Комментарии
- 26 ноя 2020 11:43Tqven iset karg rameebs debt, rom interesi ar damekargeba aranairad, piriqit ise velodebi xolme
- 26 ноя 2020 11:49მაგის გათხოვებასა თუ გათხოვება ქვია... ნაგავი ქმარი და უარესი დედამთილი შეხვდა.. მასეთს ნამდვილად ეკუთვნის მიტოვება.. მითუმეტეს თაია ბავშვია,, არ იმსახურებს მისი მოღალატე ქმარი არც ერთგულებას.. მე თაის მშობლებზე მომდის ბრაზი.. ასე როგორ უნდა გაწირონ შვილი..მოკიდე შენ შვილს ხელი და წაიყვანე უვარგისი ქმრისგან...
- 26 ноя 2020 12:50რა თქმა უნდა ასეთ ოჯახში როგორ შეიძლება შვილის დატოვება მაგრამ რადგანაც იქ რჩება ამიტომ ჩემთვის მიუღებელია წადი და მერე როგორც ჩათვლი ისე მოიქეცი რა ვქნა მე კონსერვატორი ვარ
- 26 ноя 2020 13:12ჰქონდა კი წასასვლელი? ჯერ ადრეა ანალიზი..შემდეგ თავებსაც რომ წაიკითხავთ მერე უკვე არ გაკიცხავ არანაირად.
- 26 ноя 2020 14:06Yvelas aqvs upleba imsaxuros sitbo da alersi, siyvaruli da pativiscema, moqceuliyo mere kargad qmari da ojaxiswevrebida arasodes gaixedavda sxvis Ken, asea raxan qalia araaaqvs imis upleba bednieeiiyos, ra damanaxa qmarma tanjvis meti, moeqcnen kargad yvela qalebs da aravin gaixedavda sxvis Ken, ar ert qals ar gavamttunev aset situaciashu,
- 26 ноя 2020 14:48დაველოდები აუცილებლად საკითხავად კარგია არ ვკიცხავ ყველა თავისებურად წარმართავს თავის ცხოვრებას
- 26 ноя 2020 15:3216 თავია... მოგიწევთ ჯერ სიამოვნებაც და ნერვიულობაც..მაგრამ ფინალი ღირს ამად.
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
777 უდანაშაულო დამნაშავე
თავი 4
მაგრამ... თუ კი, მე მოვწონდი, მარინეს რატომღა უყადრიდა თავს, ამას ვერ ვიგებდი. არა და, ვატყობდი, რომ ისეთი მზერით მიმზერდა, მართლა ვაღელვებდი.
_ფეისბუქზე პირადი გვერდი მაქვს, სადაც ჩემი გადაღებული ფოტოები სრულად მაქვს ატვირთული. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია მომძებნო და დაათვალიერო.
მართალია თანხმობა არ მითქვამს, მაგრამ არც უარი მითქვია. ისევ მის მოულოდნელ შეჯახებაზე და თითქმის ჩახუტებაზე ვფიქრობდი. სერიოზულად მირევდა ეს ბიჭი თავ-გზას. იქნებ, ხვდებოდა ჩემს ზრახვებს და მიტომაც "მეჩალიჩებოდა"ასე?
_გეგე!!! გეგე!!!_შორიდან მარინეს ხმა რომ შემომესმა, ახლა ამაზე შევკრთი.
არ მინდოდა ამ ამბიტანიას დავენახე გეგესთან განმარტოებული და მამიდასთვის მიეტანა ამბავი. ეტყობა, არც გეგეს უნდოდა, რომ ერთად დავენახეთ და ამიტომ მეორე ვენახში გადავიდა, ვითომ ვერ გაიგო მარინეს ძახილი. მზერა გავაყოლე. მოხდენილად და ლამაზად მიდიოდა. ასი პროცენტით დავრწმუნდი იმაში, რომ თუ ჩემთან სექსი მოუნდებოდა, უარს ვერ ვეტყოდი, იმიტომ რომ მე თვითონაც ძალიან მინდოდა. უბრალოდ, მარინესავით არ ვამჟღავნებდი, თორემ მეც ძალიან მინდოდა მის სიახლოვეს ყოფნა.
იმის საპირისპირო მიმართულებით წავედი, საითაც გეგე წავიდა. მართლა არ მინდოდა, რომ მარინეს ერთად ვენახეთ. თვითონ გასათხოვარი იყო და მისთვის ყველაფერი შეიძლებოდა. მე? არც ახლა და არც გასათხოვრობისას არავის არ უნდა დავლაპარაკებოდი. ყოველთვის მქონდა ზღვარი. ზღვარი კი არა და ვიწროზე ვიწრო ჩარჩოები.
_გეგე არ გინახია?_ისე ჩუმად მომიახლოვდა მარინე, შევკრთი.
_არა._ვიცრუე და ისე, რომ ზედაც არ შემიხედია მისთვის, ისევ მუშებთან დავბრუნდი.
შორიდანვე მესმოდა ვახოს მხიარული ლაპარაკი.
_ერთხელ გადაურეკა, გაუთიშა. მეორედ გადაურეკა, კიდე გაუთიშა. რომ შეღონდა, შენი კარგიცო შეუკურთხა და მიაგდო ტელეფონი. გავიხედოთ და, ცოტახანში ახლა ფატიამ არ გადმოურეკა? აქეთ საყვედური უთხრა, "რა იყო ბიჭო, ვერ უნდა მიხვდე, რომ აბანოში ვარო?"_გულიანად გადაიხარხარა._გეგონება გულთმისანი იყო და გაიგებდა ფატი აბანოში იყო თუ არა.
იმხელა ხმაზე ხარხარებდნენ მუშები ვახოს მონაყოლზე, მგონი სოფლის ბოლოზე ესმოდა ხალხს მათი ჟრიამული. გივი კი, ვის ამბავსაც ყვებოდა ვახო, უშნოდ იღრიჭებოდა და დარცხვენილი ვერაფერს ვეღარ ამბობდა.
_რაო კატია, ხომ ყველაფერი კარგადაა? _მე რომ დამინახა ალბათ ცოტა მოქრუშული, მაშინვე დასერიოზულდა ჩვენი ბრიგადირი.
_ისეთი არაფერი. დედაჩემს ველაპარაკე...
_ცუდია რამე?_არ მომეშვა ვახო.
