777 სიცოცხლემისჯილი

თავი 16 - 17 - 18
მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
განცხადება შეწყალების თხოვნის შესახებ
ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ რა თხოვნით, მოგახსენებთ, რომ გასამართლებული ვარ ს.ს. კოდექსის 104-ე მუხლით (ახალი რედაქცია - 109), იმ დანაშულისთვის, რომელიც მე არ ჩამიდენია. დაკავებული ვარ 1995 წლის 29 დეკემბერს და დღემდე სასჯელს ვიხდი. საერთოდ, ბოლო დროს დამკვიდრებული მოსაზრების შესაბამისად, შეწყალებას ითხოვს ის პატიმარი, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ მე ე.წ. "სამართალდამცავების" უსამართლობის მსხვერპლი ვარ. 1996 წელს, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე
იყავით, მოგმართეთ თხოვნით და თქვენ ძალზე გულისხმიერად მოეკიდეთ ჩემს განცხადებას. დაავალეთ გენერალურ პროკურორს, ჩემს საქმეზე დანიშნულიყო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და დაეკითხათ ალიბის მოწმეები, რაც საშუალებას მოგვცემდა, უამრავ კითხვაზე გაცემულიყო პასუხი. აღნიშნულ წერილზე მხოლოდ 2002 წელს (6 წლის შემდეგ) მიპასუხეს. პასუხი თავდაპირველად, დადებითი იყო და ბატონმა გია მეფარიშვილმა მაშინ ჩემს საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. შემდეგ კვლავ ამუშავდა კლანური, მაფიოზური მანქანა და გენერალურ პროკურორს გადაათქმევინეს მისივე წინამორბედის გადაწყვეტილება. ძიება შეწყდა.
კერესელიძე, ჟღენტი, წერეთელი, ჯიმი ყიფიანი, ნუგზარ გაბრიჩიძე, როლანდ გილიგაშვილი - აი, იმ თანამდებობის პირთა სია, ვის პირად ინტერესებსაც შეეწირა ჩემი ახალგაზრდობა, ოჯახი, მამაშვილური სიყვარული. მხოლოდ მოხუცი დედაღა შემორმჩა გულშემატკივრად და მე, ყველასგან მივიწყებული პატიმარი ველი სამართლის აღსრულებას. ცხადია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებს ვერანაირად ვერ გავუწევდი წინააღმდეგობას.
გაცნობებთ, რომ ჩემი საქმე დაკავების მომენტიდან წარიმართა პროცესუალური დარღვევებით. ჩემი აღიარებით ჩვენება მიიღეს წამების საფუძველზე, რომელსაც ახორციელებდნენ მცხეთა-მთიანეთის მაშინდელი სამხარეო პროკურორის მოადგილის, ჭინჭარაულის დამქაშები. წამებაში მონაწილე პოლიციელები დაისაჯნენ შ.ს. მინისტრის ბრძანებით. გამოძიებამ და სასამართლომ ყურად არ იღეს მაშინდელი სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ჩვენება, მკვლელობის დღეს ჩემი სამსახურში ყოფნის შესახებ, 25 ალიბის მოწმის (ჩემთვის სრულიად უცხო ხალხის) დაკითხვისას მიღებული ახსნა-განმარტებები და ძიების მთავარი მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი და აშკარად ყალბი მონაჩმახი საფუძვლად დაედო ძველი ხელისუფლების ზეწოლით გამოტანილ განაჩენს. ამ განაჩენმა 15 წლით თავისუფლება წამართვა 22 წლის, სრულიად უდანაშაულო ბიჭს და 2 შვილის მამას.
ერთი წუთითაც კი არ შემიწყვეტია ბრძოლა სიმართლის დასადგენად. წლიდან წლამდე ველოდი დადგენილებებს, ძიების შედეგებს და ვინ მოთვლის, რამდენი ინსტანციიდან პასუხებს ჩემს განცხადებებზე. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ჩემს სასარგებლოდ მეტყველებდა, მაგრამ სამართალი ჯერჯერობით ვერ ვიპოვე.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემი ეჭვები, რომ წინასწარ განწირული ვიყავი, სრულიად დადასტურდა. ეს ძალზე მძიმედ გადავიტანე. გამომძიებელი, რომელიც აწარმოებდა ძიებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (2002 წელს), დღეს ჩემნაირი პატიმარია. აქედან გამომდინარე, მომეცა მასთან გულახდილი საუბრის საშუალება. მან თითქოს აღსარება ჩამაბარა. "აღიარა", თუ როგორ შევიდა შუამდგომლობით, საგამოძიებო ვადის გასაგრძელებლად გენერალურ პროკურატურაში და იქ გამართულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ - თ. მახარაძე, ჟღენტი, ვ. ბენიძე, ნუგზარ ჭინჭარაული, შ. გოგოლიძე, საბაური, კერესელიძე, როგორ გადაწყდა ჩემს თავს დატრიალებული უბედურების გაგრძელების საკითხი. მისთვის ნახევრად ხუმრობით უთქვამთ - საქართველოს ბიუჯეტის ნახევარი არ ეყოფა იმ კომპენსაციას, რაც უანაშაულო ჩუთლაშვილს უნდა გადავუხადოთო. თან გააჩუმეს: შენ არავინ გეკითხება ძიების გაგრძელებასო. რევოლუციის შემდეგ დანიშნულ გენერალურ პროკურორს, ი. ოქრუაშვილს გადაათქმევინეს საქმის ხელახალი წარმოება, რასაც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ითვალისწინებდა. ეს გამოიწვევდა ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას, რასაც უპირობო გათავისუფლება მოჰყვებოდა. ცნობილი გახდა ისიც, თუ როგორ ცდილობდა ნ. ჭინჭარაული, ძველი კავშირების გამოყენებით ზეგავლენა მოეხდინა ძიების პროცესზე და ცდილობდა, რომ არ დაკითხულიყვნენ ალიბის მოწმეები. მაღალჩინოსანი თ. მახარაძე ურეკავდა გამომძიებელს როლანდ გილიგაშვილის დავალებით და მბრძანებლური ტონით სთხოვდა გილიგაშვილის მიერ დამტკიცებული საბრალდებო დასკვნის ძალაში დატოვებას. ეს ყოველივე მცირედი ნაწილია იმ უამრავი სამხილისა, რომელიც ჩემს სასარგებლოდ მეტყველებს სისხლის სამართლისა თუ უსამართლობის საქმეში.
ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩემი საქმე, როგორც იტყვიან, თეთრი ძაფით არის ნაკერი. არავითარი კომპენსაცია არ მინდა, მხოლოდ სიმართლის დადგენას ვითხოვ, რაც ოჯახში დაბრუნების საშუალებას მომცემს.
