მზისფერი პლანეტა

ნაწილი 11
როგორც იქნა, დათო გამოჩნდა. კვირა საღამო იყო, სწორედ ის დღე, როცა პირველად დათბა თბილისში, როცა მზემ უხვად გაიღო მოწყალება და სითბოთი დატვირთული სხივები დესანტებივით ჩამოსხა დედამიწაზე. იმ დღეს გახელებული მზე მეც მომწვდა. როგორ მსიამოვნებდა. საამოდ მელამუნებოდა სახეზე მისი ალმური. არა, მზესავით ვერასდროს ვერავინ გაათბობს. სულ სხვა ძალა აქვს მის სითბოს. ჩემი ნება რომ იყოს, შემდეგ ცხოვრებაში მზედ მოვევლინებოდი სამყაროს…მარტო ვიყავი შინ. ბასუსა ლიზიკომ დაიტოვა, ფიქრია კი თავის საქმეებზე წავიდა. მიხაროდა კიდეც, მარტო რომ დავრჩი. იმედს არ ვკარგავდი, რომ დათო დღეს თუ ხვალ, აუცილებლად გამოჩნდებოდა. ჩემი გუმანი გამართლდა. ზუსტად თორმეტის ნახევარზე მის ფანჯარაში შუქი აინთო. მიუხედავად ამისა, პირველმა არ მივწერე, დავაცადე, სანამ ფოტოებს დაათვალიერებდა. ამასობაში გული გამალებით მიცემდა, ჰაერი არ მყოფნიდა, ვიგუდებოდი. ერთი სული მქონდა, მისი გაუჩინარების მიზეზი გამეგო. იმდენი სათქმელი დამიგროვდა, არ ვიცოდი, საიდან დამეწყო. მან ბასას ამბავიც არ იცოდა. არც ვაპირებდი დამალვას._ მერიკუნა! _ როგორც იქნა, მომწერა, _ როგორ გაგიჩახჩახებია აქაურობა! რა სილამაზეა!ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა._ მართლა მოგეწონა? _ სულ გადამავიწყდა, მასზე ნაწყენი რომ ვიყავი და საყვედურების თქმას ვაპირებდი._ ულამაზესი. სად იპოვე ეს სურათები?_ კი არ ვიპოვე, გავაშენე აქაურობა._ რა ლამაზი პლანეტა ყოფილა მერილენდი, მართლა მზისფერი, _ მომიწონა. _ არადროს გააქრო იგი, კარგი? არასდროს._ არ გავაქრობ, დათ, რაც უნდა მოხდეს, იქნება და იქნება. ეს ჩემი სევდის სამეფოა, შენ კი ფრი-ფრინავზე ამხედრებული თეთრი პრინცი ხარ._ მაგრამ მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში, _ დაამატა, _ როგორ არის მისი აღმატებულება პრინცესა _ მერიკო პირველი?_ გელოდებოდი._ ჰო, ვხედავ, ლოდინით დაღლილ ფიქრს ლამაზი თავი ოცნებაზე ჩამოუდვია, _ კოცნა გამომიგზავნა._ არადა, ჩემს ოცნებებს გამყინვარების პერიოდი დაუდგა, რომ არ ჩანდი. მოენატრე პრინცესას, _ დავიმორცხვე._ როგორ მოვენატრე?_ როგორ და… სიგიჟემდე, საშინლად, ძალიან, მოწყურებამდე, გონის დაკარგამდე, აფეთქებამდე, აღტყინებამდე, ტკივილამდე, კივილამდე, თავდავიწყებამდე, ტირილამდე, უფორმოდ, უაზროდ, უსაშველოდ, ათრთოლებამდე, სუნთქვის შეკვრამდე, ვნებათაღელვამდე, სურვილის ცეცხლის წაკიდებამდე… გავაგრძელო? _ მივაყარე და მივაყარე._ არა!!! _ სამი ძახილის ნიშნით გაამაგრა თავისი «არა»._ შენ არ მოგენატრე?