$$$წყალქვეშა სასაფლაო - დათო ცინდელიანისა და პაატა ქარდავას დახვრეტა!
2008 წლის აგვისტოს შუაწელი.
ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები სულ რამდენიმე დღის დასრულებულია.
რუსული დათვის მიერ დატორილ საქართველოს ღია ჭრილობიდან სისხლი ჯერ ისევ თქრიალით სდის.
თუმცა, ნაციონალურ ფაშიზმს სისხლი კიდევ სწყურია – ქართველთა სისხლი.
ჰო, ნაციონალურ ფაშიზმს ეცოტავებოდა ქართველთა ცხედრები, რომლებითაც სამაჩაბლოს მიწა იყო მოფენილი.
ნაციონალურ ფაშიზმს არ აკმაყოფილებდა მუხათგვერდში ბულდოზერებით გათხრილი საძმო საფლავები.
ის კი არა, ნაციონალურ ფაშიზმს ქართველთა დასამარხად ხმელეთიც აღარ ჰყოფნიდა.
და გახსნა ნაციონალურმა ფაშიზმმა წყალქვეშა სასაფლაო.
მეტყევე-რეინჯერ დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობას აბრალებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუს მეგობარ გოგონასთან სატელეფონო საუბარში სიტყვა ,,კოდორი" ახსენა.
თუ რამეზე ეჭვი ჰქონდათ, ცინდელიანი უნდა დაეკავებინათ, საქმე გამოეძიებინათ, კონკრეტული სამხილების საფუძველზე მისთვის დანაშაული დაემტკიცებინათ და სასამართლოს წინაშე წარედგინათ.
ასე მოიქცეოდნენ დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოში კი ნაციონალური ფაშიზმი სხვა ,,კანონებით" და სხვანაირი ,,სამართლით" ხელმძღვანელობდა.
კაცისკვლა ერქვა იმ ,,კანონებს" და იმ ,,სამართალს".
2008 წლის 16 აგვისტოს დათო ცინდელიანი მამასთან – ზაურ ცინდელიანთან ერთად სვანეთიდან ქუთაისისკენ მიემგზავრებოდა, სადაც დასავლეთ საქართველოს სატყეო სამმართველოს თანამშრომელთა გაერთიანებული თათბირი იყო დანიშნული.
ქუთაისში მამა-შვილ ცინდელიანებს კუდ-ის თანამშრომლები დახვდნენ. დათო მანქანაში ჩაისვეს და გეზი თბილისისაკენ აიღეს, მაგრამ მალევე კუდ-ის უფროსის დათა ახალაიას სატელეფონო ზარი გაისმა – მან საკუთარ ხელქვეითებს უბრძანა, მეტყევე-რეინჯერი ცინდელიანი თბილისის ნაცვლად ბათუმში ჩაეყვანათ.
კუდელებმა თუ კუდიანებმა ახალაიას დავალება შეასრულეს – დათო ცინდელიანი ბათუმში ჩაიყვანეს და კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს რომან შამათავას მიჰგვარეს.
შამათავამ და მისმა ხელქვეითებმა ახალგაზრდა მეტყევე-რეინჯერი შავი ზღვის ნავმისადგომთან მიიყვანეს, სადაც წინასწარ დაბევებული მოტორიანი ნავი ელოდებოდათ.
შამათავამ დათო ცინდელიანს თვალები აუხვია და ნავში ჩასვა, მერე კი თავის ერთ-ერთ თანამშრომელს უბრძანა, გამომყევიო.
ზღვაში ნავით სამნი გავიდნენ - შამათავა, მისი ხელქვეითი და თვალებახვეული ტყვე დათო ცინდელიანი.
ნაპირს დაახლოებით 4-5 კილომეტრით მოშორდნენ.
ზღვა არ ღელავდა.
არ ღელავდა ჯალათიც.
შამათავამ მშვიდად მოიმარჯვა ცეცხლსასროლი იარაღი და დათო ცინდელიანს ტყვია პირდაპირ თავში დაახალა.
მეტყევე-რეინჯერი იქვე გათავდა. ჯალათს მეორე გასროლა აღარ დასჭირვებია. პისტოლეტს ლულაზე აკოცა - რა კარგი ,,გატანა" გქონიაო!
ზღვა ისევ არ ღელავდა.
არ ღელავდა ჯალათიც.