_არა._გაღიმება ვცადე.
_ჭამას მორჩი? დაჯე, ჯერ კიდევ გვაქვს დრო...
შოკას გვერდით ჩამოვჯექი ისევ და შოკოლადს გადავწვდი.
_ყავას არ დალევ?_შოკამ ფინჯანი მომიმარჯვა,_ახლახანს მოვადუღე.
ძალიანაც კი არ მინდოდა, მაგრამ უარი არ მითქვია.
_ყავის სმას რომ მორჩებით, ვისაც მკითხაობა გინდათ, დაატრიალეთ ფინჯნები, უნდა გიმკითხაოთ._თაზომ ყველას გამოგვიცხადა.
_მკითხაობაც დაიწყე თაზოჯან?_იმედამ ბეჭებში წამოარტყა ხელი.
_ზედმეტი შემოსავალი მაწყენს ვითომ? ჩემს ცოლ-შვილს შენახვა ხომ უნდა?
მუშებმა სინქრონში გადაიხარხარეს ისევ მადიანად.
_რა გინდა ახლა შენ, სოფიკო მკითხავს კოვზი უნდა ჩაუგდო ნაცარში და იმის ქმარ-შვილს გამოაცალო ლუკმა პირიდან?_არ ეშვებოდა იმედა.
_არა ძმაო, რათა?_გაიოცა თაზომ.
_მაგით ჭამს და აჭმევს თავის ოჯახს ის ქალი. მოუნდა ახლა ამას მკითხაობის დაწყება...
მარინემ ეტყობა, რომ გეგე ვერ იპოვა და ამიტომ უკმაყოფილო სახით დაბრუნდა ჩვენთან. რატომღაც მესიამოვნა მისი მოღუშული და უკმაყოფილო სახის დანახვა. თან, უფრო ის გამიხარდა, რომ ვერ იპოვა. მართლა ძალიან მაღელვებდა ეს ბიჭი და მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი...
ყავის დალევა მარინემაც მოისურვილა. მის გამო ცოტა გადავამეტეთ შესვენების დროს და ისე გავედით ვენახში. გეგე კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. გულისყური მისკენ მქონდა. ხმამაღლა არ ვყვიროდი, თორემ მის ყოველ ნაბიჯს მივტიროდი.
_ხვალ დასვენება გვაქვს. ჩვენი უფროსი თხას კლავს და ყველას გვეპატიჟება. ჩვეულებრივ გამოცხადდებით, როგორც სამუშაოდ. ეგ არის სამუშაო საათები არ დაგეწერებათ და ვიქეიფებთ გემოზე.
_გეგეც ხომ იქ იქნება?_მარინემ დაუფარავად იკითხა და ვახოს სიცილიც დაიმსახურა.
_იქნება, აბა მაშ როგორ?
მე საჩემოდ გამიხარდა. მარინე უეჭველი იქნებოდა და მეც მეღირსებოდა წასვლა. ჩემს დედამთილს ძალიანაც რომ მიებჯინა ფეხები, მარინე ჩემს გარეშე არ წავიდოდა. სხვა ბევრი უარყოფითი თვისებები კი ქონდა, მაგრამ ამ მხრივ არ იყო ცუდი, იცოდა რომ მეც მინდოდა სულ ცოტა გართობა მაინც.
_მაშ ხვალ თხის ჩახალული გვიჭამია და გვისიამოვნია?_გაუხარდა თაზოს.
_როცა გასაყიდ ყურძენს რჩება და სახლის რთველს იწყებს, ყოველთვის კლავს და მუშებს და ნათესაობას აქეიფებს._დაუზუსტა ვახომ._ასე ვთქვათ, ტრადიცია აქვს ასეთი. თანაც ქალები ოჯახში, კაცები კი ვენახში ვქეიფობთ.
ეს კი არ მომეწონა. გეგეს მაინც ვერ ვნახავდი და რა აზრი ქონდა ჩემს საქეიფოდ წამოსვლას?
_უარი არავისგან გავიგო. იცოდეთ, რომ დილით ჩვეულებრივ ცხრა საათზე გამოცხადდით პოსტზე. უფროსი არ გააბრაზოთ. თანაც კარდინალის ღვინო აქვს საცდელად დაწურული და ის უნდა გავსინჯოთ, დეგუსტაცია ჩვენ უნდა ჩავუტაროთ.
_ხვალ ვქეიფობთ? უი, რა კარგია._გაუხარდა მარინეს.
_ხვალ კი, დღეს ვმუშაობთ და აბა ჰე, ყველა ვენახში.
ცარიელ ვედროებს წამოვავლე ხელი და ყურძნის საკრეფად წავედი, როგორც რომ მოწინავე მუშა. შოკაც უკან მომყვა. მარინეს აშკარად ეტყობოდა, რომ გეგეს ელოდებოდა და ფეხს ითრევდა. ბოლოს, რომ აღარა და აღარ გამოჩნდა გეგე, კეთილი ინება და მე და შოკას მოგვიდგა გვერდით. სად იყო და სად არა, გეგეც გამოჩნდა ცივი ლიმონათის ქილებით დატვირთული. პირველ ჯერზე ჩვენთან მოვიდა.
_ვის რომელი გესიამოვნებათ აბა, "სპრაიტი", "კოკაკოლა" თუ "ფანტა"?
მარინემ მაშინვე "ფანტას" დაავლო ხელი. შოკამაც მას მიბაძა. მე "სპრაიტი"ვარჩიე. გეგეს მადლობა მოვუხადე, ჩრდილში ჩავიცუცქე ვაზის ძირში და სიამოვნებით დავლიე. ათ წუთიანი შესვენება ახლა ამისი გამოგვივიდა.
_ნუ მიგვაჩვევ ორსგან, თორემ მერე ხომ იცი, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ, დაუჩვეველს ნუ დააჩვევო._იმედამ კეთილი რჩევა მისცა გეგეს, თუმცა "კოკაკოლა" დიდი სიამოვნებით დალია.