2005 წელს, დედაჩემმა გენერალური პროკურატურიდან სახლში მიიღო უწყება და იქ მისულს გენ. პროკურორის მოადგილე, ჯანაშია შეეგება: - ქალბატონო, ჩვენ ყველაფერი ვიცით და თუ ზაზა პრეზიდენტის სახელზე შეწყალებას დაწერს, მე თვითონ ვუშუამდგომლებ. იქნებ, ამ გზით მაინც მოახერხოს შინ დაბრუნებაო. - სამწუხაროდ, ის მალე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და დაპირება დაპირებად დარჩა. 2006 წელს კი მივიღე საბოლოო უარი ძიების განახლებაზე.
12 წელია, ჩემი შვილები მამის გარეშე იზრდებიან. მხოლოდ გისოსებიდან ვხედავდი, როგორ აიდგეს ფეხი და ისწავლეს ლაპარაკი. მერე მოკლევადიან პაემნებზე ვხვდებოდი და ძლივს ვასწრებდი მათ მოსიყვარულებას. 2002 წელს კი მეორე, ჩემს დაკავებაზე არანაკლები ტრაგედია დატრიალდა ჩემს თავს. ვინაიდან ჩემმა პატიმრობამ ოჯახს დამაშორა, მეუღლემ მარტოობას ვერ გაუძლო და გათხოვდა. არც კი ვიცი, რომელი უფრო დიდი ტკივილი იყო ჩემთვის - უდანაშაულოდ თავისუფლების აღკვეთა თუ ოჯახის დანგრევა. მხოლოდ დედამ და შვილებმა არ მიმატოვეს. მათ დღემდე აქვთ იმედი, რომ ყველაფერი გაირკვევა და ერთად ვიქნებით. ეს "მალე" კი წლებია, გრძელდება. ჩემი შვილები უკვე 12-13 წლისანი არიან და ძალიან ვდარდობ, რომ მათ ჩემი ყურადღება აკლიათ. მათ გვერდით მამა სჭირდებათ. სკოლებში დღეს ძალზე გაურკვეველი სიტუაციაა და მეშინია, გზას არ ასცდნენ. მე ჩემს თავს აღარ ვჩივი, შვილების მომავალი მაღელვებს. თუ აქამდე მცირეწლოვნები იყვნენ და უმამობას მძაფრად ვერ აღიქვამდნენ, ახლა უკვე დიდები არიან და ძალიან განიცდიან მომხდარს. ჩემს გათავისუფლებამდე დღეებს ითვლიან. კალენდრებს აგროვებენ და ყოველი კვირის გასვლის შემდეგ მას გადახაზავენ ხოლმე.
როდესაც თქვენ იუსტიციის მინისტრი იყავით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნები გახანგრძლივდა, რაც ერთგვარი შვება იყო ჩემთვის. უფრო ხშირად და ხანგრძლივად ვახერხებდი ოჯახთან შეხვედრას. ახლა კი მხოლოდ თვეში ერთხელ ვხვდები მათ, ისიც 1 საათით. ეს კი არ არის საკმარისი იმ სითბოს გამოსახატავად, რასაც მე ვგრძნობ. თუმცა, ჩემი ბედი ალბათ ეს არის და განსაცდელს უნდა გავუძლო. ღვთის წყალობით ჯანმრთელობა ჯერჯერობით ხელს მიწყობს და ეკლესიაში ლოცვასაც ვახერხებ, სულის სიმშვიდისთვის. შვილები დღემდე თვალცრემლიანები მხვდებიან. რატომ? მე ხომ დანაშაული არ ჩამიდენია?
პატიმრობის 12 წლის მანძილზე 1 დარღვევაც არ მქონია. სამეურნეო მომსახურებაში ყოფნის დროს დავიმსახურე 9 მადლობა. სასჯელი¾ 2007 წლის მარტში მოვიხადე. ახლა ველი პირობით ვადამდე გათავისუფლებას. თუმცა, თავისუფლებაზე დაბრუნების ეს კანონიერი საშუალება ჩემთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. არადა, კანონი მაძლევს იმის საშუალებას, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის სასამართლოს წინაშე წარვდგე. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დადებითად ვხასიათდები. ყველას, ციხისა თუ საპყრობილის თანამშრომელს ჩემი უდანაშაულობის სჯერა და მეგობრული თვალით მიყურებენ. სიტყვიერად მამხნევებენ და განსაცდელის გადატანაში მეხმარებიან, მაგრამ ჩემთვის შვება მხოლოდ ოჯახში დაბრუნებაა.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველი რეჟიმის დროს არცთუ იშვიათად იხდიდნენ სასჯელს უდანაშაულო ადამიანები. ასევე თქვენი მეოხებით ბევრი მათგანი გათავისუფლდა და რეაბილიტირებულია. მართალია, ჩემი საქმე არ გახლავთ პოლიტიკური ხასიათის, მაგრამ გარწმუნებთ, თუ ნებისმიერი იურისტი საქმეში ჩაიხედავს და გულდასმით შეისწავლის ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილ ბრალდებებს, ჩემს უდანაშაულობაში დარწმუნდება. იქ ნახავს უამრავ კითხვას, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია. ახლა, თქვენი პრეზიდენტობის დროს, როგორც იქნა, საქართველო დაადგა ევროპული ცივილიზაცისკენ მიმავალ გზას. თქვენი ახალგაზრდული ენერგია იძლევა იმის საშუალებას, რომ 24 საათის განმავლობაში ქვეყნის სისხლხორცეული ინტერესებისთვის იზრუნოთ სხვადასხვა სფეროში. ყველა გრძნობს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები თქვენთვის პრიორიტეტულია. ბატონო მიხეილ, მე მართლაც არ ვარ რიგითი დამნაშავე. ჩემს შემთხვევაში სამართალდამცავი სისტემის იმ ხარვეზთან გვაქვს საქმე, როდესაც შეიძლება, რომ უდანაშაულო ადამიანი სასჯელს იხდიდეს. ანალოგიური შემთხვევები შესაძლოა, დემოკრატიის პიკზე მყოფი ქვეყნებისთვისაც არ არის უცხო. თუმცა, სამართლიანობის აღდგენის იმედი ყოველთვის არსებობს.
ვიცი, რომ ძალზე მოუცლელი ხართ. გთხოვთ, გამოძებნოთ რამდენიმე წუთი და დაინტერესდეთ ჩემი, როგორც უბრალო ადამიანის და მოქალაქის მდგომარეობით. მე ხომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, რომლის პრეზიდენტიც თქვენ ხართ. მე არ გთხოვთ არარეალურს. არ გთხოვთ უკანონო გამართლებას ან ისეთი სახის სამართლებრივი ქმედების განხორციელებას, რაც თქვენს კომპეტენციაში არ შედის. გთხოვთ მხოლოდ შეწყალებას და გათავისუფლებას.
