოდ ერთი მათგანი იდგა განზე, ყველაზე მომხიბვლელი და განსაკუთრებული, ეს იყო გოგონა ბადით ხელში, მას სხვა ბავშვებისაგან გასხვავებით მზე ჰყავდა დაჭერილი და ბედნიერებას ვერ მალავდა. მის ბადეში გახვეული მზე ოქროსფრად იღვრებოდა მდინარეში და მთელი სამყაროს ყურადღებას იქცევდა. პეტრე მთელი დღე ისეთი გატაცებით ხატავდა, როგორ დაღამდა ვერც კი შეამჩნია. ხუთოთახიანი ბინა შუაგულ პეტერბურგში, რომელიც მას ბებიასაგან ერგო საჩუქრად, სამხატვრო სახელოსნოდ ჰქონდა გადაქცეული უკვე დიდი ხანია, ჟურნალების მაგიდაზე მდგარ ნახევრად სავსე ყავის ჭიქას ორთქლი ასდიოდა, საფერფლეში მოწეული სიგარეტების გორა და თითქმის ბოლომდე დაცლილი მუცელგაბერილი არყის გრაფინი სევდიან ნატურმორტს ქმნიდა და იმაზე მეტყველებდა, რომ ვიღაცას ძალიან ახლობელი ადამიანი აკლდა გვერდით. პეტრე ბავშვობიდან ღმერთისგან იყო დაჯილდოვებული ხატვის დიდი ნიჭით, ამაში იყო მთელი მისი ცხოვრების მაგიაც და სულიერებაც, ვიღას აღარ ნახავდით მასთან სახლში, ქალაქის ბოჰემის წევრებიდან დაწყებული, კრიმინალური ავტორიტეტებით დამთავრებულნი, ბევრნი პაემანსაც კი უნიშნავდნენ ერთმანეთს პეტრესთან ბინაში, ისე არ გაიგოთ, თითქოს ქუჩიდან ნებისმიერს ადამიანს შეეძლო დაუკითხავად მასთან შესვლა ან ფეხით კარების შეღება, არა, იგი უბრალოდ ღია ცხოვრებას მისდევდა და ამით ძალიან ბედნიერი იყო. მას უყვარდა თავისი მეგობრები და როგორც შეეძლო, ყოველმხრივ ეხმარებოდა მათ. თავისი ოთახებიც კი მიუჩინა მან ორ მათგანს, რომ ხშირად დარჩენილიყვნენ ხოლმე მასთან და ესაუბრათ გვიანობამდე საინტერესო თემებზე. იმის გარდა, რომ დიდსულოვანი იყო პეტრე, ის ერთ დროს შავი სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი პიროვნების შვილიც გახლდათ, მართალია, მამამისი უკვე ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ დღესაც ბევრი ადამიანი ქედს იხრიდა მისი ხსოვნის წინაშე. პეტრე უკვე სამოცი წლის იყო, მაგრამ ბევრ ახალგაზრდას აჯობებდა, თუნდაც სირბილში, ტურნიკზე ტანის მიზიდვაში ან ქალებთან დილამდე ტანგოს ცეკვაში. მისი ცხოვრება ერთი დიდი არეულობა იყო, რომელსაც არც დასასრული უჩანდა და არც დასაწყისი ახსოვდა. თითქმის ოცდაოთხი საათის განმავლობაში მიდიოდა მისი საყვარელი ბლუზის ჰანგების ქვეშ ხატვა, სმა და ქეიფი, მაგრამ დღეს, რატომღაც არავის შემოუვლია მასთან სტუმრად და არც არავის დაურეკავს ტელეფონზე. ეს მხატვარს ძალიან უკვირდა, ამ სახლს იშვიათად თუ ახსოვდა ასეთი დღეები, პეტრეს მეტსახელად „მეტისს“ ეძახდნენ, ეს მას ადრეული წლებიდან მოჰყვებოდა იმის გამო, რომ დედა ულამაზესი ბოშა ქალი ჰყავდა, მამა კი- ერთ-ერთი რუსული არისტოკრატი გვარის შთამომავალი. მასში შერწყმული იყო ორი განსხვავებული ეთნოსი, რომელმაც განუმეორებელი შედეგი დადო, იგი მაღალი, მხრებგაშლილი გარეგნობით გამოირჩეოდა, უკან გადაწეული ნახშირივით შავი თმებით, სიმპატიური და მეტყველი სახის ნაკვთებით, თავადური, ფერმკრთალი, სანთელივით ფერის კანით, მოგრძო ბაკებითა და ზომიერად თხელი და მოხდენილი ულვაშებით. ასეთი ჯიშიანი კაცი დღესდღეობით მარტო ცხოვრობდა. თავს უამრავი ქალი ეხვეოდა, მაგრამ პეტრე ყველასთან სულიერ ურთიერთობებს უფრო ანიჭებდა უპირატესობას, ვიდრე ფიზიკურს, მათი ალერსი მას უკვე ყელში ჰქონდა ამოსული და ვერაფერ ახალს ვეღარ პოულობდა ამაში. მას არც შვილი ჰყავდა, არც და ან ძმა, მაგრამ ამაზე არც კი აკეთებდა არასოდეს აქცენტს . სამაგიეროდ, ბევრი საინტერესო ადამიანი იყრიდა მასთან თავს ბინაში, უფალი მას ერთგული მეგობრებით მთელი ცხოვრება ანებივრებდა, რისთვისაც პეტრე ყოველთვის მადლობას უხდიდა ზეციერს და ხშირად ეკლესიაშიც დადიოდა. მას გამუდმებით დაკავებული ჰქონდა გონება ათასგვარი ახალი ჩანახატებითა თუ თემებით და მოსაწყენად არ ეცალა, მაგრამ ერთი კი იყო, ქალის ნამდვილი სიყვარულის დეფიციტს განიცდიდა იგი მთელი ცხოვრება და მუდამ ძიებაში იყო იმ ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანის, რომელიც მას სიმშვიდეს მოუტანდა, მაგრამ ამავე დროს, ისიც კარგად ესმოდა პეტრეს, რომ პენსიონერივით მშვიდი ცხოვრება მისი ბედაური არ იყო. დიდი სიყვარული მას მხოლოდ ბავშვობაში ჰქონდა განცდილი, რომელსაც ტრაგიკული დასასრული ჰქონდა, ამიტომ მთელი ცხოვრება იგი იმ ადამიანს ხატავდა ხშირად და სამყაროსაც მისი თვალებით უყურებდა და აღიქვამდა, ზუსტად იმ პატარა გოგონამ ასწავლა პეტრეს სიცოცხლის წყურვილი და სიხარული, გაზაფხულის ფერების ხილვა, უბრალო ადამიანური სითბოს შეგრძნება და ხალისი ცისქვეშეთში. ამაზე, მის გულთან მკერდზე წაწერილი სახელი„შარლოტაც“ მეტყველებდა, იგი მას მართლაც რომ მთელი ცხოვრება გულით დაატარებდა. ცხოვრებაში ერთი ნატვრა ჰქონდა მხოლოდ პეტრეს, რომ სასწაული მომხდარიყო და შესძლებოდა მას უკან წარსულში დაბრუნება, რათა პატარა შარლოტა გადაერჩინა იმ უბედური შემთხვევისაგან. ზუსტად იმ დღეს არ იყო იგი სკოლაში მაღალი სიცხის გამო, თორემ საავტომობილო გზების ყველა გადასასვლელზე ხელჩაკიდებული გადაჰყავდა ხოლმე ყოველთვის, რამეთუ იცოდა შარლოტას ანცი და ცელქი ხასიათი. როგორც ზემოთ გითხარით, სადღაც ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა პეტრეს კარზე კაკუნის ხმა გაისმა, იგი კართან მივიდა, გააღო და მის წინ ღამის პერანგში გამოწყობილი ფეხშიშველა პატარა გოგონა იხილა. - გამარჯობა! - მიუგო მან პეტრეს და მისასალმებლად ხელი გუწოდა, პეტრე, ცოტა არ იყოს, დაიბნა, მაგრამ ხელიც ჩამოართვა მას და სახლშიც შეიპატიჟა, გოგონა ოთახში შევიდა. -რატომ არ მეკითხები ვინ ვარ? - ჰკითხა პეტრეს გოგონამ. -დიახ, მართლაც ვინ ბრძანდებით პატარა დედოფალო?- მიუგო პეტრემ პირმშვენიერ სტუმარს. -მე ვინ ვარ? -გაეღიმა გოგონას, - მე სიკვდილი ვარ. -როგორ? სიკვდილი? -აი ასე!- გოგონამ ყელი მოიღერა და რევერანსი გააკეთა. -მაშინ დავლიოთ ყავა და შენი მოსვლის მიზეზიც მითხარი, თუ საიდუმლო არ არის. - შესთავაზა პეტრემ ყავა სიკვდილს და ხელით სავარძელისაკენ მიუთითა, რომ ჩამომჯდარიყო. -მართლა ასე თვლი პეტრე, რომ მე სიკვდილი ვარ?-მიმართა გოგონამ კვლავ პეტრეს. -ალბათ ასეა, შენ ხომ მე ასე გამეცანი?! - მშვიდად უპასუხა პეტრემ, - მე კი მჯერა ბედისწერის და თუ განგებას ახლა უნდა, ჩამოჰკრას ჩემთვის წასვლის ზარები, წინ დადგომას აზრი არ აქვს, უფრო მეტსაც გეტყვი, მომაგონდი, შენ ჩემი ნახატი ხარ, რომელიც ორმოცდაათიოდე წლის წინ დავხატე სულ სხვა ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე - მიუგო პეტრემ გოგონას, - მე ისიც ზუსტად მახსოვს ვინც დავხატე. მაინც, რატომ მეწვიე სიკვდილო? -სახელი შემიცვალე, ძალიან გთხოვ, პეტრე და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. - წაიჩურჩულა სიკვდილმა -ეს როგორ? ესე იგი წარსულში დავბდუნდე? ისევ იმ დროში მოვხვდე