ცივი წვენებით, რომ ვისიამოვნეთ, ისევ საქმეს მივუბრუნდით. ხალისით და სიცილ-კისკისით დავკრიფეთ დალოცვილი რქაწითელი. საღამოს კი მე, შოკა და მარინე გეგემ ჩაგვიყვანა სახლში. მარინე წინ გამოეჭიმა გეგეს გამომწვევი სიცილ-კისკისით. ამჯერად ჩემს დედამთილს აღარ უჩხუბია, პირიქით, გაუხარდა კიდეც რომ მარინე გეგეს გამოჭერაზე ჩალიჩობდა. მართალია გეგე იმდენად აღარ მაქცევდა ყურადღებას, მაგრამ უკანა ხედვის სარკიდან ორჯერ დავიჭირე მისი მზერა და ისე გამიხარდა, ვერ აღვწერ.
მარინემ მამიდას აუწყა, რომ ხვალ არ ვმუშაობთ და ვქეიფობთ მიხასთანო. არც ეს გაუპროტესტებია. იმიტომ რომ გეგეს ხელში ჩაგდება მათი პრიორიტეტი იყო უკვე. საღამოს კი, დასაწოლად რომ შევედი ჩემს ოთახში, კარი შიგნიდან ჩავიკეტე და ლამის მთელი გარდირობი გადმოვყარე და ყველა სათითაოდ მოვირგე და მოვიზომე. რა ჩამეცვა არ ვიცოდი, ვერაფერი მოვირგე რატომღაც. ვერ მოვიხდინე. შეიძლება ხვალ ვერც კი მენახა გწგე, მაგრამ მაინც ვიპრანჭებოდი. გამომწვევი ტანსაცმელი ნამდვილად არ მქონდა და არც ვაპირებდი რამე ისეთის ჩაცმას. ჩემის აზრით, თუ გინდა რომ კაცს თავუ მოაწონო, უფრო მოკრძალებულად უნდა ჩაიცვა. რა საჭიროა ვულგარულად და ქუჩის კახპასავით ჩაცმა, თუ მის მოხიბვლას ცდილობ და არა დაშტერებას?
ბევრი ქექვისა და მოზომების მერე, ძლივს ძველისძველი სარაფანი აღმოვაჩინე. ყველაზე მეტად ის მიყვარდა ერთ დროს და კომფორტულადაც კი ვგრძნობდი მასში თავს. მერე რატომღაც მივივიწყე. ახლა კი ძალიან გამიხარდა, რომ აღმოვაჩინე. ღამე ტკბილად მეძინა. მიზეზი რა იყო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მშვიდად არასდროს მძინებია.
მარინეს როგორც ყოველთვის ზედმეტად გამომწვევად ეცვა. მამიდამისს მართლა არ დაუშლია ეს რა გაცვიაო. ჩემი სარაფანი მართლა არ მოეწონა, იმიტომ რომ ძალიან მიხდებოდა, მაგრამ მისი ძმიშვილის ფონზე ოდნავ მოშიშვლებული მხრები მაპატია. შოკასთან რომ გავედით, გეგემ მოგვაკითხა. მისი კმაყოფილი მზერა წამიერად რომ დავიჭირე, უზომოდ მესიამოვნა. მარინე მაშინვე წინ ჩაუხტა გამომწვევი კისკისით. რა შევნიშნე იცი? შეიძლება მეჩვენებოდა კიდეც, მაგრამ მარინეს სულ სხვა თვალით უყურებდა. ალბათ მის საწოლში ჩაწოლასაც არ მოერიდებოდა, ისე უყურებდა, როგორც ქალს, რომელიც მისი ვნების დასაკმაყოფილებლად იყო, მაგრამ მე? მე სულ სხვა თვალით მიყურებდა. არ არის გამორიცხული, რომ მეჩვენებოდა, მაგრამ რათაც სინაზეს და დიდ პატივისცემას ვგრძნობდი მისგან. სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ ყურადღებას მე არ მაქცევდა, თუმცა წამიერად კი ვგრძნობდი მისგან წამოსულ ძლიერ იმპულსებს ჩემს მიმართ.
მიხას სახლისკენ რომ არ ავიღეთ გეზი და გეგეს სახლისკენ გადავუხვიეთ, გამიკვირდა. აღმოჩნდა, რომ მასთან ვქეიფობდით. მიხას მან დაუთმო საქეიფო ადგილი. ქალიან-კაციანად ერთად ვიყავით და ბუხრის ვრცელ ოთახში ოცდაათ კაცზე მაინც ქონდათ სუფრა გაშლილი. მიხას ცოლი თამთა და თამთას და და მიხას დები ცქრიალებდნენ.
ყოველთვის მე ვარ ხოლმე მასპინძი და ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობდი თავს სტუმრის სტატუსით რომ ვიჯექი.
_თურმე რისთვის დაგვალაგებინა გეგემ სახლი, ხედავ?_შოკამ მუჯლუგუნი წამკრა და ისე, რომ მარინეს არ გაეგო, მიჩურჩულა.
მე და შოკა გვერდიგვერდ დავსხედით სუფრასთან. მარინემ კი, იმდენი იძვრინა, რომ გეგეს მიუჯდა გვერდით. მე და გეგე კი პირისპირ აღმოვჩნდით. მე ნამდვილად არ მიზრუნია ამაზე. გეგესი რა ვთქვა, მართლა არ ვიცი. მარინე ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. გემრიელად გამოთვრა. ისე ხომ არ იყო თამამი და უარესად გათამამდა. არავის და არაფერს აქცევდა ყურადღებას გეგეს გარდა. შევამჩნიე, რომ მას ერთი ჭიქაც კი არ დაულევია სასმელი. მე და შოკამაც დავლიეთ სამი თუ ოთხი ჭიქა საფერავი. ჯიგრულ ხასიათზე დამაყენა. იმდენი ჭკვა კი მქონდა, რომ არავის არ ჩამოვკიდებოდი კისერზე. არავის რაა, გეგეს ვგულისხმობ.
***********
ჭკუა სხვა რამე იყო და სურვილები სხვა. სურვილი დიდი მქონდა ჩემი ოცნების მამაკაცს გვერდით მივჯდომოდი, როგორც მარინე ეჯდა, მის მხარზე მიმედო თავი და ჩავხუტებოდი. არც მის მოფერებაზე ვიტყოდი უარს და დარწმუნებული ვიყავი, მისი კოცნა გულს გამიჩერებდა. მალულად შევყურებდი, როგორ ესაუბრებოდა ღიმილით მარინეს და როგორ ზრდილობიანად და თავდაჭერით იგერიებდა მიძალებულ მთვრალ ქალს.
