Комментарии
- 7 мар 2021 06:08Luka Shengelia
️
- 7 мар 2021 07:03არც არავინ ⌛⏳⏳კარგი დასაწყისია. მადლობა
ველოდები გაგრძელებას
- 7 мар 2021 10:43♥M♥e♥L♥i♥S♥a♥ ♥♥♥♥♥QaRtVeLiShViLi♥♥♥♥♥
- 7 мар 2021 12:44იზოლდა კუპატაძე
- 7 мар 2021 15:34maiko ☆☆☆☆☆☆☆Magaria velodebi axals
- 7 мар 2021 17:15Madlena Keburiaკარგია მადლობა
- 7 мар 2021 17:43O kochlamazashvilisainteresoa 🙂
- 7 мар 2021 20:47izo mamardashvili-Kurtanidze
- 8 мар 2021 06:56Elza Elza
️
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
777 ვანჩოს ქვრივი
თავი 2
_იფ, იფ, იფ, რა გემრიელი ჩანს._ინგაც ჩამოვიდა ეზოში და ჩემს გვერდით ჩაიცუცქა._სხვა როგორ ხარ, რას საქმიანობ არ იტყვი?
_რა ვიცი, საქმეს რა დალევს? საქონელი, კრუხ-წიწილა, ბავშვები, ნათესები, ოჯახი...
_მაგარი ხარ რაა... ნეტა რა თავს იკლავ? სანამ შენი ქმარი ციხიდან გამოვა, წამოდი თბილისში იცხოვრე შენს შვილებთან ერთად.
_არ მინდა თბილისში ცხოვრება და მეორედ აღარ მიხსენო ეგ. სოფელს რას უწუნებ ვითომ?_ინტერესით შევხედე. ღამის სიბნელის მიუხედავად მაინც შევძელი მისი თვალების დანახვა.
_რთულია აქ. დამხმარე არავინ გყავს. გიგლაც კარგად არის მოჩაჩანაკებული.
_ზუსტად მაგიტომაც ვერ წამოვალ. სანამ შეეძლო, გვერდში მედგა და ახლა, რომ აღარ შეუძლია, მივატოვო? რა სისულელეს მეუბნები ხვდები? თან, უპატრონოდ დავტოვო სახლი, რომ ქურდბაცაცებმა გაზიდონ და გაანიაონ ყველაფერი?
_ხვალე-ხვალზევით გიგლა რომ მოკვდეს, მერე? მარტოს არ შეგეშინდება.
_საკუთარ სახლში რისი უნდა მეშინოდეს?_გამიკვირდა.
_მე ოთახში მარტო დარჩენის მეშინია და ყოჩაღ შენ, ტყესთან ასე ახლოს ხართ და არაფრის გეშინია.
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ მოულოდნელად ვიღაცამ ჭიშკარი შემოხსნა და შემოვიდა. გამიკვირდა, არავის ველოდი. ყოველი შემთხვევისთვის იქვე ახლოს მოზრდილი ქვა მოვიძიე და შეუმჩნევლად დავწვდი.
_ სახლში ხართ?_ჩემი დედამთილის ნათლულის ქმარი მალევე ვიცანი ხმაზე და ცოტა შვებით ამოვისუნთქე.
_მოდი გურამ, სახლში ვართ.
თუმცა, ჩემი მოპატიჟება სულაც არ სჭირდებოდა, მაინც პირდაპირ მოდიოდა. მეც მოვრჩი მწვადის შეწვას და სახლში ავედით. დედაჩემს მოესწრო უკვე სუფრის გაწყობა.
_როგორ ხარ გიგლა ნათლი?_გურამა ჩემს მამამთილს მიუტრიალდა და ხელი ჩამოართვა.
_რა ვიცი შვილო, ვარ რა. ამასაც თუ ყოფნა ქვია? დავუძლურდი უკვე და აღარ შემიძლია. ეს გოგო მარტო წვალობს და აწარმოებს ოჯახს.
_ხო, ირა მაგარია._კმაყოფილი მზერით გადმომხედა გურამამ._ვანჩომ უნდა თქვას, რომ ბედი მაქვსო, ასეთი ყოჩაღი ცოლი შეხვდა.
_თან სუფრას შემოვუსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ._მივიწვიე სტუმრები მაგიდასთან.
მეორედ თქმა აღარავის დასჭირვებია. ჩემები მთელი დღის მშივრები იყვნენ, გურამა კი ჭამა-სმის მოყვარული კაცია და უარს არასდროს ამბობდა. სუფრის გაძღოლა ჩემმა მამამთილმა ითავა და რამოდენიმე ჭიქა დაალევინა მამაჩემს და გურამას. მამაჩემმა ბევრი არ დალია, ხვალ უნდა წავიდეო. გურამამ კი გააგრძელა. ცოტა რომ შეთვრა, მერე გაახსენდა წუხანდელი ჩვენი ამბავი.
_არ ვიცოდი, თეომ მითხრა, ეგ რა ცუდი ამბავი დაგმართიათ.
დედაჩემმა მაშინვე ცქვიტა ყურები.
_რაო, რაო, რა ამბავიო?
გურამას კი დავუბრიალე თვალები, მაგრამ ვეღარ მოვასწარი, მაინც წამოაყრანტალა.
_ქურდები შემოსულან და ძაღლისთვის გამოუჭრიათ ყელიო. თქვენ ირას რომ არ ეყოჩაღა და თოფით არ შეეშინებინა, ალბათ გაიყვანდნენ საქონელს.
_რატო არ მოვკვდები._შეიცხადა დედაჩემმა.