და ახალი სახელი წავაწერო შენს სურათს? მაგალითად, “პატარა შარტლოტა”, მოგწონს? -კი არ მომწონს, ეგ ჩემი ნამდვილი სახელია, ჩემო შემოქმედო, დამდე პატივი, გაემგზავრე წარსულში და შემიცვალე ეს საშინელი სახელი. -საშინელი? სიკვდილი საშინელი საერთოდ არ არის, აი წარმოიდგინე, როცა პატიმარი ციხიდან თავისუფლებაზე გამოდის, მას ხომ უხარია, რომ უკან რჩება ტანჯვა, წვალება და ნესტიან კედლებში გატარებული მძიმე ღამეები?! - მიუგო პეტრემ გოგონას. -ეგ მესმის, მაგრამ შენ ხომ შარლოტა დახატე მაშინ ჩემი სახით, ის, ვინც შენ გიყვარდა და შენს თავს გერჩივნა, მე კი ამდენი ხანია სიკვდილს მეძახიან, ეს შეუთავსებელია. -კი, მახსოვს, მე შენ მის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე დაგხატე, რომ იცოდე, მაშინ მეც მოვკვდი მასთან ერთად, სულს ვღაფავდი და ირგვლივ ყველაფერი მეჯავრებოდა, ამიტომაც მივაწერე შემდეგ ეს სახელი სურათს და იმ ქალაქიდან სამუდამოდ წამოვდი ბებიასთან პეტერბურგში საცხოვრებლად, იქაურობა კი ბიძაჩემმა მიისაკუთრა. აბა მითხარი ადამიანს რომ სძინავს, რა მგომარეობაშია იგი შენი აზრით? - ჰკითხა ისევ პეტრემ გოგონას. სიკვდილი დადუმდა. - აი, არ გაქვს პასუხი, მე მესმის შენი, იცოდე, ადამიანს რომ სძინავს ის რეპეტიციაა, ანუ პრელუდიაა მარადისობის წინ თუ, რა თქმა უნდა, ავტორი ამის უფლებას მისცემს. წარსულში გადასვლაზე მე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ არ ვიცი ის ჯადოსნური სიტყვები და მომკალი თუ გინდა. - დაასრულა პეტრემ და ულვაშებში გაეღიმა. -კარგი მე ვიფიქრებ მაგაზე. -შენ კი მაცივარი გამოაღე, მიირთვი რაც გინდა და მერე აქვე დივანზე მოისვენე, უკვე გვიანია, ხვალ მივხედოთ მაგ საქმეს იქნებ, რამე გამოგვივიდეს - მიუგო პეტრემ გოგონას და საღებავიანი ხელები ნაჭერზე შეიწმინდა. -არ შემიძლია - უპასუხა გოგონამ, -მე არ ვჭამ საერთოდ და არც მძინავს, მე ხომ სურათი ვარ! შენ შემქმენი მე ასეთად და სახელიც შენ მომანიჭე. უნდა ვიჩქაროთ! რა დროს ძილია,დრო არ იცდის! ჩვენთან სტუმრად შენი ნათესავები არიან მოსულები, ბიძაშენი მირო კი მთვრალია და მემუქრება, ბუხარში უნდა შემიკეთოს, დამწვას ან დამხიოს, იძახის, - პეტრემ რა ჯანდაბად დაგვიტოვა ეს სურათი, იმის მერე ფეხზე ვერ დავდექითო - ხომ გესმის, მე სამუდამოდ გავქრები, არ გეცოდები? მე ხომ შენი პირველი სიყვარული ვარ?! - წარმოთქვა სიკვდილმა და პეტრეს მოწყალე თვალებით შეხედა. -იმ დროში გადასვლა ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, ხომ გესმის?! - ჩაილაპარაკა პეტრემ. -არა, უნდა დამეხმარო პეტრე, მე სიკვილს მეძახის ყველა, განა შეიძლებოდა ასე დაგერქმია შენივე ნახატისათვის, იმ ადამიანისთვის, ვინც უზომოდ გიყვარდა, სწორია არ უნდა დაგერქმია ასეთი სახელი შენი საყვარელი ადამიანისათვის… - ჩაილაპარაკა კედელზე აყუდებულმა დონ ჟუანის პორტრეტმა. -შენ ხმას ნუ იღებ! - შეჰყვირა პეტრემ თავის ქმნილებას, - შენ შენი ცოდვებიც გეყოფა, მე, თუ შევძლებ, გამოვასწორებ ამ შეცდომას, ესაა ჩემი ბოლო სიტყვა! - მკაცრად დაუსვა წერტილი პეტრემ საუბარს და დონ ჟუანის სურათს ბიაზის ნაჭერი ჩამოაფარა. -ხვალ ვიფიქრებ ამაზე, ახლა მეძინება, ჩუმად იყავით! - მკაცრად განუცხადა მან ორივეს, მერე ოთახში შუქი ჩააქრო და საწოლზე წამოწვა. შარლოტას უნდა ვუშველო, ის უბედური შემთხვევა 1982 წლის 8 აგვისტოს 10 საათზე მოხდა, მე კი 7 