სევდის სურნელი...

/ნაწილი მერვე/
«თბილისში ორშაბათი ასე არასდროს იწყება», _ გავიფიქრე და სამზარეულოს ნიჟარას დაყრდნობილმა, ფანჯარაში მეოცნებე მზერით გავიხედე. ახლა რომ რედაქციაში ვიყო, როგორც ყოველთვის, გადარბენები იქნება, წარამარა ტელეფონის ზარები, მასალების, რესპონდენტების მოძიება, კომპიუტერში შეძრომა და სტატიების «გამოცხობა». აქ კი ისეთი სიწყნარეა… უჩვეულო, ლამის გაუსაძლისი… მზის სხივები აუზში წყალს დასცემია და ცისფრად ალიცლიცებს, შორს კი, ჰორიზონტზე, ოქროსფერი მთების კონტურები მოჩანს…
ეზოში ანდრო ფუსფუსებდა, ყვავილების გარშემო მიწას ბარავდა. დამინახა თუ არა, მოსალმების ნიშნად ხელი ამიწია.
საბავშვო სკამზე შემოსკუპებული ნუკი თავისთვის მხიარულად ჭყლოპინებდა და პლასტმასის ცარიელ ბოთლს მთელი ძალით ურტყამდა მაგიდას.
_ აბა, აბა, რას შვრები, პატარავ, როგორ შეიძლება! _ მივეალერსე ბავშვს და ბოთლი გამოვართვი, თან თვალი შევავლე კედელზე ჩამოკიდებულ ტელეფონს.
ამ დროს კარი გაიღო და კახი შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას წუხელ ცოტა ეძინა, საოცრად მხნედ გამოიყურებოდა.
_ დილა მშვიდობისა, _ მამაკაცმა ალერსიანად გადაუსვა ბავშვს თავზე ხელი და მაგიდას მიუჯდა, _ როგორი მიდის საქმეები?
_ ნორმალურად, სიცხე უკვე აღარ აქვს, _ ჩაიდანი მავთულის ოთხფეხზე შემოვდგი და გავიღიმე, _ უკვე ისაუზმა და გამხიარულდა კიდეც.
_ ეს კარგია, _ თქვა კახიმ და დაკვირვებით შემომხედა. რა ცუდია, დღესაც იგივე კაბა რომ მაცვია, უკეთესი იქნებოდა, სხვა ფორმაში ვენახე, _ თქვენ? გეძინათ მაინც? ალბათ ძალიან დაიღალეთ, არა? _ მითხრა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა.
_ სხვათა შორის, კარგად მეძინა, მშვენივრად დავისვენე. საუზმე მოგიმზადოთ? _ შევთავაზე და ირგვლივ მიმოვიხედე, _ სადღაც აქ დავდე პროდუქტების სია, რომელიც წუხელ მომეცით…
_ არ შეწუხდეთ, ქეთი, ყავაც საკმარისი იქნება. იქნებ თქვენც ჩამოჯდეთ და ერთად დაგველია? _ თქვა და სკამზე მიმითითა.
ორი ფინჯანი ყავა გავამზადე დ მეც მაგიდას მივუჯექი.
_ ანდრომ უკვე დალია?
_ როგორც ჩანს, დალია, რადგან წყალი ადუღებული დამხვდა.
რა სასიამოვნოა, როცა ასე ზიხარ, ბავშვთან და კახისთან ერთად, თითქოს ერთი ოჯახი ვიყოთ… ღმერთო ჩემო, რაზე ვფიქრობ! ამისთვის ვარ აქ? ჩემი მოვალეობა ანდრონიკაშვილის ჯაშუშობაა და არა მის ცოლობაზე ოცნება!
_ ძალიან მომეწონა ქალბატონი ლალი… დიდი ხანია, მას იცნობთ? _ პროფესიული შეკითხვა დავსვი.
_ ძალიან დიდი ხანია. ის ჩემი პიარ-მენეჯერია, სარეკლამო აგენტიც. თბილისშიც ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობთ, აქაც აქვს ბინა, ასე რომ, ისედაც ხშირად გვიწევს ერთმანეთის ნახვა. როცა გერმანიაში ვარ, ტელეფონით ან ინტერნეტით მეკონტაქტება.
მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. კახი ადგა და კედელზე დაკიდებულ აპარატს მიუახლოვდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მდუმარედ ისმენდა ახალ ინფორმაციას, მერე კი გახარებულმა წამოიძახა.
_ შესანიშნავია! როგორ გამახარეთ, ვერც წარმოიდგენთ! დიდი მადლობა, ნახვამდის! _ ამ სიტყვებით ყურმილი დაკიდა და შემობრუნდა, _ ჯული გონზე მოვიდა.
_ მადლობა ღმერთს! _ გულწრფელად ვთქვი და ბავშვისკენ დავიხარე, _ გაიგონე, პატარავ? დედიკო უკეთაა და მალე დაგიბრუნდება.
ნუკიმ გაურკვეველი ხმები გამოსცა, თითქოს მიხვდა, რაც უთხრეს.
არადა, მართლა გამიხარდა. ძალიან მეცოდებოდა უდედოდ დარჩენილი პატარა.
_ როგორ ფიქრობთ, ქალბატონ ჯულის მალე გამოწერენ? _ დავინტერესდი.
_ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, თუმცა ექიმები იმედს არ კარგავენ.
_ მესმის თქვენი…
_ ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ.
