777 მკურნალი ცრემლება

თავი 2
✍️თათა დემეტრაშვილი
დილით ადრე გამეღვიძა, ფრთხილად წამოვიწიე საწოლიდან და ფანჯრიდან მღელვარე ზღვას გავხედე. გამახსენდა როგორ ვუყურებდი, დილაობით ამ ფანჯრიდან ზღვაში მობანავე ვაჩეს და ისევ ამეტირა, ამეტირა და თან გამეღიმა, ვიღიმოდი და ვტიროდი. ნიკა გამახსენდა, მართალი ყოფილა, მკურნალობენ თურმე ცრემლები.
წამოვდექი, ისევ ჩემი კაბა ჩავიცვი, თმა დავივარცხნე და მაისური გარდერობში დავაბრუნე. მერე ვაჩეს ნაჩუქარი მედალიონი მოვიხსენი, ერთხანს ცრემლიანი თვალებით დავყურებდი, მერე ფრთხილად დავდე ვაჩეს სუნამოსთან და სირბილით გამოვედი ოთახიდან.
კოტეჯში დაბრუნებულს ნუცა შეშინებული შემხვდა, ეტყობოდა ეტირა, ბექას ჰყავდა ჩახუტებული და ამშვიდებდა, ჩემს დანახვაზე ტირილით გამოიქცა და გადამეხვია.
- სად იყავი, ლენ, იცი როგორ შემაშინე? - ტიროდა და მეხვეოდა ნუცა, მე კი ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ნუცაღა მყავდა და მთელი ძალით ვეხვეოდი.
- რადგან ცოცხალი დაბრუნდა, ჩვენ აქ აღარაფერი გვესაქმება, წავიდეთ, ლანა. - მომესმა ნიკას ირონიული სიტყვები და შევკრთი , მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ისინიც აქ იყვნენ, უხერხულად შევიშმუშნე და თვალი მოვარიდე ნიკას გამბურღველ მზერას. ლანამ თბილად გამიღიმა და ნიკას აედევნა. უხერხულად ვიგრძენი თავი, ბექამ ეს შეამჩნია და მარტო დაგვტოვა.
- სად იყავი, ელე, იცი რამდენი ვინერვიულე? ტელეფონი მაინც წაგეღო? რა ქენი? რამე სისულელე ხომ არ ჩაიდინე? ამოიღე ხმა გთხოვ, ძალიან ვნერვიულობ, ნუ ხარ ჩუმად. - პირიდან ცეცხლებს ყრიდა ნუცა და მოთქმით ტიროდა.
- დაწყნარდი, მთავარია ახლა აქ ვარ.
- რა ადვილი სათქმელია, ელენე, შენ ასეთი რამეები არ გახასიათებს და ამიტომ ვინერვიულე, ჩემსავით გადარეული, რომ იყო არ ვიდარდებდი. - ცრემლები შეიმშრალა და ჩემ წინ დაჯდა. - მოყევი ახლა.
- იქ ვიყავი, ჩემი და ვაჩეს ადგილას...
- მოიცა, ელენე, შენ? შენ... სადაა შენი მედალიონი, ელენე? - ფეხზე წამოხტა ნუცა.
- დავუტოვე... ვაჩეს დავუტოვე... მან მე გამიშვა...
ნუცას ისე უხაროდა ჩემი გადაწყვეტილება, მთელი დღე მეფერებოდა, ისე მექცეოდა, როგორც დედა დამჯერ შვილს. საუზმეზე წინა ღამის შემდეგ დაკარგული კახაც გამოჩნდა, ჩუმად მიირთვა, თან ცალი თვალით გადმომხედავდა ხოლმე, მე არაფერს ვიმჩნევდი, კახა ნამდვილად არ იყო საჩემო ბიჭი, არა ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირდა, პირიქით მშვენიერი გარეგნობის, წარმატებული ექიმი იყო, მაგრამ მე მაინც ვერ ვუყურებდი ისე, როგორც მამაკაცს. ნუცას სუფრის ალაგებაში ვეხმარებოდი და ბოლოს ჭურჭელს ვრეცხავდი, ნუცა გამოსაცვლელად რომ გავიდა, საქმეში გართულს არც დამინახავს, როგორ მომიახლოვდა კახა.
- ელენე, შენთან საქმე მაქვს, შეგიძლია ცოტა ხანს გამომყვე? სადმე ყავა დავლიოთ. - კახა კარადაზე იყო მიყრდნობილი და პასუხის მოლოდინში ეტყობა ღელავდა.
- რა ხდება, კახა? აქაც შეგვიძლია საუბარი. - ბოლო თეფში გავრეცხე და ხელები გავიმშრალე.
- ხო, მაგრამ მე მინდა სადმე, მშვიდ ადგილას დაგელაპარაკო.
- პირდაპირ მითხარი, კახა, რა ხდება?
- მომწონხარ, ელენე, ძალიან მომწონხარ, მინდა ვცადოთ, ვიცი შენ არ მოგწონვარ, მაგრამ ახლოს არ მიკარებ და იქნება, ახლოს რომ მომიშვა ჩემზე აზრი შეგეცვალოს. -ისეთი სახით მეუბნებოდა, უცებ დავიბენი, ხმა ვერ ამოვიღე. არც ვიცოდი რა მეთქვა, ზუსტად წინა საღამოს გამოვემშვიდობე ჩემს წარსულს და ასე უცებ ახალი ცხოვრების დაწყება, თან კახასთან ჩემთვის წარმოუდგენელი იყო.
- კახა, მოდი ისე დავტოვოთ ყველაფერი, როგორც იყო, კარგიი? - უხერხულად გავუღიმე და გვერდი ავუარე. ოთახში შევედი, საცურაო კოსტიუმი უნდა ჩამეცვა, მაგრამ ისეთი აღელვებული ვიყავი კახას სიტყვების გამო, საწოლზე დავჯექი და აზრების დალაგებას ვცდილობდი.
