777 მდუმარე სასტუმრო

თავი 8
ელი მხოლოდ მაშინ დაიძრა ადგილიდან, როდესაც ხმაური შეწყდა. ის ძალიან ფრთხილად მიდიოდა გზაჯვარედინისკენ.
ხმაური რამდენჯერმე განმეორდა. თავიდან რაღაც ცხოველის ღმუილს ჰგავდა, მაგრამ რაც უფრო წინ მიიწევდა ელი, ხმა მით უფრო იწმინდებოდა და უფრო გარკვევით ისმოდა.
ელიმ მამაკაცის ხმა გაარჩია…
- არის აქ ვინმე?..
გვირაბის ექო ხმას იმეორებდა და ამახინჯებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ელიმ მაინც იცნო კარგად ნაცნობი ხმის ტემბრი…
- მეთ... შენ ხარ?
რაც შეეძლო ხმამაღლა დაიყვირა ელიმ. ექომ მისი ხმაც გაიმეორა… როდესაც სიჩუმე ჩამოვარდა,
პასუხად ისევ გაისმა:
- ელიიი…
ელი გაურკვეველმა ემოციამ მოიცვა. ეს გრძნობა, თითქოს ყველაფერი ერთად იყო: სიხარული, შიში, გადარჩენისთვის ბრძოლის სურვილი, უკანასკნელი იმედი, გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლე… - ეს მეთიუ იყო…
- მეთ… სად ხარ?
ელის ეჩვენებოდა, რომ თითქოს ხმა ერთდროულად ოთხივე გვირაბიდან გამოდიოდა.
- მეცამეტე საკანში, ელი…
- აქ მხოლოდ თორმეტი საკანია… სად არის მეცამეტე, მეთ? საით წამოვიდე?
- მოკლე… ფრაზებით… ილაპარაკე…. ვერ ვარჩევ… სიტყვებს... შორის... პაუზები... გააკეთე...
მეთის ხმა წყვეტილად ისმოდა.
- სად არის… მეცამეტე… საკანი?
- არ ვიცი…
ელიმ დღიური ამოიღო, წაშლილი ფურცლები ამოხია და იმ გვირაბის შესასვლელებში დაყარა, სადაც უკვე იყო.
ელის მესამე და მეოთხე გვირაბი დარჩა სანახავი. მესამე გვირაბი ყველაზე კარგად იყო განათებული. ელის შიში დაავიწყდა და ძალიან სწრაფად მიდიოდა. თითქმის მირბოდა.
გვირაბი, საბედნიეროდ, ყველაზე მოკლე აღმოჩნდა. ის მხოლოდ ერთხელ უხვევდა მარცხნივ და იქვე მთავრდებოდა. მოსახვევიდან ყვითელი სინათლე გამოდიოდა.
ელიმ შეუხვია თუ არა, საკანი დაინახა, რომლის გისოსებიან კართან მეთიუ იდგა…
- ელი… შენ ხარ? ჩქარა მითხარი, კარგად ხარ?
მეთიუმ გისოსებიდან ხელი გამოყო, რომ ელის შეხებოდა. ელი გისოსებს მიუახლოვდა.
- ვიცოდი, რომ ცოცხალი იყავი…
მეთიუ ხელით სახეზე ნაზად შეეხო მას.
- ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო… გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, ელი… შენ აქ არ უნდა იყო! არც მე უნდა ვიყო აქ...
- მთავარია, რომ გიპოვე… როგორმე უნდა გავიქცეთ! მითხარი, როგორ გავაღო ეს კარი…
- კარს მექანიზმი აღებს, მაგრამ არ ვიცი საიდან. რაცია თან გაქვს?
- არა! რაცია ოთახში დავტოვე...
- მისმინე, ელ! – გაიქეცი! სასწრაფოდ გაიქეცი… სახლში დაბრუნდი და პოლიცია გამოიძახე. ჯონის მოუყევი ყველაფერი…
- ჯონი აქ არის, მეთ… სასტუმროშია და სავარაუდოდ, უკვე მეძებს! ალბათ, პოლიციაშიც დარეკავს…
- ჯონი აქ არის? შეიძლება ჯონიმ ვერ იპოვოს გვირაბში შემოსასვლელი კარი. ამდენი დრო არ გვაქვს, ელ… გაიქეცი და ანას უთხარი, რომ ამ საკანში ვარ გამომწყვდეული…
- ჯერ ერთი, უშენოდ არსად წავალ! მეორეც ერთი, ანას არაფერს ვეტყვი! აქ სწორედ მან შემომიტყუა! ანა და ვამპირი რონი… ისინი… შენ არ იცი და ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ ანა და რონი…
- შეყვარებულები არიან…
ელის ნაცვლად დაასრულა ფრაზა მეთიუმ.
- საყვარლები… ასე ეძახიან, როდესაც გათხოვილი ქალი…
- ანა არ არის გათხოვილი…
- რა თქვი?
- ანა არ არის ჩემი ცოლი, ელი… ეს, უბრალოდ, სცენარი იყო…
- სცენარი?
სასოწარკვეთილი ხმით წამოიძახა ელიმ, რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და კედელს ზურგით მიეყრდნო.
- შენ ამ შეთქმულების მონაწილე ხარ, მეთ? სამივემ ერთად მოაწყვეთ ყველაფერი?