_კატო, ჯიგარო, არ გინდა მეცეკვო?_მოულოდნელად თაზომ გამაწყვეტინა ფიქრის ძაფი.
დაბნეულმა ავხედე. ერთხანს უაზროდ ვუყურებდი. მერე კი უარით გავისტუმრე, ხასიათზე არ ვარ-მეთქი. ცეკვით დიდი სიამოვნებით გეგეს ვეცეკვებოდი, მაგრამ ის მარინეზე იყო კონცენტრირებული.
_სვანებზე რომ ანეგდოტებს ყვებიან, ყველაფერი სიმართლეაო და მართლა?_ხმამაღლა კისკისებდა მარინე და გეგეს ცხვირზე მსუბუქად ურტყავდა წკიპურტებს.
_კახელებზე რომ ყვებიან ანეგდოტებს, ეგ სიმართლეა?_გეგეც იღიმოდა, თუმცა მეჩვენებოდა, რომ ნაძალადევად.
_გაზვიადებულია, გაზვიადებული._კისკისებდა მარინე.
_ხო და, სვანებზეც გაზვიადებულია._ცოტა სერიოზულადაც თქვა გეგემ და სუფრიდან წამოდგა.
_გეწყინა?... მართლა სვანი ხარ რა._მარინეც წამოდგა და ბარბაცით მიყვა უკან.
მარინეზე მომეშალა ნერვები, იქნებ ბიჭი საპირფარეშოში მიდიოდა და რას მიყვებოდა უკან? თვალს რომ მიეფარნენ ორივენი, ავღელდი და ავფორიაქდი. რატომღაც ტელეფონზე დროს დავხედე და დავინიშნე. ოცი წუთი არ ჩანდნენ ზუსტად. სტუმრები გვარიანად იყვნენ შემთვრალები და არავინ არავის არ აქცევდა ყურადღებას. ჩემს გარდა რათქმა უნდა. მეც მხოლოდ გეგე მაინტერესებდა და მას ვუთვალთვალებდი.
ვითომც არაფერი, ისე დავიარე ეზოს ყოველი კუთხე-კუნჭული. ვერსად ვნახე ვერც მარინე და ვერც გეგე. ბოლოს, სახლის უკან აუზთან გადავწყვიტე მისვლა. შორიდანვე დავლანდე. სიბნელეში გავისუსე და იქიდან დავუწყე თვალთვალი. დავინახე, რომ მარინემ მოხვია კისერზე ხელები, ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩებში აკოცა. გავბრაზდი და რა გავბრაზდი, მითუმეტეს რომ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც მოხვია გეგემაც მარინეს წელზე ხელები და უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე. თვალთ დამიბნელდა. სურვილი გამიჩნდა დიდი კეტისთვის წამომევლო ხელი და ორივე მადიანად მიმეტყიპა...
თვალცრემლიანი გამოვბრუნდი უკან. მარინე და გეგეც მალე დაუბრუნდნენ თავიაანთ ადგილებს სუფრასთან. მათი მოსვლის მერე მე ავდექი. ერთი კი შემომხედა გეგემ და ისევ მარინეს მიუბრუნდა, რომელიც ისეთი მთვრი იყო, თავს ვეღარ აკონტროლებდა. სახლის უკან გავედი აუზთან. გაუცნობიერებლად ჩამოვჯექი მის კიდეზე და შიშველი ფეხები წყალში ჩავყავი. წყალი ისეთი ცივი იყო, თავიდან შევკრთი, მაგრამ მაინც წყალში ფეხებჩაკიდებული კარგა ხანს ვიჯექი. გვიან მივხვდი, რომ ვტიროდი. რა მატირებდა? ჩემი დაგვიანებული შეხვედრა გეგესთან. სჯობდა, საერთოდ არ შევხვედროდი. რა აზრი ქონდა ახლა ვითომ ჩვენს შეხვედრას? უბრალოდ ამიფორიაქა გული და მთელი ცხოვრება უკვე ტანჯვაში და ტირილში უნდა გამეტარებინა. ჩვენი ერთად ყოფნის შანსი ნოლი იყო და ეს მატირებდა. ორი წლის წინ მაინც შევხვედროდით ერთმანეთს. ახლა რა ჯანდაბად გადაიკვეთა ჩვენი გზები ნეტავი?
_შენ აქ რას აკეთებ?_გეგეს ხმა რომ ვიცანი, შევკრთი და ავღელდი, მაგრამ ვითომ ვერ გავიგე და მისკენ არც კი მოვბრუნებულვარ. არ მინდოდა ცრემლი შეემჩნია ჩემს თვალზე.
ფრთხილი ნაბიჯებით მომიახლოვდა. თვითონაც ჩემს გვერდით დაჯდა, ფეხზე დაიხადა და მე მომბაძა.
_როგორი ცივი წყალი ყოფილა, არ გცივა?_გაუკვირდა.
ერთი კი შევხედე უსიტყვოდ და ფეხზე წამოდგომა დავაპირე.
ხელი მომკიდა და არ გამიშვა.
_გაწუხებს რამე?_თითქოს ჩურჩულით მკითხა.
_არაფერი. რას მატყობ?_ჯიქურ შევხედე. გამაბრაზა მისმა თითქოს და მზრუნველობამ. ფეხები აუზიდან ამოვყავი და მაინც წამოვდექი ფეხზე.
_მოწყენილი და რაღაცნაირად სევდიანი ჩანხარ..._თვითონაც წამოდგა და ჩემს წინ აისვეტა. ოდნავ მაღალი იყო ჩემზე.
_ყველას სევდის მიზეზს კითხულობ?_ირონიული ღიმილით შევხედე._ყველას დარდი და ბოღმა გაინტერესებს ვითომ?_ნაწყენი ვიყავი მარინეს რომ კოცნიდა და ენას ვეღარ ვიმორჩილებდი._მარინემ არ დაგინახოს მე რომ მელაპარაკები, თორემ პრობლემები შეგექმნება.
