777 დაუმორჩილებელნი.

4
ავტორი. ნ ლაშაური.
** 2 **
სამიოდე წუთის შემდეგ კი ვერცხლისფერ ლანგარზე დადებული ბოთლებითა და ჭიქებით დაბრუნდა. წითელი ღვინოები მაგიდაზე დაალაგა, ჭიქებიც გვერდით მიუწყო და ერთ ბოთლს დაავლო ხელი, რომ გაეხსნა, მაგრამ ჰამომ ხელი გააშვებინა და უთხრა:
– ერთი ჭიქაც მოიტანეთ!
მიმტანმა სასწრაფოდ შეასრულა ბრძანება და ბროლის ჭიქა მაგიდაზე დადგა. ჰამომ გახსნილი ბოთლიდან ჭიქებში ჩამოასხა ღვინო, თავის ჭიქა ასწია და მიმტანს უთხრა:
– თქვენი ჭიქა ასწიეთ!
მიუხედავად იმისა, რომ მიმტანებს აკრძალული ჰქონდათ დალევა, ის უმალ დაემორჩილა მთაწმინდელის სიტყვებს. ჰამომ ჭიქა ასწია და თქვა:
– ამ სასმისით ჩვენს იუბილარს, პარიზში დაბადებულ და გაზრდილ ქართველს, მალხაზ კაკაბაძეს გაუმარჯოს! ღმერთმა სიკეთე, სიხარული და ბედნიერება არ მოაკლოს, – ჰამო ფეხზე წამოდგა და განაგრძო, – შენ გაგიმარჯოს, ჩემო ძმაო, იდღეგრძელე და გაიხარე!
ჰამომ მიმტანს მიუჭახუნა და ჭიქა გამოსცალა. იგივე გაიმეორეს მიმტანმა და მალხაზმა, რომელმაც სამადლობელი გადაიხადა. რომ დასხდნენ, ჰამომ თავის პარიზელ თანამემამულეს უთხრა:
– სისხლი ისეთი რამაა, ჩემო ძმაო, ცხრა მთას იქით რომ გადაიხვეწო, მაინც იყივლებს.
– სწორედ ასე ამბობდა ბაბუაჩემიც, – თქვა მალხაზმა.
ჰამომ ორი ჭიქა შეავსო, ასწია და მალხაზს უთხრა:
– ჰოდა, ამ ჭიქით ბაბუაშენის ხსოვნა იყოს. ღმერთმა გაანათლოს იმქვეყნად.
მალხაზმაც იგივე გაიმეორა. ამასობაში საჭმელიც მოიტანეს და ქეიფიც გაგრძელდა. ორი საათიც არ იყო გასული, რომ ოთხივე ბოთლი დაცლილი ჰქონდათ და ჰამომ მალხაზს უთხრა:
– როგორ ხარ, ქართველო, ხომ არ მოგეკიდა ღვინო?
– არა, შენ?
– არც მე. კომპოტივით მიდის, ძალიან სასიამოვნო დასალევია.
– მართალი ხარ, მაგრამ ამ ღვინომ გვიან იცის მოქმედება. თვითმფრინავში რომ ჩაჯდები, მაშინ იმოქმედებს და თბილისამდე იძინებ.
– თუ მასეა, მაშინ ვერც შენ დაჯდები საჭესთან.
– არც ვაპირებ, – თავი გააქნია მალხაზმა, – მანქანას ხვალ გავიყვან პარკინგიდან. მანამდე კი ჯერ შენ მიგიყვან სხვა ტაქსით ორლიში“, შემდეგ კი სახლში წავალ და კარგად გამოვიძინებ.
– მე მგონი, არაა საჭირო.
– რას ამბობ, – იწყინა მალხაზმა, – შენ მე ამხელა პატივი მეცი და მე აეროპორტამდეც არ მიგაცილო?
– კარგი, კარგი, – თავი დააქნია ჰამომ და მალხაზს მხარზე მოუთათუნა ხელი. ბოლოს სადილის საფასური გადაიხადა, მიმტანიც დაასაჩუქრა და მალხაზს უთხრა, – შენ ტაქსი გააჩერე, მე ტუალეტში შევალ და მალე შემოგიერთდები.
მალხაზი ქუჩაში გავიდა. მიმტანმა კი ჰამო ტუალეტამდე მიაცილა და გაუღიმა. მთაწმინდელი ტუალეტში შევიდა და ხელებს რომ იბანდა, მოულოდნელად ზურგიდან ორი შეიარაღებული მამაკაცი მიადგა. ერთ-ერთი მათგანი ორ ნაბიჯში დადგა და იარაღი მიუშვირა, მეორემ კი პისტოლეტი კეფაზე მიადო და ინგლისურად უთხრა:
– ზედმეტი მოძრაობა და ადგილზევე გაგათავებთ! მორჩილად გამოგვყევი!
მოშორებით მდგომი მამაკაცი, რომელსაც ჰამო სარკიდან უყურებდა, ნაცნობი მოეჩვენა. თუმცა ვერ გაიხსენა, საიდან. ამიტომ მხრები აიჩეჩა და თქვა:
– ვინ ხართ და ჩემგან რა გინდათ? მგონი, ვიღაცაში გეშლებით.
– არავითარი შეცდომა, – თავი გააქნია ჰამოს ნაცნობმა სახემ, – სწორედ შენ გვჭირდები და მშვიდად გამოგვყევი, გავდივართ!
შეიარაღებულმა მამაკაცებმა ჰამო ხელკავგაყრილი გაიყვანეს რესტორნიდან, შემდეგ ხელმარცხნივ გაუხვიეს, რომ მალხაზს არ შეჰფეთებოდნენ და პარკინგზე მდგომ შავ მერსედესში“ ჩასვეს. მიმტანმა ყველაფერი დაინახა, ტაქსისთან მდგომ მალხაზთან მიირბინა, რომელიც ჰამოს ელოდებოდა და უთხრა:
– მუსიე, თქვენი მეგობარი გაიტაცეს.
– როგორ, გაიტაცეს?
– დიახ, დიახ, მუსიე, – ხელი გაიშვირა მიმტანმა მერსედესისკენ“, – აი, იმ მანქანაში ჩასვეს. მანამდე კი ტუალეტიდან გაკავებული გამოიყვანეს. პოლიციის გამოძახებამდე გადავწყვიტე, თქვენთვის მეთქვა, რომ დრო არ დაგეკარგათ.
– სწორად მოიქეცი, ყოჩაღ! შენ პოლიციას შეატყობინე, მანქანის მარკა და სერია არ დაგავიწყდეს, მე კი კუდზე დავაჯდები, – უთხრა მალხაზმა მიმტანს, შემდეგ პარკინგზე მდგომ თავის ტაქსიში ჩაჯდა, დაქოქა და შავ მერსედესს“ დაედევნა.
გამტაცებლებს ჰამო უკანა სავარძელზე, შუაში ჰყავდათ მომწყვდეული. მძღოლის გარდა, მანქანაში კიდევ ერთი მამაკაცი იჯდა, რომელიც წინა სავარძელზე იყო მოკალათებული და ეტყობოდა, რომ მათ შორის უფროსი იყო. მან თავი მიაბრუნა, ჰამოს ზიზღით შეხედა და მთაწმინდელის ხელმარცხნივ მჯდომ მამაკაცს უთხრა:
– ესე იგი, ამას ჰმართებს ჩვენი სისხლი?
– ამას, ამას, ჯამალ, ამან მოკლა ჩვენი და!
ხელმარცხნივ მჯდომი მამაკაცის სიტყვებმა ჰამოს თვალები აუხილა და მიხვდა, რომ მისი გამტაცებლები იმ ტერორისტების მეგობრები იყვნენ, ვინც ამ ერთი კვირის წინ პარიზი-ნიუ-ორლეანის რეისის თვითმფრინავი გაიტაცა. ხოლო მოკლულ დაში გატერორისტებულ სტიუარდესას, ბრიჯიტს გულისხმობდნენ, რომელსაც ლეილას ეძახდნენ, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და თქვა:
– ვიღაცაში გეშლებით. მე არავინ მომიკლავს, მით უმეტეს – თქვენი და.
– გესმის, მასუდ, რას ამბობს? – უთხრა ჯამალმა ჰამოს ნაცნობ სახეს, – იქნებ, მართლა რაღაც გეშლება? თუმცა, ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. გაშიფრულები ვართ და ეს კაცი ყველა შემთხვევაში მოკვდება, მაგრამ, იმ განსხვავებით, რომ, თუ დამნაშავეა, წამებით ამოვხდით სულს, ხოლო თუ უდანაშაულოა, მაშინ უმტკივნეულოდ გამოვასალმებთ სიცოცხლეს.
– რა უდანაშაულო?! – კბილებში გამოსცრა მასუდმა, – ესაა, ეს! სწორედ ამან მოკლა ლეილა, ავტომატიდან დაცხრილა, ჩემი თვალით ვუყურებდი! დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ მიხმარება ვერ შევძელი, მაგრამ არც იარაღი მქონდა, არც ბომბი და, ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ დამკვირვებელი ვიყავი.
– რაღაც გეშლებათ, – არ ტყდებოდა ჰამო.
– ეგ მაშინ გაიმეორე, როცა ცოცხლად გაგფატრავთ და შენს ნაწლავებს მშიერ ვირთხებს შევაჭმევთ, – უთხრა მთაწმინდელს ჯამალმა და გადაიხარხარა, მძღოლს კი უთხრა, – სვლას უმატე, ჩემი ხელით უნდა ვაწამო ეს ურჯულო!
შავმა მერსედესმა“ სვლას უმატა და პარიზის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ კერძო მამულისკენ შეუხვია, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის ფრანგ პროფესორს ეკუთვნოდა. პროფესორი ისლამისტ ტერორისტებს თანაუგრძნობდა, ყოველმხრივ ეხმარებოდა მათ და საკუთარ მამულში მათი ფარული თავშესაფარი ჰქონდა მოწყობილი.
მალხაზი ოსტატურად მიჰყვებოდა გამტაცებლებს. მან თავისი სიტროენი“ მამულის შორიახლოს გააჩერა, შემდეგ მობილურით პოლიციაში დარეკა, მორიგეს თავი წარუდგინა და უთხრა:
– გატაცებაა, მუსიე. როგორც ეტყობა, სერიოზული ხალხია და სერიოზული ძალები გამოგზავნეთ!
მალხაზმა ტელეფონი გათიშა და სამმეტრიან ღობეს შეავლო თვალი, რომლის მიღმაც შავი მერსედესი“ გაუჩინარდა.
ჰამო უზარმაზარი სახლის სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც ტერორისტების მიერ მოწყობილი საწამებელი ოთახი მდებარეობდა. მასუდმა მთაწმინდელს სამოსი გაახდევინა, ტრუსების ამარა დატოვა და ხელ-ფეხით რკინის ძელებზე მიაბა. შემდეგ მათრახი აიღო, რომელსაც ბოლოში ფოლადის წვრილი რკინა ჰქონდა მიმაგრებული და ჰამოს უთხრა:
– მოვიდა შენი აღსასრულის დრო, ძაღლო! შენ ახლა საშინელი წამებით მოკვდები და ისეთ დღეში ჩავარდები, რომ ზეცაში ჩვენი წმიდა წამებულების სულები გაიხარებენ.
– აქ კი – თქვენ, ხომ?! – ცინიკურად მიუგო ჰამომ მასუდს, რომელმაც ამ სიტყვების პასუხად, მათრახი სამჯერ გადაჰკრა ჰამოს ზურგზე და ისეთი ტკივილი მიაყენა, რომ მთაწმინდელს სული შეეხუთა.
ტერორისტებმა ჰამო ჯერ მათრახით სცემეს და გონება დააკარგვინეს, ხოლო როცა მოასულიერეს, ჯამალმა მასუდს უთხრა:
– ასე არ ივარგებს, მალე მოკვდება. ამიტომ ნელ-ნელა, თანამიმდევრულად აწამე, რომ, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ეწამოს, წვალებით ამოხდეს სული. ნელა, გესმით? არ იჩქარო, მასუდ!
მასუდმა ჰამო მაგიდაზე მიაბა. შემდეგ მარილი აიღო და ნამათრახევ იარებში ჩააყარა, თან სიამოვნებით უმზერდა მთაწმინდელის ტანჯვა-წამებას, რომელიც საშინელი ტკივილისგან იკლაკნებოდა.
– აი, ასე გააგრძელე, მასუდ! მე კი მუსიე არნოსთან ავალ და ორ-სამ საათში დავბრუნდები. იცოდე, არ გადაამლაშო და ცოცხალი დამახვედრე, რომ ნაწლავები მე გადმოვაყრევინო და ვირთხებს შევაჭამო, – უთხრა ჯამალმა მასუდს და პროფესორთან წავიდა, რომელიც მას საკუთარ კაბინეტში ელოდა.
მასუდი და დანარჩენი ორი ტერორისტი ჰამოს წამებას განაგრძობდნენ და მთაწმინდელს მონოტონურად უკაკუნებდნენ ხის კომბლებს ფეხის გულებში, როდესაც სარდაფის კარი ფრთხილად გაიღო და ზღურბლზე მალხაზი გამოჩნდა, რომელსაც მონადირის დანა ეკავა ხელში. მან კედელზე მიყუდებული ავტომატის აღება დააპირა, მაგრამ ერთ-ერთმა ტერორისტმა ის შენიშნა და პისტოლეტისკენ წაიღო ხელი. მალხაზმა კი იმარჯვა, ტერორისტს დანა სტყორცნა, ყელში გაარჭო და ძირს დასცა. შემდეგ ავტომატს დასტაცა ხელი და მეორე ტერორისტსა და მასუდს ჯერი მიუშვა, ადგილზევე დახოცა და ჰამოსთან მიიჭრა, რომელიც ისე იყო საწოლზე დაკრული, რომ ვერაფერს ხედავდა. მალხაზმა ჰამო ახსნა, წამოაყენა და უთხრა:
– როგორ ხარ, სიარულს შეძლებ?
მალხაზის დანახვაზე ჰამოს თვალები გაუბრწყინდა, შემდეგ დახოცილი ტერორისტების ცხედრებს შეავლო თვალი და პარიზელ ტაქსისტს ჰკითხა:
– შენ რა მაგარი ყოფილხარ, როგორ მოახერხე?
– ოთხი წელი უცხოურ ლეგიონში ვიმსახურე და იქ გამომწვრთნეს. ჩქარა უნდა მოვშორდეთ აქაურობას, თორემ, ღმერთმა უწყის, აქ კიდევ რამდენი ასეთი მანიაკია. მაინც, რას გერჩოდნენ?
– ესენი ტერორისტები არიან, სამშვიდობოზე რომ გავალთ, მაშინ მოგიყვები, – უთხრა ჰამომ მალხაზს და დახოცილ ტერორისტებს ორი ცალი პისტოლეტი ააცალა და ავტომატმომარჯვებულ მალხაზთან ერთად სარდაფიდან ფრთხილად გავიდა. მაგრამ უცებ ვერტმფრენის ხმა მოესმა და გაკვირვებულმა ჰკითხა მალხაზს: რა ხდება?
– როგორც ეტყობა, პოლიცია მოვიდა. აქაური კოორდინატები შევატყობინე და ვუთხარი, რომ გაძლიერებული რაზმი გამოეგზავნათ.
ტერორისტების ბუნაგის თავზე ორი ვერტმფრენი ტრიალებდა და რუპორმომარჯვებული პოლიციელი იქ მყოფებს დანებებისკენ მოუწოდებდა. პროფესორის მამული კი სპეცრაზმის მიერ იყო გარშემორტყმული და მებრძოლები იერიშის დაწყების ბრძანებას ელოდნენ.
სარდაფში მოკლული ტერორისტების გარდა, მამულში თავად პროფესორი, ჯამალი და კიდევ ექვსი ტერორისტი იმყოფებოდა, რომელთა შორის ორი ქალი იყო. ექვსმა რიგითმა ტერორისტმა ვერტმფრენებს ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ, საპასუხო ცეცხლის შედეგად ექვსივე განადგურდა, პროფესორი და ჯამალი კი სარდაფის მიმართულებით გაიქცნენ, სადაც მათ მიწისქვეშა გვირაბი ეგულებოდათ და ამ გზით აპირებდნენ ალყიდან თავის დაღწევას.
– მოემზადე, სტუმრები გვყავს! – უთხრა მალხაზმა ჰამოს, რომელმაც სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ წყვილს მოჰკრა თვალი. მათ ავტომატები ეკიდათ მხრებზე, ჯამალი კი უზარმაზარ შავ სპორტულ ჩანთასაც მიათრევდა.
– ერთი ჯამალია, ამ ტერორისტების უფროსი, მეორე კი, ალბათ, პროფესორი არნო, ასე თქვა მაშინ ჯამალმა. ჩანს, გაქცევა უნდათ, – უთხრა ჰამომ მალხაზს.
გაქცეული წყვილი კიბეებზე ჩავიდა და, სანამ სარდაფში შევიდოდნენ, არნომ ჯამალს უთხრა:
– ეს ავტომატები გადავყაროთ, კარგა ხანს აღარ დაგვჭირდება. აქედან რომ გავალთ, ფსკერზე დავწვებით და გავირინდებით. მადლობა ღმერთს, ფული ბლომად გვაქვს და თავის გატანა არ გაგვიჭირდება.
– სწორია, – თავი დააქნია ჯამალმა და პროფესორთან ერთად ავტომატი კედელზე მიაყუდა, შემდეგ სპორტულ ჩანთაზე დაატყაპუნა ხელი, – ეს მილიონები კარგა ხანს გვეყოფა. ახლა საით?
– მარცხნივ, სარდაფში ჩადი. აღმოსავლეთ კედელთან საიდუმლო გვირაბია და იქიდან გავიქცევით, – უთხრა პროფესორმა ჯამალს, მაგრამ წინ ავტომატმომარჯვებული მალხაზი გადაუდგა და უთხრა:
– ვერსადაც ვერ წახვალთ! ხელები მაღლა!
– ჯამალმა ფულით გატენილი ჩანთა ძირს დააგდო და ავტომატისკენ გაიწია. მაგრამ, ჰამომ მას პისტოლეტის ტარი სთხლიშა ყბაში და იატაკზე უგონოდ დასცა. ამასობაში პროფესორის მამულში სპეცრაზმი შეიჭრა და იქაურობის დათვალიერებას შეუდგა.
მალხაზმა, რომელიც მასიურ ბოძს იყო ამოფარებული, ეზოს მიმართულებით გასძახა:
– არ ისროლოთ, ორი ტერორისტი გვყავს დაკავებული და გამოგვყავს!
ჰამომ და მალხაზმა არნო და ჯამალი ეზოში გაიყვანეს. თუმცა, თავადაც მოუწიათ იატაკზე დაწოლა, რადგან სპეცრაზმელებს ისინიც ტერორისტები ეგონათ და პოლიციის განყოფილებაში ტერორისტებთან ერთად მოუწიათ ხელბორკილდადებულებს მგზავრობა. როდესაც ყველაფერი გაირკვა და მალხაზი და ჰამო პოლიციიდან გაუშვეს, მთაწმინდელმა საათს დახედა:
– ათი საათი სრულდება. ჩემი თვითმფრინავი შვიდი საათის წინ გაფრინდა თბილისში. რა გაეწყობა, გამგზავრებას ხვალისთვის გადავდებ. ახლა კი სასტუმროში წავალ, რომ ცოტა წავიძინო.
მალხაზს გაეცინა:
– რის სასტუმრო? ჩემთან წამოდი. როდის იყო, რომ ქართველის სტუმარი სასტუმროში მიდიოდა ღამის გასათენებლად? განა ასე არაა? ქართველები არ ვართ?
– მასეა, მასე. მაგრამ, შენ არ ამბობდი დილით, რომ ქართველი ბაბუაჩემი იყოო?
– ვცდებოდი, ძმაო. როგორც ჩანს, ჩემში სისხლმა იყივლა და მივხვდი, რომ მეც ქართველი ვარ. ახლა კი წავედით, ჩემი მეუღლე გველოდება და, როგორც ტელეფონში მითხრა, გემრიელი ვახშამი მოგვიმზადა...
***
ჰამო მეორე დღეს გაემგზავრა თბილისში. საღამოს 6 საათი სრულდებოდა, როდესაც ყველა ფორმალობა გაიარა და ტაქსების გაჩერებასთან მივიდა, შავ ბეემვეში“ ჩაჯდა და მძღოლს უთხრა:
– ვაკეში, უფროსო!