_გეუბნები, წამოდი აქედან, ვანჩო მაინც ციხეშია._მამაჩემმაც გაიმკაცრა ხმა._ბავშვებისთვის რომ დაეშავებინათ რამე?
_წეღან მეც იმდენი ველაპარაკე, მაგრამ არ მისმენს._ინგაც მომდგა რომ იტყვიან.
_წამოდი შვილო, თუ ჩვენთან ერთად ცხოვრება არ გინდა, ბინას გიყიდით და ცალკე იცხოვრებ. მართლა არავინ არაფერი დაგიშავოთ._აქოთქოთდა დედაჩემი.
_მე აქ მომწონს ცხოვრება და აქ ვიქნები. ტყუილად წვალობთ, ვერ გადამაფიქრებინებთ მაინც._მტკიცედ ვუთხარი ყველას._ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვიშავებს. როცა გინდათ მესტუმრეთ და რამდენი ხანიც გინდათ დარჩით, არ მაქვს პრობლემა. მაგრამ თუ ჩემს გადარწმუნებას ეცდებით, ჯობია აქ აღარ მოხვიდეთ. ეს ჩემი გადასაწყვეტია სად ვიცხოვრებ და მე გადავწყვიტე რომ აქ ვიყო.
__სულელი არ არის ახლა ეს გოგო?_ინგამ თეატრალურად აიხედა ჭერში._ღმერთო შენ გვიშველე, ჭკუაზე მოიყვანე ეს ქალბატონი.
_მორჩით ახლა მაგაზე ლაპარაკს. აღარავინ დამელაპარაკოს თბილისში წასვლაზე, თორემ არ ვიცი რას ვუზავ._სერიოზულად დავიმუქრე.
არ ვიცი, ჩემმა მუქარამ გასჭრა თუ დღეისთვის იკმარეს, ყველა გაჩუმდა და ამ თემაზე აღარ გვისაუბრია. გვიანობამდე ვუსხედით სუფრას და მე და ინგამაც დავაგემოვნეთ გიგლას ორნახადი ჭაჭა. გურამამ ძლივს ინება სახლში წასვლა. გემოზე გამოთვრა. გასვლისას ბოდიში მომიხადა:
_არ ვიცოდი თქვენებმა თუ არ იცოდნენ წუხანდელი ამბავი. მეგონა მაგის გამო იყვნენ ჩამოსულები._დამნაშავის იერით შემომხედა და გამიღიმა.
_არაუშავს... ხვალ თეოს უთხარი, გამოგვიაროს.
გურამა წავიდა თუ არა, მაგიდა ავალაგეთ და სტუმრებს ოთახები მოვუწყე. ინგას არ ესიამოვნა, მარტო რომ უნდა დაწოლილიყო ოთახში და ჩემს ოთახში შემოიხიზნა. მეგონა წეღან ხუმრობდა და თურმე მართლა შინებია მარტო დაწოლის.
გვიანობამდე ვიჩურჩულეთ. ათასი სისულელე გავიხსენეთ და გვარიანადაც ვიქირქილეთ. ბოლოს გამომიტყდა, რომ ერთი კვირით აპირებდა ჩემთან დარჩენას, მაგრამ ქურდების ამბავი რომ გაიგო, შეეშინდა და გადაიფიქრა.
_შენ კიდევ, ნეტა მშიშარა არ იყო რაა._საწოლზე წამოვჯექი და მთვარის შუქით განათებულ ოთახში მის საწოლს გადავხედე._ერთი რახან ვერ შემაშინეს, აქეთ აღარ იზავენ ისინი პირს. ისე დავაფეთიანე იარაღის გასროლით, ცხოვრებაში აქეთ აღარ გამოიხედებიან.
_ნეტა, შენნაირად მეც მჯეროდეს მაგის._სინანულით ამოიოხრა ინგამ.
ხმა აღარც ერთს აღარ ამოგვიღია. ინგას მალევე დაეძინა. მე კი ერთი საათი მაინც ვიწრიალე, სანამ დამეძინებოდა. გურამაზე მებრაზებოდა, რატო წამოაყრანტალა ქურდების ამბავი? ჯერ არაფერს ვეუბნები ჩემს მშობლებს ჩემი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ და მაინც უნდათ რომ თბილისში წამიყვანონ და ამ ამბის შემდეგ ხომ საერთოდ აღარ მომისვენებენ?
დილაუთენია, სანამ ჯერ ისევ ეძინათ ჩემებს, ყანის დასახედად წავედი, ოღონდ ამჯერად ცხენით, რადგან შემეშინდა, კიდევ არ ჩავვარდნილიყავი მანქანით სადმე. სანადირო ორლულიანი ზურგზე მქონდა მოკიდებული გამოცდილი მონადირესავით. სხვა თუ არაფერი, თუ ვინმე დამიხვდებოდა ყანაში, შესაშინებლად ვისროდი ისევ.
ძალიან გამიკვირდა ჩვენს ყანაში წყალი რომ იყო მიშვებული და ირწყვებოდა. მორწყვა ნამდვილად უნდოდა, მაგრამ მე ვერ ვახერხებდი. არც არავისთვის მქონდა ნათქვამი. ეტყობა, მთელი ღამე ემუშავა ვიღაცას, დიდი ტერიტორია იყო უკვე მორწყული.
სიმინდებში შარი-შურის ხმა რომ გავიგე, მივაყურადე. ცოტა ხანში ალუდაც გამოჩნდა. შარვალი ისევ აკაპიწებული ქონდა და პერანგის ღილებიც ბოლომდე შეხსნილი. დამინახათუ არა, მაშინვე შეიკრა და გამიღიმა.
_რა დილაადრიან ჩამოსულხარ რძალო? წუხელ არ გეძინა?
