ყალბი ლტოლვა

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!!!!!!!!_ არა, რა სისულელეა, დღიურში ამაზე არაფერი წერია! ან კი რა უჭირდა სამაგისო მამას, ფულის მეტი რა ჰქონდა! _ დაიცვა ნანამ მამამისი.ისე შემახურა, თითქოს სურდო შემეყარა, სუნთქვაც კი გამიხშირდა. რა საშინელება იყო ამის მოსმენა._ მაგრამ… მერე მაინც რატომ არ მომიკითხა?_ არ ვიცი, ანა. იქ მეტი არაფერი წერია._ არც ის, ვინ არის მამაჩემი?_ არა, იმ თავისი ჯგუფელის არც სახელია ნახსენები და არც გვარი._ მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გაგება._ და გინდა მერე ეს? რაში გჭირდება კიდევ ერთი ტკივილი? დაფიქრდი.დავფიქრდი… ჰო, რაში მჭირდება… ისიც რომ ისე მომექცეს, როგორც დედა მომექცა, მაშინ თავი უნდა მოვიკლა. აჯობებს, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც აქამდე იყო. საშინლად დავმძიმდი. ნანასთან გაჩერება აღარ შემეძლო._ მე წავედი, _ ვთქვი და წამოვდექი…8 8 8მეგონა, ნინოსთან ყოფნა დამამშვიდებდა, მაგრამ მოვტყუვდი. უარესად აფორიაქებული დავბრუნდი შინ. უაზროდ გაიწელა დრო საღამომდე. გამუდმებით ლადოზე ვფიქრობდი, ამიტომ ვერც ვერაფერი გავაკეთე. ვიწექი და მის ტკივილიან წარსულში «ვიქექებოდი».შეღამებული იყო, რომ უეცრად რაღაც ფხაჭუნის ხმა შემომესმა, თითქოს ვიღაც კარის სახელურს აწვალებდა. არ შემშინებია, მაგრამ მაინც უსიამოვნოდ გამკრა გულში. ასე ქურდულად ვინ უნდა მომდგომოდა სახლში?სათვალთვალოში გავიხედე. თქვენც არ მომიკვდეთ! სადარბაზოში ბნელოდა, ამიტომ ვერავინ დავინახე. მივაყურადე… ხმა არ განმეორებულა. ფრთხილად გადავატრიალე გასაღები და კარი ოდნავ გამოვაღე. მოულოდნელობისგან შევკივლე, რადგან სიბნელეში აშკარად დავლანდე ვიღაცის სილუეტი. ალბათ გულიც წამივიდოდა, იმ ვიღაცას რომ არ დავეჭირე._ მე ვარ, ნუ გეშინია!ლადო აღმოჩნდა._ როგორ შემაშინე!_ ნამდვილად არ მინდოდა შენი შეშინება._ აქ საიდან გაჩნდი? _ ჩურჩულით ვკითხე და ფერმიხდილმა უკან დავიხიე, რომ ოთახში შემოსულიყო._ შენს სანახავად მოვედი, _ მომიგო, დივანზე დაჯდა და მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა.ვიგრძენი, როგორ გამიშრა პირი. თვალი ავარიდე. მინდოდა, მეკითხა, რისთვის მოხვედი-მეთქი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე._ ანა, მაპატიე… მართლა არ ვიცოდი, ის ბიჭი შენი ძმა თუ იყო, _ ძალიან ხმადაბლა მითხრა.პასუხი არ გავეცი, განმგმირავად შევხედე მხოლოდ._ ვიცი, ცუდად მოგექეცი. არ უნდა შემპარვოდა შენში ეჭვი, მაგრამ… იმ დღეს იმდენი რამე მოხდა… თან ჩემ თვალწინ ისე ეხუტებოდი მას, რომ… კონტროლი დავკარგე.