ბატონო პრეზიდენტო!
ბატონო მიხეილ!
გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოაღნიშნული და გამოიყენოთ თქვენთვის კონსტიტუციით, კანონითა და ღვთისგან ბოძებული შეწყალების უფლება. გამათავისუფლეთ სასჯელის მოუხდელი ნაწილისგან, რითაც სამართლიანობას აღადგენთ და საშუალებას მომცემთ, დავუბრუნდე ოჯახს, მონაწილეობა მივიღო შვილების აღზრდაში და მოხუცმა მშობლებმა მშვიდად განაგრძო ცხოვრება.
გამოჩენილი გულისხმიერებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით, ზაზა ჩუთლაშვილი.
25.05.2007.
ახლა კი - ამბის გაგრძელება
რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემს საქმეში ახალი ადვოკატი ჩაერთო, რომელიც ერთ-ერთი მოკლულის მოგვარე იყო. ის თავისი სურვილით დაუკავშირდა ნანას და საქმე შეისწავლა. 1999 წლის დასაწყისში პარლამენტმა ცვლილება შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რამაც საშუალება მომცა, განაჩენი გამესაჩივრებინა და საქმის ხელახალი ძიება მომეთხოვა, ახალაღმოჩენილ გარემოებათა გამო. კოტე ხშირად მოდიოდა, ყველაფერს დაწვრილებით მეკითხებოდა, ალიბის მოწმეები ხელახლა დაჰკითხა. ამის შემდეგ შეიტანა საჩივარი პროკურატურაში. ამასობაში 4 წელი გავიდა და საპყრობილეში ყოფნის ვადა მიიწურა. პატიმრები ამბოდნენ, რომ XXI საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ამნისტია გამოსულიყო. მაშინ იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. ერთხელ ალიაქოთი ატყდა, მინისტრი მოდისო. ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა, რომ ყველაფერი დაწვრილებით მომეყოლა, მაგრამ მასთან არ მიმიშვეს.
ვიდრე "კრიტიდან" კოლონიაში გადამიყვანდნენ, რამდენიმე დღით ადრე, ჩვენი საკნის კარი გაიღო და ციხის ზედამხედველი რამდენიმე ადამიანს საკანში შემოუძღვა. უცნობი ადამიანები გვაკვირდებოდნენ. მათ შორის რამდენიმე ქალი იყო. ზოგიერთმა ჩვენთან გასაუბრება მოინდომა. ამ დროს ერთი ქალი უეცრად ჩაიკეცა და იატაკზე მოადინა ბრაგვანი. გულწასული ძლივს მოვასულიერეთ და "ნარზე" დავსვით. ფერი მთლად დაჰკარგოდა და ძლივს სუნთქავდა. ცოტა ხანში ციხის ექიმიც შემოვარდა ქოშინით - ჰაერი არ მყოფნისო, ძლივს ამოილუღლუღა ქალმა. სასწრაფოდ გარეთ გაიყვანეს. მას დანარჩენებიც მიჰყვნენ. ცოტა ხნის შემდგე, მორიგეს დავუძახეთ. "კარმუშკიდან" შეგვეხმიანა.
- ვინ იყვნენ? - ჰკითხა ერთ-ერთმა პატიმარმა.
- მიშა სააკაშვილის დავალებით მოსამართლეები "ჩორნი ვორონში" ჩასხეს და აქ მოიყვანეს, რომ ენახათ, როგორი პირობებისთვის სწირავე პატიმრებს. მიხვდნენ, რა გაუსაძლისი პირობებია აქ და მაქსიმუმს რომ უსჯიან პატიმრებს, ცოტა ჰუმანური განაჩენი რომ გამოიტანონ - აგვისხნა მორიგემ.
- ვაა, უყურე შენ! - გაიკვირვა ერთმა. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ იუსტიციის მინისტრი მოსამართლეებისგან ითხოვდეს, ჰუმანურები იყავით და სასჯელის მაქსიმუმი არ გამოიტანოთო. მაშ, გამოდის, თუ რაიმე დანაშაულისთვის 2-დან 7 წლამდე პატიმრობა გემუქრება, მოსამართლემ 2 წელი უნდა გამოიტანოს... ეს რაღაც სიახლეა, არა? - მომიბრუნდა, მე მხრები ავიჩეჩე.
რამდენიმე დღის შემდეგ "კრიტიდან" ციხეზე, სამეურნეო სამსახურში გადამიყვანეს. ეს გამიხარდა კიდეც, რადგან ჩვენი, ყოფილი სამართალდამცავების ზონა მაშინ ხობში იყო და იქ დედას და ნინოს ისე ხშირვად ვეღარ ვნახავდი. თუმცა, ნინო ამ ბოლო დროს ისე ხშირად ვეღარ მოდიოდა. თავიდან კვირაში ერთხელ აუცილებლად მოდიოდა, მერე 2 კვირაში ერთხელ, მერე – თვეში ერთხელ თუ მოახერხებდა შემოვლას. ახლა კი უფრო იშვიათად მნახულობდა. ამის გამო უკმაყოფილებას გამოვთქვამდი, რა თქმა უნდა, მაგრამ მიზეზი ის იყო, რომ ბავშვები წამოიზარდნენ, ბევრი საქმე ჰქონდა და ვეღარ ახერხებდა ძველებურად ხშირად მოსვლას. გულში ძალიან ვბრაზობდი, მაგრამ ხმამაღლა ნინოს არაფერს ვეუბნებოდი, მისთვის გულის ტკენას ვერიდებოდი.
ერთხელ დილით წერილი გადმომცეს და თან მითხრეს, პასუხს ელიანო. მეგონა, დედაჩემის გამოგზავნილი იყო, მაგრამ შევცდი. ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი, თუნდაც ნახევარი საათით. პასუხი მივწერე და პაემანი მეორე დღეს დავუნიშნე.
სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ვღელავდი. უკვე დიდი ხანი იყო, ირინა არ მენახა - რაც დავქორწინდი, მას მერე. გამახსენდა ის დრო, როდესაც შეყვარებულები ვიყავით. ძალიან ლამაზი ურთიერთობა გვქონდა. ძალიანაც რომ მომეწადინებინა, ერთ შემთხვევასაც ვერ გავიხსენებდი, რომ მას ჩემთვის გული ეტკინოს. დილიდანვე დავიწყე შეხვედრისთვის მზადება. პირი გავიპარსე, ტანისამოსი საგანგებოდ შევარჩიე და ოთახში მოუსვენრად სიარული დავიწყე. როგორც იქნა, მორიგემ დაიძახა, ჩუთლაშვილო, პაემანზე გეძახიანო. პაემნებისთვის საკმაოდ მოზრდილი ოთახია გამოყოფილი, სადაც მაგიდები და სკამები დგას. იქ ყველა პატიმარი და მნახველი ერთად იყრის თავს. მისხდებიან კუთხეში და საუბრობენ. ოთახში რომ შევედი, კუთხეში მჯდარი ირინა მაშინვე დავინახე. გულში რაღაცნაირად, სითბო ჩამეღვარა. დამინახა თუ არა, წამოდგა და ერთმანეთს გადავეხვიეთ.
