777 ბალზაკის ასაკი

თავი 10
_კარგია რომ ხვდები. თუმცა, ძალიან დაგვიანებულია უკვე._მაინც წავუმწარე ბოლოში და ისე გავუთიშე ტელეფონი.
მართლა მეცოდებოდა, იმიტომ რომ არავის სჭირდებოდა. ერთადერთი, ვისაც მართლა უანგაროდ უყვარდა, ნიტა იყო. ჩვენი დაშორების ამბავი ასე იცოდა, რომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს და ხასიათებით ვერ შევეწყეთ. ასეც იყო, ჯერ ისევ ბავშვები ვიყავით და ოჯახი ჩვენთვის რთული გამოწვევა იყო. ცოტა გვიან რომ შეგვექმნა ოჯახი, იქნებ რამე გამოგვსვლოდა, მაგრამ... მაინც არ ვნანობდი. ალბათ, ცხოვრების ხელახალი დაწყების შანსი რომ მქონოდა, იგივენაირად მოვიქცეოდი, ამ წლებმა ხომ ნიტა მაჩუქეს და ახლა კი აჩი.
ჩემი ერთკვირიანი შვებულება ისე თვალსა და ხელს შუა გამიქრა, ვერაფერი გავიგე. ნიტას კი მაინც ვუთხარი, რომ რამოდენიმე დღით თავისუფალი ვიყავი სამსახურიდან, რადგან ასე ტყუილში ვეღარ ვიცხოვრებდი. მართალია, აჩის შესახებ არაფერი მითქვია, მაგრამ სხვა ყველაფერს გულახდილად ვუყვებოდი. თუმცა, არც მამამისის ავადმყოფობის შესახებ მითქვია რამე. არ მინდოდა ენერვიულა და თან, ალეკომ ხომ მთხოვა არ უთხრაო?
კვირას მე და ეკატერინემ ლამის მთელი დღე ტასოსთან გავატარეთ. დეამ გვთხოვა, ნერვები ღალატობს უკვეო და მივაკითხეთ. აღმოჩნდა, რომ სანამ სხივურ თერაპიას დაუნიშნავდნენ, ჯერ აბების სახით იღებდა რაღაც ქიმიურ ნაერთებს, რაც მართალია კიბოს უჯრედებს თავს ესხმოდა და ანადგურებდა, მაგრამ ასევე ჯანმრთელ უჯრედებსაც კლავდა. კიბო კვდებოდა, ჯანმრთელ უჯრედებს კი რეგენერაციის და აღდგენის უნარი ქონდა და მომავალში გამოჯანმრთელდებოდა. ამის გამო კი თმის ცვენა დაეწყო და ამას უკვე კატასტროფულად განიცდიდა.
_რა მოხდა მერე? სანამ გაგცვივა, გადაიპარსე და უფრო ახალი და ჯანსაღი თმა ამოგივა. ვერ ხედავ, თინეიჯერთა უმრავლესობა ასე დადის უკვე?_წყრომით დაამშვიდა ეკატერინემ.
_სწორად აღნიშნე, თინეიჯერთა უმრავლესობა, მე რომელი თინეიჯერი მნახე?_ხმა აუკანკალდა ტასოს.
_დახეული ჯინსებით რომ დავდივართ, თინეიჯერები ვართ?_მეც ჩავერთე საუბარში._თქვენ მარწმუნებდით, რომ ახალგაზრდობის მეორე კრუგზე მივდივართო. ხო და არაფერია. მთავარია ჯანმრთელი იყო და თმა ჯანდაბას.
_იცი რა ძვირი მიჯდება ამ თმის მოვლა პატრონობა და ასე ერთბაშად და ხელაღებით მოვისროლო ნაგავში? თან რა შესახედი ვიქნები._თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა.
_არაუშავს, პარიკები ხომ არსებობს? განსხვავებული ვარცხნილობა გექნება. განსხვავებული ფერიც, რომელსაც მოინდომებ._გვერდით მივუჯექი და მხრებზე მოვხვიე ხელი._ერთ თვეში ახალი თმა ამოგივა. ორმოც წელს გადაცილებულ ქალებს ხომ იცი, რომ უფრო მოკლე ვარცხნილობები გვიხდება? მეც მომწყინდა ჩემი თმა და უნდა შევიჭრა, დავბერდი და გრძელ თმას ვეღარ ვუვლი.
ეჭვით შემომხედა.
_ხო, რა იყო? დიდი ხანია თმის შეჭრაზე ვფიქრობ. ამას წინათ ეკატერინემაც კი მითხრა ეს.
ეკატერინეს რომ შევხედე, ჯერ კი გაოცებით შემომხედა, მაგრამ მერე დამიდასტურა, ხო მეც მომწყინდა გრძელი თმაო.
გვიანობამდე დავრჩით მასთან. დავარწმუნეთ და თმა მართლაც გადავაპარსინეთ.
_კატასავით აქა-იქ ბეწვის გაცვენას ასე ჯობია. ნახე როგორ მოგიხდა._სარკე დავუჭირე წინ და ჩავახედე აცრემლებული ტასო.
ერთხანს დაკვირვებით ათვალიერა თავისი ორეული, მერე კი გულიანად გადაიკისკისა. შეგვეშინდა, ხომ არ გაგიჟდაო, მაგრამ სიცილით დაამატა.
_ტილიან ბავშვს ვგავარ, თმას რომ გადაპარსავენ მის მოსაშორებლად.
გვარიანად ვიცინეთ. ბევრი სასაცილო კურიოზებიც გავიხსენეთ და სულ დავავიწყეთ ტასოს თავისი ბოღმა და უკვე გულდამშვიდებულებმა დავტოვეთ მისი ბინა. შევპირდით, დილით ისევ შევივლიდით მის სანახავად და ნაირ-ნაირ პარიკებს მივუტანდით.
დილით, სანამ სამსახურში წავიდოდი, მართლაც შევუარეთ ტასოს მე და ეკატერინემ. თუმცა სანამ ტასოსთან მივიდოდი, რამოდენიმე ფერადი პარიკი ვიყიდე. გზად სალონშიც შევიარე. სავარძელში რომ მოვკალათდი და სტილისტს ჩემი გადაწყვეტილება ვუთხარი, გაოცდა.
_ასეთი კარგი თმის შეჭრა რატო გინდათ?
_მომწყინდა გრძელი თმა და მოვლაც მიჭირს უკვე.
_არ გაყიდით? მართალია შენაღებია, მაგრამ სტრუქტურა არ არის დარღვეული და დაზიანებული არაა.
გაყიდვის აზრი მომეწონა და დავთანხმდი.
კუდი რომ შემაბა და ჩემი გრძელი თმა ძირში მოჭრა, გული კი დამწყდა, მაგრამ დაქალის გულისთვის ამ კომპრომისზეც ვიყავი წამსვლელი. თმაში ოთხასი ლარი გადამიხადეს და სალონის ხარჯზეც შემჭრეს. ის იყო მოვრჩი და მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ ეკატერინემ დამირეკა, სად ხარო.
_სალონში ვიყავი და ახლა გამოვედი. პირდაპირ ტასოსთან მივდივარ.
_კარგი, მეც ეხლა ვჯდები მანქანაში და იქ შევხვდებით._რაღაცნაირ მხიარულ ტალღაზე მითხრა და მაშინვე გამითიშა ტელეფონი.
მანქანის მინის ანარეკლში ჩემს თავს რომ შევხედე, უცბად ვერ ვიცანი და გამეცინა. როდის მივეჩვეოდი ამ ახალ იმიჯს, არ ვიცოდი. ისე მქონდა თავი დამსუბუქებული, მიკვირდა, თმას წონა არ ქონდა და მაინც ასე მაგრძნობინებდა.
ტასოს სადარბაზოს წინ რომ შევჩერდი, ზუსტად მაშინ მომადგა ეკატერინეც. მანქანიდან ერთდროულად გადავედით და ერთმანეთს რომ შევხედეთ, გიჟური სიცილი აგვიტყდა, ისიც ჩემსავით თავგადაპარსული იყო და სასაცილო შესახედი იყო.
დაქალის სიყვარული რა სიგიჟეს არ ჩაგადენინებს ადამიანს.
გვარიანად ვიხარხარეთ. იმდენი ვიცინეთ ერთმანეთზე, მუცელი მტკიოდა უკვე. ცოტა რომ დავწყნარდით და ტასოსთან ავედით, იქ ამბავი ავტეხეთ, ლამის მთელი კორპუსი შეწუხდა ჩვენი ხარხარით. სამი ტოპალა დაქალი ერთმანეთს დავცინოდით.
_გაგიჟდით გოგო?_სიცილს რომ მორჩა და სული მოითქვა, აცრემლებული თვალებით შეგვათვალიერა ორივე ტასომ._მე სახლში უნდა ვიჯდე, თქვენ საზოგადოებრივ სამსახურებში ხართ, ხალხი რას იტყვის?
_მე მადლობასაც მეტყვიან, საჭმელში თმა აღარ ჩამივარდება._სიცილით დავამშვიდე.
_არც მე მაქვს პრობლემა, მაინც სამედიცინო ქუდი მაფარია._გაეცინა ეკატერინესაც.
_რა გიჟები ხართ._ორივე გულში ჩაგვიხუტა და კარგა ხანს ვყავდით ასე ჩახუტებულები.
_სახლში მაინც თუ იციან თქვენი გადაწყვეტილების ამბავი?_დაინტერესდა.
_მე არ მითქვია ნიტასთვის და იქნებ სახლში მისული ქურდიც კი ვეგონო და რამე დამცხოს თავში.
_ნიტასი რა გითხრა, მაგრამ შენი რომეოს რეაქცია მაინტერესებს. ნეტა იქ ვიყო, როცა შეხვდები._ისე ინატრა ტასომ, გამეცინა.
_არც მე ვიტყოდი უარს მაგ სიამოვნებაზე._გულიანად გადაიკისკისა ეკატერინემაც.
ჩვენი ქმედებით გაოცებულმა და ამავე დროს გახარებულმა დეამ ყავა მოგვიდუღა და მისაღებში მოგვართვა. ნაუცბადევად დავლიეთ და სამსახურებში გავეშურეთ. ხალხის რაღაცნაირ გაოცებულ, სიბრალულნარევ და ზოგისაც ირონიულ მზერას რომ ვგრძნობდი, არაფრად ვაგდებდი. მე კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით და სხვისი აზრი სულაც არ მაინტერესებდა.
რესტორანში მისულს ხომ მთელი პერსონალი შემომეხვია.
_ეგ რა გიქნია შენი მშვენიერი თმისთვის?_პირი ღია დარჩა მირანდას ჩემს დანახვაზე.
_ჩავთვალე, რომ ცვლილება არ მაწყენდა.
_მერე მასეთი გიჟური ცვლილება?_წაიფრუტუნა ნინომ და ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად გიჟი ვეგონე.
_მაინც რა მოხდა მაგისთანა, რამ გადაგადგმევინა ეგ ნაბიჯი?_გაუკვირდა თამთას.
_ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს კიბო აქვს და ქიმიოთერაპიის დროს თმა დასცვივდა...
თამთა მაშინვე გადამეხვია და გადამკოცნა.
_მისაბაძი ადამიანი ხარ. უზომოდ მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ. იმხელა გული ძგერს შენს მკერდში, ყველას სიყვარული რომ ეტევა. მართლა ძალიან მიყვარხარ.
მთელს რესტორანს მოედო ჩემი გმირობის ამბავი. თუმცა, უბრალო თმის შეჭრას მე არ ვთვლიდი გმირობად. ეს მცირედი იყო ტასოს გვერდში დგომისთვის. საღამოს კი, სახლში რომ დავბრუნდი, ნიტას რეაქციის შემეშინდა რატომღაც. ფრთხილად შევიპარე ბინაში. თუმცა, რახირუხითაც რომ შევსულიყავი, ვერც ვერაფერს გაიგებდა, რადგან უშველებელი ყურსასმენები მოერგო და მუსიკებს უსმენდა. რომ დავიხარე და თავზე ვაკოცე,ღიმილით ამომხედა. მომეჩვენა რომ არ გაჰკვირვებია. მერე ყურსასმენები მოიძრო, ფეხზე წამოდგა და ჩამეხუტა.
_დეამ მითხრა შენი და ეკატერინეს გიჟური გადაწყვეტილების შესახებ. მეგონა საშინელი შესახედი იქნებოდი. გიხდება და მინდა გითხრა, რომ ვამაყობ შენით. გამიმართლა, რომ შენი შვილი ვარ, მიყვარხარ.
რატომღაც გული ამიჩუყა მისმა სიტყვებმა და ცრემლმა დამინამა თვალები.