- არა, არა! – ყველაფერს აგიხსნი… გახსოვს ის ღამე, ჩემთან რომ მოხვედი?
ელის გული საშინლად უცემდა.
- ის ღამე ყველაზე განსაკუთრებული იყო ჩემს ცხოვრებაში. მახსოვს, როდესაც პირველად დაგინახე… ფანჯარასთან იდექი. მერე მდინარეზე მოდიოდი ხოლმე… როგორ მინდოდა, შენთვის რამე მეთქვა, მაგრამ თითქოს რაღაც ჯადო მქონდა გაკეთებული, ელ… სიტყვასაც კი ვერ ვძრავდი…
მერე შენ თვითონ მოხვედი ჩემთან... მაგრამ იმ ღამესვე ყველაფერი შეიცვალა! სულ გამირბოდი… მიმახვედრე, რომ არ გინდოდა ჩემთან ურთიერთობა! ჩემი ბრალია, ვიცი… შეგაშინე ჩემი უცნაურობებით…
- მაინც ვერ ვხვდები…
- შარშან, ზაფხულში რამდენიმე დღით რომ წავედი…
- ანა რომ გაიცანი ტყეში?
- ანა გავიცანი, მაგრამ ტყეში არა! მაშინ ძალიან განადგურებული ვიყავი და "მდუმარე სასტუმროში" ჩამოვედი. ანა აქ მუშაობდა! – რონიც. ალესტერიც გავიცანი. მაშინ გავიგე, რომ პერსონალურ სცენარებს წერდნენ დამსვენებლებისთვის…
- და ანამ შენი ცოლობა გაითამაშა? მიზანს კარგად ვერ ვხვდები, მეთ… შენ გინდა თქვა, რომ ესეც სცენარია და მე ტყუილად ვინერვიულე ამდენი?
- არა, ელ… მეც არ ვიცი, მერე რა მოხდა! სცენარის მიხედვით, ანა უნდა დაბრუნებულიყო
სასტუმროდან და შენთვის ეთქვა, რომ მე დავიკარგე…
- ჩემი რეაქცია გაინტერესებდა? წამოვიდოდი თუ არა შენს მოსაძებნად?
- იცი, ელ… ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მე და შენ ბევრი საერთო გვქონდა… ვფიქრობ, რომ შინაგანად ვგავართ ერთმანეთს…
ელი გაოგნებული უსმენდა მეთს და ადგილიდან ვეღარ იძვროდა.
- ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც ჩვენ თვითონ ვერ ვხვდებით, თუ რა გვინდა სინამდვილეში… პატარა ბიძგი საჭიროა იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ…
- მეთ! შენ ამას პატარა ბიძგს ეძახი?..
- აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე! გახსოვს, პირველად ჭასთან მაქცია რომ ნახე? მერე, შენი ოთახის ფანჯრებს რომ უყურებდა?.. – ის მე ვიყავი, ელ…
- ქოხშიც?
ძლივს ამოილუღლუღა ელიმ.
- არა! ქოხში არ ვიცი, ვინ იყო… სცენარის მიხედვით, მე უნდა ვყოფილიყავი მაქციის ფორმაში და მალევე უნდა მომეხსნა ნიღაბი, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ჩემი ოთახის კარის ღრიჭოდან ვიღაცამ წერილი შემოაცურა, რომელშიც ეწერა, რომ შენ აქ იყავი. ვიღაცამ განგებ შემომიტყუა ამ საკანში. შემოვედი თუ არა, კარი დაიკეტა…
- ეს ვის უნდა გაეკეთებინა? და რატომ?
- წარმოდგენა არ მაქვს, ვის ან რაში დასჭირდა ეს ყველაფერი! ვფიქრობ, ჩემს მოკვლას არ აპირებენ, რადგან ამას აქამდე გააკეთებდნენ. თანაც, ეს საკანი კეთილმოწყობილია, იმ თორმეტი საკნისაგან განსხვავებით. შეხედე, საწოლიც დგას, ტუალეტის კაბინაც… პატარა ლიფტის შახტაა, საიდანაც საჭმელს უშვებენ ზემოდან…
- იმაზე არ გიფიქრია, რომ შენ საუკეთესო კანდიდატი ხარ? არავინ დაგიწყებს ძებნას, ამხელა სახლი გაქვს, რომელსაც სიამოვნებით დაეპატრონება შენი ფიქტიური ცოლი და მისი საყვარელი?
- ეგეც ვიფიქრე, მაგრამ ანა სცენარის მიხედვით მოქმედებს. ვფიქრობ, რომ არ იცის, რომ მაქციის ფორმაში მე არ ვარ!
- მე არ მგონია ეგრე! სცენარის მიხედვით რომ არ ემოქმედა, გამოძიება დაადგენდა, რომ ანა დამნაშავეა! ასე სწორედ იმიტომ იქცევა, რომ კვალი დაფაროს. დაფიქრდი, მეთ! ნაიადაში ყველამ იცის, რომ ანა შენი ცოლია! ისიც იცი, რომ უახლოესი პოლიციის განყოფილება ჩვენი სოფლიდან საკმაოდ შორსაა. რაც შეეხება მისტერ ალესტერს, ის ჩემთან მიმართებაში ყოველთვის კეთილად იყო განწყობილი. მგონი, სწორედ მას უნდა შევატყობინოთ, რა ხდება მის სასტუმროში!