უეცრად რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. მართლა მიხაროდა მარგველაშვილის გამოჯანმრთელების ამბავი, მაგრამ, ამავდროულად, როცა კახი მასზე ასეთი სიყვარულით ლაპარაკობდა, მშურდა მისი.
კახიმ მაჯის საათზე დაიხედა და წამოდგა.
_ ახლა რამდენიმე ადგილზე დავრეკავ და მერე ქალაქში გავიდეთ შენი ნივთების წამოსაღებად, კარგია?
ამის გაგონებაზე გამაჟრიალა. მასთან ერთად როგორ შევძლებ ამის გაკეთებას?
მამაკაცი ბავშვს მიუახლოვდა და ხელში აიყვანა.
_ წამოდი ჩემთან, პატარავ, მე და შენ ერთად დავრეკოთ საქმეებზე, _ ამ სიტყვებით ნუკის ლოყაზე აკოცა და სამზარეულოდან გაიყვანა.
ჭურჭელი ავალაგე, დავრეცხე და ნუკისთვის ფაფა მოვამზადე, რომ ყოველი შემთხვევისთვის, თან წამეღო. ხომ შეიძლებოდა, გზაში მოშიებოდა.
სამზარეულოდან გამოსულს ბავშვის სიცილის ხმა შემომესმა. ჩუმად შევიჭყიტე კაბინეტის გამოღებულ კარში. კახის ნუკი ფეხზე შემოესვა და აქანავებდა, თან ლექსს ამბობდა, «აჩუ-აჩუ, ცხენო, საით გაგაჭენო…» გოგონას აშკარად მოსწონდა თამაში და გაუჩერებლად იცინოდა.
მამაკაცმა შემამჩნია. გავწითლდი. მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა.
888
_ მშვენივრად მხიარულობთ, _ შეცბუნებულმა ვთქვი, როცა კახიმ შემამჩნია.
_ მგონი, გამოგვდის, _ ალერსიანად შემომღიმა, _ შემოდით.
ნეტავ ასე არ იღიმოდეს, ეგრევე ვდნები, როცა მიღიმის. არ ვიცი, რა მემართება. მამაკაცი წამოდგა და შევამჩნიე, რომ სავარძელზე, მის გვერდით, რაღაც წიგნი იდო. მექანიკურად დავწვდი და სათაური წავიკითხე: «ბავშვის მოვლა».
_ ამას კითხულობთ? _ გაოცებულმა ვკითხე.
_ კი არ ვკითხულობ, ვსწავლობ. თქვენ ალბათ ყველაფერი იცით ბავშვების შესახებ, მე კი ჯერ დილეტანტი ვარ, _ მიპასუხა და შემომცინა.
გადავფურცლე და შევამჩნიე, რომ სანიშნი სწორედ იმ გვერდზე იყო ჩადებული, რომელიც ჩვილის პირველი კბილის ამოსვლის პრობლემებს ეხებოდა.
_ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო… თითქმის სიურპრიზი.
_ რატომ?
_ როგორ გითხრათ… არ მეგონა, თქვენნირ დაკავებულ ადამიანს იმის დრო თუ ჰქონდა, ბავშვების მოვლაზე ლიტერატურა ეკითხა.
_ ხდება ხოლმე… _ ეშმაკურად გაიღიმა მამაკაცმა და ბავშვი მომაჩეჩა, _ დროა, გავიდეთ ქალაქში, ორივე გაემზადეთ…
ერთი საათის შემდეგ ბავშვიანად უკვე კახის მრგვალფარებიან «მერსედესში» ვიჯექი და გზადაგზა ზღვის პეიზაჟით ვტკბებოდი.
_ რა ლამაზია ზღვა, _ ჩემთვის ჩავილაპარაკე.
კახიმ შემომხედა და სიჩქარეს მოუმატა.
_ ჩემი აზრით, საქართველოზე ლამაზი მხარე მსოფლიოში არ არსებობს. ყველაფერი გვაქვს _ ზღვა, მთა, ტყეები, ნაკრძალები, წყაროები… და ამ ყველაფერს კიდევ პატრონი არ ჰყავს. იცით, როგორი საკურორტო ზონის გაკეთება შეიძლება აქ? ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ რად გინდა, ამაზე არავინ ფიქრობს. ზღვა მეც მიყვარს, იმიტომაც შევიძინე ქობულეთში აგარაკი, ზაფხულობით ყოველთვის აქ ჩამოვდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუა ზღვის წყალი გაცილებით უკეთესია.
_ უფრო სუფთა?
_ უფრო სუფთაც და უფრო მსუბუქიც. ფერიც კი საოცარი აქვს _ ლურჯი, ლურჯი… ქობულეთს რომ გაცდები, ერთი არაჩვეულებრივი ადგილია, წყალწმინდა ჰქვია. სანაპირო მთლიანად ქვიშისაა და ირგვლივ სულ ფიჭვნარია. გაივლი, გამოივლი და გრძნობ, როგორ გახვევს თავბრუს ფიჭვის სურნელი. ყოფილხართ?
_ არა. სამწუხაროდ, ჩემი სამსახურის გადამკიდე, დრო არ მრჩება ასეთი რამეებისთვის.
_ აბა, ასე გარუჯვა როგორ მოახერხეთ? _ ირიბად გამომხედა.
ელეთმელეთი დამემართა, მაგრამ არ დავიბენი.
_ ვისთანაც ვმუშაობდი, მისი ბავშვი გამყავდა ხოლმე დილა-საღამოს სანაპიროზე.
