777 შურისძიების ზღვარზე

თავი 7
რაღაც იდეა მოუვიდა თავში, სასწრაფოდ მობილური მოიმარჯვა და გუჯისთან დარეკა… მისდა გასაოცრად, მამაკაცმა არ უპასუხა. მაშინ ადგა და მესიჯი მისწერა: "გუჯი, სასწრაფოდ უნდა შეგხვდე. ძალიან გთხოვ, ამაღამ, თორმეტ საათზე იქ მოხვიდე, სადაც პირველად შეგხვდი. ძალიან გთხოვ, ამის შესახებ ნურავის ეტყვი".
ეგონა, გუჯი მესიჯს მაშინვე წაიკითხავდა და თვითონაც მოსწერდა, მაგრამ მამაკაცმა არ უპასუხა. იქნებ ვერ მიხვდა, ია რომ სწერდა? მათ ხომ ერთმანეთისთვის ტელეფონით არასდროს დაუმესიჯებიათ. მესიჯი კი არა, დარეკვითაც არასდროს დაურეკავს გუჯის მისთვის. მხოლოდ ტელეფონის
ნომერი მისცა პირველ პაემანზე, ეგ იყო და ეგ. არც ის უთქვამს, დამირეკე ან მე დაგირეკავო. იასთვის ნომერი არც უთხოვია. ამის გაცნობიერებამ მთლად დაზაფრა. წესით, შეყვარებულები მთელი ღამე მესიჯობენ ან წარამარა ურეკავენ ერთმანეთს. ამაზე რატომ აქამდე არ დაფიქრდა? რას იფიქრებდა, ეს ურთიერთობაც თუ ფარსი აღმოჩნდებოდა?
გუჯი იას მდინარის ნაპირას ელოდებოდა. იგი მის შესახვედრად გამოემართა და მიუახლოვდა თუ არა, გოგონას დაკვირვებით შეაცქერდა.
- რა მოხდა? - ხმადაბლა ჰკითხა და იდაყვზე ხელი წაავლო.
იამ უემოციო, ოფიციალური ტონით მიუგო:
- იცი? დიდ დროს არ წაგართმევ, უკვე ძალიან გვიანია და შინიდან გამოვიპარე, - მან ხელი გააშვებინა მამაკაცს და იქვე ლოდზე ჩამოჯდა, გუჯი კი იდგა და უხმოდ ელოდა, რას ეტყოდნენ.
"ამ ადამიანს მოცდა შეუძლია, - გაიფიქრა იამ, - ან რა გასაკვირია, ის ხომ თავისი შურისძიების დღეს ამდენი წელი ელოდებოდა".
- შენი წასვლის შემდეგ ჩემებს ველაპარაკე და ახალი ვითარებები გამოირკვა, - გაწელილად წამოიწყო იამ.
- ნუთუ? - ჩვეული ირონია გაისმა გუჯის ხმაში.
გოგონა მდინარის ზედაპირზე დაცემულ მთვარის შუქის მოციმციმე ზოლს თვალს არ აშორებდა.
- მე ყველაფერი გავიგე. ვიცი ის მიზეზები, რამაც ასეთი უცნაური მეთოდით შურისძიება გადაგაწყვეტინა. შენს ადგილზე შესაძლოა მეც ასე მოვქცეულიყავი, ჩვენ ხომ რაღაცით ვგავართ ერთმანეთს, ამიტომ არ გამტყუნებ.
- როგორც ჩანს, მამაშენს გულახდილობის მუღამი გაეხსნა. - ჩაიცინა გუჯიმ. იგი უკვე აღარ ცდილობდა მასთან საუბრისას მაღალფარდოვანი და პოეტური ფრაზების გამოყენებას.
- რაც გინდა, ის დაარქვი. მთავარია, რომ მან ამიხსნა, რაც მოხდა ჩვენს ოჯახებს შორის და როგორ ჩაიგდო ხელში თქვენი სახლი. მე ახლა ყველაფერი ვიცი და ამიტომ ვფიქრობ, ნამდვილად გაქვს შურისძიების უფლება. ისიც კარგად მესმის, რომ ჩემს ცოლად შერთვას სულაც არ აპირებდი. უბრალოდ, ჩემი გამოყენება გინდოდა. თუ მამა უარზე დადგებოდა, დააშინებდი მას, რომ ჩემთან ერთად გაიქცეოდი და ჯვარს კი არ დაიწერდი ჩემზე, არამედ საყვარლად გამიხდიდი, თუკი მამა სახლს არ დაგიბრუნებდა. რამდენიმე თვე ალბათ გაძლებდი ჩემ გვერდით.