– ვაკე, ტაკ ვაკე!.. – თქვა მძღოლმა, მანქანა დაქოქა, ადგილიდან დაძრა და ჰამოს უთხრა, – დიდი შარიანი უბანი კია ეს ვაკე.
– შარიანი? – გაიმეორა ჰამომ, – რატომ?
– რა ვიცი, აბა, – მხრები აიჩეჩა ბეემვეს“ მძღოლმა, – სულ რაღაც რაზბორკებია, ვიღაცას ბრიდავენ, ჭრიან... ერთი საათის წინაც იქ ვიყავი და ერთი ამბავი იყო.
ტაქსის მძღოლის სიტყვები ჰამოს ცუდად ენიშნა. გული აუჩქარდა და ცუდმა წინათგრძნობამ შეიპყრო, მაგრამ მღელვარება დაიოკა და მძღოლს ჰკითხა:
– სად?
– რა სად? – ვერ მიხვდა მძღოლი და ჰამოს გაოცებით გამოხედა, რომელსაც სახე გაჰფითრებოდა, – რაზე მეკითხები?
– აი, რომ ამბობდი, ვაკეში ერთი ამბავი იყოო. სად და რა მოხდა?
– ვაკის პარკთან რომ ბაითებია, იქ რაღაც პერესტრელკები მომხდარა და ვიღაც ფეხმძიმე ქალი ნიტო მოუკლავთ, ნიტო დაუჭრიათ.
მძღოლის სიტყებმა ჰამოს საბოლოოდ დააკარგვინა წონასწორობა. ის მიტკალივით გაფითრდა და მძღოლს ხმის კანკალით ჰკითხა:
– მობილური გაქვს?
მძღოლმა უხმოდ მიაწოდა ჰამოს ტელეფონი:
– აი, ძმაო, დარეკე!
ჰამომ ჯერ სოფის დაურეკა, შემდეგ პეტიკოს, მაგრამ ორივეს ტელეფონი გათიშული იყო. შემდეგ სახლშიც დარეკა, და არც იქ უპასუხეს. ამან ჰამო საბოლოოდ გამოიყვანა წყობიდან და მძღოლს უბრძანა:
– ჩქარა, სისწრაფეს მოუმატე!
მძღოლმა უსიტყვოდ შეასრულა ჰამოს ბრძანება, სისწრაფეს უმატა და თხუთმეტ წუთში პეტიკოს სახლთან გაჩნდა, სადაც საპატრულო მანქანები იდგა და უამრავი პოლიციელი ირეოდა.
– დამელოდე და არსად წახვიდე! – უთხრა ჰამომ ტაქსისტს, შემდეგ მანქანიდან გადავიდა, პოლიციელებთან მივიდა და ერთ-ერთ მათგანს ჰკითხა:
– რა მოხდა, კაპიტანო?
– არაფერი, მოქალაქევ, გაიარეთ, – უთხრა პოლიციის კაპიტანმა ჰამოს და ხელით ანიშნა, რომ გზა გაეგრძელებინა.
– რა არაფერი, აბა აქ რა გინდათ?
– თქვენი საქმე არაა, გაიარეთ!
– ეს ჩემი სახლია და აქ ვცხოვრობ.
– პოლიციელმა ჰამო აათვალიერ-ჩაათვალიერა. შემდეგ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ კაცთან მივიდა და მოახსენა:
– ბატონო მიხეილ, ეს კაცი ამბობს, რომ ამ სახლში ცხოვრობს და გაარკვიეთ.
ბატონმა მიხეილმა ჰამო შეათვალიერა და ჰკითხა:
– მართლა აქ ცხოვრობთ თუ ჟურნალისტი ხართ?
– რის ჟურნალისტი, მართლა აქ ვცხოვრობ. თქვენ, ალბათ, გამომძიებელი ხართ. მითხარით, რა მოხდა, თორემ გული წამივა ნერვიულობისგან.
– დიახ, გამომძიებელი ვარ და მოკვლევას ვაწარმოებ. თქვენი სახელი?
– ჰამო. მითხარით, რა მოხდა?
– საათ-ნახევრის წინ აქ სროლა იყო. ჯერჯერობით დაუდგენელი პირები სახლში მყოფ ახალგაზრდა კაცს და ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალს დაესხნენ თავს. კაცი მხარშია დაჭრილი, ქალი კი – ტანში.
– ტანში? – აღმოხდა ჰამოს და ცივმა ოფლმა დაასხა. შემდეგ წაბარბაცდა და გვერდით მდგომ ბეემვეს“ მძღოლს რომ არ შეეშველებინა ხელი, მთაწმინდელი მოწყვეტით დაეცემოდა.
– ტანშია დაჭრილი, მაგრამ ცოცხალია, – უთხრა გამომძიებელმა ჰამოს, – თქვენ ვინ ბრძანდებით?
– მეუღლე ვარ, მეუღლე! სად წევს სოფი?
– ღუდუშაურის კლინიკაში წევს ორივე, მაგრამ, ჯერ უნდა დაგკითხოთ, – უთხრა გამომძიებელმა ჰამოს, რომელმაც ხელი აუქნია, შემდეგ ბეემვეს“ მძღოლთან ერთად ტაქსიში ჩაჯდა და საავადმყოფოში გაქანდა.
ბეემვეს“ საჭეს თავად ჰამო უჯდა. ის შეშლილივით მიაქანებდა მანქანას და სულ რაღაც ექვს წუთში მივიდა საავადმყოფოსთან. შემდეგ მიმღებში შევიდა და პეტიკოსა და სოფის ადგილსამყოფელი იკითხა.
– ფეხმძიმე გოგონას ტყვიამ მუცელში გაუარა, მაგრამ ნაყოფს არ შეხებია და ახლა ქირურგიულ განყოფილებაში ექიმი ათვალიერებს. თუმცა, შეიძლება, სამშობიაროდაც კი აიყვანეს – უთხრა ჰამოს ახალგაზრდა რეგისტრატორმა გოგონამ, შემდეგ ყურმილს დახედა და ჰამოს გაუღიმა, – ახლავე გაგირკვევთ.
სოფი სამშობიარო განყოფილებაში აღმოჩნდა. იქ მისულ ჰამოს უთხრეს, რომ მშობიარობის პროცესი მიმდინარეობდა და უნდა დაეცადა.
– დამშვიდდი, შვილო, – უთხრა ჰამოს ხანში შესულმა სანიტარმა ქალმა, – კარგი ექიმები გვყავს და ქალიც კარგად იქნება და ბავშვიც.
ჰამომ ჯიბეები მოიჩხრიკა და, სიგარეტი რომ ვერ აღმოაჩინა, ტაქსისტს გამოართვა და გააბოლა, თან ბოლთას სცემდა და ფიქრობდა, ვის შეეძლო გაემეტებინა ფეხმძიმე ქალი სასიკვდილოდ. ხუთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც დერეფანში პეტიკო გამოჩნდა. მას მკვდრის ფერი ედო და მარცხენა მხარი შეხვეული ჰქონდა. იგი ოციოდე ნაცნობ-მეგობრის გარემოცვაში მოაბიჯებდა. ჰამო რომ დაინახა, მისკენ გაქანდა და ანთებული თვალებით ჰკითხა:
– სოფი როგორაა?
– ამშობიარებენ. შენ როგორ ხარ?
– მე რა საკითხავი ვარ. ნეტავ ცუდი არაფერი მოხდეს, – თქვა პეტიკომ და სიგარეტი გააბოლა, – ღმერთო, სოფი და ბავშვი გადამირჩინე და თუ გინდა, ახლავე მომკალი.
დერეფანში ხანში შესული სანიტარი გამოვიდა, ჰამოს ღიმილით მიუახლოვდა და უთხრა:
– გილოცავ, შვილო, ვაჟკაცი შეგეძინა! ჯანმრთელია და არაფერი უჭირს. დედაც კარგადაა და ახლა სძინავს. თუმცა, აი, ექიმი მოდის და იმას დაელაპარაკეთ.
ჰამომ მახარობელს ასლარიანი აჩუქა. შემდეგ ექიმს გამოელაპარაკა და შეიტყო, რომ სოფის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა ორგანოების დაზიანების გარეშე და გამოჯანმრთელებას სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდებოდა.
– ნუ ღელავთ, ახალგაზრდავ, ყველაფერი რიგზე იქნება! ახლა თქვენს მეუღლეს სძინავს. მუცლის ღრუ გაწმენდილი აქვს, ინფექციის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ცალკე პალატაში გვიწევს, რეანიმაციაში და, იმედია, 24 საათის მერე წვეთოვნებიც არ დასჭირდება. ბავშვიც მშვენივრადაა და მაქსიმუმ ორ კვირაში შეგიძლიათ წაიყვანოთ.
– ნახვა როდის შეიძლება?
– ბავშვსაც და დედასაც დილით განახვებთ. ახლა კი შეგიძლიათ, წახვიდეთ და დაისვენოთ.
ჰამომ მეფურად დაასაჩუქრა ექიმი და უთხრა:
– მე ახლა ამის თავი არ მაქვს, თან თქვენ უკეთ იცით, ვის რამდენი ეკუთვნის და უპატივცემულოდ ნურავის დატოვებთ.
– მაგაზე ნუ იღელვებთ, ახალგაზრდავ. ყველაფერი რიგზე იქნება. ახლა კი ავადმყოფებს უნდა მივხედო, – უთხრა ექიმმა ჰამოს, ხელი ჩამოართვა და წავიდა.
ჰამო პეტიკოს მიუბრუნდა:
– ხომ გაიგონე, რა თქვა? მადლობა ღმერთს! ახლა ის მითხარი, რა მოხდა?
– ზუსტად არც მე ვიცი, – მხრები აიჩეჩა პეტიკომ, – წამოდი, ჩემს პალატაში წავიდეთ და იქ ვიბაზროთ.
პეტიკო კლინიკის სუპერლუქს პალატაში იწვა, რომელსაც შინაურულად პრეზიდენტის აპარტამენტებს“ უწოდებდნენ. რადგან საჭიროების შემთხვევაში იქ პრეზიდენტი უნდა მოეთავსებინათ. ჰამო და პეტიკოს ამალა პალატაში შევიდნენ, მაგრამ ამალამ პეტიკოს თხოვნით მალევე დატოვა იქაურობა და დერეფანში განლაგდნენ. პეტიკო საწოლზე წამოწვა, გააბოლა და ჰამოს უთხრა:
– ბეწვზე ვართ გადარჩენილები. ისეთ სროლაში მოვყევით მე და სოფი, რომ ახლა საცრებივით დახვრეტილები უნდა ვიყოთ, მაგრამ, გადავრჩით.