_ გასაგებია… ვისთან მუშაობდით? შეიძლებ ვიცნობ კიდეც.
_ არა! არა! _ ლამის შევყვირე შეშინებულმა, _ არა მგონია.
ღმერთო, რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი? თავიდანვე მეთქვა, თბილისიდან ჩამოვედი-მეთქი.
_ რატომ არ გგონიათ? მართალია, სულ აქ არ ვცხოვრობ, მაგრამ ბევრს ვიცნობ.
_ ისინი ქართველები არ არიან, _ ჩემდა უნებურად წამოვროშე.
_ მართლა? ახლა არ მითხრა, სომხის ბავშვს ვუვლიდიო.
ციებიანივით შემაკანკალა.
_ ნახევრად გერმანული ოჯახია, ერთი წელია, აქ ცხოვრობენ, _ ტყუილს ტყუილზე ვაცხობდი და თავადვე ვიჯერებდი მას, _ სახლის პატრონს ცოლი ჰყავს გერმანელი.
_ რა გვარიაო, რა მითხარი? _ ჩამაცივდა.
_ კაცი ქათამაძეა, ქალი კი… ვებერი.
_ და რამდენ ხანს იმუშავეთ მათთან?
_ დაახლოებით რვა თვე.
_ ო-ჰოოო! მაშინ გერმანულსაც შეისწავლიდით., _ თქვა კახიმ და რამდენიმე ფრაზა გერმანულად წარმოთქვა.
_ ცოტა ვისწავლე, გაქცეულ გერმანელს მოვაბრუნებ, _ გერმანულადვე ვუპასუხე.
კიდევ კარგი, გერმანულენოვანი სკოლა მაქვს დამთავრებული, თანაც _ წარჩინებით, თორემ ხომ მომეჭრებოდა თავი.
გზაჯვარედინთან მამაკაცმა სიჩქარე შეანელა და მარცხენა მხარეს გზას გახედა. ამით ვისარგებლე და საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე.
_ ქალბატონი ჯული სად მოყვა ავარიაში? _ ვკითხე, თუმცა მშვენივრად ვიცოდი, ავტოკატასტროფა რომელ ქვეყანაშიც მოხდა. მაგრამ ეს ერთადერთი საშუალება იყო, მამაკაცს ჩემი დაკითხვა არ გაეგრძელებინა.
_ თქვენ რა, გაზეთებს არ კითხულობთ? _ არ შემოუხედავს, ისე მკითხა.
_ იშვიათად.
_ თუმცა, გაზეთებიდან სიმართლეს მაინც ვერასდროს გაიგებ. იმას წერენ, რაც გაუხარდებათ და არა სიმართლეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტების ნახევარი სენსაციის გამო ღვიძლ დედასაც კი გაყიდის.
_ არ გეთანხმებით, _ პროტესტი გამოვთქვი, _ იცით, რამდენი რამის გადატანა უხდებათ ჟურნალისტებს ხანდახან? ერთობ რთული სამუშაოა, შორიდან ადვილია მათი განსჯა. ისინი რომ არ იყონ, რამდენი უსამართლობა მიიჩქმალებოდა, ვინ იცის.
_ მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა, ქეთი. ხშირ შემთხვევაში ისინი მაინცდამაინც იქ ყოფენ ცხვირს, სადაც არაფერი ესაქმებათ. ყველაფრის გამოქექვას ცდილობენ და არასდროს ფიქრობენ იმაზე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ეგრეთ წოდებულ სენსაციურ რეპორტაჟებს. და ყვველაფერ ამას სხვებისთვის კი არა, კარგი ჰონორარის მისაღებად აკეთებენ.
მოვიკუნტე. სულის სიღრმეში სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. მართალი არ არის? სწორედ ამას ვაკეთებ მე ახლა, ამწუთას. თუმცა, ასეთი თემები არასდროს მიზიდავდა, ჭორების განქიქება ჩემი საქმე აქამდე არ ყოფილა, მაგრამ სიტუაციამ მოითხოვა და რა ჩემი ბრალია?
_ პასუხს ვცემ თქვენს კითხვას: ჯული გერმანიაში მოყვა ავარიაში, _ თქვა მოულოდნელად.
_ გასაგებია, _ ჩავიბუტბუტე ჩემთვის.
მინდოდა, კიდევ რამდენიმე შეკითხვა დამესვა, თან ჩემი უსინდისობა უკვე ძალიან მაწუხებდა. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მოვითმინე.
_ როცა ქალბატონ ჯულის გამოწერენ, მერე რა მოხდება? ძიძა ალბათ აღარ დაგჭირდებათ, არა? ბავშვს გერმანიაში წაიყვანთ თუ თვითონ ჩამოვა აქ? _ მივაყარე და მივაყარე.
_ სულ ველოდებოდი, ამას როდის მკითხავდით, _ გაწელილი ხმით თქვა კახიმ.
_ მართლა? _ გულუბრყვილოდ წამოვიძახე და მიამიტი ბავშვის სახე მივიღე, _ რატომ ელოდით?
_ ეს ხომ ბუნებრივია… თქვენ გეშინიათ, სამსახური არ დაკარგოთ, _ მხრები აიჩეჩა.
_ თქვენი აზრით, უნდა მეშინოდეს? ნუკის გერმანიაში უპირებთ წაყვანას?
წუთიერი ყოყმანის შემდეგ მან ოდნავ მოაბრუნა თავი და მომნუსხველად გამიღიმა. როგორ მაგიჟებს ეს ღიმილი!