_ მეც, _ ყველა პასუხზე უფრო ლაკონიური იყო მისი პასუხი._ სად დაიკარგე? რატომ არ ჩანდი? _ საყვედურების დრო დადგა._ სად ვიყავი და ფრი-ფრინავით დავფრი-ფრინავდი, რომ ღრუბლები გამეფანტა და მზე მომეყვანა. ხომ გამომივიდა?_ ჰო, გამოგივიდა. დღეს ზედმეტად მზიანი ამინდი იყო. აშკარად ჰგავდა დღევანდელი სიცხე შენს ნახელავს._ რა ხდება შენთან ახალი? _ სიტყვა ბანზე ამიგდო._ ახალი ის, რომ ბასუსა მყავს._ ბასუსა? ეგ ვინ არის?დაწვრილებით მოვუყევი ბასას ამბავი. ერთხელაც არ გამაწყვეტინა, მხოლოდ სმაილებს მიგზავნიდა _ გაოცების, გაღიმების, გაბრაზების, გაცინების… როცა მოყოლა დავამთავრე, მხოლოდ ერთი შეკითხვა დამისვა:_ გიყვარს?პასუხის გაცემის შემეშინდა, ბასიაზე არ იეჭვიანოს-მეთქი, მაგრამ მისი მოტყუებაც არ მინდოდა. ერთხელაც არ მომიტყუებია, ამიტომ სიმართლის თქმა ვამჯობინე._ ჰო, მიყვარს, თანაც ძალიან._ მიყვარს, რაც გიყვარს, _ მომწერა და გაწითლების სიცილაკიც მოაყოლა._ და არ ვიცი, რა მეშველება, როცა წამართმევენ._ არ წაგართმევენ! _ დამაიმედა._ შენ რა იცი?_ არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ შენზე უკეთესად სხვასთან ვერ იქნება. ის ახლა შენია და არ უნდა დათმო._ ჰო, მართალი ხარ, მაგრამ მე მებრძოლი ხასიათი არ მაქვს, დათ, არც სპორტული. ეს ერთადერთია, რაც არ შემიძლია._ უნდა ისწავლო. ყველაფრის სწავლა შეიძლება, თუ მოინდომებ._ შენ მასწავლე, _ შევთავაზე, _ დარწმუნებული ვარ, ამაშიც კარგი მასწავლებელი იქნები. შენ ხომ ჩემთვის მერვე საოცრება ხარ._ მერიკუნჩიკ, რა თბილი ხარ… _ მომწერა უეცრად, _ საიდან ამდენი სითბო?_ არ იცი, საიდან? _ სიცილად ვიქეცი, _ მე ხომ სითბოს საბადოებს ვფლობ, ცნობილი მილიარდერი ვარ სამყაროში. ჰოდა, ვარიგებ და ვარიგებ უფასოდ. ყველაზე დიდი ქველმოქმედი ვარ სითბოს გაცემაში, ჩემი საბადოების მარაგი არასდროს იწურება._ და საიდან გაქვს ეგ საბადოები?_ მზეს მოვპარე, როცა ეძინა.გამიღიმა. ერთხანს არაფერი მომწერა. მეც დაველოდე, რას მოიმოქმედებდა.ჩემდა გასაკვირად, საოცარი ფრაზა წამოვიდა მისგან._ მერიკო… იცი, რამდენი რამ მინდა გითხრა?ამის წაკითხვისას ლამის თვალთ დამიბნელდა. სიამოვნებისგან შემაკანკალა. როგორც იქნა, გალღვა ყინული, როგორც იქნა, მისი აღსარების დრო დადგა. ახლა ყველაფერს მომიყვება. სიხარულისგან ადგილს ვერ ვპოულობდი._ მითხარი მერე, აქ არ ვარ? მოგისმენ, _ დიდი სიფრთხილით მივწერე, რომ არ გადაეფიქრებინა._ არ შეიძლება, მერიკ! ამის უფლება არ მაქვს.ღმერთო, როგორ წამში ჩაკვდა ის სიხარული, რომელმაც წეღან ამიტანა. მგონი, მეთამაშება ეს კაცი!_ რატომ არ შეიძლება? რა გიშლის ხელს? შენ თუ მოისურვებ, ყველაფერი გამოგივა. მთავარია, გინდოდეს. დავიჯერო, ჩემი ახლოს გაცნობა არ გინდა?