– მადლობა ღმერთს. მაინც, რა მოხდა?
– მე და სოფი ზალაში ვისხედით და სამსაათიან კურიერს ვუყურებდით. რეკლამის დროს აივანზე გავედი, რომ სიგარეტი მომეწია. ამ დროს ეზოში ოთხი ავტომატჩიკი შევნიშნე, რომლებიც აივანზე ამოდიოდნენ. მე სახლში შევვარდი და ავტომატის დათრევა მინდოდა, მაგრამ ამ დროს ისეთი ცეცხლი გაგვიხსნეს, რომ მაგიდის ქვეშ შევაგდე სოფი, მე ზემოდან გადავეფარე და პისტოლეტი გავაძრე. ის ნაბოზრები გლუშიტელიანი ავტომატებიდან ისროდნენ და ხმა არ ისმოდა. მე რომ პისტოლეტიდან მივუშვი, სწორედ ამან გადაგვარჩინა. მთელი აბოიმა დავაცალე და ისეთი ხმაური ავტეხე, რომ ოთახში აღარ შემოვიდნენ, თანაც, ალბათ, იფიქრეს, მკვდრები იქნებიანო და გაიქცნენ. თუმცა, სოფის ერთი ტყვია მაინც მოხვდა და ერთიც – მე.
– სახეზე თუ იცანი ვინმე?
– ვინ უნდა მეცნო, სიფათები მაქსიმალურად შენიღბული ჰქონდათ. სათვალე ეკეთა ყველას და, ალბათ, პარიკებიც.
– კი მაგრამ, შეუმჩნევლად როგორ შემოვიდნენ ეზოში?
– სამივე ძაღლი დაბრიდეს. როგორც ეტყობა, კარგად მოემზადნენ, მაგრამ მაინც იაღლიში მოუვიდათ.
– შენ რას ფიქრობ, ვინ უნდა იყვნენ?
პეტიკომ მხრები აიჩეჩა:
– მიუხედავად იმისა, რომ გულზე ბევრს არ ვეხატებით, წარმოდგენა არ მაქვს, ვის უნდა გავემეტებინეთ ასე.
– იფიქრე, იფიქრე, პეტიკო. ამ ამბის ასე დატოვება არ შეიძლება. აუცილებლად უნდა გავაიასნოთ“ და საკადრისი მივუზღათ, თორემ ისევ მოგვადგებიან.
– ახლა უკვე გაუჭირდებათ ჩვენთან მოახლოება. ბრძანება გავეცი და ყველგან ჩვენი ხალხი მორიგეობს. თუ ვინმე საეჭვო შენიშნეს, ააგდებენ და დააკაჩავებენ.
– არ მგონია, რომ ახლა ვინმე გამოჩნდეს, თუმცა სიფრთხილე მაინც გვმართებს. თანაც, აუცილებლად უნდა გავიგოთ, ძაღლის თავი სადაა დამარხული.
– გავიგებთ, ჰამო, აუცილებლად გავიგებთ. მთავარია, სოფი და ბავშვი იყვნენ კარგად.
კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში ჰამოს ნაცნობმა გამომძიებელმა შემოჰყო თავი:
– შეიძლება?
– შემობრძანდით!
გამომძიებელი პალატაში შევიდა, პეტიკოს წინ მოკალათდა და უთხრა:
– ექიმმა მითხრა, რომ თქვენი დაკითხვა შეიძლება. ამიტომ, ჩვენება უნდა ჩამოგართვათ, – შემდეგ ჰამოს მიუბრუნდა: – თქვენც უნდა დაგკითხოთ და, თუ შეიძლება, დერეფანში გაბრძანდით და დამელოდეთ.
ჰამოს ყურადღებაც არ მიუქცევია გამომძიებლის სიტყვებისთვის, სიგარეტს მოუკიდა, ფანჯარასთან მივიდა და გააბოლა. პეტიკომ კი ირონიულად ჩაიცინა და გამომძიებელს ჰკითხა:
– უკაცრავად, თქვენი სახელი?
– მიხეილი.
– ძალიან კარგი, ბატონო მიხეილ, ახლა კი, ჩემი თხოვნაა, აქედან მიბრძანდეთ. დღეს ძალიან მძიმე დღე მქონდა და თქვენთან საუბრის სურვილი არ მაქვს.
გამომძიებელი ადგა და ცივად დატოვა პალატა-ლუქსი. ჰამომ ოთახში გაიარ-გამოიარა და ცოლისძმას უთხრა:
– მიდი, პეტიკო, მიდი. გონება დაძაბე და დაფიქრდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თორემ, ის არ მოისვენებს და, რაც უნდა დაცვა დაიყენო, შენს მოკვლას მაინც შეეცდება. ერთი სიტყვით, უნდა დავასწროთ. მაგრამ, ეს რომ გავაკეთოთ, უნდა ვიცოდეთ, ვინაა ჩვენი მტერი.
– წარმოდგენა არ მაქვს, – ჩაფიქრდა პეტიკო, – სულ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვხვდები, ვის უნდა გავემეტებინე ასე.
– გაიხსენე, ვინ გყავს მტერი.
– მტრების მეტი რა გვყავს, მაგრამ ასეთი გადაკიდებული – არავინ.
– წარსულში? იქნებ წარსულიდან ამოტივტივდა ვინმე?
– არა, ჰამო, არა, – თავი გააქნია პეტიკომ, – დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი ჩემი მტერი ამდენს ვერ გაბედავდა. დიდი-დიდი მწარედ დამწყევლონ და სიკვდილი მისურვონ, ან, უკიდურეს შემთხვევაში ანონიმურად მიჩივლონ პოლიციაში, მაგრამ მშვენივრად იციან, რომ ფეხებსაც ვერ მომჭამენ.
– აბა, რა გამოდის?
– გამოდის ის, რომ ვიღაც წინასწარ გვიშორებს თავიდან და, სავარაუდოდ, ჩვენი ადგილის დაკავება უნდა. აი, ეს კი მართლა შეიძლება, რომ რომელიმე ჩვენი მტრის ნაჩორტავები იყოს, მაგრამ ვისი, რას გაიგებ?
– საკმაოდ ჭკვიანური ვერსიაა, მაგრამ ვინ შეიძლება იყოს?
– ამას დრო გვიჩვენებს. თუ მე სწორად ვვარაუდობ, მაშინ ის უცნობი კვლავ შეეცდება თავის გამოჩენას და გავშიფრავთ.
– ძალიან საშიშია. ჯობდა, ჩვენ მოგვეკითხა და ჩვენვე მოგვეყომარებინა. უბრალო ვინმე არ ჩანს. რადგან ამდენი გაბედა, არ მოისვენებს და თავდასხმის გამეორებას შეეცდება.
– რას იზამ, ჰამო, ასეთი ცხოვრება ავირჩიეთ და ხიფათი მუდამ თან სდევს მას. ხომ გახსოვს – ასეთია ქურდი კაცის ბედი, ფათერაკი მუდამ თან სდევს უკან“... – წაიმღერა პეტიკომ, ჰამოს ხელი მოუთათუნა მხარზე და გააბოლა, თან თქვა, – ალბათ, მართლა მასეა, როგორც მე ვფიქრობ, ვიღაც ჩვენი ადგილის დაკავებას ცდილობს და ამისთვის ჩვენი თავიდან მოშორებაა საჭირო. ერთი სიტყვით, თავს უნდა გავუფრთხილდეთ და ჩვენი მტრები გავშიფროთ.
– ტელეფონი რეკავს, – უთხრა ჰამომ პეტიკოს და მობილური მიაწოდა.
– ვიღაც უცხოა, – თქვა პეტიკომ, ტელეფონს რომ დახედა, შემდეგ გაშალა და უპასუხა – გისმენთ.
– წესით, შენ ახლა მორგში უნდა ეგდო, მაგრამ ჯერჯერობით გადარჩი. თუმცა, შენი დაბრედვა დროის ამბავია! – მოესმა პეტიკოს.
– ეს საქმე დასწრებაზეა და მორგში გდება შენ არ აგცდება. შენი შანსი გაუშვი, ახლა ჩემი ჯერია.
– რაც მართალია, მართალია. დღეს გაგიმართლა, მაგრამ კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს.
– გეთანხმები და ჩათვალე, რომ შენი გაბზარული კოკა სულ მალე დაიფშვნება.
უცნობ მამაკაცს, რომელსაც ბოხი ხმა ჰქონდა, გულიანად გაეცინა და პეტიკოს უთხრა:
– პასუხის გაცემისას არ იბნევი და გეტყობა, არც მაინცდამაინც შეშინებული უნდა იყო. მოკლედ, მაგარი ვინმე ჩანხარ და, რომ გაგაგორებ, უფრო მეტად ვიამაყებ ამით.
******
– როგორ არ შემეშინდა. ჩემი და რომ დაიჭრა, ვიფიქრე, მოკვდა-მეთქი და შიშმა ამიტანა. თუ ჩემთან გაქვს საქმე, ქალს რას ერჩოდი?
– ეგ შემთხვევითობაა და მაგისთვის ბოდიშს გიხდი. გულწრფელად ვნანობ ამას და, მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. დისშვილის შეძენას გილოცავ, თუმცა ეგაა, რომ ბიძის გარეშე მოუწევს გაზრდა. მაგრამ, გპირდები, არაფერს დავუშავებ. სხვათა შორის, ჩემი გორილები მაგრად შევახურე იაღლიშისთვის და გპირდები, რომ მომავალში მხოლოდ შენ მოგხვდება მათი ტყვიები.
– ვნახოთ, ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს.
– დრო ფულია და მეც სწორედ მანდ ვარ. დრო ახლა ჩემთვის ის ფულია, რომელიც სულ მალე ჩემს ჯიბეებში გადაინაცვლებს, შენთვის კი – საიქიოსკენ მიმავალი გზა.
– დრო ყველასთვის საიქიოსკენ მიმავალი გზაა და ზოგი ამას დიდხანს ანდომებს, ზოგიც – მცირეს.
– შენ ამისთვის მცირე დრო დაგჭირდება.
– ვნახოთ.
