777 მდუმარე სასტუმრო

თავი 3
ანა შემოსასვლელში იდგა და ხელში ვაშლის ღვეზელი ეჭირა. გრძელი ნაწნავი მხარზე გადმოეგდო და იღიმოდა.
- ცუდ დროს ხომ არ მოვედი?
- არა, პირიქით… სწორედ ახლა ვაპირებდით ყავის დალევას!
თქვა მეგიმ და ანას ღვეზელიანი თეფში გამოართვა.
- ჩემი ღვეზელი ყავას ძალიან უხდება!
- ღვეზელს დავჭრი და ყავასაც მე მოვადუღებ! თქვენ მანამდე მისაღებ ოთახში დასხედით…
- არ გინდათ ოფიციალურობა, რაა… მე ძალიან მიყვარს სამზარეულოში ყოფნა. ყველაზე მეტ დროს, მგონი, იქ ვატარებ!
თქვა ანამ და გაიცინა.
- მართლა?
– ჩვენც სამზარეულოში გვიყვარს ყავის დალევა! მაშინ აქეთ წავიდეთ…
მეგიც გამხიარულდა. ღვეზელით ხელში სამზარეულოსაკენ გაიჭრა.
- რა მაგარია! თქვენი სამზარეულოს ფანჯრები ტყის მხარეს გადის… ვგიჟდები, ისე მიყვარს ტყე!
ელის მოეჩვენა, რომ ანა ფამილარულად და ზედმეტად თავისუფლად იქცეოდა. ელი უფრო გრძნობდა თავს სტუმარივით, ვიდრე ანა. სამზარეულოში თავისუფლად მიმოდიოდა და ყველაფერს ათვალიერებდა.
ბოლოს მაგიდასთან დაჯდა და ელის მიმართა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე დამუნჯებულივით იყო:
- თქვენც ხომ მოხვალთ ხოლმე ჩვენთან? მე ძალიან მიყვარს, როცა ვინმე მოდის სტუმრად… ვერ ვიტან მარტოობას!
- მართლა? მე კიდევ პირიქით ვარ... მარტოობა მიყვარს!
- ელი საღამომდე ბარშია ხოლმე, შაბათ-კვირას კი მამა ჩამოდის… მე უფრო თავისუფალი ვარ მაგ მხრივ და სიამოვნებით გადმოვალ ხოლმე შენთან!
მეგი ეცადა, ელის უკმეხად ნათქვამი გამოესწორებინა.
- ძალიან კარგი!
გაიღიმა ანამ.
- მალე, ალბათ, ელიც წავა…
გააგრძელა მეგიმ, მაგრამ ელიმ მოასწრო და მაგიდის ქვეშ ფეხი გაჰკრა.
- წავა? სადმე მიდიხარ, ელი?
ანამ ცნობისმოყვარე მზერით გადახედა.
- დეიდა უნდა მოვინახულო! ვერ ყოფილა კარგად…
მეგიმ გაოცებული სახით გადახედა ელის. მათ არავითარი დეიდა არ ჰყავდათ. უცებ მიხვდა, რომ ელის არ სურდა ანასთან მდუმარე სასტუმროს ხსენება და ენას კბილი დააჭირა.
- სამწუხაროა…
- ანა, შაქარს რამდენს იყრი ხოლმე?
მეგიმ ყავის აპარატიდან ყავადანი გამოიღო, რომ ფინჯნებში ჩამოესხა.
- ერთნახევარი კოვზი ჩამიყარე!
- გემრიელი ღვეზელია...
- მადლობა, ელი! მიხარია, თუ მოგეწონა. თქვენ ამ სახლში მარტო ცხოვრობთ?
- ჩვენ და მამა! ოღონდ მამა მარტო შაბათ-კვირას მოდის ხოლმე…
- და არ გეშინიათ?
- რისი? ნაიადა ყველაზე მშვიდი ადგილია! აქ, ფაქტობრივად, ცუდი არაფერი ხდება… შენ საიდან ხარ, ანა?
მეგიმ ყავა ფინჯნებში დაასხა და თვითონაც მაგიდას მიუჯდა.
- ჩემი სახლი აქედან საკმაოდ შორსაა! კანადაში ვცხოვრობ!
- კანადაში?
გაიმეორა გაოცებულმა ელიმ.
- მერე აქ რომელმა ქარმა გადმოგაგდო?
ჩაეკითხა მეგი.
- გაინტერესებთ, მეთიუ როგორ გავიცანი, ხომ?
გაეცინა ანას და ყავას კოვზით დაუწყო მორევა.
- ეგეც გვაინტერესებს!
უთხრა მეგიმ და ღვეზელი გადაიღო.
- ეგ ყველას აინტერესებს… მოკლედ, დაახლოებით ერთი წლის წინ ექსპედიციაში ვიყავი… აქედან არც ისე შორს! ჩემი მეგობარი იყო რაღაც პროექტში და მათ გუნდს გავყევი. კარვებით ვიყავით. ერთხელაც ისინი მღვიმეების დასათვალიერებლად წავიდნენ. მე რაღაც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად, ამიტომ დავრჩი…
- მარტო დარჩი?
მეგი მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და სმენად გადაიქცა. ელისაც აინტერესებდა ანას მონათხრობი, მაგრამ ინდიფერენტულ გამომეტყველებას ინარჩუნებდა.
- მარტო დავრჩი! ძალიან დაიგვიანეს… დაახლოებით ვიცოდი, საითაც წავიდნენ და მეც იქით გავემართე… გზაში მაინც შემხვდებიან-მეთქი… ჰოდა, დავიკარგე. ძალიან ბევრი ვიარე. მერე მდინარის ხმა მომესმა და იმ ხმის მიმართულებით წავედი… ნაიადას მდინარეს მივადექი და ქვემოთ ჩავუყევი. ბევრი ვიარე. როგორც იქნა, სულიერსაც მოვკარი თვალი…
- მეთი?
