თებერვალს მხრები გამოუჩნდა სველი იებით,

მზემ გააჩინა კიდევ ერთი დილა ფარული,
მე მოვალ შენთან დაკარგული, ზღვა პატიებით,
მომაქვს ღიმილი უამრავი და გაზაფხული...
მე მოვალ შენთან, მოციქული მტანჯველ ფიქრების,
გაგეცინება, მერამდენედ მეტყვი თვალებით,
ვერ შევასრულე მე ვერც ერთი დანაპირები,
მაგრამ ზურგს უკან მაინც აღარ დაგემალები...
თებერვალია, უსუსური სუნთქვა სიცივის,
და არღვევს მარხვას, ნაზამთრალი დღეთა ბუნება,
უკვე დაღლილი ზარი ყურთან მძიმედ მიწივის,
გამოსავალი სულ არ არის არდაბრუნება...
მე მოვალ, როგორც ლოცვის დიდხანს დაგვიანება,
ვით უიმედოს შეძახილი ღმერთად ხმობილი,
ვით მოღალატე, ვით ორგული და ვით თავნება,
შიშველ ადამის ცოდვებივით პირველყოფილი..

Комментарии

Комментариев нет.