პასუხი აღარ დაუბრუნებია. ლამპიონის შუქზე ნათლად ჩანდა, რომ რაღაცნაირი თბილი და საყვარელი ღიმილით მომჩერებოდა. თავგზას მირევდა ეს ბიჭი, მაგრამ ისე ვიყავი გაბრაზებული, სიბრაზის გარდა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი. როგორ გაბედა და როგორ აკოცა იმ ატეხილ და აცვენილ მარინეს? ახლა კი ბედავს და მე მელაპარაკება? მართალია, დავინახე, მარინემ თვითონ მოხვია კისერზე ხელები და რომ იტყვიან ძალათი აკოცა, მაგრამ ისიც დავინახე, რომ ამანაც მოხვია წელზე ხელები და მჭიდროდ მიიკრა მკერდზე. გვიან შევნიშნე, რომ პერანგის ორი ღილი შეხსნილი ქონდა და გადაღეღილი მკერდი მოუჩანდა. წამიერად შევავლე თვალი მის ნახევრად მოშიშვლებულ უზადო სხეულს თვალი და გამაკანკალა. მარინესავით მეც რომ არ ჩამოვკიდებულიყავი კისერზე, მაშინვე შემოვბრუნდი და მოქეიფეებისკენ ავიღე გეზი. მისგან შორს გაქცევა მინდოდა, რომ სისულელე არ ჩამედინა.
ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, რომ ჩემს წინ ვეებერთელა შავი ლაბრადორი აისვეტა. შევკრთი. ინსტიქტურად შევტრიალდი და გეგეს შევეჯახე, რომელიც უკან მომყვებოდა თურმე. ცალკე ამხელა ძაღლის დანახვის შიშმა, ცალკე გეგეს მკერდში ჩახუტებამ ისე ამაფორიაქა, წამიერად დამაბნია და მეც მოვხვიე წელზე ხელები. დანარჩენი კი თავისთავად მოხდა. გეგემ ნიკაპზე ამომდო თითები, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. არ ვიცი იქ რა ამოიკითხა, მაგრამ თავდაჯერებულად და თამამად რომ დაიხარა და ჩვენი ტუჩები შეერთდა, თითქოს სამყარო გაჩერდაო. მუხლებში ისეთ სისუსტე ვიგრძენი, დარწმუნებული ვიყავი, ჩახუტებული რომ არ ვყოლოდი, წავიქცეოდი. მისი შავი წვერი სასიამოვნოდ მეღიტინებოდა სახეზე. მისი ტუჩების შეხება სუნთქვას მიგუბებდა და სასიამოვნო ბურანში მახვევდა. მის ძლიერ გულის ფეთქვას ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემი გული ფეთქავდა. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ერთ რიტმში გვიცემდა ორივეს. რომ იტყვიან, თავგზა ამირიაო, ზუსტად ასე დამემართა. მარტო თავგზა კი არ ამერია, დამავიწყდა ვინ ვიყავი, სად ვიყავი, რას წარმოვადგენდი. ერთადერთი რასაც ვგრძნობდი, გეგეს ათრთოლებული ტუჩები იყო და გულის გამალებული ფეთქვა. ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, მართლაც რომ დავფრინავდი ბედნიერების მეცხრე ცაზე...
რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი ეს ეიფორიის შეგრძნება არ ვიცი. მოულოდნელად გამახსენდა, რომ ამ ტუჩებით მარინეს კოცნიდა და სიბრაზისგან სისხლმა ამასხა თავში. გავუძალიანდი, თავი დავაღწიე მის ტუჩებს და მის ძლიერ მკლავებს და ისეთი მადიანი სილა ვუთავაზე, წამიერად შემეცოდა კიდეც.
_შენ მე ვინ გგონივარ?! რამდენს ბედავ?!_არაადამიანური ხმით ვიბღავლე._ახლოს აღარ მომეკარო, თორემ ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ. წადი და მარინეს მიხედე...
რომ შევხედე იღიმოდა და შევკრთი. მაშინვე გავაცნობიერე, რომ მარინეს ხსენებით თავი გავეცი. მიყვარდა და მარინეზე ვეჭვიანობდი ეს ხომ ცხადზე ცხადი იყო? ისევ მომიმწყვდია მკლავებში და ისევ მაკოცა. სანამ გავუძალიანდებოდი, თვითონ შემიშვა მალევე ხელი და ერთ ადგილზე გაშეშებული კმაყოფილი ღიმილით დამტოვა. ეზოს წინა ნაწილში უკანმოუხედავად გავიდა.
უარესად გავბრაზდი. უფრო საკუთარ თავზე, რომ სისუსტემ დამძლია და ეჭვიანობის სცენა დავუდგი. როგორ გაუხარდა კი მარინეზე რომ ვიეჭვიანე. თვითონ წვეთი არ დაულევია სიმთვრალეს რომ დავაბრალო მისი ეს სითამამე და გამბედაობა. არა და, უდავო იყო, რომ მოვწონდი და ვუნდოდი, მაგრამ მარინეს გამოჩენის მერე შეიცვალა ჩემდამი დამოკიდებულება. უფრო გამიუცხოვდა თითქოს და გულგრილი გახდა, მაგრამ წეღან?... ისე მოვწონვარ და ვუყვარვარ, თავი ვერ შეიკავა ვითომ? რატო მირევს თავგზას და რატო მიფორიაქებს გულს ნეტა, ჩემგან რა უნდა, რის მიღწევას ცდილობს?
წვიმის წვეთებმა გამომაფხიზლა. ცას ავხედე უაზროდ. მერე აუზთან დარჩენილ ჩემს ბასანოჭკებს მივუბრუნდი. გეგეს ფეხსაცმელებიც რომ იქვე ეწყო, მისი კოცნა გამახსენდა ისევ. ტანში საამოდ გამცრა და გული ისევ ამიფორიაქდა. წამიერად გავირინდე. მერე ფეხზე ჩავიცვი და ჩქარი ნაბიჯებით გავეშურე ბუხრის ოთახისკენ, სადაც ისეთი ყაყანი და მხიარული შეძახილებით ამხნევებდნენ თაზოს, რომელიც შალახოს ცეკვავდა და ძირს დადგმული ჭიქის პირით აღებას ცდილობდა, რომ ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია. ერთი თვალის შევლებით შევნიშნე რომ გეგე და მარინე იქ არ იყვნენ და უარესად დავიგრუზე. თუ მე მოვწონდი და ჩემი კოცნა უნდოდა, მარინეს რაღას დასდევდა? ეს მაცოფებდა და მაგიჟებდა ყველაზე მეტად. მართალია, მარინე თვითონ ეკიდებოდა კისერზე, მაგრამ ეს ხომ უყადრიდა თავს? ჩემს ადგილს გაბარაზებული და გაცეცხლებული ისე დავუბრუნდი, არავის უკითხავს სად იყავი ან რატომ ხარ ასე გაბრაზებულიო. კიდევ კარგი, თორემ რა უნდა მეთქვა, გეგეზე და მარინეზე ვეჭვიანობ მეთქი?