ჩაეკითხა ელი და გული მოეწურა.
- კი, მეთიუ იყო! მდინარის მეორე ნაპირზე იდგა! ვკითხე, სად ვარ-მეთქი, მაგრამ ვერ გავაგონე… ჩანჩქერთან მოვხვდით და წყლის ხმაურში არაფერი ისმოდა. თვითონაც მიყვიროდა რაღაცას. ბოლოს ჟესტების ენით მივახვედრე, რომ დავიკარგე…
- ვაიმე… რა მაგარიაა! როგორ მიყვარს ასეთი ისტორიების მოსმენაა!
წამოიძახა მეგიმ აღფრთოვანებული სახით.
- მერე ორივემ გზა გავაგრძელეთ… მდინარეს ისევ ქვევით მივუყვებოდით… დროდადრო შევისვენებდით ხოლმე და გადაძახილ-გადმოძახილით ველაპარაკებოდით ერთმანეთს… ძალიან სასაცილო სანახავები ვიყავით…
- ეგ როდის იყო, ანა? შეგიძლია ზუსტად მითხრა?
ჰკითხა ელიმ.
- როგორ არა! შარშან, სექტემბრის ბოლოს…
- " მაშინ, როცა სადღაც გაემგზავრა ზურგჩანთით" – გაიფიქრა ელიმ და სიმწრისაგან ჭიქას ისე მაგრად მოუჭირა ხელი, კინაღამ დაფშვნა. ელის მეთიუსთვის თავი რომ არ აერიდებინა, ის არსად არ წავიდოდა და შესაბამისად, ვერც ანას შეხვდებოდა… ესე იგი, გამოდის, რომ მათ შეხვედრაში თვითონაა დამნაშავე…
- მერე, მერე?
მეგი ინტერესში ჩავარდნილიყო.
- როგორც იქნა, "ბეწვის ხიდამდე" მივაღწიეთ. მეთი თავისი მხრიდან წამოვიდა, მე ჩემი მხრიდან და ზუსტად ხიდის შუაში შევხვდით ერთმანეთს…
- კი, მაგრამ… ის ერთი წელი სად იყავი?
- მეთიუ დამეხმარა ჩემების მოძებნაში. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და საკონტაქტო ინფორმაცია გავცვალეთ. მერე, გარკვეული პერიოდი რატომღაც არ შევხმიანებივართ ერთმანეთს… ერთხელ შემთხვევით მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი ვიპოვე და მივწერე. რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტერნეტით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ბევრი საერთო ინტერესი აღმოვაჩინეთ და…
ანამ გაიღიმა, ყავა მოსვა და ისევ განაგრძო.
- მეთი ძალიან კარგი ადამიანია! მიუხედავად იმისა, რომ უცნაურია და ისეთი რაღაცები აინტერესებს, რასაც ბევრი ვერ გაიგებს… მე სწორედ ეს მომეწონა მასში… რომ არავის არ ჰგავს!
ელიმ მეტი ვეღარ გაძლო და საპირფარეშო მოიმიზეზა, რომ ცოტა ხნით გარიდებოდა სიტუაციას.
აბაზანაში შეიკეტა და სარკეში დიდხანს უყურებდა საკუთარ ანარეკლს. ის ახლა იმ სიძულვილის მარცვალს ებრძოდა, რომელიც მის გულში გაჩნდა. ასეთი რამ პირველად განიცადა ელიმ და ძალიან შეეშინდა! შეეშინდა, რომ იმად არ გადაქცეულიყო, რაც ყველაზე მეტად სძულდა! მას სძულდა შურიანი და ბოროტი ადამიანები. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლება სძულდეთ ადამიანებს ერთმანეთი…
"იქნებ ეს განსაცდელია, რომელიც ღმერთმა მომივლინა გამოსაცდელად?"..
გაიფიქრა ელიმ. რაც უნდა იყოს, ძლიერი უნდა ვიყო! მე ამ ყველაფერს გადავლახავ!
- მტკიცედ უთხრა თავის გამოსახულებას სარკეში და წელში გაიმართა. ხელი შემთხვევით ნიჟარის გვერდით მდგარ ჭიქას გაჰკრა და წააქცია. ჭიქაში ბროწეულის წვენი იყო. ეტყობა, მეგიმ შემოიტანა, როდესაც აბაზანას იღებდა. მას ძალიან უყვარდა აბაზანაში ნებივრობის დროს წვენის წრუპვა.
ბროწეულის წვენი ელის ორივე ხელზე გადაესხა და ნიჟარა სულ გააწითლა. რამდენიმე წვეთი სარკესაც მოხვდა. ელიმ ჯერ ხელებზე დაიხედა, მერე სარკეს შეხედა და უნებლიეთ აღმოხდა სიტყვები:
- სისხლიანი მერი…
სასწრაფოდ მოასუფთავა იქაურობა და სამზარეულოში დაბრუნდა.
- რამდენჯერ უნდა გითხრა, მეგ… აბაზანაში ნუ შეგაქვს ჭიქები… წაიქცა და ბროწეულის წვენი ზედ გადამევლო!
- ვაი… გამოტანა დამავიწყდა! ვერ დავლიე, ძალიან მჟავე იყო… მაპატიე, ელ…
შეწუხებული მეგი ფეხზე წამოხტა და ელის ჩაის ტილო მიაწოდა.
- კარგი, არა უშავს… ავალ, გამოვიცვლი…
- მე უკვე მივდიოდი... ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა და როგორც კი მოგზაურობიდან დავბრუნდებით მე და მეთიუ, აუცილებლად გვესტუმრეთ!