- შეიძლება მართალიც ხარ! ალესტერი აქაურობას თითქმის თერთმეტი წელია მართავს. აქ რომ ვიყავი, სასტუმროს შესახებ ბევრი რამ გავიგე…
- მფლობელი? რა იცი სასტუმროს მფლობელის შესახებ?
- ის, რაც სხვებმა! ანუ არაფერი…
- მე მგონია, რომ თვითონ ალესტერია მფლობელი და რაღაც მიზეზების გამო არ ამხელს ამას! შეხედე, აკლდამაში რა ვიპოვე…
ელიმ დღიური ამოიღო და გისოსებს შორის გააცურა.
- ვინ არის სალივანი?
- მგონი, აქაურობის წინა მეპატრონის შვილია! ნახატზე ვნახე… დღიურში წერს, რომ სასახლის პირველი მფლობელის გვარი ერთმა კუდიანმა დაწყევლა. მსხვერპლად შეწირვის რიტუალზეც წერს… ჰგონია, რომ ერთ-ერთი მსახური გოგონა, ბრიჯიტი, აქ გამოამწყვდიეს, იმისთვის, რომ მსხვერპლად შეეწირათ.
- და შენ იფიქრე, რომ შენი მსხვერპლად შეწირვა სჭირდებოდა ვინმეს?
- ყველაფერი ამაზე მიუთითებდა! მაგ დღიურში ამ გვირაბიდან გასასვლელებზეცაა საუბარი. ერთი რაღაც ტბასთან ამოდის, მაგრამ მე სასტუმროს სიახლოვეს ტბა არ მინახავს…
- ჭაობი… ის ჭაობი ადრე ტბა იყო, ელი…
- ჭაობი მახსოვს. იმ თამაშში ჯონის შეხვდა ჭაობი და მისმა მეწყვილე გოგონამ მითხრა, – კიდევ კარგი, ჭაობი არ შეგხვდაო… მაგ გვირაბში უკვე ვიყავი, მეთ, მაგრამ დატბორილია. ახლა ქოხისაკენ მისასვლელი გვირაბი დამრჩა სანახავი…
- დროს ნუღარ კარგავ, ელი… სასწრაფოდ გაიქეცი აქედან და ჯონი მოძებნე! პოლიციაში დარეკე…
- კარგი… მაგრამ ჯერ ამ კარის გაღებას ვცდი!
ელიმ გვირაბის კედლების თვალიერება დაიწყო, მაგრამ ვერაფერი იპოვა.
- ალბათ, საკნების კარების მექანიზმები ერთი კონკრეტული ადგილიდან იმართება! შეიძლება დაცვის ოთახიდან, სადაც კამერებს აკონტროლებენ…
- შეიძლება...
- მეთ, ვინ არის სცენარისტი?
- მხოლოდ ის ვიცი, რომ სასტუმროში არ იმყოფება. ინტერნეტით უგზავნის ხოლმე სცენარებს ალესტერს.
- პიტერი? პიტერი ვინ არის? გამომძიებელი რომ არ არის, მაგას მეც მივხვდი. ისიც სადღაც გაუჩინარდა…
- გამომძიებელი არ არის, რადგან პოლიციაში არავის დაურეკავს! სცენარში იყო გამომძიებელი, ოღონდ ეგ პიტერი აქ მერე ჩამოვიდა. ალბათ, სპეციალურად მოიწვიეს ამ როლისთვის… სიმართლე გითხრა, უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. მხოლოდ ის ვიცი, რომ მას აქ არ უმუშავია.
- პიტერი არ ტოვებს ბოროტმოქმედის შთაბეჭდილებას!
- იმედია, ვერ მიხვდებიან, ჯონი შენ გამო რომ ჩამოვიდა.
- ეგ არავინ იცის! ჯონი ტროლის ვაკანსიისთვის გამოცხადდა და მიიღეს… ანასთვისაც არაფერი მითქვამს! ჯონი ტროლის კოსტიუმის გარეშე არსად ჩნდება.
- იცის თავისი საქმე! ყოფილ სამხედროს ეგ არ შეეშლება!
- ჯონიზე ამბობ?
- არ იცოდი? არასოდეს უხსენებია შენთან?
- არა…
- საზღვაო ქვეითი იყო! – ელ, ოდესმე მაპატიებ ამ ყველაფერს?
- ყველაფერი ისე უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთში, რომ გონებაში ჯერ ვერ დავალაგე მოვლენები, მეთ… ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის ამის გაგება…
- ვიცი! ვიცოდი, რომ ვრისკავდი, რადგან შეიძლებოდა სამუდამოდ დამეკარგე!
- რატომ გაინტერესებდა, წამოვიდოდი თუ არა აქ შენს მოსაძებნად?
- იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, ელი.. მინდოდა, რომ შენ თვითონ მიმხვდარიყავი, გქონდა თუ არა ჩემ მიმართ რაიმე გრძნობა… მაინტერესებდა, შენთვის ვნიშნავდი თუ არა რამეს… ჯონის ბარში შეგატყვე, რომ არ გესიამოვნა ანას გამოჩენა… სამზარეულოში შეხვედი და აღარ გამოსულხარ. მანქანაშიც დაძაბული იყავი და ანამაც მითხრა, რომ როდესაც გესტუმრათ, უცნაურად იქცეოდი…
- მე ახლა გასასვლელს ვიპოვი, მეთ! მაგაზე ლაპარაკს მერეც მოვასწრებთ! აქედან გავაღწევ და მაშინვე პოლიციაში დავრეკავ! აუცილებლად დავბრუნდები…
- ფრთხილად იყავი…
ელი უკან გამობრუნდა. თავში ყველაფერი არეული ჰქონდა. ეგონა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და სადაცაა, გაეღვიძებოდა.
