თავი 5 სახეზე სისხლმა ამასხა, ლოყები გამიხურდა, მაგრამ თავი შევიკავე და აღარ შევეპასუხე, რათა თავი არ გამეცა. გვანცა გამახსენდა, ჩვენი გაცნობა და დამეგობრება. მე, ობოლ გოგონას, მეგობარი მჭირდებოდა, ვინმე ისეთი, ვინც ხელს არ მკრავდა, გვერდით მეყოლებოდა და სიყვარულს მაჩუქებდა. მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით კიდევაც, მაგრამ ეს იყო ღრმა ბავშვობაში, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. გვანცა სხვანაირი გაიზარდა, მე _ სულ სხვანაირი. თუმცა მაინც გამუდმებით ერთად ვიყავით და როგორც შემეძლო, ჭკუას ვარიგებდი. ეჰ, ვინ იცის, რამდენი განსაცდელისგან დამიხსნია და რამდენი მისი გაფუჭებული საქმე გამომისწორებია. ახლა კი… ახლა თავადაც არ ვიცოდი, რა მელოდა. ყველა მიჩვეული იყო, ერთად რომ გვხედავდნენ. მე მშვიდი ვიყავი, გრძელი პლატინისფერი ხვეული თმით, გვანცა კი თავაშვებული, სპილენძისფერი ხუჭუჭა თმითა და დამცინავი გამოხედვით. მისი თაფლისფერი თვალები საოცარ ამპარტავნებას ასხივებდა. მაინც ვუგებდით ერთმანეთს. მაინც ვმეგობრობდით. და ყველანი ამიტომაც სულ ერთად გვხედავდნენ _ სკოლაში მიმავლებს თუ სკოლიდან მომავლებს… ჩემს მოგონებებს გავუღიმე. ამის დანახვაზე ლუკასს ისე წამოეჭარხლა სახე, მგონი გული გაუჩერდა. _ ასე რატომ იღიმით? _ ხმას აუწია, _ კიდევ ერთი სულელი გაგახსენდათ, ვისი თითზე დახვევაც მოახერხეთ? ეს ისეთი სიმწარით წარმოთქვა, გამიკვირდა. არადა, ნიშნის მოგებით სულაც არ გამიღიმია, უბრალოდ, ბავშვობა გამახსენდა. _ თუმცა ჩემთვის სულერთია, განა რა მნიშვნელობა აქვს, _ თავი უკმაყოფილოდ დააკანტურა, _ უბრალოდ, თქვენი ეშმაკური ქცევები სულ უფრო მიცრუებს იმედს. საერთოდაც, ნეტავ რატომ ვკარგავ თქვენისთანაზე ჩემს ძვირად ღირებულ დროს? შეურაცხყოფა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ლაპარაკის უნარი წამერთვა. მან გამანადგურებელი მზერა მომაპყრო და თვალები ისევ დახუჭა. თანდათანობით მოუდუნდა ვეებერთელა სხეული და ისე თანაბრად დაიწყო სუნთქვა, რომ მივხვდი, ჩაეძინა. გაუნძრევლად ვიჯექი. ყველა კუნთი მიფეთქავდა, ზურგში კი ყრუ ტკივილს ვგრძნობდი. ასე ცუდად და მარტოსულად არასდროს მიგრძნია თავი. მაშინაც კი, როცა ყველა ჩემიანი დავკარგე. მჭიდროდ დახუჭული ქუთუთოებიდან მოულოდნელად ცხარე ცრემლები გადმომცვივდა და ავქსუტუნდი. `ღმერთო, როგორ დამერხა! როგორ დავიღუპე!~ _ გავიფიქრე თავზარდაცემულმა და კეფა სავარძლის საზურგეს მსუბუქად მივახალე. უეცრად თვალწინ უზარმაზარი ქათქათა, გახამებული თეთრი ცხვირსახოცი ამიფრიალდა. ლუკასმა ნაზად მიმატრიალა თავისკენ და ცრემლები აუჩქარებლად მომწმინდა. _ კარგი, კარგი, _ რბილად ჩაილაპარაკა, _ რატომ ტირი? ცრემლები რა საჭიროა? ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ წარუმატებლად ვცადე ცრემლების შეკავება და დაბნეულმა ყინულის კუბურებჩაყრილი წყალი ღრმა ყლუპებად კვლავ მოვსვი. ვერც ამან მიშველა. ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა ღაწვებზე. ჩემმა სიმპათიურმა შეუვალმა ბერძენმაც კი შემიცოდა და ჩემი თავი თავის მკერდზე მიისვენა. მიუხედავად იმისა, რომ წუთის წინ სასტიკად დამამცირა, უცებ მაინც კომფორტულად და მშვიდად ვიგრძენი თავი. _ დამშვიდდი, პატარავ. დახუჭე შენი სახიფათოდ ლამაზი თვალები და ეცადე დაიძინო. მან ეს სიტყვები თითქმის გაურკვევლად წარმოთქვა და კვლავ მომეჩვენა, თითქოს თავშეკავებულად იცინოდა, თუმცა ამჯერად ეს აღარ მაინტერესებდა. თითქოს მოჯადოებული ვიყავი, მისი გულის რიტმულ ცემას ვაყურადებდი და მისი სხეულიდან ჩემში გადმოსული სითბოთი და სინაზით ვტკბებოდი. _ საცოდავი ბავშვი… სრულიად გამოიფიტა… ბერძენი მოძალადის ხმა უჩვეულოდ დამამშვიდებლად ჟღერდა. მის პიჯაკს სიგარისა და ოდეკოლონის მძაფრი სურნელი უდიოდა. უეცრად დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, გამეხსნა ლუკასის პერანგის ღილები და ლოყა მის შიშველ, უხეშბალნიან მკერდზე დამედო. უნებურად შევკრთი და სასწრაფოდ მოვშორდი, თან გულში საკუთარი თავი გავკიცხე ასეთი თავხედური სურვილისთვის. ღაწვები მიხურდა, ცახცახს ძლივს ვიკავებდი. არ ვიცი, შენიშნა თუ არა, რამაც ამაღელვა, მაგრამ, ცხადია, არ შეიმჩნია. ისევ საზურგეს მიაწვა და სრულიად მშვიდად დახუჭა თვალები. _ ჰმ… _ ჩაილაპარაკა, _ თურმე როგორი ყოფილხარ. მე კი სულ ვფიქრობდი, ნეტავ სანამდე ეყოფა ნებისყოფა თოვლის დედოფლის როლის სათამაშოდ-მეთქი. როგორ დამცინოდა! იცოდა, რომ მისი ძალაუფლების მარწუხებში ვიყავი მოქცეული და ვერაფერს გავაწყობდი. სწორედ ამიტომ დამცინოდა. _ მეზიზღებით! ვერ გიტანთ! _ კბილებშუა გამოვცერი და თითები მუშტად შევკარი. _ ნეტავ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ადვილად ვხვდები თქვენს ყველა ხრიკს? იგი თვალებს არ ახელდა და მისი პროფილი გრანიტისგან გამოკვეთილს ჰგავდა. _ დამიჯერე, პატარა მოღალატე გოგონა, შენ ჯერ კიდევ არ მისულხარ იმ ასაკამდე, ზრადასრულთა თამაშებში ჩაება. აბა, სინჯე ერთი, გასწიე რისკი და სცადე შენი ხრიკები ჩემზე. _ მან ამაყად გადააგდო თავი უკან, მაგრამ დადუმდა, თითქოს ეშინოდა, თავი არ გაეცა, თუმცა აშკარად ვგრძნობდი, როგორ აწუხებდა, ასეთი ცუდი წარმოდგენა რომ ჰქონდა ჩემზე. მხოლოდ დიამეტრიულად საპირისპირო ხასიათების ბრალი იყო, რომ მე და გვანცა ამდენი წლის განმავლობაში ვმეგობრობდით. ქარიშხალი, რომელსაც დაქალი ყოველთვის თავს მატეხდა, სრულად ავსებდა ჩემს თავშეკავებულ, ჩაკეტილ ცხოვრებას იმ სიხარულითა და ვნებით, რომელიც ასე ძალიან მაკლდა. _ რამდენდღიანი შვებულება გაქვთ? _ ჩამესმა ამ დროს ლუკასის ხმა. ის კვლავ მშვიდად ლაპარაკობდა, თითქოს ლაყბობის მადა გაეხსნაო. ქამელეონივით ყოველ წამს იცვლებოდა. _ რამდენიც საჭირო იქნება, _ მოკლედ მოვუჭერი, რადგან ვიცოდი, მასავით მშვიდად საუბარს ვერ შევძლებდი. _ ვაუ! კარგი ურთიერთობა გქონიათ თქვენს ბოსთან. _ ლუკასმა თვალები გაახილა, _ მაშინ ასეთი შეშფოთებული და აგრესიული რატომ ხართ? სინდისი არა გაქვთ სუფთა? _ გამომცდელად შემათვალიერა. ამის გაგონებაზე ღაწვები შემეფაკლა, სუნთქვა გამიხშირდა. _ ჯერ ერთი, ის ქალია, _ უხეშად მივუგე, _ და მეორეც, მეგობარიც არის ჩემი. არ ვიცი, თქვენთან როგორაა, მაგრამ ჩვენთან უფროსობა თანამშრომლებთან თბილ ურთიერთობას ამყარებს. რადგან გამომიშვა, ესე იგი, დავიმსახურე! ხელფასსაც კარგად მიხდიდა და მაფასებდა კიდევაც. მე მისთვის შეუცვლელი ვიყავი! თუმცა თქვენ ამას ვერ გაიგებთ. თქვენთვის მსგავსი რამ, როგორც ვხვდები, უცხოა. _ ქალი? _ მან თავი გადააქნია და ტუჩები მობრიცა, _ ან არის ქალი და ან არა. ვინ იცის, კარგ ხელფასს რის გამო გიხდის. შენ იცი, რომ მე ამას ვერავისგან გავიგებ და იმიტომაც მიყვები აქ ზღაპრებს. კბილი კბილს დავაჭირე, რომ ყელში არ ვცემოდი. არა, როგორმე უნდა დავწყნარებულიყავი, თორემ შეიძლებოდა აქ, თვითმფრინავში ისტერიკა მომეწყო. ეს ხელს არ მაძლევდა. _ სადაა გარანტია, რომ მისი საყვარელი არ ხართ და ამის გამოისობით არ გახდით მისთვის შეუცვლელი? არ დამიმალოთ, ასეა? ასეთი მეგობარია ის თქვენთვის? _ სრულიად შესაძლებელია! _ ამოოხვრით მივუგე და უნებლიეთ გამეღიმა, როცა თავი ლალისთან ერთად საწოლში წარმოვიდგინე. _ კარგ ხელფასს რომ გიხდიან, ამაში ეჭვი არ მეპარება. აბა, სხვანაირად როგორ იცხოვრებდით ეგეთ ბინაში? თან ქალაქის ცენტრში. ქირაში რამდენს იხდით, ისე, თუ საიდუმლო არ არის? _ ლუკასმა შეტევის ტაქტიკა შეცვალა. _ არავითარ ქირას არ ვიხდი, ის ჩემი ბინაა. უეცრად ისე მოსწყდა საზურგეს, თითქოს ნემსი უჩხვლიტესო. _ მოიცა, მოიცა… მე კიდევ ვშიშობდი, ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენე, ბინის ქირა გადაუხდელი დარჩება-მეთქი. _ ამის თქმაზე ისე დაჟინებით დამაშტერდა, ძარღვებში სისხლი გამეყინა, _ ესე იგი, საკუთარი ბინა გაქვთ და საკუთარი ბიზნესიც, არა? გეორგიოსმა იცოდა ამის შესახებ? _ მე ბიზნესი არ მაქვს, მე სამსახური მაქვს. _ მივუგე და მზერა ავარიდე, _ თუ ძალიან გაინტერესებთ, ეს ბინა მემკვიდრეობით მერგო და, საერთოდ, რა თქვენი საქმეა, მე ნაქირავებში ვცხოვრობ თუ საკუთარ ბინაში? _ რა ჩემი საქმეა? აგიხსნათ? _ ამოიქშინა, _ თქვენ შეგიძლიათ გეორგიოსი მოატყუოთ ასეთი რამეებით, მაგრამ მე ვერ მომატყუებთ. მისი შებმა სულ ადვილია, ერთი გულუბრყვილო ბიჭია. მამამისი რომ გარდაიცვალა, მას მერე მასზე მე ვზრუნავ, ამიტომ ნამდვილად არ მინდა, იმისთანა ქალს დაუკავშირდეს, რომელიც… _ რომელიც რა? _ გაცოფებულს სახე ამერია. ჰაერში რომ არ ვყოფილიყავით, უეჭველად გავაწნავდი სილას, _ მე თქვენ ვინ გგონივართ? _ ავიფოფრე. _ ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემზე კარგად იცით, რას წარმოადგენენ თქვენი პროფესიის ადამიანები. აი, ვინ მგონიხართ! _ ნიშნის მოგებით მომახალა. მისმა სიტყვებმა ისე გაიშხუილა ჰაერში, თითქოს ვიღაცამ მათრახი მოიქნიაო. მას ჰგონია, რომ მე სახლში ბორდელი მაქვს? ისე ავიწურე, არ ვიცოდი, რა მექნა. ხელ-ფეხი შებორკილი მქონდა. ვერაფრის დიდებით ვერ ვეტყოდი, რომ ბინა ჩემმა მშობლებმა დამიტოვეს, რომ მათი დაღუპვის შემდეგ იგი ავტომატურად ჩემზე გადმოვიდა, რომ მე ვიყავი ერთადერთი დარჩენილი მემკვიდრე, რომელსაც მათი კუთვნილი საცხოვრებელი ფართი მერგო მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გავხდი, მანამ კი ბიძაჩემმა გადაიფორმა. უხმოდ შევცქეროდი ლუკასს, თან გამალებით ვფიქრობდი, რა მეპასუხა. მან კი ზიზღით გადააქნია თავი და ტუჩები მოკუმა. - წარმოუდგენელია. უბრალოდ, წარმოუდგენელია, - ხმადაბლა წარმოთქვა ისე, თითქოს გოდებსო და სავარძელზე შესწორდა, - ასეთი ლამაზი ფასადის უკან უცებ ასეთი ჭუჭყი. თურმე ვცდებოდი. თქვენ საკმაოდ მომწიფებული ყოფილხართ ზრდასრულთა თამაშებისთვის, - ეს თქვა, წამოდგა და სალონის გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ უცებ უკან მობრუნდა და ჩემკენ დაიხარა, - იქ, თბილისში თქვენ მაგრძნობინეთ, რომ მე მოძალადე ვარ. კინაღამ დავიჯერე, ვითომ ხელშეუხებელი იყავით. მაგრამ შემდეგ ჯერზე ეს არ გაგივათ. მიიღებთ ზუსტად იმას, რასაც მიჩვეული ხართ. ასე რომ, ფრთხილად იყავით. მე პატარა ბიჭი არ ვარ, პირში ჩალა გამომავლოთ. მის უმოწყალო, დაუნდობელ თვალებში სატანური ცეცხლი გიზგიზებდა. ისე