ჩრდილოაფრიკული ზღაპარი ამბობენ, ტყეში ბებერი მგელი ცხოვრობდაო. ეს მგელი ისეთი ბებერი ყოფილა, რომ ვეღარც ნადირობდა და ვეღარც საზრდოს შოულობდა. მშიერი და გაავებული დაძუნძულებდა. ერთხელ მგელი ტყეში ხეტიალისას ბებერ მელას გადაეყარა. მელა მთლად გაძვალტყავებული და მასზე მშიერი იყო. ერთმანეთს მიესალმნენ და გზა ერთად განაგრძეს. მილასლასებდნენ და თავიანთ გასაჭირზე ჩიოდნენ, იმ დროს მისტიროდნენ, როცა საზრდოცა და იოლი ნადავლიც თავზე საყრელად ჰქონდათ. მოგონებებმა ორივეს გაუათკეცა შიმშილით ტანჯვა და იმდენი ნერწყვი ყლაპეს, კინაღამ დაიხრჩვნენ. - ეჰ, დაიკო მელავ! - თქვა მგელმა. - ყველამ იცის, რა ჭკვიანი და გაიძვერა ხარ და რა მშვენივრად გეხერხება საოცარი ოინები. ძალიან გთხოვ, რამე მოიფიქრე, რომ საჭმელი ვიშოვოთ. მგლის ქება და პირფერობა ბებერ მელას ეამა. ამოიხვნეშა, გაიღიმა და თქვა: - ახლა ცუდი დროა. იმის იმედიღა დაგვრჩენია, ეგებ ფარას ჩამორჩენილ ცხვარს გადავეყაროთ. მერწმუნე, ამაზე იოლი და საამო ნადავლი არ არსებობს, მაგრამ ცხვარი მხოლოდ შენი გულისთვის ვინატრე, ძამიკო მგელო. პირადად მე ქათამი ან პატარა იხვიც მეყოფოდა. ცხვრის ხსენებამ მგელს მადა გაუძლიერა. ნაბიჯს უმატა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება, იქნებ მართლა ახდეს მელას სიტყვებიო. - აბა, იქით გაიხედე! - უთხრა მგალმა მელას. მელამ თვალები ჭყიტა, გაფაციცებით დაიწყო ყურება, მაგრამ ვერაფერს მოჰკრა თვალი. - საით გავიხედო, ძამიკო მგელო? ვერავითარ ნადავლს ვერ ვხედავ. - აგერ, შენ თვალწინ არის! ნუთუ ვერ ხედავ, მინდორში ვირი რომ დგას? მართალია, ბებერია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ხორცი ხომ ხორცია, ჩვენ კი ხორცი გვინდა. მელამ გაიკვირვა და თავი ნაღვლიანად გააქან-გამოაქნია. - ეჰ, ძამიკო მგელო, ეტყობა, შიმშილმა ჭკუა მთლად დაგაკარგვინა. სად გაგონილა, რომ მგლები და მელიები ვირებს თავს ესხმოდნენ! განა დაგავიწყდა, როგორი წიხლი იციან ვირებმა? ვირებს, ცხენებსა და ჯორებს ძალა ფეხებში აქვთ. ერთხელ მე თვითონ შემოვხვდი ცხენს... - რა დროს ეგ არის?! - სიტყვა შეაწყვეტინა მგელმა მელას, - ვირს ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავატანინოთ, შენ ერთი მხრიდან მიეპარე, მე - მეორე მხრიდან. როცა საკმარისად მივუახლოვდები, ხერხს ვიხმარ და ვეცემი. - საინტერესოა, ამას როგორ მოახერხებ? - დამცინავად ჰკითხა მელამ. - არაფერი გამოგივა, ვირი ტლინკებს დაგაყრის. - შთავაგონებ, რომ ავად არის, მე კი მკურნალი ვარ და მის მოსარჩენად მოვედი. რომ დამიჯერებს, მივვარდები და დავგლეჯ. მელამ ბევრი უშალა, მაგრამ მგელმა ყურად არ იღო მისი რჩევები - ძალიან უნდოდა