ანა მხიარული სახით წამოდგა და კარისაკენ გაემართა.
- პირობას გაძლევ! მე გაგაცილებ...
უკან აედევნა მეგი. ელიმ მხოლოდ კარებამდე მიაცილა და მალევე შემობრუნდა უკან. ცოტა ხანში მეგიც დაბრუნდა. სწრაფად აირბინა კიბის საფეხურები და ელის ოთახში შევიდა.
- ძალიან საყვარელია, არა? მხიარული და კონტაქტური… მეთიუსაგან რადიკალურად განსხვავდება! ნეტა ბედნიერები იქნებიან ერთად? როგორ ფიქრობ?
- მე რა ვიცი…
უხალისოდ ჩაილაპარაკა ელიმ და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა.
- რა დაგემართა შენ? ანას მოსვლის წუთიდან ხასიათი გაგიფუჭდა! მე ვერ მომატყუებ! ამიტომ კეთილი ინებე და მითხარი, რა ხდება შენს თავში! როდის იყო, ერთმანეთს რამეს ვუმალავდით და საიდუმლოებები გვქონდა?
მეგი ნაწყენი სახით ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და პატარა, გაბუტული ბავშვივით გამობურცა ტუჩები.
- ჩემი თავი მაკვირვებს… მეგონა, აღარ მაინტერესებდა მეთი… მეგონა, ჩემი გატაცება თუ არ ვიცი, რა დავარქვა… წარსულში დარჩა! მაგრამ, თურმე, მხოლოდ მეგონა…
- ასეც ვიცოდი!
წამოიძახა მეგიმ და ელის მიუახლოვდა.
- გიყვარს?
- საქმე იმაშია, რომ არ ვიცი… არ ვიცი, მიყვარს, მომწონს თუ რაღაც პათოლოგიური გრძნობა მაქვს… ფაქტია, რომ არანორმალურად მიზიდავს… ახლა ათასჯერ უფრო მეტად, ვიდრე ადრე და არ ვიცი, რა გავაკეთო… უფრო სწორად, ვიცი, რაც არ უნდა გავაკეთო, მაგრამ ვერ ვაკეთებ… ვიცი, რომ არ უნდა ვიფიქრო მასზე, მაგრამ თავს ვერ ვერევი…
- მდუმარე სასტუმროც…
- ჰო… მეთიუს გამო გადავწყვიტე! ახლა აღარ ვიცი…
- ელ, არ ღირს იქ წასვლა, დამიჯერე! რისთვის უნდა წახვიდე? რომ იმათი ბედნიერების ყურებით დაიტანჯო? თანაც, არა მგონია, ეს სიყვარული იყოს! უფრო, ალბათ, ეგოიზმია...
- სააბაზანოში რომ ბროწეულის წვენი გადამესხა… თითქოს ნიშანივით იყო… სისხლიანი მერი, ლეგენდის მიხედვით, ხომ სააბაზანოში ჩნდება…
- ნუ გადავარდები მისტიკაში! სისხლიანი მერი არა, ისა კიდე… აი, სწორედ ამიტომ არ უნდა წახვიდე იქ! ხომ ხედავ, უკვე რანაირი აზრები მოგდის თავში?
- მართალი ხარ…
- მაგას ჯობია, მართლა დასასვენებლად წახვიდე სადმე! დაისვენო…
- მაგალითად?
- თუნდაც მამას გაჰყვე ფერმაში… ერთი კვირით! ლამაზი ბუნებაა იქ და განიტვირთები, დაისვენებ!
- ლამაზი ბუნება აქაც არის…
- სამაგიეროდ, მეთიუ არ არის იქ…
ელის მეგის ნათქვამზე გაეცინა.
- ეგრე რა! მიყვარს, როცა იცინი! - გრილზე შემწვარი ხორცი… – აბა, როგორ ჟღერს?
- გემრიელად! – არაჩვეულებრივი იდეაა! ტკბილს რომ შევჭამ, ყოველთვის მშივდება...
- ჩავალ, ცეცხლს ავანთებ. შენ მანამდე გამოიცვალე!
ელიმ ტანსაცმელი გამოიცვალა და ის იყო, ქვემოთ უნდა ჩასულიყო, რომ მანქანის ხმა შემოესმა. ფანჯრიდან გადაიხედა და პიკაპი დაინახა, რომელიც მათ სახლს უახლოვდებოდა.
- მამა?..
გაკვირვებით წამოიძახა ელიმ და კიბეზე დაეშვა.
******
ელი და მეგი თითქმის ერთდროულად გამოვიდნენ სახლიდან.
- დღეს ხომ ნამდვილად პარასკევია?
- ხომ მშვიდობაა, მამა?
- ყველაფერი რიგზეა! მომენატრა ჩემი გოგოები…
ჩარლი ორივეს სათითაოდ გადაეხვია.
- საქმეებს ადრე მოვრჩი და გულმა აღარ მომითმინა! თანაც, გამახსენდა, რომ მეგის სეტყვის ძალიან ეშინოდა…
- მე უკვე დიდი გოგო ვარ, მამა!
- ჩემთვის ისევ პატარა ხარ, ძვირფასო! – ელი, საბარგულში ხორცი, ყველი, კვერცხი და კიდევ რაღაცებია…
- ამოვალაგებ!
ელი პიკაპისკენ გაემართა.
- მა, ჩვენ ხორცის შეწვას ვაპირებდით გრილზე.
რა კარგია, რომ მოხვედი…
მეგი ჩარლის კისერზე ჩამოეკიდა.
- მგელივით მშია! ახალი ხორცი შევწვათ… სწორედ დღეს დილით დავკალი ბურვაკი.