შემეშინდა, მეგონა, გული მუცელში ჩამივარდა. იმდენად უმწეოდ ვიგრძენი თავი, ტუჩის კუთხეები ამიკანკალდა, მზერა კი კვლავ თვალში მომდგარმა ცრემლმა დამიბინდა… საბერძნეთის აეროპორტი პატარა, უსუფთაო და საშინლად დახუთული აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ძალზე უსიამოვნო შეგრძნებამ შემიპყრო, როცა თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა. ნესტიანი ჰაერი, რომელმაც ჩამოსვლისთანავე ყველა მხრიდან "შემომიტია", ზეთისა და კვამლის სუნით იყო გაჟღენთილი. ნუთუ ესეც მომეჩვენა? თავი სიზმარში მეგონა. ტრაპზე ჩამოვდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ვერ მივხვდი, რატომ აქებდნენ ამ კურორტს ასე. თვალები მებინდებოდა, თითქოს უსასრულობაში მივცურავდი და ისე მაკანკალებდა, კბილები ამიკაწკაწდა. ლუკასმა აეროპორტის დარბაზში დამსვა, ცოტა ხანს მოიცადე, მანქანას გამოვიყვან სადგომიდანო და გავიდა. ნახევარი საათი მაინც ველოდებოდი. დროის ეს მონაკვეთი უსასრულოდ მომეჩვენა. ბოლოს, როგორც იქნა, დაბრუნდა. საშინლად ყარდა, ვისკის თუ არყის სუნი ასდიოდა. - წავედით! - მბრძანებლურად მომიგდო და წინ გამიძღვა. აეროპორტიდან რომ გამოვედით, იქვე ახლოს მდგარი "ფერარისკენ" გაემართა და კარი გამიღო. - შეგიძლიათ მოკალათდეთ! - აგდებულად მითხრა, თითქმის დაცინვით. რადგან წინა სალონის კარი გამიღო, მეც წინ დავჯექი. მანქანის სალონში რაღაცნაირი მწარე სუნი მეცა ცხვირში. ეს იმ ტყავის ბრალი იყო, რომელიც სავარძლებზე გადაეკრათ. როცა ლუკასმა "ფერარი" დაქოქა, თავი მისკენ მივაბრუნე და ვკითხე: - დიდხანს უნდა ვიაროთ? - ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, - მომახალა. არც კი უფიქრია ტონის შერბილება. აშკარა იყო, ჩემთან შერიგებას არ აპირებდა. უკვე ღამდებოდა. ცაზე აქა-იქ პირველი ვარსკვლავებიც გაკრთნენ. მივდიოდი და არ ვიცოდი, სად ამოვყოფდი თავს. არც ის ვიცოდი, რას მიქადდა ჩემი იღბლის თუ უიღბლობის ბორბალი. მანქანაშიც დაძაბული ატმოსფერო სუფევდა. ასე მეგონა, სააავდრო ღრუბლები შემომეჯარა ირგვლივ და საცაა თავსხმა წვიმაში მოვხვდებოდი. მალე მთავარი ტრასიდან გადავუხვიეთ და ლუკასი გორაკებს შორის გაყვანილ გზას დაადგა. კარგა ხანს მივყვებოდით უსწორმასწორო ვიწრო გზას, რომელიც სულ ზევით და ზევით მიიწევდა. როგორც იქნა, ლუკასმა პატარა ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა, შვებით ამოისუნთქა და თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო, თუმცა საჭისთვის ხელი არ შეუშვია. ფრთხილი მზერა შევავლე. - ისე ნუ მიყურებთ, თითქოს თქვენი ცოცხლად შეჭმა მსურდეს, - დამიღრინა და ტუჩის კუთხეები შეუტოკდა, - დარწმუნებული ვარ, მოგწყურდათ, ამიტომაც გავჩერდი. მიუხედავად ყველაფრისა, ჯენტლმენობას მაინც იჩენდა. მანქანიდან გადმოვიდა, ჩემ მხარეს კარი გააღო და გადმოსვლაში მომეშველა. ხელი რომ გამომიწოდა, ისე რბილად შემეხო, ჟრუანტელმა დამიარა. თუმცა ეს არ იყო სიამოვნების ჟრუანტელი, რადგან შიში მძალავდა. ვიცოდი, მასთან სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. მომცრო თაღი გავიარეთ და პაწაწინა ეზოში აღმოვჩნდით, სადაც ასიმეტრიულად ხის ოთხი მაგიდა და მის გარშემო შემოწყობილი სკამები იდგა. აქ არც ისე ცხელოდა. გარდა ამისა, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ადამიანს ეგონებოდა, აქაურობა მიტოვებულიაო. მეც ამან გამიელვა პირველად თავში, თუმცა როცა ხეზე შემოდგმული სამტრედეები დავინახე, მივხვდი, რომ უკაცრიელ ადგილას ნამდვილად არ ვიყავით. - აქ დამელოდეთ! - ჩვეული კილოთი მითხრა და პატარა ფიცრული სახლის კარს უკან გაუჩინარდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ხელში ორი მაღალი ფუჟერით დაბრუნდა, რომლებიც უფერო სითხით იყო სავსე, შიგნით კი ყინულის კუბურები და სხვადასხვა ხილის ნაჭრები დაცურავდა. - თავს როგორ გრძნობთ? - მისმა მეტყველმა ნაცრისფერმა თვალებმა ლამის მზერით გადამყლაპეს. - არ ვიცი, - უაზროდ მივუგე, რადგან ერთი სული მქონდა, რომელიმე მაგიდაზე თავი ჩამომედო და დამეძინა, თან მთის სურნელოვანი ჰაერი შემესრუტა. ლუკასი ყველაზე ახლოს მდებარე მაგიდასთან დაჯდა და ფეხები გაშხლართა, მერე კი ურწმუნო მზერით შემათვალიერა. - თქვენ ჩემი გეშინიათ. რატომ? - გაწელილად მკითხა. მიკვირდა, ასე კარგად რომ საუბრობდა ქართულად, თითქოს მთელი ცხოვრება საქართველოში გაეტარებინოს. - თვითმფრინავში რომ გელაპარაკეთ, იმან ხომ არ შეგაშინათ? - ულამაზესი მამაკაცური ტუჩებით დამცინავად შემომღიმა, - ახლა, ცოტა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ზედმეტად მკაცრად მოგექეცით. - შემდეგ რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა და გააგრძელა, - არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, საიდან და რა გზით შოულობთ ფულს, მაგრამ როგორც გინდა იყოს, არა მგონია იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდეთ, ვინც ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. ასე რომ, ამით დავამთავროთ. - კი მაგრამ, რატომ გადაწყვიტეთ უცებ, რომ მე ისეთი… ისეთი არ ვარ, როგორიც აქამდე გეგონეთ? - დავინტერესდი, თან თვალი თვალში გავუყარე და დაჟინებით მივაცქერდი. - მოდი, ასე ვთქვათ. მე არც ისე ცოტა ქალი მინახავს ცხოვრებაში. ამიტომ ბოზების გამოცნობა ადვილად შემიძლია. - მშრალად ამიხსნა, - თქვენ კი აშკარად არ მოიაზრებით მაგათ კატეგორიაში. ავილეწე. გამახსენდა, როგორ შემეშინდა, საკუთარ ბინაში კედელს რომ ამაკრა და კინაღამ ძალა იხმარა. - მით უფრო, რომ აი, სწორედ ეს არ შეუძლიათ, - რბილად ჩაიდუდუნა და საჩვენებელი თითი სათუთად ჩამოუსვა ჩემს აწითლებულ ლოყას. ამ მსუბუქი შეხებისგან ჩემი მოღალატე სხეული ისე შეცახცახდა, რომ ეგრევე უკან გადავიწიე. - ორეოს, ორეოს, - ჩაიჩურჩულა ლუკასმა, თან ჩემი სახის ყოველ ნაკვთს შენელებული მზერით ათვალიერებდა. ამან ისე იმოქმედა, უეცრად ეს პატარა ეზო ჩემთვის საშიშად ინტიმურ ადგილად გადაიქცა. - რას ნიშნავს ეს თქვენი "ორეოსი"? - შევეკითხე, თან ისეთი სახე მივიღე, თითქოს სრულიად მშვიდად ვიყავი და არაფრის მეშინოდა, თუმცა ფუჟერი ნერვული მოძრაობით მივიტანე ტუჩებთან და რამდენიმე ყლუპი კოქტეილი მოვსვი. - "ორეოს"? კარგი რა. დარწმუნებული ვარ, თქვენ უკვე ბევრჯერ მოგისმენიათ ეს სიტყვა. -მიპასუხა, - ვერ დავიჯერებ, რომ გეორგიოსს თქვენთვის ამ სიტყვით არ მოუმართავს. ნუთუ არ უთქვამს, როგორი ლამაზი ხართ და როგორ ატყვევებთ კაცებს მაგ თქვენი მაცდუნებელი ნაცრისფერი თვალებით, რომელსაც ხან შემალავთ წამწამებს შიგნით, ხან კი ისე გამოაჩენთ, კაცს ჭკუას დააკარგვინებთ? ან თქვენი ტუჩები როგორ… - თქვენ რა, სიყვარულს მიხსნით, ლუკას? - ახლა მე ჩამეცინა. - ვა! რა პროგრესია! პირველად მომმართეთ სახელით. თურმე არც ისე ძნელი ყოფილა, არა? - შენიშნა და თბილად გაიღიმა. მე პირველად მოვიხსენიე სახელით, მან კი დაცინვის გარეშე პირველად გამიღიმა, თითქოს რაღაც შეიცვალა მასში. ღამის შუქზე მისი გარუჯული სახე გამორჩეულად ლამაზი ჩანდა, გაღიმებისას კი ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები თითქოს უელავდა. ადგომა დავაპირე, წამოვიწიე და უცებ ხელი გავკარი ფუჟერს, რომელიც იმწამსვე გადავარდა მაგიდიდან, მიწაზე დაეცა და წვრილ კრისტალებად დაიშალა. - ვაიმე, ბოდიში! - ფეხზე წამომხტარმა წამოვიყვირე და ტავერნის შეთეთრებულ კედელს მივეყრდენი, რომელსაც დღის ხვატის სითბო ჯერაც შეენარჩუნებინა. ლუკასმა მშვიდად შეკეცა გაშხლართული ფეხები და წამოდგა, თან თვალს არ მაცილებდა. - ასე რატომ აჩქარდით, ლამაზო მტრედო? - შემპარავად მკითხა და სამტრედეებისკენ გაიხედა. მერე მომიახლოვდა და ნიკაპი ორი თითით ისე ამიწია, რომ მისთვის შემეხედა. მეორე ხელი კი ზურგს უკან შემიცურა, - ჩემი აზრით, დიდ სიამოვნებას განიჭებთ, როცა ისმენთ, როგორ მოსწონხართ კაცებს და რა ადვილად შეგიძლიათ მათი საწყალი გულების დაპყრობა. ის თან ლაპარაკობდა, თან ხელს ნელა დააცოცებდა ჩემს ზურგზე. მერე მოულოდნელად ისე ჩამბღუჯა ცალი ხელით, რომ მთელი სხეულით მომეკრო. ახლა ისე ახლოს იყო ჩემთან, მისი სხეულის გამაბრუებელი სურნელიც კი ვიგრძენი. - თუ ზიზღს უფრო განიცდით ჩემ მიმართ? მის ძლიერ სხეულსა და კედელს შუა ვიყავი გახიდული, გარხევის საშუალება არ მქონდა. ოდნავ მაინც რომ შევრხეულიყავი, ვიცოდი, უფრო მჭიდროდ მოვემწყვდეოდი მის მკლავებში. - წინააღმდეგობებით სავსე გოგო ხართ. ეს რა, თამაშის ნაწილია? მორცხვი მიამიტობა ჭკვიანური გზაა იმისთვის, რომ მამაკაცი სადავით დაიჭიროთ და მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოთ? უნდა გითხრათ, რომ უფსკრულის პირას დგახართ, მაგრამ მე სწორედ ეს მიზიდავს. ძალიან მიზიდავს, - დასძინა და თითი ნაზად გადაატარა ჩემს აკანკალებულ ტუჩებზე. - თუ შეიძლება… გთხოვთ, გამიშვით, - დაკრუნჩხულმა ჩურჩულით წარმოვთქვი. ვგრძნობდი, სისხლი როგორი შხუილით ჩამოედინა ჩემი სახიდან და პირდაპირ მუცლისკენ დაიძრა, თან ისეთი ნეტარებით მავსებდა, მანამდე წარმოდგენაც რომ არ მქონია. ამ იდუმალმა უცხოელმა ზემოდან დამხედა და აშკარა გახდა, მასაც როგორ დარია ხელი ვნებამ. ისე მიყურებდა, მეგონა, სუნთქვა შეწყვიტა. ლუკასმა თავი დახარა და ტუჩებით ნაზად შეეხო ჩემს კისერს, მერე ყურის ბიბილოს. აღგზნების მსუბუქმა ცახცახმა მოიცვა ჩემი სხეული და ყველა უჯრედი თითქოს ახალი სიცოცხლით შემევსო. უმწეოდ ვცდილობდი გამეკონტროლებინა საკუთარი გრძნობები, ჩამეხშო ვნება, რომელიც დაფერფვლით მემუქრებოდა. მხოლოდ ერთი რამ მიკვირდა - თუ თავისი დისშვილისთვის მივყავდი, ასე რატომ მექცეოდა? ნუთუ მომატყუა და მაინც ზნედაცემულ ქალად მთვლიდა? ამასობაში უფრო და უფრო მეცლებოდა წინააღმდეგობის გაწევის ძალა. - არ გინდათ, - უღონოდ დავიჩურჩულე, თუმცა თავად ინსტინქტურად ვეკვროდი მის მკერდს. ლუკასი თავისი ვეება ხელით სწორედ იმ ადგილებში მეფერებოდა ზურგზე, სადაც ჩემს სხეულს სურდა, რიტმულად განმიზიდავდა და მიმიზიდავდა, რითაც თანდათანობით ძლევდა ჩემს სუსტ წინააღმდეგობას. ბოლოს თავის ტუჩებში მოიმწყვდია ჩემი ტუჩები და ღრმა, დამდაგველი კოცნით დამაკვდა. მეგონა, სული ამომაცალა. ლაპარაკი არ შემეძლო, ამიტომ მხოლოდ დავიკვნესე, ყრუდ, ვნებიანად. თავის არეში ტკივილი მიყუჩდა და აზროვნების ყოველგვარი