_მე კი მეძინა, მაგრამ გეტყობა შენ არ გძინებია._ყანაზე ვანიშნე._ უთქმელად რომ მირწყავ ყანას, დიდი მადლობა.
_თქმა რად მინდოდა? ვანჩო იგივე ჩემი ძმაა და დახმარების ხელი არ აწყენდა მის ოჯახს._მითხრა და ისევ მორცხვად გამიღიმა და ისევ გამოაჩინა თავისი ლამაზი მწვანე ბრეკეტები.
_ამხელა მანძილზე ფეხით დადიხარ?_გამიკვირდა.
_გამვლელს გამოვყვები ხოლმე.
_აქედან ეს დაღლილი როგორღა მიდიხარ?
_აქედანაც ვიღაც მიედინება და იმას გავყვები._ისევ გამოაჩინა ალუდამ ჩამძივული კბილები._წუხელ გავიგე თქვენი ამბავი. ხომ არ გაუგიათ ვინ იყვნენ._მოულოდნელად დასერიოზულდა და დაჟინებით მომაშტერდა მუქი მწვანე თვალებით.
_ჯერ არაფერი. გაიგებენ ალბათ._"დავაიმედე".
მოულოდნელად ტელეფონი ამიწკრიალდა ჯიბეში. დედაჩემი იყო. ღელავდა სად ვიყავი.
_კაი, მე უნდა წავიდე. დიდი მადლობა ყანას რომ მირწყავ. ჩემზე იყოს.
_რის მადლობა, არ გრცხვენია?_მორიდებით გამიღიმა და ისევ ყანაში შებრუნდა.
ცხენს ქუსლები წავარტყი ფერდში და სულ ჭენებით დავბრუნდი სახლში. დედაჩემს წუხანდელი დასვრილი ჭურჭელი დაერეცხა უკვე და აივანზე გადმოყუდებული მე მელოდებოდა. მამაჩემი და ჩემი მამამთილი კი ბაღჩაში დადიოდნენ და ხეხილს ათვალიერებდნენ. თან რაღაცაზე საუბრობდნენ. კიბეზე ავედი თუ არა, დედაჩემმა ცხვირი აიბზუა.
_ახალგაზრდა გოგო ხარ და ცხენის სუნათ ყარხარ, არ გრცხვენია? შენხელები ჯერ ისევ გასათხოვრები არიან და შენ კიდევ შვილებიც გყავს დაქმარიც, ოღონდ ციხეში...
_კარგი რაა, დე, ნუ იცი ხოლმე მასე. მე ასეთი ცხოვრება მომწონს და ამ ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. შენ შენი სურვილები აიხდინე, მე ჩემსას ავიხდენ. შენ ვაკეში ცხოვრება გინდა და ხომ ცხოვრობ? მე სადაც მეცხოვრება იქ უნდა ვიცხოვრო და ძალიან გთხოვ, პატივი ეცით შენ და მამამ ჩემს გადაწყვეტილებას. თუ მაინც და მაინც გინდათ, რომ ბინა მიყიდოთ, იმ ფულით მანქანა მიყიდეთ.
_რა მანქანა?_გაკვირვებულმა შემომხედა.
_რამე ისეთი, სოფელში რომ გამომადგეს. სექტემბრიდან გიგლა სკოლაში მიდის. ჩვენგან ცოტა მოშორებითაა და რომ ვატარო ხოლმე წვიმიან ამინდში.
დედაჩემს ხმა აღარ ამოუღია. შევატყე, ჭკუაში დაუჯდა ჩემი ნათქვამი და გუნებაში გამიხარდა. ამისი ერთი-ორი სიტყვა და მამაჩემი უეჭველი მიყიდიდა მანქანას. თან ისეთსას, მარტო სოფელში კი არა, რაიონში არ ეყოლებოდა არავის.
_მერე ტარება იცი?
_ვსწავლობ. გამოცდასაც ჩავაბარებ და მართვის მოწმობასაც ავიღებ...
_კარგი, დაველაპარაკები მამაშენს._ეს მითხრა თუ არა, ასი პროცენტით დავრწმუნდი, რომ ახლო მომავალში მანქანა მეყოლებოდა უკვე.
* * * * *
შუადღე გადასული იქნებოდა დედაჩემი და მამაჩემი თბილისში რომ დაბრუნდნენ. ინგა, დიდი ხვეწნის და მუდარის მერე, როგორც იქნა დავარწმუნე და დავიტოვე ჩემთან. ბიჭებსაც გაუხარდათ დეიდის დარჩენა და გვერდიდან აღარ შორდებოდნენ. პიტიც გააცნეს, ტორნადოც, ლამაზოც და მისი შვინდაც და მათი მთელი ოჯახიც. ინგაც ხალისით დასდევდათ ბიჭებს და ყოველ კუთხე-კუნჭულს გულდასმით და ხალისით ათვალიერებდა. ერთ რამედ ღირდა მათი აივნიდან ყურება. მერე ჰამაკში ჩასხდნენ და ახლა იქ გააბეს ლაპარაკი. კარგა ხანს ვუყურე და დავტკბი მათი ცქერით. მერე კი ჩემს საქმეს მივხედე. შუა საქმიანობაში ვიყავი, ეზოდან უცხო ხმა რომ შემომესმა. დამაინტერესა ვინ იყო და გავედი. ეზოს შუაგულში ალუდა იყო ჩაცუცქული და ბიჭებს ელაპარაკებოდათ. მალე ინგაც მიუახლოვდათ და შევატყე როგორ ინტერესით შეათვალიერა სიმპატიური ბიჭი. ალუდამ უცხო რომ დაინახა, მაშინვე წამოიმართა წელში და მორიდებით შეხედა.