_ მე რომ მინდა, ისე არ იქნება, _ ცივი წყალი გადაასხა ჩემს ოცნებებს._ და რა გიშლის ხელს? ის, რომ უმუშევარი ხარ და შემოსავალი არ გაქვს? რომ იმას ვერ მომცემ, რასაც შენი აზრით ვიმსახურებ? იცი რა? ფულმაგარი ბიჭები სულაც არ მიზიდავს, გულმაგარი მირჩევნია! _ გავუბრაზდი._ ამაში არ არის საქმე. ეგ სულ სხვა საკითხია._ აბა რა ხდება? ამისთანა რა გჭირს? შეუხედავი ხარ? მახინჯი? ინვალიდი? რა მერე? არ იცი, რომ პრინცესებს ურჩხულები უფრო უყვარდებათ? კვაზიმოდოები._ მე კვაზიმოდოზე უარესი ვარ._ მომისმინე, დათ! ასე არ შეიძლება! _ შეტევაზე გადავედი, _ მე არ მინდა, მხოლოდ თეორიულად ვიყო ქალი. მე სიყვარული მჭირდება, რეალური სიყვარული და არა ვირტუალური! მცირე, მაგრამ ნამდვილი._ მაშინ დავიშალოთ ან ვიმყოფინოთ ის, რაც აქ გვაქვს, სხვანაირად არ შემიძლია, _ თითქოს გმინვა მოაყოლა მოწერილს._ და ამიტომაც დააპირე გაქრობა?_ გაქრობა დავაპირე? ეგ ვინ გითხრა?_ მზემ მომიტანა ამბავი, _ გავუღიმე._ რომელმა მზემ, დღეს რომ მინეტარებდა ცაზე უტიფრად? შენ რომ გეჯიბრება სილამაზეში?_ ჰო, _ ერთ მთლიან ღიმილად ვიქეცი._ მოგატყუა. იცის, რომ შენ ჩრდილავ და არ იცის, რა მოიგონოს. ისე, ამ წუთამდე მართლა არ ვაპირებდი გაქრობას, ახლა კი ვიფიქრებ…_ კი მაგრამ, რატომ? რატომ გაშინებს ჩემი სიახლოვე?_ იმიტომ, რომ შენი სხეული მოარული ცეცხლივითაა, შორიდან გათბობს, ახლოდან კი გდაგავს._ მიყვარხარ, დათ! _ სრულიად შეგნებულად მივწერე, წამითაც არ მიყოყმანია.როგორც ჩანს, ამან ძალიან დააშინა. დრო გაიწელა, არაფერს მწერდა._ სად წახვედი? _ შევეხმიანე._ აქ ვარ._ მერე? რატომ არაფერს მეუბნები?_ რა გითხრა? შენ ჩემი წარმოსახვა გიყვარს და არა მე._ მერე აქციე წარმოსახვა რეალობად, შენი რა მიდის? აი, ვიყურები შენს ფანჯარაში და ვხედავ, რომ ზღვა ბედნიერება გამოდის იქიდან და ჩემამდე აღწევს. ამაზე როგორ უნდა ვთქვა უარი? ბოლო დროს სიზმარშიც ვეღარ გხედავ, იქაც დამემალე. რაღაც კოშმარები მესიზმრება. ხედავ? უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები, _ ყველა ღონეს ვხმარობდი მის შესაჩერებლად._ რაღაცას ეშმაკუნჩიკობს პრინცესა._ არაფერსაც არ ვეშმაკუნჩიკობ. ჩემი სიყვარულის ისტორიის ანკეტა შენ გახსენი და მინდა, შენ დახურო! მინდა ჩემთან იყო._ აქ არ ვარ? მე სულ აქ ვარ, შენ, უბრალოდ, ვერ მხედავ, თორემ მე შენი ყოველი დღე ვიცი._ შენი ასე ყოფნა არ მყოფნის, გასაგებია?_ ხომ გითხარი, მაშინ დავუსვათ წერტილი ჩვენს ურთიერთობას-თქო. თუ არადა, ვიმყოფინოთ ის, რაც გვაქვს და ხვალ რომ შემოხვალ აქ, ოცნების კოშკებს დაგახვედრებ. ამაღამვე აგიგებ._ ოცნების კოშკებს სიყვარულის ქოხი მირჩევნია! _ ჯიუტად ვიდექი ჩემსაზე.