უცნობმა კვლავ გადაიხარხარა და პეტიკოს უთხრა:
– მართლა მაგარი ვინმე ხარ. მომწონს შენი ასეთი სიმტკიცე და ისიც, რომ არ მეკითხები, თუ რატომ გერჩი.
– ამას რა კითხვა უნდა? როგორც გეტყობა, შენი მოკლე ჭკუით თავი ლაკი ლუჩანოდ ჩათვალე, თბილისი კი გასული საუკუნის ნიუ-იორკსა და ჩიკაგოს გინდა დაამსგავსო. საკუთარი თავი ბოსი გგონია და ზღვარს გადახვედი, მაგრამ აქ ამერიკა არაა და შენი დიდი იაღლიშიც ამაშია.
– ჰო, მართლა, ამერიკის ხსენებაზე: შენი სიძე მომიკითხე, ჰამო. როგორი დრო გაატარა შტატებში? ასე შორს რამ წაიყვანა დასასვენებლად, ან, რა დროს დასვენება იყო, როცა სოფის უნდა ემშობიარა? თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ის იქ სულ სხვა საქმეზე იყო და არა დასასვენებლად.
– ძალიან ცნობისმოყვარე ხარ და, ხომ იცი, შენნაირებს რა ემართებათ?
– ვიცი, ვიცი, მაგრამ შენ ასეთ სიამოვნებას არ მოგანიჭებ.
– ნუ ვიჩქარებთ. მით უმეტეს, რომ შენ იაღლიში მოგივიდა, ზამასკაში ვარ და აბაროტი ჩემზეა. შეცდი, რომ დამიპირისპირდი. ჯობდა, სხვანაირად გეცადა, მაგრამ, გეტყობა, რომ მაქსიმალისტი ხარ და ეგ დაგღუპავს.
– მადლობა რჩევისთვის. ახლა კი მშვიდობით. მეეჭვება, რომ ამ ცხოვრებაში ცოცხალი შემხვდე. აბა, ჯოჯოხეთში შეხვედრამდე!
– ნუ ვიჩქარებთ. ამქვეყნად ყველაფერი ხდება. ნახვამდის. იმედი მაქვს, რომ გნახავ.
– ღმერთმა იმედი ნუ მომიშალოს და ვიცი, რომ გნახავ, მაგრამ ხის ყუთში მწოლიარეს, – უთხრა პეტიკოს უცნობმა და ტელეფონი გათიშა.
პეტიკომ ტელეფონი დაკეცა და კომოდზე დადო. შემდეგ ჰამოს მიუბრუნდა და უთხრა,
– აი, ხომ ვამბობდი, ვიღაც ნაბოზარს ჩვენი ადგილის დაკავება უნდა და ეს თავდასხმა იმიტომ მოაწყო.
– რისთვისღა გირეკავდა?
– ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა უნდოდა, თან, აინტერესებდა, რა მასტი ვარ. როგორც ეტყობა, უბრალო ვინმე არ უნდა იყოს, შემთხვევით არ გაუმართლა.
– კიდევ კარგი, რომ არ გაუმართლა, – თავი გააქნია ჰამომ, – თორემ ახლა საიქიოში ვიქნებოდით.
– შენ რაღაც სხვანაირად გახსენებდა, მგონი, შენი მოკვლა არც უნდა. თუ სწორად ვიგრძენი, შენ მას ცოცხალი სჭირდები.
– ცოცხალი?
– კი, ნამდვილად. ჩვენი, ჯერჯერობით უცნობი მტერი, როგორც ეტყობა, მსხვილ თამაშს გეგმავს მომავლისთვის და შენ იმიტომ სჭირდები, რომ ინფორმაცია გამოგტყუოს.
– როგორ უნდა გამომტყუოს, ბავშვი ხომ არ ვარ, რომ კანფეტით მომთაფლოს? – მხრები აიჩეჩა ჰამომ.
– როგორ და წამებით.
– წამებით?
– ჰო, წამებით, – თავი დააქნია პეტიკომ, – ახლა მივხვდი ამას. იმ უცნობმა ნაბოზარმა ყველაფერი კარგად გათვალა, უბრალოდ, არ გაუმართლა.
ჰამომ სიგარეტი გააბოლა და ცოლისძმას უთხრა:
– რაღაც ვერ ვხვდები და კარგად გამიიასნე ყველაფერი.
პეტიკომ პალატაში გაიარ-გამოიარა და თქვა:
– ჩემის აზრით, ეს უცნობი ჩემი მოკვლის მერე შენს მოტაცებას გეგმავდა, აინტერესებდა, რა მიზნით იყავი იქ. როგორც მისი საუბრიდან მივხვდი, ის საკმაოდ ინფორმირებულია. ზოგ რამეს, შეიძლება, თავადაც ხვდება, მაგრამ ყველაფერი არ იცის. ამიტომ, ჩერეზ შენგან უნდა საქმის კურსში ჩადგომა და, როცა ყველაფერს გამოგწოვდა, შენც ჩემს გზას გაგიყენებდა. აშკარაა, რომ საერთაშორისო არხებზე უნდა გასვლა და ყველაფერი სწორი თანმიმდევრობით დაგეგმა. ასე რომ, შენც დიდი დარტყმის ქვეშ ხარ და თავს უნდა გაუფრთხილდე.
ჰამომ ღრმად ამოისუნთქა, მორიგი სიგარეტი გააბოლა და პეტიკოს უთხრა:
– დღე არ გაივლის, რომ ხათაბალაში არ გავეხვიოთ. ასეთი ცხოვრების დედაც! არ ჯობდა, მხატვარი გამოვსულიყავი, მოლბერტით ქუჩა-ქუჩა მევლო და მეხატა?!
– ახლა უკვე გვიანაა, – გაეცინა პეტიკოს, – ჩვენთვის ასეთი ცხოვრება წარსულს ჩაბარდა და ამაზე მხოლოდ ოცნებაღა შეგვიძლია. თუმცა, ეს ისეთივე შეუსრულებელი რამაა ჩვენთვის, როგორც უფეხო კაცისთვის – ფეხბურთის თამაში.
– სამწუხაროდ, მასეა, – თავი დააქნია ჰამომ.
– მოკლედ, ასე, ჩემო ძმაო, – სერიოზული სახით თქვა პეტიკომ, – ჩვენი ბიჭები მობილიზებულები არიან და აქ არავის მოუშვებენ. გირჩევ, დროებით მაინც შეზღუდო გადაადგილება. მაგრამ, თუ სადმე წახვალ, ოთხი-ხუთი მცველი თან წამოგყვება.
– როგორც პრეზიდენტს, არა? – ჩაეცინა ჰამოს.
– რას იზამ, ძმაო, – მხრები აიჩეჩა პეტიკომ, – არც მე მევასება, რომ ყველა აქ შემომსვლელს ჩვენი ბიჭები ჩხრეკენ, მაგრამ ასე სჭირდება საქმეს და წესს უნდა დავემორჩილოთ.
– სოფის პალატასთან თუ დააყენე ხალხი?
– რა თქმა უნდა. იმ ნაბოზარმა კი მოიბოდიშა სოფის დაჭრის გამო, მაგრამ ისეთი გნიდა ჩანს, რომ გასაკვირი არაა, სოფი მოიტაცოს ჩვენი დაშანტაჟების მიზნით.
– მასე ფიქრობ? – გაფითრდა ჰამო.
– გამორიცხული არაფერია.
– ერთი გაბედონ! ვინც ამას დააპირებს, პირადად გავაცამტვერებ!
– დამშვიდდი, დამშვიდდი, – პეტიკომ მხარზე მოუთათუნა ხელი ჰამოს, – სოფისთან სერიოზული ხალხი მორიგეობს და შენი იქ ყოფნა საჭირო არაა. შენ ახლა სახლში წადი და დაისვენე. თუ საჭირო გახდი, დაგირეკავ.
– აქ რომ დავრჩე?
– სად აქ?
– შენთან, პალატაში. აქვე მოვთავსდები ტახტზე, თან სოფისთან უფრო ახლოს ვიქნები.
– თუ გინდა დარჩი, მაგრამ, მე მგონი, სახლში დაბრუნება ჯობია. ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია, იტყვიან, შეშინდნენ და საავადმყოფოს შეეკედლენო. თუმცა, ეს შენი გადასაწყვეტია და როგორც გინდა, ისე მოიქეცი.
– კარგი, სახლში წავალ. მართალი ხარ, – თქვა ჰამომ, – მტრებს ნუ გავაცინებთ და ნუ ვათქმევინებთ, ფარჩაკები არიანო.
ჰამო წასასვლელად გაემზადა და კარისკენ გაემართა, მაგრამ, პალატაში პეტიკოს საყვარელი ძაღლი, პიტი, მეტსახელად რემბო“ შემოვიდა, რომელიც ერთ-ერთმა მცველმა პეტიკოს თხოვნით მოიყვანა. რემბო“ ჯერ ჰამოს მიელაქუცა, შემდეგ პეტიკოსკენ გაქანდა და ლოკვა დაუწყო. პალატაში ახალგაზრდა, თეთრხალათიანი მამაკაცი შემოვიდა, იქ მყოფებს მიესალმა, პეტიკოს სითხით სავსე ჭიქა მიაწოდა და უთხრა:
– აი, ბატონო პეტრე, ეს წამალი უნდა მიიღოთ. ეს სითხე ჭრილობების შეხორცებას უწყობს ხელს და რამდენიმე დღეში ვერაფერს ვეღარ იგრძნობთ.
პეტიკომ ექიმს ჭიქა გამოართვა და პირისკენ წაიღო, მაგრამ მას რემბო“ შეახტა და შემთხვევით დააღვრევინა. ძაღლმა პატრონს დამნაშავესავით შეხედა და ერთგულების ნიშნად ხელი აულოკა, რომელზეც პეტიკოს წამალი ჰქონდა გადასხმული. ექიმი შეცბა და თვალებში შიში გაუკრთა. მაგრამ არ შეიმჩნია, კარისკენ დაიძრა და პეტიკოს უთხრა:
– წავალ, ახალს მოვიტან.
პეტიკომ ექიმს გაუღიმა და თავი დაუქნია. მაგრამ მზერა რემბოზე“ გადაიტანა, რომელმაც ენა გადმოაგდო, იატაკზე გაგორდა, პირიდან ქაფი გადმოუვიდა და სული განუტევა.