სად იყო სად არა, მარინეც შემოვიდა ოთახში. ცოტა სველი იყო. პირდაპირ ჩემსკენ გამოეშურა.
_სახლში არ წავიდეთ?_კი გამიკვირდა ეს რომ მკითხა, მაგრამ გამიხარდა კიდეც. მეც აღარ მინდოდა უკვე აქ დარჩენა.
_წავიდეთ კი, მაგრამ ამ წვიმაში?_გარეთ რომ გავიხედე კარგად წვიმდა უკვე.
_მიხას უთხარი და წაგვიყვანოს რაა. ბევრი მომივიდა დალევა და რაღაც ვერ ვარ კარგად.
_მიხამ მგონი დალია და თამთას ვეტყვი, მასაც აქვს მართვის მოწმობა.
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ შოკაც მოვიდა.
_გოგოებო არ წავიდეთ, გვიანია უკვე...
_წავიდეთ კი, მაგრამ ვინ უნდა წაგვიყვანოს?
_წეღან გეგეს ვუთხარი და მანქანაში გველოდება.
გეგეს ხსენებაზე გული შემიქანდა. შევატყე, არც მარინეს ესიამოვნა, მაგრამ რახან მანქანაში გველოდებოდა უკვე, მეტი გზა არ გვქონდა და გავედით. მარინე დილანდელივით წინ აღარ ჩაჯდომია გეგეს და გამიკვირდა. რაღაც მოხდა ამათ შორის და ამიტომ ერიდებოდა ალბათ უკვე. მაგრამ ასე უცებ რა უნდა მომხდარიყო ვითომ? უხმოდ ვიმგზავრეთ. მარინეს მინა ქონდა ჩაწეული და გრილ სიოს უშვერდა შუბლს. მართლა ცუდად იყო ეტყობოდა. ადგილზე რომ მივედით და მანქანიდან გადმოვედით, უკანმოუხედავად მივუგდე გეგეს მოყვანისთვის მადლობა, მარინეს ხელი გადავხვიე და ეზოში შევარბენინე. ეზოში შესვლისთანავე აღებინა და ცოტას გადავრჩი, რომ არ დამსვარა.
_ნეტა გეგემ ხომ არ დამინახა?_პატარა ბავშვივით ასლუკუნდა._რა ჯანდაბამ დამალევინა ამდენი? ვაი სირცხვილო... როგორღა შევხედო თვალებში?
***************
თურმე რაში ყოფილა საქმე. ქალს სირცხვილის გრძნობა ქონია და მე კიდევ ვიფიქრე, რომ რამე მოხდა მათ შორის... ჭიქით წყალი გამოვუტანე გახარებულმა, პირი მოვაბანინე მულს და ხელისხელით მივაცილე თავის ოთახამდე. ჩემს დედამთილს არაფერი გაუგია. თუმცა, რომც გაეგო მე ხომ არ ვიყავი მთვრალი რომ ეჩხუბა? დასაძინებლად რომ დავწექი, ვერა და ვერ დავიძინე. კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში. ისევ და ისევ მის კოცნაზე ვფიქრობდი. ღმერთო, რა სასიამოვნო და რა სასწაული რამ ყოფილა გრძნობით სავსე კოცნა... შევცოდე კი, მაგრამ ეს ცოდვა მართლაც რომ სასწაულად სასიამოვნო იყო.
რომ ვერ დავიძინე, ფეისბუქში შევძვერი ჩემი საიდუმლო პროფილით და მისი პირადი გვერდი მოვიძიე. გეგე ორსგანის ძიება დიდად არ გამჭირვებია, ერთადერთი იყო და მზის ჩასვლის ფოტო ედო მთავარზე წარწერით "ამბობენ, სიკვდილი მზის ჩასვლას გავსო. თუმცა, მზის ჩასვლაც შეიძლება ისეთი დიდებული სანახავი იყოს, მის სანახავად ხალხი გაჩერდეს." ერთხანს გაოგნებული ვათვალიერებდი მის მშვენიერ პეიზაჟებს. არაჩვეულებრივი ფოტოები ქონდა გადაღებული. თავისი არც ერთი არ ედო. მეგობრობა გავუგზავნე და ჩემდა გასაოცრად მალევე დამეთანხმა. დავიჯერო მიხვდა, რომ მე ვიყავი, თუ უბრალოდ ყველას იმატებდა?
ფოტოები შევუფასე და კომენტარიც დავუწერე, "არაჩვეულებრივი ფოტოებია, რაც ფოტოგრაფის ნიჭიერებაზე მეტყველებს." მაშინვე მომწერა პასუხი "მადლობა ლამაზო". გამეცინა, საკუთარი ფოტო არ მედო და რა იცოდა როგორი ვიყავი? აღარაფერი მიმიწერია. უბრალოდ, მის გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებდი და ვუწონებდი. მართლაც რომ არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი ბრძანდებოდა ჩვენი გეგე. აღიარებულიც ყოფილა, ათასობით მეგობარი და გამომწერი ყავდა. ფოტოებიც ჩემნაირად ბევრს ქონდა მოწონებული. მისი ფოტო რომ ვერსად ვნახე, ცოტა კი მეწყინა, მაგრამ ისეთი აღფრთოვანებული ვათვალიერებდი მის პროფილს, ლამის თავზე დამათენდა.
მთელი ღამე წვიმდა და დილით სამუშაოდ ვეღარ წავედით. მარინე ისეთი ნაბახუსევი იყო, თავს ვერ ეწეოდა საწოლიდან. მაგისთანა დალევას რა აზრი ქონდა ნეტა? გეგეს რომ აკოცა, იქნებ აღარც კი ახსოვდა და რისთვის შეირცხვინა თავი?
_რა გესიამოვნება ძვირფასო, რა მოგიტანო?_თავს დასთათანებდა შეწუხებული მამიდა.