- შენ აბაზანა მიიღე, დაისვენე… ყველაფერს მე და ელი მივხედავთ!
მეგიმ ჩარლი თითქმის ძალით შეიყვანა სახლში და თვითონ მანქანასთან დაბრუნდა.
- რა კარგია, მამა რომ ჩამოვიდა! ბარემ მასთან ერთად წასვლაზეც უთხარი…
- შენი დატოვება მაინც არ მინდა! ჯენი რომც მოვიდეს, მაინც… ისიც შენხელაა და შენზე უარესად უქრის თავში!
- ვერ ვიტან, როცა პატარასავით მექცევით! მე უკვე ოცი წლისა ვარ!
- კარგი, ვნახოთ, მამა რას იტყვის… მე ხმას არ ამოვიღებ!
გაეცინა ელის და კვერცხებით სავსე კალათა სახლისკენ წაიღო.
ვახშამი უგემრიელესი იყო. შემწვარი ხორცი, სოკოს მარინადთან ერთად და 12-წლიანი დაძველების ღვინო, რომელიც ჩარლიმ სარდაფიდან ამოიტანა.
- მამა, რას იტყვი, ელი რომ წამოვიდეს შენთან, ფერმაში ერთი კვირით?
ჩარლის გაოცებისაგან კინაღამ ჭიქა გაუვარდა ხელიდან. ადრე სულ ეხვეწებოდა გოგოებს, ერთი კვირით მაინც გაჰყოლოდნენ მას, მაგრამ ისეთ წინააღმდეგობას აწყდებოდა, რომ ბოლოს ხელი საერთოდ ჩაიქნია.
- ფერმაში?..
- ვიცოდი, რომ გაგიკვირდებოდა! წამოვალ, ცოტას გადავერთვები… სახლს დაგილაგებ…
- სახლი დალაგებულია, ელი… ალბერტოს ცოლი მოდის ხოლმე ყოველ კვირა დღეს და ალაგებს…
- ალბერტოს ცოლიც დაგისაქმებია!
- უკვე ერთად მოდიან. ალბერტო პირუტყვს უვლის, შაბათ-კვირას. მისი ცოლი ალაგებს და რეცხავს!
- აგიწყვია საქმე და ეგ არის!
გაეცინა ელის.
- ფერმას კარგად უძღვება! ბევრი რამ ვასწავლე… ჰოდა, ახლა ვფიქრობ, რომ ერთი კვირა ის დავტოვო, მეორე კვირას მე ვიყო… მონაცვლეობით. ასე თქვენთან უფრო მეტ დროს გავატარებ!
- ერთი კვირა ჩვენთან, ერთი კვირა ფერმაში. არაჩვეულებრივია!
მეგიმ სიხარულისაგან ტაში შემოჰკრა.
- წამოდი შენც ორშაბათს!
- მეგის ჯენის მოყვანა უნდა, მამა!
- ძალიან მინდა, მამა! ერთი კვირა ჩემთან დარჩება ჯენი…
- მხოლოდ ერთი პირობით! ყოველ ღამე, ათ საათზე შენს ლეპტოპს ჩართავ და კავშირზე გამოხვალ! კამერით!
- არის, უფროსო!
***
ვიქენდმა მხიარულად ჩაიარა. მხოლოდ პიკნიკი ჩაეშალათ კვირა დღეს, რადგან დილიდან გადაუღებლად წვიმდა. ელიმ ფანჯრიდან დაინახა, როგორ ჩაალაგეს ბარგი თეთრ მანქანაში მეთიუმ და ანამ და თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრნენ.
ორშაბათს ელისაც მზად ჰქონდა თავისი ჩანთა, სადაც მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჩააწყო, რადგან არ უყვარდა ბევრი ბარგის ტარება.
ფერმის სახლში იმდენი ხანი აღარ ყოფილა, რომ ყველაფერი ძალიან ეუცხოვა. სახლი ჩარლის კარგად შეელამაზებინა. ეზოც მოესუფთავებინა და თეთრი ვარდები დაერგო.
- რამდენი გიშრომია, მამა!
წამოიძახა ელიმ, როგორც კი პიკაპიდან გადმოვიდა. ეზოში მათ ალბერტო შეეგებათ, ელის ჩანთას ხელი დასტაცა და სახლისკენ დიდი ნაბიჯებით გაემართა.
ფერმის სახლიდან საოცარი ჰორიზონტი იშლებოდა. უდიდესი სიამოვნება იყო აქედან მზის ჩასვლის ყურება. სანამ გავარვარებული წითელი ბურთი მთების უკან ჩაცურდებოდა, იფიქრებდი, მის შესახებად მხოლოდ ხელის ერთი გაწვდენაა საჭიროო.
***
ელის ფერმაში მოსვლიდან ოთხი დღე გავიდა. ის დილაობით სახლის წინ, მოქანავე სავარძელში მოკალათებული მიირთმევდა ყავას და ჰორიზონტის ყურებით ტკბებოდა. მერე სადილის კეთებას იწყებდა. ეს პროცესიც სიამოვნებდა, რადგან თავისი სამსახურის გამო სახლში საჭმელს ყოველთვის მეგი აკეთებდა.
მერე ფერმაში მიჰყვებოდა მამას და ცხენზე ჯირითობდა. საღამოს ტელევიზორის საყურებლად, დივანზე სხდებოდნენ და ვახშმობდნენ. 10 საათზე ელი ჩარლის კომპიუტერს ჩართავდა და მეგის და ჯენის ლაქლაქს უსმენდა.
მეთიუს შეგნებულად არ ახსენებდა. არც მეგი ეუბნებოდა რამეს. ან კი რა უნდა ეთქვა? ისინი ხომ წასულები იყვნენ?..