- ზაზა, როგორ მომენატრე, ბიჭო - ჩამჩურჩულა და მისმა ცხელმა სუნთქვამ დენივით დამიარა ტანში.
17
თქვენო უწმინდესობავ!
ვიმყოფები რა პატიმრობაში, თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მომეცა შესაძლებლობა, მოგმართოთ და აზრი გამოვთქვა ჩემი სამშობლოს მომავლის თაობაზე, თუ როგორ მესახება მე ის, როგორც პატიმარს და როგორც მოქალაქეს. საფიქრალი დრო ბევრი მაქვს. უკვე თითქმის 12 წელია, თავისუფლების აღკვეთის ადგილზე ვიმყოფები და მეხება პირობითი ვადამდე ადრე გათავისუფლება.
გასამართლებული ვარ განზრახ მკვლელობის ბრალდებით. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. მე სასტიკი რეჟიმის მსხვერპლი ვარ.
დღეს საზოგადოება რწმენის დეფიციტს განიცდის, რაც არამარტო გარდასული საბჭოთა
პერიოდის წეს-წყობილების შედეგია. მომრავლდა რელიგიური სექტები, რომლებიც დემაგოგიური მეთოდებით ცდილობენ საზოგადოების წევრების გადაბირებას. რატომ ირჯებიან ისინი ასე დაუღალავად?
სამწუხაროდ, დღეს ვითომ გაზრდილი ხელფასები არ იძლევა ნორმალური არსებობისა და სათანადო პირობების შექმნის საშუალებას. ხელფასმა მოიმატა, მაგრამ ორჯერ გაიზარდა ფასები პროდუქტებსა თუ საწვავზე. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ დაუცველია. განადგურებულია ბევრი სფერო. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საბჭოთა პერიოდში ყვველაფერი მუშაობდა და დღეს ყველაფერი გაჩერებულია. უნდა შეიცვალოს მიდგომა ყველა საკითხისადმი. თუ ეკონომიკურად ძლიერნი არ ვიქნებით, კულტურულ, სპორტულ და ზოგად განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სუსტი ეკონომიკა მსახიობთა უხელფასობის საწინდარია, რაც თავისთავად, მათ მიერ შექმნილი პროდუქტის უხარისხობას უწყობს ხელს. მაყურებელი ნაკლებად დადის კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. სულიერ საზრდოს მოკლებული ადამიანი დადებითი ენერგიით ვერ იმუხტება, ეს კი ხელს უწყობს დანაშაულის გაზრდას.
სახელმწიფოს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხალხი ყოველთვის მართალია. არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული. შესაძლოა, მაღალი თანამდებობის პირი თუ უბრალო მოქალაქე თანაბარ პირობებში მოხვდნენ, მაგალითად, - საპყრობილეში და მათ არ უნდა შერცხვეთ ერთმანეთისთვის თვალის გასწორების. მე აქ ისეთი თანამდებობის პირები მყავს ნანახი და ჩემ გვერდით ახლაც ისეთი ხალხია, რომ თავისუფლებაზე მათთან გასაუბრებაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. დღეს კი ციხის ეკლესიაში ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და სანთელს ვანთებთ, რომ ღმერთს ერთი და იგივე სათხოვარი გავანდოთ. კაცი შესაძლოა, სრულიად კანონმორჩილი იყოს, მაგრამ შემთხვევის წყალობით მოხვდეს პენიტენციურ სისტემაში. ამიტომ, ყველამ სიკეთე უნდა ვთესოთ, რომ ჩვენზე გაბოროტებული ადამიანების მსხვერპლნი არ გავხდეთ. დღეს საზოგადოებაში მომრავლდნენ გაბოროტებული ადამიანები, რომელთაც არაფერი ახარებთ და ვერაფერს ხედავენ. არ მოსწონთ, თუ რამ კარგი კეთდება.
დაბალი ხელფასის მქონე მეცნიერი ვერასოდეს შექმნის მაღალი ხარისხის პროდუქციას. დამოუკიდებელი სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები ისევ სუსტ წერტილად რჩება. მათ მიერ მიღებული თითოეული არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილება ხალხის გაღიზიანებასა და უნდობლობას იწვევს. ჯობს, 100 დამნაშავე დადიოდეს დაუსჯელად, ვიდრე 1 უდანაშაულო უსამართლოდ იხდიდეს სასჯელს. 1997 წელს, როდესაც სიკვდილით დასჯა უქმდებოდა, მახსოვს ერთი საკმაოდ ცნობილი ადამიანის სიტყვები: საქართველოში მარტო იმიტომ უნდა გაუქმდეს სიკვდილით დასჯა, რომ არ ვართ დარწმუნებულნი, ჩვენი სამართალდამცველები ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ თუ არაო. ზოგადად, დამნაშავეთა სამყაროსთან ბრძოლის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს ქურდულ სამყაროსთან წარმოებული ბრძოლა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. დღეს სახელმწიფოს არა აქვს იმის საშუალება, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას კომპენსაცია გასცეს. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს ზეწოლას მოსამართლეებზე. ეს ხომ ყველამ ვიცით და თვალი არ უნდა დავხუჭოთ. პირიქით, აქტიურად უნდა ვიზრუნოთ და მივაღწიოთ იმას, რომ თუ კანონის წინაშე პირნათელნი ვიქნებით, სამართალდამცავი სტრუქტურები ავს არ დაგვმართებენ.