იმ დღეს ზღვა საოცრად წყნარი იყო, ნიავიც კი არ ჰქროდა, პლაჟზე ვიწექი, ნუცას და ბექას ვუყურებდი, როგორ ცელქობდნენ და მეღიმებოდა. ნუცა ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ მენახა. რადგანაც წყალში ყოფნა დიდად არ მიყვარდა, ნაპირზე ყოფნით და რუჯის მიღებით გამყავდა დრო. თვალები დახუჭული მქონდა და ნიკასთან პირველ შეხვედრას ვიხსენებდი, ვგრძნობდი როგორ აღმაგზნებდა მისი გახსენებაც კი და მიკვირდა, საოცრად მიკვირდა, როგორ შესძლო, რომ მის გარდა არავინ მაინტერესებდა, ერთნაირად მომწონდა და ნერვებს მიშლიდა, მომწონდა მისი მზერა, შეხება და მაღიზიანებდა ის ირონიული სიტყვები, მისი ცივი დამოკიდებულება, ლანა მის გვერდით და ნიკას ხელი ლანას წელზე. ლანას გახსენებაზე ისევ სიბრაზემ მომიცვა, რას ვერჩოდი გოგოს, როცა მას არაფერი დაუშავებია, ნეტავ იცოდეს რა თავხედი შეყვარებული ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ლანაზე ვეჭვიანობდი, სულაც არ მძულდა. ერთადერთი დამნაშავე ამ ყველაფერში ნიკა იყო.
ამ ფიქრებში გართულს ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა ვიღაც.
- ელენეე, - მომესმა ლანკას კისკისა ხმა და ნელა გავახილე ერთი თვალი, მის დაუსრულებლად გრძელ ფეხებს თვალი ძლივს ავაყოლე და გაღიმებულ თვალებს, რომ გადავაწყდი თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ისეთი საყვარელი იყო იმ წუთას, ნიკას შეყვარებული, რომ არ ყოფილიყო, გულიანად გავუღიმებდი და შეიძლება დავმეგობრებულიყავით კიდეც. ცივად გავუღიმე და წამოვჯექი, ლანა ზღვას უღიმოდა, თითი პირთან მიეტანა და თავს აქეთ-იქით იქნევდა. მის მზერას თვალი გავაყოლე და მივხვდი, რომ დავიღუპე, ცივმა ოფლმა დამასხა, გახურებული ქვიშის ზედაპირზე ვიდექი, მცხუნვარე მზე დამნათოდა თავზე და მე ამ დროს ცივი ოფლი მასხამდა, რატოომ? იმიტომ რომ ნიკა ენუქიძე დავინახე, დავინახე კი არა ლამის მზერით შევჭამე, ისეთი მამაკაცური იყო, ისეთი სექსუალური, წყლის წვეთები გარუჯულ სხეულზე ისე მიმზიდველად ჩანდა, ისე დამაბნია, ფეხზე რომ ვმდგარიყავი ზუსტად ვიცი წავიქცეოდი.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, თმა გავისწორე და გვერდზე გავიხედე. ნიკა მოგვიახლოვდა და ვიგრძენი, როგორ შემომხედა, არ დამინახავს მაგრამ ვიგრძენი. აქეთ მე ვიწექი, იქით ნიკა, შუაში კი ლანა იწვა და სახეზე შლაპა ეფარა, ვერ ვიტან თვალებში მზე, რომ დამნათისო. მე სათვალე მეკეთა და ვცდილობდი ზედმეტი ყურადღება არ გამომეჩინა ნიკას მიმართ, სამაგიეროდ მისგან ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას, თავი მოვატრიალე და დავინახე მიყურებდა, რაღაცნაირი თბილი ღიმილით მიყურებდა, ვიგრძენი, როგორ ამეწვა ლოყები და საშინლად მესიამოვნა. მომწონდა და მძაბავდა მისი მზერა, თუმცა თავის მიტრიალება არც მიფიქრია.
- აუ, დავიწვი მგონი, წამოდი, ელენე წყალში ჩავიდეთ, რა. - ფეხზე წამოდგა ლანა და ხელი გამომიწოდა.
- არ მიყვარს წყალი, ლანა, აქ მირჩევნია. - გავუღიმე და ტელეფონს ჩავაშტერდი, ვითომ საქმე მქონდა.
- აუუ, შენ მაინც წამოდი რა, ნიკა. - ახლა ნიკასკენ გაიშვირა ხელები და ტუჩები საყვარლად გამობურცა, უცებ ძალიან მომეშალა მის ამ საქციელზე ნერვები და საშინლად დავიბოღმე.
ნიკამ უარი უთხრა, ნაწყენი ლანა გაბუტული წავიდა წყლისკენ, მე კი იმდენად მესიამოვნა ნიკას უარი, მგონი დამეტყო კიდეც.
ლანა წავიდა და დავრჩით ჩვენ, მე და ჩემი სიმპატიური ექიმი, ირგვლივ ყველაფერი დუმილმა მოიცვა, უფრო სწორად მე არ მესმოდა არაფერი და ვერც ვერავის ვამჩნევდი.
- აბა, ელენე, რა გააკეთე წუხელ? - მთელი ტანით მობრუნდა ჩემკენ და გამომცდელად მომაჩერდა.
- ბატონოოო?