_მე ინგა ვარ, ირას დეიდაშვილი._თამამად გაუწოდა ხელი.
ასეთი სითამამე ალბათ მოერიდა ალუდას და დარცხვენილმა ჩამოართვა მანაც თავისი დაკუნთული და მზემოკიდებული მარჯვენა. ინგას ასეთი სითამამე არ მომეწონა რატომღაც. მაგრამ, შევატყე რომ ძალიან მოეწონა ქერა, მწვანეთვალება ბიჭი და შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა, რომ არ გაეცნო?
ალუდამ მოგვიანებით შემნიშნა აივანზე მდგარი და ღიმილით ამომხედა.
_გამარჯობა რძალო. თქვენს ყანაში ბაჭია ვიპოვე და ბიჭებს ამოვუყვანე.
მხოლოდ ახლა შევნიშნე გიგლა და ლაშა პატარა გალიაში ჩასმულ თეთრ ბაჭიას რომ დასტრიალებდნენ დიდი ინტერესითა და სიხარულით.
_ისე გაახარა, ჭკუაზე აღარ არიან._აკისკისდა ინგა. მერე ხელკავი გამოსდო ალუდას და სახლისკენ წამოიყვანა._წამოდი, ყავა დავლიოთ. ირაჩკას გემრიელი ნუგბარი გამოუცხვია და თან დავაგემოვნოთ.
ინგაზე გამებრაზა, ასეთ სითამამეს რომ იჩენდა ახლად გაცნობილ ბიჭთან, მაგრამ არაფერი მითქვია. უხმოდ ვუყურებდი როგორ ამოყავდა კიბეზე დარცხვენილი და უხერხულად გაღიმებული ალუდა. მერე, დავტრიალდი ჩემებურად, აივანზე მოვაწყე პატარა ტკბილეულის სუფრა, ყავაც მოვადუღე და სამივენი შემოვუსხედით. ინგა, როგორც ვივარაუდე, ალუდას მიუჯდა გვერდით და აღარ მოასვენა, ხან რას სთავაზობდა და ხან რას მორიდებულ ბიჭს. ალუდა კი უხერხულად იღიმოდა და უარს ვერაფერზე ეუბნებოდა.
_ხვალ ტყეში მინდა გასეირნება და თუ მოიცლი და გიდობას გამიწევ, დიდად დამავალებ._დაჟინებით მიაშტერდა ინგა.
_ჩემზე უკეთ ირა იცნობს ამ ტყეს._მორიდებით შემომხედა ალუდამ._თუმცა, რა პრობლემაა, წავიდეთ.
_შეიძლება ირამ იცის, მაგრამ მის გვერდით ისე დაცულად და უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობ თავს, როგორც შენს გვერდით._რაღაც ეშმაკურად შეჰღიმა.
_სულ ტყუილად არ აფასებ შენი დეიდაშვილის შესაძლებლობებს. ნებისმიერი ვაჟკაცი შემირცხვენია მასთან._ისე თქვა ალუდამ და თან ისეთი თვალებით შემომხედა, გული ამიფორიაქა.
ჩემთვის მღელვარება რომ არ შეემჩნიათ ავდექი და სამზარეულოში გავედი. ინგა ისევ თამამად ელაპარაკებოდა და თან გამომწვევად კისკისებდა. ჩემი შესვლიდან ალუდაც მალე წამოდგა და სახლში წავიდა.
_აუ, რა მაგარი ტიპია._სამზარეულოში შემოვიდა თუ არა, აღტაცება ვერ დამალა ინგამ._საწყენია, სოფლელი რომ არის._ყავის ფინჯნები ნიჟარაში ხმაურით ჩააწყო და მომიბრუნდა._როგორ უხდებოდა მორიდება და გოგოსავით გაწითლება... რა საყვარლად ეჩხვლიტებოდა ღიმილის დროს ლოყები... ცოლი ყავს?_რატომღაც გვიან დაინტერესდა მისი მდგომარეობით.
_არა.
ჩემმა პასუხმა უარესად გაახარა.
_სასწაული ბიჭია... რას საქმიანობს?
_სოფელში რას უნდა საქმიანობდეს?_"სოფელს" მკვეთრად გავუსვი ხაზი, რომ მეგრძნობინებინა,_როგორც ყველა, ესეც მიწის მუშაა და საქონელს უვლის.
_ერთი შეხედვით რომ დაგატყვევებს, ისეთი თვალები აქვს._შევატყე, რომ უკვე ღრუბლებში დაფრინავდა ჩემი დეიდაშვილი.
კეფაში წამოვარტყი მიწაზე დასაბრუნებლად. გაოცებულმა მომხედა.
_სისულელე არ ჩაიდინო ხვალ ტყეში იცოდე.
_რა სისულელე უნდა ჩავიდინო?_წყენა გაურია ხმაში._ბევრი ბევრი ვაკოცო იმ ფუმფულა ტუჩებში... ნეტა, შეყვარებული ყავს?
არაფერი აღარ მითქვია, აღფრთოვანებული ინგა სამზარეულოში დავტოვე და აივანზე გავედი. ბავშვებს გადავხედე, ისევ ბაჭიას დასტრიალებდნენ. გიგლას თუთის პატარა ტოტები ეჭირა და ფოთლებს აჭმევდნენ. გამეღიმა. მერე ჩემს ოთახში შევედი და საგამოცდო ბილეთების შესწავლა დავიწყე. რატომღაც გული ვერ დავუდე და ისევ პრაქტიკის შესწავლა განვიზრახე.