- მხოლოდ რამდენიმე თვე? - ჯერ არც ერთ გუჯის წინადადებას ირონიის გარეშე არ ჩაუვლია.
იამ მის ტონს ყურადღება არ მიაქცია და თავი დაუქნია.
- იმდენ ხანს გამაჩერებდი, რამდენიც შენი სურვილის ასრულებას მოუნდებოდა. ეს კი აიძულებდა მამას, შენთვის სახლი დაებრუნებინა. შენ, როგორც მივხვდი, უკვე იცი, რომ ისინი ჩემი ფინანსური დახმარების გარეშე ვერ გაძლებენ და მთელი ბიზნესი თავზე დაემხობათ. არც იმას გამოვრიცხავ, ფარულად რაღაც მაქინაციები გეწარმოებინა მამაჩემის ბოლომდე გასანადგურებლად. ვიცი, რომ შენ ეს შეგიძლია. მერე კი, როცა სასურველ შედეგს მიაღწევდი და შურს გემრიელად იძიებდი, დამცირებულს და საბოლოოდ შერცხვენილს სახლში გამომისტუმრებდი.
- პირდაპირ მაკიაველური გეგმა ჩამოაყალიბე… - გუჯის ხმამაღლა გაეცინა.
- მაკიაველურის რა მოგახსენო, მაგრამ ნამდვილად კარგი ჩანაფიქრია.
- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, - მშვიდად მიუგო მამაკაცმა, - მაგრამ ახლა, როცა ჩემი განზრახვა გამოიცანი, ალბათ, ეს გეგმა ჩაფლავდა, არა?
- არა… ცდები. პირიქით. შენ ჩემი თანადგომა გჭირდება და მშვენივრად იცი, რომ…
- რა გინდა მითხრა, ია… რომ თანახმა ხარ ჩემთან ერთად გაიქცე და ჩემი საყვარელი გახდე?
გოგონამ ისე უპასუხა, მისთვის არც შეუხედავს.
- ჰო, თანახმა ვარ. ხომ იცი, რასაც ვგრძნობ შენ მიმართ. ამის დამალვას აზრი უკვე აღარ აქვს. ამიტომ წამოვალ შენთან ერთად, ოღონდ არა საყვარლის, არამედ ცოლის რანგში. მინდა შენი ცოლი გავხდე და მთელი ცხოვრება შენ გვერდით გავატარო.
გუჯი ერთხანს უხმოდ იდგა, მერე კი ამოხვნეშით ჩაილაპარაკა:
- გასაგებია.
- მემის, რომ შენი გეგმა დაქორწინებას სულაც არ ითვალისწინებდა, მაგრამ მინდა შენი ყურადღება მივაქციო იმ დეტალებს, რომლებიც სავარაუდოდ, არ გაგითვალისწინებია.
გუჯიმ შუბლი შეიჭმუხნა:
- საინტერესოა, რა არ გამითვალისწინებია… რას გულისხმობ?
- გგონია, ვერ ვხვდები, რომ შენი შესაფერისი არ ვარ? სულაც არ ვარ ის ქალი, რომელზეც შენისთანა მამაკაცი იოცნებებდა. არც გარეგნობით გამოვირჩევი და არც დიდი ჭკუა-გონებით, თანაც, მამაჩემის შვილი ვარ. გასათვალისწინებელია ჩემი წარსულის შეცდომაც, რასაც ვერც ერთი ნორმალური მამაკაცი გვერდს ვერ აუვლის, თუმცა თავის დასაცავ რამდენიმე წინადადებას მაინც შემოგთავაზებ.
- ია, ძალზე მაოცებ… ვერ ვხვდები, რა უნდა მითხრა ან რატომ.