ამჯერად მეოთხე გვირაბს გაუყვა. ტბის გვირაბის მსგავსად, ესეც ძალიან გრძელი იყო. როგორც იქნა, ბოლოში გააღწია და ზევით ასასვლელი რკინის კიბე დაინახა. კიბეზე ფრთხილად ავიდა. მის თავზე ლუქი იყო, რომელზეც ისეთივე სიმბოლოები იყო ამოჭრილი, როგორიც აკლდამაში. ხვრელებიდან ქოხის ჭერი მოჩანდა.
ელი ჯერ მხრებით მიაწვა სახურავს, მაგრამ ვერ გააღო. შემდეგ მისი შემოტრიალება სცადა, რომ სიმბოლოები თანმიმდევრულად დაელაგებინა. ლუქი გაჭედილი იყო.
უცებ რაღაც ხმაური გაისმა.
- არის აქ ვინმე?
ხმა მამაკაცს ეკუთვნოდა.
- ლუქის ქვემოთ ვარ! მიშველეთ…
ნაბიჯების ხმა გაისმა. ვიღაც ქოხში დადიოდა.
- სად არის ლუქი? ილაპარაკეთ, რომ გიპოვოთ!
- არ ვიცი, სად არის… სადღაც ქოხშია. ჭერს ვხედავ…
ნაბიჯების ხმა მოახლოვდა და ბოლოს ვიღაცის ჩრდილი დაეცა ლუქს.
- ჩადით ქვევით და ლუქს მოშორდით! ვეცდები, გავაღო.
ელი ისევ კიბეზე დაეშვა და მოშორებით დადგა. გული საშინლად უცემდა. ის ვიღაც ლუქს დაეჯაჯგურა.
- სიმბოლოები თანმიმდევრობით უნდა იყოს განლაგებული! ნახევარი მთვარის გასწვრივ რქიანი ფიგურა უნდა მოთავსდეს!
ასძახა მას ელიმ. ცოტა ხანს კიდევ ისმოდა ხმაური. ბოლოს სახურავი ჭრიალით გაიღო.
*****
- ამოხვალთ თუ მე ჩამოვიდე?
ჩამოსძახა ელის უცნობმა.
- ამოვალ!
ელი კიბეს მაღლა აუყვა. ბოლო საფეხურზე რომ შედგა ფეხი, ვიღაცამ მკლავში ხელი მოჰკიდა და ასვლაში დაეხმარა.
- პიტერ?
ელის პიტერის დანახვა ძალიან გაუკვირდა.
- დაბლიდან შენი ხმა სხვანაირად ჟღერდა, ელი… გეძებდი!
- როდის დაბრუნდი?..
- არსადაც არ წავსულვარ! - სულ აქ ვიყავი!
- იმალებოდი?..
- ასე იყო საჭირო!
- ქოხში რატომ მეძებდი?
- ყველგან გეძებე! თამაშის დროს მაქციის კოსტიუმში მე ვიყავი… ახლა ახსნა-განმარტების დრო არ
არის! სანამ ღამეა და ბნელა, ჩემს მანქანაში ჩაჯექი და წადი აქედან!
პიტერი ინვალიდის სავარძლისაკენ გაემართა და რაღაც დაკეცილი ნაჭერი აიღო.
- ეს ანას ლაბადაა. მოისხი, ვერ გიცნობენ…
- იქ მეთიუა! საკანშია გამომწყვდეული… რა ხდება, პიტერ? სანამ ყველაფერს არ ამიხსნი, აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი! ვერ დავტოვებ მეთს...
- გრძელი ამბავია, ელი, ახლა ვერ მოგიყვები. მალე გათენდება! გამომართვი მანქანის გასაღები და წადი! გარკვეული მიზეზების გამო სცენარი დაირღვა და ერთი ადამიანის პირადი მიზნების მიხედვით განვითარდა.
- ვინ არის ის ადამიანი? შენ არაფერს მეუბნები და მითხარი, პიტერ… როგორ უნდა გენდო? რა გარანტია მაქვს, რომ შენც არ ხარ გარეული?
- აქ გარანტიები არ არსებობს, ელი… შარშან ზაფხულში, როდესაც მეთიუ აქ დარეგისტრირდა, როგორც სტუმარი, მისი სახელი, გვარი და დაბადების თარიღი სასტუმროს მფლობელმა ნახა ქსელში…
- თუ შენ იცი, რომ სასტუმროს მფლობელმა ქსელში მეთიუს გვარი ნახა, მაშინ ისიც გეცოდინება, ვინ არის…
- რა თქმა უნდა, ვიცი...
- მეტყვი?
- სასტუმროს მფლობელი მისტერ სალივანია!