უნარი დავკარგე. უმწეოდ ვფართხალებში მამაკაცის მკლავებში და ვხვდებოდი, რომ ჩემში ყველა შეგრძნება უკიდურესობამდე იყო გამძაფრებული. უცებ ვერც გავიაზრე, ხელი რომ გამიშვა და ჩემს აცახცახებულ სხეულს ძლივს ვაკავებდი. მან თავი ასწია და თვალებმოჭული შემპარავი მზერით დამაცქერდა. ******** - ოოო, ცუდი არ არის, - რბილად აღნიშნა, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ხელები ჩამოუშვა, - მაგრამ, ალბათ, საშიშია, - იგი ყურადღებით შემისწავლიდა, თან ისე, რომ საკუთარი გრძნობები არ გაეცა, მერე კი თავის გაქნევით დააყოლა, - საწყალი გეორგიოსი! აზრებდაცლილმა შევხედე, ძალა აღარ შემრჩა, რამე მეთქვა, რადგან ვხედავდი, რა კარგად ახერხებდა თავის გაკონტროლებას და ეს მაშინ, როცა თვითონ ძლივს ვიდექი ფეხზე და ვიკავებდი თავს, არ ჩავკეცილიყავი. - პატარა მაცდური ჭინკა, - ისე თქვა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა და მე საერთოდ ვერ მამჩნევდა, - ყინულის დედოფალმა დნობა დაიწყო და იძულებულს გხდის, გაფიქრებინოს, თითქოს მხოლოდ შენთვის დნება. უნდა ვაღიარო, რომ ჭკვიანურია. ლუკასს წარმოდგენაც არ ჰქონდა, მისმა ამ ნახევრად ჩურჩულით წარმოთქმულმა სიტყვებმა რამხელა ტკივილი მომაყენა. ნუთუ ჰგონია, რომ ნებისმიერ მამაკაცთან ასე ვიქცევი? როცა ამ აზრმა გონებისკენ მიმავალი გზა გაიარა და ტვინის ხვეულებამდე მიაღწია, თვალებში ჩავხედე. იქ კი მხოლოდ ყინული დავინახე, მხოლოდ ცინიკური ზიზღი, - ლუკასმა დაასკვნა, რომ ბოლოს და ბოლოს, გამტეხა და მაიძულა, მისთვის ჩემი ნამდვილი სახე დამენახვებინა. იფიქრა, საბოლოოდ გავაშიშვლეო. ისე ნელა მივუახლოვდი, აშკარად დაიბნა. მთელი ძალით მოვიქნიე ხელი და სილა გავაწანი. კაცს თავი გვერდზე მოექცა და დაბნეულს თვალები გაუფართოვდა. ერთი წამით მომეჩვენა, თითქოს დრო გაჩერდა და სილის გაწვნის ხმა ჯერ კიდევ ვიბრირებდა ზაფხულის არომატით შემთვრალ ჰაერში. სასაცილო შესახედავი იყო, შეცბუნებული გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ როცა ლოყაზე ჩემი ხუთივე თითის მოწითალო ანაბეჭდი დავინახე, უცებ გავიაზრე, რაც ჩავიდინე. ლუკასი უკვე ცოფიანს ჰგავდა და მომინდა, რაც შეიძლება შორს გავქცეოდი მის სიძულვილით სავსე მზერას, თვალებში რომ ჩასდგომოდა. მაგრამ თავს მოდუნების უფლება არ მივეცი. ჯიუტად ვიდექი ერთ ადგილას, ფეხი არ მომიცვლია, თან ხელებიც მოვმუშტე, რომ მისთვის ჩემი ქალური ძალა დამენახვებინა. - მორჩა? - მოკუმული პირიდან ერთადერთი სიტყვა გამოუშვა და უცებ თავი სრულიად მარტოსულად ვიგრძენი, ყვველასგან მიტოვებულად. - თქვენ ეს დაიმსახურეთ, - სულისშემძვრელად წამოვიძახე და თვალები ცრემლით ამევსო. - ასე ფიქრობთ? - მის ხმაში დაუფარავ რისხვასთან შერეულმა გაოცებამ გაიჟღერა. ჩემკენ ორიოდ ნაბიჯი გადმოდგა, ხელი მომკიდა იმ ხელზე, რომლითაც სილა გავაწანი, თავის ხელისგულში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და სათითაოდ ყველა თითი დამიკოცნა, თან ჩემი გაფითრებული სახისთვის თვალი არ მოუცილებია. უხმოდ შევყურებდი. მაშინებდა ის ძალა, რომელიც მისგან მოდიოდა. ტუჩებზეც მკაცრი ღიმილი დასთამაშებდა. - თუკი ოდესმე კიდევ მოგივათ თავში ამ პატარა წარმოდგენის გათამაშება, ისე გაგამწარებთ, თავბედს იწყევლიდეთ და სიცოცხლე სანანებელი გაგიხდეთ. ისე გავაკეთებ, ხმამაღლა ღრიალებდეთ, ნეტავ საერთოდ არ გავჩენილიყავი ამ ქვეყანაზეო. მისმა გულგრილმა ტონმა შემაძრწუნა. ხელი გამოვტაცე და გაუბედავად შევძახე: - ვერ გიტანთ! - ეს ერთხელ უკვე მითხარით! - მოულოდნელად მის ყინულოვან მზერაში ძლივს შეკავებულმა რისხვამ იელვა და კიდევ რაღაცამ, რისი ამოცნობაც ვერ შევძელი, - ეგრე იყოს. ასე გააგრძელეთ! ამ მუქარანარევი სიტყვებით გატრიალდა და კვლავ ტავერნის კარში მიიმალა. თუმცა მალევე მობრუნდა, უხეშად ჩამავლო მაჯაში ხელი და მანქანისკენ წამათრია. ლამის ძალით ჩამსვა "ფერარიში" და კარი მომიჯახუნა. - ჩუმად იჯექით. კრინტი არ დაძრათ. თქვენთან დალაპარაკების სურვილი არ მაქვს, არც თქვენი ყურების სურვილი მაქვს, - ლუკასის ხმაში, ჩვენი ნაცნობობის განმავლობაში პირველად, ბერძნულმა აქცენტმა იმძლავრა… ის საჭეს მიუჯდა და დავიძარით. დარჩენილი გზა მომაკვდინებელ დუმილში გავიარეთ. ერთიანად დაშლილად ვგრძნობდი თავს. ბოლო ორმოცდარვა საათის განმავლობაში წესიერად ხომ არ მძინებია, მერე კი ლუკასთან შეხლა-შემოხლა და გვანცაზე მტანჯველი ფიქრიც დამემატა ტვირთად. ამ ყველაფრის გამო სხეულში მტეხდა, ხოლო თავი თითქოს ცეცხლში მქონდა შეყოფილი. მილურსმულივით ვიჯექი ჩემს სავარძელზე მანამ, სანამ ლუკასმა გზიდან ისევ არ გადაუხვია. მალევე მივუახლოვდით დიდ, ფართოდ გაღებულ ჭიშკარს და მოასფალტებულ ეზოში შევედით. ჩემ თვალწინ ვეებერთელა თეთრი სახლის კონტურები წამოიმართა. მეგონა, ნისლში ვიყავი გახვეული, როცა ფარებანთებულმა მანქანამ დაამუხრუჭა და ჩვენკენ რამდენიმე ადამიანის სილუეტი გამოემართა. კარი გავაღე, რათა "ფერარიდან" გადმოვსულიყავი, მაგრამ ისე მომეკვეთა მუხლები, რომ იქვე ჩავიკეცე. - გეყოფა ეს წარმოდგენები, - ყურში ლუკასის უხეშად ნათქვამი სიტყვები ჩამესმა. მან ხელი ჩამავლო, რათა ავეყენებინე, მე კი აღარაფრის ძალა აღარ შემწევდა. ხან ვკარგავდი ცნობიერებას, ხან გონს მოვდიოდი, მაგრამ ფეხზე მყარად დადგომას ვერ ვახერხებდი. მერე ვიღაც ქალის ხმა გაისმა, ჩემთვის გაუგებარ ენაზე მოკლე-მოკლე ბრძანებებს რომ იძლეოდა. შემდეგ მომეჩვენა, თითქოს ჩემს ცხელ შუბლს ვიღაცის ალერსიანი ხელი შეეხო. ბოლოს რაც მახსოვს, სადღაც მივყავდით. უფრო სწორად, ჩემი სხეული მიჰქონდათ. მკვეთრი შუქი თვალებს მჭრიდა, მაგრამ ცოტა ხანიც და ჟრჟოლის მომგვრელ სიბნელეში აღმოვჩნდი. ხმაური და აურზაური მიწყდა და ისე დავმშვიდდი, თითქოს საკუთარ საწოლში ამომეყოს თავი… და გავითიშე… დიდ, ნათელ, მზიან ოთახში გამეღვიძა. ძაღლების ყეფის ხმამ გამომაღვიძა. გეგონებოდათ, ასობით ძაღლი ერთად აწკავწკავდაო. ხმები სადღაც ქვემოდან ამოდიოდა. მსუბუქი, თბილი ნიავი ნელა არხევდა გამჭვირვალე ფარდას, ბოლომდე გამოღებული ფანჯრიდან კი ყვავილების მათრობელა სურნელი აღწევდა. ნამძინარევმა თავი ავწიე და უცნაურ ოთახს თვალი მოვავლე. წამით სიზმარი მეგონა ეს ყველაფერი. - უკეთ ხართ? - ქალის სასიამოვნო ხმამ ქართულად მკითხა, ოდნავ შესამჩნევი უცხოური აქცენტით, - ნუ გეშინიათ. იმ მხარეს მივტრიალდი, საიდანაც ხმა მომესმა. მოჩუქურთმებულ სავარძელში, ჩემს საწოლთან ახლოს, ხანშიშესული ქალი იჯდა, რომელიც თბილად მიღიმოდა. მან ჩემი ხელში ხელში აიღო. - სად ვარ? - ვიკითხე და წამოწევა ვცადე, მაგრამ ისე სუსტად ვიყავი, რომ მაშინვე უკან გადავქანდი, რბილი ბალიშებისკენ. ბუნდოვნად ვაიზრებდი, რომ ჩემი ბინა ბევრად პატარა იყო ამ უზარმაზარ, ძვირფასი ავეჯით გაწყობილ ოთახზე. აი, თურმე როგორი სახლი ჰქონია ლუკასს. ჩემი ყურადღება დიდმა ფაიფურის სტატუეტმა მიიპყრო - გრძელთმიან ბერძენ ქალს ხელში ყვავილები ეჭირა. იგი ღია ფანჯრის გვერდით იდგა და ნიავის ყოველ გარხევაზე თხელი ფარდა ისე ეფინებოდა მთელ სიგრძეზე, თითქოს ეფერებაო. წამით ლუკასის გარუჯული ხელები წარმოვიდგინე, ნაზად რომ ეხებოდა ჩემს სხეულს. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სახლში, ძვირფასო. კარგა ხანია თქვენი გაცნობა მინდოდა. - მელოდიური ხმით მითხრა ქალმა. - თქვენ ლეილა ხართ? - ჩურჩულით ვკითხე. კეთილად მოღიმარ ქალს, ჩემ სიახლოვეს რომ იჯდა, აგრესიულობისა და ბრაზის ნატამალიც არ ემჩნეოდა. იგი სულაც არ ჰგავდა თავის გადარეულ და ფეთქებად ძმას. ქალმა თავი დამიქნია და ცისფერი თვალები სიხარულით გაუბრწყინდა. ლუკასს არ გადაუჭარბებია - ავადმყოფობას ძლიერად ემოქმედა ლეილაზე, ერთ დროს ლამაზი სახე დაშრეტოდა და ნაოჭებით დაფარვოდა. - ალბათ გადაიღალეთ, ჩემო საყვარელო, - მან მზრუნველად გამისწორა თავქვეშ ამოდებული ბალიშები, - ექიმმა თქვა, ახლა მისთვის საუკეთესო წამალი ძილიაო და, როგორც ყოველთვის, მართალი აღმოჩნდა. - რამდენ ხანს მეძინა? - დასუსტებული ხმით შევეკითხე და უეცრად ენა ჩამივარდა, რადგან ახლაღა შევამჩნიე, რომ ჩემთვის უცხო ღამის პერანგი მეცვა. იმხელა საწოლი კი, რომელშიც ვიწექი, არასდროს არავის სახლში არ მენახა. - თითქმის ოცდათექვსმეტი საათი, - თავზე ხელი გადამისვა ლეილამ, - გადამრია ლუკასმა. როგორ ვერ შეამჩნია, ასე რომ გამოიფიტეთ? ჩვეულებრივ, ზედმეტად ყურადღებიანია და ახლა რა დაემართა, არ ვიცი. ძალიან დასუსტებული მოგიყვანათ ჩვენამდე, რაც, მგონი, მთლად მგზავრობის ბრალი არ უნდა იყოს. რა უქენით საკუთარ თავს, ძვირფასო? - მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ქალბატონო ლეილა, - მივუგე იმ იმედით, რომ წვრილმანებში არ ჩამეძიებოდა. - მერედა, არ უთხარით ლუკასს, რომ თავს ცუდად გრძნობდით? მისი ლამაზი თვალები დაჟინებით მომშტერებოდა. ახლაღა შევამჩნიე, რომ ლეილა ძალიან ჰგავდა ლუკასს. სწორედ ამ დროს საძინებლის მუხის მძიმე კარი ფართოდ გაიღო და ისიც შემოვიდა. პასუხის გაცემა საჭირო აღარ გახდა. იმავე წუთს საშინელმა ხმაურმა გაავსო ოთახი - ძაღლების მთელი ხროვა შემოცვივდა ოთახში და ჩემს საწოლს გარს შემოერტყა. ლეილა პროტესტის ნიშნად ფეხზე წამოდგა. ნელ-ნელა დავითვალე სამი ტერიერი, ორი სპანიელი, ორი გერმანული ნაგაზი და ერთიც ჩემთვის უცხო ჯიშის ძაღლი, რომელიც საწოლზე ამომიხტა. მათ უკან კი პატრონის ვეებერთელა ფიგურა აღმართულიყო. გავეშებული ცხოველების დანახვაზე აღშფოთებული ლეილა ფეხზე წამოიმართა. - ლუკას! გაყარე ძაღლები აქედან! - ისეთი ხმით იკივლა ქალმა, მათი ყეფა გადაფარა. ისეთი მყიფე იყო მისი ხმა, რომ შეშინებული ძაღლები წკმუტუნზე გადავიდნენ. როგორც კი ჩემს საწოლზე ამოსული ძაღლი ძირს გადახტა, ზეწარი მაშინვე ნიკაპამდე ავიფარე, თან ლუკასის იქ ყოფნას მთელი არსებით შევიგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც არ შემიხედავს. თუმცა ბოლოს სურვილმა მძლია და მზერა მისკენ გავაპარე. მოულოდნელად ზურგზე თითქოს ჭიანჭველები დამესია, ისეთი ფოლადის მზერით მომჩერებოდა იგი. რა უღმერთოდ სიმპათიურია ეს ოხერი, რა! - გამირბინა გონებაში. მზის სხივით განათებულ საძინებელში გარუჯული მამაკაცი უფრო მომნუსხველად გამოიყურებოდა. მთელი ჩემი არსება პანიკამ მოიცვა. ალბათ, როგორ გაცოფდება, როცა სიმართლეს გაიგებს. ან იქნებ უკვე იცის, რომ გვანცას ნაცვლად ნაკა შერჩა ხელთ? - დილა მშვიდობისა, - მომესალმა ლუკასი. მისი სიღრმისმიერი ხმა მაინც ცივად ჟღერდა, თუმცა ოდნავ შეშფოთებულად, - თავს უკეთ გრძნობთ? - დიახ, გმადლობთ, - თავს ძალა დავატანე, შევტრიალებულიყავი, რადგან მისი მზერისგან ლამის ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი, - მაპატიეთ, ამდენი რომ განერვიულეთ, - წამებით დავძინე, - ბოლო დღეებიდან ცოტა რამ მახსოვს. - რას მელაპარაკებით! - უამრავი აზრი ჩააქსოვა ამ წინადადებაში, - მაგრამ იმედია, ის მაინც გახსოვთ, როგორ მოვდიოდით აეროპორტიდან? ჩვენ ტავერნაშიც კი შევიარეთ. მისი დაუფარავი ცინიზმისგან სისხლი თავში ამივარდა. გადაკრულად მიმანიშნა, თუ რა ადვილად დავმორჩილდი და ამით ყველა მისი ეჭვი გავამართლე. ხელისგულს, რომლითაც სილა გავაწანი, ჯერაც ცეცხლი ეკიდა. გამახსენდა, როგორ შევშინდი ხელის გარტყმის შემდეგ, აქეთ არ შემომიბრუნოს-მეთქი და გამაცია. ამწუთას ანალოგიური სიტუაცია რომ შექმნილიყო, გასალაწუნებლად სიმამაცე და გამბედაობა აღარ მეყოფოდა. - არა? არაფერი გახსოვთ? უცნაურია. არადა, მომეჩვენა, რომ მაშინ თავს გადასარევად გრძნობდით. იგი ჩემს გაფართოებულ თვალებში ყველა აზრის წაკითხვას ასწრებდა და გამომცდელად შეისწავლიდა ჩემს ზაფრისგან გასაცოდავებულ სახეს. სირცხვილით ვიწვოდი, მაგრამ მას, როგორც ჩანს, მოჰბეზრდა ეს ყველაფერი. - კარგი, დაივიწყეთ, - ნელა წარმოთქვა, როცა გახურებული სახე თმაში ჩავმალე, - არც ჩემთვის დამთავრებულა ეს მგზავრობა ძალიან მხიარულად. გრძელი წამწამების ქვემოდან ქურდულად გავხედე. როგორ შეიძლება ასე მძულდე და, ამავდროულად, ასე მოვიწევდე შენკენ? - სევდიანად გავიფიქრე, მძულდა საკუთარი თავი ამ სისუსტის გამო. მაგრამ იქნებ გადაწყვიტა, დაევიწყებინა ის ვნებიანი კოცნა? არ ვიცოდი, რამ გამოიწვია მისი ხასიათის ცვლილება, მაგრამ ამ ხანმოკლე "შეწყალებისთვის" მძვინვარე ნართაულების ნაკადის შემდეგ მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი. ლეილამ ძმის შუბლშეკრული სახიდან მზერა უზარმაზარ საწოლზე გადმოიტანა და მე შემომხედა. კიდევ კარგი, არ ესმოდა ჩვენი დაძაბული ურთიერთობის მიზეზები. ამ დროს შემოღებულ კარზე მორიდებით დააკაკუნეს და იმავე წამს საძინებელში პატარა მოხუცი ქალი შემოვიდა უზარმაზარი ლანგრით, რომელზეც ცხელი ფუნთუშები, რამდენიმე სახეობის მურაბა, ფორთოხლის წვენი და ქაფქაფა ყავით სავსე ფინჯანი იდო. - ეს ჩვენი მოსამსახურე ვარდოა, სხვათა შორის, საქართველოდან. - აღნიშნა ლუკასმა და კვლავ დამცინავად შემომხედა. ქალმა ღიმილით დამიქნია თავი, თავისთვის რაღაც ჩაილაპარაკა და ლანგარი მაგიდაზე დადო. მერე კი შეშინებული თაგვივით სწრაფად გაიქცა. - მას ლუკასის ეშინია, - ისეთი ტონით ამიხსნა ლეილამ, თითქოს ბოდიშს იხდისო. ამასობაში ქალის ზურგს უკან მისი ძმის სარკასტული ღიმილი დავიჭირე. მან თითების გატკაცუნებით ნიშანი მისცა ძაღლებს და ისინიც ყეფა-ყეფით გაცვივდნენ გარეთ. - უცნაურია, - ხმამაღლა წარმოვთქვი, რადგან უკვე აღარ მეშინოდა, რომ ყველა ბერძენი ასეთ გამანადგურებელ ზეგავლენას მოახდენდა ჩემს ნერვულ სისტემაზე. თუმცა იყო კი ბერძენი? მოჩუქურთმებულ შავ ხელჯოხზე დაყრდნობილმა ლეილამ, რომელიც ძმის კვალდაკვალ კარისკენ მიემართებოდა, კიდევ ერთხელ მესროლა გამჭოლი მზერა. - მოგვიანებით ისევ მოვალ, ძვირფასო, - მზრუნველი ტონით მომმართა მან და რის ვაივაგლახით გადააბიჯა ზღურბლს, - გთხოვთ, თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენთან მოგეწონოთ. როცა და გაისტუმრა და მისი ნაბიჯების ხმაც მიწყდა, ლუკასი კვლავ კართან გაჩნდა. მერე კი უკან შემობრუნდა და საჭმელ-სასმლით სავსე ლანგარს დასწვდა. მისი მოახლოებისთანავე უფრო ღრმად გავეხვიე ზეწარში, მან კი ჩაიხითხითა, რის გამოც ცისფერი თვალები უფრო გაუბრწყინდა და ლანგარი ზედ მუხლებზე დამადო. - აი, თქვენ უკვე ჩემს ტერიტორიაზე ხართ, პატარა ქართველო ვარდო, - თქვა მან ამპარტავნული კილოთი, - და აქ ჩემი წესებით ითამაშებ. თუკი მორჩილად იქნები, მაშინ ნამდვილად მოგეწონება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თუ… მან აღარ გააგრძელა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თვალები დამიბრიალა. მე კი შეშინებულმა შევხედე. ეს კაცი თავზარს მცემდა. - მე შემიძლია კეთილი და ყურადღებიანი მასპინძელი ვიყო, - დამცინავად მესროლა მხარს ზემოდან, სანამ საძინებლიდან გავიდოდა, - და დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც, ამ პატარა კატის გონების სიღრმეში, ცხოვრობს სევდა ძლიერი ხელისა, სურვილი, ვიღაცამ დაგიპყროს. ვინ იცის… მისმა უზარმაზარმა, ძლიერმა სხეულმა კარის ღიობი მთლიანად ჩაკეტა. მისი თვალები თითქოს თოფის ლულასავით იყო ჩემკენ მომართული. - ვფიქრობ, შევძლებ საინტერესოდ გაგატარებინოთ დრო საბერძნეთში, როგორიც გინდა აღმოჩნდეს შედეგი. მან აუჩქარებლად გახსნა ტუჩები ღიმილის გამოსახატავად და გასვლისას კარი გადამეტებული სიფრთხილით მიიხურა. მთელი სხეულით ვკანკალებდი, ვიგრძენი, რომ თავი სრულიად შემთხვევით ცხოველთა მეუფის ბუნაგში ამოვყავი. მარტოდ დარჩენილმა ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ საშინლად მომშიებოდა და უმოკლეს დროში დავცალე ლანგარი. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე ავმდგარიყავი და გარშემო მიმომეხედა. ფეხშიშველი დავაბიჯებდი სქელ რბილ ხალიჩაზე. ოთახში მეორე კარიც აღმოვაჩინე, შევაღე და კეთილმოწყობილ სააბაზანოში მოვხვდი. აქ ყველაფერი იყო, რაც ქალს ფუფუნებისთვის სჭირდებოდა. არა მხოლოდ ფუმფულა ხალათი, კიდევ უფრო ფუმფულა პირსახოცი და ფაჩუჩები, არამედ სახისა და თავის მოვლის საშუალებები. ოთახში შემობრუნებულმა გარდერობს მივაშურე, გამოვაღე და შიგ ჩემი არცთუ მრავალრიცხოვანი სამოსი აღმოვაჩინე. კედელში ჩაშენებულ კარადაში საცოდავად ეკიდა ჩემი ორი კაბა და ამდენივე შარვალი. მაისურები და კოფთები კი იქვე, თაროზე დაელაგებინა ვიღაცას. აივნის კართან მივედი, თხელი ფარდა გადავწიე და გარეთ გავედი. მოულოდნელი აღფრთოვანებისგან სუნთქვა შემეკრა - ჩემ წინ ზღაპრული სურათი გადაიშალა - ნამდვილი სამოთხე, რომლის ხილვა მხოლოდ ფილმებში თუ შემეძლო. სახლი არცთუ მაღალი მთის წვერზე იდგა, რომელიც პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა. თვალწარმტაც ყურეს, რომელსაც ორი უფრო მომცრო გორაკი ქმნიდა, თითქოს ეძინა ცხელი მზის სხივებქვეშ. შორს, მეზობელი მთის ფერდობზე, ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული თეთრი სახლები მოჩანდა, რომლებიც კრისტალივით ბრწყინავდა. ფირუზისფერი ზღვა კი ლამის ჰორიზონტს შერწყმოდა. ქვემოთ, ყურესთან, საფეხმავლო ბილიკი მოიკლაკნებოდა ზემოთკენ, თუმცა ამ გზაზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა. - წარმოუდგენელია, - ჩავიჩურჩულე და შიშველი ფეხებით აივანზე დაგებული მარმარილოს იატაკის სითბო შევისრუტე. ქვის მოაჯირს დავეყრდენი და რაც შემეძლო წინ გადავიხარე, რათა ზაფხულის ფერებით მდიდარი ბაღი შემეთვალიერებინა. სურნელოვანი ეგზოტიკური ყვავილები და ნაყოფით დახუნძლული ხეები, გეგონებოდათ, პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. დაჩრდილული ხეების ქვეშ აქა-იქ მაგიდები და სკამები იდგა, რომელთა ქვეშ, კაფელის იატაკზე, კატები გართხმულიყვნენ, - სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფერის - და ზარმაცად ლულავდნენ თვალებს. დავთვალე, სულ ცხრა იყო, აქედან სამი - სპარსული ჯიშის, ორი - სიამის, ორი - ციმბირული და ორიც - ინგლისური ცისფერი. - მშვენიერი სანახავი ხართ! როგორც კი მისი ხმა გავიგონე, მაშინვე გავიაზრე, რომ ნახევრად შიშველი ვიყავი და პერანგისამარა ოთახში შევვარდი. ქვის კედლიდან კი, ბაღს რომ ერტყა გარს, ამაზრზენი სიცილი მოისმა. ლუკასის ხმა ზიზღით იყო გაჟღენთილი. უცნაური ის იყო, რომ, რაც უნდა მეკეთებინა, თითქოს ჯიბრზე, უფრო და უფრო განამტკიცებდა ლუკასის ისედაც დაბალ წარმოდგენას ჩემზე, მით უფრო, რომ თავიდანვე ცუდი თვალით შემომხედა. საშხაპეს მივაშურე "ძილის ნარჩენების" გასანადგურებლად. წყლის ჩხრიალში ვიხსენებდი გვანცას სასოწარკვეთილ ხმას, როცა თბილისში ტელეფონზე მესაუბრებოდა. რაც უნდა მომხდარიყო გვანცასა და ლუკასის დისშვილს შორის, ეს, დიდი ალბათობით, არ იქნებოდა წუთიერი რომანი. მათ შორის, სავარაუდოდ, რაღაც მოხდა, ისეთი რაღაც, რამაც გვანცა გააქცია. სულაც არ გამოვრიცხავდი, რომ მათ ამბავში ლუკასის ხელი ერია და ახლა სწორედ ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა. ახლაღა გავაცნობიერე, რომ ლეილას თანდასწრებით ერთხელაც არ მიხსენებია გეორგიოსის სახელი. რას იფიქრებდა ის ქალი? - არა, არა, ჩემგან კარგი რძალი ნამდვილად ვერ დადგება! სულ არ ვგავარ შეყვარებულ საპატარძლოს. - ჩავიბურტყუნე ჩემთვის და პრიალა ფილებით მოპირკეთებული სააბაზანოს კედლისკენ შევტრიალდი. თაროდან აღებული უჩვეულო სურნელის შამპუნით თმის დაბანის შემდეგ თმა თავზე შემოვიგრაგნე, ტანზე დიდი პირსახოცი შემოვიხვიე და კვლავ აივანს მივაშურე. სავარძელში ჩავჯექი, სახე მზეს მივუშვირე და ვერცხლისფერი თმა ჩამოვიშალე, რათა უფრო ადვილად გამშრალიყო. ცხელი, უმოძრაო ჰაერი საამო სურნელებით გავსებულიყო. თვალები დავხუჭე და მოვეშვი, რათა ცოტათი მაინც დამესვენა მტრული სამყაროს შუაგულში არსებულ ამ პატარა, უსაფრთხო ოაზისში. გაგრძელება იქნება აქვე სვეტა კვარაცხელია
╚ ►ჩვენ გვიხარია ცხოვრება◄╝
777 ტყუილის ილუზია
თავი 5
სახეზე სისხლმა ამასხა, ლოყები გამიხურდა, მაგრამ თავი შევიკავე და აღარ შევეპასუხე, რათა თავი არ გამეცა. გვანცა გამახსენდა, ჩვენი გაცნობა და დამეგობრება. მე, ობოლ გოგონას, მეგობარი მჭირდებოდა, ვინმე ისეთი, ვინც ხელს არ მკრავდა, გვერდით მეყოლებოდა და სიყვარულს მაჩუქებდა. მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით კიდევაც, მაგრამ ეს იყო ღრმა ბავშვობაში, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. გვანცა სხვანაირი გაიზარდა, მე _ სულ სხვანაირი. თუმცა მაინც გამუდმებით ერთად ვიყავით და როგორც შემეძლო, ჭკუას ვარიგებდი. ეჰ, ვინ იცის, რამდენი განსაცდელისგან დამიხსნია და რამდენი მისი გაფუჭებული საქმე გამომისწორებია. ახლა კი… ახლა თავადაც არ ვიცოდი, რა მელოდა.