დილით კი, სანამ სამსახურში წავიდოდი, აჩიმ დამირეკა, შევხვდეთო. გონებაში მიზეზების ძებნა დავიწყე, მინდოდა უარი მეთქვა შეხვედრაზე, მაგრამ სერიოზული ხმით რომ დაამატა, აუცილებელი საქმე მაქვსო, გადავიფიქრე. ნახევარ საათში მოვემზადე და ჩვენს კაფეს მივაშურე. ჩემს ახალ იმიჯზე რა რეაქცია ექნებოდა, არ ვიცოდი და ცოტა ფეხს ვითრევდი უკან. კაფეს შორიახლოს შევნიშნე მისი მანქანა და მეც იქვე გავაჩერე. მანქანაში არ იჯდა. ცოტა აღელვებული გავეშურე და ზუსტად მაშინ, კიბის საფეხურზე რომ უნდა ამედგა ფეხი, კარი გაიღო და აჩი გამოვიდა. ჯერ გაოცებით შემომხედა, მერე ინტერესით შემათვალიერა. ალბათ გიჟი ვეგონე და საყვედურისთვისაც კი მოვემზადე, მაგრამ ხალხის თვალწინ რომ გადამეხვია, გავვოგნდი.
_ასეთი ძლიერი ქალი რომ ხარ, მიტომაც მიყვარხარ. იცი, ასეთი სისულელე ანას გამო მეც ჩავიდინე. მაგრამ მე კაცი ვარ, ქალები უფრო მტკივნეულად განიცდით თმის შეჭრას... ვაფასებ შენს მეგობრულ სიყვარულს._მერე თავი ამაწევინა და ხალხის თვალწინ სუნთქვა შემიგუბა მისმა ჯადოსნურმა კოცნამ.
არ შემრცხვენია. პირიქით, სიამაყის გრძნობით ავივსე და თავი განსაკუთრებულ ქალად წარმოვიდგინე, რომ ასეთმა არაჩვეულებრივმა კაცმა მე ამირჩია. შეიძლება ნაცნობებმაც კი შეგვნიშნეს, მაგრამ სულ აღარ ვდარდობდი ამაზე. იმის გაგებამ, რომ ყოფილი მეუღლის გულისთვის, მისთვის თანადგომა და გერდში დგომა რომ ეჩვენებინა, მანაც თავი გადაიპარსა, როგორც მე ტასოსთვის, მისადმი მოწიწებით ამავსო. ასეთი კაცები იშვიათობაა და ეს იშვიათი რომ ჩემს გვერდით იყო, მაბედნიერებდა.
კაფეში რომ შევედით, მართლაც შევნიშნე რამოდენიმე წყვილი ნაცნობი თვალი, ჩვენი ჭორიკანა მეზობლები იყვნენ და აუცილებლად დამინახავდნენ, მაგრამ სულაც არ ვდარდობდი. სადაც წვრილი იყო იქ გაწყვეტილიყო. სულაც არ მაინტერესებდა მათი აზრი. საღამოს, სახლში რომ მივიდოდი, გადაწყვეტილი მქონდა, ნიტასთვის მეთქვა ყველაფერი. აქამდე მალვას აზრი აღარ ქონდა. სხვა თუ არაფერი, მალულად მაინც აღარ შევხვდებოდით ერთმანეთს.
ყავა და ტკბილეული რომ შეუკვეთა აჩიმ, მაგიდაზე დადებულ ჩემს ხელს გადმოსწვდა და თავის მუჭში მოიმწყვდია.
_იცი რისთვის დაგიბარე?
ინტერესით შევხედე.
_დღეს ანას თხუთმეტი წლისთავია და მის მშობლებთან ერთად უნდა გავიდე საფლავზე. ყოველთვის მიჭირს იქ მისვლა. მინდოდა, ჩემს გვერდით ყოფილიყავი.
_შენს გვერდით?_დავიბენი._შენი გარდაცვლილი ცოლის მშობლებთან ერთად?
_ხო... წინააღმდეგები არ არიან თუ სხვა ოჯახს მოვეკიდები. პირიქით, ამას მოითხოვენ კიდეც ჩემგან. მხოლოდ, ორი წელი ვიყავით მე და ანა ერთად და არ დაგვცალდა არაფერი. ანასაც ენდომებოდა ჩემი ბედნიერება და ძალიან გაუხარდებოდა შენნაირი ქალი თუ იქნებოდა ჩემს გვერდით.
*******
კარგა ხანს შევყურებდი ხმისამოუღებლად სევდაჩამდგარ მშვენიერ ლურჯ თვალებში. რთულ მისიას მაკისრებდა. ჯერ ნიტასთვისაც კი არ მქონდა არაფერი ნათქვამი და მისი გარდაცვლილი ცოლის მშობლებთან გამოჩენა, თანაც საფლავზე ასვლა, რაღაც არ მინდოდა.
_უარს თუ მეტყვი, გაგიგებ... მაგრამ მინდოდა მათთვის მეჩვენებინა, რომ დეპრესიაც დავძლიე, ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც და ჩემს გვერდით შენისთანა არაჩვეულებრივი ქალი რომ არის, გაუხარდებოდათ მოხუცებს.
_არ ვიცი რა გიპასუხო. ძალიან რთულ რაღაცას მთხოვ. ოფიციალურად ჩვენ ხომ არ ვართ ერთად? ჯერ არავისთვის არ მითქვია ჩვენს შესახებ...
_ეგ შენი მხრიდან არ იცის არავინ, თორემ ჩემმა ძმამ და ჩემმა მშობლებმა იციან.
_მართლა?_ყავა სასულეში გადამცდა და საშინელი ხველა ამიტყდა.
ბაქარმა რომ იცოდა ჩვენს შესახებ, ეგ კი ვიცოდი. ნაწილობრივ მისი დამსახურებაც იყო ახლა ჩვენი ერთად ყოფნა, მაგრამ მშობლები?
შეშფოთებული აჩი მაშინვე წამოდგა და მომვარდა.
_რა გჭირს?_თან მსუბუქად დამარტყა ბეჭებზე რამდენჯერმე ხელი.
ცოტა სული რომ მოვითქვი, გაოცებულმა შევხედე.
_შენმა მშობლებმა ჩვენს შესახებ რა იციან?
_ის, რომ ძალიან კარგი ქალი ხარ და შენი ცოლად შერთვა მინდა.