- მე არ ვხუმრობ, გუჯი. პირველ რიგში, თუ ცოლად შემირთავ, თანაც ოფიციალურად, ისევე მიაღწევ დასახულ მიზანს, როგორც ჩემთან ერთად გაქცევით. ჩემი ოჯახი ეკონომიკურად შენზე გახდება დამოკიდებული. ისინი იძულებული იქნებიან, შენ მოგმართონ, როცა ჩემი დახმარება დასჭირდებათ. ბუღალტერიას ვგულისხმობ. როგორ ფიქრობ, ეს შურისძიების მისაღები მეთოდი არ იქნება?
- ჰმ… საინტერესო აზრია. მერე?
- მერე შენ შეძლებ ჩემი ოჯახი მარიონეტებივით ძაფზე დაკიდებული ათამაშო.
გუჯი ჩაფიქრდა და შემდეგ უთხრა:
- მართალი ხარ, ვერაფერს ვიტყვი.
აღელვებულმა იამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
- გაითვალისწინე სხვა ამბავიც. ვფიქრობ, სულ მალე აღმოაჩენ, რომ შესანიშნავი ცოლი გყავს და იცი, რატომ? იმიტომ, რომ ამ ექვსი თვის განმავლობაში კარგად შეგისწავლე. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და მჯერა, ისეთ ჰარმონიას მივაღწევთ, ბევრ ცოლ-ქმარს შეშურდება.
- ანუ იმის თქმა გინდა, რომ შენ გვერდით არ მოვიწყენ? - ამჯერად სუსხიანმა ირონიამ გაიჟღერა მის ხმაში.
- ეჭვიც არ შეგეპაროს. მე იმდენი საინტერესო თემა მექნება, რომ თავს არასდროს მოგაბეზრებ. ასეთი დონის მეგობრობა შენისთანა ინტელექტუალს აუცილებლად მოხიბლავს.
- მოიცა, მოიცა, რაღაც კარგად ვერ გავიგე. შენ ინტელექტუალურ კავშირს მთავაზობ?
- დიახ. - დაეთანხმა ია, - მე თვალი ამეხილა და ვიცი, რომ არ გიყვარვარ. ისიც ვიცი, რომ არც ჩემი მხრიდან მოგეწონება გრძნობების გამჟღავნება. ამიტომ აქედანვე გარწმუნებ, რომ ჩემს სიყვარულს თავს არასდროს მოგახვევ. არც "მიყვარხარ" დამცდება არასდროს. სექსი კი… ეს შენს სურვილზე იქნება დამოკიდებული. ჰო? ჰო. არა? არა.
- აი, გაოცებაც ამას ჰქვია. სიტუაციის ასე შემობრუნებას არ მოველოდი. ოღონდ ერთი რამ მაინც გაუგებარი დარჩა. რატომ იფიქრე, რომ შენი გრძნობები გამაღიზიანებს? იქნებ მესიამოვნოს კიდევაც, თუკი ხშირად შემახსენებ, თუ როგორ გიყვარვარ?
- ასეთი დასკვნა გამოვიტანე, როცა ბიბლიოთეკაში ჩვენი შეხვედრა გამახსენდა.
- მაინც რა იფიქრე?
- მაშინ მეგონა, იმიტომ თქვი ჩემთან სექსზე უარი, რომ კეთილშობილი და გალანტური პიროვნება ხარ და სუსტი ქალის გრძნობებით არ ისარგებლე.
- აჰა… ესე იგი, მაშინ ჯენტლმენობა გამოვიჩინე?
- ასე იყო. ახლა სხვანაირი ახსნა მოვუძებნე ამას. ასე იმიტომ მოიქეცი, რომ არ გიყვარვარ.
- მდაა… გასაგებია…. - გუჯი ცდილობდა, ტუჩის კუთხეებში მიმალული ღიმილი არ გაჰქცეოდა, რათა იას დაცინვად არ მიეღო მისი გაღიმება, მაგრამ თავს ძლივს იკავებდა.
- არ ვიცი, რამდენად გამომივიდა ჩემი ჩანაფიქრის ჩამოყალიბება, ამიტომ კიდევ ერთხელ უფრო გასაგებად აგიხსნი. შეყვარებული კაცის როლის თამაში არ იყო საჭირო. თუ ჩემს წინადადებას მიიღებ, შენ შენსას მიაღწევ, ჩემს ოჯახზე შურს იძიებ და თან ისეთი ცოლი გეყოლება, რომელთანაც სულიერი ურთიერთობა გექნება. პირობა ვდებ, რომ ჩემი რომანტიკულობით თავს არ შეგაწყენ და კიდევ…
- აღარ ვიცი, რა გითხრა, ია. სრულიად მოულოდნელად ისეთი ბედნიერება დამატყდა თავს, - დაცინვით წარმოთქვა გუჯიმ და გაიღიმა.