ყველა მიჩვეული იყო, ერთად რომ გვხედავდნენ. მე მშვიდი ვიყავი, გრძელი პლატინისფერი ხვეული თმით, გვანცა კი თავაშვებული, სპილენძისფერი ხუჭუჭა თმითა და დამცინავი გამოხედვით. მისი თაფლისფერი თვალები საოცარ ამპარტავნებას ასხივებდა. მაინც ვუგებდით ერთმანეთს. მაინც ვმეგობრობდით. და ყველანი ამიტომაც სულ ერთად გვხედავდნენ _ სკოლაში მიმავლებს თუ სკოლიდან მომავლებს…
ჩემს მოგონებებს გავუღიმე. ამის დანახვაზე ლუკასს ისე წამოეჭარხლა სახე, მგონი გული გაუჩერდა.
_ ასე რატომ იღიმით? _ ხმას აუწია, _ კიდევ ერთი სულელი გაგახსენდათ, ვისი თითზე დახვევაც მოახერხეთ?
ეს ისეთი სიმწარით წარმოთქვა, გამიკვირდა. არადა, ნიშნის მოგებით სულაც არ გამიღიმია, უბრალოდ, ბავშვობა გამახსენდა.
_ თუმცა ჩემთვის სულერთია, განა რა მნიშვნელობა აქვს, _ თავი უკმაყოფილოდ დააკანტურა, _ უბრალოდ, თქვენი ეშმაკური ქცევები სულ უფრო მიცრუებს იმედს. საერთოდაც, ნეტავ რატომ ვკარგავ თქვენისთანაზე ჩემს ძვირად ღირებულ დროს?
შეურაცხყოფა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ლაპარაკის უნარი წამერთვა. მან გამანადგურებელი მზერა მომაპყრო და თვალები ისევ დახუჭა. თანდათანობით მოუდუნდა ვეებერთელა სხეული და ისე თანაბრად დაიწყო სუნთქვა, რომ მივხვდი, ჩაეძინა.
გაუნძრევლად ვიჯექი. ყველა კუნთი მიფეთქავდა, ზურგში კი ყრუ ტკივილს ვგრძნობდი. ასე ცუდად და მარტოსულად არასდროს მიგრძნია თავი. მაშინაც კი, როცა ყველა ჩემიანი დავკარგე. მჭიდროდ დახუჭული ქუთუთოებიდან მოულოდნელად ცხარე ცრემლები გადმომცვივდა და ავქსუტუნდი. `ღმერთო, როგორ დამერხა! როგორ დავიღუპე!~ _ გავიფიქრე თავზარდაცემულმა და კეფა სავარძლის საზურგეს მსუბუქად მივახალე.
უეცრად თვალწინ უზარმაზარი ქათქათა, გახამებული თეთრი ცხვირსახოცი ამიფრიალდა. ლუკასმა ნაზად მიმატრიალა თავისკენ და ცრემლები აუჩქარებლად მომწმინდა.
_ კარგი, კარგი, _ რბილად ჩაილაპარაკა, _ რატომ ტირი? ცრემლები რა საჭიროა?
ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ წარუმატებლად ვცადე ცრემლების შეკავება და დაბნეულმა ყინულის კუბურებჩაყრილი წყალი ღრმა ყლუპებად კვლავ მოვსვი. ვერც ამან მიშველა. ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა ღაწვებზე. ჩემმა სიმპათიურმა შეუვალმა ბერძენმაც კი შემიცოდა და ჩემი თავი თავის მკერდზე მიისვენა.
მიუხედავად იმისა, რომ წუთის წინ სასტიკად დამამცირა, უცებ მაინც კომფორტულად და მშვიდად ვიგრძენი თავი.
_ დამშვიდდი, პატარავ. დახუჭე შენი სახიფათოდ ლამაზი თვალები და ეცადე დაიძინო.
მან ეს სიტყვები თითქმის გაურკვევლად წარმოთქვა და კვლავ მომეჩვენა, თითქოს თავშეკავებულად იცინოდა, თუმცა ამჯერად ეს აღარ მაინტერესებდა. თითქოს მოჯადოებული ვიყავი, მისი გულის რიტმულ ცემას ვაყურადებდი და მისი სხეულიდან ჩემში გადმოსული სითბოთი და სინაზით ვტკბებოდი.
_ საცოდავი ბავშვი… სრულიად გამოიფიტა…
ბერძენი მოძალადის ხმა უჩვეულოდ დამამშვიდებლად ჟღერდა. მის პიჯაკს სიგარისა და ოდეკოლონის მძაფრი სურნელი უდიოდა. უეცრად დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, გამეხსნა ლუკასის პერანგის ღილები და ლოყა მის შიშველ, უხეშბალნიან მკერდზე დამედო. უნებურად შევკრთი და სასწრაფოდ მოვშორდი, თან გულში საკუთარი თავი გავკიცხე ასეთი თავხედური სურვილისთვის. ღაწვები მიხურდა, ცახცახს ძლივს ვიკავებდი. არ ვიცი, შენიშნა თუ არა, რამაც ამაღელვა, მაგრამ, ცხადია, არ შეიმჩნია. ისევ საზურგეს მიაწვა და სრულიად მშვიდად დახუჭა თვალები.
_ ჰმ… _ ჩაილაპარაკა, _ თურმე როგორი ყოფილხარ. მე კი სულ ვფიქრობდი, ნეტავ სანამდე ეყოფა ნებისყოფა თოვლის დედოფლის როლის სათამაშოდ-მეთქი.
როგორ დამცინოდა! იცოდა, რომ მისი ძალაუფლების მარწუხებში ვიყავი მოქცეული და ვერაფერს გავაწყობდი. სწორედ ამიტომ დამცინოდა.
_ მეზიზღებით! ვერ გიტანთ! _ კბილებშუა გამოვცერი და თითები მუშტად შევკარი.
_ ნეტავ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ადვილად ვხვდები თქვენს ყველა ხრიკს?
იგი თვალებს არ ახელდა და მისი პროფილი გრანიტისგან გამოკვეთილს ჰგავდა.
_ დამიჯერე, პატარა მოღალატე გოგონა, შენ ჯერ კიდევ არ მისულხარ იმ ასაკამდე, ზრადასრულთა თამაშებში ჩაება. აბა, სინჯე ერთი, გასწიე რისკი და სცადე შენი ხრიკები ჩემზე. _ მან ამაყად გადააგდო თავი უკან, მაგრამ დადუმდა, თითქოს ეშინოდა, თავი არ გაეცა, თუმცა აშკარად ვგრძნობდი, როგორ აწუხებდა, ასეთი ცუდი წარმოდგენა რომ ჰქონდა ჩემზე.
მხოლოდ დიამეტრიულად საპირისპირო ხასიათების ბრალი იყო, რომ მე და გვანცა ამდენი წლის განმავლობაში ვმეგობრობდით. ქარიშხალი, რომელსაც დაქალი ყოველთვის თავს მატეხდა, სრულად ავსებდა ჩემს თავშეკავებულ, ჩაკეტილ ცხოვრებას იმ სიხარულითა და ვნებით, რომელიც ასე ძალიან მაკლდა.
_ რამდენდღიანი შვებულება გაქვთ? _ ჩამესმა ამ დროს ლუკასის ხმა.
ის კვლავ მშვიდად ლაპარაკობდა, თითქოს ლაყბობის მადა გაეხსნაო. ქამელეონივით ყოველ წამს იცვლებოდა.
_ რამდენიც საჭირო იქნება, _ მოკლედ მოვუჭერი, რადგან ვიცოდი, მასავით მშვიდად საუბარს ვერ შევძლებდი.
_ ვაუ! კარგი ურთიერთობა გქონიათ თქვენს ბოსთან. _ ლუკასმა თვალები გაახილა, _ მაშინ ასეთი შეშფოთებული და აგრესიული რატომ ხართ? სინდისი არა გაქვთ სუფთა? _ გამომცდელად შემათვალიერა.
ამის გაგონებაზე ღაწვები შემეფაკლა, სუნთქვა გამიხშირდა.
_ ჯერ ერთი, ის ქალია, _ უხეშად მივუგე, _ და მეორეც, მეგობარიც არის ჩემი. არ ვიცი, თქვენთან როგორაა, მაგრამ ჩვენთან უფროსობა თანამშრომლებთან თბილ ურთიერთობას ამყარებს. რადგან გამომიშვა, ესე იგი, დავიმსახურე! ხელფასსაც კარგად მიხდიდა და მაფასებდა კიდევაც. მე მისთვის შეუცვლელი ვიყავი! თუმცა თქვენ ამას ვერ გაიგებთ. თქვენთვის მსგავსი რამ, როგორც ვხვდები, უცხოა.
_ ქალი? _ მან თავი გადააქნია და ტუჩები მობრიცა, _ ან არის ქალი და ან არა. ვინ იცის, კარგ ხელფასს რის გამო გიხდის. შენ იცი, რომ მე ამას ვერავისგან გავიგებ და იმიტომაც მიყვები აქ ზღაპრებს.
კბილი კბილს დავაჭირე, რომ ყელში არ ვცემოდი. არა, როგორმე უნდა დავწყნარებულიყავი, თორემ შეიძლებოდა აქ, თვითმფრინავში ისტერიკა მომეწყო. ეს ხელს არ მაძლევდა.
_ სადაა გარანტია, რომ მისი საყვარელი არ ხართ და ამის გამოისობით არ გახდით მისთვის შეუცვლელი? არ დამიმალოთ, ასეა? ასეთი მეგობარია ის თქვენთვის?
_ სრულიად შესაძლებელია! _ ამოოხვრით მივუგე და უნებლიეთ გამეღიმა, როცა თავი ლალისთან ერთად საწოლში წარმოვიდგინე.
_ კარგ ხელფასს რომ გიხდიან, ამაში ეჭვი არ მეპარება. აბა, სხვანაირად როგორ იცხოვრებდით ეგეთ ბინაში? თან ქალაქის ცენტრში. ქირაში რამდენს იხდით, ისე, თუ საიდუმლო არ არის? _ ლუკასმა შეტევის ტაქტიკა შეცვალა.
_ არავითარ ქირას არ ვიხდი, ის ჩემი ბინაა.
უეცრად ისე მოსწყდა საზურგეს, თითქოს ნემსი უჩხვლიტესო.
_ მოიცა, მოიცა… მე კიდევ ვშიშობდი, ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენე, ბინის ქირა გადაუხდელი დარჩება-მეთქი. _ ამის თქმაზე ისე დაჟინებით დამაშტერდა, ძარღვებში სისხლი გამეყინა, _ ესე იგი, საკუთარი ბინა გაქვთ და საკუთარი ბიზნესიც, არა? გეორგიოსმა იცოდა ამის შესახებ?
_ მე ბიზნესი არ მაქვს, მე სამსახური მაქვს. _ მივუგე და მზერა ავარიდე, _ თუ ძალიან გაინტერესებთ, ეს ბინა მემკვიდრეობით მერგო და, საერთოდ, რა თქვენი საქმეა, მე ნაქირავებში ვცხოვრობ თუ საკუთარ ბინაში?
_ რა ჩემი საქმეა? აგიხსნათ? _ ამოიქშინა, _ თქვენ შეგიძლიათ გეორგიოსი მოატყუოთ ასეთი რამეებით, მაგრამ მე ვერ მომატყუებთ. მისი შებმა სულ ადვილია, ერთი გულუბრყვილო ბიჭია. მამამისი რომ გარდაიცვალა, მას მერე მასზე მე ვზრუნავ, ამიტომ ნამდვილად არ მინდა, იმისთანა ქალს დაუკავშირდეს, რომელიც…
_ რომელიც რა? _ გაცოფებულს სახე ამერია. ჰაერში რომ არ ვყოფილიყავით, უეჭველად გავაწნავდი სილას, _ მე თქვენ ვინ გგონივართ? _ ავიფოფრე.
_ ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემზე კარგად იცით, რას წარმოადგენენ თქვენი პროფესიის ადამიანები. აი, ვინ მგონიხართ! _ ნიშნის მოგებით მომახალა.
მისმა სიტყვებმა ისე გაიშხუილა ჰაერში, თითქოს ვიღაცამ მათრახი მოიქნიაო.
მას ჰგონია, რომ მე სახლში ბორდელი მაქვს? ისე ავიწურე, არ ვიცოდი, რა მექნა. ხელ-ფეხი შებორკილი მქონდა. ვერაფრის დიდებით ვერ ვეტყოდი, რომ ბინა ჩემმა მშობლებმა დამიტოვეს, რომ მათი დაღუპვის შემდეგ იგი ავტომატურად ჩემზე გადმოვიდა, რომ მე ვიყავი ერთადერთი დარჩენილი მემკვიდრე, რომელსაც მათი კუთვნილი საცხოვრებელი ფართი მერგო მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გავხდი, მანამ კი ბიძაჩემმა გადაიფორმა.
უხმოდ შევცქეროდი ლუკასს, თან გამალებით ვფიქრობდი, რა მეპასუხა. მან კი ზიზღით გადააქნია თავი და ტუჩები მოკუმა.
- წარმოუდგენელია. უბრალოდ, წარმოუდგენელია, - ხმადაბლა წარმოთქვა ისე, თითქოს გოდებსო და სავარძელზე შესწორდა, - ასეთი ლამაზი ფასადის უკან უცებ ასეთი ჭუჭყი. თურმე ვცდებოდი. თქვენ საკმაოდ მომწიფებული ყოფილხართ ზრდასრულთა თამაშებისთვის, - ეს თქვა, წამოდგა და სალონის გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ უცებ უკან მობრუნდა და ჩემკენ დაიხარა, - იქ, თბილისში თქვენ მაგრძნობინეთ, რომ მე მოძალადე ვარ. კინაღამ დავიჯერე, ვითომ ხელშეუხებელი იყავით. მაგრამ შემდეგ ჯერზე ეს არ გაგივათ. მიიღებთ ზუსტად იმას, რასაც მიჩვეული ხართ. ასე რომ, ფრთხილად იყავით. მე პატარა ბიჭი არ ვარ, პირში ჩალა გამომავლოთ.
