მამისეულ სახლში დაბრუნება 12 თებერვალი... მესამე კვირას, რომელიც დიდი მარხვისათვის გვამზადებს, ჩვენ ვისმენთ უძღები შვილის იგავის საკითხავს (ლკ. 15,11-32). იგავში და ამ დღის სტიქარონებში საუბარია იმ ადამიანის სინანულზე, რომელიც ნებაყოფლობითი განდევნიდან ბრუნდება. ჩვენ მოგვითხრობენ მორალურად გზააბნეული უძღები შვილის შესახებ, რომელიც „შორეულ ქვეყანაში“ წავიდა და იქ მთელი თავისი ქონება გაფლანგა. შორეული ქვეყანა! ეს ერთადერთი განსაზღვრებაა ადამიანის მდგომარეობისა, რომელიც ჩვენ უნდა შევიგნოთ და დავიმახსოვროთ, როცა ღმერთს ვუახლოვდებით. ადამიანი, რომელსაც არასოდეს, მცირედაც კი არ განუცდია, რომელსაც არასოდეს უგრძვნია, რომ იგი ღმრთისგან და ჭეშმარიტი ცხოვრებისგან განდევნილია, ვერასოდეს მიხვდება, რას ასწავლის ქრისტიანული სარწმუნოება. და ის, ვინც ამა სოფლად თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ვისაც არასოდეს უგრძვნია სხვა სიმართლის მტანჯველი წყურვილი, ვერასოდეს მიხვდება, რას ნიშნავს სინანული. სინანული ხშირად ცოდვათა და ცდომილებათა გულგრილ და ობიექტურ ჩამოთვლად იქცევა, მსგავსად კანონიერი საბრალმდებლო დასკვნის წინაშე თავის დამნაშავედ ცნობისა. აღსარებასა და ცოდვათა მიტევებას ისე უყურებენ, როგორც იურიდიულად კანონიერ აქტს. მაგრამ ამ დროს რაღაც ძალზე არსებითი ავიწყდებათ, რის გარეშეც არც აღსარებას, არც ცოდვატა მონანიებას არა აქვს არც ნამდვილი მნიშვნელობა, არც ძალა. ეს „რაღაც“ სწორედ ღვთისგან, მასთან ურთიერთობის სიხარულისგან, მის მიერ შექმნილი და ჩვენთვის ბოძებული ჭეშმარიტი ცხოვრებისაგან შორს ყოფნის შეგრძნებაა. მართლაც, ადვილია აღიარო აღსარებისას, რომ არ დაგიცავს მარხვა, არ გილოცია დილას ან საღამოს, განრისხებულხარ. მაგრამ სრულიად სხვაა, - ერთბაშად მიხვდე, რომ შენი სულიერი მშვენიერება შეგიბღალავს და დაგიკარგავს, რომ ჭეშმარიტ „სამშობლოს“, ნამდვის ცხოვრებას დაცილებულხარ, რომ საბოლოოდ დაგიმსხვრევია შენივე ცხოვრებისეული არსების რაღაც ძვირფასი და წმიდა ნაწილი. ეს და მხოლოდ ეს შეგნებაა ნამდვილი სინანული და უკან დაბრუნების, საკუთარი დაკარგული სახლის პოვნის მხურვალე სურვილიც. მე ღვთისგან მდიდარი ძღვენი მივიღე: უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე და მისით ტკბობის, მისი მნიშვნელობით, სიყვარულით, ცოდნით აღვსების შესაძლებლობა; ამის შემდეგ კი, ნათლისღებისას, - თვით ქრისტეს ახალი ცხოვრება, ნიჭი სულისა წმიდისა და სიხარული ცათა სასუფევლისა. მე მივიღე ღმრთის ცოდნა და მის მიერ კი - ცოდნა ყოველივე დანარჩენისა. მივიღე საშუალება, რათა გავხდეწ ღვთის შვილთაგანი. და ყოველივე ეს მე დავკარგე და განვაგრძობ კარგვას არა მარტო განსაკუთრებული „ცოდვებისა“ და „შეცოდებებისას“, არამედ ჩემს უდიდეს ცოდვაში ღმრთისადმი სიყვარული დამიკარგავს და მშვენიერ მამისეულ სახლს „შორეული ქვეყანა“ ვამჯობინე. მაგრამ ეკლესია მახსენებს ყოველივეს, რაც დამიკარგავს. ვისმენ მის ხმას და მახსენდება: „მამულსა დიდებასა შენსა განუდეგ უგუნურებით, - გალობს ამ დღის კონდაკი, - და, რომელი-იგი მომეც სიმდიდრე, ბოროტთა შინა განვაბნიე, ვინაჲცა ჴმასა მას