❤♾❤

დილით, რომ ვიღვიძებ სამყაროს მადლობას ვეუბნები. მერე სარკესთან მივდივარ და აუცილებლად ვუღიმი ჩემს თავს.
ეს კარგი დღის საუკეთესო დასაწყისია.
ჩემთვის ერთგვარი მედიტაცია კლასიკური მუსიკის მოსმენაა, ჰაერზე სეირნობა, წყალთან და ხეებთან საუბარი.
ჩემი ცხოვრების ნაწილი ფურცელი და კალამი გახდა, დილით ჩემს გეგმებს და მიზნებს ვინიშნავ. მერე კი მე თვითონ ვქმნი ჩემს ცხოვრებას, ჩემს დღეს და ჩემი თავის მოტივატორიც თავად ვარ.
რაც საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა, მას შემდეგ ამ რიტუალებს ვასრულებ და ძალიან კარგი შედეგი აქვს.
თქვენც გირჩევთ, დილით სარკეში თქვენს თავს აუცილებლად გაუღიმოთ, უთხრათ, რომ ძალიან ლამაზი და სასურველი ხართ.
აუცილებელია შევაქოთ საკუთარი თავი, გავანებივროთ, გავამხნევოთ…
უკეთეს მოტივაციას ვერავინ მოგვცემს.
წარმატება მიიღწევა რწმენით და თავდაჯერებულობით.
ჩემს მეთოდებს და ტექნიკებს გაგიზიარებთ, რომელიც შედეგზე გაგიყვანთ.
ამისათვის ერთგვარი თამაშია საჭირო.
შენს ყოველდღიურობაში ისეთი ფონი უნდა შექმნა, თითქოს უკვე გაქვს ის, რაც გსურს. რადგან ფიქრს, ვიზუალს და შეგრძნებას უდიდესი ძალა აქვს.
ათი-თხუთმეტი წლის წინ, წარმოვიდგენდი და თავს ვაჯერებდი რომ ვარ მენეჯერი, მყავს კოლექტივი, თან ქალების. ეს წარმოსახვა სრული სიზუსტით, რამდენიმე წელში ამიხდა. ყველაფერი მიღწევადია მაშინ, როდესაც შენს თავს დაარწმუნებ რომ შენ ნამდვილად იქნები წარმატებული…
ბიზნესში მთავარი ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება, დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა, საქმის ერთგულება, ადამიანების სიყვარული და სირთულეების საკუთარ თავზე აღებაა. ბიზნესი არ დანებებაა. ბევრი ნებდება, მალევე ყრის ფარ-ხმალს.
არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. როგორც ბავშვი სწავლობს ფეხის ადგმას, დაეცემა, ადგება და ისევ ცდილობს, ასეა ბიზნესიც.
თუ საჭირო გახდა მეასედაც უნდა სცადო და ასმეერთედ უკვე აუცილებლად გამოგივა.

Комментарии