- გარდა ამისა, ჩემს ფინანსურ ცოდნასაც გამოვიყენებ, თუკი რამეში დაგჭირდება.
მამაკაცს თვალებში ინტერესი გაუჩნდა.
- ეს მართლაც საინტერესო შემოთავაზებაა.
- რა თქმა უნდა, ამიტომ ნუ დამცინი. მართალია, შენ მდიდარი ხარ და ალბათ კარგი ბუღალტრებიც გყავს, მაგრამ უსიამოვნებისგან არც მდიდრები არიან დაზღვეული. საკმარისია რამდენიმე არასწორი გარიგება, ფულის არასწორი დაბანდება ან კაზინოში წაგება და ადამიანი შეიძლება სრულიად მოულოდნელად ნულზე დაჯდეს.
- მაგრამ თუკი შენ ჩემ გვერდით იქნები, ამ უბედურებებს ავცდები, არა?
- ჰო, გადაურჩები… იფიქრე ამაზე, - მის ცინიკურ ტონს სრული სერიოზულობით უპასუხა იამ.
- ესე იგი, რა გამოდის? შენზე დაქორწინება დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ფულს მომგებიანად დავაბანდებ?
- კარგია, რომ გაიგე, - ახლა ია გადავიდა ირონიაზე, - ჩემზე დაქორწინება შენ არნახულ მოგებას მოგიტანს. ამაში ძალიან მალე დარწმუნდები. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩემი წარსულის დავიწყებაც, მაგრამ შეიძლება საცხოვრებლად ისევ სოფელში დავრჩე. ის სახლი ხომ უკვე შენი იქნება. ასე რომ, თბილისში შენი ახლობლები და ნაცნობები ჩემს ამბავს ვერ გაიგებენ.
- რა შუაშია შენი ამბავი და წარსული? ეს სულაც არ მაღელვებს, არც მანამდე მაღელვებდა. ამიტომ გპირდები, თუკი მართლა დავქორწინდებით, ის სკანდალი საერთოდ აღარ იარსებებს. კარგი, მოვრჩეთ ამაზე საუბარს, ხვალ მივალ მამაშენთან და ამ საქმეს მოვაგვარებ.
- ანუ…
- ანუ ისე გავაკეთებ, როგორც შენ მირჩიე. ვფიქრობ, არც ერთი არ დავზარალდებით, -ორაზროვნად გაუღიმა მამაკაცმა გოგონას და ხელი გაუწოდა, რათა გაეცილებინა…
დიდი ხანია, სახლში ასეთი დაძაბული ატმოსფერო არ შექმნილა. არც გუშინ და არც მაშინ, სამი წლის წინ. ხმას არავინ იღებდა, ყველა დადუმებული გადი-გამოდიოდა ოთახიდან ოთახში, მაგრამ ირგვლივ ისეთი სამარისებური მდუმარება გაბატონებულიყო, იას ცივი ჟრუანტელი უვლიდა. როგორც ცა ემზადება საავდროდ, ისე ემზადებოდა რამაზი გუჯისთან შესახვედრად.
ია მხოლოდ იმაზე ლოცულობდა, ცოდვა არ დატრიალებულიყო მათ ოჯახში და ამ შეხვედრას მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.
გახდა ორი საათი და ჭიშკართან მანქანა გაჩერდა. იას გასაოცრად, მანქანიდან გუჯი, არჩილი და ნატო გადმოვიდნენ. გაოგნებულ გოგონას სახეზე ალმურმა აჰკრა. მთელი სხეული დაეჭიმა, როცა მანქანა დაინახა, მაგრამ მერე შვება იგრძნო. რადგან გუჯი მარტო არ იყო, ესე იგი, საგანგაშო არაფერი მოხდებოდა.
რამაზი თავაზიანად მიეგება შორეულ მეზობლებს, გუჯის კი მტრული მზერა შეავლო.