არაფერი მომწერა. გადავწყვიტე, მეთქვა, დათო რომ გავიცანი._ იცი? ამას წინათ ერთი კაცი გავიცანი, _ დავიწყე._ ვინ კაცი?_ ის, ვინც შენ მგონიხარ.გაკვირვების სმაილებით ამავსო._ მერე?_ მერედა, მაინტერესებს, მართლა შენ ხარ ის კაცი, თუ არა._ შენ როგორ გინდა? თუ შენ გინდა, ვიქნები ის, თუ არადა, არა._ მე როგორ მინდა? მე მინდა, ვიცოდე, შენ ვინ ხარ! _ აღვშფოთდი._ მერიკ! დრო იწურება, ხედავ, რომელი საათია?_ ვხედავ… ბედნიერებას ერთი წუთი აკლია, _ ისევ ვიეშმაკე.პასუხი არ მომწერა. მერე კიდევ რამდენჯერმე მივწერე, მაგრამ არც ერთხელ არ მიპასუხა. ვიგრძენი, რომ ეს დასასრულს ნიშნავდა. ვთხოვე, არ წახვიდე, აქაურობა არ დატოვო-მეთქი, ვემუდარებოდი, დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც შენ გინდა, ოღონდ გაქრობა არ გაბედო-მეთქი. ის კი ჩემს ყველა მუდარას უპასუხოდ ტოვებდა.ბოლოს მის ფანჯარაში შუქი ჩაქრა.როგორ შემეშინდა. ასე მეგონა, სამყაროს აღსასრული მოახლოვდა. ვიცოდი, ის აუცილებლად შემოვიდოდა ამაღამ ან ხვალ დილით, რომ თავისი პროფილი გაენადგურებინა, ამიტომ სასწრაფოდ შევუდექი წერას, რათა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იქამდე წაეკითხა ჩემი წერილი:«შენ თუ გგონია, გაქრები და ყველაფერი გამივლის, ნუ გექნება ამის იმედი. შენ სულ ჩემთან იქნები, სულ, სულ, სულ… და ყოველთვის დიდ ტკივილად დარჩები, სასიამოვნო ტკივილად… და ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს, რომ ერთხელ ვერ ჩაგხედე თვალებში… თვალები ყველაზე მართალი ორგანოა… ის ერთადერთია, რომელიც არასდროს იტყუება… არ ვიცი, რატომ არ შეიძლება ჩვენი შეხვედრა, რა არის ამის მიზეზი. აღარ გეკითხები… არც არასდროს შეგეკითხები. «არ შეეკითხო და არ მოგატყუებენ», _ მახსენდება სენეკას სიტყვები… მაგრამ მინდა იცოდე _ არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, როგორი ხარ _ დაბალი, მაღალი, ლამაზი, მახინჯი, ხეიბარი, ავადმყოფი… ასეთ რამეებს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას… ჩემი სიყვარული ყოველთვის სულიდან იწყება, სიღრმიდან და მას არაფერი აქვს საერთო ფიზიკურ სიახლოვესთან, არც გარეგნობასთან. მე ყველაფრის პატიება შემიძლია, ყველაფრის მოთმენა და დათმობა. არ ვიცი, ამას რატომ გეუბნები… უბრალოდ, მინდა იცოდე როგორი ვარ…მე მტვერი ვარ, რომელიც არ ჩანს და რომელსაც ყოველდღიურად ისუნთქავს ადამიანი, რომელიც არავის ვნებს, მაგრამ აუცილებელია არსებობისთვის _ ჩუმი, უპრეტენზიო, ის მხოლოდ მაშინ შეგიძლია შეამჩნიო, როცა ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი ზოლად გაწვება ოთახში. სწორედ ასეთი მტვერი ვარ მეც…შენ ჰაერი ხარ ჩემთვის… ყველაზე სუფთა… იცი, როდის არის ჰაერი ყველაზე სუფთა? გამთენიისას, როცა ღამე და დღე ერწყმიან ერთმანეთს და მერე იყრებიან, როცა ღამეს დღე ცვლის… ჩუმი, უსიტყვო შავი ღამე და ანცი, ხმაურიანი თეთრი დღე… უცნაურია ამ შერწყმის პროცესი… გაჯერებული მონატრებით, სიყვარულით, ვნებით… ისე აირევიან ერთმანეთში, ისე ჩაიხლართებიან, როგორც ინი და იანი… როგორც მაგიური რიცხვი _ 69. ამ დროს ისეთია ჰაერი, ისეთი, ისეთი, რომ არა მხოლოდ მისი შესუნთქვა გინდება, არამედ დალევაც… ასეთი ჰაერი ხარ ჩემთვის…ან იქნებ, იმიტომ გადაწყვიტე გაქრობა, რომ შენ თვითონ მძიმდები ჩემთან ასეთი ურთიერთობით… თვითონ ვერ უძლებ ამას… იქნებ ჩემი გამოჩენით საფრთხე შევუქმენი შენს მშვიდ ცხოვრებას? არაფერს მეუბნები, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობ. იმასაც, რასაც მეუბნები და იმასაც, რასაც არ მეუბნები… ვერაფერი გამომეპარება, რადგან სიყვარული ის ერთადერთია, რაც ძირისძირამდე მაქვს ათვისებული. ამაში ვერავინ შემედრება. გახსოვს, გითხარი, ყველაფერში საშუალო ვარ-მეთქი… ასეა, ოღონდ ამაში არა. ამაში პროფესიონალი ვარ. რომ არსებობდეს სიყვარულის მასწავლებლის პროფესია, მსოფლიოში ნომერ პირველი მასწავლებელი ვიქნებოდი. და სწორედ ამაში არ გამიმართლა არც ერთხელ…ვერ ვხვდები, რატომ აისხი ჯავშანი… რატომ გაურბი სათქმელს… რატომ უნდა ვეძებო შენი თბილი სიტყვები ქვეტექსტებში? რა გიშლის ხელს? შენი რა მიდის? მე ხომ არ გიცნობ, წარმოდგენაც არ მაქვს, ვინ ხარ, როგორი, რანაირი… რატომ იკავებ თავს? ეს ხომ ჩაკეტილი სივრცეა, სადაც მხოლოდ მე და შენ ვართ, არავინ გვისმენს, არავინ გვითვალთვალებს, სადაც ყველაფრის უფლება გვაქვს? ეს ხომ არ არის ის ბინძური, ჭუჭყიანი სამყარო, უაზროდ გაშლილი დროსა და სივრცეში, რომელსაც დედამიწა ჰქვია? რომელიც ისე მრგვალია, ძალიანაც რომ მოგინდეს, ფეხს ვერასდროს მოიკიდებ მყარად? სადაც ყველა ჩასაფრებულია, ოღონდ გიმტროს, ოღონდ გაგჭოროს, ოღონდ გიღალატოს, გაგთელოს… ჩვენ ხომ სრულიად განსხვავებულ განზომილებაში ვტრიალებთ? სუფთა, თეთრ სამყაროში, რომელსაც, თუნდაც მერილენდი ერქვას პირობითად…მაპატიე, თუკი ფიქრში ჩაგისახლდი… უკითხავად, თავხედურად, უტიფრად… არ არის ჩემი ბრალი… იქ ისეთი სითბო დამხვდა, სიტკბო, ისეთი სინათლე… აღარ მინდა გამოსვლა… შენთან მინდა… სულ, სულ, სულ… ყოველ ჯერზე, როცა შემეხმიანები, ვერ წარმოიდგენ, რა სიგიჟეებს სჩადის ჩემი გული… უცებ ამოხტება ბუდიდან, ნებართვასაც არ მთხოვს, გადაევლება ჩემს მკერდს და შენს გულში ჩატყაპუნდება… როგორ უხარია… როგორ კისკისებს… ვერაფერს ვეუბნები, რადგან ვხედავ, ვგრძნობ, რომ ამით შენი გულიც