@@@

გილოცავთ მარიამობას♥️
ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი სიტყვები, ღვთისმშობლის გაცილება.
განმაცვიფრებლად იცხოვრა ყოვლადწმინდა მარიამმა. სასწაულებრივი იყო მისი მიძინება და გაცილებაც. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული სიდიადის გამო რწმენითა და სიყვარულით მისული ყველა შეჭირვებული სარეცლის შეხებით იკურნებოდა.
პროცესიას სამოთხის რტოთი წინ იოანე ღვთისმეტყველი მიუძღოდა. წმინდა პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს სასახლე მხრებით მიჰქონდათ. დანარჩენი მორწმუნეები საცეცხლურებითა და ანთებული სანთლებით მიჰყვებოდნენ. საზეიმო სვლა სიონში დაიწყო, იერუსალიმი გაიარა და გეთსიმანიამდე გალობით მივიდა. მსვლელობას დასაწყისშივე გვირგვინის მსგავსი ნათელმოსილი ღრუბელი დაადგა და ბოლომდე არ მოშორებია. ეს ციური სხეული პროცე¬სიასთან ერთად ჰაერში მოძრაობდა. მორწმუნეებს ანგელოზთა გალობა ესმოდათ.
იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ გრანდიოზულმა მსვლელობამ გააღიზიანა. ზოგიერთმა იუდეველმა მღვდელმთავარმა და უხუცესმა ისიც კი მოისურვა, რომ პროცესია დაეშალა და წინამძღოლები შეეპყრო. მაგრამ ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა ეს ბოროტება - ზეციური გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესია მდევართათვის უხილავი გახდა. მდევრებს გალობა და ნაბიჯების ხმა ესმოდათ, მაგრამ სიბრმავე დაეუფლათ და ვერაფერს ხედავდნენ.
პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია. ყველა უკანასკნელად ემთხვია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხედარს.
ხანგრძლივი ლოცვისა და გალობის შემდეგ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებული ცხედარი აკლდამაში დაასვენეს. გამოქვაბულის შესასვლელი დიდი ქვით დაფარეს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოციქულები აკლდამის შესასვლელს არ მოსცილებიან. ისინი ლოცვით, ფსალმუნთა კითხვითა და გალობით განადიდებდნენ მაცხოვარსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ისმოდა ანგელოზთა ზეციური გალობა.
ღვთის განჩინებით, თომა მოციქული ვერ შეესწრო ღვთისმშობლის მიძინებას. გეთსემანიაში ის მხოლოდ დაკრძალვის შემდეგ, მესამე დღეს მივიდა. ღრმა მწუხარებით აღვსილი, გოდებით მიეახლა აკლდამას და გულისტკივილით მოთქვამდა, რომ ღირსი არ გახდა უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა. სიბრალულით აღივსნენ წმინდა მოციქულები და გადაწყვიტეს, თომასთვის ღვთისმშობლის წმინდა გვამის ხილვისა და თაყვანისცემის საშუალება მიეცათ. გახსნეს საფლავი, მაგრამ პატიოსანი გვამი აღარსად იყო. აკლდამაში მხოლოდ ტილოები ეწყო და მათგან საოცარი სურნელი იფრქვეოდა. მოციქულები ღვთისმოშიშებით ეამბორნენ საფლავში დარჩენილ სუდარას, გაიხსენეს მაცხოვრის აღდგომასთან დაკავშირებული მოვლენები და შინ მაინც გულდაწყვეტილები დაბრუნდნენ, რადგან ვერ აეხსნათ მომხდარის შინაარსი. ეგონათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვეღარასოდეს იხილავდნენ, მისი ნუგეშისა და თანადგომის გარეშე დარჩებოდნენ.
იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი.
გეთსემანიიდან დაბრუნების შემდეგ ყველა ღვთისმშობელზე ფიქრობდა. ტრაპეზის ბოლოს, წესისამებრ, მოციქულებმა "ქრისტეს წილი" აიღეს და ყოვლადწმინდა სამებას განადიდებდნენ, როდესაც ანგელოსთა გალობის ხმა გაისმა. ანაზდად ყველამ ზემოთ აიხედა - ცის სივრცეში დიდებით გაბრწყინებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადათ. ზეციური ძალებით გარშემორტყმულმა მარადის ქალწულმა ასე მიმართა მოციქულებს:
"გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა".
"ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ ჩვენ!" - შესძახეს გახარებულმა მოციქულებმა და იქ მყოფმა მორწმუნეებმა.
ამგვარად, წმინდა მოციქულები თავად დარწმუნდნენ, რომ დედა ღვთისა მისმა ძემ და მაცხოვარმა მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცად აღამაღლა. ურყევი რწმენა მთელ ეკლესიას გადაეცა.
მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მე-13 წელს მიიძინა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15 (28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი მიეგება მიწიერ დედას და თავის სავანეში მიუჩინა სამყოფელი.

Комментарии