მის უმოწყალო, დაუნდობელ თვალებში სატანური ცეცხლი გიზგიზებდა. ისე შემეშინდა, მეგონა, გული მუცელში ჩამივარდა.
იმდენად უმწეოდ ვიგრძენი თავი, ტუჩის კუთხეები ამიკანკალდა, მზერა კი კვლავ თვალში მომდგარმა ცრემლმა დამიბინდა…
საბერძნეთის აეროპორტი პატარა, უსუფთაო და საშინლად დახუთული აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ძალზე უსიამოვნო შეგრძნებამ შემიპყრო, როცა თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა. ნესტიანი ჰაერი, რომელმაც ჩამოსვლისთანავე ყველა მხრიდან "შემომიტია", ზეთისა და კვამლის სუნით იყო გაჟღენთილი. ნუთუ ესეც მომეჩვენა? თავი სიზმარში მეგონა. ტრაპზე ჩამოვდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ვერ მივხვდი, რატომ აქებდნენ ამ კურორტს ასე. თვალები მებინდებოდა, თითქოს უსასრულობაში მივცურავდი და ისე მაკანკალებდა, კბილები ამიკაწკაწდა.
ლუკასმა აეროპორტის დარბაზში დამსვა, ცოტა ხანს მოიცადე, მანქანას გამოვიყვან სადგომიდანო და გავიდა. ნახევარი საათი მაინც ველოდებოდი. დროის ეს მონაკვეთი უსასრულოდ მომეჩვენა. ბოლოს, როგორც იქნა, დაბრუნდა. საშინლად ყარდა, ვისკის თუ არყის სუნი ასდიოდა.
- წავედით! - მბრძანებლურად მომიგდო და წინ გამიძღვა.
აეროპორტიდან რომ გამოვედით, იქვე ახლოს მდგარი "ფერარისკენ" გაემართა და კარი გამიღო.
- შეგიძლიათ მოკალათდეთ! - აგდებულად მითხრა, თითქმის დაცინვით.
რადგან წინა სალონის კარი გამიღო, მეც წინ დავჯექი. მანქანის სალონში რაღაცნაირი მწარე სუნი მეცა ცხვირში. ეს იმ ტყავის ბრალი იყო, რომელიც სავარძლებზე გადაეკრათ. როცა ლუკასმა "ფერარი" დაქოქა, თავი მისკენ მივაბრუნე და ვკითხე:
- დიდხანს უნდა ვიაროთ?
- ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, - მომახალა. არც კი უფიქრია ტონის შერბილება. აშკარა იყო, ჩემთან შერიგებას არ აპირებდა.
უკვე ღამდებოდა. ცაზე აქა-იქ პირველი ვარსკვლავებიც გაკრთნენ. მივდიოდი და არ ვიცოდი, სად ამოვყოფდი თავს. არც ის ვიცოდი, რას მიქადდა ჩემი იღბლის თუ უიღბლობის ბორბალი. მანქანაშიც დაძაბული ატმოსფერო სუფევდა. ასე მეგონა, სააავდრო ღრუბლები შემომეჯარა ირგვლივ და საცაა თავსხმა წვიმაში მოვხვდებოდი.
მალე მთავარი ტრასიდან გადავუხვიეთ და ლუკასი გორაკებს შორის გაყვანილ გზას დაადგა. კარგა ხანს მივყვებოდით უსწორმასწორო ვიწრო გზას, რომელიც სულ ზევით და ზევით მიიწევდა.
როგორც იქნა, ლუკასმა პატარა ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა, შვებით ამოისუნთქა და თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო, თუმცა საჭისთვის ხელი არ შეუშვია. ფრთხილი მზერა შევავლე.
- ისე ნუ მიყურებთ, თითქოს თქვენი ცოცხლად შეჭმა მსურდეს, - დამიღრინა და ტუჩის კუთხეები შეუტოკდა, - დარწმუნებული ვარ, მოგწყურდათ, ამიტომაც გავჩერდი.
მიუხედავად ყველაფრისა, ჯენტლმენობას მაინც იჩენდა. მანქანიდან გადმოვიდა, ჩემ მხარეს კარი გააღო და გადმოსვლაში მომეშველა. ხელი რომ გამომიწოდა, ისე რბილად შემეხო, ჟრუანტელმა დამიარა. თუმცა ეს არ იყო სიამოვნების ჟრუანტელი, რადგან შიში მძალავდა. ვიცოდი, მასთან სიფრთხილე უნდა გამომეჩინა.
მომცრო თაღი გავიარეთ და პაწაწინა ეზოში აღმოვჩნდით, სადაც ასიმეტრიულად ხის ოთხი მაგიდა და მის გარშემო შემოწყობილი სკამები იდგა. აქ არც ისე ცხელოდა. გარდა ამისა, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ადამიანს ეგონებოდა, აქაურობა მიტოვებულიაო. მეც ამან გამიელვა პირველად თავში, თუმცა როცა ხეზე შემოდგმული სამტრედეები დავინახე, მივხვდი, რომ უკაცრიელ ადგილას ნამდვილად არ ვიყავით.
- აქ დამელოდეთ! - ჩვეული კილოთი მითხრა და პატარა ფიცრული სახლის კარს უკან გაუჩინარდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ხელში ორი მაღალი ფუჟერით დაბრუნდა, რომლებიც უფერო სითხით იყო სავსე, შიგნით კი ყინულის კუბურები და სხვადასხვა ხილის ნაჭრები დაცურავდა.
- თავს როგორ გრძნობთ? - მისმა მეტყველმა ნაცრისფერმა თვალებმა ლამის მზერით გადამყლაპეს.
- არ ვიცი, - უაზროდ მივუგე, რადგან ერთი სული მქონდა, რომელიმე მაგიდაზე თავი ჩამომედო და დამეძინა, თან მთის სურნელოვანი ჰაერი შემესრუტა.
ლუკასი ყველაზე ახლოს მდებარე მაგიდასთან დაჯდა და ფეხები გაშხლართა, მერე კი ურწმუნო მზერით შემათვალიერა.
- თქვენ ჩემი გეშინიათ. რატომ? - გაწელილად მკითხა.
მიკვირდა, ასე კარგად რომ საუბრობდა ქართულად, თითქოს მთელი ცხოვრება საქართველოში გაეტარებინოს.
- თვითმფრინავში რომ გელაპარაკეთ, იმან ხომ არ შეგაშინათ? - ულამაზესი მამაკაცური ტუჩებით დამცინავად შემომღიმა, - ახლა, ცოტა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ზედმეტად მკაცრად მოგექეცით. - შემდეგ რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა და გააგრძელა, - არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, საიდან და რა გზით შოულობთ ფულს, მაგრამ როგორც გინდა იყოს, არა მგონია იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდეთ, ვინც ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. ასე რომ, ამით დავამთავროთ.
- კი მაგრამ, რატომ გადაწყვიტეთ უცებ, რომ მე ისეთი… ისეთი არ ვარ, როგორიც აქამდე გეგონეთ? - დავინტერესდი, თან თვალი თვალში გავუყარე და დაჟინებით მივაცქერდი.
- მოდი, ასე ვთქვათ. მე არც ისე ცოტა ქალი მინახავს ცხოვრებაში. ამიტომ ბოზების გამოცნობა ადვილად შემიძლია. - მშრალად ამიხსნა, - თქვენ კი აშკარად არ მოიაზრებით მაგათ კატეგორიაში.
ავილეწე. გამახსენდა, როგორ შემეშინდა, საკუთარ ბინაში კედელს რომ ამაკრა და კინაღამ ძალა იხმარა.
- მით უფრო, რომ აი, სწორედ ეს არ შეუძლიათ, - რბილად ჩაიდუდუნა და საჩვენებელი თითი სათუთად ჩამოუსვა ჩემს აწითლებულ ლოყას.
ამ მსუბუქი შეხებისგან ჩემი მოღალატე სხეული ისე შეცახცახდა, რომ ეგრევე უკან გადავიწიე.
- ორეოს, ორეოს, - ჩაიჩურჩულა ლუკასმა, თან ჩემი სახის ყოველ ნაკვთს შენელებული მზერით ათვალიერებდა. ამან ისე იმოქმედა, უეცრად ეს პატარა ეზო ჩემთვის საშიშად ინტიმურ ადგილად გადაიქცა.
- რას ნიშნავს ეს თქვენი "ორეოსი"? - შევეკითხე, თან ისეთი სახე მივიღე, თითქოს სრულიად მშვიდად ვიყავი და არაფრის მეშინოდა, თუმცა ფუჟერი ნერვული მოძრაობით მივიტანე ტუჩებთან და რამდენიმე ყლუპი კოქტეილი მოვსვი.
- "ორეოს"? კარგი რა. დარწმუნებული ვარ, თქვენ უკვე ბევრჯერ მოგისმენიათ ეს სიტყვა. -მიპასუხა, - ვერ დავიჯერებ, რომ გეორგიოსს თქვენთვის ამ სიტყვით არ მოუმართავს. ნუთუ არ უთქვამს, როგორი ლამაზი ხართ და როგორ ატყვევებთ კაცებს მაგ თქვენი მაცდუნებელი ნაცრისფერი თვალებით, რომელსაც ხან შემალავთ წამწამებს შიგნით, ხან კი ისე გამოაჩენთ, კაცს ჭკუას დააკარგვინებთ? ან თქვენი ტუჩები როგორ…
- თქვენ რა, სიყვარულს მიხსნით, ლუკას? - ახლა მე ჩამეცინა.
- ვა! რა პროგრესია! პირველად მომმართეთ სახელით. თურმე არც ისე ძნელი ყოფილა, არა? - შენიშნა და თბილად გაიღიმა.
მე პირველად მოვიხსენიე სახელით, მან კი დაცინვის გარეშე პირველად გამიღიმა, თითქოს რაღაც შეიცვალა მასში.
ღამის შუქზე მისი გარუჯული სახე გამორჩეულად ლამაზი ჩანდა, გაღიმებისას კი ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები თითქოს უელავდა.
ადგომა დავაპირე, წამოვიწიე და უცებ ხელი გავკარი ფუჟერს, რომელიც იმწამსვე გადავარდა მაგიდიდან, მიწაზე დაეცა და წვრილ კრისტალებად დაიშალა.
- ვაიმე, ბოდიში! - ფეხზე წამომხტარმა წამოვიყვირე და ტავერნის შეთეთრებულ კედელს მივეყრდენი, რომელსაც დღის ხვატის სითბო ჯერაც შეენარჩუნებინა.
ლუკასმა მშვიდად შეკეცა გაშხლართული ფეხები და წამოდგა, თან თვალს არ მაცილებდა.
- ასე რატომ აჩქარდით, ლამაზო მტრედო? - შემპარავად მკითხა და სამტრედეებისკენ გაიხედა. მერე მომიახლოვდა და ნიკაპი ორი თითით ისე ამიწია, რომ მისთვის შემეხედა. მეორე ხელი კი ზურგს უკან შემიცურა, - ჩემი აზრით, დიდ სიამოვნებას განიჭებთ, როცა ისმენთ, როგორ მოსწონხართ კაცებს და რა ადვილად შეგიძლიათ მათი საწყალი გულების დაპყრობა.
ის თან ლაპარაკობდა, თან ხელს ნელა დააცოცებდა ჩემს ზურგზე. მერე მოულოდნელად ისე ჩამბღუჯა ცალი ხელით, რომ მთელი სხეულით მომეკრო. ახლა ისე ახლოს იყო ჩემთან, მისი სხეულის გამაბრუებელი სურნელიც კი ვიგრძენი.
- თუ ზიზღს უფრო განიცდით ჩემ მიმართ?
მის ძლიერ სხეულსა და კედელს შუა ვიყავი გახიდული, გარხევის საშუალება არ მქონდა. ოდნავ მაინც რომ შევრხეულიყავი, ვიცოდი, უფრო მჭიდროდ მოვემწყვდეოდი მის მკლავებში.
- წინააღმდეგობებით სავსე გოგო ხართ. ეს რა, თამაშის ნაწილია? მორცხვი მიამიტობა ჭკვიანური გზაა იმისთვის, რომ მამაკაცი სადავით დაიჭიროთ და მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოთ? უნდა გითხრათ, რომ უფსკრულის პირას დგახართ, მაგრამ მე სწორედ ეს მიზიდავს. ძალიან მიზიდავს, - დასძინა და თითი ნაზად გადაატარა ჩემს აკანკალებულ ტუჩებზე.
- თუ შეიძლება… გთხოვთ, გამიშვით, - დაკრუნჩხულმა ჩურჩულით წარმოვთქვი. ვგრძნობდი, სისხლი როგორი შხუილით ჩამოედინა ჩემი სახიდან და პირდაპირ მუცლისკენ დაიძრა, თან ისეთი ნეტარებით მავსებდა, მანამდე წარმოდგენაც რომ არ მქონია.
ამ იდუმალმა უცხოელმა ზემოდან დამხედა და აშკარა გახდა, მასაც როგორ დარია ხელი ვნებამ. ისე მიყურებდა, მეგონა, სუნთქვა შეწყვიტა.
ლუკასმა თავი დახარა და ტუჩებით ნაზად შეეხო ჩემს კისერს, მერე ყურის ბიბილოს. აღგზნების მსუბუქმა ცახცახმა მოიცვა ჩემი სხეული და ყველა უჯრედი თითქოს ახალი სიცოცხლით შემევსო. უმწეოდ ვცდილობდი გამეკონტროლებინა საკუთარი გრძნობები, ჩამეხშო ვნება, რომელიც დაფერფვლით მემუქრებოდა. მხოლოდ ერთი რამ მიკვირდა - თუ თავისი დისშვილისთვის მივყავდი, ასე რატომ მექცეოდა? ნუთუ მომატყუა და მაინც ზნედაცემულ ქალად მთვლიდა?
ამასობაში უფრო და უფრო მეცლებოდა წინააღმდეგობის გაწევის ძალა.
- არ გინდათ, - უღონოდ დავიჩურჩულე, თუმცა თავად ინსტინქტურად ვეკვროდი მის მკერდს.
