"მეორე გაზაფხული".

თავი 26. არჩილი სასმელს აღარ გაეკარა,უჭირდა ფხიზელი გონებით იმის განსაზღვრა, რაც მოჰყვებოდა უსიყვარულო ქორწინებას,მაგრამ ისე იყო ჩიხში მოქცეული,ვერ დააღწევდა თავს და ისევ საკუთარი თავის დაზარალება არჩია. იცოდა მეგის ძალიან უყვარდა,მისი ოცნება იყო არჩილი ბუნტურის მეუღლე გამხდარიყო, ხოდა მიენდო ბედის განგებას,ალბათ ოჯახის პასუხისმგებლობა სიყვარულსაც შეაპარებდა,მაგრამ,მართა რომ თვალწინ დაუდგებოდა,სიმწრით ტუჩებს იჭამდა. დარწმუნებული იყო არჩილი,მართა ძველ გზას აღარასოდეს აღარ დაადგებოდა,..მაგრამ ისიც უკლავდა გულს,იცოდა მართას ხასიათი, მართლა ასე დარჩებოდა და არც გათხოვებაზე არ იფიქრებდა. ფიცი კი ჰქონდა მართას დადებული,უსიყვარულოდ არავის არ გავეკარებიო,მაგრამ, ვინ მოინადირებდა მის გულს,ვინ გააღებდა გოგოს დაკეტილ კარებს. ირეოდა არჩილი, ორად იყო გაყოფილი და ვერცერთი ვერსია ვერ დაუშვა,გარდა მეგისთან დაქორწინების.მხოლოდ დაოჯახება იხსნიდა იმ დიდი ტკივილისგან,როცა მართას მიმართ სიყვარული იგრძნო,ეს იყო ნამდვილი სიყვარული და არა ქალის მიმართ ლტოლვა, არასოდეს არ უფიქრია მართას ლოგინში ჩაწოლაზე,მხოლოდ წრფელი და სუფთა სიყვარული ჰქონდა,გოგოს დანახვაზე,შეხებაზე, გამოხედვაზე, სასწაული ემართებოდა ორმეტრიან კაცს და ფინიასავით ეძებდა თავშესაფარს,რათა არ გაემჟღავნა თავი,უფრო არ დაეფრთხო გოგო,არ დაენგრია ის დიდი მეგობრული სიყვარული,რამაც გააერთიანა მათი წყალწაღებული ცხოვრება. თავიდანვე ძმობა შეჰფიცა არჩილიმ და ახლა ვეღარ დგამდა ნაბიჯს,ვეღარ უხვევდა მეგობრულ საზღვარს,დაძმობის ფიცმა ჩაუკეტა სიყვარულისკენ მიმავალი კარები და დააყენა იმ ზღვარზე,რის იქითაც გადალახვა არ შეიძლებოდა. ზოგჯერ ისეთ საზიზღარ ხასიათზე იყო, სძულდა საკუთარი თავი და ნანობდა ცხოვრებისკენ მობრუნებას,ყოფილიყო ისევ სპირტიანი სასმელის ზემოქმედების ქვეშ და არც მართა არ შეუყვარდება და არც მეგის არ ნახავდა,არ ნახავდა და არც გაუღვივებდა გოგოს, ძველ, მიძინებულ სიყვარულს. ახლა უკვე გაურკვევლობის ქაოსში იყო და მხოლოდ და მხოლოდ მეგისთან დაქორწინებით გამოვიდოდა ვაკუუმიდან.როგორც იქნა თავი დააღწია უსაშველო ფიქრს, სიგარეტი ჩააქრო,ყავის ბოლო ყლუპიც მოსვა და ახლა შეამჩნია სახლში სიბნელე. ფეხზე წამოდგა და სინათლე აანთო,ხან ფანჯარასთან მივიდა,ხან წიგნი გადმოიღო,ხან ტელევიზორი ჩართო,მაგრამ ვერაფერს ვერ დაუდო გული. მართას ყოველდღე ელაპარაკებოდა და გულს იმშვიდებდა მისი კარგად ყოფნით,თუმცა,მართას ყოველთვის სევდიანი ხმა ჰქონდა,მაგრამ არ უკითხავს არჩილის სევდის მიზეზი. ახლაც აიღო მაგიდიდან ტელეფონი, აკრიფა მართას ნომერი და მისი ხმის გაგონებაზე მთელი სხეული დაეძაბა,_ მომენატრე მართუშკა,არ გეპატიება,წახვედი და მარტოდ დამტოვე. მართა მსუბუქად იცინოდა და მალე ჩამოვალო პირობას აძლევდა. _ თუ მალე არ ჩამოხვალ,ისევ გავლოთდები და მოგიწევს ისევ ძველი დროის გამეორება.