_მართლა?_სიხარულისგან მთელ ტანზე ჭიანჭველები დამესია._მართლა გინდა ჩემი ცოლად შერთვა?
_ყველაზე მეტად.
მოულოდნელად ფეხზე წამოვხტი და ჩავეხუტე.
_იმ ასაკში არ ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა გატაცებად ჩავთვალოთ. თან, ჩემი გული ამდენ ფარულ შეხვედრებს ვეღარ გაუძლებს._გაეცინა._თავისუფალი ხარ, მეც თავისუფალი ვარ და რა გვიშლის ხელს, რომ ერთად ვიყოთ? ერთმანეთი ძალიან მოგვწონს და ძალიანაც კარგად ვგრძნობთ ერთად თავს. შენს შვილს მე დაველაპარაკები თუ გინდა._ნიკაპზე ორი თითი ამომდო, თავი ამაწევინა და ისე ჩამხედა თვალებში.
_არა, იყოს, ამ საღამოს თვითონ ვეტყვი ყველაფერს. თუ მეზობლებმა არ დამასწრეს უკვე._გამეცინა.
_ხო და ნუ მივცემთ მეზობლებს სალაპარაკოს. არავისი საქმე არ არის ვინ როგორ იცხოვრებს, მაგრამ მაინც...
უდიდესი ენთუზიაზმით დავშორდი მას და რესტორანში წავედი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ საღამოს მართლაც მეთქვა ნიტასთვის ყველაფერი. გუნებაში ათასი სავარაუდო ტექსტიც კი შევადგინე და დავიზუთხე, მაგრამ სახლში მისულს, ნიტას შევხედე თუ არა, სულ ამომიფრინდა თავიდან წვალებით მოფიქრებული ყველა სიტყვა. ისე გამიჭირდა ხელახლა მოფიქრება და რამის თქმა, თითქოს ენაზე ბოქლომი მედო და ენას ვერ ვატრიალებდი პირში.
სიმხნევისთვის ერთი ჭიქა კონიაკი ჩამოვისხი და ნება-ნება მოვწრუპე, რათა უფრო ადვილად მომკიდებოდა ალკოჰოლი და გამბედაობა მომეკრიფა. ბოლოს, როგორც იქნა გავბედე და გვერდით მოვისვი.
_იცი? ვიღაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
ეს რომ ვუთხარი, ისე შემომხედა, არ გაჰკვირვებია.
_პატარა ბავშვები აღარ ვართ, რომ ბევრი ვიფიქროთ და გადავწყვიტე სერიოზული სახე მივცეთ ჩვენს ურთიერთობას... ვიცი, გაგიჭირდება ამასთან შეგუება. მეც ძალიან გამიჭირდება, მაგრამ არ მინდა ხალხი ვალაპარაკო...
_ხალხის ლაპარაკის გამო გინდა მასთან ეს ურთიერთობა?_გაუკვირდა.
ცოტახნით ჩავფიქრდი. მართლაც და რა იყო მიზეზი იმისა, რომ აჩისთან მინდოდა სერიოზული ურთიერთობა? ნუთუ, ხალხის გაქილიკების შემეშინდა? თუ, მართლა მინდოდა მის გვერდით დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება?
_არა. მე მიყვარს აჩი...
_აჩი?_გაუკვირდა.
_ხო, აჩი... არჩილი, ჩემს საქმეს რომ იძიებდა._ენის ბორძიკით ვაღიარე.
გაეღიმა.
_ეჭვი რომ გამიჩნდა, გითვალთვალებდი. გოგოებთან მოიმიზეზე წასვლა და უკან აგედევნე. ვიღაცას შეხვდი, დაგინახე. ეკატერინეს დავურეკე და არ ჩაგიშვა, საპირფარეშოშია და ვერ დაგალაპარაკებო. გელოდებოდი როდის მეტყოდი. უბრალოდ, ის მეწყინა, რომ მათ ენდე და მე არ მითხარი. მე ხომ არაფერს გიმალავ?
_არც მათ იციან არაფერი. არ მითქვია... მრცხვენოდა შენთან ამის აღიარება, რომ ვიღაც მყავდა.
_რამდენჯერ ჩამოგიგდე ამ თემაზე საუბარი და მაინც არაფერი მითხარი._წყენით შემომხედა.
_ვტყუივარ, მაპატიე._მხრებზე მოვხვიე ხელი და ჩავიხუტე.
გაირინდა. სიამოვნებისგან თითქოს აკრუტუნდა კიდეც.
_ახლა რა შეიცვალა, რომ მეუბნები?
_ცოლობა მთხოვა...
_მართლა? მერე?
_არ ვიცი. თან, უნდოდა, რომ მისი ცოლის საფლავზე გავყოლოდი...
_ალბათ გამომშვიდობება უნდოდა მასთან და შენს გვერდით იმდენად არ გაუჭირდებოდა... რა გადაწყვიტე, გაყევი?
_არა...
კარგა ხანს დუმილი ჩამოწვა, მტანჯველი და აუტანელი.
_შვილები ყავს?_მოულოდნელად მკითხა.
_არა... უმცროსი ძმა და მშობლები... არ ვიცი როგორ მოვიქცე. მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ჩემს ასაკში გათხოვება, თანაც მეორედ...
_ყველაფერს ასაკს ნუ აბრალებ. ნურც იმას მეორედ გათხოვდები თუ არა. მამა არაა წინააღმდეგი, თუ ოჯახს შექმნი. საყვარლის ყოლას კი მეც ვერ მოგიწონებ. გადასაწყვეტი კი შენია, არავინ დაგავალდებულებს როგორ უნდა მოიქცე. ერთს გეტყვი, რომ გულით იმოქმედე და არა ცივი გონებით, ან იმის ფიქრით, სხვები რას იტყვიან...
_ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ბევრი პრობლემები მოყვება...
_მაინც რა პრობლემები?_გაუკვირდა.
_მაგალითად, ცოლობაზე რომ დავთანხმდე, მასთან უნდა გადავიდე საცხოვრებლად. შენ რას იზავ? დარწმუნებული ვარ აქ დარჩები და როგორ იქნები მარტო?
გაეცინა.
_რა გაცინებს? მედარდები როგორ იქნები. თან, ხალხი რას იტყვის ეგეც მადარდებს...