კმაყოფილია… სავსეა… ბედნიერია…ათასჯერ ვიმეორებ შენგან ნაჩუქარ ფრაზებს… «შენ კარგი ხარ… ძალიან კარგი… საშინლად კარგი»… «ლამაზი გოგო»… «მზისფერი მერი»… «მზე შემოხტა უცებ აქ და დამაბრმავა»… «მეც მომენატრე»… «პირველად რომ გნახე აქ, მაშინვე მივხვდი, რომ მზისფერი იყავი»… «მე უფრო ბევრი…»…ყოველდღე, როცა სახლიდან გამოვდივარ, თვალებით გეძებ… ყველა შემხვედრ მამაკაცში, რომელიც ასაკით შეგეფერება… ხომ მითხარი, შენი ტოლი ვარო… და ვფიქრობ, იქნებ ეს არის? ან იქნებ ის? აი, ეს რომ იყოს, მაშინ? მაშინ… მაშინ… არ ვიცი, არ ვიცი, რა იქნება «მაშინ», თუმცა სულაც არ მაშინებს ეს «მაშინ»…როგორ მინდა ერთხელ გნახო… თუნდაც ერთი წუთით… თვალებში ჩაგხედო მხოლოდ… თუნდაც წლების მერე… ოღონდ ვიცოდე, ვინ არის ის მამაკაცი, რომელმაც ჩემი სულის ამოფურცვლა შეძლო… რომელმაც ცოტა ხნით მაინც სრულფასოვან ქალად მაგრძნობინა თავი… როგორ მინდა, რომ იცოდე…მორჩა, დავამთავრე… სულ ეს იყო, რაც უნდა მეთქვა… ახლა ჯერი შენზეა _ როგორც გულმა გიკარნახოს, ისე მოიქეცი…»…ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა… 888ეს, ალბათ, ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთიმეორის მიყოლებით წაეწყო უსიამოვნებები.დილით ავდექი თუ არა, მაშინვე ინტერნეტი ჩავრთე, რომ მენახა, დათომ რა მოიმოქმედა. ჩემი შიში გამართლდა. ის გამქრალიყო ვირტუალური სივრციდან. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა ვიგრძენი. ძალიან, ძალიან ცუდად გავხდი. რაღაც მარწუხივით მიჭერდა გულზე, სუნთქვა გამიძნელდა, მთელი სხეული დამიბუჟდა. არ უნდა დამეძალებინა მისთვის, გაემხილა თავისი ვინაობა. ხომ მითხრა, გავქრებიო, ხომ ვიცოდი, რომ ამას გააკეთებდა.კვლავ ლოგინში შევწექი და საბანი მჭიდროდ შემოვიხვიე. ვერაფრით ჩავთბი, ისე მციოდა, კანკალს ვერ ვიკავებდი. მერე… მერე ვიტირე. მარტო ვიყავი და ამიტომაც თავის შეკავება არ მიცდია. ვზლუქუნებდი და ვზლუქუნებდი. წამითაც არ მიფიქრია იმაზე, მიღირდა კი ეს იდუმალებით მოცული ურთიერთობა ცრემლებად? ვის მივტიროდი? რატომ მქონდა იმედი, რომ ამ ნაცნობობიდან რამე გამოვიდოდა? ასე სულელურად როგორ შემიყვარდა? სხვებს ვასწავლიდი ჭკუას და თვითონ როგორ გავები მახეში? გული მიგრძნობდა, რომ ის აუცილებლად გამოჩნდებოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რამდენი ხანი დასჭირდებოდა ამას. ის ვერ მოითმენდა, ვერ გაძლებდა უჩემოდ, რადგან ჩვენი ურთიერთობა სიყალბეზე არ იყო დამყარებული. ყველაფერი, რაც ჩვენ შორის ხდებოდა, ყველაზე გულწრფელი, ყველაზე სუფთა და ყველაზე კეთილი ზღაპარი იყო, ყოველგვარ აგრესიას, ბოროტებას, შურსა და ღვარძლს მოკლებული. ასეთი დასასრული არ შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენს ნაცნობობას.