ახალი ხორცი. მგელი ვირისკენ გაემართა. მელა კი ფეხაკრებით მისდევდა უკან. ვირმა მგელი და მელა რომ დაინახა, ყურები ცქვიტა. რომ მიუახლოვდა, მგელი შეჩერდა და ვირს თავაზიანად მიესალმა. მაგრამ ვირი ბებერი და მეტად ბრძენი იყო, კარგად უწყოდა მგლის სალმის ფასი და ამიტომ პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. მგელი კი განაგრძობდა: - როგორ ხარ, ძამიკო ვირო? დღეს ძალიან ჩამოცხა! როგორ უძლებ ასეთ სიცხეს? მელამ თავი კი დაიქნია მოწონების ნიშნად, მაგრამ მაინც მოშორებით იდგა. მგელმა კიდევ გადადგა რამდემინე ნაბიჯი. - ასეთი ამინდი ჯანმრთლეობისთვის მავნებელია. როგორ გათანგულხარ, შე საწყალო, სახეზე ფერიც კი შეგცვლია. სიცხის ბრალი იქნება, - მოჩვენებითი თანაგრძნობით უთხრა მგელმა ვირს, - ბინძური წყალი ხომ არ დაგილევია, ძამიკო ვირო? ბუზს ხომ არ დაუკბენიხარ? ბუზმა შეიძლება მალე დაგასნეულოს. მაგრამ, ჩათვალე, რომ ბედი გწყალობს, მე ხომ მკურნალი ვარ და ვირები ძალიან მიყვარს. სიამოვნებით გიმკურნალებ. - პირველად მესმის, რომ მგელი ვირების მკურნალი და მეგობარია. ჩემი ჯანმრთელობა ასე რატომ გადარდებს? - ამაში ცუდს რას ხედავ? - ვითომ იწყინა მგელმა, - ყველა ცხოველი ერთმანეთის ძმაა. ვირები იმიტომ მიყვარს, რომ... - ალბათ, ეს ასეც არის, - სიტყვა შეაწყვეტინა ვირმა. - მაგრამ მე და შენ ხომ დღემდე არ შევხვედრივართ ერთმანეთს. ის მაინც თუ იცი, რა მქვია? მგელმა გაოცებით შესძახა: - საიდან უნდა ვიცოდე, რა გქვია?! განა ვირებს სახელები აქვთ? - უვიცი ყოფილხარ, ძამიკო მგელო! არც კი იცი, რომ ჩვენ, ვირებს, ადამიანებივით სახელები გვაქვს. ყოველ ვირს უკანა მარჯვენა ფეხის ჩლიქზე აწერია თავისი სახელი, - უკმაყოფილოდ უთხრა ვირმა და უკანა მარჯვენა ფეხი ასწია. ვირის ჩლიქი უფრო კარგად რომ შეეთვალიერებინა, მგელი მიუახლოვდა. ამ დროს ვირმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მგელს წიხლი ჩააზილა და ეშვები დააყრევინა. მგელი გადაყირავდა და ზურგზე მოადინა ტყაპანი. ბოლოს, როგორც იქნა, გაჭირვებით წამოიმართა და აღმუვლებული წალასლასდა ტყისკენ. თავზარდაცემული მელა კი ერთიანად აკანკალდა. - შენც გინდა, დაიკო მელავ, ჩემი სახელის გაგება? - დამცინავად ჰკითხა ვირმა. - არა, რას ამბობ! ვერ წავიკითხავ, კითხა არ ვიცი, - ჩაილუღლუღა გულგახეთქილმა მელამ და კისრისტეხით მოკურცხლა ტყისკენ. თარგმანი გელა ბერუაშვილისა
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
777 ბრძენი ვირი
ჩრდილოაფრიკული ზღაპარი
ამბობენ, ტყეში ბებერი მგელი ცხოვრობდაო. ეს მგელი ისეთი ბებერი ყოფილა, რომ ვეღარც ნადირობდა და ვეღარც საზრდოს შოულობდა. მშიერი და გაავებული დაძუნძულებდა.