ნატო იას გადაეხვია და ლოყაზე აკოცა.
სიტუაცია მას მერეც არ განმუხტულა, როცა ყველანი მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ და ნატომ თავისი მომხიბვლელი ღიმილი ყველას სათითაოდ შეაფრქვია.
- გუშინ შეგპირდით, მოვალ-მეთქი და პირობა შევასრულე, - თქვა გუჯიმ და ჩაახველა, - იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემი მიზნები ალალი და გულწრფელია, აი, ეს ხალხი მოვიყვანე, - თქვა და ხელები გაშალა, - მათ ყოველი თქვენგანი კარგად იცნობს და ალბათ დარწმუნებული ხართ, რომ ცუდი განზრახვით რომ მოვსულიყავი, არ წამომყვებოდნენ… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე იას ხელის სათხოვნელად მოვედი. მისი ცოლად შერთვა მინდა. არ მაინტერესებს, რა გადახდა წარსულში, ვინ რა ილაპარაკა მასზე, ვინ როგორ გაჭორა. ასეთი რამეები ჩემზე არ მოქმედებს. მე ევროპა მაქვს შემოვლილი, რუსეთში გაზრდილი კაცი ვარ და ასეთი რამეები არ მიკვირს. შეცდომა ყველას მოსვლია. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ერთ შეცდომას იამ მეორე მოაყოლა. მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი მისი ბუნება, ვიცი მისი შინაგანი `მე~ და მენტალიტეტი. ამიტომ მომწონს ისეთი, როგორიც არის. ამიტომ მინდა ისეთი, როგორიც არის. იმედია, ცოლად გამომყვება და არც თქვენ მეტყვით უარს.
- და უარის შემთხვევაში? - გამჭოლად გახედა რამაზმა.
- უარის შემთხვევაში ავდგებით და წავალთ. - მშვიდად მიუგო გუჯიმ, - აქ არც დასამუქრებლად მოვსულვართ და არც არავის დასაშანტაჟებლად. მე ქალის ხელის სათხოვნელად მოვედი მხოლოდ.
მამას და ძმებს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, გაშრნენ. საქმის ასეთ შემობრუნებას არ ელოდნენ.
რამაზმა არ იცოდა, საიდან დაეწყო.
- მე… ისა… დავიჯერო, სამაგიეროდ არაფერს ითხოვ?
- ბატონო რამაზ, ვიცი, რა ეჭვებიც გღრღნით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ოცდამეერთე საუკუნეა. რა დროს შურისძიებაზეა საუბარი. ჩვენ მოსისხლე მტრები არასდროს ვყოფილვართ. მამაჩემის გამო თქვენთვის საქმე არავის გაურჩევია და არც სახლში მოგვარდნიათ არავინ.
- მაგრამ მახსოვს, ერთხელ შემომითვალე…
- ეს იყო ერთხელ და თანაც წლების წინ. მაშინ ძალზე ახალგაზრდა ვიყავი და თავში მიქროდა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ საბოლოოდ ყველაფერი იას გაცნობის შემდეგ დალაგდა. ჩემი მიზნები ამჯერად ყოველგვარ ანგარებასაა მოკლებული.
- და არც ეს სახლი გინდათ?
- ეს უკვე თქვენს სინდისზე იყოს. კარგად მოგეხსენებათ, არც სახლი მაკლია და არც კარი. ბინა თბილისშიც მაქვს და მოსკოვშიც. აგარაკიც მაქვს და საკარმიდამო ნაკვეთიც. ასე რომ, არაფერი მჭირდება, თუმცა ამ სახლს იას თუ აჩუქებთ, მადლობელი დაგრჩებით. მე ჩემი ბავშვობა აქ გავატარე და ბევრი რამ მაკავშირებს აქაურობასთან. თუ ასე არ გააკეთებთ, არც ეგ შექმნის პრობლემას. ბოლოს და ბოლოს, ზაფხულობით ჩამოვალთ მე და ია და ცოტა ხნით მაინც დავისვენებთ აქ. მეც თუ თქვენი ოჯახის წევრი გავხდები, აქ მოსვლის უფლებაც მექნება და დასვენებისაც. ჩემი სათქმელი ესაა. თუ თანახმა ხართ, აგერ ვართ ჩვენ და აგერ ხართ თქვენ. დავნიშნოთ ქორწილის დღე და მშვიდობიანად დავშორდეთ ერთმანეთს.