აგვისტოს უნდა გადავიდე წარსულში, რომ მას უბედურება ავარიდო თავიდან. ეს თეორიულად შესაძლებელია, ჩემს შემოქმედებაში თუ სიზმრებში ბევრჯერ ვარ გაჭრილი სხვადასხვა სივრცეებში, მაგრამ ცხადში სხვა დროსა და განზომილებაში გადასვლა ძალიან ძნელია, მაგრამ მოიცა, ეს ჩემი ნახატი ხომ იქიდან გადმოვიდა?! - ფიქრობდა პეტრე და მის წინ დივანზე ჩამომჯდარ სიკვდილს უყურებდა. -შენ შეგიძლია დროში იმოგზაურო, ამის საშუალებას შენ შენი უსაზღვრო წარმოსახვის უნარი, შენი თავის რწმენა და სულიერი ენერგია გაძლევს - უპასუხა პეტრეს უცებ სიკვდილმა. -შენ რა, ჩემს აზრებს კითხულობ? - წარმოთქვა პეტრემ და საწოლზე წამოჯდა. -კი, მე ყველაფერი მესმის და ვგრძნობ. მე ხომ სიკვდილი ვარ?! - უპასუხა გოგონამ. -ესე იგი, შენ შეგიძლია წარსულში გადამისროლო? -კი შემიძლია და საჩქაროც არის. - დაუდასტურა გოგონამ. -დროის გვირაბში გასვლა ხუმრობა არ არის - ჩაილაპარაკა ისევ პეტრემ, - მაგრამ ძალიან საინტერესოა, და ამისათვის რა არის საჭირო? გოგონა მის წინაშე დადგა და მკაფიოდ წარმოთქვა; -გულში ჩამიკარი, თვალები დახუჭე და რა სიგიჟემდე მისული ტკივილიც უნდა განიცადო ან რა გამაყრუებელი ხმაც არ უნდა ჩაგესმას ყურში, ხელი არ გამიშვა, თორემ ორივენი უსასრულობაში დავიკარგებით. -შენ მე მაგიჟებ. - წარმოთქვა პეტრემ. -სრულებითაც არა, სცადე, მე გარწმუნებ, რომ ჩვენ ეს გამოგვივა და კიდევ, იცოდე, შენი ნამდვილი შარლოტა ძალიან გელოდება, თქვენ შანსი გვაქვთ ბედნიერები გახდეთ და მეც თქვენს სამყოფელში დავიდო ბინა, გთხოვ, აჩქარდი პეტრე, თორემ ბიძაშენი საცაა ხელს დამავლებს და ბუხარში შემიკეთებს. - პეტრე ჩაფიქრდა, მთელი თავისი გონება დაძაბა, მერე ერთი ღრმად ამოისუნთქა და სიკვდილს, გულში ჩასახუტებლად, ფართოდ ხელები გაუშალა. გოგონა მხატვართან ახლოს მივიდა, ორივემ ერთმანეთს ხელები მძლავრად მოხვიეს და თვალები დახუჭეს, ოთახში ნელ-ნელა ყველა მხრიდან გაურკვეველი ვიბრაციები დაიწყო, ორიოდე წუთის შემდეგ ყველა სარკმელი ერთდროულად გაიღო და ოთახი ტრიალს მიჰყვა. პეტრე ძალიან განიცდიდა ყველაფერს, მაგრამ მაინც დახუჭული ჰქონდა თვალები, აუტანელმა ხმაურმა მოიცვა მისი სმენა, პეტრე გრძნობდა, თუ როგორ ადიოდა მაღლა და მაღლა, მას ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს სული სხეულს ეყრებოდა და ფეხის გულებიდან გავარვარებული ლავა გადმოსდიოდა. პროცესი ფიზიკური წამების პიკს უახლოვდებოდა. პეტრემ, რაც ძალ ღონე ჰქონდა, ყვირილი მორთო, სიკვდილი ისე იყო ჩაბღაუჭებული მასზე, რომ მისი მოცილება უკვე შეუძლებელი გახდა, მერე, როგორც ზარბაზნიდან, ისე გავარდნენ ტყვიასავით ორივენი ფანჯრიდან გარეთ. ის გრძნობდა, როგორ უახლოვდებოდა ელვისებური სისწრაფით რაღაც განსაკუთრებულ ზღვარს და როგორ პატარავდებოდა მისი სხეული ზომებში თანდათან. -გავდივართ! - წამოიყვირა მის მკედრზე მიკრულმა სიკვდილმა და არაადამიანური წივილი მორთო. გონებაში ისე იქუხა, თითქოს ცა შუაზე გასკდა და უეცრად, თვალის დახამხამებაში, ყველა ტკივილი გაქრა, ქარიშხალი ჩადგა, ყველანაირი ბრუნვა შეჩერდა და პეტრემ ისეთი შვება იგრძნო, რომლის მსგავსიც ცხოვრებაში არასდროს განუცდია. “მგონი მეორედ დავიბადე”, გაიფიქრა მან მთლად ოფლიანმა და ღონე მიხდილმა, იგი მკაფიოდ გრძნობდა, უკვე როგორ ეშვებოდა შემოდგომის ხმელი ფოთოლივით დაბლა მისი სხეული, უცებ ეს პროცესიც შეწყდა და პეტრემ სასიამოვნო და მონატრებული სურნელი იგრძნო, თავისი სახლის სურნელი, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. -სახლში ვარ - წაიჩურჩულა მან, მაგრამ თვალების გახელის მაინც ეშინოდა. -შვილო, დღეს სკოლაში ვერ წახვალ, მაღალი სიცხე გაქვს. - პეტრეს დედის ხმა ჩაესმა ყურში და ყელში გრძნობები ბურთივით მოაწვა, - თვალები გაახილე, წამალი უნდა დალიო ძვირფასო. - პეტრემ თვალები გაახილა და დედის სახის დანახვაზე შინაგანად თაფლივით დადნა. -მიყვარხარ დედი. - ამოილუღლუღა პეტრემ, იგი ძალიან სუსტად იყო, მაგრამ უზომოდ ბედნიერი და ლაღი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე იმედიანი დღე მის ცხოვრებაში, რომელიც მას დიდი ხანია უკვე მივიწყებული ჰქონდა. უცებ მან ფანჯარასთან კედელზე დაკიდებული თავისი ნახატიც შეამჩნია და გაეღიმა, - საოცარია ყველაფერი. - ჩაიბუტბუტა პატარა პეტრემ. -აბა შვილო, ყველაფერი მაგიდაზეა: რძე, თაფლი, შენი საყვარელი ნამცხვარი, სანამ სამსახურიდან დავბრუნდები უკვე კარგად უნდა დამხვდე. - ჩაულაპარაკა ყურთან პეტრეს დედამ, მერე შუბლზე აკოცა, კარი გაიხურა და თავის საქმეებზე გავიდა. პეტრე სახლში მარტოდმარტო დარჩა; - უნდა გამოვკეთდე აუცილებლად, ფეხზე დავდგე და ხვალ სკოლაში წავიდე, შარლოტას გვერდიდან არ მოვშორდები. - ელაპარაკებოდა თავის თავს პეტრე და თან ნამცხვარს შეექცეოდა. დღემ მალე გაირბინა, საღამოს დედა სამსახურიდან დაბრუნდა და სახლი ისევ სიყვარულით აივსო. იმ დროს პეტრეს მამა, უკვე ორი წელი იყო სასჯელს იხდიდა, მაგრამ ყურადღება არ აკლდა მის ოჯახს, ის მათ ციხიდან ისე ეხმარებოდა, რომ ბევრი გარეთ, თავისუფლებაზე მყოფი ვერ უვლიდა თავის ოჯახს. პეტრე ერთადერთი შვილი იყო მისი მშობლებისთვის და ყველაფერი მისთვის კეთდებოდა მათ ცხოვრებაში. ის იყო მათთვის მთავარი ადამიანი და საოცნებო იმედი. საღამოს რვა საათისათვის პეტრე დედის დიდმა მზრუნველობამ და სიყვარულმა ჯანსაღ ნაპირზე გამორიყა, მას აღარც სიცხე ჰქონდა და აღარც თავის ტკივილი აწუხებდა, პეტრე წამოდგა, შარლოტას სურთს მიუახლოვდა და ჩაილაპარაკა - მაგრები ვართ! ჩვენ ეს გამოგვივიდა. - სურათი კი ისევ ისე მდუმარედ ეკიდა კედელზე და სანდომიანად უმზერდა პეტრეს. პატარა მხატვარმა ის ფთხილად ჩამოხსნა კედლიდან, თავის საწერ მაგიდასთან დაჯდა, წინ დაიდო, ერთ დროს მისივე დაწერილი წარწერა სიკვდილი ამოშალა, თავისი ზეთის საღებავების დასტა და ფუნჯები მაგიდის უჯრიდან ამოიღო და ახალი სახელი მიაწერა მას „პატარა შარლოტა“. - ახლა ის ლოთი ბიძაჩემი ვერაფერს ვეღარ გავნებს - ჩაილაპარაკა ისევ თავისთვის და სურათი იქვე თაროზე შემოდო, რომ ხვალ სკოლაში წასვლისას სახლში არ დარჩენოდა. დილით, როგორც ყოველთვის, დედა-შვილმა ერთად ისაუზმა, მერე პეტრემ თავისი ნახატი ლამაზად გადაახვია ქაღალდში, იღლიაში ამოიჩარა და დედასთან ერთად სკოლის გზას გაუყვა. - აბა შენ იცი, საღამომდე ბევრი არ ირბინო. - შეახსენა დედამ მას, როცა ისინი სკოლას მიუახლოვდნენ, მერე თავზე ხელი გადაუსვა და სამსახურისაკენ გაემართა. პეტრე სკოლის წინ იდგა, ხელში თავისივე ნახატი ეჭირა და ფიქრობდა, თუ რომელი გაკვეთილი ჰქონდათ მათ პირველი, რომ შარლოტა მალე ეპოვნა, ჯიბეში ხელი ჩაიყო, მამის ნაჩუქარი საათი ამოიღო და დახედა, ცხრა საათს ხუთი წუთი აკლდა, ათ საათამდე ახლა მას ყველაფერი უნდა ეღონა, რომ შარლოტა იმ დროსა და იმ ადგილზე არ აღმოჩენილიყო, სადაც ის ერთხელ უკვე დაიღუპა, შემდეგ მან გარედან სკოლის ფანჯრები ერთხელ კიდევ შეათვალიერა და შიგნით სირბილით შევარდა. დერეფანში ასობით ბავშვი ირეოდა, პეტრე ყურადღებით ათვალიერებდა მათ სახეებს, ის მთელი არსებით ერთადერთ ადამიანს ეძებდა ახლა და აი ისიც, სკოლის ტანსაცმელში კოხტად გამოწყობილი, თავზე თეთრი ბაფთით, ფანჯრის რაფაზე იყო შემოსკუპებული და ფეხებს საქანელასავით აქანავებდა, იგი, რატომღაც მოწყენილი იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი და მშვენიერი. -გამარჯობა! - მიესალმა პეტრე შარლოტას. -ოჰ, ჩემი კავალერიც გამოჩნდა. - გაიხუმრა გოგონამ და თვალები გაუბრწყინდა - სად დაიკარგე? გავიგე ავად ყოფილხარ, ეგ ჩემსადმი სიყვარულის ბრალი ხომ არ არის ნეტავ? - გადაიკისკისა შარლოტამ და ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა. - ხელში რა გიჭირავს? ისევ კედლის გაზეთი დაგახატინა კლასის დამრიგებელმა? - ჰკითხა პეტრეს გოგონამ. -არა, მე შენ დაგხატე და საჩუქრად მოგიტანე. -მართლა? საინტერესოა, დიდი მადლობა. - მიუგო მან პეტრეს, მერე ხელიდან სურათი გამოსტაცა, ქაღალდი შემოაცალა, დახედა და მთელ სახეზე მზესავით კეთილი ღიმილი მოეფინა - ასეთი ლამაზი ვარ? არც კი მეგონა. - ჩაილაპარაკა შარლოტამ და პეტრეს ლოყაზე აკოცა. პეტრეს გული კრემლის კურანტებივით უცემდა. -მე შენ კიდევ ერთი დიდი საჩუქარი უნდა გაგიკეთო - მიუგო მან შარლოტას და ხელი ხელში მაგრად ჩასჭიდა. -კარგი მე ძალიან მიყვარს საჩუქრები. აბა, მითხარი კიდევ რა გაქვს ჩემთვის მომზადებული? სიყვარული უნდა ამიხსნა? არ გინდა, მე ეგ ისედაც კარგად ვიცი - გაუღიმა შარლოტამ პეტრეს და თავის ნაკოცნ ლოყაზე ნაზად უჩქმიტა. -არა მე სულ სხვაგვარი საჩუქარი მინდა კიდევ გაგიკეთო. - წარმოთქვა პეტრემ. -კარგი გისმენ... -შენ, მემგონი, პეპლების კოლექციას აგროვებ არა? -ჰო, საიდან იცი? - კითხვითვე უპასუხა შარლოტამ. - რომ გავიზდები, გამოფენას მოვაწყობ და პირველს შენ დაგპატიჟებ. - მიუგო მან პეტრეს ღიმილით. -მე ვიცი უნიკალური ჯიშის პეპლების კოლექცია ვის აქვს კედელზე გამოკიდებული, თვითონ ვნახე. -კარგი, როდის მანახებ? - ჩაეკითხა შარლოტა ბიჭუნას. -ახლა, მიუგო პეტრემ. -ახლა არ შემიძლია, სკოლის დირექტორის გაკვეთილი მაქვს ისტორიაში, ათ საათზე კი მუსიკალურ სკოლაში უნდა ვიყო აუცილებლად. -შარლოტა, იცოდე ერთი გაკვეთილი არაფერს წყვეტს, ის კოლექცია სასწრაფოდ სანახავია, მისი პატრონი სხვა ქალაქში გადადის საცხოვრებლად, მას კი მე მჩუქნის, ახლა თუ არ გამოვართვი, საერთოდ დავკარგავ და შენც ვერაფერს გაჩუქებ შემდგომ. გთხოვ, ამ ერთხელ დამიჯერე და დაარღვიე შენი პრინციპები. -კარგი, მაშინ გავიქცეთ არავინ დაგვინახოს - სხარტად უპასუხა გოგონამ და ორივე სკოლის პირველი სართულის ფანჯრიდან გადახტა. -დრო მაქვს, - ფიქრობდა პეტრე, - ზუსტად ათ საათზე უნდა მოხდეს ის უბედური შემთხვევა საავტომობილო გზის გადასასვლელზე, ჰოდა, მეც სკოლის შორიახლოს რომ გორაკია, იქ ავიყვან მას მოტყუებით. იქ ხომ არ დადიან ავტომობილები! გადაწყვეტილება მიღებული იყო. -აქეთ, აქეთ შარლოტა, აი, ის გორაკი უნდა გადავიაროთ. -მართლა? - ისინი გარბოდნენ და თან ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. -იმის იქით რა არის? -ნახავ, აი, შენ თვითონ ნახავ რა სილამაზეა, თან იმ კოლექციის პატრონიც იქვე ახლოს ცხოვრობს - თავბრუს ახვევდა