ერთხელ მგელი ტყეში ხეტიალისას ბებერ მელას გადაეყარა. მელა მთლად გაძვალტყავებული და მასზე მშიერი იყო. ერთმანეთს მიესალმნენ და გზა ერთად განაგრძეს. მილასლასებდნენ და თავიანთ გასაჭირზე ჩიოდნენ, იმ დროს მისტიროდნენ, როცა საზრდოცა და იოლი ნადავლიც თავზე საყრელად ჰქონდათ. მოგონებებმა ორივეს გაუათკეცა შიმშილით ტანჯვა და იმდენი ნერწყვი ყლაპეს, კინაღამ დაიხრჩვნენ.
- ეჰ, დაიკო მელავ! - თქვა მგელმა. - ყველამ იცის, რა ჭკვიანი და გაიძვერა ხარ და რა მშვენივრად გეხერხება საოცარი ოინები. ძალიან გთხოვ, რამე მოიფიქრე, რომ საჭმელი ვიშოვოთ.
მგლის ქება და პირფერობა ბებერ მელას ეამა. ამოიხვნეშა, გაიღიმა და თქვა:
- ახლა ცუდი დროა. იმის იმედიღა დაგვრჩენია, ეგებ ფარას ჩამორჩენილ ცხვარს გადავეყაროთ. მერწმუნე, ამაზე იოლი და საამო ნადავლი არ არსებობს, მაგრამ ცხვარი მხოლოდ შენი გულისთვის ვინატრე, ძამიკო მგელო. პირადად მე ქათამი ან პატარა იხვიც მეყოფოდა.
ცხვრის ხსენებამ მგელს მადა გაუძლიერა. ნაბიჯს უმატა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება, იქნებ მართლა ახდეს მელას სიტყვებიო.
- აბა, იქით გაიხედე! - უთხრა მგალმა მელას.
მელამ თვალები ჭყიტა, გაფაციცებით დაიწყო ყურება, მაგრამ ვერაფერს მოჰკრა თვალი.
- საით გავიხედო, ძამიკო მგელო? ვერავითარ ნადავლს ვერ ვხედავ.
- აგერ, შენ თვალწინ არის! ნუთუ ვერ ხედავ, მინდორში ვირი რომ დგას? მართალია, ბებერია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ხორცი ხომ ხორცია, ჩვენ კი ხორცი გვინდა.
მელამ გაიკვირვა და თავი ნაღვლიანად გააქან-გამოაქნია.
- ეჰ, ძამიკო მგელო, ეტყობა, შიმშილმა ჭკუა მთლად დაგაკარგვინა. სად გაგონილა, რომ მგლები და მელიები ვირებს თავს ესხმოდნენ! განა დაგავიწყდა, როგორი წიხლი იციან ვირებმა? ვირებს, ცხენებსა და ჯორებს ძალა ფეხებში აქვთ. ერთხელ მე თვითონ შემოვხვდი ცხენს...
- რა დროს ეგ არის?! - სიტყვა შეაწყვეტინა მგელმა მელას, - ვირს ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავატანინოთ, შენ ერთი მხრიდან მიეპარე, მე - მეორე მხრიდან. როცა საკმარისად მივუახლოვდები, ხერხს ვიხმარ და ვეცემი.
- საინტერესოა, ამას როგორ მოახერხებ? - დამცინავად ჰკითხა მელამ. - არაფერი გამოგივა, ვირი ტლინკებს დაგაყრის.
- შთავაგონებ, რომ ავად არის, მე კი მკურნალი ვარ და მის მოსარჩენად მოვედი. რომ დამიჯერებს, მივვარდები და დავგლეჯ.