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ქე-თე-ვან! _ ხაზგასმით მიმანიშნა, ზედმეტი მოგდისო.
ამასთან, გამახსენდა მისი გუშინდელი მუქარა, ჩემზე რომ რამე დაწერონ, რედაქციას სასამართლოში ვუჩივლებო და გამაჟრიალა. უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა მმართებს, თორემ გავებმები.
_ აქამდე ხომ ქეთის მეძახდით, _ მსუბუქად შევახსენე და მომაჯადოებელი ღიმილი ავიკარი ტუჩებზე, _ ქეთევანი ძალიან ოფიციალურად ჟღერს. არ მომწონს, ასე რომ მომმართავენ, შებოჭილად ვგრძნობ თავს.
_ კურსებზე გასწავლეს, მიმართვის როგორი ფორმა აირჩიოთ დამქირავებელთან? _ შევკრთი, ისეთი ცივი ხმით მკითხა.
_ კურსებზე ხშირად შეგვახსენებდნენ, რომ წავიდა ის დრო, როცა მოსამსახურეებს კიბის ქვეშ გამოუყოფდნენ ხოლმე ოთახს, _ საშინლად სარკასტულად გამომივიდა.
პასუხი არ გაუცია, არც შემოუხედავს. ამასობაში სადგურს მივუახლოვდით.
_ ახლა საით? სად ცხოვრობენ შენი ყოფილი დამქირავებლები? მისამართი მითხარით.
_ მისამართი? _ ბრინჯივით დავიბენი.
_ რომელ ქუჩაზე ცხოვრობენ, არ იცი? _ გამჭოლი მზერა მესროლა მამაკაცმა და სვლა კიდევ უფრო შეანელა.
_ რუსთაველის ქუჩაზე, მაგრამ მე… მე მეგონა, ჯერ თქვენს საქმეზე მიდიოდით, ამიტომაც არაფერი გითხარით. კარგა ხანია, გამოვცდით. უკან უნდა დავბრუნდეთ. ნუ ღელავთ, შორს არ არის.
_ არ ვღელავ. რატომ აქამდე არ მითხარით? _ მოუთმენლობა დაეტყო ხმაში.
_ მეგონა, ჯერ…
_ არაფერია, _ მკვახედ შემაწყვეტინა, _ მითხარით, სად შევუხვიო.
_ თუ არ ვცდები, მეორე შესახვევი უნდა იყოს… _ შიშისგან დამბურძგლა.
ცოტა რომ გავიარეთ, ვუთხარი, აქ შეუხვიეთ-მეთქი.
_ აქ არ შეიძლება, მაშინ ზემოდან უნდა მოვუარო.
_ არ გინდათ, ბატონო კახი, აქვეა, ახლოს. ფეხით მივალ იქამდე. ნახევარ საათში ჩავალაგებ ჩემს ნივთებს, ბევრი არაფერი მაქვს და ისევ ამ ადგილას დაგხვდებით, _ სხაპასხუპით მივაყარე.
ძალიან ავღელდი, ამდენი ნერვიულობისგან თავი ამტკივდა.
_ რა სისულელეა! რატომ უნდა ათრიოთ ჩანთები, როცა მანქანით ვართ? ზემოდან მოვუვლი. რა ნომერია სახლი?
სხვა გზა აღარ დამიტოვა, იძულებული გავხდი, ზუსტი მისამართი მეკარნახა. რამდენიმე წუთში «მერსედესი» ჩემს ნაქირავებ ბინას მიადგა. ბინას კი არა, უზარმაზარ ორსართულიან სახლს, ეგრეთ წოდებულ ოჯახურ სასტუმროს.
_ აი, მოვედით, _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად წარმოვთქვი და ჩაძინებული ნუკი უკან გადავსვი, მანქანაში გაბმულ ბავშვის საწოლში, _ დიდი მადლობა, შეძლებთ ნახევარ საათში გამომიაროთ?
_ აქ დაგიცდით, _ თითქოს ჯიბრით მითხრა და ძრავა გამორთო.
_ არა, არა, ნუ დამელოდებით. აჯობებს, თქვენი საქმეები მოითავოთ. დრო ტყუილად რატომ უნდა დაკარგოთ? _ ფერწასული რას ვლუღლუღებდი, თავადაც არ მესმოდა.
_ არა უშავს, _ თქვა კახიმ და საზურგეს მიეყრდნო, _ ნახევარი საათი არც ისე დიდი დროა.
_ შეიძლება არც მეყოს ნახევარი საათი, რა ვიცი… _ ავწრიალდი, _ სანამ მათ დავემშვიდობები, სანამ ნივთებს ჩავალ…
_ მიხედეთ საქმეს, ქეთევან! ასე გაცილებით მეტი დრო იხარჯება! გგონიათ, მსიამოვნებს აქ ყურყუტი? _ მბრძანებლური ტონით გამაწყვეტინა.
ნათელი იყო, რომ შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. გული გამალებით მიცემდა. არ მახსოვს, როგორ გადმოვედი მანქანიდან და ჭიშკარს მივუახლოვდი. ფეხები აღარ მემორჩილებოდა. რა საშინელი კაცია! რა საჭიროა, ჩემი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემოწმება? მაინცდამაინც ჭიშკრამდე მომაყვანინა თავი. რატომ? ვაითუ, დაინტერესდეს და გამოიკითხოს, აქ ვინ ცხოვრობსო… არა მგონია, ასეთი რამ იკადროს.