ლამაზი პერსპექტივებით პეტრე შარლოტას -მაშ უფრო სწრაფად გავიქცეთ პეტრე! - იცინოდა შარლოტა და წინ პირველი გარბოდა გორაკისაკენ. პეტრეს ჯიბის საათზე უკვე ათ საათს ორი წუთი აკლდა, მან უკან მოიხედა იმ სატრანსპორტო გზაჯვარედინისაკენ, სადაც ის უბედურება მოხდა ოდესღაც და გულზე მოეშვა, ის უკვე მათგან შორს მდებარეობდა, ათი საათი კი ეს იყო უნდა შესრულებულიყო. მთელი გორაკის მიდამოებზე ბაზალტის დიდი ლოდები ეყარა გაუნძრევლად, ზოგი ნახევრად მიწაშიც კი იყო ჩაფლული უკვე დროთა განმავლობაში. - ჩრაქა, პეტრე, ჩქარა, თორემ გაფრინდებიან ჩვენი პეპლები! - იცინოდა გულმხიარული შარლოტა და ზევით და ზევით მიიწევდა. მორჩა, გაიფიქრა პეტრემ და შვებით ამოისუნთქა. ათ საათს ათი წამიღა აკლდა, შემდეგ შარლოტასკენ შებრუნდა, რომ შეეჩერებინა და გულში ჩაეკრა თავისი ახტაჯანა გოგონა, მაგრამ უცებ გორაკის მწვერვალიდან მოზრდილი ლოდი დაიძრა, ბავშვებს ერთმანეთისაგან სულ რაღაც ათიოდე ნაბიჯი აშორებდათ, ქვის ლოდმა ნელ-ნელა სისწრაფე აკრიფა და საშინელი ხტუნვა-ხტუნვით თავქვე დაეშვა. -არააააააააა!!! - წამოიძახა პეტრემ და თავგანწირული შემართებით ადგილიდან მოწყდა, ზემოდან ქვის ლოდი მოფრინავდა, ქვემოდან კი ერთი სიფრიფანა ბიჭი მიარღვევდა დროთა ლაბირინთს, რომლის მისიაც სულ რაღაც წამებში უნდა შესრულებულიყო. ისინი თითქმის ერთდროულად მიუახლოვდნენ შარლოტას, რომელიც ვერც კი ხვდებოდა თუ რა ხდებოდა მის თავს, ზუსტად ერთი ნაბიჯით მიასწრო პეტრემ უსულო საგანს, შარლოტას, რაც ძალა და ღონე ჰქონდა შემორჩენილი ხელი ჰკრა და უცებ ისეთი ტკივილი იგრძნო გეგონებოდათ ზეცა დაეცა თავზე, კვლავ წამებული სიჩუმე ჩამოვარდა.
ეი, შენ, მოქალაქევ! - ჩაესმა მზით გათანგულ პეტრეს ვიღაცის არასასიამოვნო ხმა ყურში. მან თვალები გაახილა და გაოგნდა, მას თავზე ვიღაც მულატი დაცვის პოლიციელი დაჰყურებდა ხელკეტით ხელში, იგი წამოჯდა, თავის თავს ახედ-დახედა, თავზე მას ჩალის ქუდი ეხურა, ტანზე ჰავაისებური პალმებით მოხატული პერანგი ეცვა, ქვემოთ საზაფხულო სატინის თეთრი ფერის შარვალი, რომელიც მას ყოველთვის ძალიან მოსწონდა, მაჯაზე მამაკაცური ვერცხლის სამაჯური და საათი ეკეთა,რომელიც გაჩერებული იყო და ხელში თავისი ნახატი ეჭირა, წარწერით, „პატარა შარლოტა“. -რაშია საქმე? - ზრდილობიანად იკითხა პეტრემ და ფეხზე წამოდგა. -აქ ძილი, ცეცხლის დანთება და ღრიანცელი არ შეიძლება, ეს კერძო საკუთრებაა! - გაარკვია უცებ ვითარებაში დაცვის პოლიციელმა. -კარგით, გავიგე, ახლავე წალავ, - მიუგო პეტრემ და შარვალი ჩამოიფერთხა - თუ შეიძლება, ერთი კითხვა მაქვს… - მიმართა პეტრემ პოლიციელს. -გისმენ, აბა მიდი, რა მოიგონე? - დაბღვერილმა გადახედა მან პეტრეს. -რომელი წელია? -რამდენი დაგილევია, შე სულელო, მახსოვრობა დაკარგე? - უპასუხა მას პოლიციელმა, მაგრამ შემდეგ მაინც უპასუხა - 2030 წელია, ბედკრულო. -რა ქვეყანაა? ისიც მითხარი ბარემ ახლა - უკვე ღიმილით ჩაეკითხა მას პეტრე. -ამერიკაა, ძმაო ამერიკა და დღეს ძალიან ცხელა, მოშორდი აქაურობას! აკი გითხარი კერძო საკუთრებაა-მეთქი! -უკვე ხმამაღლა შეუტია მულატმა პოლიციელმა მას და ირონიულად გადაიხარხარა. პეტრე იქაურობას გაეცალა, ის თავს ფიზიკურად ძალიან მხნედ და კარგად გრძნობდა, ხელმარცხნივ ოკეანე ბობოქროდბდა და მის პერანგსა და შარვალს აფრებივით ატკაცუნებდა, მხოლოდ ფსიქოლოგიურად უჭირდა ახლა მას. ახალ გარემოსა