მელამ ბევრი უშალა, მაგრამ მგელმა ყურად არ იღო მისი რჩევები - ძალიან უნდოდა ახალი ხორცი. მგელი ვირისკენ გაემართა. მელა კი ფეხაკრებით მისდევდა უკან.
ვირმა მგელი და მელა რომ დაინახა, ყურები ცქვიტა.
რომ მიუახლოვდა, მგელი შეჩერდა და ვირს თავაზიანად მიესალმა. მაგრამ ვირი ბებერი და მეტად ბრძენი იყო, კარგად უწყოდა მგლის სალმის ფასი და ამიტომ პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. მგელი კი განაგრძობდა:
- როგორ ხარ, ძამიკო ვირო? დღეს ძალიან ჩამოცხა! როგორ უძლებ ასეთ სიცხეს?
მელამ თავი კი დაიქნია მოწონების ნიშნად, მაგრამ მაინც მოშორებით იდგა. მგელმა კიდევ გადადგა რამდემინე ნაბიჯი.
- ასეთი ამინდი ჯანმრთლეობისთვის მავნებელია. როგორ გათანგულხარ, შე საწყალო, სახეზე ფერიც კი შეგცვლია. სიცხის ბრალი იქნება, - მოჩვენებითი თანაგრძნობით უთხრა მგელმა ვირს, - ბინძური წყალი ხომ არ დაგილევია, ძამიკო ვირო? ბუზს ხომ არ დაუკბენიხარ? ბუზმა შეიძლება მალე დაგასნეულოს. მაგრამ, ჩათვალე, რომ ბედი გწყალობს, მე ხომ მკურნალი ვარ და ვირები ძალიან მიყვარს. სიამოვნებით გიმკურნალებ.
- პირველად მესმის, რომ მგელი ვირების მკურნალი და მეგობარია. ჩემი ჯანმრთელობა ასე რატომ გადარდებს?
- ამაში ცუდს რას ხედავ? - ვითომ იწყინა მგელმა, - ყველა ცხოველი ერთმანეთის ძმაა. ვირები იმიტომ მიყვარს, რომ...
- ალბათ, ეს ასეც არის, - სიტყვა შეაწყვეტინა ვირმა. - მაგრამ მე და შენ ხომ დღემდე არ შევხვედრივართ ერთმანეთს. ის მაინც თუ იცი, რა მქვია?
მგელმა გაოცებით შესძახა:
- საიდან უნდა ვიცოდე, რა გქვია?! განა ვირებს სახელები აქვთ?
- უვიცი ყოფილხარ, ძამიკო მგელო! არც კი იცი, რომ ჩვენ, ვირებს, ადამიანებივით სახელები გვაქვს. ყოველ ვირს უკანა მარჯვენა ფეხის ჩლიქზე აწერია თავისი სახელი, - უკმაყოფილოდ უთხრა ვირმა და უკანა მარჯვენა ფეხი ასწია.
ვირის ჩლიქი უფრო კარგად რომ შეეთვალიერებინა, მგელი მიუახლოვდა. ამ დროს ვირმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მგელს წიხლი ჩააზილა და ეშვები დააყრევინა. მგელი გადაყირავდა და ზურგზე მოადინა ტყაპანი. ბოლოს, როგორც იქნა, გაჭირვებით წამოიმართა და აღმუვლებული წალასლასდა ტყისკენ. თავზარდაცემული მელა კი ერთიანად აკანკალდა.
- შენც გინდა, დაიკო მელავ, ჩემი სახელის გაგება? - დამცინავად ჰკითხა ვირმა.
- არა, რას ამბობ! ვერ წავიკითხავ, კითხა არ ვიცი, - ჩაილუღლუღა გულგახეთქილმა მელამ და კისრისტეხით მოკურცხლა ტყისკენ.
თარგმანი გელა ბერუაშვილისა