შევეცადე, ოდნავ მაინც დავმშვიდებულიყავი. ხელი ისე მიკანკალებდა, ვეღარ ვიმორჩილებდი. რის ვავაგლახით შევაღე ჭიშკარი და მეორე სართულის კიბეს ავუყევი. ეზოში არავინ იყო, რაც ძალიან გამიხარდა. არადა, ყველას ვიცნობდი, ვინც ამ სახლში ისვენებდა. საღამოობით ფოიეში გამოვდიოდით და ხან ვსვამდით, ხანაც ჯოკერს ვთამაშობდით ან, უბრალოდ, ჭორაობით და ტელევიზორის ყურებით ვიქცევდით თავს, მზესუმზირის «თანხლებით».
აი, რა ცუდია ტყუილის თქმა. ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს _ მესამე და ბოლოში სად გაგიყვანს, კაცმა არ იცის. მართალია, როცა ამბობენ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო. ნეტავ ჩემს ტყუილს რამდენად მოკლე ფეხები აქვს?..
ის იყო, ბოლო საფეხურზე შევდგი ფეხი, რომ კახის ხმა დამეწია.
_ იცით, თქვენ მართალი ხართ, აქ რისთვის გელოდოთ? წავალ და ნახევარ საათში მოვბრუნდები.
_ ასე აჯობებს, _ ნაძალადევად გავუღიმე და შვებით ამოვისუნთქე.
ჩემდა გასაკვირად, ქალები ფოიეში დამხვდნენ, ჩვენი დიასახლისიც იქ იყო, გრძელტარიანი ცოცხი ეჭირა და იქაურობას გვიდა.
_ ვააა! დაკარგულს გაუმარჯოს! ქეთი, სად იყავი წუხელ? _ შემომეხვივნენ ყველანი.
_ გოგოებო, სამსახურის საქმეზე დავრბოდი. რაღაც საინტერესო სიუჟეტი ავაგდე და მასალებს ვაგროვებ. ქალბატონო ეთერ, უნდა დავცალო ოთახი, იმ ორი დღის ფულს აღარ გამოგართმევთ, იყოს.
ეთერმა მადლობის გამომხატველი ღიმილი მესროლა. ქალების ქაქანს ყურადღება არ მივაქციე და ოთახში შევვარდი. რაც შეიძლებოდა, სწრაფად მოვუყარე ჩემს ტანსაცმელს თავი, ჩანთაში დაუდევრად ჩავყარე და მობილური ჩავრთე, რომ მამუკასთვის დამერეკა.
_ ქეთი, სად დაიკარგე, გოგო, მთელი თბილისი შენ რომ გეძებს? რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული? _ დამიცაცხანა რედაქტორმა.
_ სად დავიკარგე და ანდრონიკაშვილის სასახლეში დავსახლდი. ძიძა ვეგონე და უპრობლემოდ მიმიღო, გესმის? იძულებული გავხდი, ღამით იქ დავრჩენილიყავი. ტელეფონი კი შეგნებულად გამოვრთე, შენი და დედაჩემის ზარების შემეშინდა.
_ რას ამბობ, მართლა?! _ ლამის გამოძვრა მობილურიდან მამუკა, _ რა მაგარი ხარ, ყოჩაღ შენ! არაჩვეულებრივია!
_ არც ისე, შენ რომ გგონია. არ იცი, როგორ შარში ვარ გახვეული. არ ვიცი, სანამ გავუძლებ. ძალიან მეშინია, არაფერს მიმიხვდეს. დედაჩემმა ხომ არ დაგირეკა?
_ დამირეკა და დავამშვიდე, ისეთ ადგილას გავუშვი ინტერვიუს ჩასაწერად, ტელეფონი არ იჭერს-მეთქი.
_ გაიხარე, შენც მაგარი კვაჭი ხარ, რომ იცოდე!
_ ბავშვი ნახე?
_ აბა, არ ვნახე? მე ხომ მისი ძიძა ვარ!
_ ფოტოები? გადაღება მოახერხე?
_ როგორც შევძელი… სხვათა შორის, კარგი კადრები მაქვს.
_ პირველ რიგში ანდრონიკაშვილის და ბავშვის ფოტოები გვჭირდება. ორივეს ერთად თუ დააფიქსირებ, მთლად ოქრო იქნები. მთავარი სურათებია, ხომ იცი.
_ ვეცდები, მამუკა, არ არის ასე ადვილი.
_ შენ ხომ ჩემპიონი ხარ, მოახერხებ.
_ არ იქნება ადვილი. ხომ არ ვეტყვი, ახლა ბავშვი ხელში აიყვანეთ, უნდა «ჩაგაფოტკოო»-მეთქი?
_ მაგის არ შეგეშინდეს, მე ვიზრუნებ. რომელიმე ფოტოგრაფს გამოვგზავნი.
_ არ გინდა, მამუკა, არ დამღუპო, გეხვეწები! ისიც საკმარისია, მე რომ შევძვერი მის სახლში. ვერავის შეყვანას ვერ მოვახერხებ, გამორიცხულია. ყველაფერი სიგნალიზაციაზე აქვს დაყენებული.
_ კარგი რა, შენ ხომ პროფესიონალი ხარ, რაღაცას მოიფიქრებ. უთხარი, შეყვარებული უნდა ჩამოვიდეს ჩემს სანახავად-თქო.