_ხალხის აზრი არ უნდა გაინტერესებდეს წესით. ხალხი რას ამბობს მარტო რომ ხარ და მარტო ზრდი შვილს? მე კი გავიზარდე უკვე და პატარა აღარ ვარ, ასე რომ არ ღირს ჩემზე ნერვიულობა. ორმოცი წლის არ ხარ ჯერ, ნახევარი ცხოვრება კიდევ წინ გაქვს და მარტოობაში ყოფნას, არ ჯობია ვინმე გყავდეს გვერდით. სულ მალე მეც გავთხოვდები და მარტო დარჩები, გიფიქრია ამაზე? შეიძლება სულაც საზღვარგარეთ წავიდე. ძალიან მიყვარხარ, უდიდეს პატივს გცემ, მაგრამ მე ჩემი ცხოვრება თუ მინდა რომ ავიწყო, ჩემს ოცნებებზე უარი არ უნდა ვთქვა. ადამიანს ერთხელ ეძლევა შანსი და ამ შანსის გამოყენების შნო უნდა ქონდეს... მე შენს ადგილზე გავყვებოდი ცოლის საფლავზე. მისთვის ის ადგილი ძვირფასი და წმინდაა და იქ უნდოდა შენი წაყვანა. გამოდის, მართლა უზომოდ უყვარხარ და სერიოზული ზრახვები აქვს შენს მიმართ. ჩემზე კიდევ ნუ იდარდებ, ბავშვი აღარ ვარ._შუბლზე მაკოცა და ადგა._ისედაც ხანმოკლეა ეს წუთისოფელი და საკუთარი ბედნიერებისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, ოღონდ სინდისიერად._თავის ოთახში მიმავალი მოულოდნელად მომიბრუნდა და სერიოზულად მკითხა._როდის გამაცნობ?
_რაა?_გამიკვირდა.
_შენს კავალერს როდის გამაცნობ? მე არ უნდა მთხოვოს შენი ხელი?_გაეცინა.
_ამ ახლო მომავალში გაგაცნობ, გპირდები.
_ხო და ძალიან კარგი. მიყვარხარ._ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და თავისი ოთახის კარს მიღმა გაუჩინარდა.
მასთან გულახდილმა საუბარმა შვება მომგვარა. ისეთი სიმსუბუქე და სილაღე ვიგრძენი დამშვიდებული სინდისის გამო, მისგან მალულად რომ აღარ მომიწევდა აჩისთან შეხვედრა, თითქოს ღრუბლებში დავფრინავდი. იმაშიც კი დამარწმუნა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავყოლოდი ცოლის საფლავზე. ნიტა მართალი იყო. აჩისთვის ის ადგილი მართალია ტკივილიანი, მაგრამ მაინც წმინდა იყო და იქ უნდოდა ჩემი მიყვანა. გადავწყვიტე, რომ კვირა დღეს, თუ კი რამე გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდებოდა, გავყოლოდი და მომენახულებინა მისი ცოლის საფლავი.
მახსოვს, რომ დავურეკე და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ერთხანს ხმა ვეღარ ამოიღო. მხოლოდ მისი სუნთქვა მესმოდა მძიმედ და რიტმულად რომ სუნთქავდა.
_ძალიან დამავალებ თუ მართლა გამომყვები. ამ კვირას არ მცალია, საქმეზე გავდივარ ქალაქგარეთ. ნებისმიერი დღე იყოს, არ მაქვს პრობლემა. სანამ სამსახურში წახვალ, დილით ავიდეთ, თუ თანახმა იქნები.
_კარგი, მასე იყოს. და კიდევ, ნიტას უნდა შენი გაცნობა.
_რა?_თითქოს თვალნათლივ დავინახე, რომ გაეღიმა კმაყოფილს._ჩვენს შესახებ უამბე? მერე, რა რეაქცია ქონდა?
_შენი გაცნობა უნდა._გამეცინა.
_დილით, ცხრა საათისთვის რომ მოგადგეთ სახლში, უხერხული ხომ არ იქნება?
_რაც მალე, მით უკეთესი._გამეცინა._არანაირი უხერხულობა. სამსახურს ვეღარ გავაცდენ და იქით კვირამდე კიდე ძალიან გაიწელება.
დილით, მართლაც გვესტუმრა აჩი ყვავილების თაიგულით და ტკბილეულით ხელდამშვენებული. ძალიან მოეწადინებინა და უზადოდ გამოიყურებოდა. თავი საკმაოდ მშვიდად და თავდაჯერებულად ეჭირა, მაგრამ მაინც ვატყობდი, რომ ღელავდა. თანაც ძალიან. ნიტამ დაინახა თუ არა, იცნო, აეროპორტში დაგინახეთ ვიღაც მანდილოსანთან ერთადო.
ისე ადვილად გამონახეს საერთო ენა, გამიკვირდა. თუმცა, ცოტას მაინც იბნეოდა ამხელა გამომძიებელი კაცი მომავალი ფსიქოლოგის წინ, რომელიც მუშტრის თვალით ათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე.
ერთი საათი დაყო აჩიმ ჩვენთან და ამ ერთ საათში ნიტამ შეძლო და მთელი გენეალოგიური ხე გამოკითხა ლამის. საყვარლად სასაცილო საყურებლები იყვნენ. მე უხმოდ ვიჯექი და ისე შევყურებდი ორივეს. სამსახურში ცოტა კი დამაგვიანდა წასვლა, მაგრამ არაფრად ვაგდებდი. ღირდა მათი შემხედვარე დაგვიანება. სამსახურში კი აჩიმ გამიყვანა თავისი მანქანით და ნიტას უთხრა, რომ საღამოს ისევ თვითონ დამაბრუნებდა უკან.
_არ დააბრუნებ და ვისი აჯობებს მაგასაც ვნახავ._გულიანად რომ გადაიკისკისა ნიტამ, აჩისაც გაეცინა.
გზაში კი შეტყობინება დამაწია ქალბატონმა:
"მოკლეთ, გემოვნება რომ დახვეწილი გაქვს, ეს მამაჩემის შერჩევით ვიცოდი, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბე. ჯანდაბა, არაჩვეულებრივია. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომეწონა შენი აჩი."
რომ გამიღიმა, აჩიმ გაოცებით შემომხედა და ამიტომ შეტყობინება ხმამაღლა წავუკითხე.
_ხო და შენ კიდევ გეშინოდა და აჭიანურებდი ჩვენს გაცნობას.