ერთ ადგილას ვიდექი… ძლივს მესმოდა მისი სიტყვები. მხოლოდ მის სახეს შევცქეროდი და ხარბად ვათვალიერებდი ჩემთვის ესოდენ საყვარელ სახეს. მერე ავტირდი… ჩუმად, უხმოდ…_ შენ რა, ტირი? _ ცალი წარბი აზიდა._ არა, ეს, უბრალოდ, ნერვების ბრალია…_ ძალიან გამხდარხარ…_ ჰო. ცოტა ვაიავადმყოფე და…_ მე არ ვიყავი თბილისში._ ვიცი, როზამ მითხრა._ დნმ-ის ანალიზი ჩავიტარე._ დნმ-ის? რისთვის? _ კოპები შევიკარი გაოცებულმა._ მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ვასიკო ჩემი შვილია.საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი. ამაცახცახა._ და… და… მერე? _ ძლივს ამოვილუღლუღე._ აღმოჩნდა, რომ მართლა ჩემი შვილია. ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ასეა, _ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა._ სულაც არ არის დაუჯერებელი, _ სიხარულისგან ხმა ამიკანკალდა, _ მე ყველაფერი ვიცი, როზამ მიამბო._ არ ვიცი, როზამ რა გიამბო, მაგრამ მაშინ ისთი დღეები გადავიტანე… ექიმები მარწმუნებდნენ, ბავშვი 9-თვიანიაო. ჩემი ცოლი კი დაჟინებით ერთსა და იმავეს იმეორებდა, 7-თვიანი დაიბადაო. არ ვიცოდი, ვისთვის დამეჯერებინა. მედიცინა ხანდახან ცდება ხოლმე. იმას კი რაში უნდა დასჭირვებოდა ჩემი მოტყუება, ამას ვერ ვხვდებოდი. ამაზე ხშირად ვფიქრობდი, მაგრამ სულ ვყოყმანობდი. ვერაფრით გადავწყვიტე, ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია, სინამდვილეში ვინ იყო მართალი. და აი, როგორც იქნა, გადავწყვიტე. არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ეს ისტორია, შენ რომ გამოჩენილიყავი._ არა მგონია, ეს ჩემი დამსახურება იყოს, _ ჩავილუღლუღე._ არის და მერე როგორ, რომ იცოდე! შენ იმდენჯერ მითხარი, ერთმანეთს გავხართო, სანამ ეჭვი არ შემეპარა. ვფიქრობდი, ერთი პროცენტი მაინც ხომ არსებობს შანსი, რომ ჩემი შვილი იყოს-მეთქი? თან ეჭვის საბაბიც ხომ მქონდა და ამიტომ, საბოლოოდ რომ დავმშვიდებულიყავი, აღარ დავაყოვნე და წავედი…_ და რომ არ აღმოჩენილიყო შენი შვილი, მაშინ? რას აპირებდი მაშინ? _ ალმაცერად გავხედე._ იცი რა? ადრე თვალის დასანახავად არ მინდოდა ვასიკო. როგორ გითხრა… თან მეცოდებოდა, თან მძულდა… ცოლი ისე მიყვარდა, ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებდი მის შვილს, ვისგანაც უნდა ჰყოლოდა, ოღონდ იმისგან არა. ის მე ძმად მივიღე, ხელი გავუმართე, ვენდე… მან კი ყველაფერს ხაზი გადაუსვა. სიკეთის ყველა მცდელობა წყალში ჩამიყარა._ მესმის… არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, _ შევეცადე, გამეადვილებინა მისთვის ტკივილიანი დღეების გახსენება._ რაც შეეხება იმას, როგორ მოვიქცეოდი სხვა შემთხვევაში, მგონი, უკვე ნათელია. ვასიკო იმდენად კარგი თვისებების ბავშვია და ისე დავუახლოვდი, ვერანაირად ვერ ვუღალატებდი. შვილად აყვანას ვუპირებდი ისედაც.