- ბატონო კი არა, ნიკა ექიმი. - გამიღიმა ნიკამ და ბოლოს კაბინეტში წარმართული ჩვენი საუბარი გამახსენდა, გულიანად გამეცინა, დეჟავუს გრძნობა მქონდა. ჩემს სიცილზე ნიკასაც გაეცინა და ასე არაფერზე და ამავე დროს ყველაფერზე ვიცინოდით. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ლანაც კი გადამავიწყდა. ვისხედით ქვიშაზე, ქოლგის ქვეშ და უაზროდ ვიცინოდით, ჩემგან ერთ ნაბიჯში იჯდა, სათვალე ეკეთა და მიღიმოდა. ხელები მუხლებს შემოვხვიე, ნიკაპი მუხლისთავებს ჩამოვადე და ჰორიზონტს გავხედე. ნიკა მოულოდნელად ადგა და წავიდა, ცოტა ხანში სიმინდით ხელში დაბრუნდა, გვერდით მომიჯდა და უთქმელად გამომიწოდა. შევხედე, თვალები უბრწყინავდა. სიმინდი გამოვართვი, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ვერ ვიტანდი, ისე გემრიელად ვჭამდი, ჩემი თავის თვითონაც კი მიკვირდა. ამ პატარა დეტალმა თითქოს მე და ნიკა შეგვაკავშირა, საერთო მოგონება შეგვძინა და მჯეროდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ, კიდევ ბევრჯერ გავიხსენებდი ამ საღამოს, სიცილსა და მოულოდნელად შეყვარებულ სიმინდს.
მალე დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ, საოცრად დაღლილები ვიყავით, თუმცა ჩემს იდეას, წავსულიყავით და აჭარული ხაჭაპური გვეჭამა, ყველა სიხარულით დაეთანხმა. მაგიდასთან წყვილებად ვისხედით, რა თქმა უნდა, ჩემი მეწყვილე კახა აღმოჩნდა, რასაც დიდი სიამოვნებით სულაც არ შევხვედრილვარ, თუმცა გუნება იმან გამომიკეთა, რომ ჩემ წინ ნიკა იჯდა და ისეთი თვალებით მიყურებდა, თავი სად წამეღო არ ვიცოდი. შეკვეთის შემდეგ ათას რამეზე ვლაპარაკობდით, არ მინდოდა, თუმცა თვალი მაინც ნიკასკენ მეპარებოდა, ეს კი ჩემს გამოცდილ და ეშმაკუნა დაქალს არ გამოჰპარვია.
- ლენ, რა ხდება? - ტუჩები ყურთან მომიტანა და ისე ჩამჩურჩულა.
- აა, რაას გულისხმობ? - უცებ საშინლად დავიბენი.
- იცი რა თვალებით უყურებ ნიკას? არ ვიცი ლანა რატომ არ გწეწავს, მის ადგილას თმით გითრევდი, ბიჭს ახევ თვალწინ. - აკისკისდა ნუცა და მაშინ მივხვდი, რომ ნიკას ვეფლირტავებოდი, დაგეგმილი არ მქონია, მაგრამ ასე გამოვიდა.
- ნიკა იცი ვინაა? - უცებ მომინდა ნუცას გაგიჟება, თითქოს ეშმაკი შემიჩნდა, რაღაცის გაფუჭების სურვილს შევეპყარი და თავს ვერ ვერეოდი. ნუცამ გაკვირვებით შეჭმუხნა წარბები. - ჩემი სიმპატიური ექიმი! - ნიშნისმოგებით ჩავუკარი თვალი ნუცას და მის დაღებულ პირზე გამეცინა.
- არ არსებობს! - დამარცვლით წარმოთქვა ნუცამ და ჩუმად გახედა ნიკას, ვაჟბატონს ჩვენი შეთქმული მზერა შეუმჩნეველი არ დარჩენია და ცალყბად გაეცინა.
ხაჭაპურის ჭამა, კოტეჯში დალევაში გადაიზარდა, ესეც ჩემი ინიციატივით, რატომღაც საოცრად აღტაცებული ვიყავი, თავს მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებულად ვგრძნობდი და სიმსუბუქეს ისე ვყავდი ატანილი. ყველაფერს გავაკეთებდი, რაც კი თავში მომივიდოდა. ბევრი არაყი, ცოტა საჭმელი, ხილი და წვენი გვქონდა, თამადობა მე მოვინდომე, ბიჭებს გაეცინათ, თუმცა პროტესტი არ გამოუხატიათ. ნუცა გაბრწყინებული მიყურებდა, ვიცოდი, რომ ხვდებოდა რას ვაპირებდი, მასზე უკეთ მე ვინ მიცნობდა.
- არ მინდა ზედმეტად ტრადიციული ვიყო, მაგრამ პირველ სამ სადღეგრძელოს ვიტყვი, ისე როგორც წესია, შემდეგ კი მხოლოდ იმას რაც გულში მაქვს. - დავიწყე ომახიანად და სხვებიც დამეთანხმნენ, ნიკა ისევ ჩემ წინ იჯდა და დივანზე მიწოლილი, ცალი ხელით საზურგეზე, ეშმაკურად მიმზერდა. ჩემ გვერდით კახა იჯდა და ჭიქებს ავსევდა, ტრადუციული სადღეგრძელოები, რომ მოვრჩი, ისეთებზე გადავედი, რომლებიც ზუსტად იტყოდნენ ჩემს სათქმელს, თან ამავე დროს მათაც მოეწონებოდათ. სასმელმა ის სითამამეც დამიბრუნა, რაც ბოლო ორი წელი მივიწყებული მქონდა და სადღეგრძელოებთან ერთად ლექსებიც დავიწყე. უბედნიერესი ვიყავი, წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ორი წლის წინ დავიწყებული ლექსების გახსენება საერთოდ არ გამჭირვებია, ჩემს სტიქიაში ვიყავი, თვალებს ვაბრიალებდი, ვიცინოდი და ვგრძნობდი რომ ცოცხალი ვიყავი. კიდევ ერთი ჭიქა დავლიე და მესიჯიც მომივიდა.