- შეუძლებელია! სალივანი 1913 წელს უკვე იმხელა იყო, რომ დღიურებს წერდა. აქედან გამომდინარე, ახლა ას წელზე მეტის უნდა იყოს…
- არ ვიცი, საიდან გაქვს შენ ეგ ინფორმაცია, მაგრამ ის, ვისაც შენ გულისხმობ, სასტუმროს ამჟამინდელი მფლობელის, მისტერ სალივანის ბაბუა იყო...
- და შენ საიდან იცი ამდენი?
ელიმ პიტერს გამომცდელი მზერა მიაპყრო.
- იქიდან, რომ მე, "მდუმარე სასტუმროს" მეპატრონის, - სალივანის შვილი ვარ!
ელის მოულოდნელობისაგან ენა ჩაუვარდა. კითხვების დასმის დრო აღარ იყო! მოქმედება იყო საჭირო. ელიმ მოჩვენება "ბანშის" კაპიუშონიანი მოსასხამი ჩაიცვა და სასტუმროსაკენ გაიქცა. ხელში პიტერის მანქანის გასაღები ეჭირა, მაგრამ სასტუმროს დატოვებას ჯერ არ აპირებდა. ის ჯონის ოთახისაკენ გარბოდა, რომ მისთვის ყველაფერი მოეყოლა.
დაბურული ფოთლებიდან ალაგ-ალაგ მოჩანდა ცა. მალე გათენდებოდა. ელიმ სასტუმროს უკანა შესასვლელი კარი ფრთხილად შეაღო და პერსონალისთვის განკუთვნილ კორიდორს გაუყვა. უცებ ზურგსუკან ხმაური მოესმა და შეჩერდა.
- რა ადრე ამდგარხარ, ანა! ერთი წუთით შემოდი, უნდა დაგელაპარაკო!
ალესტერის ხმა იყო. ელი დაბნეული იდგა და ვერ გადაეწყვიტა, გაქცეულიყო თუ არა. საბედნიეროდ, გვირაბ-კორიდორში საკმაოდ ბნელოდა. ბანშის კაპიუშონიც დიდი იყო და სახეს მთლიანად უფარავდა ელის. მხოლოდ პირი და ნიკაპი უჩანდა…
ელი მიხვდა, რომ გაქცევა არ იყო კარგი აზრი. მანქანამდე რომც მიეღწია, შეიძლებოდა მეთიუს და ჯონის სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო. ამიტომ ბედს მიენდო და ალესტერს თავდახრილი გაჰყვა კაბინეტში.
ალესტერი თავის მაგიდას მიუახლოვდა, სახით ნახატისაკენ დადგა და ხელები ზურგს უკან დაიწყო.
- იმისთვის დაგიძახე, რომ მეთქვა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ელიმ იპოვა მეთიუ და გამთენიისას გაემგზავრნენ აქედან…
ელი შეცბა. რას ნიშნავდა ეს სიტყვები? ნუთუ ალესტერი ანასაც ატყუებდა და აქამდე მას მართლა ეგონა, რომ სცენარის მიხედვით მოქმედებდა?
- შენც და რონიმაც ძალიან კარგად შეასრულეთ როლი. ერთი დონით დაგაწინაურებთ ორივეს და სცენარის ჰონორართან ერთად, ბონუსიც ჩაგერიცხებათ!
ალესტერი ელისაკენ შემობრუნდა და პასუხის მოლოდინში თითები მაგიდაზე აათამაშა.
- გმადლობთ, მისტერ ალესტერ…
თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა ელიმ.
- რა გჭირს? უცნაური მეჩვენები! ასე ადრე რატომ ადექი? ბანშის ლაბადაში რატომ ხარ?
- ვერ დავიძინე… ყელი ძალიან მტკივა!
- ეტყობა გაცივდი! ახლავე სამზარეულოში ჩადი და თაფლიანი რძე დალიე. ჯოს მაღაზიაში აქვს ყელის ტკივილის ბალახები და გამოართვი. მზარეულს უთხარი და მოგიდუღებს!
- დაუმშვიდობებლად რატომ წავიდნენ, მისტერ ალესტერ?
ისევ ჩურჩულით ჰკითხა ელიმ.
- როგორც მოსალოდნელი იყო, გოგონა ძალიან გაბრაზდა! იჩხუბეს... ბოლოს ბიჭმა დაიყოლია და სასტუმრო დატოვეს. ალბათ შენზეც გაბრაზებული იყო და იმიტომ არ დაგემშვიდობა! მეთიუს თქვენი გაღვიძება არ უნდოდა. მოგვიანებით სამადლობელ წერილს გამოაგზავნის…
- გასაგებია…
ჩაილაპარაკა ელიმ და კარებისაკენ გადადგა ნაბიჯი.
- სამზარეულოში ჩავალ...
თითქმის უკვე კართან იყო მისული, როდესაც შემთხვევით ფეხი მოსასხამზე დაებიჯა და წაიბორძიკა. თავი შეიმაგრა, რომ არ წაქცეულიყო, მაგრამ პიტერის მანქანის გასაღები ხელიდან გაუვარდა და იატაკზე ჩხრიალით დაეცა.
- ეგ რა არის?
ალესტერი ჩვეული მკვირცხლი მოძრაობით, წამსვე იქ გაჩნდა და მანქანის გასაღები ხელში აიღო.
- ეს ვისი გასაღებია? შენ რატომ გაქვს, ანა?