ამის გაგონებაზე შემაჟრჟოლა. წამით კვლავ თავბრუსხვევა ვიგრძენი და რომ არ წავქცეულიყავი, სავარძელში ჩავესვენე._ რატომ მოგექცა ასე, რატომ მოგატყუა შენმა ცოლმა?_ როგორც ჩანს, იმდენად შემიძულა, რომ უნდოდა, შვილის წართმევით შური ეძია ჩემზე… მაგრამ იმაზე არ უფიქრია, მე რომ არ წამომეყვანა, რა ბედი ეწეოდა ბავშვს… არც მე მოვექეცი მთლდა ადამიანურად, მაგრამ… ვიცი, დამნაშავე ვარ. ბევრი რამ ჩემი ბრალია… ანა ბოლო პერიოდში ძალიან გაბოროტდა. გადამიყვანა ჭკუიდან. სწორედ ამან განაპირობა ჩემი შურისძიებაც. უდანაშაულო ბავშვი შევიძულე მის მაგივრად._ წარმომიდგენია, რა გადაიტანე… _ ავჩურჩულდი, _ მაშინაც… ახლაც… ეს საშინელებაა… კარგია, რომ ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა… შენ ის იპოვე… მან კი შენ… _ ვეუბნებოდი და არ ვიცოდი, ვის უფრო ვანუგეშებდი _ ლადოს თუ ჩემს თავს._ ვასიკოს უკვე ველაპარაკე. შეძლებისდაგვარად ავუხსენი ყველაფერი. საოცარი ბავშვია… მგონი, გაუხარდა… ალბათ მალე მამასაც დამიძახებს… იმედია… ხვალიდან უკვე იმაზე ვიზრუნებ, შვილად ოფიციალურად ვაღიარო. და კიდევ ერთი… _ თქვა და ხელი ჯიბისკენ წაიღო.გაფაციცებით ვადევნებდი თვალს მისი ხელის მოძრაობას.პატარა, ლამაზი კოლოფი ამოიღო._ ეს შენ, ჩემგან, _ თქვა და წითელი კოლოფი მუხლზე დამიდო._ ეს რა არის? _ ჩემდა უნებურად, მოვიკუნტე, თითქოს რაღაც საშინელება ჩამედო კალთაში._ გახსენი!_ არა!_ გახსენი, გახსენი, _ ზედმეტად ალერსიანად მითხრა.ისეთი რბილი ხმით იყო ეს სიტყვა ნათქვამი, ძალაუნებურად ავხსენი თავსახური…კოლოფში ბრილიანტისთვლიანი ულამაზესი ბეჭედი იდო. თვალები დავხუჭე, თქმით კი არაფერი მითქვამს. პაუზა გაიწელა._ ზუსტად იმ დღეს მინდოდა შენთვის ცოლობა მეთხოვა, შენს ძმასთან ერთად რომ დაგინახე ქუჩაში. საიდან უნდა მცოდნოდა… ისე უყურებდი მას, სისხლმა თავში ამასხა! არადა… სულ სხვა გეგმები მქონდა. ფაქტობრივად, ჩემთვის ეს ძველი ისტორიის გამეორება იყო, გესმის? კიდევ ერთხელ ღალატი… კიდევ ერთი საოცნებო ქალისგან. ამის გადატანას ვეღარ შევძლებდი… და ყველაფერი გავაფუჭე… შეგიძლია მაპატიო?არ გავნძრეულვარ, მხოლოდ თვალები გავახილე და გავხედე._ მინდა ჩემი ცოლი გერქვას და არ მითხრა უარი, გთხოვ.თავი გავაქნიე._ ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელია, რატომ მთხოვ ასეთ რამეს? რატომ მაწამებ?_ შეუძლებელი რატომაა? _ წინ გადმოიხარა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო._ იმიტომ, რომ მე შენი წრის ქალი არ ვარ. ჩვეულებრივი ძიძა ვარ მხოლოდ. შენ სხვა ქალი გჭირდება…_ რა სისულელეა. არც მე მაქვს ისეთი იდეალური თვისებები, შენ რომ მოგეწონება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვერ გავუგებთ. ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს._ ეს სხვა რამეა…_ სამაგიეროდ, არის ერთი მიზეზი, რაც ორივეს გვაერთიანებს და რასაც ვერ უარვყოფთ.«ვასიკო», _ გამიელვა გონებაში._ სიყვარული! _ ჩემდა გასაკვირად, სულ სხვა მიზეზი დაასახელა.გაოგნებულმა თავი ავწიე და გამომცდელი მზერა ვესროლე._ ვიცი, რომ გიყვარვარ… ამას ვგრძნობ… ვხედავ… ყველგან… ყველაფერში… მეც მიყვარხარ…_ არა! _ აღმომხდა ჩემდა უნებურად._ კი… და უნდა დამიჯერო. ალბათ გამიჭირდება ამის დამტკიცება, მაგრამ უნდა მენდო. ჩემს სიტყვებს უნდა ენდო, ჩემს მზერას, ჩემს ტკივილს… გარდა ამისა, ჩვენ ვასიკო გვაერთიანებს. მას ორივე ვჭირდებით ერთად და არა ცალ-ცალკე. ხომ გესმის?ამჯერად აღარაფერი მითქვამს, გაჩუმება ვამჯობინე._ მითხარი, რომ გიყვარვარ… _ მუდარა გაისმა მის ხმაში.თავი ჩავღუნე. ერთხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა. არადა, ენის წვერზე მადგა ეს ძნელად სათქმელი სიტყვა… ჩემთვის ძნელად სათქმელი… თუმცა, ერთი «მიყვარხარ» ძალიან მწირი იყო იმის გამოსახატავად, რასაც მის მიმართ განვიცდიდი. ამას მთელი რომანისთვის საჭირო სიტყვები არ ეყოფოდა!_ მითხარი…
_ ჰო… _ ჩემთვის ჩავილაპარაკე._ რა ჰო?გულსაკლავად ამოვიოხრე, თმაზე ხელი გადავისვი, წარბები საცოდავად შევყარე და ამოვილუღლუღე, _ მიყვარხარ.მოულოდნელად ზეზე წამოიჭრა, ჩემ წინ მუხლებზე დაემხო და ხელები დამიკოცნა._ როგორ ველოდი ამას, არ იცი! როგორ ველოდი!.. თან ვიმედოვნებდი, რომ მეტყოდი, თან მეშინოდა, იცი?_ გეშინოდა? რისი?_ მეგონა, შენში უკვე ჩავკალი ჩემი სიყვარული. ისე უსინდისოდ მოგექეცი, წესით, კი არ უნდა გიყვარდე, უნდა გძულდე, გეზიზღებოდე!_ შეიძლება ასეც ყოფილიყო, შენი ამბები რომ არ გამეგო, _ თავი დავიფასე._ არ გინდა… ნურაფერს იტყვი, ახლა არაფრის თქმა აღარ არის საჭირო… _ სუნთქვაგახშირებულმა მითხრა, წამოიწია და ისე მაგრად ჩამიხუტა, სული შემიგუბდა._ ღმერთო, რამდენი ხანი ველოდი ამას, _ ჩურჩულით აღმოხდა._ სულ რამდენიმე დღე, _ მეც ჩურჩულით ვუპასუხე._ თვე, _ შემისწორა._ რა-ა? _ უეცრად ხელი ვკარი, მოვიცილე და შევხედე.ლადო წამოდგა, ერთმანეთში ჩახლართული თითები კეფაზე შემოიწყო, ოთახში გაიარ-გამოიარა, მერე შედგა, ჩემკენ შემობრუნდა და დახშული ხმით დაიწყო._ არ ვიცი, როდის შემიყვარდი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, მგონია, რომ დანახვისთანავე. რა თქმა უნდა, მაშინ მეგონა, რომ ჩემი გრძნობები ძალიან ზედაპირული იყო… მეგონა, რომ მხოლოდ შენთან დაწოლის სურვილი მამოძრავებდა. შენი სამუშაოდ მოწვევა საუკეთესო საშუალება იყო, ჩემი განზრახვა სისრულეში მომეყვანა. ამიტომ შეგხვდი და დაგითანხმე. ეს ძალიან ადვილი მოსაგვარებელი საქმე გამოდგა, მაგრამ მერე და მერე ყველაფერი გართულდა. ისიც კი არ ვიცოდი, როგორ მოგპყრობოდი. რბილი ვყოფილიყავი შენთან ურთიერთობაში, თუ მკაცრი. რამდენი მახე დაგიგე და ყოველთვის ისე მოხერხებულად დამიძვერი, ვერაფერი გავაწყვე. გახსოვს, პირველად რომ გაკოცე? აი, მაშინ კი მივხვდი, რომ დამერხა. მას შემდეგ თავი დავკარგე. მას შემდეგ ნორმალურად არ მძინებია… სულ ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი… თან მინდოდა, მეთქვა შენთვის, რომ ძალიან მომწონდი, თან მეშინოდა, ვაითუ, დროებითი გატაცება აღმოჩნდეს ეს ყველაფერი და გამიაროს-მეთქი. არ მინდოდა, გული გტკენოდა. საერთოდ, ხშირად დამმართია მსგავსი რამ ქალთან სიახლოვისას. შემდეგ შენ ისეთი რამ გააკეთე, მთლად დავიბენი. არასდროს დამავიწყდება ის დღე, რომ მითხარი, შენს წინადადებაზე თანახმა ვარო… ავირიე… არ ვიცი, შენ რას განიცდიდი, მაგრამ ისეთი სახე გქონდა, მეგონა, სასიკვდილოდ იყავი განწირული. ადამიანს არ ჰგავდი. გული მერევა, ის კონტრაქტი რომ მახსენდება! ჩემი თავი მძულს, მაგრამ იმდენად დიდი იყო ცდუნება, ვეღარ გავუძელი. სხვანაირად ვერაფრით მოვახერხე, ახლოს მოვსულიყავი შენთან. ეს ერთადერთი შანსი იყო, რომელიც დაგვაახლოვებდა. მერე შენ მითხარი, ორმხრივ ერთგულებას მოვითხოვო და… ისეთი აბსურდული სიტუაცია შეიქნა, ლამის გადავიხარხარე, ძლივს შევიკავე თავი, რადგან არ არსებობდა ამქვეყნად ქალი, რომელსაც შენზე გავცვლიდი. ვერავისზე ვფიქრობდი, შენ გარდა. შენ კი ამ დროს პირობებს მიყენებდი! ძალიან საყვარელი კი იყავი, ისე, _ ლადომ სევდიანად გაიღიმა, _ კარგა ხანს ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ შენთან მხოლოდ სექსი მინდოდა და დროთა განმავლობაში, როცა შენთან ფიზიკური სიახლოვე მომბეზრდებოდა, ყველაფერი გამივლიდა… შევცდი. პირველსავე ღამეს დავრწმუნდი, რომ შენ გარეშე ერთი დღე არ შემეძლო გაძლება. და ვერასდროს ვერსად გაგიშვებდი! არადა, ისე იქცეოდი, რომ ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარებოდა, გიყვარდი თუ არა სინამდვილეში… რაღაც მომენტში ჩემთან იყავი, ჩემი იყავი… მეორე წამს კი გამირბოდი, მე აღარ მეკუთვნოდი. იცი, როგორი მესაკუთრე ვარ? ვერ წარმოიდგენ! და ნელ-ნელა გავები… რაც უფრო გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მით უფრო ღრმად ვებმებოდი მახეში… რას ვიფიქრებდი, ოდესმე თუ კიდევ შევძლებდი ვინმეს შეყვარებას! ერთ მშვენიერ დღესაც მივხვდი, რომ შენ ხარ ის ერთადერთი ქალი, რომელიც მე მჭირდება. როგორც კი მივხვდი, იმ დღესვე გავვარდი ამ ბეჭდის საყიდლად. გონებაში ვიმეორებდი ფრაზებს, რა მეთქვა შენთვის, როგორ მეთქვა… ამ დროს შემთხვევით დაგინახე შენს ძმასთან ერთად და… მაშინ მეორედ მოვკვდი… მთელი ცხოვრება