მართამ სრულიად სერიოზულად დატუქსა და დაემუქრა,თუ კიდევ დალევ,თვალითაც არ დაგენახვებიო. არჩილს სიცილი აუტყდა და ისევ თბილად გააგრძელა საუბარი,მოუყვა,გუშინ რომ მაიკო ნახა,ყველა დეტალი უთხრა და მართასაც ცრემლები მოერია,_ არჩილ,მაიკოც მსხვერპლია ქუჩის ცხოვრების,დედინაცვალმა აიძულა ქუჩაში გასულიყო და ფული შეეტანა სახლში,ჯერ მათხოვრობდა ათი წლიდან,მერე ნარგიზნაისრმა ძუკნამ დააყენა სანაპიროზე თხუთმეტი წლის ბავშვი. იმის მერე ოც წელზე მეტი გავიდა და უკვე სტაჟიანი მეძავიც ყოფილა. ვერც შეცვლიდა თავის ცხოვრებას,არადა საოცარი გულის გოგო ყოფილა,რამდენჯერ წასულა კლიენტთან მართას მაგივრად,ატირებული და გაუბედურებული პატარა გოგო შებრალებია და მეოცე მამაკაცსაც დაწოლია მართას სიბრალული გამო. არც ნარგიზას არ ეპუობოდა, ისე დაუღრიალებდა საზიზღარ ქალს,იქით აშინებდა,რამდენჯერ თმებითაც ითრია როცა პატარა გოგოებზე ზეწოლას ახდენდა. დიდხანს ილაპარაკეს,მართას გული დაეწვა მაიკოს ამბავი რომ გაიგო,ნეტავ შერჩენოდა ის მაჰმუდი და ყოფილიყო ნორმარულ სიტუაციაშიო. არჩილი მართას დაემშვიდობა და ისევ ფანჯარასთან მივიდა,ისევ ქროდა ოქტომბრის სუსხნარევი ქარი,ჰაერში აბზრიალებდა ოქროსფერ ფოთლებს და ფეხით მოსიარულეებს ცხვირწინ უტრიალებდა შემოდგომის სილამაზეს. არჩილი ისევ გარეთ გავიდა,ვერც ნახაზებს ვერ დაუდო გული, ვერც მეგისთან ვერ დარეკა,რას ელოდებოდა თვითონაც არ იცოდა,არც მეგი არ რეკავდა,ელოდებოდა საქმროს პასუხს,თუ აპატიებდა თვითონ დაურეკავდა,თუარადა,ქორწილიც ჩაიშლებოდა. საყელოაწეულმა არჩილიმ ქუჩა გადაირბინა და ღამის ფარვანების გარემოცვაში აღმოჩნდა,უკვე ვეღარავინ ვეღარ სცნობდა. ყველა მუშტრის თვალით უყურებდა საკმაოდ სიმპატიურ მამაკაცს,რომელსაც ეტყობოდა,არც ფინანსები არ უჭირდა.არჩილი ყველას უღიმოდა და მაიკო იკითხა,გაღებილმა და გალურჯებულმა გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს,მაიას მამაკაცი ეგონათ და ტუჩები გაბზუკეს,თან ნიშნისმოგებით მიახალეს,_ მაიკო კლიენტმა წაიყვანა და დილამდე არ მოვა,კარგი ფულიანი ბიძა ჩაიგდო ხელშიო. არჩილმა არაფერი აღარ უთხრა,გატრიალდა და სანაპიროს გაუყვა. მიდის ლამპიონებით გაჩირაღდნებულ ქუჩაზე ჩაფიქრებული მამაკაცი. მტკვარიც ისე ამღვრეულიყო,როგორც მისი გული იყო,..