_ გაგიჟდი? რა შეყვარებული, რის შეყვარებული. ახლა აქ ვინმეს მოსვლა ძალიან საშიშია, შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩამეყაროს. მე თვითონ მოვუვლი მაგ საქმეს, გემუდარები.
_ კარგი, მოგვიანებით დაგირეკავ და რამეს მოვიფიქრებ.
_ ვერ დამირეკავ, მობილური გამორთული მექნება.
_ სახლის ტელეფონი რა ნომერია, არ იცი?
_ აბა, საიდან უნდა ვიცოდე! არც ეცადო, რომ გაიგო. იქ დარეკვა არ გაბედო, გესმის? მაშინვე დაეჭვდება. ძალიან გთხოვ, ნუ იზამ ამას.
_ ბოლოს და ბოლოს, ქალს დავარეკინებ, რა მოხდა. ვითომ შენიანებმა მოგიკითხეს. რა სახელი დაირქვი?
_ ჩემი სახელით მივედი, რატომ უნდა მომეგონებინა ახალი. რა იცის, ვინ ვარ. მამუკა, გთხოვ, არ დარეკო. ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვიმყოფები ისედაც.
_ ასე რამ შეგაშინა, გოგო? აგვისტოში, იმ გაგანია ომის დროს რომ გორში გარბოდი, შენ არ იყავი? თუ უკვე დაგავიწყდა?
_ ის სხვა იყო, ადამიანო, აქ ტყუილების თქმა მიწევს, განსხვავებას ვერ ხედავ?
_ იცი, მარგველაშვილი რომ გონს მოვიდა? მალე სრულიად გამოჯანმრთელდებაო, ამბობენ. სხვათა შორის, ბავშვი რომ ანდრონიკაშვილთან იმყოფება, უკვე მთელმა საქართველომ იცის.
_ ჯანდაბას! ეს რა ცუდი ამბავი მითხარი. ახლა დაეხვევიან ჟურნალისტები თავს და ერთი ამბავი ატყდება.
_ აბა რა იქნება, ამიტომაც ყველას უნდა დაასწრო, გასაგებია? რამე გამოსტყუე მაინც? რას ამბობს, იმ ქალს ცოლად შევირთავო?
_ ცოლად შეირთავს? _ გაოგნებულმა გავიმეორე, _ არა მგონია… მე სულაც არ ვფიქრობ ასე.
_ მიდი, მიდი, დროზე გაარკვიე და გამოიქეცი. იმ კაცს შვილი ჯულისგან ჰყავს და არ არის გამორიცხული, მალე ქორწილიც კი ვჭამოთ. პირველებმა ეს ამბავი ჩვენ უნდა დავბეჭდოთ, გესმის? შენი იმედი მაქვს.
_ რაღაც არ მომწონს ეს ყველაფერი, მამუკა. ძალიან უსინდისოდ ვიქცევით.
_ გამიგიჟდი? რას ნიშნავს უსინდისოდ? შენ შენს მოვალეობას ასრულებ, იპარავ რამეს, თუ? არ მაინტერესებს შენი აზრები, მე მასალა მჭირდება, სენსაციური მასალა და შენგან ველი ამას, გესმის?
_ მესმის, უფროსო, მესმის… წავედი და ჩემს ზარს დაელოდე. იცოდე, არ დამირეკო, თორემ ყველაფერს გააფუჭებ. დამიჯერე ამ ერთხელაც, რა იქნება.
_ კარგი, კარგი, აღარ დავრეკავ და ფრთხილად იყავი. აბა, გკოცნი.
მამუკასთან ლაპარაკს რომ მოვრჩი, სახლში დავრეკე. დედას ვუთხარი, არ ინერვიულო, სენსაციურ მასალას ვაკეთებ, პარლამენტარებთან მიხდება გამუდმებით ყოფნა, ამიტომ მობილური უნდა გამოვრთო, რომ ვინმემ უდროო დროს არ დამირეკოს-მეთქი.
ერთი სიტყვით, დედაც დავამშვიდე ჩემი ტყუილებით, ჩანთა მხარზე მოვიგდე და გამოვედი. ქალებს იქვე დავემშვიდობე, არ გამაცილოთ, ამ პროცესს ვერ ვიტან-მეთქი. შემეშინდა. წარმოიდგინეთ, რა სანახავი ვიქნებოდი, ქალებით გარშემორტყმული რომ ჩავიდოდი ეზოში. ჩემდა გასაოცრად, კახი უკვე მოსულიყო.
_ მოგესალმებით! _ მხიარულად შევძახე.
მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და ჩანთა ჩამომართვა.
_ ამას საბარგულში ჩავდებ, _ თითქოს ნებართვა მთხოვა.
_ რა თქმა უნდა, ფეხებთან ამხელა ჩანთას ვერ დავიდებ, _ ისეთი ხმით ვლაპარაკობდი, აშკარად მეტყობოდა, რომ ხასიათი რაღაცამ გამომიკეთა.
_ გაუხარდათ თქვენი ნახვა? _ მკითხა კახიმ, როცა გზას გავუდექით.
_ ძალიან! ბავშვმა ლამის იტირა.
_ მერე? ასე თუ დაენანათ თქვენი წამოსვლა, ჭიშკრამდე ვერ გამოგაცილეს? _ გამომცდელი მზერა მესროლა.
ალმური წამეკიდა. კიდევ ერთი ტყუილის თქმა მომიწევს!
_ არ მიყვარს, როცა მემშვიდობებიან. ამ პროცესს ვერ ვიტან. ამიტომაც ვთხოვე, არ გამომყოლოდნენ.
_ გასაგებია-ა-ა, _ სიტყვა რატომღაც გაწელა მამაკაცმა.
მთელი გზა ისე გავიარეთ, ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის. ნუკის ჯერაც ტკბილად ეძინა თავის საწოლში.
უეცრად კახიმ «გემრიელად» შეიგინა და სვლა შეანელა…
იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის მისგან გინების მოსმენა, გაოცებულმა შევხედე. ის წინ იყურებოდა. მის მზერას თვალი გავაყოლე და… თავზარი დამეცა! მწერლის სახლის წინ ჟურნალისტების მთელ ბრიგადას მოეყარა თავი. მე ჩემი დარდი მქონდა. ადვილი შესაძლებელი იყო, მათ შორის რომელიმე ნაცნობიც ყოფილიყო. ვაი, შენს ქეთის! აი, სად დამერხა! რაც უფრო ვუახლოვდებოდით ჭიშკარს, მით უფრო ვიძაბებოდი. კახიმ მანქანა გააჩერა. გამიკვირდა, რას აკეთებს-მეთქი. «ბრიგადა» ჩვენკენ დაიძრა. შორიდანვე ატყდა ფოტოაპარატების ჩხაკუნი. ჩემდა უნებურად, ხელები წინ ავიფარე, ვინმემ არ მიცნოს-მეთქი. მართალი უთქვამს მამუკას, უკვე ყველამ იცოდა ანდრონიკაშვილის ჩამოსვლის ამბავი… და არა მარტო ჩამოსვლის…
კახის მინები ჩაწეული ჰქონდა, რადგან ბავშვის გამო კონდიციონერი არ ჩაურთავს. ერთმა მსუქანა ჟურნალისტმა იყოჩაღა და სანამ მამაკაცი დაბურულ მინებს აწევდა, დიქტოფონი შემოჰყო ფანჯარაში.
_ მართალია, რომ თქვენ და ჯული მარგველაშვილი დაქორწინებას აპირებთ? ნუკი მართლა თქვენი შვილია?
მამაკაცმა შეხედვის ღირსადაც არ მიიჩნია «თავხედი» ჟურნალისტი. ღილაკს თითი მიაჭირა და მინები ასწია, მერე მოულოდნელად დაძრა მანქანა და სწრაფად გააქანა ჭიშკრისკენ. მივხვდი, რატომაც გააჩერა მოშორებით. ისინი გამოიტყუა, რომ მერე სახლამდე დაუბრკოლებლად მისულიყო.
ერთიანად ვკანკალებდი. ვაითუ, რომელიმემ მიცნო? თითქოს მართლაც დავლანდე ძალიან ნაცნობი სახე, მაგრამ… არა, მომეჩვენა ალბათ. ის ვიღაცა თემურს მივამსგავსე, რაც გამორიცხული იყო. თუმცა, რატომაც არა? ის ხომ ფოტორეპორტიორია?
_ კოღოებივით არიან ეს ოხრები. ერთი სული აქვთ, როგორმე გიკბინონ, _ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა.
შეუმჩნევლად ავწკიპე წარბები. კიდევ კარგი, არ იცის, რომ მეც ამ «ბანდის» ერთ-ერთი წევრი ვარ…
_ რა ქნან, ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ, _ გავამართლე «კოღოები».
_ ასე გგონიათ? _ შუბლშეკრულმა გამომხედა, _ რა დაგემართათ? გაფითრებული ჩანხართ.
_ არაფერი, თქვენი არ იყოს, არც მე მესიამოვნა მათი აქ დახვედრა. ახლა მეც ვხვდები, რასაც განიცდით ასეთ დროს.
_ ამ მომწერლო ელემენტების ატანა არა მაქვს! _ იყვირა უცებ მთელი ხმით და ხელისგული საჭეს დაჰკრა, _ ვისი რა საქმეა, ვის შევირთავ ცოლად? რაში აინტერესებთ, რა მაკავშირებს ჯულისთან? ამ ხალხს სხვა საზრუნავი არაფერი აქვს? _ განრისხებული გაჰყვიროდა, _ ხომ ნახეთ, ხმა არ ამომიღია, მათ კითხვებს პასუხი არ გავეცი. გგონიათ, ამას დაწერენ? ა-რააა! თვითონ მოიფიქრებენ პასუხს და რაღაც სისულელეს გამოაცხობენ! ეგ არის რომ მეზიზღება! შეიძლება ისიც თქვან, რომ ამ ეტაპზე მე თქვენთან მაქვს რომანი.
_ ჩემთან? არა მგონია… _ ისე გამაკვირვა მისმა სიტყვებმა, პირი დავაღე. თუმცა კი ძალიან სასიამოვნოდ მომხვდა ყურში.
_ გეუბნებით, ასეა. ამ ხალხს ნამუსის ნატამალი არ აქვს შერჩენილი, ყველაფერს იკადრებენ.
_ მაგრამ ყველა ერთნაირი ხომ არ არის? თქვენ ცნობილი ადამიანი ხართ. რა გაქვთ დასამალი? როცა პრესას და ტელევიზიას არ იკარებთ, ძალაუნებურად ჩნდება კითხვები. არ გსურთ პასუხის გაცემა? გამოდის, რაღაცას მალავთ… თუ ჩრდილში ყოფნა მოგწონდათ, მაშინ მეხანძრეობა უნდა აგერჩიათ, ან სანტექნიკოსობა, ან რაღაც ამდაგვარი…
_ რას მელაპარაკებით?! _ ცინიკურად გაიცინა, არ მოეწონა ჩემი «მწარე» სიმართლე.