მართლაც, რატო ვაჭიანურებდი არ ვიცი. ყველაფერი იდეალურად აეწყო და ბედნიერზე ბედნიერი ქალი ვიყავი. ნიტასთან დამალვა აღარ მჭირდებოდა და უკვე თამამად შევხვდებოდი აჩის.
საღამოს, როგორც ნიტას დაპირდა, მართლა მან მიმაბრძანა სახლში. მანქანიდან სანამ გადმოვიდოდი, სითამამე მოვიკრიფე, გადავიხარე და კოცნით დავემშვიდობე. დილით კი, სამსახურში მიმავალს ნაცნობ მაგიდასთან მეზობლის ქალები დამხვდნენ და ვიგრძენი რომ რაღაც სხვანაირი თვალით მიმზერდნენ. ჩვეულებისამებრ მივესალმე და ჩემი მანქანისკენ გავეშურე, რომ ყურში მომხვდა მათი ქილიკი.
_ასეა, რას იზავ, ასაკის მატებას არ იმჩნევენ და ახალგაზრდებზე მეტად ესენი გულაობენ.
_ეს თავის მოტვლეპა რაღა ჯანდაბაა? გონია უხდება. ოღონდაც სიბერის წლები არ დაეტყოს და რა სისულელეს აღარ აკეთებს.
გულზე ძალიან მწარედ მომხვდა მათი სიტყვები. ერთი პირობა შეჩერება და საკადრისი პასუხის გაცემა დავაპირე, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე, ტყუილად ნერვებს მოვიშლიდი და მეტი არაფერი. თან, ნიტა ყოველთვის იმას მეუბნებოდა, მათი ამყოლი მათი ფერისააო.
******
სამსახურში მისული კი ნერვებმოშლილი ვმუშაობდი მთელი დღე. ვნანობდი, რატო იმ ლაშლაშა ქალებს არ გავეცი საკადრისი პასუხი, ასე ყველას ცხოვრებას რომ არჩევდნენ და ბრძნულ რჩევებად იღვრებოდნენ, თითქოს მათ ყველაფერი რიგზე ქონოდეთ. ყოველთვის ასეა, სხვის ცხოვრებას ის განსჯის და აკრიტიკებს, ვისაც საკუთარისთვის ვერ მიუხედია და ვერ აუწყვია. მე რომ მოდის გულისთვის არ მქონდა ჩემი არაჩვეულებრივი თმა შეჭრილი და ტასოს გამო შეველიე მას, ნახევარზე მეტმა ქალაქმა იცოდა. განა ამათაც არ იცოდნენ, მაგრამ სალაპარაკო ხომ უნდოდათ? რითი უნდა მოეშალათ ადამიანისთვის ნერვები იმას ცდილობდნენ მხოლოდ. ერთ-ერთს კი, შინაბერა შვილი ყავდა და ზუსტად რომ კაცებს ეკიდებოდა კისერზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს მე ვიყავი გასაქილიკებელი თურმე ერთი პარტნიორი რომ მყავდა, თორემ მისი შვილისთვის ყველაფერი შესაძლებელი იყო, იმიტომ რომ მე ბებერიც ვიყავი და თან ერთხელ ხომ ვიყავი უკვე ქორწინებაში? მე რომ თაყვანისმცემელი მყავდა, ის შურდა აშკარად.
საღამოს კი, ეკატერინემ დამირეკა, ტასოსთან ვარ და შენც აქ მოდიო. ცოტა მათი ხილვით მაინც გამოვიკეთე გუნება-განწყობა. ტასოც უკეთესად გამოიყურებოდა და კარგ ხასიათზე იყო. მართლაც მიშველა მეგობრების ხილვამ. ისეთ ხასიათზე დამაყენა, რომ ჩემი რომეოს ვინაობა რომ მკითხა ტასომ, როდემდე უნდა გვიმალავდე, რატო არ გვეუბნებიო, მეც ავდექი და ვუთხარი.
_არჩილია, გამომძიებელი.
არ დამავიწყებდა მათი გაოგნებული და გაოცებული სიფათები, ენაგადაყლაპულებივით რომ მომჩერებოდნენ თვალებგაფართოებულები.
_ხუმრობ?_ძლივს გაბედა ეკატერინემ კითხვა.
_ხუმრობისა რამე მეტყობა?_მეწყინა._რატო გგონია რომ ვხუმრობ, მაგისთანა კაცი ვერ მომაქცევდა ვითომ ყურადღებას?
_როგორ არა, მაგრამ... ეჭვადაც კი არ გამივლია გუნებაში. ათასი სავარაუდო კანდიდატი შევარჩიე შენთვის და ეგ არ გამფიქრებია რატომღაც... ყოჩაღ შენ. და ოფიციალურად როდის უნდა გაგვაცნო?
_ნიტასაც ჯერ ეხლა გავაცანი.
_აჰა, აგიწყვია ქალს საქმე, რა გინდა? სამომავლოდ რას გეგმავთ?
_რა ვიცი, უნდა რომ ცოლად გავყვე...
_ვაა, რა მაგარია._გადამეხვია ტასო და კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული._იმსახურებ ბედნიერებას. ნიტამ რაო, მოეწონა ახალი მამიკო?
_გამომიცხადა, მამას ვერ დავუძახებო._გამეცინა. ისე კი, ძალიან მოეწონა. უნდა გენახათ, ეს ფსიქოლოგიურ გამოკითხვებს უტარებდა, იმას კიდევ დაკითხვაზე ყავდა აყვანილი. სასაცილოები იყვნენ.
_აბა, ქორწილი როდის გექნებათ, დრო არ დათქვით?_ეკატერინე დაინტერესდა.
_ქორწილი არა ისა კიდე. რომელი თექვსმეტი წლის პატარა გოგო-ბიჭები ჩვენ გვნახე?_ვითაკილე._ბევრი ბევრი ხელი მოვაწეროთ.
_მერე და, ქორწინების სახლში ტოპალა პატარძალი უჩვეულოდ არ გეჩვენება?_თავზე გადამისვა ტასომ ხელი._ისე კი, მოგბიბინებია ცოტა. ორ თვეში კი მაგარ ვარცხნილობას გაიკეთებ უკვე.
_მაგდენი ხანი ველოდო?_ვითომ ვიუკადრისე._ეს რიღასთვის არსებობს?_მის ქერა პარიკს გადავწვდი და მოვირგე.