მეხუთე დღე რომ გათენდა, ელიმ რაღაცნაირი შვება იგრძნო. თითქოს უარყოფითი ემოციებისაგან მთლიანად დაიცალა და გათავისუფლდა.
მეთიუს გახსენებაზე ტანჯვა აღარ უგრძვნია და ეს ამბავი ძალიან გაუხარდა. ეს ბოლო დღე იყო. დილით ის და ჩარლი ნაიადაში უნდა დაბრუნებულიყვნენ…
ჩარლი ფერმაში იყო წასული. ელიმ ყავა დაისხა და ჩვეულებისამებრ, თავისი საქანელა-სავარძლისაკენ გაემართა. ის იყო, ფეხები ზემოთ აიკეცა და ჭიქა მოხერხებულად დაიკავა, რომ მანქანის ხმა გაისმა.
გზისკენ გაიხედა და გაიფიქრა, ალბათ, ჩარლის დაავიწყდა რაღაცის წაღებაო, მაგრამ როდესაც მოსახვევიდან მეთიუს თეთრი მანქანა დაინახა, ძარღვებში სისხლი გაეყინა. გულგახეთქილი წამოხტა და ყავა ზედ გადაისხა.
პირველი, რაც გაიფიქრა, ის იყო, რომ მეგის რაღაც საშინელება დაემართა და მეთიუ გამოაგზავნეს…
კიდევ უფრო მეტად განცვიფრდა, როდესაც საჭესთან ანა დაინახა, ხოლო მის გვერდით მეგი.
*****
ელი მანქანას მივარდა, კარი გამოაღო და მეგი თითქმის ძალით გადმოათრია გარეთ. ხელები მხრებზე მოჰკიდა და გაფართოებული თვალებით დააკვირდა, რამე ხომ არ სჭირდა…
- კარგად ხარ? მითხარი, რომ კარგად ხარ…
- მე კარგად ვარ, ელ…
- მაშინ რა ხდება? ცუდად ვინ არის?
ელიმ ანას შეხედა, რომელიც მანქანიდან გადმოსულიყო და აცრემლებული თვალებით იყურებოდა.
- მეთი…
- მეთი?
წამოიძახა გაოგნებულმა ელიმ. მის თავში ნამდვილი ქაოსი დატრიალდა. თუ მეთიუს რაღაც შეემთხვა, მის ცოლს აქ რა უნდა? რატომ არ არის
მასთან?..
- მეთიუ დაიკარგა!
ძლივს ამოთქვა ანამ, სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.
- დაიკარგა? რას ჰქვია, დაიკარგა? სად დაიკარგა?..
ელი დაბნეული ხან მეგის მიაჩერდებოდა, ხან ანას.
- სასტუმროში...
- პოლიციას არ შეატყობინეთ?
- შევატყობინეთ და ეძებენ… მაგრამ ამაოდ…
ელიმ ანა ეზოში შეიყვანა, საქანელა-სავარძელში ჩასვა და თვითონაც გვერდით მოუჯდა.
- ახლა დამშვიდდი და ყველაფერი დალაგებულად მომიყევი!
- სასტუმროში რომ ვიყავით, "შავ ოთახში" მოინდომა შესვლა… ვუთხარი, არ გინდა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა! მე გავბრაზდი და ჩვენს ოთახში ავედი… დილამდე არ შემოსულა… მეგონა, ჩემი შეშინება უნდოდა… მაგრამ არც დილით გამოჩნდა. საუზმეზე მის გარეშე ჩავედი… ყველა გამოვკითხე, პერსონალიც, სტუმრებიც. არავის დაუნახავს… "შავი ოთახიც" ჩემ თვალწინ გააღეს, მაგრამ არც იქ იყო…
- რა არის ამ "შავ ოთახში"? რატომ არ გინდოდა, რომ იქ შესულიყო?
- "შავ ოთახს" გარედან აწერია, რომ იქ შესვლის უფლება მხოლოდ მომსახურე პერსონალს აქვს… ისიც, ყველას არა. პერსონალი დაყოფილია რანგებად… ყველა მათგანს წვდომა მხოლოდ გარკვეულ ობიექტებზე აქვს… "მდუმარე სასტუმროს" ლეგენდა აქვს... თურმე, ძველად მაგ "შავ ოთახში" მონებს აწამებდნენ...
მთელი სასტუმრო ფეხზე დადგა! გამომძიებელი ჩამოვიდა, ყველაფერი გადაჩხრიკა, მაგრამ…
- იქნებ სასტუმროდან წავიდა სადმე? მიმდებარე ტერიტორია არ შეამოწმეს?
- ყველაფერი, ელ… ყველაფერი საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს… მეთიუს რაღაც შეემთხვა, თორემ ამდენი ხნით არ დაიკარგებოდა! ასე არ მანერვიულებდა, ზუსტად ვიცი…
- კარგი, დაწყნარდი…
ელის ანას ნათქვამმა თავზარი დასცა.
- ალბათ, გიკვირს, შენთან რატომ მოვედი...
- სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები… ალბათ, გაინტერესებდა, მეთიუ აქ ხომ არ იყო...
- არა, არა… სახლში დავბრუნდი თუ არა, თქვენთან გამოვიქეცი… მეგიმ მითხრა, რომ ჩვენს სახლს არავინ მიკარებია… არც სინათლე დაუნახავს და არც ხმაური გაუგია… მერე თქვა, რომ შენ გინდოდა იქ სამსახურის დაწყება და თავი შეიკავე…
- ჰო… ასე იყო…
- მითხრა, ორი გოგოსთვის ვაკანსია ჰქონდათო… ჰოდა, ელ… მე პოლიციის იმედი არ მაქვს! ვგრძნობ, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია! ჩემს ეჭვებს მოგვიანებით გაგიმხელ… ახლა, უბრალოდ, დამეხმარე…
- გინდა, იქ წავიდე და ჩემი კანდიდატურა შევთავაზო?