ლუკასი თავისი ვეება ხელით სწორედ იმ ადგილებში მეფერებოდა ზურგზე, სადაც ჩემს სხეულს სურდა, რიტმულად განმიზიდავდა და მიმიზიდავდა, რითაც თანდათანობით ძლევდა ჩემს სუსტ წინააღმდეგობას. ბოლოს თავის ტუჩებში მოიმწყვდია ჩემი ტუჩები და ღრმა, დამდაგველი კოცნით დამაკვდა. მეგონა, სული ამომაცალა. ლაპარაკი არ შემეძლო, ამიტომ მხოლოდ დავიკვნესე, ყრუდ, ვნებიანად. თავის არეში ტკივილი მიყუჩდა და აზროვნების ყოველგვარი უნარი დავკარგე. უმწეოდ ვფართხალებში მამაკაცის მკლავებში და ვხვდებოდი, რომ ჩემში ყველა შეგრძნება უკიდურესობამდე იყო გამძაფრებული.
უცებ ვერც გავიაზრე, ხელი რომ გამიშვა და ჩემს აცახცახებულ სხეულს ძლივს ვაკავებდი.
მან თავი ასწია და თვალებმოჭული შემპარავი მზერით დამაცქერდა.
********
- ოოო, ცუდი არ არის, - რბილად აღნიშნა, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ხელები ჩამოუშვა, - მაგრამ, ალბათ, საშიშია, - იგი ყურადღებით შემისწავლიდა, თან ისე, რომ საკუთარი გრძნობები არ გაეცა, მერე კი თავის გაქნევით დააყოლა, - საწყალი გეორგიოსი!
აზრებდაცლილმა შევხედე, ძალა აღარ შემრჩა, რამე მეთქვა, რადგან ვხედავდი, რა კარგად ახერხებდა თავის გაკონტროლებას და ეს მაშინ, როცა თვითონ ძლივს ვიდექი ფეხზე და ვიკავებდი თავს, არ ჩავკეცილიყავი.
- პატარა მაცდური ჭინკა, - ისე თქვა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა და მე საერთოდ ვერ მამჩნევდა, - ყინულის დედოფალმა დნობა დაიწყო და იძულებულს გხდის, გაფიქრებინოს, თითქოს მხოლოდ შენთვის დნება. უნდა ვაღიარო, რომ ჭკვიანურია.
ლუკასს წარმოდგენაც არ ჰქონდა, მისმა ამ ნახევრად ჩურჩულით წარმოთქმულმა სიტყვებმა რამხელა ტკივილი მომაყენა. ნუთუ ჰგონია, რომ ნებისმიერ მამაკაცთან ასე ვიქცევი? როცა ამ აზრმა გონებისკენ მიმავალი გზა გაიარა და ტვინის ხვეულებამდე მიაღწია, თვალებში ჩავხედე. იქ კი მხოლოდ ყინული დავინახე, მხოლოდ ცინიკური ზიზღი, - ლუკასმა დაასკვნა, რომ ბოლოს და ბოლოს, გამტეხა და მაიძულა, მისთვის ჩემი ნამდვილი სახე დამენახვებინა. იფიქრა, საბოლოოდ გავაშიშვლეო.
ისე ნელა მივუახლოვდი, აშკარად დაიბნა. მთელი ძალით მოვიქნიე ხელი და სილა გავაწანი. კაცს თავი გვერდზე მოექცა და დაბნეულს თვალები გაუფართოვდა. ერთი წამით მომეჩვენა, თითქოს დრო გაჩერდა და სილის გაწვნის ხმა ჯერ კიდევ ვიბრირებდა ზაფხულის არომატით შემთვრალ ჰაერში. სასაცილო შესახედავი იყო, შეცბუნებული გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ როცა ლოყაზე ჩემი ხუთივე თითის მოწითალო ანაბეჭდი დავინახე, უცებ გავიაზრე, რაც ჩავიდინე.
ლუკასი უკვე ცოფიანს ჰგავდა და მომინდა, რაც შეიძლება შორს გავქცეოდი მის სიძულვილით სავსე მზერას, თვალებში რომ ჩასდგომოდა. მაგრამ თავს მოდუნების უფლება არ მივეცი. ჯიუტად ვიდექი ერთ ადგილას, ფეხი არ მომიცვლია, თან ხელებიც მოვმუშტე, რომ მისთვის ჩემი ქალური ძალა დამენახვებინა.
- მორჩა? - მოკუმული პირიდან ერთადერთი სიტყვა გამოუშვა და უცებ თავი სრულიად მარტოსულად ვიგრძენი, ყვველასგან მიტოვებულად.
- თქვენ ეს დაიმსახურეთ, - სულისშემძვრელად წამოვიძახე და თვალები ცრემლით ამევსო.
- ასე ფიქრობთ? - მის ხმაში დაუფარავ რისხვასთან შერეულმა გაოცებამ გაიჟღერა.
ჩემკენ ორიოდ ნაბიჯი გადმოდგა, ხელი მომკიდა იმ ხელზე, რომლითაც სილა გავაწანი, თავის ხელისგულში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და სათითაოდ ყველა თითი დამიკოცნა, თან ჩემი გაფითრებული სახისთვის თვალი არ მოუცილებია.
უხმოდ შევყურებდი. მაშინებდა ის ძალა, რომელიც მისგან მოდიოდა. ტუჩებზეც მკაცრი ღიმილი დასთამაშებდა.
- თუკი ოდესმე კიდევ მოგივათ თავში ამ პატარა წარმოდგენის გათამაშება, ისე გაგამწარებთ, თავბედს იწყევლიდეთ და სიცოცხლე სანანებელი გაგიხდეთ. ისე გავაკეთებ, ხმამაღლა ღრიალებდეთ, ნეტავ საერთოდ არ გავჩენილიყავი ამ ქვეყანაზეო.
მისმა გულგრილმა ტონმა შემაძრწუნა. ხელი გამოვტაცე და გაუბედავად შევძახე:
- ვერ გიტანთ!
- ეს ერთხელ უკვე მითხარით! - მოულოდნელად მის ყინულოვან მზერაში ძლივს შეკავებულმა რისხვამ იელვა და კიდევ რაღაცამ, რისი ამოცნობაც ვერ შევძელი, - ეგრე იყოს. ასე გააგრძელეთ!
ამ მუქარანარევი სიტყვებით გატრიალდა და კვლავ ტავერნის კარში მიიმალა. თუმცა მალევე მობრუნდა, უხეშად ჩამავლო მაჯაში ხელი და მანქანისკენ წამათრია. ლამის ძალით ჩამსვა "ფერარიში" და კარი მომიჯახუნა.
- ჩუმად იჯექით. კრინტი არ დაძრათ. თქვენთან დალაპარაკების სურვილი არ მაქვს, არც თქვენი ყურების სურვილი მაქვს, - ლუკასის ხმაში, ჩვენი ნაცნობობის განმავლობაში პირველად, ბერძნულმა აქცენტმა იმძლავრა…
ის საჭეს მიუჯდა და დავიძარით.
დარჩენილი გზა მომაკვდინებელ დუმილში გავიარეთ. ერთიანად დაშლილად ვგრძნობდი თავს. ბოლო ორმოცდარვა საათის განმავლობაში წესიერად ხომ არ მძინებია, მერე კი ლუკასთან შეხლა-შემოხლა და გვანცაზე მტანჯველი ფიქრიც დამემატა ტვირთად. ამ ყველაფრის გამო სხეულში მტეხდა, ხოლო თავი თითქოს ცეცხლში მქონდა შეყოფილი.
მილურსმულივით ვიჯექი ჩემს სავარძელზე მანამ, სანამ ლუკასმა გზიდან ისევ არ გადაუხვია. მალევე მივუახლოვდით დიდ, ფართოდ გაღებულ ჭიშკარს და მოასფალტებულ ეზოში შევედით. ჩემ თვალწინ ვეებერთელა თეთრი სახლის კონტურები წამოიმართა. მეგონა, ნისლში ვიყავი გახვეული, როცა ფარებანთებულმა მანქანამ დაამუხრუჭა და ჩვენკენ რამდენიმე ადამიანის სილუეტი გამოემართა.
კარი გავაღე, რათა "ფერარიდან" გადმოვსულიყავი, მაგრამ ისე მომეკვეთა მუხლები, რომ იქვე ჩავიკეცე.
- გეყოფა ეს წარმოდგენები, - ყურში ლუკასის უხეშად ნათქვამი სიტყვები ჩამესმა. მან ხელი ჩამავლო, რათა ავეყენებინე, მე კი აღარაფრის ძალა აღარ შემწევდა. ხან ვკარგავდი ცნობიერებას, ხან გონს მოვდიოდი, მაგრამ ფეხზე მყარად დადგომას ვერ ვახერხებდი.
მერე ვიღაც ქალის ხმა გაისმა, ჩემთვის გაუგებარ ენაზე მოკლე-მოკლე ბრძანებებს რომ იძლეოდა. შემდეგ მომეჩვენა, თითქოს ჩემს ცხელ შუბლს ვიღაცის ალერსიანი ხელი შეეხო. ბოლოს რაც მახსოვს, სადღაც მივყავდით. უფრო სწორად, ჩემი სხეული მიჰქონდათ. მკვეთრი შუქი თვალებს მჭრიდა, მაგრამ ცოტა ხანიც და ჟრჟოლის მომგვრელ სიბნელეში აღმოვჩნდი. ხმაური და აურზაური მიწყდა და ისე დავმშვიდდი, თითქოს საკუთარ საწოლში ამომეყოს თავი… და გავითიშე…
დიდ, ნათელ, მზიან ოთახში გამეღვიძა. ძაღლების ყეფის ხმამ გამომაღვიძა. გეგონებოდათ, ასობით ძაღლი ერთად აწკავწკავდაო. ხმები სადღაც ქვემოდან ამოდიოდა. მსუბუქი, თბილი ნიავი ნელა არხევდა გამჭვირვალე ფარდას, ბოლომდე გამოღებული ფანჯრიდან კი ყვავილების მათრობელა სურნელი აღწევდა. ნამძინარევმა თავი ავწიე და უცნაურ ოთახს თვალი მოვავლე. წამით სიზმარი მეგონა ეს ყველაფერი.
- უკეთ ხართ? - ქალის სასიამოვნო ხმამ ქართულად მკითხა, ოდნავ შესამჩნევი უცხოური აქცენტით, - ნუ გეშინიათ.
იმ მხარეს მივტრიალდი, საიდანაც ხმა მომესმა. მოჩუქურთმებულ სავარძელში, ჩემს საწოლთან ახლოს, ხანშიშესული ქალი იჯდა, რომელიც თბილად მიღიმოდა.
მან ჩემი ხელში ხელში აიღო.
- სად ვარ? - ვიკითხე და წამოწევა ვცადე, მაგრამ ისე სუსტად ვიყავი, რომ მაშინვე უკან გადავქანდი, რბილი ბალიშებისკენ. ბუნდოვნად ვაიზრებდი, რომ ჩემი ბინა ბევრად პატარა იყო ამ უზარმაზარ, ძვირფასი ავეჯით გაწყობილ ოთახზე. აი, თურმე როგორი სახლი ჰქონია ლუკასს.
ჩემი ყურადღება დიდმა ფაიფურის სტატუეტმა მიიპყრო - გრძელთმიან ბერძენ ქალს ხელში ყვავილები ეჭირა. იგი ღია ფანჯრის გვერდით იდგა და ნიავის ყოველ გარხევაზე თხელი ფარდა ისე ეფინებოდა მთელ სიგრძეზე, თითქოს ეფერებაო. წამით ლუკასის გარუჯული ხელები წარმოვიდგინე, ნაზად რომ ეხებოდა ჩემს სხეულს.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სახლში, ძვირფასო. კარგა ხანია თქვენი გაცნობა მინდოდა. - მელოდიური ხმით მითხრა ქალმა.
- თქვენ ლეილა ხართ? - ჩურჩულით ვკითხე.
კეთილად მოღიმარ ქალს, ჩემ სიახლოვეს რომ იჯდა, აგრესიულობისა და ბრაზის ნატამალიც არ ემჩნეოდა. იგი სულაც არ ჰგავდა თავის გადარეულ და ფეთქებად ძმას.
ქალმა თავი დამიქნია და ცისფერი თვალები სიხარულით გაუბრწყინდა. ლუკასს არ გადაუჭარბებია - ავადმყოფობას ძლიერად ემოქმედა ლეილაზე, ერთ დროს ლამაზი სახე დაშრეტოდა და ნაოჭებით დაფარვოდა.
- ალბათ გადაიღალეთ, ჩემო საყვარელო, - მან მზრუნველად გამისწორა თავქვეშ ამოდებული ბალიშები, - ექიმმა თქვა, ახლა მისთვის საუკეთესო წამალი ძილიაო და, როგორც ყოველთვის, მართალი აღმოჩნდა.
- რამდენ ხანს მეძინა? - დასუსტებული ხმით შევეკითხე და უეცრად ენა ჩამივარდა, რადგან ახლაღა შევამჩნიე, რომ ჩემთვის უცხო ღამის პერანგი მეცვა. იმხელა საწოლი კი, რომელშიც ვიწექი, არასდროს არავის სახლში არ მენახა.
- თითქმის ოცდათექვსმეტი საათი, - თავზე ხელი გადამისვა ლეილამ, - გადამრია ლუკასმა. როგორ ვერ შეამჩნია, ასე რომ გამოიფიტეთ? ჩვეულებრივ, ზედმეტად ყურადღებიანია და ახლა რა დაემართა, არ ვიცი. ძალიან დასუსტებული მოგიყვანათ ჩვენამდე, რაც, მგონი, მთლად მგზავრობის ბრალი არ უნდა იყოს. რა უქენით საკუთარ თავს, ძვირფასო?
- მე ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ქალბატონო ლეილა, - მივუგე იმ იმედით, რომ წვრილმანებში არ ჩამეძიებოდა.
- მერედა, არ უთხარით ლუკასს, რომ თავს ცუდად გრძნობდით?
მისი ლამაზი თვალები დაჟინებით მომშტერებოდა. ახლაღა შევამჩნიე, რომ ლეილა ძალიან ჰგავდა ლუკასს.
სწორედ ამ დროს საძინებლის მუხის მძიმე კარი ფართოდ გაიღო და ისიც შემოვიდა. პასუხის გაცემა საჭირო აღარ გახდა.
იმავე წუთს საშინელმა ხმაურმა გაავსო ოთახი - ძაღლების მთელი ხროვა შემოცვივდა ოთახში და ჩემს საწოლს გარს შემოერტყა. ლეილა პროტესტის ნიშნად ფეხზე წამოდგა.
ნელ-ნელა დავითვალე სამი ტერიერი, ორი სპანიელი, ორი გერმანული ნაგაზი და ერთიც ჩემთვის უცხო ჯიშის ძაღლი, რომელიც საწოლზე ამომიხტა. მათ უკან კი პატრონის ვეებერთელა ფიგურა აღმართულიყო.