''შენთვის ახლა დალევა არ შეიძლება, თუმცა ნასვამი ისეთი საყვარელი ხარ, ჩემს თავზე ვბრაზდები აქამდე, რომ ვერ აღმოგაჩინე. მაპატიე, რომ ვერ მივხვდი, რა საოცარი ქალი ხარ.'' - შემთვრალმა ძლივს წავიკითხე მესიჯი და კანკალმა ამიტანა, ზუსტად ვიცოდი ნიკა იყო და ამან უფრო ამრია, მისკენ მინდოდა გახედვა, თუმცა ვერ ვბედავდი.
''მადლობა, ნიკა ექიმო'' - ხელის კანკალით ავკრიბე ტექსტი და შემკრთალმა გავხედე, მიღიმოდა, მერე დავინახე როგორ გახსნა მესიჯი, სანაცვლოდაც აკრიფა ტექსტი და მერე ისევ კმაყოფილმა გამიღიმა. დავიბენი, შემრცხვა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
''მადლობა არ არის საჭირო, ბედნიერია ის მამაკაცი ვინც ყოველ ღამეს შენს გვერდით ატარებს, საოცრად ლამაზი ხარ, საოცრად საინტერესო, ნუ წითლდები, გაიღიმე.'' -ისევ მომივიდა მესიჯი და შიშით აკანკალებულმა ძლივს გავხსენი, თავს ისევ უხერხულად ვგრძნობდი, მინდოდა არავის შეემჩნია ჩვენი მესიჯობა, თუმცა ნუცა რომ ამჩნევდა ვხვდებოდი, ამიტომ თამადობა გადაიბარა და საშუალება მოგვცა მშვიდად გვემესიჯა.
''არ არის საჭირო ამდენი მესიჯი.'' - მივწერე და შუბლშეკრულმა შევხედე.
- ''ბოდიში, მაშინ წაშალე. '' - მომწერა და მივხვდი, როგორ დამებერა ძარღვები, რატომ უნდა წამეშალა, ვის ვუმალავდი, კახას? რა იფიქრა ნეტავ? კახას ზედმეტი ყურადღების და კომპლიმენტების გამო უნდოდა წამეშალა?.. გამეღიმა, ნიკას ეგონა, რომ ჩვენს შორის რაღაც ხდებოდა, მეც გადავწყვიტე ეს ამბავი მის საეჭვიანოდ გამომეყენებინა, რამდენად გამოვიდოდა არ ვიცოდი.
''შენ წაშალე, ლანამ არ ნახოს, არ მჭირდება ქალური საქმის გარჩევა.'' - მივწერე და კმაყოფილმა გავხედე. მერე ავდექი, სარკესთან მივედი და თმის გასწორება და დავიწყე. ''არ გჭირდება გაპრანჭვა, ისედაც ლამაზი ხარ, ნეტავ შემეძლოს ახლა შენს სურნელოვან თმაში სახის ჩამალვა და შენი სხეულის შეგრძნება, ამ ყველაფერს სასმელს ნუ დააბრალებ, ფხიზელიც ამას ვფიქრობ.'' - უკვე ვკანკალებდი მის მოწერილ მესიჯებზე და ვცდილობდი ლანკასთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. ''რომ გამოფხიზლდები და წაიკითხავ, მომწერე, რომ იგივეს ფიქრობ, მხოლოდ მაშინ დაგიჯერებ.'' - მივწეეე და ისევ სუფრასთან დავჯექი. ლანა ამასობაში ძალიან დამთვრალა და ნიკამ ისე, რომ მესიჯი არ გაუხსნია ჩემს ოთახში გაიყვანა, ხელში აყვანილი. გავბრაზდი, იმაზე რომ ჩემს ოთახში უნდა დაეძინა და უფრო იმაზე, რომ ნიკამ ხელში აიყვანა. ვიჯექი ჩემთვის დივანზე, ვსვამდი და ბექას და კახას ლაპარაკს ვუყურებდი, ვუყურებდი, რადგან გაგებით ვერაფერს ვიგებდი, ჩემი გონება ნიკას დასტრიალებდა. რაში სჭირდებოდა ეს თამაში, ვითომ მთვრალის მესიჯობა და ასე უცებ დატკბობა ვერაფრით ვხვდებოდი. ამ ფიქრებში გართულმა ვერ მივხვდი, როგორ დაიწყო კახამ ჩემს თმას თამაში და როგორ შემოვიდა ისევ ოთახში ნიკა.
********
ნიკას თვალებს, რომ შევხედე იმხელა ირონია ამოვიკითხე, თავი ცუდად ვიგრძენი, მაშინვე ნუცასთან გავედი და ვთხოვე ღამით მის ოთახში დავეძინებინე. ვიწექი მაგრამ ვერ ვისვენებდი, სულ ნიკა მედგა თვალწინ.