_უყურე შენ, ქერა თმამ როგორ დაგხატა... არ გინდა, თმა რომ ჩამოგეზრდება, ქერად შეიღებო? ქალი ხარ დაცემა._ეკატერინე ფეხზე წამოდგა, მეც წამომაყენა და მანეკენივით შემატრიალ-შემომატრიალა და გულდასმით შემათვალიერა ყოველი კუთხიდან.
სარკეში რომ ჩავიხედე, ქერა თმით მეც მომეწონა ჩემი ორეული.
_არ ვიცი, თმა გაგეზრდება თუ არა, ამ ფრად იღებავ იცოდე._შეკვეთა მომცა ტასომაც._მართლაც მაგრად გიხდება.
მეც დამიჯდა ჭკუაში ქერა თმა.
კიდევ დიდხანს გავჩერდით მასთან და მერე სახლებში "დავიშალენით" ეკატერინეს ლექსიკონიდან რომ დავისესხო ეს სიტყვა.
სახლში მისულს კი ნიტა ცოტა უხასიათოდ დამიხვდა. ელდა მეცა, ალეკოს ამბავი ხომ არ გაიგო-მეთქი, მაგრამ მეზობლის ქალებთან მოსვლია ჩემს გამო შელაპარაკება და იმაზე იყო გაბრაზებული.
_შენ მე მარიგებ ხოლმე ჭკუაზე, მათი ამყოლი მათი ფერისააო და შენ რაღა მოგივიდა ახლა?_ცოტა გავუწყერი.
_ის, რომ რაც პირზე მოადგებათ ყველაფერი სალაპარაკო არ არის.
_მაინც რა გითხრეს ამისთანა?_გამიკვირდა, რადგან ნიტა ასე ადვილად არასდროს გამოდიოდა წყობილებიდან. ყოველთვის საღი განსჯის უნარს ინახავდა ხოლმე.
_ ქალბატონმა ლამარამ, რატო დედაშეენს არ აკონტროლებ საყვარლები რომ გაიჩინა და თან ახალგაზრდებს ტოლს არ უდებს არაფერში, თმაც კი გადაიხოტრაო.
_არაუშავს, რა მოხდა მერე. ილაპარაკონ, შენ ნუ აყვები, ნახევარზე მეტმა თბილისმა იცის ვისი გულისთვის გადავიპარსე თავი და ეგ ჭორიკნები რასაც არ უნდა ამბობდნენ, რა მნიშვნელობა აქვს?
_ამ შემთხვევაში აქვს, რადგან ბებიამ დამირეკა, დედაშენი ამხელა ქალი რამ გააგიჟაო. ვინ იცის მის ყურამდე რა ამბავი მიიტანეს.
_მისმინე, მერე რა რომ დედაჩემია, არასდროს დაინტერესებულა როგორ ვართ, რა გვიჭირს და რა გვილხინს, ისე გაგზარდე, გვერდში არ დამდგომია ლიკას გარდა არავინ და ახლა ჭორებს მოჰკრა ყური და გულზე მოხვდ? შენ მე მარიგებ ყოველთვის ჭკუაზე და მამშვიდებ, რომ მათ ნუ უგდებ ყურსო და შენ თვითონ რა მოგივიდა?_ხელი მოვხვიე და გვერდით დავისვი.
_ძალიან გავბრაზდი, ბებერი თინეიჯერი გიწოდეს.
_ბებერი თინეიჯერი?_გადავიხარხარე._რა გინდა, მშვენიერი სახელი შეურქმევიათ.
_ბებიამ კი თქვა, კვირას ჩვენთან გამოდითო და იქ მათი წნეხის ქვეშ მოგცევა არ მინდა.
_არ გინდა და არც წავიდეთ. სიმართლე რომ გითხრა, არც მე მინდა. საქმის გარკვევა უნდათ და თვითონ გვესტუმრნენ...
_კიდევ რაღაც მინდა გითხრა... უნივერსიტეტში ნიკამ მომაკითხა.
_ნიკამ?_გამიკვირდა.
_ხო, მამა ყოფილა ცუდად. ისევ ფილტვების ანთება აქვსო და თურმე საავადმყოფოში დაუწვენიათ.
_მერე?_მღელვარებისგან ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
_მე დავურეკე და დამიმალა. ალბათ სერიოზული სჭირს რამე, თორემ რატო მიმალავს?
_იქნებ ნიკამ მოგატყუა?_ალეკოს უფროს ბიჭს გადავაბრალე მაშინვე ტყუილი.
_გია რომ ყოფილიყო, შემეპარებოდა ეჭვი, იმას ეხერხება ხოლმე მასეთი ხუმრობები, გულს გადაუბრუნებს ადამიანს და მერე ამით ხალისობს, მაგრამ ნიკა მართლა განიცდიდა მამას მდგომარეობას.
_არ მგონია რამე სერიოზული სჭირდეს...
_მე მასე არ მგონია, იმიტომ რომ ხველებისას სისხლი შევნიშნე თურქეთში რომ ვიყავით და ასე მითხრა, ღრძილი მაქვს გაფუჭებული და იქიდან დამდისო. შეგიძლია დაურეკო? იქნებ შენ მაინც გითხრას სადაც წევს და სანახავად მივიდე?
_სანახავად გინდა მისვლა?_უფრო ჩემთვის ჩავიდუდუნე._ახლა გვიანია, ეძინება, ხვალ დავურეკავ და თუ მითხრა, წავიდეთ, მეც გამოგყვები.
_მართლა?_გაუკვირდა. მერე კი გახარებული გადამეხვია.
დავწექით თუ არა, მაშინვე მივწერე ალეკოს შეტყობინება, რომ ნიტამ შენი ცუდად ყოფნობის ამბავი იცის და შენი ნახვა უნდა-მეთქი. ყველაფრის უარყოფით უფრო ეჭვები უუჩნდება და ჯობია უთხრა სად წევხარ, სანახავად უნდა მოსვლა-მეთქი.
ალბათ მართლა ეძინა, რადგან პასუხი მაშინვე არ მოუწერია და დილაუთენია დამირეკა. მაშინვე აბაზანაში გამოვიკეტე, რომ ნიტას არაფერი გაეგო და იქ დაველაპარაკე.
_შენ უთხარი?_გამიბრაზდა.
