მილიონობით ადამიანი გულგრილად უყურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ თამბაქო შხამია ორგანიზმისთვის.

“თამბაქო საოცრად გავრცელებული მომაკვდინებელი იარაღია” – ასეთი განაჩენი გამოუტანა თამბაქოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. იშვიათად ხდება, რომ სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები ასეთი ერთსულოვანნი იყვნენ რაიმე მავნე ჩვევის შეფასებაში.
უკანასკნელ ათწლეულში სიგარეტის ყოველწლიური მოხმარება განვითარებულ ქვეყნებში შემცირდა 1,4%-ით, ხოლო განვითარებად ქვეყნებში გაიზარდა 1.7%-ით.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საშუალო ასაკის სამი გარდაცვლილი მამაკაციდან ერთი სიგარეტის წევის მსხვერპლია, ხოლო ქალებში – რვა გარდაცვლილი ქალიდან ერთი.
1995 წელს თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა სამი მილიონი მწეველი, ანუ ყოველ ათ წამში ერთი მწეველი. პროგნოზით ნავარაუდებია, რომ 2005 წლისათვის ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა იქნება ათ მილიონი, ანუ ყოველ ოთხ წამში ერთი მწეველი.
თამბაქოს წევა არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ახლო მომავალში განსაკუთრებულ სირთულეებს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მოკლე ისტორიული ცნობები თამბაქოს შესახებ
თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. ქრისტოფერ კოლუმბის მოგზაურობამდე ევროპელთათვის თამბაქოს არსებობა ცნობილი არ იყო. როგორც კოლუმბმა აღმოაჩინა, ძირძველი ამერიკელები თამბაქოს ხმარობდნენ რელიგიური და სხვა დღესასწაულების დროს.
კოლუმბმა ევროპაში დაბრუნებისას თან ჩამოიტანა თამბაქოს ნიმუში, მაგრამ იმ დროისათვის თამბაქომ დიდი გავრცელებავერ ჰპოვა. ევროპაში თამბაქოს მოწევა დაიწყეს მხოლოდ 1580 წლიდან. თამბაქოს პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის სერ უოლტერ რელეის, რომელიც ინგლისის დედოფლის – ელისაბედ I-ის კარზე ცნობილ პიროვნებად ითვლებოდა. თამბაქოს მოწევა მალე გავრცელდა ევროპის სხვა სახელმწიფოებში – ჯერ ესპანეთსა და პორტუგალიაში, შემდეგ კი საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში, ასევე ინგლისის კოლონიებში – აფრიკასა და აზიაში. რუსეთში თამბაქოს მოწევა გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში.
საქართველოში თამბაქო შემოიტანეს XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში.
მსოფლიოში თამბაქოს ყველაზე დიდი პლანტაციებია ჩინეთში, ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდონეზიასა და თურქეთში. თამბაქო მოჰყავთ აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში დასავლეთ აფრიკასა და ავსტრალიაში.
არსებობს თამბაქოს ნაწარმის სხვადასხვა სახე – პაპიროსი, სიგარეტი, სიგარა, ჩიბუხისა და გასახვევი თუთუნი, აგრეთვე ბურნუთი და საღეჭი თამბაქო.
თამბაქოს წევის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად მკვლევარები ასახელებენ ცნობისმოყვარეობას. მაგალითად, სკოლისა და სხვა სასწავლებლების უფროსი კლასებისა და უმცროსკლასელთა გამოკითხვით დადგინდა, რომ გამოკვლეულთა 25%-მა თამბაქოს წევა დაიწყო ცნობისმოყვარეობის გამო.
ზოგი მოწევას იწყებს ამხანაგის, მშობლის ან სათაყვანებელი პირის მიბაძვით, ზოგს კი სიგარეტის მოწევით უნდა დაამტკიცოს რომ უკვე უფროსი ასაკისაა და დამოუკიდებელია. მოზარდების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს მაშინ, როცა მას ამხანაგი შესთავაზებს. ახალგაზრდების უმრავლესობამ იცის თამბაქოს წევის საშიშროების შესახებ, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ეს საშიშროება მათ არ ემუქრებათ.
დადგენილია, რომ თამბაქოს მწეველ ოჯახებში თამბაქოს მწეველ ბავშვთა რაოდენობა აღემატება 50%-ს, ხოლო არამწეველთა ოჯახებში მათი რაოდენობა 25%-მდე აღწევს.
გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ბიჭები ძალიან ადრე, 10-12 წლის ასაკიდან ეჩვევიან თამბაქოს წევას. ეს კი ის პერიოდია, როდესაც ბავშვის ორგანიზმი ინტენსიურიზრდა-განვითარების პროცესშია. ბავშვის მგრძნობელობა კვამლისადმი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ნაკლები ასაკისაა იგი. თუ ბიჭებში თამბაქოს წევის დაწყება უფროსების მიბაძვისადმი მისწრაფებაა, გოგონების მიერ თამბაქოს წევის დაწყება ხშირად დაკავშირებულია კეკლუცობასთან, დიდ სურვილთან იყვნენ ორიგინალურნი, მოაწონონ თავი ბიჭებს.
