ქუთათურებო, გილოცავთ გვირილობას - ქუთაისობას !

💜💚💗❤️💛💙☀️🌻🌷🌸🌹🌺
ვისურვებდი, რომ ტრადიციული სახე დაიბრუნოს "გვირილობის" დღესასწაულმა, რომელიც ამ პერიოდში იმართებოდა.
"გვირილობა" – "თეთრი გვირილის დღე" მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ჭლექიანების დასახმარებლად ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილ-მაისში და სამ დღეს გრძელდებოდა.
დღესასწაულის ორგანიზატორები ქალაქის რომელიმე წარჩინებულ მანდილოსანს გააყოლებდნენ ხოლმე ორ გიმნაზიელს, ვაჟს – ფულისათვის განკუთვნილი ყულაბით და გოგონას – გვირილებით სავსე კალათითა და ქინძისთავებით ხელში. წინამძღოლის - მშვენიერი, დიდებული ქალბატონის პატივისცემით, გზად შემხვედრი არც ერთი ადამიანი უარს არ ამბობდა ყულაბაში დიდი თანხის ჩადებაზეც კი. გოგონა მას ქინძისთავით გულზე დაამაგრებდა გვირილას, რომელიც ქველმოქმედს სამი დღე უნდა ეტარებინა, ნიშნად იმისა, რომ მან ფული უკვე გადაიხადა. მოგროვილი თანხა დღის ბოლოს საქველმოქმედო საზოგადოებას ბარდებოდა, მესამე დღეს კი ქალაქის ბულვარში უკვე სხვა ქალბატონი და გიმნაზიელი ქალ-ვაჟი დადიოდნენ ჭლექიანთათვის თანხის შესაგროვებლად.
გვირილების დედოფლებიდან შემორჩენილია ერთ-ერთის იშვიათი გარეგნობითა და გემოვნებით გამორჩეული საშა ჩიქოვანის სახელი. ეს ლეგენდარული სილამაზის ქალი მონაწილეობდა ქუთაისში დადგმულ ე.წ. "ცოცხალ სურათებში". (ენციკლოპედია "იმერეთი", შემდგენელი ნანული ცხვედიანი, ქუთაისი 2008 წ. გამომცემლობა "პოსტსკრიპტუმი"). საინტერესოა, რომ პირველად
(1909წ.) სწორედ მან ჩააწყო გვირილები კალათაში და გაყიდვა დაიწყო იმ იმედით, რომ სიღარიბისაგან სიკვილისათვის განწირული ჭლექით შეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინა...
ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა...
XX საუკუნის 60-იან წლებში, ქუთაისში გვირილობის დღესასწაული ისევ აღსდგა, მაგრამ სულ სხვა შინაარსით. მაისის რომელიმე დღეს ზეიმი ქალაქის ტორპედოს სტადიონზე იმართებოდა, მასში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც წარმოება-დაწესებულებები, ასევე მთელი განათლების სისტემა, დაწყებული საბავშვო ბაღებიდან დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლებით. თითოეული მათგანი ეჯიბრებოდა ერთმანეთს, ვინ უფრო გრანდიოზულად, ლამაზად წარმოაჩენდა თავს, იყო საპრიზო ადგილები, ირჩევდნენ დედოფალს.

ქუთათურებო, გილოცავთ გვირილობას - ქუთაისობას ! - 855211904715

Комментарии

Комментариев нет.