ბოლოს იძულებული ვარ, შევეხო სასჯელაღსრულების დაწესებულებას და მთლიანად სისტემას. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ის, რასაც დღეს ბაჩო ახალაია აკეთებს, მე, როგორც პატიმარს, მომწონს, მხოლოდ გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმები. მისი ხელმძღვანელობით აღიგავა ქურდების თარეში ციხეებში, რაც მთლიანად პატიმრებისა და მათი ოჯახების გამწარებას ემსახურებოდა. აღარ არიან ე.წ. მაყურებლები, რომლებიც მხოლოდ ფულის გამოძალვით იყვნენ დაკავებულნი. ეს ზუსტად ვიცი. 12 წლის მანძილზე აქ ხშირად მინახავს პატიმრის ოჯახის აცრემლებული წევრები. როგორ ეხვეწებოდა პატიმარი დედას, ფული სასწრაფოდ უნდა მომიტანოთო. ამის გამო ოჯახებიც ინგრეოდა და ამის მაგალითიც უხვად არსებობს. მეორე მხრივ, პატიმართა რიცხვის გაოთხმაგებამ აუტანელი პირობები შექმნა. ერთ საწოლზე 3-4 ადამიანს სძინავს. ეს კი საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. ხელისუფლება ამაზე ჯერჯერობით თვალს ხუჭავს. აქვე აღვნიშნავ, რომ შეიცვალა დამოკიდებულება ციხის ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის, ის უფრო გულისხმიერი გახდა, მაგრამ ცუდია, რომ შეჩერებულია პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კანაონიერი საშუალება. შეჩერებულია არაოფიციალურად, ზეპირი მითითებით, თორემ კომისია მუშაობს. დღეს მე ადმინისტრაციის მიერ დადებითად ვხასიათდები. არ მაქვს არანაირი დისციპლინარული დარღვევა. მოვიხადე სასჯელის 3/4 და მეკუთვნის ვადაზე ადრე გათავისუფლება, მაგრამ... თუმცა, ღვთის ნებაა, ალბათ და სულის სიმტკიცისათვის ესეც უნდა გადამეტანა.
თქვენო უწმინდესობავ, მე მოკლედ გადმოვეცი ჩემი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე. ვიმედოვნებ, რომ მალე გავთავისუფლდები ღვთის ნებით და კიდევ მომეცემა შესაძლებლობა, ხელზე გემთხვიოთ, ისევე, როგორც თქვენი ვიზიტისას საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში. ვისურვებდი საზოგადოებაში ჩემს რესოციალიზაციას და ქვეყანაში დემოკრატიის აყვავებას. თქვენ კი ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი! ღრმა პატივისცემით, პატიმარი ზაზა ჩუთლაშვილი.
აღარ მინდოდა მისი მოცილება. მინდოდა, მკლავები მომეხვია და ალერსით დამეხრჩო, მაგრამ იმდენი უცხო თვალი გვიყურებდა, რომ იძულებული ვიყავი, მოვშორებოდი. გული საოცრად მიცემდა. ირინას გამოჩენამ რაღაცნაირად ამაფორიაქა. იქვე, სკამზე დავსხედით და ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ.
- ზაზა, როგორ ხარ, ბიჭო? - მკითხა კარგა ხნის დუმილის შემდეგ.
- როგორც ჩემს მდგომარეობაში მყოფ კაცს შეეფერება. - ვუპასუხე და გავუღიმე. თითქოს თავს უხერხულად ვგრძნობდი, არ ვიყავი დაჩვეული ქალთან ასეთ სიტუაციაში პაემანზე ყოფნას.
- ვინ იფიქრებდა, რომ ასეთ დღეში აღმოჩნდებოდი?
- ჰო, ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე. - ვუთხარი და თვალი ავარიდე, რადგან ვერ გავუძელი მის მზერას.
- იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა. თავი დამნაშავესავით დავხარე.
- ვიცი, რომ ინერვიულებდი.
- როგორ მიხვდი? - რაღაცნაირად, ალალად გაიღიმა.
- ვიცოდი, იმიტომ, რომ გიყვარდი. როცა საყვარელი ადამიანი შენგან მიდის, აუცილებლად განიცდი.
- და შენ ეს იცოდი და მაინც წახვედი, არა?
- მე ნინო შემიყვარდა, ირო.
- ვიცი, ვიცი... აღარ გვინდა წარსულზე ლაპარაკი. ძალიან მომენატრე და მხოლოდ იმიტომ მოვედი.
- გახსოვს, რომ ეჭვიანობდი ხოლმე? მეუბნებოდი, დიდ ციხეს ავაგებ, შიგ გამოგკეტავ და მერე დავმშვიდდები, რადგან მაშინ ნამდვილად მეცოდინება, სად ხარ და დამშვიდებულიც ვიქნები, რომ ვერ მიღალატებო...
- ჰოდა, ხომ ხედავ, მართლა ხარ დაჭერილი, მაგრამ ახლა ეს ჩემი ციხე არ არის. ეს სახელმწიფოს ციხეა და სულაც არ მიხარია, აქ რომ ხარ.
- არა უშავს, ახლა კიდევ ერთი ახალი ადვოკატი მყავს და ორივე ერთად შეუტევენ. იმედი მაქვს, რომ აქაურობას თავს დავაღწევ.
- მეც მჯერა, რომ დააღწევ. ჩემთან სტუმრად ხომ მოხვალ?
- ღამისთევით? - გავიცინე მე და მზერა მის ტუჩებზე შევაჩერე.
- ჰო, ღამისთევით.
- კი, მოვალ, - დავპირდი დიდი ამბით, თითქოს ხვალვე ვესტუმრებოდი. - შენ არ გათხოვდი?
- არა, არ გავთხოვდი. ჩემი შვილი საზღვარგარეთ გავუშვი სასწავლებლად. ახლა სულ მარტო ვცხოვრობ.
- როგორ გაიმეტე? - გულწრფელად გამიკვირდა, რადგან ნამდვილი გადარეული დედა იყო და შვილის გარეშე რამდენიმე დღეც კი ვერ ძლებდა.
- ევროპულ განათლებას მიიღებს და ცხოვრებას მოიწყობს. მისივე გულისთვის შეველიე. კალთაზე გამოვიბა და ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიოს? ჯობს, იქ იყოს და მომავალი შეიქმნას.
- ჰო, ალბათ მართალი ხარ. თანაც, ხომ ხედავ, აქ როგორი ცხოვრება გვაქვს, უცებ - ჰოპ და მთელი ცხოვრება თავზე დაგენგრევა...
- ზაზა, ერთდღიან პაემანზე რომ მოვიდე, არ გინდა? - მკითხა მოულოდნელად. დავფიქრდი.
- ირა, მე ცოლი მყავს, - მივუგე ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. ძალიანაც მინდოდა, რომ ჩემთან დარჩენილიყო, მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მივცემდი. თავი უხმოდ დამიქნია. ვერ მივხვდი, ნაწყენი დარჩა თუ შეურაცხყოფილი, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შევცვლიდი. ცოტა ხანს კიდევ ვილაპარაკეთ, მერე კი დამემშვიდობა და წავიდა. ის რამდენიმე წუთიც ზრდილობის გულისთვის დარჩა. თითქოს არ უნდოდა, რომ წყენა შემემჩნია, მაგრამ მისი თვალები მეუბნებოდნენ, რომ კიდევ ერთხელ ვატკინე გული იმით, რომ ხელი ვკარი და ამჯერადაც ნინოს გულისთვის.