მეორე დილას არავის დავლოდებივარ, უთენია ავდექი და ზღვაზე წავედი. წყალში არ შევსულვარ, ნაპირზე ვიჯექი და ვფიქრობდი, ნიკასთან ურთიერთობა კარგს არაფერს მომიტანდა, ეს ვიცოდი, თუმცა ჩემი შინაგანი ხმა, გულის ხმას ვერ ერეოდა. დაბრკოლება ამ შემთხვევაში ლანა იყო, მეცოდებოდა ეს გოგო, თუმცა ეგოისტური მომენტი მაინც მქონდა და ვერ ვიტანდი ნიკას სიახლოვეს. დიდხანს ვიჯექი ქვიშაზე და ჰორიზონტს ვუყურებდი, მერე ნელ-ნელა იღლიაში და მარჯვენა მკერდის ქვეშ ტკივილი დამეწყო, ჯერ ჩუმი, მჩხვლეტავი, შემდეგ კი ძლიერი და აუტანელი. რამდენიმე დღე იყო წამალს არ ვიღებდი, საერთოდ ასე ვიცოდი, ვიყიდდი წამლებს, ვიღებდი სამი-ოთხი დღე და მერე თავს ვანებებდი. ახლაც ასე გავაკეთე, ერთი თვე უნდა მიმეღო წამლები და მე კი მხოლოდ ერთი კვირა ვსვამდი. ვიჯექი მოკუნტული, ორივე ხელი იღლიაში მქონდა ამოდებული, ტუჩები ძლიერად მოკუმული და ვცდილობდი ტკივილი გარეთ არ გამომეშვა. ვცდილობდი არ მეტირა, აღარ მინდოდა ტირილი, საკმარისი იყო ორ წლიანი ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი. ვიგრძენი, როგორ გამიცივდა მტკივანი ადგილი, როგორ დამასხა ცივმა ოფლმა. არ ვიცოდი ამ შემთხვევაში რა გამეკეთებინა, ნიკასთან მისვლა არ მინდოდა, არც ის მინდოდა ვინმეს ასეთ დღეში ვენახე. საკუთარ თავს შთავაგონებდი, რომ გამივლიდა, რომ კარგად გავხდებოდი, აღარ მეტკინებოდა. თვალებს ვხუჭავდი, სუნთქვას ვიკავებდი, თითქოს ეს მიშველიდა. რამდენიმე წუთიანმა შემოტევამ, ბოლოს ცოტა იკლო, მერე კი საერთოდ გაქრა. როგორც იქნა თავისუფლად ამოვისუნთქე. ფეხზე წამოვდექი და შიშველი ფეხებით გავუყევი ნაპირს, შორს წავედი, იმდენად შორს, რომ არც შენობა ჩანდა, არც ადამიანები. ტანსაცმელი გავიხადე და ზღვაში შევედი, ასე ძალიან არასდროს არ მომწონებია ზღვა, არასდროს ასე თავისუფლად არ მიგვრძნია თავი.თითქმის ნახევარი საათი დავყავი წყალში, შემდეგ ამოვედი, სველ სხეულზე გადავიცვი ტანსაცმელი და კოტეჯში დავბრუნდი.
არავინ დამხვდა და თითქოს გულზე მომეშვა,მართლა არ მქონდა არავის თავი. აბაზანის მიღება მინდოდა და ოთახში შესვლა დავაპირე, როცა ლანას ხმა მომესმა, აშკარად ვიღაცას ელაპარაკებოდა. არც მიფიქრია დაყურადება, გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ზუსტად ამ დროს ნიკა ახსენა და მეც ადგილს შევეყინე.
- მომისმინე, გურამ, ნიკას მე მივხედავ...
- .....
- კი, მაგრამ ეს ყველაფერი რა საჭიროა, სხვა გამოსავალი არ არის? გთხოვ იქნებ რამე მოახერხო, ისედაც ბევრს აკეთებს ჩემთვის ნიკა, არ მინდა რამე შარში გავხვიო. ჩვენ ახლაც ერთად ვართ, ეს რაღა საჭიროა, რა ფაქტებია კიდევ საჭირო? - ვუსმენდი ლანას და ნათქვამის ერთმანეთთან დაკავშირებას ვცდილობდი, არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდა ლანა და ვინ იყო ის გურამი. თავში ათასი აზრი მომდიოდა,მაგრამ დალაგებას ვერ ვახერხებდი,ასე გაოგნებული ვიდექი კართან ლანა რომ გამოვიდა, ჩემს დანახვაზე შეკრთა, თუმცა არაფერი უთქვამს, გვერდი ამიარა და გავიდა.
საღამომდე მარტო ვიყავი სახლში, ნუცამ დამირეკა გაემზადე მოვალთ და წავიდეთ თბილისშიო. ცოტა ხნის შემდეგ მე ნუცა, ბექა და კახა მანქანაში ვისხედით, ნიკა და ლანა კი ნიკას მანქანით მოდიოდნენ ჩვენს უკან. ამჯერად ნუცა და ბექა წინ ისხდნენ, კახა კი ჩემს გვერდით. საშინლად მაბნევდა მისი ახლოს ყოფნა, განსაკუთრებით ის დაჟინებული მზერა, მთელი გზა რომ მიყურებდა. არ ვიცოდი ასე, რატომ ვნერვიულობდი მასთან, რატომ ვერიდებოდი, რატომ მეშინოდა. თავი ფანჯარაზე ჩამოდებულ ხელზე მედო და გზას ვუყურებდი. ნიკას მანქანა დაგვეწია და დავინახე, როგორ იცინოდნენ ნიკა და ლანა, თავი საშინლად ვიგრძენი, არ შემეძლო მათი ყურება, ლანას წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, თავს მის ადგილას წარმოვიდგენდი და ვხვდებოდი, როგორი მტკივნეული იქნებოდა ეს მისთვის. ნიკამ ზუსტად ამ დროს გამომხედა, ისეთი თვალებით სულ დამავიწყდა წუთის წინანდელი ფიქრი. ვიგრძენი, როგორ გამათბო ამ მზერამ. თვალები დავხუჭე, რომ ეს სითბო როგორმე დიდხანს შემენახა. მთელი გზა ასე თვალებდახუჭულმა გავატარე.
******
ბათუმის შემდეგ ჩემი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, დავდიოდი სამსახურში და ვბრუნდებოდი სახლში, წამლების მიღება განვაახლე და გადავწყვიტე კურსი მთლიანად ჩამეტარებინა. სამსახურშიც და სახლშიც მექანიკურად ვმოძრაობდი, სულ ნიკაზე ვფიქრობდი, მასთან მისვლის მიზეზი არ მქონდა, დარეკვას კი ვერ ვბედავდი, მეშინოდა. მისი ნახვის სურვილი ჭკუიდან მშლიდა, არადა მოთმინება არ მყოფნიდა. იმაზე მეტ საქმეს ვკიდებდი ხელს, ვიდრე მევალებოდა, გვიანობამდე ვმუშაობდი, რომ მასზე ფიქრის დრო აღარ დამრჩენოდა.
