ზიარების ღვთაებრივი ძალა.

ქრისტიანო, ზიარება გსურს? ამ წმინდა პურს და ბარძიმს ხომ ხედავ წმინდა ტრაპეზზე? ეს ქრისტეს ხორცი და სისხლია! ეს თვით ღმერთია ხორცში! იქ ცეცხლია ღვთაებისა, ღირსეულთა განმანათლებელი და უღირსთა დამწველი! ნუ შეეხები, ნუ მიუახლოვდები, ჯერ ცოდვა მოიშორე შენი სულიდან! ვინმესთან იჩხუბე? ჯერ წყენის საკვრელი გახსენი. მრუშსა და მეძავს დანებდი? მაშ ჯერ გაწყვიტე მათთან კავშირი და ისე მიიღე წმინდა ზიარება.
გადაწყვეტილი გაქვს ისევ შესცოდო? მაშ განეშორე წმინდა ტრაპეზს! განეშორე წმინდა ზიარებას!
ზიარება - ეს ის სიყვარულია, რომლის ახსნაც არ ძალგვიძს. მას ვერ გაზომავ - ის განუზომელია! ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო, ყველაზე დიდი სასწაული! სიყვარული ღვთაებრივი, სიყვარული სრულყოფილი, მთელი სიყვარული, მთელი განძი ღვთაებრივი მადლისა!
საკუთხეველი საიდანაც ეზიარები ეს წმინდაათა წმინდაა! აქ უხილავათ არიან ანგელოზები. აქ იდგნენ წმინდა ბასილი და იოანე, მარხვით განლეული წმინდანები, ხორციელი ანგელოზები, მათ ყველა ცოდვის ბორკილი დაამსხვრიეს, მაგრამ მაინც თავიანთ უღირსებას ინანიებდნენ! შენ კი უთვალავი ცოდვით სულის შემბილწველო, ჯერ გათავისუფლდი ცოდვისგან, აღიარე გამოსწორდი, შეინანე, პატიება ითხოვე და მერე მიეახლე მას.
არ გაბედო ზიარების წინ, საერო საქმეებზე საუბარი! დაივიწყე ყველა და ყველაფერი და მხოლოდ საკუთარ უღირსებაზე იფიქრე.
და თუ ენას ვერ აჩერებ, ჯობია მოიკვეთო იგი, ვიდრე შეურაწყო წმინდა საიდუმლო!
როცა ხელზე გულს დაიკრებ და გაემართები მისკენ, თრთოლივით და შიშით მიეახლე მას და გულში იმეორე , მრწამს უფალო, რომ შენ ხარ ღმერთი, ვაღიარებ რომ ცოდვილი ვარ, ვაღიარებ რომ ბალახი ვარ გამხმარი.
მე უწმინდური მოვდივარ შენთან, როგორც სინათლის წყაროსთან, რათა განვიწმინდო, სნეული - შენთან, სულთა მკურნალთან, რათა განვიკურნო, მკვდარი - შენთან, ცხოვრების პურთან, რათა აღვდგე.
ცაზე არცერთი ვარსკვლავი არ ბრწყინავს ისე, როგორც მაზიარებლის სული, ზიარების ღვთაებრივი მადლით.
დემონები ვერ უმზერენ მაზიარებლის სახეს, თრთიან და გაურბიან, რადგან ამ დროს მისი ბაგიდან ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის.
როცა ვეზიარებით იმ მადლის მონაწილენი ვხდებით, რომელსაც ფლობს ქრისტე, როგორც ღმერთი და როგორც ადამიანი.
უფალო ჩემო! ჩემო მხსნელო! დაე მოვკვდე, როცა ინებებ, სულ ერთია ჩემთვის როდის გამიხმობ ამ ქვეყნიდან, ოღონდაც სიკვდილის წინ შენს უწმინდეს ხორცთან და სისხლთან ზიარების ღირსი გამხადე!
ქრისტიანო ზიარებით ქრისტესთან შეერთდი და იყავი ქრისტესთან, ნუ განეშორები მას ცოდვის ჭაობში დაბრუნებით და შეჰღაღადე ,, ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა" დიდება მას უკუნისამდე ამინ.
ეპისკოპოსი ილია მინიატისი.

Комментарии