- არა, ამას ვერ გთხოვდი… მინდა, რომ შენი სახელით დარეგისტრირდე… მე წავალ, ოღონდ შენი სახელით… ჩემი სახელი რომ ვახსენო, არ მიმიღებენ…
- მივხვდი…
- თქვენ გარდა, აქ არავის ვიცნობ! შენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხარ…
- კარგი! ოღონდ ერთი პირობით… მე დავრეგისტრირდები ჩემი და ჩემი დის სახელით… და იქ მე და შენ ერთად წავალთ! წავალთ და ჩვენს კანდიდატურებს შევთავაზებთ, როგორც – "სისხლიანი მერი" და "ქალიშვილი მოჩვენება!"
მეგიმ შეშინებული სახით გადახედა ელის და იმწამსვე მიხვდა, რომ რამდენიც უნდა ეცადა, მას აზრს ვერ შეაცვლევინებდა. ელის ეს გამომეტყველება მისთვის კარგად იყო ნაცნობი…
***
ელიმ მეგი ჩარლისთან ერთად – ფერმაში დატოვა. შაბათს ისინი ერთად დაბრუნდებოდნენ ნაიადაში. ჩარლი მთელი კვირით დარჩებოდა, ხოლო მეგი ბარში მუშაობას გააგრძელებდა. პრობლემა მოგვარებული იყო.
ელის საკმაოდ გაუჭირდა მეგის დაყოლიება თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მან ძლივს დაითანხმა თავისი და, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახა. ჩარლის უთხრეს, რომ ელის გაგზავნილ განცხადებას, სამსახურის თაობაზე, ერთ-ერთი სასტუმროდან გამოეხმაურნენ და ადგილი შესთავაზეს მენეჯერის თანამდებობაზე. ოღონდ, მხოლოდ გარკვეული ვადით, ვიდრე სასტუმროს მენეჯერი შვებულებიდან არ დაბრუნდებოდა.
ჩარლიმ მეთიუს გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდა. ანაც პირველად ახლა გაიცნო და ელი გულდამშვიდებულმა გაუშვა, რადგან, როგორც მას უთხრეს, ელისთან ერთად ანაც იმუშავებდა იმავე სასტუმროში.
***
- ელ, ყოველდღე უნდა დამირეკო! წინააღმდეგ შემთხვევაში, მამას ყველაფერს მოვუყვები…
- დარეკვა შენც შეგიძლია, მეგ! ყველაფერი კარგად იქნება! თავს მიხედე…
ამ სიტყვებით დაემშვიდობა ელი თავის დას და ანასთან ერთად ნაიადაში დაბრუნდა.
ჩამოსვლისთანავე სასტუმროს ადმინისტრაციულ ნომერზე დარეკეს და გასაუბრების დრო შეათანხმეს.
- საბუთები რომ მოგვთხოვონ?
ანა ნერვიულობდა.
- მეგის მოწმობის ფოტო იმდენი ხნის წინაა გადაღებული, რომ თვითონ მეგიც კი არ ჰგავს საკუთარ თავს! თმის შეღებვა კი მოგიწევს, რადგან იქ არავინ უნდა გიცნოს!
- ეგ მეც ვიფიქრე! თმის საღებავი უნდა ვიყიდოთ!
- საღებავს მე ვიყიდი! არ ღირს შენი ცენტრში გამოჩენა!
- ამ სიკეთეს, ალბათ, ვერასოდეს გადაგიხდი!
ანა ელის მოეხვია და ატირდა. ელიმ უნებლიეთ წარმოიდგინა, რას გრძნობდა მეთიუ, როდესაც ანა ასე ეხვეოდა ხოლმე მას და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა მისი გული მუჭში მოიქცია და მთელი ძალით მოუჭირა.
***
ელიმ ყველაფერი იყიდა, რაც იქ წასასვლელად დასჭირდებოდათ და ჯონის სანახავად ბარშიც მოასწრო შევლა.
- ელი?.. ჩამოხვედი?
მისი დანახვა ჯონის ძალიან გაუკვირდა.
- შენი და დღეს საერთოდ არ გამოჩენილა! დილიდან ველოდები… ბარს მარტო ვამუშავებ…
- ვიცი, ჯონ… ჩემი ბრალია! საქმე იმაშია, რომ ვაკანსიასთან დაკავშირებით პასუხი მომივიდა. ხვალ დილით მივემგზავრები ერთი კვირით. ჰოდა, მეგი მამასთან დავტოვე! ხვალ ნაიადაში დაბრუნდებიან და ორშაბათიდან ჩვეულებრივ გამოვა სამსახურში.
- სად მიემგზავრები, პატარა?
- ერთ სასტუმროში! მენეჯერი შვებულებაში გადის და დროებით შემცვლელს ეძებენ! კარგადაც იხდიან და გადავწყვიტე, წავიდე…
- კარგად მოქცეულხარ! რაღა მეთქმის… წარმატებებს გისურვებ, ელ…
- მალე დავბრუნდები, ჯონ! აქ იმის სათქმელად შემოგიარე, რომ ყველაფრისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო! შენ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით მექცეოდი… ყოველთვის გვერდში მედექი… მაშინაც კი, როცა მე თვითონ აღარ მჯეროდა ჩემი თავის… – მადლობა ამისთვის, ჯონ!
- ისეთი არაფერი გამიკეთებია, რასაც შენ არ იმსახურებდი, ელ… და თან, არ მომწონს ასეთი ფორმით რომ მელაპარაკები! გამომშვიდობებასავით ჟღერს… მე კიდევ ვერ ვიტან დამშვიდობებებს… ასე რომ, წადი ახლა და იცოდე, თავი არ მომანატრო ძალიან! თორემ იქაც მოგძებნი და როგორც შარშან გამოგათრიე სახლიდან, ახლაც ისე წამოგიყვან!
