,,მანძულა ასპანიძე-ფანასკერტელის ისტორია”

მანძულა ასპანიძე-ფანასკერტელის შთამომავლები ვართ ასპინძელი ასპანიძეები, ქვემო ქართლის ასპანიძეები,ასპანაძეები, ასპანაშვილები და სელიმაშვილები. ჩვენი საგვარეულო საძვალეთი მესხეთის ულამაზეს მხარეში ” შავშეთში ღადოსმთებში და ტაოში ფანასკერტშია”. 1700 წლებში სწორედ მანძულა პაპა თავისი ოჯახით, შვილით ისიდორე და შვილიშვილებით გადმოიხვეწა ფანასკერტიდან დედა საქართველოსკენ, გადმოხვეწის მიზეზი კი ის იყო, რომ არ უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტიანობა ,,მართლმადიდებლობა” და იქაურ ქართველ გამაჰმადიანებულ ბეგებთან დაპირისპირების დროს, მანძულა ასპანიძე-ფანასკერტელის ოჯახის წევრებმა მოკლეს თურქეთის ფაშასთან ძალიან ახლოს დაახლოებული მოღალატე ქართველი გამაჰმადიანებული ბეგი, რომელიც ხშირად უჩიოდა მანძულა ასპანიძე-ფანასკერტელს თურქეთის ფაშასთან, რომ ჩვენ დავთმეთ ქრისტეს რჯული, ხოლო მანძულა ასპანიძე-ფანასკერტელი არ თმობს ქრისტიანობას და ისევ ინარჩუნებს ფეოდალურ წოდებას და ძალაუფლებასო.
იქ მცხოვრებ ქართველებს უთქვამთ, მანძულა ასპანიძე-ფანასკერტელისთვის, რომ თქვენ თურქეთის ფაშას ისეთი ერთგული გამაჰმადიანებული ქართველი ბეგი მოუკალით, რომ თურქეთის ფაშას მხოლოდ თქვენი შესაძლებლობებით წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევთ და ოჯახიანად ამოგწყვიტავენ, უმჯობესია დედა საქართველოს შეაფაროთ თავი.
ბაგრატიონთა მეფობის დროს, სამეოფო კარზე ასპანიძეები ფანასკერტელად ვიწოდებოდით და შავშეთისა და ტაოს მფლობელები ვიყავით. სწორედ, რომ სარწმუნოების გამო გადმოიხვეწა მანძულა პაპა თავისი ოჯახით, რომ არ უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტიანობა ,,მართლმადიდებლობა” და არ გახდა მაჰმადიანი.
ფანასკერტიდან წამოსვლის დროს ჯერ გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში უცხოვრიათ დაახლოებით 2 წელი (ზამთარი), შემდეგ უკან მესხეთში, სამცხისკენ დაბრუნებულან. სამცხეში, რომ მოსულან ოთის-აგარაში დასახლებულან კარგახანს. ოთის-აგარაში ცხოვრების დროს, მანძულა ასპანიძე-ფანასკერტელს შვილიშვილები დაუქორწინებია. ოთის- აგარაში ცხოვრების დროს წმინდა გიორგის ეკლესია შეუკეთებიათ, სალოცავის კედლიდან ჩამოქცეული ქვა, ქვის ადგილზე დაუბრუნებიათ უკან და წლების მანძილძე აღავლენდნენ წირვა ლოცვა ფარულად. ოთის-აგარის ბატონს მანძულა ასპანიძე-ფანასკერტელის ერთერთი შვილიშვილის ცოლი მოწონებია. ერთდღესაც, როცა ოჯახის დიასახლისი გასულა წყაროზე კოკით წყლის მოსატანად ოთის-აგარის ბატონი გადასდგომია წინ და მისთვის თავი უთხოვია. უკან დაბრუნებულ დიასახლისს თავის ქმრისთვის და ოჯახის წევრებისთვის უთქვამს ოთის-აგარის ბატონი ნამუსის ახდას მთხოვსო. ოთის-აგარის ბატონს მანძულა ასპანიძე-ფანასკერტელისთვის შემოუთვლია, ერთი ღამით თქვენი ქალი უნდა დამითმოთო. მანძულა პაპას ოჯახს წინდაწინ მთვარიანი ღამე შეურჩევიათ, ბატონი მოუკლავთ და ჯავაეთში გახიზნულან ოჯახით. ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონში სოფელ ხანდოში დასახლებულან. ხანდოში 1-2 წელი უცხოვრიათ. ამ პერიოდში ჯავახეთში მხოლოდ ქართველებს უცხოვრიათ. მკაცრი კლიმატის გამო ხანდო მიუტოვებიათ და ნიჯგორის მიმართულებით წამოსულან. ნიჯგორში, რომ მოსულან ურემს ღერძი გატეხია და გაჩერებულან. ამ პერიოდში სოფელი დაცარიელებული ყოფილა მოსახლეობისგან, მტერთა შემოსევების გამო. სარო-ნიჯგორის მიტოვებულ ტერიტორიებზე დასახლებულან.
მანძულა პაპა, მისი შვილი ისიდორე და 2 შვილიშვილი პავლე და ივანე აქ დარჩნენ საცხოვრებლად, ხოლო შემდგომ ისიდორე პაპას დანარჩენი შვილები, წასულან ქვემო ქართლში და თეთრიწყაროს რაიონში სოფელ კლდეისში (კლდეისარში) დასახლებულან.
მანძულა ასპანიძე-ფანასკერტელს დაუწყევლია ის თავისი ნაშიერი, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქრისტიანობას ,,მართლმადიდებლობას” უარყოფს და მიიღებს სხვა სარწმუნოებას. სწორედ ჭეშმარიტი სარწმუნოების გამო დათმო ჩვენმა წინაპარმა სახლკარი, ქონება, მთელი სიმდიდრე რაც კი გააჩნდა, თავადობაც კი და არ დათმო მთავარი სიმდიდრე ქრისტეს სიყვარული ,,მართლმადიდებლობა”...
სწორედ ამიტომ მიყვარს ჩემი წინაპრები. თითქმის ყოველ ღამე მესიზმრება ჩვენი საგვარეულო საძვალეთი, რომელიც ფანასკერტშია, მიუხედავად იმისა მე იქ არასოდეს ვყოფილვარ. ვინც წინაპართა ნაკვალევზე დადის მასზე წინაპართა მადლი გადმოდის, ხოლო ვინც წინაპართა ნაკვალევზე არ დადის მასზე წინაპართა რისხვა გადადის. ვისაც წინაპარი არ უყვარს, მას მომავალი არ უჩანს. ჩვენს მიერ გაღებული მადლი წაადგებათ ჩვენს წინაპართა სულებს იმ ქვეყნად.
ადგილობრივი მოსახლეობა, ასპანიძეებს ,,მანძულაანთ” გვეძახიან, იმ დიდებული წინაპრის საპატივსაცემოდ.
ასევე მე-15 საუკუნეში ფანასკერტიდან ასპანიძე-ფანასკერტელების ერთი შტო, ზაზა ასპანიძე-ფანასკერტელი გადმოცხოვრდა ქართლში და მისი შთამომავლები გვარად ციციშვილად იწოდებიან.
ეს ყველა ფესვებით ასპანიძე-ფანასკერტელები ვართ. უფალმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს უფლის წიაღში. ამინ...

Комментарии