ამ სცენის შემხედვარე პეტიკო და ჰამო ერთდროულად გაფითრდნენ. შემდეგ, ჰამო გარეთ გაიჭრა, დერეფანში გაქცეულ ექიმს დაეწია, საყელოში ჩაავლო ხელი, პალატა-ლუქსში შეათრია, იატაკზე დააგდო, ყელზე წიხლი დააჭირა და უთხრა:
– მოწამლული სითხე მოიტანე, შე ნაბოზარო?
ახალგაზრდა ექიმი მახეში გაბმული კურდღელივით აკანკალდა და ჰამოს უთხრა:
– მაპატიეთ!..
– რა გაპატიოთ, შე ნაბოზარო, შემთხვევითობას რომ არ ეხსნა, პეტიკო ახლა მკვდარი იქნებოდა.
– ჩემი ბრალი არაა, – ალუღლუღდა ექიმი.
– აბა, ვისი ბრალია? – ჰამომ ყელზე წიხლი დააჭირა ექიმს, – თქვი, ვისი!
– ვერ გეტყვით!..
– ვერ მეტყვი და წამებით მოგკლავ!
– მომკალით, მაინც ვერ გეტყვით, – იმეორებდა ექიმი.
ჰამომ ცხვირსახოცი იატაკზე დაღვრილ საწამლავში ჩააწო. შემდეგ დაიხარა და იატაკზე გაგორებულ ექიმს ნელ-ნელა მიუტანა პირთან და უთხრა:
– თქვი, თორემ პირში ჩაგტენი ამ ცხვირსახოცს და რემბოსავით“ ჩაგაძაღლებ.
ექიმს თვალები ჰქონდა გადმოკარკლული, მაგრამ არ განძრეულა და უხმოდ ელოდა განაჩენის აღსრულებას.
პეტიკომ, რომელმაც ხელები საპნით დაიბანა და საწამლავი მოიშორა, ჰამოს ხელით ანიშნა, გაჩერებულიყო, შემდეგ ექიმი წამოაყენა, სავარძელში ჩასვა და უთხრა:
– ვინ ხარ?
– ექიმი ნიაზ კორძაძე, აქ ვმუშაობ და ცვლაში ამ საღამოს გამოვედი.
– თუ აქაური ხარ და ვერსად დაგვემალებოდი, ჩემი მოწამვლა რამ გადაგაწყვეტინა?
– მეტი გამოსავალი არ მქონდა, – ამოილუღლუღა კორძაძემ.
– მაგას მეც ვხვდები. ახლა კი გვითხარი, ვინ გამოგატანა ჩემთან საწამლავი!
– ვერ გეტყვით, გამიგეთ, ვერ გეტყვით! ამას ჯობია, აქვე მომკლათ!
– ცოლ-შვილი გყავს?
ცოლ-შვილის ხსენებაზე ექიმ კორძაძის დაბეჩავებული მზერა რადიკალურად შეიცვალა. მან კოპები შეკრა, წამოიმართა და პეტიკოს მყივანი ხმით უთხრა:
– ჩემი ცოლ-შვილი რაში გჭირდებათ?
– ესე იგი, გყავს, – თავი დააქნია პეტიკომ, – როგორც ეტყობა, ცოლ-შვილის დახოცვით დაგემუქრნენ და ასეთი ნაბიჯი ამიტომ გადადგი.
– უარესი, – ამოიხვნეშა კორძაძემ.
– უარესი რაღაა?
– ჩემი 6 წლის ილიკო წაიყვანეს და მითხრეს, თუ არ მოგწამლავდი, ჩემს შვილს ცოცხლად დაწვავდნენ.
– გასაგებია, – თავი დააქნია პეტიკომ, – ახლა ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და ყველაფერი რიგზე იქნება.
– კი მაგრამ, როგორ?
– პირველ რიგში, უნდა დამშვიდდე და ჩემს კითხვებზე ზუსტად მიპასუხო, არაფერი დამიმალო და ყველაფერი კარგად იქნება.
– გისმენთ, მე მზად ვარ ყველაფერზე გულწრფელი პასუხი გაგცეთ!
პეტიკომ ნიაზ კორძაძეს საუცხოო კონიაკი დაუსხა, დაალევინა და უთხრა:
– ჯერ ის მოყევი, შვილი როგორ მოგტაცეს.
– ამ სამი საათის წინ ვიღაცამ კარზე დამიკაკუნა და მითხრა, გაზის ხალხი“ ვართო. რომ გავუღე, ბინაში ოთხი ადამიანი შემოვარდა, ბავშვი მაშინ გაკოჭეს და წაიყვანეს, მე კი ორი ტაბლეტი საწამლავი მომცეს და მითხრეს, რომ თუ არ მოგკლავდი, ჩემს შვილს მოკლავდნენ.
– სად ცხოვრობ?
– გლდანში.
– სახეზე იცნობ გამტაცებლებს?
– ვიცნობ.
– რა გითხრეს, როდის დაგიბრუნებთო ბავშვს?
– როგორც კი გავიგებთ, რომ შენი მისია შეასრულეო. დაგირეკავთ და გეტყვით, ბავშვი სად იქნებაო.
– მაგარი შენძრეულები ჩანან, – თავი გააქნია ჰამომ და პეტიკოს მიმართა, – პირდაპირ კონტაქტზე აღარ გამოვლენ და ასე იოლად ვერ მოვიხელთებთ.
– აბა, რა უნდა ვქნათ? – ატირდა ნიაზ კორძაძე, – ის ნაძირლები ჩემს ილიას მოკლავენ.
– დამშვიდდი, – უთხრა პეტიკომ ექიმს, – ერთი ვარიანტი უნდა ვცადოთ და, თუ არ გამოვიდა, მაშინ ჩემს სიკვდილს გავითამაშებთ, გავაბაზრებთ, რომ მკვდარი ვარ და შვილს დაგიბრუნებენ.
– რა ვარიანტი?
– რა და, ალბათ, სულ ცოტა ხანში დაგირეკავენ და გკითხავენ, რა ქენიო. შენ კი ეტყვი, რომ მღელვარებისგან ორივე ტაბლეტით გაზავებული სითხე გაგიტყდა და ახალს მოსთხოვ. თუ გითხრეს, მოგიტანთო, ხომ კარგი, დავიჭერთ, ხოლო თუ გითხრეს, სადმე დავტოვებთ და მიდი, აიღეო, უთხარი, რომ საავადმყოფოდან ვერ გახვალ და აქ მოგიტანონ. გასაგებია?
– გასაგებია, – თავი დააქნია ექიმმა.
***
პეტიკოს ვარაუდი გამართლდა და, სულ რაღაც, ერთი საათის მერე ახალგაზრდა ექიმის მობილურმა დარეკა. კორძაძემ მობილური გაშალა და უპასუხა:
– გისმენთ!
– რა ქენი, შეასრულე შენი მისია? – მოესმა კორძაძეს უხეში ხმა.
– ვერა.
– ვერა? მაშინ შენს ილიას დაემშვიდობე!
– არა, არა! თქვენ ვერ გამიგეთ! უბრალოდ, ისე ვღელავდი, რომ სითხე დამეღვარა. ტაბლეტებს თუ მომაწვდით, ყველაფერი დღესვე რიგზე იქნება!
– რამეს ხომ არ გვატყუებ?
– რა, გიჟი ვარ? თუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ვიღაც ნაძირალა ჩემს შვილზე მეტად მიყვარს?
– კარგი, კარგი, ტაბლეტებს მოგაწვდით, მაგრამ, იცოდე, თუ რამეს გვატყუებ, შენს შვილს საშინლად გავუსწორდებით.
– არ გატყუებთ, ტაბლეტები მომიტანეთ და ჩემს მისიას შევასრულებ.
– ნახევარ საათში საავადმყოფოს მთავარ შემოსასვლელთან მოდი და ტაბლეტებს მიიღებ, მაგრამ, ვიმეორებ, თუ ეს მახეა, მაშინ შენს შვილს მოვკლ... – გამტაცებელმა ვეღარ დაასრულა სიტყვა, რადგან ექიმმა მას სიტყვა გააწყვეტინა და შეუტია:
– ნუღარ იმეორებ, შე ნაბოზარო! ბავშვს რას ერჩით, მე თვითონ სიამოვნებით დაგხოცავდით ყველას, მაგრამ ვერ მოგწვდებით. ჩემს მისიას კი, ვიმეორებ, შევასრულებ და ბავშვს თმის ღერიც არ ჩამოუვარდეს!
გამტაცებელმა ტელეფონი გათიშა. კორძაძემ თავისი მობილური დაკეცა, პეტიკოს მიუბრუნდა და უთხრა:
– ნახევარ საათში მოვლენ და, თუ დავიწვით, ისინი ჩემს ილიას მოკლავენ.
– ნუ გეშინია, ყველაფერი რიგზე იქნება, – უთხრა პეტიკომ ექიმს, – შენ ახლა წადი და ჩვეულებრივად იმუშავე. მე ჩემს ბიჭებს მოვამზადებ და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კეთილად დასრულდება.
კორძაძე რომ წავიდა, პეტიკომ თავისი რვა მებრძოლი იხმო, ზუსტად აუხსნა საქმის ვითარება და საავადმყოფოს შესასვლელთან ჩასაფრებაზე გაუშვა, თან უთხრა:
– იცოდეთ, ძალიან ტონკად უნდა იმოქმედოთ, საქმე 6 წლის ბავშვის სიცოცხლეს ეხება და მცირე იაღლიშიც კი დაღუპავს მას. ახლა წადით და ცოტა ხანში ჰამოც შემოგიერთდებათ.
შეთანხმებულ დროს ნიაზ კორძაძე საავადმყოფოს მისაღებში ჩავიდა, შემდეგ ეზოში გავიდა და შემოსასვლელთან დადგა. ხუთიოდე წუთში, მას ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა მიუახლოვდა, რომელიც ილიას გამტაცებელთა შორის ერთ-ერთი იყო. მან, ოთხი ცალი ტაბლეტი მისცა ექიმს და უთხრა:
– თუ დღესვე მოაყომარებ ყველაფერს, ბავშვსაც დღესვე დაგიბრუნებ. მიდი, იჩალიჩე!