_არაფერი არ მინდა, თავი დამანებე რა, გთხოვ. გამოვიძინებ და მიშველის.
_კიტრის მჟავე არ გესიამოვნება, არ გინდა?_მაინც არ ისვენებდა ჩემი დედამთილი.
_კარგი რა, მამიდა, თავი დამანებე, გთხოვ. დაძინება მაცალე რაა.
მე მხოლოდ ერთხელ მოვინახულე ნაბახუსევი მული და მალევე დავტოვე. ეს დღეები სახლში რომ აღარ ვიყავი, დიდძალი საქმე მქონდა დაქუჩებული. ხო და წვიმის მიუხედავად მაინც ვცქრიალებდი. ყურებში ყურსასმენები მქონდა მორგებული, რომ ნელის ან მისი ნაბახუსევი ძმიშვილის უაზრო ლაპარაკი არ გამეგო და ენერგიულად და ხალისითაც კი ვსაქმობდი. სიმართლე რომ ვთქვა, წუხანდელ გეგეს კოცნაზე ვფიქრობდი თან. უფრო იმიტომაც ვიყავი კარგ ხასიათზე. ზოგადად, წვიმა და ცუდი ამინდი არ მიყვარს, გუნება-განწყობას მიფუჭებს ხოლმე, მაგრამ ახლა სხვა შემთხვევა იყო. თითქოს ისევ ნათლად ვგრძნობდი მისი მთრთოლვარე ტუჩების შეხებას და გული გამალებით მიცემდა. ვითომ, ჩემი მადიანი გაწნული სილის მერე კიდევ გამიბედავდა ოდესმე კოცნას? თუმცა ამას რაღად უნდოდა კითხვა? გავარტყი და მეორედ მაშინვე მაკოცა და დრო რომ გავიდოდა, მაშინ რაღას იზავდა?
შუადღის მერე წვიმამ გადაიღო და მზემაც გამოაჭყიტა. მართალია ცოტახნით, მაგრამ მაინც რომ გამოიდარა, ეგეც კარგი იყო. საღამოს ბრიგადირმა დამირეკა.
_კატო, ძვირფასო, ამაღამ თუ აღარაფერი მოვიდა, იცოდე დილაზე ვმუშაობთ. ხომ წამოხვალთ შენ და მარინე?
_მე კი, მაგრამ მარინესი რა გითხრა არ ვიცი. დღეს ისე ცუდადაა, ბალიშიდან თავი არ აუწევია._გამეცინა.
_თუ დალევის შნო არ ქონდა, რაღას ვარდებოდა ბურნასავით?_ვახომაც გადაიხარხარა თავისებურად._იქნებ უწამლო რამე ჯიგარო, მუშახელი გვჭირდება ხვალ, საფერავი უნდა დავკრიფოთ, თხუთმეტი ტონა მაინც გამოვა და დაკრეფა ხომ უნდა არა? იქნებ შენი პლორწია დედამთილიც წამოვიდეს.
_არვიცი. პირს ვუკითხავ და ამაღამ მოგწერ.
_კაი, ჯიგრი. დროებით აბა._ დამემშვიდობა ვახო და ტელეფონი გამითიშა.
_ ვინ იყო?_ეჭვით მკითხა ჩემმა დედამთილმა, რომელიც ისე უხმოდ მომპარვოდა ზურგიდან, ვერაფერი გავიგე და შევკრთი.
_ვახო იყო, ხვალ საფერავს დავკრეფავთ, თუ წვიმა აღარ მოვიდა და შენზე მითხრა, იქნებ ეგეც წამოვიდესო.
_ფული კი მართლა ძალიან მჭირდება, მაგრამ არ ვიცი შევძლებ?_უცბად მოისაწყლა თავი.
ცხრა უცხოს რომ მოესმინა, მომაკვდავი ეგონებოდა. არა და ჩემზე მეტი ჯანიც ქონდა და ენერგიაც, ოღონდ იცოდა სად და როდის დაეხარჯა.
ღამით აღარ უწვიმია. გამიხარდა, რომ ხვალ ისევ ვნახავდი გეგეს, თუმცა როგორ შევხვდებოდი ან თვითონ როგორ შემხვდებოდა არ ვიცოდი. ღამით კი ისევ ჩემი საიდუმლო პროფილით ვათვალიერე. ახალი ფოტოები ქონდა დამატებული ნაწვიმარი ბუნებისა. ისეთი კუთხით და რაკურსით იღებდა, არაჩვეულებრივი გამოდიოდა უბრალო პეიზაჟებიც კი. სულმა წამძლია და პირადში მივწერე: _"ასეთი არაჩვეულებრივი ფოტოგრაფის პირადად გაცნობის დიდი სურვილი მაქვს და იქნებ საკუთარი ფოტო დაგედოთ?"
მალევე მომწერა ზრდილობიანი უარი.
_"ამ ახლო მომავალში ჩემს გეგმებში რომანის გაბმა არ მაქვს დაგეგმილი."
მეწყინა. თანაც როგორ.
_"არც მე. უბრალოდ, დიდებული ფოტოგრაფის ნახვის სურვილი მქონდა. დიდი ბოდიშით."_გაბრაზებულმა მივწერე.
_"საბოდიშო არაფერია. დრო მოვა ყველას გავაცნობ თავს."
ვინანე, რომ ინიციატივა გამოვიჩინე და რაღაც სისულელეები მივწერე. მექალთანე აშკარად არ იყო. მართალია ჩემი ფოტო არ მედო და არ იცოდა ვინ ვიყავი და როგორი ვიყავი, არც გავუგზავნიდი, რომც ეთხოვა, მაგრამ ცივი უარი რომ მტკიცა გაცნობაზე, ძალიან მეწყინა. მასე მე უნდა მოვქცეოდი, მაგრამ რომ დამასწრო, გამებრაზა. მეგობრობიდან არ ამომიშლია, მაგრამ გადავწყვიტე, ყურადღება აღარ მიმექცია მისთვის. უბრალოდ თვალყური მედევნებინა მისი ფოტოებისთვის და აღარც კი მომეწონებინა.