როდის-როდის დავმშვიდდი. რაღაც მომენტში ჩამეძინა კიდეც. მეძინა, მაგრამ არც მეძინა. ვბორგავდი, ვშფოთავდი, ნახევრად ცხადად ვხედავდი კოშმარულ სიზმრებს, თითქოს რაღაც მახრჩობდა, მანადგურებდა და თავს ვერ ვშველოდი.ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. ლიზიკო მირეკავდა. როგორ მივივიწყე ბავშვი, დათოს გაქრობამ ჩემთვის კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი დამავიწყა._ ცოცხალი ხარ? _ ლიზას რატომღაც, უცნაური ხმა ჰქონდა, ნამტირალევი მომეჩვენა._ ჰო, მოვდივარ უკვე. ბასა ხომ კარგადაა?_ ბასა კარგადაა, მაგრამ სხვა ცუდი ამბავი მაქვს._ რა მოხდა? _ კიდევ ერთხელ შემეკუმშა გული._ შენმა ქმარმა დარეკა, სასა გარდაიცვალა. _ ტირილნარევი ხმით მაუწყა მამიდამ._ რას ამბობ! ახლავე წამოვალ!ფართხაფურთხით ჩავიცვი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ჩაცმულობისთვის ყურადღება არ დამითმია. დათოს გაუჩინარების შემდეგ ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო. არც მაკიაჟი გამხსენებია, არც ვარცხნილობა, სასწრაფოდ ამოვიცვი ჯინსის შარვალი, წითელი სვიტერი და გავვარდი.გზად ფიქრიას დავურეკე, ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე, სათნოების სახლში გამოსულიყო და ბასასთვის მიეხედა, სანამ ჩვენ გოჩასთან გავიდოდით._ სიკვდილის წინ თურმე სულ ჩემს სახელს გაიძახოდა, _ ცრემლად იღვრებოდა ლიზიკო, _ ამ საზიზღრებმა კი ერთხელ არ დამირეკეს, ერთხელ! მივიდოდი, იქნება და რა ჰქონდა სათქმელი იმ საცოდავს! ჩემი ბრალია, უნდა წამომეყვანა უკან, მე უნდა მიმეხედა!_ გაჩუმდი, მამიდა! აქ რომ გარდაცვლილიყო, იმათი ყბიდან ვერ ამოხვიდოდი, ყველაფერი ჩვენ დაგვბრალდებოდა.ლიზა გაჩუმდა. იცოდა, რომ მართალს ვეუბნებოდი, მაგრამ სინდისის ქენჯნას გრძნობდა, რომ ვერაფრით დაეხმარა მისთვის ძვირფას ადამიანს.ცოტა ხანს დაველოდეთ, სანამ ფიქრია გამოვიდოდა. ბასუსას წავეთამაშე. ისე საყვარლად ჭყლოპინებდა, გული გამითბა. თინიკოსთანაც შეგვეძლო მისი დატოვება, დამლაგებელთან, მაგრამ ლიზამ არ ისურვა, ფიქრიას დაველოდოთო.ისიც მალე მოვიდა. ჩემს მეგობარს არ გამოპარვია ჩემი ჩაშავებული, შესივებული და ნამტირალევი თვალები. იმასაც მიხვდა, რომ ეს მხოლოდ სასას გარდაცვალებით არ იყო გამოწვეული._ მოხდა რამე? _ მიჩურჩულა, როცა ლიზიკო ოთახიდან გავიდა._ მერე მოგიყვები, სახლში რომ წავალთ._ უძინარს ჰგავხარ._ ჰო, ასეა… _ ნაღვლიანად გავიღიმე და მამიდას შევხედე, რომელმაც სწორედ მაშინ შემოიყვანა ბავშვი ოთახში და ფიქრიას კალთაში ჩაუსვა.

მზისფერი პლანეტა - 862521453475
gif

Комментарии