და დროის აღქმას შეგუება სჭირდებოდა. -ისევ სხვა დროში მოვხვდი, მხოლოდ ახლა მარტოდმარტო ვარ, ნეტა რამდენი წლის ვარ? თავში ყველაფერი ამერია - ფიქრობდა პეტრე და სურათს ხელიდან არ იშორებდა, მიუყვებოდა იგი ოკეანის ნაპირს, მაგრამ საით? ორიენტირი დაკარგული ჰქონდა, მალე ხელმარჯვნივ დასახლება გამოჩნდა და ისიც უმალ იქით გაემართა, ორიოდე წუთში იგი მაღაზიის ვიტრინის წინ იდგა და თავის ანარეკლს აკვირდებოდა, - აქ ხომ დაახლოებით ოცდაათი წლის ვარ, ეს ყველაზე კარგი წლებია ჩემს ცხოვრებაში - ჩაილაპარაკა მან, ვიტრინის ანარეკლიდან მას ბრუტალური გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი უღიმოდა, პეტრეს იმედი მიეცა, შინაგანად დაწყნარდა, შებრუნდა უსაზღვრო ოკეანის აზვირთებულ სუნთქვას თავდაჯერებული მიუახლოვდა, თვალები დახუჭა, თავისი ნახატი გულში მტკიცედ ჩაიკრა და მთელი თავისი არსებით ხმამაღლა დაიყვირა - შარლოტააა სად ხარ? - -აქ ვარ! - გაისმა უკნიდან ახალგაზრდა ქალის წყნარი და სასიამოვნო ხმა, პეტრე უმალ უკან შემობდუნდა, მის წინ უმშვენიერესი ქალი იდგა, დაახლოებით იმავე ასაკისა, რაც თვითონ, ძალიან მოდურად ჩაცმული და მოვლილი, როგორც ძვირფასი ყვავილი, - მომეცი ჩემი სურათი! - მიუგო მან პეტრეს და ხელიდან გამოსტაცა იგი. -შარლოტა? - აღმოხდა პეტრეს -დიახ შარლოტა! - უპასუხა ღიმილით მან და ისევე, როგორც ბავშვობაშინ ლოყაზე უჩქმიტა, - შენ მე სიკვდილს გადამარჩინე, იცი? ჰკითხა მან პეტრეს. -მახსოვს რაღაც ასეთი. - უპასუხა გაოცებულმა პეტრემ მის საყვარელ ქალბატონს და ყურებამდე გაეღიმა. -ახლა შენ გამომყევი, - მიუგო შარლოტამ პეტრეს და როგორც პატარა ბავშვს, ხელი ხელში ჩაჰკიდა. ისინი ხელჩაკიდებულები მიუყვებოდნენ ოკეანისპირა ქუჩას და ისეთ ბედნიერებას ასხივებდნენ, ყველა გამვლელ-გამომვლელის ყურადღებას იქცევდნენ. შარლოტა პირველივე შესახვევევთან თეთრ-ოქროსფერ გუმბათებიან რუსულ ეკლესიასთან შეჩერდა, პეტრესკენ მიბრუნდა, გაუღიმა და ყურში ჩასჩურჩულა, - მზად ხარ ამისათვის? -რისთვის? - უპასუხა ჯერ კიდევ გაოცებულმა პეტრემ, მშვენიერმა შარლოტამ სამამდე დაითვალა და მის ხელის გულზე ოქროს ორი საქორწილო ბეჭედი აბჭყვიალდა, პეტრემ შვებით ამოისუნთქა, - მიყვარხარ - მიუგო მან თავის ოცნების ქალბატონს და იქვე ტუჩებზე დაადნა. შემდეგ ორივენი ეკლესიის კიბეებს აუყვნენ, სანამ შიგნით შევიდოდნენ, პეტრემ შარლოტა შეაჩერა, ხლები მხრებზე ნაზად დაადო, სულის კიდემდე ჩახედა მას თვალებში და უკანასკნელად ჰკითხა: გულახდილად მითხარი შარლოტა, მე თუ კიდევ ვარ დროის გვირაბში გასასვლელი, ფუჭია მაშინ ჩემი აქ შემოსვლა და საერთოდ, მე ამით ძალიან დავიღალე - არა პეტრე, გულახდილად გეუბნები, შენი დროის გვირაბი უკვე სამუდამოდ დაიხურა, ეს ბოლო გაჩერებაა. ამის თქმა იყო და პეტრემ ბუმბულივით აიტაცა ქალი ხელში და ეკლესიაში შეაბიჯა.
ავტორისაგან - არავინ იცის სიკვდილის შემდეგ ვინ სად მოხვდება, რას ნახავს ან როგორი განვითარება ექნება მის შემდგომ გზას. ის, რაც მე დავწერე, ყველაფერი ზამთრის ერთ ღამეს სიზმარში ვნახე, ბევრი რამ დამავიწყდა, მაგრამ არსებითი სიუჟეტები, დიალოგები და მოქმედებები მახსოვს, ახლა კი თქვენ მოგიყევით... მე თუ მგონია, რომ მე დღეს ვცხოვრობ და ეს ყველაფერი ჩემი სიზმარი არ არის, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა…
დავით,,ციკო,,

Комментарии

Комментариев нет.