- ეზოში ვიპოვე და ვიფიქრე, რომ რომელიმე სტუმარმა დაკარგა…
ელი კარისკენ იყურებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გააღწევდა ამ ოთახიდან.
მოულოდნელად ალესტერმა ხელი მისი კაპიუშონისაკენ წაიღო და სწრაფად გადახადა.
- ელი, ელი… როგორ გამოხვედი გვირაბიდან? იქიდან გამოსასვლელი გზა არ არსებობს!
ალესტერი წამიერად გაჩნდა კართან და გადაკეტა. შემდეგ გასაღები გამოაძრო და მანქანის გასაღებთან ერთად ჯიბეში ჩაიდო.
- ესე იგი, თქვენ გამოამწყვდიეთ მეთიუ იმ საკანში! ჩემი მოშორებაც გინდოდათ… რატომ, მისტერ
ალესტერ? რა მიზანი გაქვთ?
ელი ნელი ნაბიჯებით მეორე კარებისაკენ წავიდა.
- ეგ კარი დაკეტილია!
თქვა ალესტერმა და თავისი მაგიდისაკენ გაემართა. ვისკის ბოთლს სახურავი მოხადა და ჭიქაში დაისხა.
- დალევ?
ჰკითხა ელის.
- თქვენს ადგილას დალევის განწყობა ნამდვილად არ მექნებოდა!
ელიმ ოთახში მიმოიხედა. რაღაც ისეთს ეძებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავის დაცვა შეძლებოდა…
- შენ ბოროტმოქმედი გგონივარ, არა? - თექვსმეტი წელია, რაც ამ სასტუმროს ვმართავ! პერსონალი ოჯახის წევრებივით მყავს… ჩემი პირადი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ამ სასტუმროს თავი შევწირე… მაგრამ ვინ დამიფასა?..
- არ მესმის, მაგით რის თქმა გინდათ, მისტერ ალესტერ… მეთიუ რა შუაშია ამ ყველაფერთან?
ალესტერმა მაგიდის უჯრა გამოაღო და საქაღალდე ამოიღო.
- გაეცანი!
უთხრა ელის და საქაღალდე მაგიდაზე დაახეთქა. თვითონ სავარძელში ჩაეშვა და ვისკის ჭიქა თითებს შორის მოიქცია. ელი მაგიდას მიუახლოვდა და საქაღალდე გახსნა. იქვე, სკამზე ჩამოჯდა და აკანკალებული ხელით გადაფურცლა.
- კი მაგრამ, როგორ? ეს ხომ შეუძლებელია?..
ფურცლები მაგიდაზე დაყარა და გაოგნებული ალესტერს მიაჩერდა.
- მეც იგივე კითხვა მაქვს, ელი… როგორ? რატომ? სასტუმროს იმ პირობით ვამუშავებდი, რომ ჩემს საკუთრებაში უნდა გადმოსულიყო… ჩემს ცოლ-შვილს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვნახულობ! სამაგიეროდ, ბიჭების სწავლას ვაფინანსებ და მათ მომავალზე ვზრუნავ! ამდენი წელი ვიწვალე, რომ მშვიდი სიბერე გვქონოდა მე და ჩემს ცოლს! ხოლო, ჩვენს შვილებს უზრუნველი ცხოვრება, ელი… მაგრამ, მოულოდნელად, სასტუმროს მფლობელმა, ბატონმა სალივანმა პირობა დაარღვია! შენ მითხარი, – რატომ?
- მეთიუმ იცის? იცის, რომ ამ სასტუმროს მფლობელია?..
აკანკალებული ხმით იკითხა ელიმ. სალივანმა ვისკი გადაჰკრა და ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- საქმე იმაშია, რომ შენი მეთიუ სალივანს არც კი იცნობს… თვალითაც არ უნახავს და უფრო მეტიც, არ იცის, ვინ არის… მე კიდევ ვიცი, ის ჩემს გასამწარებლად მოიქცა ასე! მაგრამ არაფერი გამოუვა, ელი… ეგ მცდელობა წყალში ჩაეყრება!
- გინდათ თქვათ, რომ მისტერ სალივანმა მეთიუს უნახავად უანდერძა სასტუმრო? საიდან გაიგო მის შესახებ?
- მართალია, ის აქ არასოდეს ჩამოდის, მაგრამ ყველაფერს ინტერნეტით აკონტროლებს! ნახულობს სტუმრების რაოდენობას, აინტერესებს, რა კონტინგენტი ჩამოდის აქ! მეთიუც ალბათ ასე ნახა… აქ მარტო არავინ ჩამოდის და ალბათ ინფორმაცია მოიძია მის შესახებ…
- მეთიუმ იცის ეს ყველაფერი?
- არა მგონია! ის ბიჭი არაფერ შუაშია… უბრალოდ, ლატარიაში ჯეკ პოტი მოხსნა… ბედი ჰქონია!
- ბედი ჰქონია, მისტერ ალესტერ? საკანში გამოამწყვდიეთ და მიზეზიც არ გააგებინეთ…
- ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ელი! წესით, აქამდე უნდა გამექრო, მაგრამ მკვლელი არ ვარ! ამდენი ფიქრისაგან თავი გამისკდა! არ ვიცი, რა მოვუხერხო… ჰოდა, ჯერჯერობით საკანში მყავს…
- მეც ხელისშემშლელი ფაქტორი ვიყავი, არა, მისტერ ალესტერ?