ასე ვიყავი… ვეცემოდი და ვდგებოდი, ვკვდებოდი და ვცოცხლდებოდი… არა და არ დამთავრდა ეს პროცესი! არა და არ მოეღო ჩემს ტკივილს ბოლო _ არც ასე, არც ისე… იმ დღეს ისე შემეშინდა, ისე შემეშინდა, რომ…_ რისი? _ ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოვიღე ხმა._ საკუთარი თავის. მივხვდი, რომ კვლავ დავეცი და ისე დავეცი, რომ ვეღარ ავდგებოდი. მოვკვდებოდი და ვეღარ გავცოცხლდებოდი… ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა, როცა გაგაგდე. ის, რაც მაშინ ჩავიდინე, ჩემს ძალებს აღემატებოდა, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო… იმ მომენტში სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი… მაპატიე… ვიცი, რომ ბევრი ტკივილი მოგაყენე… თანაც, დაუმსახურებლად, მაგრამ იმდენად ძლიერია ჩემი სიყვარული, რომ მას ყველაფრის გადაფარვა შეუძლია._ აღარ მითხრა ეგეთი რამეები, უკვე ყველაფერმა ჩაიარა, ლადო. ახლა ყველაფერი კარგადაა. მე… მეც მიყვარხარ… თანაც, ძალიან…. _ ალბათ ცხოვრებაში პირველად, ყველაზე თბილად წარმოვთქვი ეს სიტყვები._ მიხარია ამის მოსმენა… _ კვლავ გამიღიმა, კვლავ სევდიანად, _ მაგრამ როზამ მითხრა, ფულს მატანდა შენთანო… ამის გაგონებაზე კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, რაც უნდა გეთქვა, რაც უნდა შემოგეთვალა, მაგრამ ფული? გამაგიჟა იმ ფულის ამბავმა… რატომ, რატომ გადაწყვიტე, რომ ის ფული დაგებრუნებინა ჩემთვის?ღიმილი ვერ შევიკავე. მივუახლოვდი, მკლავები მხარზე დავადე, ალერსიანად ჩავხედე თვალებში და ვთქვი._ იმიტომ, რომ მიყვარხარ. სწორედ ის ფული შეურაცხყოფდა ჩემს გრძნობებს. არ მინდოდა, გეფიქრა, რომ ფულზე გავიყიდე. ფული საერთოდ არ მაინტერესებს._ ვიცი. ახლა მჯერა, რომ მართლა შენი და-ძმისთვის გჭირდებოდა ის თანხა. მაშინ ვერ დავუშვი ეს. მეგონა…_ არა აქვს მნიშვნელობა, რა გეგონა. გვეყოფა ცუდის გახსენება, ეს მხოლოდ ტკივილს გვაყენებს. მე შენ იქამდე შემიყვარდი, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მაგრამ ვიცოდი, ამის უფლება არ მქონდა და გამუდმებით ვაკონტროლებდი ჩემს თავს, რომ შენ არაფერი შეგემჩნია. მერე კი… მერე ყველაფერი აირია. როცა ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდა, ვიგრძენი, რომ უძლური ვიყავი ჩემი გრძნობების წინაშე. შენ რა გგონია, ჩემთვის ადვილი იყო, როცა გამომაგდე? მას მერე ადამიანად აღარ ვვარგივარ._ ქალად? _ ეშმაკურად დამხედა და ცალი თვალი მოჭუტა._ ეგ აღარ ვიცი, _ გავეკეკლუცე და თავი მკერდზე მივადე.