მომდევნო კვირაში ჩემმა ადკოვატებმა, კოტემ და ნანამ დაწერეს საჩივარი საქმეში აღმოჩენილ ახალ გარემოებათა გამო და გენერალურ პროკურატურას ჩააბარეს. პასუხი რამდენიმე ხნის შემდეგ შემატყობინეს. მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, ბატონმა გია მეფარიშვილმა ჩემი საქმე ხელახლა დააბრუნა წარმოებაში და საქმე მათ გადასცა, ვინც ეს ყველაფერი მომიწყო, ანუ - მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პროკურატურას. ეს რომ გავიგე, ლამის გადავირიე. ეს რა გამოდიოდა? საქმე ვინც შეკერა, ისევ მათ ავალებდნენ შეთითხნილი საქმის ხელახლა გამოძიებას. რომელი სულელი იტყოდა - ადრე შევცდი და ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ზაზა ჩუთლაშვილი ტყუილად დავსაჯეთო? ისევ მივწერეთ წერილი გენერალურ პროკურორს და ვთხოვეთ, რომ მათთვის საქმე აეცილებინა... ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქმე გლდანი-ნაძალადევის პროკურატურას გადაეცა. ამასობაში გულდედავამ და ხუცურაულმა დრო იხელთეს და ცრუმოწმე პოლიციელი ისევ დაიბარეს ჩვენების შესაცვლელად. ახალი ჩვენების მიხედვით, თურმე მკვლელობა 7 საათზე კი არა, 6-ზე მომხდარა. მე ალიბი 7-დან 12 საათამდე მქონდა. არ ვიცი, რას ფიქრობდნენ, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ 7 წლის შემდეგ მოწმეს კიდევ ერთხელ შეაცვლევინეს ჩვენება.
გლდანი-ნაძალადევის გამომძიებლის, დავით ხიზანიშვილისა და ჩემი პირველი
შეხვედრა ჩემს ადვოკატთან ერთად მოხდა. ის ჩემი ერთ-ერთი ალიბის მოწმის დაკითხვიდან ბრუნდებოდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. შეხვედრისას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, საქმეში არსებული თითოეული დეტალი ავუხსენი.
- ვიცი, ვიცი, ეგ ყველაფერი საქმეში დევს, - ლაპარაკი გამაწყვეტინა გამომძიებელმა.
- თუ იცით, აქ რას მოდიოდით, ჩემი ნახვა გაინტერესებდათ? - გული გამიტყდა, რადგან საქმისადმი მისი ზერელე დამოკიდებულება შევნიშნე. - საქმიდან არ ჩანს, რომ უდანაშაულო ვარ?
- მე იურისტი ვარ და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ვაკეთებ დასკვნებს. - ამაყად, თავმომწონედ მიპასუხა.
- როგორ, ფაქტებით არ დასტურდება, რომ დამნაშავე არ ვარ? - გამიკვირდა.
- აბა, როგორ, კაცო, ის ტატიშვილი და ლაბაძე შენ გადებენ ხელს.
- ეგენი გულდედავას და ხუცურაულის ცრუმოწმეები არიან - ხავსს მოვეჭიდე.
- ეგ როგორ უნდა დაამტკიცო, რომ ცრუმოწმეები არიან?
- კაცო, ვერ გავიგე, 17 ადამიანი ამტკიცებს, რომ მკვლელობის ჩადენის მომენტში, მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით, მეგობრის შვილის დაბადების დღეზე ვიყავი და იმ 17 კაცის არ გჯერა? მაინცდამაინც ამ 2 მოწმის გჯერა?
- შენი ალიბის მოწმეები დავკითხე. ზოგი კიდევ უნდა დავკითხო. თანაც, გივი არსოშვილი ახლა უკვე პროკურორია და როგორ ფიქრობ, ისევ ძველ ჩვენებას მოგვცემს და დაამტკიცებს, რომ მართლა ნაწამები იყავი?
- როგორ არა, იტყვის, რომ მართლა ნაწამები ვიყავი. - ისე იმედიანად ვთქვი, რომ დათომ გაკვირვებულმა შემომხედა. სახეზე კი ეწერა: "ვაი, შე "დურაკო", მაშინ გივი ადამიანის უფლებათა დამცველი იყო და იმიტომ თქვა ასე. ახლა პროკურორია და ძაღლი ძაღლის ტყავს რომ არ დახევს, არ იციო?"
ამის შემდეგ ჩემს საქმეზე ძიება ვადაზე ადრე, უსამართლოდ შეწყდა. ამის გამო გენპროკურატურაში ისევ საჩივარი დავწერეთ, მაგრამ პასუხი არ მაღირსეს. მხოლოდ მაშინ მიპასუხეს, როდესაც მაშინდელმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა გენპროკურორს ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში ჰკითხა: ჩუთლაშვილის საქმეზე პასუხს რატომ არ გვაძლევთო? მან კი უპასუხა: მკვლელს გარეთ ვერ გამოვუშვებო. უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრეთ. დიდმა პალატამ საქმე ჩემი თანდასწრებით განიხილა და საქმის შეწყვეტის თაობაზე გამოტანილი დადგენილება უკანონოდ ცნო. საქმე კვლავ ჩაუშვეს ძიებაში. რამდენიმე წლის შემდეგ კი გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამომძიებელი დავით ხიზანიშვილი დაიჭირეს და გვერდით მომისვეს, რაღაც გატაცების საქმის გამო. ეს ის გამომძიებელია, რომელსაც პრეზიდენტის სახელზე დაწერილ განცხადებაშიც მოვიხსენიებდი და ვამბობდი, რომ მან "აღსარება" ჩამაბარა და საქმეში არსებულ ყველა ნიუანსში გამარკვია. ჩვენ ახლაც ერთად ვიხდით სასჯელს.
2001 წელი იწურებოდა. დედა ჩვეულებისამებრ, კვირა დღეს პაემანზე მოვიდა. სახეზე შევატყვე, რომ ნერვიულობდა. ხან აქედან მოვუარე, ხან - იქიდან, მაგრამ უგუნებობის მიზეზი ვერ ვათქმევინე. მერე ჩემი თავი დავაფიცე. ტირილი დაიწყო. ამან სულ გამაგიჟა. დედაჩემის ცრემლი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მოსვლისას და წასვლისას ყოველთვის ტიროდა, მაგრამ ახლა გული მიგრძნობდა, რომ საქმე სხვაგვარად იყო. ძლივს ამოილუღლუღა - ნინო გათხოვდაო. ჯერ ვერ მივხვდი, რომელ ნინოზე იყო ლაპარაკი. მერე ყურებს არ დავუჯერე.