- იმედი მქონდა, რომ მალე შენი ფეხით წახვიდოდი, მაგრამ შეუპოვარი გამოდექი! ძალიან ვწუხვარ… სალივანმა უნდა აგოს პასუხი თავის შეცდომებზე! არ შეიძლება ასე მოექცე ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე ძაღლივით ერთგულად გემსახურა! რადგან ბევრი ფული აქვს, ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს…
- თქვენ უარესად იქცევით, მისტერ ალესტერ! დარწმუნებული ვარ, რომ მეთიუს არაფერში სჭირდება ეს სასტუმრო და სიამოვნებით გადმოგილოცავთ! თქვენ მას არ იცნობთ… გაგვიშვით, სანამ ყველაფერი გვიანი არ არის! ჩვენ არაფერს ვიტყვით…
- ვინ იტყვის უარს ორ მილიონად შეფასებულ ქონებაზე, ელი? შენ მე სულელი გგონივარ? ყველაფერს გავაფუჭებ მაშინ, როცა იდეალურად განვითარდა მოვლენები? მსახიობები ვერაფერს ხვდებიან. პიტერი აქ პირველად იყო, მისი როლი ამოიწურა და უკან გავუშვი, სოლიდური თანხით ჯიბეში. ასე რომ, არ დაიწყებს იმის გარკვევას, თქვენი "ლავსთორი ჰეფი ენდით" დამთავრდა თუ არა! ანას და რონის ვეტყვი იმას, რაც შენ გითხარი…
პოლიცია, სავარაუდოდ, ძებნას დაგიწყებთ, მაგრამ ვერ გიპოვიან და ჩათვლიან, რომ ალბათ გზაში შეგემთხვათ რამე ან სულაც სადღაც გაიქეცით…
"მისტერ ალესტერმა არ იცის, ვინ არის პიტერი".
გაიფიქრა ელიმ და ნახატს შეხედა.
- ამას მამაჩემი არასოდეს იფიქრებს! მთელ სასტუმროს ამოატრიალებს და მიპოვის! ან ცოცხალს, ან მკვდარს! მაგრამ, ვფიქრობ, რომ აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე, მისტერ ალესტერ! ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება! უთხარით მეთიუს სიმართლე… დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი გამოსავალი მოიძებნება! აქვე დააწერინეთ, რომ სასტუმროს თქვენ გჩუქნით…
- იურისტი მივუყვანო საკანში და ვანახო, რომ იქ იძულებით მყავდა გამომწყვდეული, ელი? შენ მე უფრო ჭკვიანი გოგონა მეგონე!
ალესტერმა მორიგი ჭიქა ვისკი გადაჰკრა.
- მისტერ ალესტერ, იქნებ სასტუმროს მფლობელს უფრო მეტი მიზეზი აქვს, რადგან მეთიუს ამხელა ქონება გადაულოცა? ამაზე არ დაფიქრებულხართ?
- რა მიზეზი უნდა ჰქონდეს?
ალესტერმა ჭიქა ისევ შეივსო და სავარძლის საზურგეზე მოხერხებულად გადაწვა.
- მისტერ სალივანს აქვს რაიმე მიზეზი, რის გამოც ასე მოგექცათ?
- თერთმეტი წლის წინ აქ უბედური შემთხვევა მოხდა და დღემდე ვერ მპატიობს! ვფიქრობ, ამის გამო დამსაჯა...
- უბედური შემთხვევა? თუ უბედური შემთხვევა იყო, თქვენ რატომ გადანაშაულებთ?
- ყველაფერი სასტუმროს ადმინისტრატორს ბრალდება, ელი…
- რა შემთხვევა იყო, მისტერ ალესტერ? მომიყევით! მე მაინც ვერ გავაღწევ აქედან და დამალვას აზრი აღარ აქვს!
ელი დროის გაყვანას ცდილობდა. შეატყო, რომ ალესტერს ალკოჰოლი ნელ-ნელა ეკიდებოდა და მისი ალაპარაკება ელისთვის გაქცევის ერთადერთი შანსი იყო…
- თერთმეტი წლის წინ აქ სამუშაოდ ერთი ახალგაზრდა ქალი ჩამოვიდა. ოჯახის წევრებისთვის უთქვამს, რომ სადღაც სხვა ქალაქში მიდიოდა სამუშაოს დასაწყებად… ფულის მოგროვება უნდოდა! მეც მივიღე… თეთრი ქალის მოჩვენება იყო ისიც, შენსავით…
ელის მუცელში რაღაც შეეკუმშა.
- თერთმეტი წლის წინ?..
- ერთი თვე იმუშავა და მერე სადღაც დაიკარგა. მის ოთახში ორი წერილი ვიპოვეთ, ერთი ჩემს სახელზე იყო. მწერდა, რომ აქ ერთ-ერთი დამსვენებელი გაიცნო და შეუყვარდა. მასთან ერთად გაიქცა. მთხოვდა, რომ მეორე წერილი მისი მეუღლისთვის გამეგზავნა…
- რა ერქვა?.. მისტერ ალესტერ… იმ ქალს რა ერქვა?
ელის მთელი სხეული აუკანკალდა. ალესტერმა გაკვირვებით შეხედა ელის და ვისკი მოსვა.