12 სექტემბერი იყო, სამსახურიდან გვიან გამოვედი, არ მინდოდა ტაქსით წასვლა, თან ამის ფუფუნება ნამდვილად არ მქონდა, წამლებში და ანალიზებში იმდენი დამეხარჯა, ყოველ თეთრს ვუფრთხილდებოდი. გზას ფეხით გავუყევი, თბილოდა. ხალხი ქუჩაში სეირნობდა, მომღიმარ სახეებს ვუყურებდი და მეც მეღიმებოდა. წყვილებს ვუყურებდი და მეც ძალიან მინდოდა მათსავით ხელჩაკიდებულს მევლო ქუჩაში საყვარელ ადამიანთან ერთად. ღია კაფესთან ჩავიარე, ნაცნობმა სიცილმა ჩემი ყურადღება მიიქცია. ნიკა იყო, ვიღაც ასაკოვან ქალთან ერთად. ყავას მიირთმევდნენ და საუბრობდნენ. იმდენი ხანი იყო არ მენახა, მონატრებისგან გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი. მერე შემეშინდა არ დავენახე და სასწრაფოდ გამოვბრუნდი. ორი ნაბიჯი არ მქონდა გავლილი ნიკას ხმა, რომ მომწვდა.
- ელენეე? - გავჩერდი, მაგრამ მიბრუნებას არ ვჩქარობდი, არ მინდოდა მასთან ახლოს ყოფნა, ვიცოდი არ შეიძლებოდა ასე მოქცევა და ამიტომ თავი უნდა შემეკავებინა.
- ელენე, როგორ ხარ? - ნიკა მომიახლოვდა და მაჯაში ჩამავლო ხელი.
- კარგად, შენ? - უხერხულობისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი.
- წამოდი, ყავა დავლიოთ. - პასუხს არც დალოდებია ისე ჩამიკიდა ხელი და მაგიდასთან მიმიყვანა.
- გაიცანი, ბებიაჩემი, ქალბატონი ლაურა შერვაშიძე, თავადის ქალი. - ისე მომხიბვლელად ჩაიცინა კინაღამ სული განვუტევე. მორიდებით ჩამოვჯექი სკამზე და ქალს მივესალმე. - ეს კი ელენეა, ჩემი პაციენტი. - თითქოს გული ჩამწყდა, მწარედ გამეღიმა, რეალობა ეს იყო, მე მისი პაციენტი ვიყავი მხოლოდ და ეს უნდა შემეგნო. ყველაფერი ხომ ამაზე მიუთითებდა, ბათუმიდან ჩამოსვლის შემდეგ არც კი შემხმიანებია, იმ მესიჯზეც არ გაუცია პასუხი.
- ლამაზი გოგონაა. - თბილად გამიღიმა ლაურა ბებიამ და მეც გამეღიმა. - რას საქმიანობ, ელენე?
- წიგნის სახლში ვმუშაობ, მენეჯერი ვარ.
- ოო, უდავოდ მშვენიერი სამსახურია
მოწონების ნიშნად თავი დამიქნია ქალბატონმა ლაურამ, მე კი უბრალოდ გავჩუმდი, ხო მშვენიერია, როგორ არა, რა იცოდა რა შრომა მიწევდა, რამდენს ვნერვიულობდი და ვიღლებოდი, და რის გამო, რაღაც თეთრების გამო. ნიკას შევხედე, გაკვირვების ნიშნად წარბაწეული მიყურებდა, აშკარად არ ელოდა, ვერ ვხვდებოდი, რა იყო აქ გასაკვირი. ბებიამისი კიდევ ცოტა ხანს მელაპარაკა, მერე კი ადგა და დაგვემშვიდობა, ნიკამ დამელოდეო მითხრა და ბებია გააცილა. არ ვიცი რატომ არ მივდიოდი, რატომ ველოდი, მაგრამ ვიჯექი და არ ვინძრეოდი. გონება მკარნახობდა, რომ უნდა წავსულიყავი, გულს კი ფეხის მოცვლაც კი არ უნდოდა.
- ხომ არ მოიწყინე, ელენე? - ისევ მაგიდას მიუჯდა ნიკა.
- ჯობია წავიდე, გვიანია. - წასავლელად გავემზადე, მაგრამ ნიკამ ისევ შემაჩერა.
- სადმე გეჩქარება?
- არაა, მაგრამ...
- ხოდა, მაშინ წამოდი ცოტა დავლიოთ, ხომ ვიცი მაინც სვამ,მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება, მაგრამ ამჯერად მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნები. განსაზღვრული დოზით დაგალევინებ. და თუ რამეა, მერე გიმკურნალებ კიდეც. - თვალი ჩამიკრა, ანგარიში გაასწორა და ხელგაყრილი წამიყვანა მანქანისკენ. კარიც თავად გამიღო და ჩაჯდომაშიც მომეხმარა. თავს უხერხულად ვგრძნობდი მის მანქანაში, თან მარტოს ყოფნა არ მინდოდა, ვხვდებოდი სხვის ადგილს ვიკავებდი, ვხვდებოდი ვაშავებდი, მაგრამ მაინც მორჩილად მივყვებოდი ნიკას.