- რაა? - ვიღრიალე. დედამ ტირილს უმატა. თავი ხელებში ჩავრგე და მეც ავტირდი. იქ გაჩერება აღარ მსურდა. მინდოდა, საკანში წავსულიყავი და გულიანად მეტირა. დედას დავემშვიდობე და ძლივს წავლასლასდი საკნისკენ. კარგა ხანს ვერ მოვდიოდი გონზე. ნინო გათხოვდა? ჩემი შვილების დედამ ასეთ მდგომარეობაში მიმატოვა? - ვფიქრობდი და სიცოცხლე აღარ მინდოდა. ჩემი დაპატიმრება და შემდგომი მოვლენები ისე არ განმიცდია, როგორც ნინოს გათხოვება განვიცადე. მაშინ ხელახლა მოვკვდი. "მიმატოვა... წავიდა... სხვაში გამცვალა"... - ვფიქრობდი და გული მეწურებოდა. ღმერთო, ის ტანჯვა, რომელიც მაშინ პოლიციელებმა მომაყენეს, არაფერი არ ყოფილა ამასთან შედარებით. სულის ტანჯვა გაცილებით მტკივნეული ყოფილა, ვიდრე სხეულის. რამდენჯერმე თავის მოკვლაც ვცადე, მაგრამ მერე გადავიფიქრე. წლების განმავლობაში ვერ დავიამე ამ ამბით გამოწვეული ტკივილი.
18
დროს ალბათ მაინც თავისი მიაქვს. ამიტომ, თანდათან დარდი გამინელდა. ისე ხშირად აღარ ვფიქრობდი ამ ამბავზე, მაგრამ როცა მახსენდებოდა, გული უსიამოვნოდ მეკუმშებოდა ხოლმე. ბავშვები ძველებურად მოდიოდნენ ჩემთან და ვნახულობდი. ვიცოდი, რომ როდესაც ისინი ჩემთან იყვნენ, დედამისი გარეთ ელოდა. ეს უფრო მიმძიმებდა გულს და მათი წასვლის შემდეგ, კარგა ხანი მჭირდებოდა, რომ ხასიათი გამომკეთებოდა.
ერთ დღეს იუსტიციის სამინისტროდან ჩვენთან შემოწმებაზე კომისია მოვიდა. ყველა სკანი დაიარეს, პატიმრებს ციხეში არსებულ პირობებზე ესაუბრებოდნენ და თუ ვინმეს რაიმე საჩივარი
ჰქონდა, შეეძლო მათთვის მიემართა. ასეთი ღონისძიებეი ხშირად ტარდებოდა ხოლმე და ძირითადად, ფორმალური ხასიათი ჰქონდა. ამჯერად, კომისიაში ერთი ახალგაზრდა ქალი იყო, რომელიც აქამდე არასოდეს მენახა. მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი, რამაც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. ვცდილობდი, რომ თვალი ამერიდებინა, მაგრამ ასეთ დროს პირიქით, თვალი უფრო გაგირბის მისკენ, ვის შეხედვასაც ერიდები, ის კი იდგა და დაჟინეით მომჩერებოდა. თვალს თვალში მიყრიდა და თვალებით მჭამდა. მთელი სხეული ამეწვა. მის მზერაში ვნება და ჟინი იგრძნობოდა. პატიმარს კი არა, თავისუფლებაზე მყოფ კაცს გააგიჟებდა, ისეთი იმპულსი მოდიოდა მისგან. ცოტა ხანს ასე შორიდან მიყურა, მერე მომიახლოვდა და მკითხა:
- კი, მაგრამ შენ არაფერი გაქვს სათქმელი?
- არა, არაფერი.
- როგორ, ყველაფრით კმაყოფილი ხარ? - წარბები აზიდა ქალმა.
- მე, პირველ რიგში, უკმაყოფილო იმით ვარ, რომ უდანაშაულო ადამიანი აქ ვიმყოფები. ამის მეტი არაფერი მაინტერესებს, მხოლოდ სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძვი, - ვუთხარი და მეც თვალი თვალში გავუყარე. ამ დროს კომისიის წევრებს ერთი მამაკაცი გამოეყო და ჩვენთან მოვიდა.
- რისთვის იხდი სასჯელს? - მკითხა ისევ ქალმა.
- 2 ადამიანის მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩამიდენია, - ვუპასუხე და მის საკმაოდ დეკოლტირებულ მკერდს დავაკვდი თვალებით. ჩემი მზერა მის კოლეგა მამაკაცს არ გამოჰპარვია. და რაღაცნაირად ჩაიცინა. თუმცა ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი ჩაცინება.
- ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, დამირეკე, იქნებ, რაიმეთი დაგეხმარო, თუ ეს შესაძლებელია, - მითხრა და მოყვითალო ფერის ქაღალდი გამომიწოდა.
- გამოართვი, გამოართვი და დაურეკე, არ ინანებ! - ორაზროვნად მითხრა მამაკაცმა. მეც ქაღალდი მაშინვე შარვლის ჯიბეში გავიქანე.
მთელი ღამე ამ ქალზე ვფიქრობდი. ვიდრე დამიჭერდნენ, ალბათ ძალზე ახალგაზრდა ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ქალს მზერით ასეთი ვნებისა და სურვილის გამოხატვა შეეძლო. საკანში მყოფ ბიჭებსაც არ გამოჰპარვიათ იმ ქალის საქციელი და საღამოს საყოველთაო განსჯის საგნად აქციეს.
- ბიჭო, ზაზა, ისე, ის შავკაბიანი ქალი რა თვალებით გიყურებდა! - დაიწყო საუბარი ერთმა.
- აბა, აბა, - აჰყვა მეორე.
- როგორი თვალებით მიყურებდა? – ვიკითხე ვითომ გაოცებულმა.
- აუჰ, შენ თუ ეგ ვერ დააფიქსირე, მაშინ ცუდად ყოფილა შენი საქმე. - ჩამოართვა სიტყვა მესამემ.
- რა იყო, რა გეტაკათ? ქალი არ გინახავთ? - ვიკითხე გაღიზიანებულმა.
- ქალი კი გვინახავს, მაგრამ კაცს რომ თვალებით ჟიმავდეს, ასეთი არაფერი გვინახავს. აუ, რა ბედი გაქვს ბიჭო! – შეშურდა პირველს.
- ნუ აზვიადებთ, ჩვეულებრივი ქალი იყო და ჩვეულებრივად მიყურებდა.
- ქაღალდი რომ მოგცა, ის რა იყო? ტელეფონის ნომერი დაგიტოვა? - თვალები მოჭუტა ერთმა.
- ჰო, - აღარ ვიუარე, რადგან აზრი არ ჰქონდა ტყუილის თქმას.
- რისთვის დაგიტოვა?