მოდუდუნებდა და მოაპობდა მსუბუქ ტალღებს, ხან ბეტონის კედელს შეეჯახებოდა და გულში ჩაბუდებულ ვარამს ზედ მიანთხევდა. იღრინებოდა მღვრიე მტკვარი და გულს უგლეჯდა წლების განმავლობაში ჩაქსოვილი ბალღამი, რამდენი სიმწარის მომსწრე იყო ბებერი მტკვარი,რამდენი ჰქონდა სათქმელი,მაგრამ უტყვი იყო და პირი წყლით ჰქონდა სავსე,არადა ტომეული დაიწერებოდა მისი საოცარი თავგადასავალის. ჩასჩერებოდა დაღონებული მამაკაცი, ყურს უგდებდა მის ღიღინს და თითქოს ესმოდა,რა ხვაშიადს ატარებდა ხან ბრაზიანი და ხან მშვიდი მტკვარი. _ არჩილ,არჩიილ, მოესმა ზურგსუკან,უცბად მიიხედა და ისევ იმ ფორმაში რომ მაიკო დაინახა, სადღაც,გულის სიღრმეში სიმი ჩაწყდა. გოგო მიუახლოვდა,ხელი მხარზე დაარტყა და მოიკითხა,_ ვახ,ისევ შენ სიმპატიურო?აქ რას დაეძებ, ლექსების წერა ხომ არ დაიწყე,მტკვარს რომ გადაყურებ,_მაიკომ გაიცინა და ნიკოტინით ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა._უი,შენ რა საოცარი კაცი ხარ არჩილ,გუშინ რა გააკეთე ბიჭო,გადავირიე ქალი,ამას შენ თუ იზავდი,თორემ წუწკი და ნაბიჭვარი კლიენტები ისე წურავენ ფულს,რაც მეკუთვნის იმასაც ძლივს ვგლიჯავ ხელიდან.არჩილი მიხვდა რასაც გულისხმობდა მაია,_ ეგ არაფერი, სამადლობელი არაფერია,ხო,მართამ მოგიკითხა,ახლა ველაპარაკე,რომ ჩამოვა გვეწვიე მერე.მაიკომ გაოცებულმა შეხედა,_ მე მოვიდე შენთან? მერე შენი ინწელიგენწი მეზობლები ხომ დაიშოკებიან,არჩილი ბუნტურს მეძავების თავშეყრა აქვს სახლშიო.არჩილს სახე შეეცვალᲐ,_ მე არავის არ ვაკითხავ,სახლი ჩემია,ვისაც მინდა იმას მივიყვან. მაიკო იქვე ჩამოჯდა და მოკლე კაბა უფრო ზევით აცურდა, სადაცაა ბარძაყის დაბოლოება გამოუჩნდებოდა,მაგრამ გოგომ აინუნშიც არ ჩააგდო,ფეხი ფეხზე გადაიდო და არჩილის მიწოდებული სიგარეტი თვალებდახუჭულმა გააბოლა,_ მართა ხომ კარგადაა არჩილ?_ მოულოდნელად ჰკითხა მაიკომ, მართა მაგარი ჯიგარი გოგოა,_ გააგრძელა ისევ თვალებმიბნედილად,_ მაგრად მიყვარს,რაც მე მაგის გამო ნაბოზარი ნარგიზა გამიჩეჩია,ეგ ფულის ძუკნა,..მართა სუფთა გოგოა, ნარგიზა ცოცხლად უნდა დაგეწვა,თუმცა ეგეც კმარა რაც უქენი,გენაცვალე შენ. არჩილი კედელს მიყუდებოდა და სიგარეტს სიმწრით აბოლებდა,მაიკოს პასუხს არ სცემდა,ან რა უნდა ეთქვა, ნარგიზას ხსენება ყოველთვის ნერვებს უწიწკნიდა. __გამოიჭირა პატარა და უპატრონო გოგო და..მალადეც შენ ძმაო,უმაგრესი ადამიანი ხარ, ამათნაირი პიჟონი კი არ ხარ,შენ რომ არა,ეეჰ..ისე ჩვენში დარჩეს და მართას გული როგორ დაიპყარი,ძაან უყვარხარ,_ მაიკომ გაიცინა და გაფითრებულ არჩილს თვალი ჩაუკრა.