გუჯიმ სათქმელი დაამთავრა და იას ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა. რამაზი შეიშმუშნა და სალაპარაკოდ მოემზადა, მაგრამ არჩილმა დაასწრო:
- დამიჯერეთ, ბატონო რამაზ, ყველაფერი მართლა ისეა, როგორც გუჯიმ წეღან თქვა. წუხელ მთელი ღამე საუბარში გავათენეთ. ისე ნერვიულობდა, წამიც არ უძინია. თქვენ ხომ მიცნობთ, როგორი ადამიანი ვარ. რაღაც ჩახლართული ინტრიგების გამო ჩემს მეგობარს და ნათესავს ასეთ დროს გვერდით ნამდვილად ვერ დავუდგებოდი. სხვა თუ არაფერი, ნატოც გარეულია ამ ამბავში. როგორ გგონიათ, გუჯის რომ ცუდი განზრახვა ჰქონდეს, ჩვენ ავყვებოდით? მერე თავი როგორღა გამოვყოთ სოფელში?
ნატომ ფართოდ გაიღიმა, ჩანთა გახსნა და იქიდან ხავერდგადაკრული პატარა წითელი ყუთი ამოიღო.
- იმის ნიშნად, რომ კეთილი ზრახვებით მოვედით, ეს ბეჭედი მოვიტანეთ იას დასანიშნად. მე ისე მიყვარს ია და ისე მიხარია ეს ამბავი, რომ ჭკუაზე არ ვარ. ეს გოგო მართლა იმსახურებს ბედნიერებას. გუჯის ხელში კი, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად ბედნიერი იქნება. ცხოვრებაში არაფერი დააკლდება. თანაც, დავნათესავდებით, რაც ყველაზე მეტად მიხარია, - მხიარულად განაცხადა ნატომ და ყუთს თავსახური ახადა.
ბრილიანტისთვლიანმა ბეჭედმა გაიბრწყინა. იას ღაწვები აფორაჯებოდა. აღელვებულს ლამაზი მკერდი მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა. თითები ერთმანეთში გადაეხლართა და ხან მამას მიაჩერდებოდა, ხან იას, ხან გუჯის და ხანაც ძმებს, რომლებიც თავჩაქინდრული ისხდნენ და ამ საუბარში არ მონაწილეობდნენ.
რამაზმა ხელი კისერზე გადაისვა, თავი ჯერ მარჯვნივ მიატრიალა, მერე მარცხნივ, თითქოს კისრის ვარჯიშს იტარებსო. მერე იას შეხედა და ყრუდ წარმოთქვა:
- ნატო, შენ კი იცი ჩვენი ოჯახის ამბავი. იცი, იას რაც გადახდა. მეორედ ასეთ სირცხვილს ვერ გადავიტანთ, ყველანი შევეწირებით. გარდა ამისა, თუ ეს ვაჟბატონი იმიტომ ირთავს ჩემს გოგოს, რომ მე სამაგიერო გადამიხადოს, არ შევარჩენ. მეყო, ერთხელ რომ გადავყლაპე. თანაც, ია არაფერ შუაშია, მისი გამოყენება შურისძიებისთვის უბრალოდ, არაკაცური საქციელი იქნება და მეტი არაფერი. ის გაჩენილიც არ იყო იმ დროს, როცა ეს უბედურება დატრიალდა, ამიტომ, თუ სამაგიეროს გადახდა გინდა, გუჯი, პირადად ჩემზე იძიე შური და ეგ იქნება. ამ გოგოს კი გულს ნუ ატკენ.
გუჯის რამაზის ნათქვამზე პასუხი არ გაუცია, ნელა წამოდგა, მაგიდას შემოუარა, იას მიუახლოვდა, კოლოფიდან ბეჭედი ამოიღო და გოგონას მარჯვენა ხელის არათითზე ჩამოაცვა. ბრილიანტის თვალმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა.
- მე ჩემი სათქმელი ვთქვი, გამეორებას მიჩვეული არ ვარ, - მტკიცე ხმით განაცხადა მამაკაცმა და თავის რჩეულს შუბლზე აკოცა.