ელის გაეცინა, ფეხის წვერებზე აიწია და ჯონის ლოყაზე აკოცა. ფეხის წვერებზე კი იმიტომ აიწია, რომ ჯონი ძალიან მაღალი იყო, სიმაღლეში მეტრი და ოთხმოცდაჩვიდმეტი სანტიმეტრი… სიმაღლესთან ერთად, ისეთი დაკუნთული იყო, რომ ადგილობრივები – "დიდ ჯონის" ეძახდნენ.
*****
ანა ჟღალი ფერის თმამ ძალიან შეცვალა. მოუხდა კიდეც და თითქოს, რაღაცით ელისაც დაემსგავსა... წესით, ადვილი დასაჯერებელი უნდა ყოფილიყო უცხოსთვის ის ტყუილი, რის თქმასაც ისინი აპირებდნენ.
ასეთ ვარცხნილობაში ანა უფრო ჰგავდა ელის დას, ვიდრე მეგი.
თუ სასტუმროში ორივეს აიყვანდნენ, საჭირო ნივთების წამოსაღებად უკან რომ აღარ დაბრუნებულიყვნენ, ყველაფერი წინასწარ ჩაალაგეს.
გზაში ანა ელის სასტუმროს ამბებს უყვებოდა. მიახლოებით აღუწერა იქაურობა, რომ ელის გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდა. ანამ ყველაფერი უამბო, რაც მისი და მეთის იქ ყოფნის პერიოდში გაიგო.
თურმე, სასტუმროს
ძალიან ბევრი საიდუმლო გასასვლელი ჰქონია, თვითონ შენობა კი ძალიან ძველი და ისტორიული ყოფილა. შენობამ პატრონი რამდენჯერმე გამოიცვალა. ბოლოს საფუძვლიანად გაარემონტეს და უცნაური სასტუმრო გააკეთეს.
როგორც ჩანს, სასტუმროს მფლობელს დიდად არ სურდა თავისი ვინაობის გამხელა. ან შეიძლება ესეც ერთგვარი ინტრიგა იყო, რათა "მდუმარე სასტუმროს" მიმართ ინტერესი უფრო გაზრდილიყო.
***
"მდუმარე სასტუმრო" ტყის სიღრმეში იყო შემალული. გალავანი მიწაში ჩასობილი უამრავი შუბისა და სარისაგან გაეკეთებინათ, რომლებზეც ადამიანისა და სხვადასხვა ცხოველის თავის ქალები იყო ჩამოცმული. თავის ქალები, რა თქმა უნდა, იმიტაცია იყო, მაგრამ შესახედად საკმაოდ შემზარავად გამოიყურებოდა…
სასტუმროს ეზოში საფლავის ძველისძველი, ხავსმოკიდებული ქვები იყო, სანახევროდ მიწაში ჩაფლული. ეს საფლავებიც დეკორაციას წარმოადგენდა. ეზოს შუაგულში დამშრალი და დაჭაობებული შადრევანი იყო, ცენტრში გრაფ დრაკულას ქანდაკებით, რომელსაც მარჯვენა მკლავზე ქალი ჰყავდა გადაწვენილი და ყელიდან სისხლს სწოვდა.
ქალის ფიგურას მთელი სხეული მოდუნებული ჰქონდა. ნაკბენი ადგილიდან წვრილ ზოლად გადმოდიოდა წყალი და ჩამოვარდნილ მკლავზე მიედინებოდა.
კიდევ კარგი, რომ დღე იყო, თორემ ელის, ალბათ, შიშისაგან გული გაუსკდებოდა.
სასტუმროს უკანა ეზოც ჰქონდა, სადაც ძველი აკლდამა იყო. აკლდამა დალუქული იყო და ეკლიანი მცენარის ტოტებს თითქმის მთლიანად დაეფარათ შესასვლელი კარი.
ელი და ანა ისეთ დროს მივიდნენ, როდესაც სასტუმროში "მკვდარი საათი" იყო გამოცხადებული. ყოველდღე, სადილის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში, სასტუმრო გარედან იკეტებოდა და არავის ჰქონდა თავისი ნომრიდან გამოსვლის უფლება.
სწორედ ამიტომ იყო სამარისებური სიჩუმე, რაც ირეალურობის განცდას უფრო უმძაფრებდა ელის…
სასტუმროს დიზაინი მთლიანად გოთიკის სტილში იყო გადაწყვეტილი, ბოლოში მომრგვალებული და წაწვეტებული სარკმლებითა და შეისრული თაღებით. შენობის შესასვლელი კარებიც უზარმაზარი იყო. კარებს მეტალისაგან დამზადებული საშინელი დემონის თავი ჰქონდა მიმაგრებული, რომელსაც კბილებით ზარის დასარეკი ღილაკი "ეჭირა".
ანამ დემონს პირში თითი შეუყო და ზარი დარეკა. შიგნიდან კივილის, ყმუილისა და სხვა შემზარავი ხმები მოისმა.
- ეს ზარის ხმაა! არ შეგეშინდეს!
გადაულაპარაკა ანამ ელის.
- ღმერთო, შენ გვიშველე…
ჩაილაპარაკა ელიმ და მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რომ აღელვება დაეფარა.
კარი მაღალმა, გამხდარმა მამაკაცმა გააღო. სახეზე თეთრი გრიმი ესვა. თვალებში წითელი ფერის ლინზები ჰქონდა ჩასმული. შუა საუკუნეების დროინდელი ფორმა ეცვა და სისხლისფერი მოსასხამი ჰქონდა წამოსხმული.