ძლიერად მომხვია მკლავები, მჭიდროდ მიმიხუტა გულზე და დაიკვნესა._ შენ გარეშე ვერ გავძლებ, ანა! დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. ვიცი, რომ არც შენ გქონდა დალხენილი ცხოვრება. შეიძლება ყველაფერი არა, მაგრამ რაღაც-რაღაცები ვიცი. ისიც ვიცი, რომ მე ერთადერთი მამაკაცი არ ვარ შენს ცხოვრებაში. არც მაინტერესებს. მერე რა? არც შენ ხარ ერთადერთი ქალი ჩემთვის! გარდა ამისა, მე საშინელი ხასიათი მაქვს. უხეში ვარ, უჟმური… შენ უნდა დამეხმარო. ჩემი შინაგანი ბუნება კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, ხომ იცი? _ გაიცინა.მიკვირდა მისგან ხუმრობის მოსმენა. ეს ისეთი უჩვეულო რამ იყო…_ მაგრამ შენ მშვენივრად მოახერხებ ამას, ვიცი._ მერედა, როგორ! მე ხომ ამის სპეციალისტი ვარ, _ ზედ ყურთან ვუჩურჩულე დარცხვენილმა, _ მაგრამ ვასიკო? ის როგორ შეხვდება ამ ამბავს?_ მან უკვე იცის. და არამარტო მან… იცის როზამაც, ლევანმაც… დიდი გულშემატკივრობით გამომაცილეს, როცა მოვდიოდი._ აბა, ერთი უყურე! _ ყასიდად გავბრაზდი, _ მთელი შეთქმულება მოგიმზადებიათ ჩემ წინააღმდეგ!_ რატომ გიკვირს? შენ ხომ შეთქმულებების სპეციალისტიც ხარ. აბა, გაიხსენე, მე რამდენჯერ მომიწყვე ეგეთი შეთქმულება?!გაღიმებულმა თავი დავუქნიე._ ჰოდა, მაშინ უნდა გეფიქრა იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავადაც აღმოჩნდებოდი სხვისი შეთქმულების მსხვერპლი. ხედავ? მოვიდა დრო და შენც გაები ხაფანგში._ ერთობ სასიამოვნო ხაფანგია, რომ იცოდე! _ გადავიკისკისე._ და ამ ხაფანგიდან ვერასდროს დააღწევ თავს, ამის იმედი არ გქონდეს._ არც მინ-და! _ დამარცვლით ჩავიჩურჩულე.მან თავი ამიწია და თვალებში ჩამხედა…მერე კი… მერე სიტყვები ზედმეტი გახდა…8 8 8ქორწილი არ გადაგვიხდია. მოკრძალებული სუფრა გავშალეთ მხოლოდ. თუმცა, საქორწინო კაბა მაინც მეცვა. ეს ლადოს ახირება იყო. არ შეიძლება, ქალს თავისი ჯვრისწერის დღე თეთრი კაბის გარეშე დაამახსოვრდესო.ის დღე ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში… ჩემთვის ძვირფასი ყველა ადამიანი გვერდით მყავდა.ვასიკო, რომელიც დედას ვერ მეძახდა, მაგრამ დედასავით ვუყვარდი.ნანა, რომელსაც ჩემზე ნაკლებად არ უხაროდა ჩემი ბედნიერება.ნუკრი, რომელიც კმაყოფილი ღიმილით მიმოდიოდა დარბაზის ერთი ბოლოდან მეორეში და ლამაზ ქალებს ზვერავდა.ლევანი, რომელიც თვალს მიკრავდა შორიდან და აწეული ცერა თითით მანიშნებდა, არაჩვეულებრივად გამოიყურებიო.როზა, რომელიც სიხარულის ცრემლების დამალვას არ ცდილობდა და გულაჩუყებული მზერით მლოცავდა…ლადოს მეგობრები, რომლებიც ჩუმი ღიმილით მაფასებდნენ, ვიყავი თუ არა მათი წრისთვის მისაღები რძალი…და ყველაზე მთავარი… ლადო, რომელსაც მთელი საღამოს განმავლობაში მკერდზე ვყავდი მიხუტებული. მეც, ბედნიერებისგან გათანგული, ისე ვეყრდნობოდი მას, როგორც სალ კლდეს, რომელიც იცი, რომ არასდროს ჩამოიფშვნება…

ყალბი ლტოლვა  - 857731041699

Комментарии