ყველაფერი კრემის შესახებ

კრემი კარაქის, კვერცხის, შაქრის, ნაღების და სხვა პროდუქტების გათქვეფის შედეგად მიღებული ნოყიერი ფაფუკი მასაა, რომელიც არა მარტო მაღალხარისხოვანი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, არამედ პლასტიურობის წყალობით შესაძლებელია მისი მოსართავად გამოყენებაც. მრავალ საუკეთესო თვისებასთან ერთად კრემს გააჩნია ერთი უარყოფითიც, კერძოდ, მალფუჭებადია და ხანგრძლივი დროით არ ინახება.
ყველაზე გავრცელებულია ნაღების კრემი. ათქვეფილი ნაღების კრემი გამოირჩევა განსაკუთრებული ჰაეროვნებით და არაჩვეულებრივი გემოთი.
მისი მომზადების დროს უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:კრემი კარგად რომ გაითქვიფოს და შესქელდეს, საჭიროა გამოვიყენოთ აუცილებლად 35%-იანი ნაღები, ხოლო დაბალპროცენტიანი ნაღების შემთხვევაში კრემს ემატება ჟელატინი. ჯელატინის გარეშე მომზადებული ნაღების კრემი მალე კარგავს ფორმას და ამიტომ მომზადებისთანავე უნდა გამოვიყენოთ.
ჟელატინიანი კრემი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ფორმას, მაგრამ არ არის ისეთი ფაფუკი და ჰაეროვანი, როგორც ჟელატინის გარეშე მომზადებული. ნაღების კრემები გამოიყენება სხვადასხვა სახის ნამცხვრისა და ტორტის ზედაპირის მოსართავად, ვაფლის და ფენოვანი ცომის მილაკების შესავსებად. ფენებს შორის ასეთი კრემი საუკეთესოა მხოლოდ ბისკვიტის ტორტებსა და ნამცხვრებში. ფხვიერი და ფენოვან ფირფიტებს შორის ნარების კრემს გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ამ კრემის მოსამზადებლად ნაღები კარგად უნდა გავაცივოთ, სასურველია ცივ წყალში ან ყინულზე მოთავსებულ ჭურჭელში გავთქვიფოთ.როცა კარგად გაითქვიფება, თანდათან დავუმატოდ შაქრის პუდრი და ვანილის შაქარი. ვინაიდან ასეთი კრემი მალე მჟავდება, მომზადებისთანავე უნდა გამოვიყენოთ. ნაღების კრემის არომატიზატორად საუკეთესო და უცვლელია ვანილი. არ არის რეკომენდირებული ამ სახის კრემის შეღებვა.
რაც შეეხება ჟელატინიან კრემს 0.5 ჭიქა 20-35%-იან ნაღებს დავუმატოდ 0.5 ჟელატინი და დავალბოთ ნაღებში, 2 საათის შემდეგ, როცა გაფუვდება, ჟელატინის გადნობამდე ჭურჭელი მოვათავსოთ ცხელ წყალში. შემდეგ შევავსოთ დანარჩენი ნაღებით, შევაგრილოთ და გავტქვიფოთ. შესაძლებელია ამგვარი კრემის შეღებვა საკვები საღებავებით. ჟელატინის გემოს გასანეიტრალებლად გავუკეთოდ რომელიმე არომატიზატორი.
ამასთანავე შეგვიძლია დამუვატოდ დაჭრილი ნიგოზი, ცუკატები ან თხილი. ჟელატინიანი ნაღების კრემის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია კრემი, რომელსაც ემატება წყის აბაზანაზე მოხარშული გოგლიმოგლი.