არჩილმა სიგარეტი ურნაში ჩააგდო და მაიას გახედა,_ მეც მიყვარს მაია, ის ხომ ჩემი პატარა და არის. მაიკომ ალმაცერად ახედა არჩილის,_ რა? და არა კვახი? რომელი შენი დაა, გეუბნები უყვარხარ, ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს მართა,მაშინ ძალით ვათქმევინე,ისიც უარობდა ჯერ,ჩემო ძმა არისო,მაგრამ მერე გამოტყდა,შემეცოდა, არჩილს დასავით ვუყვარვარ და მრცხვენიაო,მაგრამ გულს ვერაფერი ვერ მოვუხერხეო. არჩილი მაიას გვერდით ჩამოუჯდა,აცახცახებული ხელი ხელზე დაადო და ხმადაბლა უთხრა,_ მაიკო, მართა საოცარი გოგოა,ორი წელია თითქმის ერთად ვცხოვრობთ და არაკაცი ვიყო თუ ვიტყუებოდე, მართლა ძმასავით მექცევა, დიდი ნებისყოფის გოგოა და არასოდეს გაუცია თავი. არჩილმა გოგოს ხელიდან ხელი აიღო და დანანედით თქვა,_ მე მალე ქორწილი მექნება, ათ დღეში, ჩემს ძალიან ახლობელს ვირთავ. მაია ფეხზე წამოხტა და გაცეცხლებულმა დაიყვირა, _ შენ გაგიჟდი? ვის ირთავ ბიჭო? გიყვარს მერე? _ხო მიყვარს,_ ძლივს უთხრა არჩილიმ. _ ტყუილი, იცი რატომ ირთავ სხვას? შენც გიყვარს მართა და ქორწინებით თავს იხსნი, გიყვარს,ვიცი გიყვარს,მე რას გამომაპარებ,სხვაზე დაქორწინები და ინანებ,ძაან ინანებ,შენც გაუბედურდები და ისიც,შენი ცოლი.და მართაზე არ ფიქრობ? ხო,თუმცა,ყოფილ მეძავს როგორ შეირთავს ცნობილი არქიტექტორი,გამომგონებელი, ყველა კაცი ერთი ხართ,უგულო ნაბიჭვრები. მაიკო ისე იყო გაცეცხლებული, სიტყვების კორიანტელი დააყენა,ისე გაასწორა მიწასთან ყველა კაცი არჩილიც ზედ მიაყოლა.ისე მილურსმულივით იჯდა არჩილი,ადგილიდან ვერ იძროდა, ხვდებოდა მართას სიყვარულს,მაგრამ დარწმუნებული არ იყო,ახლა უფრო ცუდ დღეში იყო,საბრალო გოგოს უყვარდა და ის კი სხვას ირთავდა. მაიკო მაინც ვერ დაწყნარდა, ებრალებოდა მეგობარი სატანჯველად და არჩილს ცეცხლის პარში ატარებდა,_ უგულოები,.. შენც გიყვარს და რაღაზე დუმდი, გეთქვა, გეღიარებია, ახლა რა ქნას მართამ,გული ამოაცალე საცოდავ გოგოს. არჩილი ფეხზე ადგა,მტკვარს გადაეყუდა და ნელი ხმით დაიწყო,_ მაია,მომისმინე,ნუ ყვირი, ახლა ჩემს მდგომარეობაშიც შედი,მართა როგორც და ისე მივიღე, ძმობა შევფიცე, მერე მეგი გამოჩნდა,რომელსაც დიდი ხანია ვუყვარვარ,ისე მოხდა,მეგიმ ხელახლა გაიხსენა ჩემს მიმართ სიყვარული და ძალიან დამიახლოვდა,მეც იმედი მივეცი, ახლა რა ვქნა? მეგიმაც იცის მართა დასავით რომ მყავს, ვერა,ვერ ვიზავ, დარჩეს როგორც არის,..მე მიყვარს მართა, მაგრამ,როგორც ქალს ვერ შევეხები,ვერ გავუბედავ,ჩემთვის მართა ძალიან სუფთა და წმინდა გოგოა,ძმობა შევფიცე და ახლა ლოგინში ჩავიწვინო? ვერა,ვერ ვიზავ,ეგ უფრო დიდი არაკაცობაა. მაიკო უსმენდა არჩილის,ისევ სიგარეტს მოუკიდა და გვერდზე გააბოლა,მაგრამ,მტკვრიდან მონაბერმა ქარმა,ბოლს მიმართულება შეუცვალა და ორივეს სახეზე აეფარათ,_ ოოო, ეგ ძალიან ცუდია ძმაო, არადა ორივე მაგარ ცუდ პონტში ხართ, დაძმობის ფიცის გატეხვას თავის გატეხვა სჯობია. არჩილი გვერდზე მიბრუნდა და მაიას შეუმჩნევლად ცრემლი ამოიწმინდა,__ ხო,ასეა მაია, წავედი ახლა მე,უკვე გვიანია,ხვალ ადრე უნდა ავდგე.