_მანქანით ვაპირებ გასვლას მინდორში, წამოხვალ?_ინგას შევძახე რომელიც სამზარეულოში იყო ისევ.
_ტარება იცი რომ?
_თუ არასდროს მივუჯდები საჭეს, ვერც ვერასდროს ვისწავლი. თუ გეშინია დარჩი და ბიჭებს მიხედე არაფერი იტკინონ.
_მირჩევნია ბიჭებს მივხედო, თუ არ გეწყინება._რაღაცნაირი ღიმილით შემომხედა.
მართლა არ მწყენია. მარტო წასვლა მერჩივნა მაგის წიოკის და ქოთქოთის მოსმენას. წინანდელთან შედარებით უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად მივუჯექი საჭეს. ადვილად ავამუშავე ძრავა და ეზოდან ფრთხილად გავიტანე. გეზი მინდვრისკენ ავიღე. შედარებით უფრო სწრაფად და თამამად ვმართავდი. გაშლილ მდელოზე კარგად ვიმოძრავე. უკანა სვლა, მიხვევა, მოხვევა, შემობრუნება კარგად შევისწავლე და სახლში გამობრუნება დავაპირე, რომ ომარა, გურამას ბიჭი მომიახლოვდა ცხენზე ამხედრებული.
_ირა ბიცოლ, თქვენი თაფლა მშობიარობს._ქაქანით ძლივს ამოთქვა სათქმელი.
_მართლა?_გამიკვირდა._ჯერ ხომ დრო არ ქონდა? კარგად არის?_ავღელდი.
_ვეტექიმის ჩამოყვანა მინდოდა, გაუჭირდა.
__მე წავალ ანზორასთან. სად ხართ რომ იქ მოვიდე?
_ფშატებთან ვართ, ლამიანში._მითხრა თუ არა, ისევ იქით გაქუსლა.
მე მაშინვე ავამუშავე ძრავა და რაც შემეძლო სწრაფად გავაქროლე აღმართზე ჩემი ნივა. ბედზე ხნიერი ანზორა სახლში დამიხვდა. სიტუაცია რომ ავუხსენი, არ დამზარდა და მაშინვე ჩამიჯდა მანქანაში. ომარას მითითებულ ადგილზე რომ მივედით, ანზორა ახალგაზრდული სიმარდით ჩავიდა მანქანიდან და შორიახლოს წაქცეულ ძროხასთან რაც შეეძლო მარდად მივიდა. მეც კი გადავედი მანქანიდან, მაგრამ ახლოს მისვლა ვერ გავბედე. ჯერ ერთი, სულ კაცები იყვნენ და მომერიდა მათთან მისვლა და მეორე, რატომღაც შემეშინდა...
ლამის ნახევარი საათი ბოლთას ვცემდი შორიახლოს და ნერვიულად ვიმტვრევდი თითებს. ისე განვიცდიდი, თითქოს მე ვმშობიარობდი. ბოლოს, როგორც იქნა ომარა მომიბრუნდა.
_ბიჭია ირა ბიცოლ, ბიჭი!_აღტაცებულმა მახარა.
გავბედე და მივუახლოვდი თაფლას, რომელიც მის წინ დაწოლილ შავ ხბოს სიყვარულით ლოკავდა თავისი ხაოიანი ენით. სიყვარულით ამიჩქროლდა გული. ჩემი თავი გამახსენდა თექვსმეტი წლის ასაკში რომ ვიმშობიარე გიგლა და ტაომ დამაყარა. მახსოვს, პირველად რომ დავხედე ჩემს შვილს, მაშინვე დამავიწყდა ის საშინელი ტკივილები, რაც მანამდე მქონდა და სიყვარულით ჩავიკარი გულში. დედა მაინც რომ ყოველთვის დედაა ცხოველი იქნება ეს, ფრინველი თუ ადამიანი. უკიდეგანო და უანგარო სიყვარული შეუძლია მას თავისი შვილისა...
_შეგიძლია შენი ბიჭი წაიყვანო სახლში. საღამოს თაფლასაც მოგიყვანთ._ღიმილით მითხრა მახომ, შუახნის მენახირემ.
ომარამ მაშინვე დაავლო ლამაზად მოკეცილ ხბოს ხელი და საბარგულში ჩამისვა. თაფლა ზმუილით გამოყვა, მაგრამ მახომ ჯოხით მოიგერია და მიაბრუნა შეშფოთებული დედა, რომელსაც შვილის დათმობა არ უნდოდა.
_მადლობის მეტი რა მეთქმის?_გულთბილად გავუღიმე კაცებს._ მაღარიჩი ჩემზე იყოს.
_ცივ ლუდზე მართლაც არ ვიტყოდით უარს._ომარამ ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
_ხბოს ავიყვან და ჩამოგიტანთ.
_არ შეწუხდე შვილო, არაფერი გვინდა._მახომ წყენით გადახედა ომარას.
ანზორამ ხელები გადაიბანა და მანქანაში ჩამიჯდა.
_დიდი ხბოა. ცოტა კი გაუჭირდა შენს თაფლას, მაგრამ ყოჩაღი ძროხაა._ბებრული სახე ღიმილით გადაუნათდა ანზორას._ვანჩოსი რა ისმის, როგორ არის?
_არაუშავს. კარგად არის. კვირაში ერთხელ რეკავს. ბავშვები ენატრება._ნაღვლიანად ვუპასუხე.
ანზორამ რომ შემატყო დანაღვლიანება, მეტი აღარაფერი უკითხავს მის შესახებ. საერთოდაც აღარ ამოუღია ხმა. უხმოდ ვიმგზავრეთ მის სახლამდე. მანქანიდან ჩასვლისას კი ისევ გამიღიმა.
_ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და კიდევ მრავალი მატება გქონოდეთ. კარგი გოგო ხარ და ყოჩაღად უძღვები ოჯახს. გაიხარე შვილო.
_მადლობა ანზორა ძია._მეც ღიმილით დავემშვიდობე კაცს და სახლში გავწიე.
მარტოს გამიჭირდა ხბოს გადმოყვანა მანქანიდან და ინგას ვთხოვე დახმარება, რომელმაც შიშით და ამრეზით წამახმარა ხელი. ბიჭებს ისე გაუხარდათ შავი ხბოს დანახვა, სულ გარშემო ურბენდნენ. დიდი გიგლაც ჩამოვიდა კიბეზე ფრთხილი ნაბიჯებით და ინტერესით შეათვალიერა ყოჩაღი და მართლაც ტანიანი ხბო.
_ყოჩაღ ჩვენ თაფლას, რა მშვენიერი ხბოა._კმაყოფილი მიეფერა ყელზე.
ხბო ბოსელში შევიყვანეთ. ხელები საგულდაგულოდ დავიბანე საპნით და ისევ მანქანაში ჩავჯექი.
_მენახირეებს ცივი ლუდი უნდა ჩავუტანო მაღარიჩი და მალე მოვალ.
_შეიძლება მეც წამოვიდე?_სურვილი გამოთქვა ინგამ და სანამ რამეს ვეტყოდი, გვერდით მომიჯდა.
აღტაცებული ათვალიერებდა გზის პირზე ბუნებას.
_მართლაც მშვენიერია აქაურობა, მაგრამ შენსავით აქ ცხოვრებას მართლა ვერ შევძლებ. რთულია.ძლიერი უნდა იყო, რომ სოფლის პირობებს შეეგუო.
* * * * *
_შენ არ გიყვარს სოფელი, თორემ სულაც არ არის რთული აქ ცხოვრება. უფრო თავისუფალი ხარ. ქალაქის ხმაურიან ქუჩებს და დაბინძურებულ ჰაერს მილიონჯერ მირჩევნია მთის სუფთა ჰაერი და ბუნების ხმაური...
_მაგაში მართალი ხარ, არ გედავები, მაგრამ აქ ბევრი საქმეა, შენ რომ გიყურებ: დილით საქონელს მიხედე, გააცილე, ბოსელი დახვეტე, ქათმები, ბავშვები, სადილი, ვახშამი, ჭურჭელი, სარეცხი, მამამთილი. შენი თავისთვის ვეღარ მიგიხედია... კიდევ კარგი ქმარიც არ გყავს მისახედი.
წყენით შევხედე. ალბათ სახეზე აშკარად მეწერა და მაშინვე ენას კბილი დააჭირა.
_მე მართლა კმაყოფილი ვარ ასეთი ცხოვრებით. შეიძლება მართალიც ხარ, იქნებ უკეთესიც არის ვანჩო რომ ციხეშია, მაგრამ გინდაც არ იყოს, მაინც მომწონს აქ. გემოვნებაზე არ დაობენ. შენ სადაც გინდა იქ იცხოვრე, არ შეგედავები...
ინგა გაჩუმდა, ხმა აღარ ამოუღია. აღარც მე არ მითქვია არაფერი. უხმოდ ვიმგზავრეთ ციცოს მარკეტამდე. ზედაზენის ლუდი ჩამოვასხმევინე სამი ლიტრა. შემწვარი ვარიაც ვიყიდე. პური, ტკბილეულიც და მენახირეებისკენ გავეშურეთ.
ძალიან გაუხარდათ ჩემი მიტანილი საგზალი. თავიდან კი თითქოს უარზე იყო მახო, მაგრამ ომარამ დიდი მადლობით ჩამომართვა პარკები და იქვე ჩრდილში მოკალათდა. ინგა მანქანიდან არ გადმოსულა, ძროხების და იქვე მწოლიარე დიდი ნაგაზის შეეშინდა. მანქანიდან გვიყურებდა.
_გემრიელად მიირთვით._ვუთხარი და მალევე გამოვბრუნდი.
_რა თვალებით გიყურებს ეგ ბიჭი, შეატყე?_მანქანაში ჩავჯექი თუ არა, ეშმაკური ღიმილით მიჩურჩულა ინგამ.
დავიბენი.
_ვინ ბიჭი? ომარა? შენ ხომ არ გაგიჟდი?_შევიცხადე.
_დავიჯერო მის ფარულ ზრახვებს ვერ ხვდები?_ეშმაკური ღიმილი არ მოუშორებია სახიდან.
_სისულელეებს ნუ ლაპარაკობ რა!_შევუბღვირე დეიდაშვილს._ჯერ ერთი, გვენათესავება, მეორეც, ბავშვია ჩემთან.
_წლოვანებას რას უყურებ, ჩამოყალიბებული კაცია უკვე და ქალთან დაწოლაზე უარს არ იტყოდა. აბა, მიუშვი და თუ არ გააკეთოს ბავშვი, ნახავ.
_გაჩუმდები თუ აქვე ჩამოგსვა?_შევუბღვირე.
_რახან ბრაზობ, ესე იგი შენც ატყობ, რომ სხვა თვალით გიყურებს. მშვენიერი გოგო ხარ. არც ერთი კაცი არ იტყოდა შენზე უარს. თუნდაც ომარა, შენს ყურებაში რამის დორბლი ჩამოსდის პირიდან. არ გეშინია უქმროდ დარჩენილი ქალი ვინმემ რომ გამოგიჭიროს და...
მოულოდნელად ისე მკვეთრად დავამუხრუჭე მანქანა, ინგამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ლამის თავით მიასკდა საქარე მინას. გაოცებულმა და გაკვირვებულმა შემომხედა.