როცა გუჯი თავის ადგილს დაუბრუნდა, არჩილს თვალით რაღაც ანიშნა. არჩილმა არ დააყოვნა და ღიმილით განაცხადა:
- ის დროა, ქორწილის დღე დავნიშნოთ. გილოცავთ, ჩემო კარგებო! თქვენ უკვე დანიშნულები ხართ!
მის სიტყვებზე აღფრთოვანება არავის გამოუხატავს. რამაზს, ზურას და დათოს ჯერ კიდევ არ სჯეროდათ, რომ გუჯის გადაწყვეტილებაში რამე ქვენა გრძნობები არ იყო ჩადებული. ასე ადვილად თუ გადაწყდებოდა ეს საკითხი, არ მოელოდნენ. არადა, შემზადებულები იყვნენ, ეგონათ, აუცილებლად შეხლა-შემოხლით დამთავრდებოდა შეხვედრა. გულს თავიდანვე იმით იმაგრებდნენ, რომ სამი მამაკაცი ერთს როგორმე მოერეოდა, მაგრამ შედეგზე იმწუთას არც ერთს არ უფიქრია.
სამაგიეროდ, ყველას ნაცვლად ამაზე გუჯიმ იფიქრა…
სანდრო არაბული იშვიათად დადიოდა იმ კლუბებში, რომლებსაც გუჯი მაღლაფერიძე სტუმრობდა. გუჯი დიდად არ იყო ღამის ცხოვრების მოტრფიალე, არც კაზინოებს ლაშქრავდა, ასეთი სისულელეებისთვის ფულს არ ხარჯავდა, მაგრამ ღამის კლუბებს მაინც სტუმრობდა ხანდახან. გუჯის არ გასჭირვებია იმ კლუბის მოძებნა, სადაც სანდრო ერთობოდა. მას ბევრი ნაცნობი ჰყავდა თბილისში და ადვილად გაიგო, სად დადიოდა არაბული გასართობად.
მიაგნო კიდევაც. ეს კლუბი იმდენად არ იყო, რამდენადაც სათამაშო დარბაზი. რა თქმა უნდა, არალიცენზირებული და პოეტთა კლუბის სახელს ამოფარებული.
ცნობილი პოეტი სავარძელზე უდარდელად გაწოლილიყო და ბანქოს თამაშობდა.
გუჯი მისჩერებოდა მამაკაცს და უკვირდა, ისეთი დახვეწილი გემოვნების გოგონას, როგორიც ია იყო, როგორ შეიძლებოდა სანდროსნაირი მოსწონებოდა. გუჯი მოშორებით მაგიდას მიუჯდა და კოქტეილი შეუკვეთა, თან თვალს არ აშორებდა მოთამაშეს. იგი სწორედ თამაშის დამთავრებას ელოდებოდა.
ამასობაში შუაღამე მოახლოვდა, თორმეტს ისარი კარგა ხანია, გადასცდა. სანდრომაც ბოლო თანხა წააგო და ზმორებით წამოდგა. ნირწამხდარი არ ჩანდა, ალბათ არც ისე ბევრი ფული ედო ჯიბეში, რახან წაგებამ გუნება არ გაუფუჭა. ან კი საიდან უნდა ჰქონოდა თავქარიან პოეტს იმდენი ფული, რომ წაგებით გამოწვეული სინანული ეგრძნო?
არაბული თავის თანამეინახეებთან ერთად დარბაზიდან გავიდა. გუჯი უკან მიჰყვა.
ისინი "მერსედესით" იყვნენ. სანდრომ უკანა სალონის კარი გამოაღო და ჩაჯდა. მისი თანმხლებიც აპირებდა მის გვერდით მოკალათებას, რომ გუჯი მიუახლოვდა და მხარზე ხელი შეახო. კაცი შემობრუნდა და მაღლაფერიძეს გაოცებული შეაჩერდა. გუჯიმ იცნო იგი -შულერი გოგი ასათიანი უკვე ასაკში შესულიყო, თმა კიდევაც შესთხელებოდა და კიდევაც გაჭაღარავებოდა.
გაოცებულმა გოგიმ შუბლი შეიჭმუხნა და დაუპატიჟებელი სტუმარი მოქუფრულად შეათვალიერა.