შამათავამ მშვიდად აიღო რკინაბეტონის ნაჭერი, დათო ცინდელიანის გვამს თოკით ფეხზე შეაბა და...
ზღვიდან სანაპიროზე სამის მაგივრად მხოლოდ ორნი დაბრუნდნენ – შამათავა და მისი ხელქვეითი.
აი, ასე: არანაირი გამოძიება, არანაირი მტკიცებულება, არანაირი სასამართლო, მხოლოდ ცხელი ტყვია და რკინაბეტონის ნაჭერი.
დათო ცინდელიანის ცხედარი შავმა ზღვამ დანთქა.
ზღვა არ ღელავდა.
არ ღელავდა ჯალათიც.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერ პაატა ქარდავას ზუგდიდში, ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და თავისივე ავტომანქანით ფოთისაკენ გაიტაცეს.
იდგა 2008 წლის 27 აგვისტო.
სულ 11 დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც აფხაზეთის კუდ-ის უფროსმა რომან შამათავამ შუა ზღვაში დახვრიტა მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი.
დათოს გვამი, ალბათ, ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამხდარიყო წყლის ბინადართა ნადავლი.
ზუგდიდის ცენტრიდან გატაცებული პაატა ქარდავა, რომელსაც ხელბორკილი ედო და თვალები ახვეული ჰქონდა, სოფელ ცაიშთან ,,ნივის" მარკის ავტომობილში გადასვეს და ოზურგეთისკენ გაუყენეს გზას.
კვალი რომ აერიათ, ქარდავას კუთვნილი ,,მერსედესი" ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში წაიყვანეს და აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დატოვეს.
იმიტაცია შექმნეს, თითქოს ქარდავა, რომელსაც სეპარატისტებთან თანამშრომლობას სწამებდნენ, აფხაზეთში გაიქცა.
ზუგდიდიდან გატაცებული და დატყვევებული პაატა ქარდავა ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში რომან შამათავას გადასცეს.
შამათავამ ქარდავა ბათუმში წაიყვანა.
შავი ზღვის სანაპიროსთან ისევ იდგა მოტორიანი ნავი.
ისევ ის ნავი.
რომან შამათავამ პაატა ქარდავას თვალები აუხვია და ნავში ჩასვა.
ამჯერად სხვა არავინ უახლებია თან.
ზღვაში მხოლოდ ორნი გავიდნენ – ჯალათი და მსხვერპლი.
ცოტა შორს შეცურეს – ნაპირიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე.
ზღვა ოდნავ ღელავდა.
საერთოდ არ ღელავდა ჯალათი.
შამათავამ, ისევე, როგორც 11 დღის წინათ, მშვიდად მოიმარჯვა ცეცხლსასროლი იარაღი და პაატა ქარდავას ტყვია თავში დააჭედა.
მეორე გასროლა არც ახლა დასჭირვებია.
ნავზე ისევ იდო ბეტონის ნატეხი, რომელიც შამათავამ პაატა ქარდავას ფეხზე შეაბა და ცხედარი ზღვაში გადაუძახა.
კვლავ არანაირი გამოძიება, არანაირი მტკიცებულებები და არანაირი სასამართლო, ისევ ის ჯალათი, ისევ ის ნავი, ისევ ცხელი ტყვია, ისევ ისეთი ბეტონის ნატეხი და სხვა მსხვერპლი.
ზღვა ნელ-ნელა უმატებდა ღელვას.
ჯალათს ღელვის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
შამათავა სანაპიროსთან მარტო დაბრუნდა.
ნაციონალურ ფაშიზმს ქართველთა დასამარხად ხმელეთი აღარ ჰყოფნიდა!
ამიტომაც ნაციონალურმა ფაშიზმმა წყალქვეშა სასაფლაო გახსნა!
ზღვაში დამარხული დათო ცინდელიანისა და პაატა ქარდავას სულები სიმშვიდეს მანამდე ვერ ჰპოვებენ, სანამ მათი მკვლელი ნაციონალური ფაშიზმი არ გასამართლდება და სამუდამოდ არ დაიმარხება!
საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ვერ გააკეთა!
ეს ქართველი ერის გასაკეთებელია!
Natqvamia bebias najamma tyemalmao shvilishvils mohkveta kbilio Da es tqveni codva shtamomavlobaze gadadis ratom ras ercodit
Gmerto natelshi amyofe am ori adamianis tanjuli suli
Ras ganicdidnen mashin vin icis gmerto amin amin amin