უძღებისასა შევწირავ შენდა; ვითარცა იგი, მეცა შემიწყალე, მამაო მოწყალეო, რომელი-ესე სინანულით გიღაღადებ, და მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი“. და როცა ამგვარად ვიხსენებ ყოველივეს, დაბრუნების სურვილსა და ძალას ვგრძნობ საკუთარ თავში: „მე დავუბრუნდები ჩემს გულუხვ მამას და ცრემლით შევღაღადებ: მიმიღე, როგორც შენი ერთ-ერთი მოჯამაგირე“... აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ და მოვიხსენიოთ „უძღები შვილის კვირის“ ერთი განსაკუთრებული ლიტურგიკული თავისებურება. ცისკარზე, „აუარებდითის“ მხიარული და საზეიმო ფსალმუნების შემდეგ ჩვენ სევდით აღსავსე 136-ე ფსალმუნს ვგალობთ: მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი... ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა? უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი. აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებულ ვჰყო იერუსალემი, ვითარცა იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა. ბაბილონის მდინარეებთან დავსხედით და ვტიროდით, როდესაც გავიხსენეთ სიონი... როგორ ვიგალობოთ უფლის გალობა უცხო ქვეყანაში? თუ დაგივიწყებ შენ, იერუსალიმო, დაე, ჩემი მარჯვენაც დავიწყებულ იქნას. ენა სასაზე ამეკრას, თუ არ გაგიხსენო შენ; თუ არ დავაყენო იერულისამი ჩემი სიხარულის სათავეში. ეს განდევნის ფსალმუნია. მას ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდნილი ებრაელები გალობდნენ, როცა თავიანთ წმინდა ქალაქს, იერუსალიმს იხსენებდნენ. იგი სამუდამოდ იქცა იმ ადამიანის გალობად, რომელიც ღმრთისგან თავის განშორებას გრძნობს და ამ შეგნებით კვლავ ადამიანად იქცევა, იმ ადამიანად, ვინც ვერასოდეს იპოვის სრულ კმაყოფილებას ამ დაცემულ წუთისოფელში, რადგანაც თავისი ბუნებითა და მოწოდებით იგი განუწყვეტლივ ეძიებს, ვითარცა მოგზაურ-მლოცველი. ეს ფსალმუნი კიდევ ორგზის იგალობება კვირა დღეებში დიდი მარხვის წინ. იგი მარხვას გვიხსნის როგორც ლოცვით მოგზაურობას, სინანულს კი - როგორც დაბრუნებას მამისეულ სახლში.
✞გზა უფლისკენ✞
უძღები შვილის კვირიაკე
მამისეულ სახლში დაბრუნება
12 თებერვალი...
მესამე კვირას, რომელიც დიდი მარხვისათვის გვამზადებს, ჩვენ ვისმენთ უძღები შვილის იგავის საკითხავს (ლკ. 15,11-32). იგავში და ამ დღის სტიქარონებში საუბარია იმ ადამიანის სინანულზე, რომელიც ნებაყოფლობითი განდევნიდან ბრუნდება. ჩვენ მოგვითხრობენ მორალურად გზააბნეული უძღები შვილის შესახებ, რომელიც „შორეულ ქვეყანაში“ წავიდა და იქ მთელი თავისი ქონება გაფლანგა. შორეული ქვეყანა! ეს ერთადერთი განსაზღვრებაა ადამიანის მდგომარეობისა, რომელიც ჩვენ უნდა შევიგნოთ და დავიმახსოვროთ, როცა ღმერთს ვუახლოვდებით. ადამიანი, რომელსაც არასოდეს, მცირედაც კი არ განუცდია, რომელსაც არასოდეს უგრძვნია, რომ იგი ღმრთისგან და ჭეშმარიტი ცხოვრებისგან განდევნილია, ვერასოდეს მიხვდება, რას ასწავლის ქრისტიანული სარწმუნოება. და ის, ვინც ამა სოფლად თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ვისაც არასოდეს უგრძვნია სხვა სიმართლის მტანჯველი წყურვილი, ვერასოდეს მიხვდება, რას ნიშნავს სინანული.