კორძაძემ, ახალგაზრდას ტაბლეტები გამოართვა და თმაზე ორჯერ გადაისვა ხელისგული, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ახალგაზრდა ერთ-ერთი გამტაცებელი იყო. შემდეგ მკვეთრად შებრუნდა და შენობისკენ წავიდა, ახალგაზრდა კი შავ ბეემვეში“ ჩაჯდა, სადაც მას მეწყვილე ელოდებოდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა. ამ სცენას პეტიკოს მეომრები ორი მანქანიდან ადევნებდნენ თვალს. ერთ-ერთში ჰამოც იჯდა და როდესაც გამტაცებლების ბეემვე“ ორმოცდაათი მეტრით მოშორდა იქაურობას, ჰამომ მძღოლს უთხრა:
– მიდი, აედევნე, მაგრამ ძალიან ფრთხილად, არ უნდა დავიწვათ! როგორც კი ხელსაყრელი მომენტი გვექნება, ავყაროთ, მაგრამ, უხმაუროდ და სწრაფად.
შავმა ბეემვემ“ დიდი სისწრაფით გაიარა ტრასა და ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან ჩაუხვია, ეზოსთან გაჩერდა და ერთ-ერთი მგზავრი შიგნით შევიდა. მანქანები მდევრებმაც შორიახლო შეაჩერეს. მძღოლმა ჰამოს უთხრა:
– მგონი, ძაღლები“ არიან.
– მგონი, კი არა, ნამდვილად ძაღლები“ არიან, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. დაველოდოთ და ისევ დავეხვოსტოთ.
მანქანიდან გადასული მგზავრი ათიოდე წუთში დაბრუნდა და ბეემვემ“ გზა განაგრძო. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაიქროლა და გზის ნაპირას მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან შეჩერდა.
– დროა, აქ უნდა ავყაროთ, – უთხრა ჰამომ მებრძოლებს, – სანამ არავინ გაჩითულა, ეს ნაბოზრები შუსტრად უნდა დავითრიოთ.
ჰამოს ბრძანებით, ოთხი მებრძოლი მანქანიდან გადავიდა და ოციოდე წამის მერე, ორივე გამტაცებელი თავისივე ბეემვეს“ უკანა სალონის იატაკზე ხელბორკილებდადებულები და პირაკრულები ეყარნენ. მათ აქეთ-იქიდან ორი ათლეტი მიუჯდა, მძღოლის გვერდით კი ჰამო მოკალათდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა.
– საბურთალოზე, გარაჟებში! – უბრძანა ჰამომ მძღოლს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი სოლოლაკში, ერთ-ერთი უზარმაზარი გარაჟისკენ უნდა დაძრულიყვნენ, რომელიც ჰამოს მეგობარს ეკუთვნოდა.
სამივე მანქანა თხუთმეტ წუთში უკვე ადგილზე იყო. გარაჟში რომ შევიდნენ, ჰამომ დატყვევებულები გარეთ გადმოათრია, პირიდან სკოჩები“ მოახსნევინა და ჰკითხა:
– ბავშვი სადაა?
– ვინ ბავშვი? – თავი გააქნია ხშირწარბებიანმა ახალგაზრდამ, რომელმაც ექიმს საწამლავი აბები მიუტანა.
– ილია კორძაძე, – კბილებში გამოსცრა ჰამომ და მწველი მზერა ესროლა.
– რაღაც გეშლებათ, – თავი გააქნია ხშირწარბებიანმა, მაგრამ ჰამომ მას ფეხსაცმლის წვერი სთხლიშა კბილებში და ჰკითხა:
– ახლაც მეშლება?
– ჩვენ პოლიციელები ვართ, – თქვა მეორე გაკოჭილმა, მაგრამ ჰამომ მას უფრო მაგარი უთავაზა კბილებში, ისევ პირველს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– გაგახსენდა?
– წავკისშია, დაჩაზე.
– ვის დაჩაზე?
– მაიორ კელენჯერიძის.
– ეგ ვინაა?
– ჩვენი უფროსი.
– პეტიკოს მოწამვლა მაგან დაგავალათ?
– კი, მაგან.
– მაგას ვინ დაავალა?
– არ ვიცი.
– მაიორი სადაა?
– დაჩაზე, ჩვენ გველოდება.
– კარგი, წავედით წავკისში, მაგრამ, იცოდეთ, თუკი მაიაკის მიცემას დააპირებთ, იქვე დაგხოცავთ.
– რა მაიაკის, – თქვა ხშირწარბებიანმა, – ამ გაუგებრობაში შემთხვევით მოვხვდი. წავედით!
სამივე მანქანა წავკისისკენ დაიძრა. ნახევარი საათის შემდეგ კი მაიორი კელენჯერიძე და მეოთხე გამტაცებელი უკვე ჰამოს ჰყავდა გაკოჭილი და პეტიკოს მკვლელობის შემკვეთის დასახელებას სთხოვდა, რომლის ვინაობაც, როგორც ჰამომ გაარკვია, მხოლოდ კელენჯერიძემ იცოდა.
– აბა, თქვი, შე ბოზო, ვინ დაგავალა პეტიკოს ლიკვიდაცია, ჩქარა, ამოღერღე!
– წადით, ბიჭებო, მშვიდობით წადით, შეირგეთ, რაც ჩაიდინეთ, – უთხრა ჰამოს მაიორმა, რომელიც სხვებზე მეტი კერკეტი აღმოჩნდა და მხოლოდ ორჯერ მოხვდა ჰამოს წიხლი კბილებში.
– ესე იგი, შევირგოთ, ხომ? – გაიმეორა ჰამომ.
– კი, შეირგეთ. წაიყვანეთ ბავშვი, წადით და ყველაფერი დაივიწყეთ.
ჰამოს ირონიულად ჩაეცინა, შემდეგ სუფრაზე გადაფარებული ცელოფანი დაახვია, ცეცხლი წაუკიდა და კელენჯერიძეს შიშველ მკერდზე მიუშვირა ცეცხლოვანი წვეთები:
– ახლა მე შენ გაგწუწავ და, თუ ჭკუაზე არ მოხვალ, სხვა საშუალებასაც გამოვნახავ.
კელენჯერიძემ მხოლოდ სამ ცეცხლოვან წვეთს გაუძლო, მეოთხემ კი მას ბალანზე ცეცხლი წაუკიდა და მაიორი აღრიალდა:
– გეყოფა! გეყოფა! ვიტყვი!..
– ჯერ თქვი, – კბილებში გამოსცრა ჰამომ. ცეცხლწაკიდებული ცელოფანი გააქნია და ცეცხლოვანი წვეთები მაიორს უფრო დიდ ფართობზე დააწვეთა.
– ნოდარმა, ნოდარმა გვიბრძანა! გეყოფა, შემიბრალე!..
– მინისტრის მოადგილემ?! – მშვიდად ჰკითხა ჰამომ, რომელსაც კელენჯერიძის პასუხი არ გაჰკვირვებია.
– ჰო, ჰო, მაგან!.. გეყოფა, გონებას ვკარგავ!..
– სახლშიც თქვენ დაესხით თავს პეტიკოს?
– ჩვენ და კიდევ ორი კაცი, ორიც მანქანაში იჯდა.
– სოფი ვინ დაჭრა?
– ვინ სოფი?
– ფეხმძიმე ქალი.
– კობამ, კობამ... გეყოფა, სული ამომძვრა!..
– კობა ვინაა?
– აი, ეს, – თქვა კელენჯერიძემ და ჰამოს ხშირწარბებიანზე მიუთითა.
ჰამომ ცელოფანი იქვე დააგდო. შემდეგ პისტოლეტი ამოიღო და ხშირწარბებიანს ჯერ ხელისგულები დაუხვრიტა, შემდეგ ორივე მუხლი. გულწასულ კობას მიაფურთხა, ტელეფონი ამოაცურა, პეტიკოს დაურეკა და უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. ბავშვი ჩვენთანაა და ქსივებიც გავიგეთ.
– ვინ იყო?
– ნოდარი, შენი ბრატი.
– ასეც ვიცოდი. ის ახლა ჩემთან მოვა და მინდა, რომ შენც დაესწრო ჩვენს ბაზარს.
– ამათ რა ვუყოთ?
– რაც საჭიროა.
– კარგი, გასაგებია. მოვდივარ, ორმოც წუთში მანდ ვიქნებით, – თქვა ჰამომ და ტელეფონი დაკეცა. შემდეგ ერთ-ერთ მებრძოლს მიუბრუნდა და უთხრა:
– ეს ბოზები დახოცე!
მებრძოლმა ოთხივე პოლიციელი თავში თითო გასროლით დახოცა, შემდეგ პისტოლეტი გაწმინდა და იქვე დააგდო. ბოლოს კი ილია კორძაძე გააღვიძეს, რომელსაც სარდაფში ეძინა, მანქანაში ჩასვეს და ღუდუშაურის კლინიკისკენ წაიყვანეს, სადაც მას მამა ელოდა.
– მდაა, მძიმე დღე იყო... – თავი გააქნია ერთ-ერთმა მებრძოლმა, რომელმაც პოლიციელები დახოცა.
– რას იზამ, ძმაო, ასეთია ჩვენი ცხოვრება. ნაძირლებს ვებრძვით და ზოგჯერ უკიდურესი ზომების მიღებაც გვიწევს.
***
ჰამო და კამპანია ორმოც წუთში დაბრუნდნენ ღუდუშაურის კლინიკაში და მებრძოლებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს. ჰამომ ნიაზს მიჰგვარა თავისი ვაჟი. მუხლმოდრეკილი მამა წამოაყენა და უთხრა:
– კარგი, კარგი, ყველაფერი კეთილად დასრულდა. მხოლოდ ერთს გთხოვ: არავისთან არაფერი წამოგცდეს.
– არა, არა, – თავი გააქნია თვალცრემლიანმა ექიმმა, – კრინტსაც არავისთან დავძრავ!..
ჰამო პეტიკოსთან დაბრუნდა და სანამ პალატაში შევიდოდა, კართან მდგომ მებრძოლებს გადაუჩურჩულა:
– გაუფრთხილებლად არავინ შემოუშვათ! – შემდეგ პალატის კარი შეაღო და სტუმარს მიესალმა.
– აი, ჰამოც – გაიღიმა პეტიკომ და ნოდარს სიძე გააცნო.
– ძალიან სასიამოვნოა. ნოდარი, – თქვა ნოდარმა. შემდეგ პეტიკოს მიუბრუნდა და უთხრა, – ნუთუ არავისზე გაქვს ეჭვი?
– აბა, რა ვიცი, ნოდარ, – მხრები აიჩეჩა პეტიკომ, – ვინ მყავს ისეთი მტერი, რომ ასე გავეწირე? ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ სოფის, ფეხმძიმე ქალს რაღას ერჩოდნენ?