_გაგიჟდი?_შიშისგან გაფართოებული თვალებით შემომხედა.
_სისულელეების ლაპარაკს შეეშვი!_მკაცრად დავუბრიალე თვალები.
_კარგი, ხო... უბრალოდ მე მეშინია და შენ არა? ასე თავისუფლად რომ დადიხარ ტყე-ღრეში, ცოტა იფრთხილე. შენთვის გეუბნები. რაც არ უნდა ვანჩოს შიში, რიდი და ხათრი ქონდეთ, ის ციხეშია და რამე რომ მოიწადინონ, ვერაფერს გიშველის იქიდან. ერთი თუ შეუჩნდა კაცს ეშმაკი და ვნებამ აურია თავგზა, იცოდე ვერაფერი შეაკავებს. მითუმეტეს იციან, რომ თვეებია კაცი არ გყოლია და ყველა ეცდება შენს შეცდენას.
_ბოლოს და ბოლოს გაჩუმდები თუ არა?_იმხელა ხმაზე ვუკივლე, მე თვითონ შემეშინდა.
ინგა გაჩუმდა, მაგრამ ჩემს ტვინში ჩარჩენილი მისი სიტყვები მაინც ხმამაღლა ყვიროდნენ და მათგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. ინგა მართალი იყო. მართალია არ მინდოდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი, რომ ზოგიერთი კაცი მართლაც სხვა თვალით მიყურებდა სოფელში და აშკარად ვგრძნობდი მათ ფარულ ურცხვ ზრახვებს, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრიდი. არავის ვაჩვენებდი ჩემს შიშს თუ უმწეობას. არავის ვუხრიდი თავს და არავის ვაძლევდი იმის მიზეზს, რომ ქუჩის კახპასავით მომქცეოდა. ვერ ვიტყვი, ქმარი მიყვარდა და მისი ერთგული მიტომ ვიყავი, მაგრამ ოჯახს და ჩემს თავს ვცემდი პატივს. პირველ რიგში ჩემს გამო ვიყავი მისი ერთგული და მერე უკვე შვილების, ოჯახის და ბოლოს ვანჩოს გამოც.
მანქანა ადგილიდან დავძარი და უსიტყვოდ გავნაგრძეთ გზა. ინგას ხმა აღარ ამოუღია. აღარც მე. დამდურებულებივით მივედით სახლში და მაშინვე ჩვენი შავი ბიჭი მოვინახულე, რომლისთვისაც ბიჭებს უკვე შეერჩიათ სახელი ბლეიქი და ეფერებოდნენ.
_დე, დე, იცი, ბლეიქმა ხელი ამილოკა?_გაკვირვებული და გახარებული ლაშა მაშინვე მომეხუტა და ხელში აყვანა მომთხოვა.
მეც მაშინვე დავწვდი, ხელში ავიტაცე და ყელში მადიანად ჩავპროშნე. საყვარლად ახითხითდა და ჩემი მოგერიება სცადა. ინგას დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი, შევხედე. მოშორებით იდგა და ღიმილით გვიყურებდა. სიყვარული ჩანდა მის თვალებში. მის მიმართ წეღანდელმა წყენამ მალევე კი გამიარა, მაგრამ მაინც დაბღვერილი ვუყურებდი, მაგრამ ახლა ისე გვიყურებდა, ღიმილი ვეღარ შევიკავე. გავუღიმე თუ არა, მაშინვე მოვიდა და ჩაგვეხუტა.
_მიყვარხარ და შენზე ვზრუნავ. წეღან ზედმეტი მომივიდა და გაწყენინე, ბოდიში.
_ბოდიში იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ მაგ სისულელეებს აღარ გაიმეორებ.
_გპირდები._გამიღიმა და ტუჩებზე ორი თითი გაისვა, ვითომ ელვა შესაკრავით შეიკრა._მაგ თემაზე ხმას აღარ ამოვიღებ.
ხელი გადავხვიე და სახლში ავედით.
_დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით პიცას გამოვაცხობ, თუ ნებას დამრთავ შენ სამზარეულოში ვიტრიალო.
_თუ კი მაგ სიკეთეს იზავ, წინააღმდეგი არ ვარ. მანამდე კი მე ჰამაკში ვინებივრებ, სანამ შენ რამე სასუსნავს მოგვიმზადებ._ჩავედი და მართლაც ჰამაკში ჩავწექი.
მესმოდა როგორ ასწავლიდათ და უხსნიდათ ინგა ბიჭებს პიცის გამოცხობის ტექნოლოგიას და მეღიმებოდა. მერე ყურსასმენები მოვირგე და ჩამავალი მზის ცქერით ვტკბებოდი. ისე დამატყვევა ამ დიდებულმა სანახაობამ, ალუდა როგორ შემოვიდა ეზოში ვერ გავიგე. თავზე რომ წამომადგა, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე და მოულოდნელობისგან დაბნეული მაშინვე წამოვჯექი.
_იმის დასაზუსტებლად მოვედი, დილით რომელ საათზე წავიდეთ ტყეში?
_ტყეში?_გამიკვირდა.
_ხო, შენმა დეიდაშვილმა რომ მთხოვა._ალუდა დაიბნა და მორიდებით გამიღიმა.
_ააა._გამახსენდა._რა ვიცი, დილით ცოტა გაღვიძების პრობლემა აქვს და რა გითხრა არ ვიცი.
_ერთ ადგილზე კარგი სოკო მეგულება. ტყუილად ხომ არ ვივლით და ვიფიქრე, მოგვეკრიფა.