სინანული ხშირად ცოდვათა და ცდომილებათა გულგრილ და ობიექტურ ჩამოთვლად იქცევა, მსგავსად კანონიერი საბრალმდებლო დასკვნის წინაშე თავის დამნაშავედ ცნობისა. აღსარებასა და ცოდვათა მიტევებას ისე უყურებენ, როგორც იურიდიულად კანონიერ აქტს. მაგრამ ამ დროს რაღაც ძალზე არსებითი ავიწყდებათ, რის გარეშეც არც აღსარებას, არც ცოდვატა მონანიებას არა აქვს არც ნამდვილი მნიშვნელობა, არც ძალა. ეს „რაღაც“ სწორედ ღვთისგან, მასთან ურთიერთობის სიხარულისგან, მის მიერ შექმნილი და ჩვენთვის ბოძებული ჭეშმარიტი ცხოვრებისაგან შორს ყოფნის შეგრძნებაა. მართლაც, ადვილია აღიარო აღსარებისას, რომ არ დაგიცავს მარხვა, არ გილოცია დილას ან საღამოს, განრისხებულხარ. მაგრამ სრულიად სხვაა, - ერთბაშად მიხვდე, რომ შენი სულიერი მშვენიერება შეგიბღალავს და დაგიკარგავს, რომ ჭეშმარიტ „სამშობლოს“, ნამდვის ცხოვრებას დაცილებულხარ, რომ საბოლოოდ დაგიმსხვრევია შენივე ცხოვრებისეული არსების რაღაც ძვირფასი და წმიდა ნაწილი. ეს და მხოლოდ ეს შეგნებაა ნამდვილი სინანული და უკან დაბრუნების, საკუთარი დაკარგული სახლის პოვნის მხურვალე სურვილიც. მე ღვთისგან მდიდარი ძღვენი მივიღე: უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლე და მისით ტკბობის, მისი მნიშვნელობით, სიყვარულით, ცოდნით აღვსების შესაძლებლობა; ამის შემდეგ კი, ნათლისღებისას, - თვით ქრისტეს ახალი ცხოვრება, ნიჭი სულისა წმიდისა და სიხარული ცათა სასუფევლისა. მე მივიღე ღმრთის ცოდნა და მის მიერ კი - ცოდნა ყოველივე დანარჩენისა. მივიღე საშუალება, რათა გავხდეწ ღვთის შვილთაგანი. და ყოველივე ეს მე დავკარგე და განვაგრძობ კარგვას არა მარტო განსაკუთრებული „ცოდვებისა“ და „შეცოდებებისას“, არამედ ჩემს უდიდეს ცოდვაში ღმრთისადმი სიყვარული დამიკარგავს და მშვენიერ მამისეულ სახლს „შორეული ქვეყანა“ ვამჯობინე.
მაგრამ ეკლესია მახსენებს ყოველივეს, რაც დამიკარგავს. ვისმენ მის ხმას და მახსენდება: „მამულსა დიდებასა შენსა განუდეგ უგუნურებით, - გალობს ამ დღის კონდაკი, - და, რომელი-იგი მომეც სიმდიდრე, ბოროტთა შინა განვაბნიე, ვინაჲცა ჴმასა მას უძღებისასა შევწირავ შენდა; ვითარცა იგი, მეცა შემიწყალე, მამაო მოწყალეო, რომელი-ესე სინანულით გიღაღადებ, და მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი“.
და როცა ამგვარად ვიხსენებ ყოველივეს, დაბრუნების სურვილსა და ძალას ვგრძნობ საკუთარ თავში: „მე დავუბრუნდები ჩემს გულუხვ მამას და ცრემლით შევღაღადებ: მიმიღე, როგორც შენი ერთ-ერთი მოჯამაგირე“...
აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ და მოვიხსენიოთ „უძღები შვილის კვირის“ ერთი განსაკუთრებული ლიტურგიკული თავისებურება. ცისკარზე, „აუარებდითის“ მხიარული და საზეიმო ფსალმუნების შემდეგ ჩვენ სევდით აღსავსე 136-ე ფსალმუნს ვგალობთ:
მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი...
ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?
უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი.
აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებულ ვჰყო იერუსალემი, ვითარცა იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა.
ბაბილონის მდინარეებთან დავსხედით და ვტიროდით, როდესაც გავიხსენეთ სიონი...
როგორ ვიგალობოთ უფლის გალობა უცხო ქვეყანაში?
თუ დაგივიწყებ შენ, იერუსალიმო, დაე, ჩემი მარჯვენაც დავიწყებულ იქნას.
ენა სასაზე ამეკრას, თუ არ გაგიხსენო შენ; თუ არ დავაყენო იერულისამი ჩემი სიხარულის სათავეში.
ეს განდევნის ფსალმუნია. მას ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდნილი ებრაელები გალობდნენ, როცა თავიანთ წმინდა ქალაქს, იერუსალიმს იხსენებდნენ. იგი სამუდამოდ იქცა იმ ადამიანის გალობად, რომელიც ღმრთისგან თავის განშორებას გრძნობს და ამ შეგნებით კვლავ ადამიანად იქცევა, იმ ადამიანად, ვინც ვერასოდეს იპოვის სრულ კმაყოფილებას ამ დაცემულ წუთისოფელში, რადგანაც თავისი ბუნებითა და მოწოდებით იგი განუწყვეტლივ ეძიებს, ვითარცა მოგზაურ-მლოცველი.
ეს ფსალმუნი კიდევ ორგზის იგალობება კვირა დღეებში დიდი მარხვის წინ. იგი მარხვას გვიხსნის როგორც ლოცვით მოგზაურობას, სინანულს კი - როგორც დაბრუნებას მამისეულ სახლში.