- ნორა! ასე გაგვეცნო ჩვენ…საბუთები არ ჰქონდა! წესების დარღვევა იყო მისი უსაბუთოდ მიღება, მაგრამ მაშინ ძალიან გვაკლდა მუშახელი…
"ნუთუ დედა იყო?.. იქნებ სხვა სახელით მოვიდა?"
ელის თავში ათასნაირი აზრი უტრიალებდა. წამიერად გადაავიწყდა კიდეც მეთიუ…
- მერე, მისტერ ალესტერ? ვინ იყო ის უცხოელი, ვისთან ერთადაც გაიქცა?
- სამწუხაროდ, არსად გაქცეულა… მოგვიანებით საშინელმა სუნმა შეგვაწუხა, რომელიც თითქოს კედლებიდან გამოდიოდა. მაშინ სარდაფის გვირაბი დალუქული გვქონდა. დიდხანს ვეძებდით, რა ყარდა ასე ძალიან და სარდაფის გვირაბშიც ჩავედით. მაშინ სარდაფს სამი გასასვლელი ჰქონდა. მესამე გასასვლელის ბოლოში კიდევ ერთი შავი ოთახი იყო, სადაც…
ელი სკამის საზურგეს მთელი ძალით უჭერდა ხელებს…
- რა იყო იმ ოთახში?
აკანკალებული ხმით იკითხა.
- ნორა… ყელი ჰქონდა გამოჭრილი… როგორც ჩანს, მან, ვინც მის ნაცვლად დაწერა წერილი,
ყველაფერი კარგად გათვალა! ადგილი, მსხვერპლი…
- პოლიციას შეატყობინეთ?
- რა აზრი ჰქონდა? წერილი გაგზავნილი იყო, ელი… ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ იმ უბედური ქალის ოჯახის წევრებისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა იმის ცოდნა, რომ ნორა სადღაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, თუნდაც სხვასთან… ვიდრე ყელგამოჭრილი აგდია სარდაფში… იმ ოთახის კარი აგურით ამოვაშენეთ, ხოლო მოგვიანებით მთლიანად გავაუქმეთ მესამე გასასვლელი!
- ღმერთო ჩემო…
ელის ცრემლები წამოუვიდა.
- დალიე ვისკი! ძალიან მგრძნობიარე ხარ, ვატყობ…
ალესტერმა ელის ვისკი დაუსხა და ჭიქა წინ დაუდგა.
- გარდა მაგისა, სასტუმროს სახელი გაუფუჭდებოდა! ბევრი, შიშის გამო აღარ ჩამოვიდოდა აქ, ელი… სალივანმა ეს ამბავი მოგვიანებით გაიგო და ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიდა.
- მისტერ ალესტერ! იმ ქალზე გაიხსენეთ რამე... როგორი იყო? რა ეცვა...
ალესტერმა კიდევ უფრო გაკვირვებით შეხედა ელის, მერე საწერი მაგიდის ერთ-ერთი უჯრა გამოაღო და ჯაჭვზე ჩამოკიდებული მედალიონი ამოიღო.
- აი, ეს ეკეთა ხოლმე…
ელიმ მედალიონი ხელის კანკალით გახსნა… მედალიონში მისი და მეგის ბავშვობის ძალიან პატარა, გახუნებული სურათი იდო.
- იმ ქალს კეიტი ერქვა, მისტერ ალესტერ… და ჩემი დედა იყო…
ელის სახეზე ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები. ალესტერი გაქვავებული იჯდა და ელის შეჰყურებდა.
- დაუჯერებელია! ძალიან ვწუხვარ… იცი, ცალთვალა ჯომ ძალიან მიგამსგავსა ნორას… შეგიძლია, დაიტოვო მედალიონი…
ელიმ ვისკი მოსვა და ხელებით ცრემლები შეიმშრალა. მერე მედალიონი დაკეტა და კისერზე ჩამოიკიდა.
- იცით, მე ვნახე მესამე გასასვლელი… აგურით ამოშენებული კარიც…
ალესტერი ფეხზე წამოდგა და ოთახში ნერვიულად გაიარ-გამოიარა. თან მაჯის საათს დახედა.
- ეს შეუძლებელია!
- ვიცი… ანაც ჩემთან ერთად იყო! შეგიძლიათ ჰკითხოთ… მეორე დღეს რომ ჩავედი, ის გასასვლელი გამქრალი იყო… იქნებ დედას სულს უნდოდა, რომ…
- მოჩვენებები არ არსებობენ, ელი!
ალესტერი ნახატთან მივიდა და სიმბოლოები შემოატრიალა.
- უცნაურია ეს ყველაფერი, მისტერ ალესტერ… მეც იმავე სასტუმროში მოვხვდი, სადაც დედა მომიკლეს… და ალბათ მეც მის ბედს გავიმეორებ!..
- მე არავის სიკვდილი არ მინდა, ელი… რაღაცას მოვიფიქრებ! დრო მჭირდება...
- ტყუით, მისტერ ალესტერ! თქვენ ამ ყველაფრის მერე არ გაგვიშვებთ აქედან!.. უკანასკნელი თხოვნა შემისრულეთ…
ალესტერმა შავი კარი გააღო და ელისაკენ სახით შემოტრიალდა.
- გისმენ…
- მითხარით, ვინ მოკლა დედაჩემი?..
გაგრძელება იქნება
ავტორი თეა ინასარიძე

Комментарии

Комментариев нет.