არჩილმა საათს დახედა და პატარა ისარი ორს რომ აჩვენებდა,ქურთუკი შეიკრა და მაიკოს დაემშვიდობა. პირდაპირ სახეში აყრიდა გამხმარ ფოთლებს ქარი,ცოტა კიდეც გაჟინჟვლდა, მამაკაცი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა,მიდიოდა გაურკვეველი მიმართულებით,სახეზე საშინელი სტრესი ეწერა და ორივე ღაწვი ცრემლით და წვიმის ნაჟურით ჰქონდა დასველებული. სახლს გვერდი აუარა,მიდიოდა დაცარიელებულ ქუჩაზე და თავი ისე ჩაეღუნა,თითქოს ეძებდა რამეს,აქაიქ კანტიკუნტად მიმოდიოდა მსუბუქი ავტომანქანები,ისინიც ისე სწრაფად გაიქროლებნენ ცარიელ ტრასაზე,არც ავტოინსპექტორის შიში არ ჰქონდათ. მიდიოდა მამაკაცი თავჩაღუნული,წვიმამ უფრო მოუმატა,მაგრამ ვერ გრძნობდა, ნელნელა რომ სველდებოდა.ქუჩის ბოლოს, ღამის ბარიდან მსუბუქი მუსიკის ხმა ისმოდა, შედგა მამაკაცი,მერე მოუხვია ბარისკენ და სიგარეტის ბოლით და სასმელების სუნით გაჟღენთილ,ნახევრადბნელ დარბაზში თავჩაღუნული შევიდა. აქაიქ ბჟუტავდა ფერადი ნათურები,რომელიც საკმარისი არ იყო,სახე გაგერჩია იქ მყოფთათვის.მამაკაცს სახეში სითბოც ეცა ბოლთან ერთად,ქურთუკის ელვა ჩაიხსნა და ბარის მაღალ სკამზე ჩამოჯდა. ბარმენი ახალგაზრდა ბიჭი იყო,უამრავი ტატუთი და ცხვირსა და ტუჩზე პირსინგით,ნახევარი თავიც წმინდად აეპარსა და რაც ჰქონდა თმა დარჩენილი,მუქი ვარდისფრად შეეღება.არჩილს არც მიუქცევია ყურადღება ბარმენისთვის, ვისკი მოითხოვა ყინულებით და ნელ-ნელა წრუპავდა.არც გვერდზე არ იხედებოდა,მხოლოდ ვისკის ბოკალს ჩაჩერებოდა და ყურშიც ყრუდ ჩაესმოდა ჟღარუნა მუსიკა. ცოტა ხანი იჯდა,ვისკი დალია,ჯერ იფიქრა მეორე ბოკალის დალევა,მაგრამ მალე გადაიფიქრა,ბარმენს ანგარიში მოსთხოვა და ორად მოკეცილ კარდონში რომ ჩეკს დააკვირდა,ჯერ თვალებს არ დაუჯერა,მერე თავაპარსულ ბარმენს მიუბრუნდა,_ ეს რა არის? ერთი ბოკალი ვისკი აქ ორი ბოთლის ფასი ღირს? თუ მე მაგოიმებ ბიჭო? პირსინგიანი არ შეეპუა და დიახ აქ ასე ღირსო,თავხედურად უპასუხა. არჩილის ისედაც ბეწვზე ეკიდა მოთბინება,ვარდისფერთმიანი ბარმენი საყელოთი მოქაჩა და ზედ მუჭიც მიაყოლა,_ნაგლებო,ასე ატყავებთ ხო კლიენტებს, ცხვირიპირს დაგინაყავ შე თავხედო.ბარმენს ცხვირიდან სისხლი წასკდა,ხელსახოცი მიიფარა და დახლიდან გავარდა,ცოტა ხანში ორი დაკუნთული ტიპი თავზე დაადგა არჩილის,ერთმა ხელები გადაუგრიხა და ის იყო მეორეს სახეში უნდა ჩაეცხო,ხელი მაღლა გაუშეშდა,_ არჩილ? არჩილმა ვერ იცნო კუნთავიკი ტიპი, ის კი ისე მოიხარა, თვალს ვერ უსწორებდა,_ ბოდიში ძმაო,აუ ჩემი..არჩილი ბუნტურს ხელი გაუშვი ბიჭო,მეორეს მიუბრუნდა და არჩილის მკლავი ხელიდან წაგლიჯა. ნანა მღებრიშვილი.

"მეორე გაზაფხული". - 918524618403

Комментарии