- გამარჯობა! ჩვენ გასაუბრებაზე მოვედით!
თითქმის ჩურჩულით უთხრა ანამ და გაუღიმა.
- გამომყევით…
თეთრსახიანი მსახური გოგონებს სასტუმროს დიდ დარბაზში შეუძღვა, იქიდან კი გვირაბის მაგვარ კორიდორში შეიყვანა. კორიდორი ვიწრო, ნახევრად ბნელი და მიხვეულ-მოხვეული იყო. კედლებზე ალაგ-ალაგ შანდლები იყო დამაგრებული, რომლებზეც სანთლები ენთო, მაგრამ ეს სანთლები არ იყო ნამდვილი. თუ კარგად დააკვირდებოდით, მიხვდებოდით, რომ ალის ადგილას – პაწაწინა ნათურები იყო ჩასმული, რომლებიც ბჟუტავდა და ციმციმებდა.
სასტუმროს ადმინისტრატორის კაბინეტიც მუქ წითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ადმინისტრატორს შავი სმოკინგი ეცვა. ის გოგონების დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა და მათ შესახვედრად გამოემართა.
- შუადღე მშვიდობისა! რით დავიმსახურე პატივი, რომ ასეთი სილამაზე ჩემს კაბინეტში მეხილა?
ეშმაკურად გაიღიმა მან და დააყოლა:
– მე ალესტერი მქვია!
"მდუმარე სასტუმროს" ადმინისტრატორის თაობაზე, ეს კაცი ზედმეტად მხიარულად იქცეოდა. მხიარულიც არ ეთქმოდა, სიტყვა "ცანცარა" უფრო მეტად შეესაბამებოდა მის დახასიათებას.
- ელი…
ელიმ მენეჯერს ხელი ჩამოართვა.
- მე ა...
- ეს მეგია, ჩემი და!
ელიმ ანას სიტყვა შუაზე გააწყვეტინა და ამით ისიც გადაარჩინა და საკუთარი თავიც.
- აი, აქ დაბრძანდით! ჩვენი საფირმო კოქტეილი მინდა შემოგთავაზოთ! რასაკვირველია, უფასოდ!
- სხვა დროს იყოს, მადლობა…
თქვა ანამ და ადმინისტრატორს გაუღიმა.
- მინდა თქვენზე მომიყვეთ! ალბათ, უფრო მკაცრ დახვედრას ელოდით აქ… მე კიდევ… მოკლედ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ განებივრებულნი სამუშაოს დაწყების მსურველების ვიზიტებით.
სტუმრების 95% ტურისტები არიან. უცხოელები! ვინაიდან დასახლებული პუნქტისაგან საკმაოდ მოშორებით ვართ და აქ არც ტრანსპორტი დადის, მომსახურე პერსონალის დეფიციტს განვიცდით! ზოგიერთ მათგანს რამდენიმე როლის მორგება უწევს… რაც ადვილი ნამდვილად არ არის! ასე რომ… მიამბეთ, თქვენ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ გეტყვით! მიზეზი რამდენიმეა! პირველი – ანაზღაურება, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ჟღერს! მეორე – ერთფეროვანი ცხოვრებისაგან თავის დაღწევის სურვილი. ამას მიუმატეთ ინტერესი ირეალური სამყაროს მიმართ…
- რა იცით ირეალურ სამყაროზე? ან ზებუნებრივ არსებებზე?..
ალესტერი თავის სავარძელში ჩაჯდა და საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო.
- სამწუხაროდ, ბევრი არაფერი! ნაიადაში საკმაოდ მწირი ბიბლიოთეკა გვაქვს! ინტერნეტი კი სულ ახლახან გვეღირსა… ზებუნებრივ არსებებზე თუ რაიმე ვიცით, ფილმების დამსახურებაა! მაგრამ თუ საჭირო გახდება, ძალიან სწრაფად ვისწავლით ყველაფერს!
- მთავარი სურვილია, არა? ბევრი რამის სწავლა არ მოგიწევთ! აუცილებელია იცოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, ვისი როლის შესრულებაც მოგიწევთ! თავისუფალ დროს შეგიძლიათ ჩვენს ბიბლიოთეკას ესტუმროთ!
- ბიბლიოთეკაც გაქვთ?
გაუკვირდა ელის.
- თანაც, როგორი... ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს. რამდენიმე უნიკალური წიგნიც მოგვეპოვება!
- არაჩვეულებრივია! მე ძალიან მიყვარს წიგნები...
- როდიდან შეგიძლიათ, საქმეს რომ შეუდგეთ?
- ჩვენ ახლაც მზად ვართ! უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ…
- თუ ასეა, წამობრძანდით!
ალესტერი სავარძლიდან წამოხტა და მეორე კარებისაკენ გაემართა, რომელიც მთავარი შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს იყო.
- სასტუმროში ბევრი საიდუმლო გასასვლელია! ყველას არც ვიყენებთ. ზოგიერთი მათგანი გაუქმებულია, რადგან არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. ეს გასასვლელები მხოლოდ პერსონალისთვისაა. ისინი სწრაფად უნდა გადაადგილდებოდნენ მთელ სასტუმროში და ერთი ადგილიდან მეორეში "გაჩენა" უნდა შეეძლოთ…
- რა საინტერესოა!
- თქვენ გექნებათ პლასტიკური ბარათი-გასაღები, რითიც შეძლებთ კარების გაღებას. მაგრამ ყველა კარი არ გაიღება და ეს არც უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ყველგან შესვლა თქვენ არ დაგჭირდებათ!
გაგრძელება იხილეთ აქვე
დატოვეთ კლასი

777    მდუმარე  სასტუმრო - 912292469961

Комментарии