_რა სისულელეა? ნიკას უთქვია საავადმყოფოში წევსო და შენ რომ ყველაფერი უარყავი, ეჭვი გაუჩნდა. მე დამავალა ყველაფრის გარკვევა. არც მე მინდა ჩემმა შვიილმა ინერვიულოს, მაგრამ ასე უფრო ნერვიულობს რომ ხვდება რაღაცას უმალავ. ნიკას უთქვია ფილტვების ანთება აქვსო და ასეც დავტოვოთ. სად ხარ მითხარი და მოვიყვან შენს სანახავად.
_ონკოლოგიურში ვარ.
_მანდ? რისთვის, აკი ყველაფერი კარგადააო?
_ხო, კარგადააო ახლაც ამას მეუბნებიან. არა და სამსახურში უგონოდ დავეცი. იმუნიტეტი გაქვს დაქვეითებული და ჰემოგლობინი დაბალიო. მაგაზე ვმკურნალობ. ნიტა არ მომიყვანო იცოდე აქ.
_შენზე ნერვიულობს.
_არაუშავს. არ მინდა აქ მნახოს.
_რა ვუთხრა, არც მე მითხრა-მეთქი?
_რაც გინდა ის უთხარი, აქ კი არ მომიყვანო. ორ დღეში გამოვალ და მე თვითონ ვნახავ.
_ცოლ-შვილი თუ მაინც გაკითხავს?
_ხო.
ხოობა კი მითხრა, მაგრამ მივხვდი რომ მატყუებდა. არ ვიცი, ალბათ მართლაც სულელი ვარ და იმიტომ, თორემ რატო უნდა შემცოდებოდა? წარმოვიდგინე უპატრონოდ მყოფი პალატაში და ისე შემეცოდა, ცრემლები ძლივს შევიკავე. ტელეფონი რომ გავუთიშე, მაშინვე მზადებას შევუდექი. ნიტას დავუბარე, სამსახურში მივდივარ-მეთქი და ადრიანადვე გავედი სახლიდან. მარკეტში გავიარე, ხილი, მაწონი, ხაჭო და იოგურტი ვიყიდე და გეზი პირდაპირ ონკოლოგიურისკენ ავიღე. როგორც ყოველთვის, ახლაც მუხლების კანკალით შევედი შენობაში და ალეკოს პალატა ვიკითხე. ადვილად მივაგენი და პალატაში შესული რომ დამინახა, გაოცებისგან ლამის თვალები აუცვივდა შუბლზე.
_ლელა? შენ თმას რა მოუვიდა?
თურმე რაში ყოფილა საქმე.
გამეცინა.
_ისეთი არაფერი, ტასოს სოლიდარობა გამოვუცხადეთ მე და ეკატერინემ.
_აქ წევს?_გაუკვირდა.
_არა. შენს სანახავად მოვედი.
კმაყოფილს ჩაეღიმა.
_ისევ დარდობ ჩემზე?
გულზე ცუდად მომხვდა მისი ნათქვამი.
_კი არ მედარდები, მებრალები ასე უპატრონოდ რომ გდიხარ აქ. მაგრამ როგორც ვატყობ, ტყუილად მოვედი._პარკით სანოვაგე იქვე ტუმბოზე დავუდე და გამობრუნება დავაპირე, მაგრამ წამოიწია და მკლავზე წამატანა ხელი.
_ბოდიში, ზედმეტი მომივიდა. ასეთ ყურადღებას დიდიხანია მოკლებული ვარ და ეტყობა თავში ამივარდა.
გაბრაზებულმა ჩავხედე თვალებში, მაგრამ გულწრფელი მომეჩვენა და გავჩერდი.
_რატო არავის არ ეუბნები შენს ამბავს, ან ცოლს, ან შვილებს?
_განა არ იციან, მაგრამ...
_ნიტას რაღატო უმალავ?
_არ მინდა რომ ავადმყოფი მნახოს. გამოვჯანმრთელდები და მერე ღიმილით მოვუყვები ამ ამბავს.
_იქნებ..._ვერ გავბედე იმის თქმა, რომ ვერ გამოჯანმრთელდე-მეთქი, მაგრამ მიხვდა და მწარედ გაეცინა.
_ჯანმრთელი ვეხსომები სამაგიეროდ.
_იცოდე, თუ რამე დაგემართება, არც შენ გაპატიებს ამ ამბის დამალვას და არც მე. მომეცი უფლება, რომ ვუთხრა და მოგინახულოს.
_არა!_საკმაოდ მკაცრად და უხეშად მითხრა.
_რატო?_სასთუმალთან ჩამოვუჯექი.
_ღირსი არ ვარ და იმიტომ! ჯანმრთელი არ ვაქცევდი ყურადღებას და ახლა, კვერცხი რომ დავდე, მას დავაწვე კისერზე? შენც ნუ მოხვალ. ვაღიარებ, მსიამოვნებს ისევ რომ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ არ ვიმსახურებ. ნიტა შვილად არ მიმაჩნდა. არ მინდოდა, მისი მოშორებაც კი გთხოვე და ახლა, ბიჭები რომ არ გამომადგნენ ისეთები, როგორებზედაც ვოცნებობდი, ჩემგან უარყოფილ შვილს რა ნამუსით შევხედო თვალებში? შენ არ გითქვია ჩემს შესახებ მისთვის საშინელებები და ჩემი სიყვარული შთააგონე. მამა ვარ და ვიმსახურებ ვითომ? არაფერში მიმიღია მონაწილეობა მისი შექმნის გარდა გაზრდა-აღზრდაში თუ ჩაცმა-დახურვაშიდა მე ჩემი სინდისი მიკრძალავს მისი კეთილგანწყობით სარგებლობას.
_მას უყვარხარ და დარდობს შენზე...
_ვიცი, მაგრამ არ ვიმსახურებ. შენც წადი აქედან. მადლობელი ვარ, რომ მაკითხავ და ზრუნავ ჩემზე, მაგრამ არავისი სიბრალული არ მჭირდება._მოულოდნელად გაიმკაცრა ხმა და ასე ვთქვათ, კუდამოძუებული ძაღლივით გამომაგდო პალატიდან.
მეწყინა და ძალიანაც გავბრაზდი. თურმე, თავმოყვარეობა ელახება კაცს, ვიღაცას რომ ებრალება გულწრფელად. თავმოყვარეობაშელახული გამოვედი საავადმყოფოდან და გეზი სახლისკენ ავიღე.
ავტორი: ელეონორა
დასასრული იხილეთ აქვე
დაგვილაიქეთ და დაგვიკომენტარეთ.

777  ბალზაკის ასაკი - 906742887113

Комментарии