საუკეთესო კრემები მზადდება არაჟნისგანაც. გასათქვეფად მომზადებული არაჟანი უნდა იყოს ახალი და კარაგდ შეგრილებული. როგორც ნაღების, ასევე არაჟნის კრემებიც არსებობს ჟელატინით და ჟელატინის გარეშე. ჟელატინის გარეშე მოსამზადებლად საჭიროა 1 ჭიქა არაჟანი, 4 ს/კ შაქრის პუდრი, 5 გ ვანილის შაქარი.ჟელატინიანის ვარიანტში კი ემატება 1 ჩ/კ ჟელატინი და მზადდება იმავე ტექნოლოგიით, როგორც ნაღების კრემი. არაჟნის კრემს ზოგჯერ ნაღებთან ერთად ამზადებენ. არსებობს კიდევ ნაღების და კარაქის კრემი-"ყაიმაღი", რომლის სამშობლოც შუა აზიაა.
ცილის კრემების ფუძეს წარმოადგენს შაქართან ერთად გათქვეფილი კვერცხის ცილა. ასეთი კრემები კარგად გამოიყენება ნამცხვრის ფენებს შორის.
პოპულარულია მოხარშული ცილის კრემიც, რომელიც შაქრის ნაცვლად ვაჟინზე მზადდება და იხარშება ორთქლის აბაზანაზე განუწყვეტლივი თქვეფით.
მოხარშული ცილის კრემს ხილის ჯემისა და ჯელატინის დამატებით ეწოდება ზეფირი.
მოხარშული კრემი არსებობს მრავალი სახის, კვერცხის გარეშე, კვერცხით, კვერცხის გულებით. სახამებლით, პურის ფქვილისა და სახამებლის ნაზავით და სხვა. მოხარშული კრემის მომზადების დროს გასათვალიწინებელია რამდენიმე მომენტი:მოხარშული კრემი მზადდება სქელძირიან ქვაბში, რომ მიწვა ავიცილოთ თავიდან. მომზადებული კრემი უნდა გავაცივოთ მაცივარში და ზედაპირზე მოვაბნიოთ ცოტაოდენი შაქარი, რომ აპკი არ გაიკეთოს. მოხარშული კრემით ავსებენ ტარტალეტებს, ფენოვან მილაკებს, მოხარშული ცომის ნაწარმს- შუს და ეკლერს, გამოიყენება ტორტის და სხვა ნაცხვრების ფენებს შორის წასასმელად. ემატება ვანილი და სხვა არომატიზატორები.
კარაქის კრემი ყველაზე უკეთ ინარჩუნებს რელიეფურ ფორმას და ამიტომ საუკეთესო ვარიანტია მოსართვად. არსებობს კარაქიანი კრემის 5 ძირითადი ვარიანტი-შესქელებული რძით, შაქრის ვაჟინით, შაქრის პუდრითა, რძით და კვერცხით. ასეთივე კრემის მოსამზადებლად კარაქი უმარილო და მაღალი ხარისხის უნდა იყოს.
კრემების საღებავად გამოიყენება საღებავები, ამასთანავე ისპანახის, ჭარხლის და სტაფილოს წვენები, მაგარი ყავა, შოკოლადი.
არომატიზატორად გამოიყენება უმთავრესად ვანილი, ვანილინი, ვანილის შაქარი. ასევე თაფლი, ხილის და კენკრის ნატურალური წვენები, განსაკუთრებულად მარწყვი, ალუბალი, ჟოლო, ანანასი, ციტრუსები, ნუში, ნიგოზი, გარგარი. ტორტის კრემს ხშირად უმატებენ რომს და კონიაკს.
ამ საბაზო კრემებზე კონდიტერები უამრავ ვარიაციას ქმნიან და კრემებს ახალ-ახალი პროდუქტებით ამდიდრებენ. კრემებისგან დამოუკიდებელ დესერტებს ქმნიან სხვადასხვა ინგრედიენტის დამატებით. უნდა აღინიშნოს, რომ ტორტის მომზადების დროს ძირითადად რამდენიმე სახეობის კრემი გამოიყენება, რომლებიც ერთად ჰარმონიულ თაიგულს ქმნიან. კრემის არომატიზირების დროს უნდა გავითვალისწინოთ ის არომატიც, რაც გამოყენებულია ტორტის ფენების დასანამად.
#новости

Комментарии