__გგონია ინგა სოკოს მოგიკრეფავს? _გამეცინა.
_ინგა არ მოკრიფავს, ჩვენ მოვკრიფოთ...
_ჩვენ?_უარესად გამიკვირდა.
_შენ არ მოდიხარ?_ალუდას ჩემზე მეტად გაუკვირდა.
_ალუდა ბიძია მოსულა!_აღტაცებული ლაშას ხმა და კიბეზე ბრაგი-ბრუგი ერთდროულად შემომესმა._შენი მოყვანილი ბაჭია იცი რა კარგად ჭამს თუთის ფოთლებს?
ლაშას გიგლაც მოყვა და აქეთ იქიდან შემოეხვივნენ ალუდას.
_დედამ სხვა გალიაში ჩაგვისვა, ჩვენ თვითონ ვაჭმევთ და წყალსაც ვუსხავთ.
_ეს რა ყოჩაღი ბიჭები ხართ._გულღიად გაეცინა ალუდას და ისევ თვალი მომჭრა მისმა მწვანე ბრეკეტებმა.
_იცი, ჩვენმა თაფლამ შავი ხბო გააჩინა და ბლეიქი დავარქვით, წამო გაჩვენო._გიგლამ ხელი მოკიდა და ბოსლისკენ გაიწია.
ალუდა ღიმილით დასწვდა ბიჭებს, ერთი ერთ ხელში აიყვანა, მეორე კიდევ მეორეში და ისე წავიდნენ ბლეიქის სანახავად. თვალი გავაყოლე ახითხითებულ ბიჭებს და გული დამწყდა, რომ ვანჩო არასდროს მოფერებია ასე თავის შვილებს და ხელში არ აუყვანია. მართლა ლამაზი სანახავები იყვნენ. მერე გავბრაზდი ჩემს თავზე ასეთი ფიქრები რომ მიტრიალებდა თავში. მაშინვე წამოვდექი ჰამაკიდან და მაღლა ავედი. ინგა გაქაფული აბრტყელებდა ცომს.
_ალუდას ხმა იყო თუ მომეჩვენა?_ინტერესით მკითხა.
_არ მოგჩვენებია.
_წავიდა?
_არა.
_მაშინ წავალ, მივესალმები. დანარჩენი შენ გააგრძელე._წინსაფარი მოიძრო და სანამ რამეს ვეტყოდი, კისრისტეხით დაეშვა კიბეზე.
სინანულით გავიქნიე თავი. მისი მიგდებული წინსაფარი ავიფარე და პიცის გაკეთებას შევუდექი. ცომი მთლიანად გავაბრტყელე ტაფაზე. ტკბილი კეტჩუპი წავუსვი. ინგას მიერ გამზადებული დაჭრილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა შემოვაწყე, გახეხილი ყველიც მოვაყარე, მაიონეზი მოვასხი და ქურაში შევდგი. ხელები გადავიბანე და აივანზე გავედი. ინგა, ალუდა და ბიჭები კიბეზე ამოდიოდნენ.
_ალუდას ჩემი გამომცხვარი პიცა უნდა გავასინჯო._კეკლუცად გამიღიმა ინგამ.
_შენი გამომცხვარი?_მის ნათქვამზე თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა.
_თან ხვალინდელ ლაშქრობაზე დავილაპარაკებთ. ალუდამ თქვა, სოკო არის ბევრიო. მე კი არ ვიცი სოკოს ცნობა, მაგრამ ხომ მასწავლით._თავი მოისაწყლა.
_მეტი რა გზა გვაქვს, სოკოთი მოწამვლა გვინდა ახლა?_გამეღიმა.
_დილით ჯობია წასვლაო, თან ფეხითო და ბიჭებს რა უნდა ვუყოთ? დიდი გიგლა ვერ დაიტოვებს?
_სულ ის არ ინახავს, როცა ირა საქმეზეა გასული?_ალუდამ დაამშვიდა ჩემი დეიდაშვილი.
_მაშინ საქმე აგვწყობია და ეგ არის._სიხარულით შემოჰკრა ინგამ ტაში._ოღონდ რა მინდა გთხოვოთ იცით? სადამდეც სამანქანე გზაა, იქამდე რომ მანქანით წავიდეთ და მერე ფეხით ვიაროთ, ვერა?
_მძღოლი თუ თანახმაა, მე წინააღმდეგი არ ვარ._ისეთი თვალებით შემომხედა ალუდამ, უარი ვეღარ ვთქვი.
_გადაწყდა, დილით რვა საათზე წავიდეთ მანქანით და მერე ფეხით._გაუხარდა ინგას და სამზარეულოში შევარდა._ამ ლაპარაკში პიცა არ დავწვათ.
გიგლამ ალუდას ხელი ჩაავლო და ისიც სამზარეულოში შეიყვანა.
_ჩვენც ვეხმარებოდით დეიდას და მოდი გასინჯე როგორი გამოვა.
მე აივანზე დავრჩი. მოაჯირს მივეყუდე ზურგით და სიბრაზის დაძლევას შევეცადე. ინგაზე ვბრაზობდი. რაც ვანჩო დაიჭირეს ციხეში, მას მერე ალუდა აღარ მოდიოდა ჩვენთან. თუ მოვიდოდა, ისიც გზიდან გველაპარაკებოდა და მალევე მიდიოდა. უქმროდ დარჩენილ ქალთან ვერ ბედავდა შემოსვლას, რომ მეზობლებისთვის სალაპარაკო არ მიეცა და ახლა ეზოში კი არა, სახლშიც კი შემოყავდა ამ ტუტუც გოგოს.
გაგრძელება იქნება ხვალ
დატოვეთ კლასი