ვისკის ვსვამდით და ლიმონს ვაყოლებდით, პირველმა ისე დამჯღანა, ნიკამ დამცინა, მეორემ უკვე გამათამამა, მესამემ სიცილის ხასიათზე მომიყვანა და დანაშაულის გრძნობაც სადღაც გაქრა, თვალს არ ვაშორებდი მის თვალებს და არც ის მაშორებდა თვალს. მეოთხესკენ რომ გავიშვირე ხელი, თითები დამიჭირა, შემაჟრჟოლა, თითის ბალიშები გამიცხელდა, სითბო მაჯებისკენ დაიძრა და მთელი მკლავი გაიარა, მერე მკერდში გადაინაცვლა და სხეულში გაიფანტა. ნიკამ უარის ნიშნად თავი გამიქნია და წასვლის დროაო მითხრა.
- არა, მე წასვლა არ მინდა, აქ მინდა ყოფნა, მომწონს. - ვჯიუტობდი და ფეხებს ვაბაკუნებდი. - დალევა მინდა!
- დღეს საკმარისია, ელენე, შენს თავს ავნებ.
- ნწ, არაა საკმარისი, ჩემთვის საკმარისი არასდროს არაფერია, თუმცა ყოველთვის მცირედს ვჯერდები. - თვალებს ვაფახულებდი და ვბლუყუნებდი. - ამჯერად მაინც გავაკეთო იმის მაქსიმუმი, რაც მინდა.
- ახლა არა, ელენე. - აღებული ჭიქა გამომარვა და უკან დააბრუნა, მერე ხელი ჩამჭიდა და ძალით გამიყვანა გარეთ.
- გამიშვი, შენ ვინ ხარ რომ გადამიწყვიტო რა ვქნა? შენ არავინ ხარ! ვერ მიმითითებ რა გავაკეთო. - უკან მივყვებოდი და ხელის გათავისუფლებას ვცდილობდი. - ეი, გესმის ჩემი? ნიკა, გამიშვი.
- ჩაჯექი და გაჩუმდი ბოლოს და ბოლოს. - ისე მკაცრად მითხრა, მაშინვე გამაჩუმა, თავი დამნაშავესავით დავხარე და ჩუმად დავიკავე ადგილი ნიკას გვერდით.
- ცუდად ხარ? - ცოტა ხნის შემდეგ მკითხა, რადგან ხმას არ ვიღებდი და ტუჩებიც მითთრთოდა.
- არა.
- ტყუილი არ გამოგდის, - საჭეს ნერვიულად უკაკუნებდა თითებს და დაძაბული ხმით საუბრობდა. - დაიმახსოვრე, ელენე, ემოციები და ტკივილი გარეთ უნდა გამოუშვა, თავს ნუ იკავებ, ასე ცუდად გახდები. ტკივილი შეგჭამს.
- და რა ვქნა? ვიტიროო? - მისკენ მივბრუნდი და სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი.
- უნდა იტირო, ეს ერთ-ერთი ხერხია ემოციურად, რომ დაიცალო. - ნერვიულად ჩაილაპრაკა და მანქანა გააჩერა.
- და თუ არ მშველის? თუ არ მკურნავს ცრემლები? თუ დავიღალე ტირილით? თუ აღარ მინდა ვტიროდე? თუ აღარ მინდა მტკიოდეს? - უკვე ნერვებს ვყავდი ატანილი, ის ისე მექცეოდა, როგორც პაციენტს. ჭკუას მარიგებდა, მითითებებს მაძლევდა, მე კი სულელივით მასთან ყოფნა მინდოდა, თითქმის დავიჯერე რომ ისიც ფიქრობდა ჩემზე და ისიც დავიჯერე, რომ ჩვენს შორის რამე იქნებოდა. ეს ბებიის გაცნობა და ერთად დალევაც თითქოს ამაზე მეტყველებდა, მაგრამ აი ნიკა ახლა ისევ ექიმის როლში იყო და ჩემს შინაგან განცდებს რეცეპტს უწერდა.
- ეს უკვე პროგრესია. - ისიც შემობრუნდა და გამიღიმა. - ცრემლები არ გკურნავენ?
- არა. - ისე ჩუმად ვთქვი, მე ძლივს გავიგონე ჩემი ხმა.
- ტირილი არ გინდა? - ნიკა ჩემკენ იწეოდადა ისევ მიღიმოდა. - აღარ გინდა გტკიოდეს?
- არა. - ისევ ამოვუჩურჩულე და თვალები დავხუჭე.
- გინდა სურვილის მაქსიმუმი გააკეთო? - ნიკა უკვე ჩემს ტუჩებთან ჩურჩულებდა, მე ისევ დახუჭული მქონდა თვალები.
- მინდა. - მღელვარებისგან სულშეკრული, მთელი სხეულით დაჭიმული ვიჯექი და ველოდი, როდის შემეხებოდა.
- გინდა? - ხმა ჩახლეჩილი მეკითხებოდა ნიკა.
- მინდაა... - ეს უკვე კნავილს გავდა, მისი კოცნის სურვილს ავეტანე, ვცახცახებდი, ერთიანად დამცხა, მაგრამ ის კოცნას არ ჩქარობდა. მისი სუნთქვა ტუჩებზე მეცემოდა და თავბრუს მასხავდა.
- გაახილე თვალები. - რაღაცნაირი შეცვლილი ხმით მითხრა და მეც უცებ გავახილე თვალი.
- იცი, რამდენი წლის ვარ? - თვალებში შევხედე, აქამდე მის თვალებში ასეთი რამე არ დამინახავს. ამან შემაშინა, ამაფორიაქა.
- არა, არ ვიცი. - ვუპასუხე და ჩანთას დავიწყე წვალება და დიალოგი ჩემთვის უკვე ტანჯვად გადაქცეულიყო, იმედგაცრუებისგან ტირილი მინდოდა.
- ოცდათორმეტი წლის ვარ, ვინ ვარ იცი? არა იცი! - დასმულ კითხვას ისევ თავად გასცა პასუხი და ირონიულად ჩაიღიმა.