- მე ვუთხარი, რომ უდანაშაულოდ ვზივარ ციხეში-მეთქი და შემპირდა, რომ დამეხმარება.
- ნწუ... ნწუ... ნწუ... რა გულის ამაჩუყებელიაააა... - გააგრძელა ბოლო სიტყვა საუბრის წამომწყებმა.
- ზაზა, მეც ხომ უდანაშაულოდ ვიხდი სასჯელს? მეც მომეცი მაგ კეთილი დეიდის ნომერი, იქნებ მეც მიშველოს?
- მოგცემ, თუ ძალიან შემეხვეწები, - ვთქვი და საუბრის თემის შეცვლა ვცადე, მაგრამ მთელი ღამე არ მოისვენეს ბიჭებმა. სულ მასზე ლაპარაკობდნენ და თან მაგულიანებდნენ, ხვალვე დაურეკეო.
რამდენიმე ხანი გავიდა. ყოველ დილით ვფიქრობდი, რომ მისთვის დამერეკა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. მაშინ მობილური ტელეფონი ციხეში ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მეც მქონდა ჩემი პირადი ტელეფონი, მაგრამ რაღაც ძალა მბოჭავდა და დარეკვის საშუალებას არ მაძლევდა. 2 კვირის შემდეგ, როგორც იქნა, გამბედაობა მოვიკრიბე და როდესაც რამდენიმე წუთით მარტო დავრჩი, დავურეკე.
- ქალბატონი ჯული ხართ? - ვკითხე, როდესაც ტელეფონში სასიამოვნო ხმით ნათქვამი - ”ალო” გავიგონე.
- დიახ.
- მე ზაზა ვარ, VII იზოლატორიდან.
- ზაზა, რატომ აქამდე არ დამირეკე? - ახლობელი ადამიანივით შემხვდა ჯული.
- არ მინდოდა, თქვენი შეწუხება, - ბოდიშის მაგვარი ფრაზა ჩავიბურტყუნე უხერხულობისგან.
ვესაუბრებოდი და თვალწინ მისი მზერა მედგა. ეს მაბნევდა და ხმაც კი მიკანკალებდა.
- როგორ ხარ, ზაზა, ეს შენი ნომერია? - როგორც ჩანს, უფრო ჩემი დაბნეულობის გასაფანტავად დამაყარა კითხვები.
- კი, ჩემი ნომერია.
- კარგი, შენ ნუ დახარჯავ დეპოზიტს. მე დაგირეკავ, როგორც კი მოვიცლი.
- კარგი, ნახვამდის, - ხმაში სინანული შემეპარა, რადგან ტელეფონის გათიშვა არ მინდოდა.
- არ ინერვიულო, მალე დაგირეკავ. - როგორც ჩანს, არც მას გამოჰპარვია ჩემი განწყობილება.
მისმა ნათქვამმა მხნეობა შემმატა. ნინოს გათხოვების შემდეგ, პირველად გამიჩნდა შეგრძნება, რომ ქალისთვის ისევ სასურველი და საჭირო მამაკაცი ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში, ციხის პირობებს თუ გავითვალისწინებთ, საინტერესო ეტაპი დაიწყო. ეს სიტუაცია ძალიან მომწონდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ისევ თავისუფალი ვიყავი და ქალის შებმაც ჩემს ნებაზე შემეძლო. ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია, ჯულიმ რამდენიმე საათის შემდეგ მართლაც დამირეკა. კარგა ხანს ვილაპარაკეთ და მეორე დღისთვის შეხვედრაზე შევთანხმდით.
მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.
დილით წვერი გავიპარსე, ახალ ტანისამოსში გამოვეწყვე და ვლეოდი, როდის დამადგებოდა საშველი. ბიჭებს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვიათ ჩემი კარგი განწყობილება. კითხვები დამაყარეს, მაგრამ ვუთხარი, რომ ჩემი მეგობარი მოდიოდა სანახავად და მეტი რომ ვერაფერი დამაცდენინეს, თავი დამანებეს. როგორც იქნა, დამიძახეს, მაგრამ ჩვეულებრივად, პაემნის ოთახისკენ კი არა, სხვა მხარეს მიმითითეს. ადმინისტრაციულ შენობაში, ერთ ცარიელ ოთახში შემიყვანეს და მარტო დამტოვეს. სულ რამდენიმე წუთის შემდეგ, დერეფანში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა გავიგონე. ჯული საკმაოდ მტკიცე ნაბიჯით უახლოვდებოდა ოთახს. კართან ფეხის ხმა შეწყდა და მალე ღია კარში გაღიმებული, ლაღი და მშვენიერი ჯულიც გამოჩნდა. ძალიან ჰაეროვანი იყო. ლამაზი მოძრაობები ჰქონდა. ამჯერად მისი მზერა ისე მეტყველი აღარ მომეჩვენა. მას უკან ციხის თანამშრომელი შემოჰყვა და იქვე, მაგიდის ბოლოში მიდგმულ სკამზე ისე მაგრად მოირთხა ფეხი, რომ მივხვდი, ის ჩვენს საუბარს აუცილებლად დაესწრებოდა. მე და ჯული ერთმანეთის პირისპირ ვისხედით. ის მეკითხებოდა ჩემი საქმის შესახებ ყველა წვრილმანს, მეც ვპასუხობდი, მაგრამ უკვე გაზეპირებულ ფრაზებს ვამბობდი. იმაზე არ ვფიქრობდი, რაზეც ვსაუბრობდი. ჯულიმ მაგიდის ქვეშ ფეხი მოატარა და როდესაც ჩემს ფეხს შეეხო, ვიგრძენი, მთელ სხეულში დენმა როგორ დამიარა. ამას ისე აკეთებდა, რომ დამსწრე მამაკაცისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მე ავილეწე. გულმა ბაგაბუგი დაიწყო. რას არ გავიღებდი, ოღონდაც ახლა ეს კაცი ოთახიდან გასულიყო, მაგრამ იმაზეც ვფიქრობდი, იქნებ, უკეთესიც იყო, მარტო რომ არ გვტოვებდა? ღმერთმა იცის გავბედავდი თუ არა ჯულის შეხებას ან თუნდაც ადგილიდან ადგომას. ღმერთს კი მაინც ვევედრებოდი - ღმერთო, ოღონდ ეს კაცი წავიდეს-მეთქი. თითქოს ღმერთმა ჩემი ვედრება ისმინა. მამაკაცი წამოდგა და თქვა:
- უკაცრავად, ქალბატონო ჯული, თქვენი ნებართვით, ცოტა ხნით დაგტოვებთ.
გაგრძელება იხილეთ აქვე
დატოვეთ კლასი

777      სიცოცხლემისჯილი  - 915196035017

Комментарии