– შენ ეგ თქვი, – თავი გააქნია ნოდარმა, – ერთი სიტყვით, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ის ნაბოზრები დავითრიო და საკადრისი მივუზღა. მთავარია, შენ გამოჯანმრთელდე და ყველაფერს მოევლება. ჰო, მართლა, თუ გინდა, ჩემებს ვეტყვი და ოცდაოთხსაათიან მორიგეებს დაგიყენებ.
– ნუ შეწუხდები, ბევრი ხალხია აქ.
– ექიმების კმაყოფილი თუ ხარ?
– რა მეთქმის, – ხელები გაშალა პეტიკომ, – თუმცა, ბოლომდე ვერავის ენდობი. რა თქმა უნდა, უახლოესი ადამიანების გარდა.
– იმედია, ამ ხალხში მეც შევდივარ, – გაიღიმა ნოდეარმა.
– შენ რა, ეჭვი გეპარება? – კითხვა შეუბრუნა ნოდარს პეტიკომ. შემდეგ კონიაკი დაუსხა და უთხრა, – ჩემი სადღეგრძელო დალიე.
ნოდარმა სირჩა აიღო ხელში, ასწია და თქვა:
– შენს გადარჩენას გაუმარჯოს! – შემდეგ დალია, დადგა და პეტიკოს უთხრა:
შენ რატომ არ სვამ, არ შეიძლება?
– პრინციპში კი, მაგრამ ამ კონიაკს – არა.
– რატომ?
– იმიტომ რომ, მოწამლულია.
– მოწამლული?! – წამოიძახა ნოდარმა და სახე დაეღრიჯა, მაგრამ ნაძალადევად გაიღიმა და პეტიკოს უთხრა, – ხუმრობ, ხომ? მაინც, ვინ და რატომ მოწამლა?
– მე მოვწამლე აი, ამ ტაბლეტებით. ესენი კი, მაიორმა კელენჯერიძემ გამოგზავნა.
ნოდარი გველნაკბენივით წამოხტა, პირსაბანთან მიირბინა და ღებინება დაიწყო, პეტიკო და ჰამო კი ახარხარდნენ. პეტიკო ნოდარს მიუბრუნდა:
– არ მეგონა, ასეთი კურდღელი თუ იყავი და ასეთ იაფფასიან ტრიუკზე წამოეგებოდი. ნუთუ ისეთი კრეტინი გგონივარ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს ასე აშკარად დავბრიდავ ჩემს პალატაში? ეს შენ აპირებდი ბოსთა ბოსობას?
ნოდარმა სახეზე წყალი შეისხა, შეტრიალდა და პეტიკოს უთხრა:
– რაებს ბოდავ?
– მე ვბოდავ? – მხრები აიჩეჩა პეტიკომ, – ნუთუ მომეჩვენა ყველაფერი და არც მე დავუჭრივარ შენს სვარშჩიკებს და არც სოფი?
– ვინ სვარშიკებს, რას ბოდავ? – აღრიალდა ნოდარი.
– ჩუ, ჩუ, – ტუჩებზე თითი მიიდო პეტიკომ, – ასეთი რამის გაბაზრება ჩემზე მეტად შენ არ გაწყობს. ვინ სვარშიკებს და, იმათ, ვინც შენ მოგვიგზავნე.
– პეტიკო, დაიშოკე?
– მე დავიშოკე? – გაიმეორა პეტიკომ, შემდეგ ჰამოს მიუბრუნდა და უთხრა, – გაუიასნე ამ ლაკი ლუჩანოს ყველაფერი.
ჰამომ ირონიულად შეათვალიერა ნოდარი, სიგარეტი გააბოლა და უთხრა:
– ვინ სვარშიკებს და, იმათ, ახლა რომ წავკისის აგარაკზე ყრიან შუბლგახვრეტილები. მაიორმა კელენჯერიძემ ყველაფერი დაფქვა და, რაც მთავარია, მე ფირზე ჩავიწერე მისი ჩვენება. დანარჩენი ოთხის ვინაობაც ვიცით და მათ მოგვიანებით მოვუვლით.
– მე რას მიპირებთ? – თქვა გაფითრებულმა ნოდარმა, რომელიც ერთბაშად მოტყდა და, რომ არ წაქცეულიყო, სკამზე ჩამოჯდა.
– ვფიქრობ, სიკვდილს იმსახურებ და ჯობია, შენ თვითონვე გამოუტანო საკუთარ თავს განაჩენი, – უთხრა ნოდარს პეტიკომ, – მაინც ყოფილი მეგობარი ხარ და, არ მინდა, მოგკლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ეს მასალა მინისტრს და ტელევიზიებს გადაეცემა.
– რომ არ დავთანხმდე?
– მაშინ სამარცხვინოდ მოკვდები. ისე კი შანსი გაქვს, რომ ვაჟკაცურად დაგასაფლავონ და ვერავინ ვერაფერს გაიგებს.
– რა გარანტია მაქვს?
– ჩემი სიტყვა, – უთხრა პეტიკომ, – თან, გპირდები, რომ შენს წილს შენი ოჯახი მიიღებს და შენს ბიჭს კაცად გავზრდით.
– მპირდებით?
– გპირდებით.
ნოდარი მძიმედ ადგა სკამიდან და გამოუმშვიდობებლად წავიდა. შემდეგ სამსახურში დაბრუნდა, კაბინეტში ჩაიკეტა და ტაბელური პისტოლეტიდან შუბლში დაიხალა ტყვია.
***
დანარჩენი ოთხი თავდამსხმელი იმავე ღამეს დახოცეს პეტიკოს მებრძოლებმა, მეორე დღეს კი უკვე მთელი საქართველო ლაპარაკობდა პოლიციის მაღალჩინოსნის თვითმკვლელობაზე და პოლიციელთა უმოწყალო ხოცვა-ჟლეტაზე თბილისსა და წავკისში.
საინფორმაციო საშუალებები ყველა თავის გამოშვებას ამ ცნობილი ამბებით იწყებდნენ და მათზე გადაღებული სიუჟეტებს დიდ დროს უთმობდნენ საინფორმაციო მიმოხილვებში. ერთ-ერთი ცნობილი ტელეკომპანიის წამყვანი ღუდუშაურის კლინიკასაც ეწვია და პეტიკოსთან ინტერვიუს ჩაწერა სცადა.
– პეტიკო, ჟურნალისტია შენთან და საუბარი უნდა, – უთხრა პეტიკოს ერთ-ერთმა მცველმა.
– ვინ ჟურნალისტი?
– ქეთი მიქაძე.
– შემოვიდეს!..
ქეთი მიქაძე პალატაში შევიდა, პეტიკოს მიესალმა და უთხრა:
– აქაურობა საპრეზიდენტო აპარტამენტებს უფრო ჰგავს, ვიდრე საავადმყოფოს პალატას.
– თქვენ არ შემცდარხართ, – გაეღიმა პეტიკოს, – ეს მართლაც საპრეზიდენტო პალატაა. დაბრძანდით და გისმენთ.
– ეს მე გისმენთ, ბატონო პეტრე, – ღიმილითვე მიუგო ქეთიმ პეტიკოს და სავარძელში მოკალათდა, – აქ მე თქვენს მოსასმენად მოვედი.
– გამომძიებელივით მელაპარაკებით.
– ეს არცაა გასაკვირი, მე ხომ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ვმოღვაწეობ და საავტორო გადაცემა მიმყავს. ნუთუ არ მიყურებთ?
– ძალიან იშვიათად. თითქმის არა, – თავი გააქნია პეტიკომ, რომელმაც შეგნებულად იცრუა, რადგან ქეთი მიქაძის არა მარტო ყველა გადაცემას უყურებდა, არამედ თითოეული მათგანი ჩაწერილი ჰქონდა და ინახავდა.
ჟურნალისტს სახე აელეწა და წამით დაიბნა, თუმცა ნებისყოფა მოიკრიბა და პეტიკოს უთხრა:
– სამწუხაროა.
– სამწუხარო რატომაა – გაეცინა პეტიკოს, რომელმაც თავის მიზანს მიაღწია და თავმოყვარე, ამბიციური, ლამაზმანი ჟურნალისტი გოგონა დააბნია, – თქვენ მიგაჩნიათ, რომ ყველა თქვენ უნდა გიყურებდეთ?
– ყველა, შეიძლება, არა, – თავი გააქნია ქეთი მიქაძემ, – მაგრამ თქვენ თუ არ მიყურებდით, რას ვიფიქრებდი.
– მაინც, რატომ? – მხრები აიჩეჩა პეტიკომ.
– იმიტომ... იმიტომ... – ენა დაება ქეთის და დაიბნა, – იმიტომ, რომ...
პეტიკოს გულიანად გაეცინა და სიტყვა შეაშველა ქეთის:
– იმიტომ, რომ ჩემზე რაღაც ჭორები გაქვთ ყურმოკრული და სენსაციისთვის მომაკითხეთ. ასე ვთქვათ, ექსკლუზიური მასალის მოსაპოვებლად, როგორც ჟურნალისტები იტყვიან ხოლმე.
ქეთი მიქაძემ რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, პეტიკოს ნიშნისმოგებით უთხრა:
– ყველა ჩემი მასალა ექსკლუზიურია.
– ძალიან კარგი, თუ ყველა მასალა ექსკლუზიური გაქვთ. აბა, ბრძანეთ, რა ექსკლუზივი გნებავთ ჩემგან? – ჰკითხა პეტიკომ, საკუთარი ხელით გაუკეთა ქეთის ძვირფასი კოქტეილი, მიაწოდა და უთხრა, – მგონი, ასე აჯობებს, უფრო შინაურულია.
ქეთიმ კოქტეილი მოწრუპა, კენტი“ ამოაცურა ჩანთიდან და მოწევის ნებართვა ითხოვა, შემდეგ გააბოლა და თქვა:
– საავადმყოფოს პალატა კი არა, სამოთხეა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ თბილისში ასეთი კეთილმოწყობილი პალატა არსებობდა. ერთხელ მარიოტის“ საპრეზიდენტო აპარტამენტები დამათვალიერებინეს და ეს პალატა თითქმის არაფრით ჩამოუვარდება მას.
გაგრძება იქნება ხვალ

777     დაუმორჩილებელნი.                                                 4 - 924357831881
gif

Комментарии