გავეშებული ცხოველების დანახვაზე აღშფოთებული ლეილა ფეხზე წამოიმართა.
- ლუკას! გაყარე ძაღლები აქედან! - ისეთი ხმით იკივლა ქალმა, მათი ყეფა გადაფარა. ისეთი მყიფე იყო მისი ხმა, რომ შეშინებული ძაღლები წკმუტუნზე გადავიდნენ.
როგორც კი ჩემს საწოლზე ამოსული ძაღლი ძირს გადახტა, ზეწარი მაშინვე ნიკაპამდე ავიფარე, თან ლუკასის იქ ყოფნას მთელი არსებით შევიგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც არ შემიხედავს. თუმცა ბოლოს სურვილმა მძლია და მზერა მისკენ გავაპარე. მოულოდნელად ზურგზე თითქოს ჭიანჭველები დამესია, ისეთი ფოლადის მზერით მომჩერებოდა იგი.
რა უღმერთოდ სიმპათიურია ეს ოხერი, რა! - გამირბინა გონებაში. მზის სხივით განათებულ საძინებელში გარუჯული მამაკაცი უფრო მომნუსხველად გამოიყურებოდა. მთელი ჩემი არსება პანიკამ მოიცვა. ალბათ, როგორ გაცოფდება, როცა სიმართლეს გაიგებს. ან იქნებ უკვე იცის, რომ გვანცას ნაცვლად ნაკა შერჩა ხელთ?
- დილა მშვიდობისა, - მომესალმა ლუკასი. მისი სიღრმისმიერი ხმა მაინც ცივად ჟღერდა, თუმცა ოდნავ შეშფოთებულად, - თავს უკეთ გრძნობთ?
- დიახ, გმადლობთ, - თავს ძალა დავატანე, შევტრიალებულიყავი, რადგან მისი მზერისგან ლამის ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი, - მაპატიეთ, ამდენი რომ განერვიულეთ, - წამებით დავძინე, - ბოლო დღეებიდან ცოტა რამ მახსოვს.
- რას მელაპარაკებით! - უამრავი აზრი ჩააქსოვა ამ წინადადებაში, - მაგრამ იმედია, ის მაინც გახსოვთ, როგორ მოვდიოდით აეროპორტიდან? ჩვენ ტავერნაშიც კი შევიარეთ.
მისი დაუფარავი ცინიზმისგან სისხლი თავში ამივარდა. გადაკრულად მიმანიშნა, თუ რა ადვილად დავმორჩილდი და ამით ყველა მისი ეჭვი გავამართლე. ხელისგულს, რომლითაც სილა გავაწანი, ჯერაც ცეცხლი ეკიდა. გამახსენდა, როგორ შევშინდი ხელის გარტყმის შემდეგ, აქეთ არ შემომიბრუნოს-მეთქი და გამაცია. ამწუთას ანალოგიური სიტუაცია რომ შექმნილიყო, გასალაწუნებლად სიმამაცე და გამბედაობა აღარ მეყოფოდა.
- არა? არაფერი გახსოვთ? უცნაურია. არადა, მომეჩვენა, რომ მაშინ თავს გადასარევად გრძნობდით.
იგი ჩემს გაფართოებულ თვალებში ყველა აზრის წაკითხვას ასწრებდა და გამომცდელად შეისწავლიდა ჩემს ზაფრისგან გასაცოდავებულ სახეს.
სირცხვილით ვიწვოდი, მაგრამ მას, როგორც ჩანს, მოჰბეზრდა ეს ყველაფერი.
- კარგი, დაივიწყეთ, - ნელა წარმოთქვა, როცა გახურებული სახე თმაში ჩავმალე, - არც ჩემთვის დამთავრებულა ეს მგზავრობა ძალიან მხიარულად.
გრძელი წამწამების ქვემოდან ქურდულად გავხედე. როგორ შეიძლება ასე მძულდე და, ამავდროულად, ასე მოვიწევდე შენკენ? - სევდიანად გავიფიქრე, მძულდა საკუთარი თავი ამ სისუსტის გამო. მაგრამ იქნებ გადაწყვიტა, დაევიწყებინა ის ვნებიანი კოცნა?
არ ვიცოდი, რამ გამოიწვია მისი ხასიათის ცვლილება, მაგრამ ამ ხანმოკლე "შეწყალებისთვის" მძვინვარე ნართაულების ნაკადის შემდეგ მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი.
ლეილამ ძმის შუბლშეკრული სახიდან მზერა უზარმაზარ საწოლზე გადმოიტანა და მე შემომხედა. კიდევ კარგი, არ ესმოდა ჩვენი დაძაბული ურთიერთობის მიზეზები.
ამ დროს შემოღებულ კარზე მორიდებით დააკაკუნეს და იმავე წამს საძინებელში პატარა მოხუცი ქალი შემოვიდა უზარმაზარი ლანგრით, რომელზეც ცხელი ფუნთუშები, რამდენიმე სახეობის მურაბა, ფორთოხლის წვენი და ქაფქაფა ყავით სავსე ფინჯანი იდო.
- ეს ჩვენი მოსამსახურე ვარდოა, სხვათა შორის, საქართველოდან. - აღნიშნა ლუკასმა და კვლავ დამცინავად შემომხედა.
ქალმა ღიმილით დამიქნია თავი, თავისთვის რაღაც ჩაილაპარაკა და ლანგარი მაგიდაზე დადო. მერე კი შეშინებული თაგვივით სწრაფად გაიქცა.
- მას ლუკასის ეშინია, - ისეთი ტონით ამიხსნა ლეილამ, თითქოს ბოდიშს იხდისო.
ამასობაში ქალის ზურგს უკან მისი ძმის სარკასტული ღიმილი დავიჭირე. მან თითების გატკაცუნებით ნიშანი მისცა ძაღლებს და ისინიც ყეფა-ყეფით გაცვივდნენ გარეთ.
- უცნაურია, - ხმამაღლა წარმოვთქვი, რადგან უკვე აღარ მეშინოდა, რომ ყველა ბერძენი ასეთ გამანადგურებელ ზეგავლენას მოახდენდა ჩემს ნერვულ სისტემაზე. თუმცა იყო კი ბერძენი?
მოჩუქურთმებულ შავ ხელჯოხზე დაყრდნობილმა ლეილამ, რომელიც ძმის კვალდაკვალ კარისკენ მიემართებოდა, კიდევ ერთხელ მესროლა გამჭოლი მზერა.
- მოგვიანებით ისევ მოვალ, ძვირფასო, - მზრუნველი ტონით მომმართა მან და რის ვაივაგლახით გადააბიჯა ზღურბლს, - გთხოვთ, თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენთან მოგეწონოთ.
როცა და გაისტუმრა და მისი ნაბიჯების ხმაც მიწყდა, ლუკასი კვლავ კართან გაჩნდა. მერე კი უკან შემობრუნდა და საჭმელ-სასმლით სავსე ლანგარს დასწვდა. მისი მოახლოებისთანავე უფრო ღრმად გავეხვიე ზეწარში, მან კი ჩაიხითხითა, რის გამოც ცისფერი თვალები უფრო გაუბრწყინდა და ლანგარი ზედ მუხლებზე დამადო.
- აი, თქვენ უკვე ჩემს ტერიტორიაზე ხართ, პატარა ქართველო ვარდო, - თქვა მან ამპარტავნული კილოთი, - და აქ ჩემი წესებით ითამაშებ. თუკი მორჩილად იქნები, მაშინ ნამდვილად მოგეწონება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თუ…
მან აღარ გააგრძელა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თვალები დამიბრიალა. მე კი შეშინებულმა შევხედე.
ეს კაცი თავზარს მცემდა.
- მე შემიძლია კეთილი და ყურადღებიანი მასპინძელი ვიყო, - დამცინავად მესროლა მხარს ზემოდან, სანამ საძინებლიდან გავიდოდა, - და დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც, ამ პატარა კატის გონების სიღრმეში, ცხოვრობს სევდა ძლიერი ხელისა, სურვილი, ვიღაცამ დაგიპყროს. ვინ იცის…
მისმა უზარმაზარმა, ძლიერმა სხეულმა კარის ღიობი მთლიანად ჩაკეტა. მისი თვალები თითქოს თოფის ლულასავით იყო ჩემკენ მომართული.
- ვფიქრობ, შევძლებ საინტერესოდ გაგატარებინოთ დრო საბერძნეთში, როგორიც გინდა აღმოჩნდეს შედეგი.
მან აუჩქარებლად გახსნა ტუჩები ღიმილის გამოსახატავად და გასვლისას კარი გადამეტებული სიფრთხილით მიიხურა.
მთელი სხეულით ვკანკალებდი, ვიგრძენი, რომ თავი სრულიად შემთხვევით ცხოველთა მეუფის ბუნაგში ამოვყავი.
მარტოდ დარჩენილმა ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ საშინლად მომშიებოდა და უმოკლეს დროში დავცალე ლანგარი. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე ავმდგარიყავი და გარშემო მიმომეხედა. ფეხშიშველი დავაბიჯებდი სქელ რბილ ხალიჩაზე. ოთახში მეორე კარიც აღმოვაჩინე, შევაღე და კეთილმოწყობილ სააბაზანოში მოვხვდი. აქ ყველაფერი იყო, რაც ქალს ფუფუნებისთვის სჭირდებოდა. არა მხოლოდ ფუმფულა ხალათი, კიდევ უფრო ფუმფულა პირსახოცი და ფაჩუჩები, არამედ სახისა და თავის მოვლის საშუალებები.
ოთახში შემობრუნებულმა გარდერობს მივაშურე, გამოვაღე და შიგ ჩემი არცთუ მრავალრიცხოვანი სამოსი აღმოვაჩინე. კედელში ჩაშენებულ კარადაში საცოდავად ეკიდა ჩემი ორი კაბა და ამდენივე შარვალი. მაისურები და კოფთები კი იქვე, თაროზე დაელაგებინა ვიღაცას.
აივნის კართან მივედი, თხელი ფარდა გადავწიე და გარეთ გავედი. მოულოდნელი აღფრთოვანებისგან სუნთქვა შემეკრა - ჩემ წინ ზღაპრული სურათი გადაიშალა - ნამდვილი სამოთხე, რომლის ხილვა მხოლოდ ფილმებში თუ შემეძლო. სახლი არცთუ მაღალი მთის წვერზე იდგა, რომელიც პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა. თვალწარმტაც ყურეს, რომელსაც ორი უფრო მომცრო გორაკი ქმნიდა, თითქოს ეძინა ცხელი მზის სხივებქვეშ. შორს, მეზობელი მთის ფერდობზე, ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული თეთრი სახლები მოჩანდა, რომლებიც კრისტალივით ბრწყინავდა. ფირუზისფერი ზღვა კი ლამის ჰორიზონტს შერწყმოდა. ქვემოთ, ყურესთან, საფეხმავლო ბილიკი მოიკლაკნებოდა ზემოთკენ, თუმცა ამ გზაზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
- წარმოუდგენელია, - ჩავიჩურჩულე და შიშველი ფეხებით აივანზე დაგებული მარმარილოს იატაკის სითბო შევისრუტე. ქვის მოაჯირს დავეყრდენი და რაც შემეძლო წინ გადავიხარე, რათა ზაფხულის ფერებით მდიდარი ბაღი შემეთვალიერებინა.
სურნელოვანი ეგზოტიკური ყვავილები და ნაყოფით დახუნძლული ხეები, გეგონებოდათ, პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. დაჩრდილული ხეების ქვეშ აქა-იქ მაგიდები და სკამები იდგა, რომელთა ქვეშ, კაფელის იატაკზე, კატები გართხმულიყვნენ, - სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფერის - და ზარმაცად ლულავდნენ თვალებს. დავთვალე, სულ ცხრა იყო, აქედან სამი - სპარსული ჯიშის, ორი - სიამის, ორი - ციმბირული და ორიც - ინგლისური ცისფერი.
- მშვენიერი სანახავი ხართ!
როგორც კი მისი ხმა გავიგონე, მაშინვე გავიაზრე, რომ ნახევრად შიშველი ვიყავი და პერანგისამარა ოთახში შევვარდი. ქვის კედლიდან კი, ბაღს რომ ერტყა გარს, ამაზრზენი სიცილი მოისმა. ლუკასის ხმა ზიზღით იყო გაჟღენთილი. უცნაური ის იყო, რომ, რაც უნდა მეკეთებინა, თითქოს ჯიბრზე, უფრო და უფრო განამტკიცებდა ლუკასის ისედაც დაბალ წარმოდგენას ჩემზე, მით უფრო, რომ თავიდანვე ცუდი თვალით შემომხედა.
საშხაპეს მივაშურე "ძილის ნარჩენების" გასანადგურებლად. წყლის ჩხრიალში ვიხსენებდი გვანცას სასოწარკვეთილ ხმას, როცა თბილისში ტელეფონზე მესაუბრებოდა. რაც უნდა მომხდარიყო გვანცასა და ლუკასის დისშვილს შორის, ეს, დიდი ალბათობით, არ იქნებოდა წუთიერი რომანი. მათ შორის, სავარაუდოდ, რაღაც მოხდა, ისეთი რაღაც, რამაც გვანცა გააქცია. სულაც არ გამოვრიცხავდი, რომ მათ ამბავში ლუკასის ხელი ერია და ახლა სწორედ ამ შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა.
ახლაღა გავაცნობიერე, რომ ლეილას თანდასწრებით ერთხელაც არ მიხსენებია გეორგიოსის სახელი. რას იფიქრებდა ის ქალი?
- არა, არა, ჩემგან კარგი რძალი ნამდვილად ვერ დადგება! სულ არ ვგავარ შეყვარებულ საპატარძლოს. - ჩავიბურტყუნე ჩემთვის და პრიალა ფილებით მოპირკეთებული სააბაზანოს კედლისკენ შევტრიალდი.
თაროდან აღებული უჩვეულო სურნელის შამპუნით თმის დაბანის შემდეგ თმა თავზე შემოვიგრაგნე, ტანზე დიდი პირსახოცი შემოვიხვიე და კვლავ აივანს მივაშურე. სავარძელში ჩავჯექი, სახე მზეს მივუშვირე და ვერცხლისფერი თმა ჩამოვიშალე, რათა უფრო ადვილად გამშრალიყო.
ცხელი, უმოძრაო ჰაერი საამო სურნელებით გავსებულიყო. თვალები დავხუჭე და მოვეშვი, რათა ცოტათი მაინც დამესვენა მტრული სამყაროს შუაგულში არსებულ ამ პატარა, უსაფრთხო ოაზისში.
გაგრძელება იქნება აქვე
სვეტა კვარაცხელია