- მერე რაა, არც ისე ბებერი ხარ. - ვცადე ცოტა მეხუმრა, მაგრამ მის სახეს, რომ შევხედე მივხვდი სისულელეს ვამბობდი.
- მალე დავქორწინდები, ელენე. - ხმაჩამწყდარმა ძლივს ამოილაპარაკა ეს სიტყვები და სამყარო თავზე ჩამომემხო. ტკივილმა გული მომიწურა, გამაგიჟა. გაშეშებული ვიჯექი და ვუყურებდი, სულ გაფითრებულიყო, საფეთქელთან ძარღვი უფეთქავდა და მივხვდი, როგორ გაუჭირდა ამის თქმა. მერე მანქანა დაძრა. უხმოდ მივდიოდით, ხელები გაყინული მქონდა. ერთმანეთისთვის ჩამეჭიდა თითქოს ვინმე მართმევდა და წინ ვიყურებოდი. გაჩერებისთანავე გადავედი ისე, რომ მადლობაც არ მითქვამს და სირბილით ავიარე კიბეები.
ზურგს უკან მიკეტილ კარს მივეყრდენი და ცრემლები გადავყლაპე.
რა უნდა მეთქვა,რა უნდა მესაყვედურა,სიმამაცე ეყო პირდაპირ ეთქვა სათქმელი.არ მოვუტყუებივარ,არაფერს დამპირებია.
*******
მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მინდოდა მასთან, საშინლად მენატრებოდა, იმ დღის შემდეგ ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა. მასზე არ ვბრაზობდი და არც ნაწყენი ვიყავი. მე და ნუცა ხანდახან ნიკას გავიხსენებდით ხოლმე, მაგრამ ეს არ იყო ტკივილიანი გახსენება, თითქოს შევეგუე ყველაფერს, თანაც ისეთი მნიშვნელოვანიც არაფერი მომხდარა ჩვენს შორის რომ მენანა. ამიტომ ვცხოვრობდი ჩვეულებრივად, საღამოობით ნუცასთან ერთად მივდიოდი სადმე, ან დივანზე მიწოლილი ფილმს ვუყურებდი. მკურნალობის კურსი დამთავრებული მქონდა, მაგრამ აღარ ვაპირებდი ნიკასთან მისვლას. ტკივილებიც აღარ მწუხებდა, ეს ამბავი დამავიწყდა კიდეც.
ერთ საღამოს კახამ დამირეკა, თუ გცალია კინოში წავიდეთო, რაღაცნაირად მოწყენილი ვიყავი და ამიტომ დავთანხმდი, მაგრამ როცა მისი მანქანისკენ მივდიოდი, უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ სწორად ვიქცეოდი. კახა კარგი პარტნიორი აღმოჩნდა, კარგად ხუმრობდა და ხასიათიც საგრძნობლად გამომიკეთა.
- ულამაზესი ხარ. - მიჩურჩულა სეანსის დროს და რომ არა სიბნელე, ისიც დაინახავდა, როგორ ავწითლდი.
- მენდე და არასდროს ინანებ. - ისევ აგრძელებდა კახა და თან ჩემს თითებს ეფერებოდა. - საოცრად ნაზი ხარ.
ამ დღის შემდეგ მე და კახა თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდით, სამსახურში მაკითხავდა და სახლში მივყავდი. ნიკაზე იშვიათად, მაგრამ მაინც ვფიქრობდი. სამაგიეროდ კახას დავუახლოვდი, ერთად კარგად ვიყავით, ვგრძნობდი, რომ მოვწონდი, ჩემზე ზრუნავდა, მაგრამ მასთან თავს მკვდრად ვთვლიდი. ერთდროულად სიმშვიდე და ერთფეროვნება მოჰქონდა. უემოციო ურთიერთობა გვქონდა. მასთან რობოტივით ვიყავი. თითქმის ყველაფრზე ვთანხმდებოდი და ისიც უფრო მეტად მეკედლებოდა. ეს ურთიერთობა იმაზე მეტად მჭამდა, ვიდრე ის ორი ტკივილიანი წელი, ვიდრე ჩემი ავადმყოფობა, რომელიც ბოლო დროს უფრო და უფრო მეტად მაწუხებდა. ერთ დღეს შხაპისას, მკერდი რომ მოვისინჯე, მარცხენა ძუძუს ქვეშ ისეთი სიმაგრე ვიგრძენი, გული მომეწურა, შემეშინდა კედელს მივეყუდე, რომ არ ჩავსრიალებულიყავი. მივხვდი, ავადმყოფობამ უკან კი არ დაიხია, პირიქით მეორე მკერდზეც გადავიდა. ტირილი ამივარდა, დაბლა ჩავჯექი და დიდხანს ვტიროდი. ბოლოს ცოტა დამშვიდებული ოთახში დავბრუნდი და ხალათიანად მივწექი საწოლზე.არ ვიცოდი რა მექნა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ამ მდგომარეობიდან ადვილად ვერ გამოვიდოდი. ჭერზე თვალმიშტერებული ვიწექი მესიჯი, რომ მომივიდა. ''ფხიზელი ვარ და იგივეს ვფიქრობ'' - გული შემიქანდა. მესიჯი ერთი თვის დაგვიანებით. ტექსტს დავყურებდი და ცრემლები მომდიოდა.
''ჩამოხვალ? ვისკი მაქვს, ერთად გავატანოთ დარდები სასმელს.'' - მაშინვე წამოვფრინდი, ფანჯარას მივაწყდი. მისი მანქანა იქ იდგა ეზოში. ნიკას მასზე მიყუდებულს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და თავი ჩაეხარა.
გაგრძელება იქნება ხვალ

777     მკურნალი ცრემლება - 925354159305

Комментарии