_ იცით, რა? ცნობისმოყვარეობა ნებისმიერი ადამიანის ხასიათში ძევს. ყოველთვის ყველა ინტერესდება ამა თუ იმ პერსონის ცხოვრებით, განსაკუთრებით, თუკი ცნობილი ხართ, _ ისეთი აღგზნებული ვიყავი, მისი ირონიული ღიმილი არაფრად მივიჩნიე, _ დავიჯერო, თქვენ არასდროს გამოგიჩენიათ ცნობისმოყვარეობა ვინმეს მიმართ? არასდროს გაგჩენიათ სურვილი, კულისებში შეგეხედათ?
_ და რა გგონიათ, რასაც გაზეთებში წაიკითხავთ, ყველაფერი მართალი გამოდგება? ნუ მაცინებთ, თუ ღმერთი გწამთ! ნახევარზე მეტს თვითონ იგონებენ რედაქტორებიც და კორესპონდენტებიც. დავიჯერო, მართლა ასეთი მიამიტი ხართ? მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ პრესას, განსაკუთრებით ქართულს. როცა არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ, მაშინვე თავად გამოაცხობენ სენსაციას. «ვის მალავდა ჯული მარგველაშვილი გრძელი კაბის ქვეშ»? არ არის სენსაცია? მეგობრის ორი წლის ბავშვს, რომელიც დამალობანას თამაშობდა თავის
ტოლებთან… სამაგიეროდ, სათაური ხომ არის სენსაციური? აი, ეს არის ჩვენი ჟურნალისტიკა!
მინდოდა, კვლავ შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ გაჩუმება ვარჩიე.
_ რაღაცის თქმას აპირებდით, მგონი… _ ცალი წარბი ასწია და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.
_ არა, არაფერი, _ თავი გავაქნიე, _ უბრალოდ, ყველას თავისებურად გააქვს თავი.
_ ესე იგი, თქვენი აზრით, მე ცუდად მოვიქეცი? ჩემი დუმილი სისასტიკეში მეთვლება?
_ როგორ გითხრათ, _ მხრები ავიჩეჩე, _ შეგეძლოთ რაღაც მაინც გეთქვათ.
_ შეიძლება მართალიც იყოთ.
გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი, ისე მოულოდნელად დაძრა კახიმ მანქანა. შემეშინდა, რადგან ვიფიქრე, ალბათ მათთან მიდის ინტერვიუს მისაცემად-მეთქი, მაგრამ შევცდი. მან მხოლოდ მოაბრუნა მანქანა, რათა ჭიშკართან მიეყენებინა და ეზოში შესვლა გაეადვილებინა. მერე ძრავა კვლავ ჩააქრო.
_ გინდათ, ანკესი გადავუგდოთ? მივცეთ მასალა კარგი სტატიისთვის? _ ეშმაკურად შემომცინა.
_ ანუ? _ შუბლი შევიჭმუხნე, ვერ მივუხვდი, რას გულისხმობდა.
მამაკაცმა მარჯვენა ხელი ჰაერში ასწია, თითები აამოძრავა, მერე საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამომდო და ჩემი სახე თავისას მიუახლოვა.
_ ანუ… თუ მე თქვენ ახლა გაკოცებთ, კრება მხიარული დარჩება და სახლში ყველა კმაყოფილი და ბედნიერი დაბრუნდება, _ ეს სიტყვები ხმადაბლა თქვა, ძალიან ხმადაბლა.
თვალებგაფართოებული მივაჩერდი… ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. ვიგრძენი, როგორ წამოვხურდი სახეზე მისი სიახლოვისგან.
_ ჩემი აზრით… მე მგონი, ეს პრობლემას ვერ გადაჭრის, _ ჩავილუღლუღე აცახცახებულმა და უნებლიეთ მის ტუჩებს დავაშტერდი.
გულს ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდა, სუნთქვაც კი გამიჭირდა.
_ გეშინიათ? ან, იქნებ, არაკორექტულია, როცა საკუთარ ბოსთან «ზასაობ»? _ ბოლო სიტყვა განსაკუთრებული მახვილით წარმოთქვა.
მის კითხვას პროფესიონაური შეკითხვა დავუხვედრე.
_ და მერე როგორ აუხსნით ამ ამბავს ქალბატონ ჯულის?
_ არავისთვის არაფერი მჭირს ასახსნელი, მაგრამ რადგან მეკითხებით, გიპასუხებთ. ჯულის ვეტყვი, რომ ამით მასმედიას სასიამოვნო სიუპრიზი მოვუმზადე.
სანამ რამეს მოვისაზრებდი, კახიმ ხელი თმაში ჩამავლო და ტუჩებზე დამეკონა. მინდოდა, წინააღმდეგობა გამეწია და ძალიან ადვილიც იყო ამის გაკეთება, მაგრამ… რატომღაც, კოცნაზე კოცნით ვუპასუხე…
_ ჰმ… თურმე რა სასიამოვნო ყოფილა, ასიამოვნო პრესას… _ ჩაიჩურჩულა კახიმ, როცა ჩემს ტუჩებს მოწყდა…

სევდის სურნელი... - 859778352803

Комментарии

Комментариев нет.