- უკაცრავად? ჩემთან ხართ? - "რაღაც ვერ გიცანი" ტონით შეეკითხა მამაკაცი გუჯის. მის ოდესღაც ლამაზ სახეზე უსიამოვნო გრიმასამ გადაირბინა.
- პატივცემულ სანდროს ორიოდე სიტყვა უნდა ვუთხრა. იმდი მაქვს, ამის საშუალებას მომცემთ, - მიუგო გუჯიმ და ასათიანი გვერდით თავაზიანად გასწია.
გოგიმ უკან დაიხია.
გუჯი მანქანაში ჩაჯდა და კარი მოკეტა.
ახლა სანდრო მიაჩერდა გაოცებული:
- თქვენ გუჯი მაღლაფერიძე არ ხართ? რა ხდება?
- კი ბატონო, მე ვარ, გამოიცანით, - სარკასტული გაღიმებით დაუდასტურა გუჯიმ, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და დაამატა: - წავედით.
- სად? - სანდროს ვერაფერი გაეგო, მაგრამ მანქანა მისდა უნებურად, მაინც დაქოქა.
- სადმე. სალაპარაკო გვაქვს.
"მერსედესი" დაიძრა და პროსპექტს დაუყვა. უკვე ძალზე გვიან იყო, ქუჩაში მანქანები კანტიკუნტად დადიოდნენ. გუჯის აღარ გაუჭიანურებია, მაშინვე ალაპარაკდა:
- დიდხანს არ დაგაყოვნებთ. გოგის ჩემ მაგივრად ბოდიში მოუხადეთ, გზაზე რომ დავტოვეთ, თუმცა შეგიძლიათ დაურეკოთ და უთხრათ, რომ ათ წუთში მიბრუნდებით და დაგელოდოთ.
სანდრომ მობილური მოიმარჯვა და დარეკა.
როცა საუბარს მორჩა, გუჯის გვერდულად გახედა.
- საით მივდივართ?
- მთაწმინდაზე ამიყვანეთ. მე იქ ვცხოვრობ.
არაბულმა მოწყვეტით დაამუხრუჭა მანქანა. ბორბლების ღრჭიალმა ღამის სიჩუმე გააპო.
- ვერ გავიგე, მე რა, თქვენი პირადი მძღოლი ვარ?
- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ სახლში მაინც მოგიწევთ ჩემი მიყვანა. გზაში კი ერთ საკითხზე ვისაუბრებთ და ვფიქრობ, შევთანხმდებით.
სანდრომ კვლავ დაქოქა მანქანა და ნელი სვლით დაიძრა.
- რა გვაქვს სალაპარაკო და შესათანხმებელი? მგონი, ჩვენ ისე ახლოს არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ რამე საერთო გაგვაჩნდეს.
- რამე არა… ვინმე.
- ვახ… ახლა კიდევ უფრო დამაბნიეთ.
- ნუ დაიბნევით, - ირონიულად დაარიგა გუჯიმ, - მშვიდად მიჰყევით გზას და მომისმინეთ. მე დაქორწინებას ვაპირებ. თქვენ, რა თქმა უნდა, ეს არ გეცოდინებათ.
სანდრო დაიძაბა:
- სხვათა შორის, გავიგე.
- ოჰო… თურმე რა ჩქარა ვრცელდება ახალი ამბები. თუ ასეა, ისიც გეცოდინებათ, ვის ვირთავ.
- რა თქმა უნდა. იას კარგა ხანია, ვიცნობ. - მამაკაცი უფრო და უფრო იძაბებოდა. ვერ მიმხვდარიყო, მაღლაფერიძის დაქორწინებასთან მას რა კავშირი უნდა ჰქონოდა.
- ალბათ, გაინტერესებთ, რატომ მოვედი თქვენთან, არა? - შეეკითხა გუჯი და პასუხს არ დალოდებია, ისე გააგრძელა, - როგორც ვიცი, თქვენ და ჩემს მომავალ მეუღლეს ამ სამიოდე წლის წინ რაღაც ამბავი გადაგხდათ.
გაგრძელება იხილეთ აქვე
დტოვეთ კლასი

777        შურისძიების ზღვარზე  - 913263477193

Комментарии