დილით რთველში მარტო მე წავედი. მარინე ისევ "პახმელია"იყო ასე რომ ვთქვათ, ნელი კი ცუდად და არ შეეძლო მუშაობა. ჩემთვის უკეთესიც კი იყო. დილით ადრე წავედით, ჯერ მზე არ იყო ამოსული. მუშები ცოტანი ვიყავით და რომ მოგვესწრო დაკრეფა მიტომ წამოვედით ასე ადრე. გეგეც მალევე მოვიდა. ყველას მოგვესალმა, მაგრამ მხოლოდ მე მიყურებდა რატომღაც ისევ ისეთი მზერით, თავდაპირველად რომ მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთი კი შევხედე "გაბრაზებულმა" და შოკასთან ერთად დავდექი ყურძნის საკრეფად. გეგე, როგორც ვივარაუდე, ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა. ნეტა, მარინე რომ აქ ყოფილიყო, მაშინაც ასე დამიწყებდა დაჟინებით ყურებას და ჩემს სიახლოვეს იტრიალებდა?
რვა საათი რომ დაიწყო და მზე ამოიწვერა გორებიდან, ისეთი დიდებული სანახავი იყო, ტელეფონი მოვიმარჯვე და ნაფლეთ-ნაფლეთებად ქცეული ღრუბლებიდან ამომავალ მზეს და მის ალისფერ სხივებს რამოდენიმე ფოტო გადავუღე. ერთ-ერთი მაინც გამოვიდოდა ლამაზი. არც კი დამითვალიერებია, მაშინვე ჯიბეში ჩავიდე ტელეფონი და საქმე განვაგრძე.
მუშები ცოტანი ვიყავით და გვიანობამდე მოგვიწია ყურძნის კრეფა. დაგვიღამდა და ტელეფონის ფარნის შუქებზე ვკრიფედ. მიხამ ათი ლარები წაგვიმატა ყველას გვიანობამდე მუშაობისთვის. მე და შოკა კი გეგემ წამოგვიყვანა სახლში. შოკასთან ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ ცალკე შოკამ და ცალკე გეგემ არ გადამიშვეს მანქანიდან.
_გაგიჟდი გოგო, ამ სიბნელეში მარტომ უნდა იარო ფეხით? გეგე მიგიყვანს სახლამდე.
_მიხა რომ გაიგებს, ჩემი მუშა შუა გზაში მიატოვეო, მეჩხუბება._გაეცინა._იყავი, მაინც იქით უნდა გავიარო და მიგიყვან.
ლამარას ძაღლებისა შემეშინდა ორღობეში რომ დაძრწოდნენ ხოლმე, თორემ მართლა არ ვაპირებდი მის მანქანაში მარტო დარჩენას. ჩვენს ჭიშკართან რომ მიმიყვანა, შემომიბრუნდა.
_გაბრაზებული ხარ ჩემზე, არც გამტყუნებ. ბოდიში, შენი წყენინება არ მინდოდა.
არაფერი მითქვია. უხმოდ გადავედი მანქანიდან და გაგულისებულმა ცოტა ძლიერად მივუჯახუნე კარები. გავიგე რომ ჩაეცინა და უფრო გავბრაზდი. ახლა ქუჩის კარები მივუჯახუნე გამწარებულმა. სანამ შუა ეზომდე არ მივედი, მანამ არ დაძრა მანქანა ადგილიდან. დღეს ისეთი თვალებით მიმზერდა, აშკარად ვგრძნობდი, რომ მოვწონდი და ვაღელვებდი. მეც კი მაღელვებდა, მაგრამ რომ მახსენდებოდა მარინეს როგორ კოცნიდა, გიჟს ვგავდი უკვე.
ჩემი დედამთილი კარებშივე შემეგება.
_სად იყავი აქამდე?_ეჭვით მკითხა.
_მორჩენაზე ვიყავით და ფარნების შუქზე ვკრიფეთ. ძალიან დავიღალე, მე პური არ მშია, წავალ დავიძინებ, რომ დილით ისევ ადრე ვარ ასადგომი.
შევატყე არ ესიამოვნა, თან ეჭვიც უფრო გაუმძაფრდა, მაგრამ თქმით მართლა არ უთქვია არაფერი. პირად ჰიგიენას მივხედე და მართალია მაშინვე არ დამიძინია, მაგრამ მაინც დავწექი. პირველ რიგში ამ დილით გადაღებული ჩემი ფოტოები დავათვალიერე. ერთ-ერთი, რომელიც მართლაც ძალიან ლამაზი და არაჩვეულებრივი იყო, ჩემს საიდუმლო პროფილზე ავტვირთე. "თვალი გაქვს ადამიანს შეჩვეული, თორემ მზის ამოსვლა ხომ დიდებული სასწაულია?"_თან ეს მივაწერე. ცოტა ხანში გეგემ მოიწონა ჩემი ფოტო. მერე პირადშიც მომწერა:
_"საღამომშვიდობის. ეს ფოტო თქვენი გადაღებულია?"
_"კი."_მოკლე პასუხი დავუბრუნე.
"_მართლა?"
_"რატო გიკვირთ? არ შეიძლება მეც ვიცოდე მშვენიერი ფოტოების გადაღება?"
_"რატომაც არა? მაგრამ ხომ შეიძლება ვისიმე ფოტო გქონდეთ ინტერნეტიდან აღებული? მე ძალიან ვაფასებ ფოტოხელოვნებას. მართლაც არაჩვეულებრივი ფოტოა. თუ მართლა თქვენი გადაღებულია, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, თქვენგან დიდი ფოტოგრაფი დადგება."
მესიამოვნა მისი კომპლიმენტი. თანაც, ის გამიხარდა, რომ გამომელაპარაკა. წუხელ ძალიან ცივად მომიშორა და ახლა თვითონ ცდილობდა ჩემთან დიალოგის გაბმას.
_"პირადად დიდი სიამოვნებით გაგიცნობდით."
_"დიდი ბოდიშით, მაგრამ ჩემს სამომავლო გეგმებში არავის გაცნობის სურვილი არ მაქვს."_ახლა მე მოვიშორე თავიდან.
გაცინებული სმაილები მომწერა. მეც კი გამეცინა, მაგრამ არაფერი აღარ მიმიწერია.
_"თქვენს შესახებ ერთი-ორი სიტყვით რომ მომიყვეთ რამე არ გინდათ?"
_"არა."_ ახლა მე მივწერე ცივი და კატეგორიული უარი.
დატოვეთ კლასი