ადამიანების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს იმის გამო, რომ ჰგონიათ იგი ხელს შეუწყობს მათ ნერვიულობის, მოწყენილობის, სტრესების, დეპრესიული მდგომარეობის თავიდან აცილებაში.
არსებობს მწეველთა ორგვარი ტიპები: იშვიათი და რეგულარული.
იშვიათ მწეველებს მიეკუთვნებიან ის პირები, რომლებიც სიგარეტს ეწევიან მხოლოდ იშვიათად, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითად, დღესასწაულის დროს ან წვეულებაზე, ჭამის შემდეგ, ამხანაგებთან სტუმრობისას და სხვა.
რეგულარულ მწეველს მიეკუთვნება ის პირი, რომელიც ეწევა თამბაქოს ყოველლღე. ისინი ფიზიკურად შეჩვეულნი არიან ნიკოტინის მიღებას, მათ ვერ წარმოუდგენიათ ერთი დღეც კი სიგარეტის გარეშე.
სიგარეტის წევა ადამიანს ბევრ დროს ართმევს. მაგალითად, გამოანგარიშებულია, რომ ის პირი, რომელიც დღეში საშუალოდ ორ კოლოფ სიგარეტს ეწევა, ამ პროცესს ანდომებს 3-4 საათს.
ხშირად რეგულარული მწეველი ცდილობს თავი დაანებოს თამბაქოს მოწევას, მაგრამ ამის შედეგად პირველ ხანებში მას ეწყება დეპრესია, მოუსვენრობა, ნერვიულობა, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც რეგულარული მწეველი თავს არ ანებებს მოწევას არის ის, რომ თავიდან აიცილოს ეს სიმპტომები.
თამბაქოს ძირითად მოქმედ საწყისს წარმოადგენს ნიკოტინი. ნიკოტინი – ფრანგი დიპლომატის ჟან ნიკოს გვარის მიხედვით, რომელმაც 1560 წელს პირველად შეიტანა თამბაქო საფრანგეთში, – წარმოადგენს ალკალოიდს, რომელიც არის თამბაქოს ფოთლებსა და თესლში. ერთი ცალი სიგარეტი ჩვეულებრივ შეიცავს 10-15 მგ ნიკოტინს. იგი მეტად ძლიერი შხამია, რომელიც უპირატესად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, საჭმლის მონელებაზე, სასუნთქ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე.
თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს. ყოველწლიურად ასობით არამწეველი იღუპება თამბაქოს მოწამლული ჰაერის მათ ორგანიზმში მოხვედრის გამო. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.
მსოფლიოში, ყოველწლიურად, თამბაქოს მოწევას თავს ანებებს მილიონობით ადამიანი. მწეველთა უმრავლესობისათვის ეს პროცესი ადვილი არ არის, რადგან მათი ორგანიზმი შეჩვეულია ნიკოტინს. მიღების შეწყვეტის შემდეგ მათ უწევთ გაიარონ რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარდამავალი პერიოდი, სანამ თავს იგრძნობენ ისევე კომფორტაბელურად, როგორც გრძნობენ არამწეველები.
თუ ადამიანს სურს თავი დაანებოს სიგარეტის წევის ამ მავნე ჩვევას, მან პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს თან ამ ფაქტს.
ადამიანი თავს დაანებებს თუ არა სიგარეტის მოწევას, მაშინვე იწყება ორგანიზმის გაწმენდის პროცესი. პირველი 24 საათის განმავლობაში ნიკოტინისა და კარბონატის მონოქსიდის დონე სისხლძარღვებში სწრაფად ეცემა. ნიკოტინის განმეორებითი დოზების მიუღებლობის შემთხვევაში გულისცემა რეგულირდება და სისხლის წნევა მცირდება. იმის გამო, რომ კარბონმონოქსიდი აღარ ხვდება ორგანიზმში, სისხლძარღვებში მატულობს ჟანგბადის შემცველობა. ორი-სამი დღის შემდეგ ნიკოტინის დიდი ნაწილი გამოიდევნება ორგანიზმიდან.
რამდენიმე დღის შემდეგ მცირდება მწეველის ქრონიკული ხველება, რამდენიმე კვირაში კი სულ ქრება. ადამიანს ფილტვები უსუფთავდება და სუნთქვა უადვილდება.
თამბაქოს წევის დანებების ორი წლის შემდეგ ყოფილი მწეველისათვის გულისა და ფილტვების დაავადებების განვითარებისა რისკი იგივეა რაც არამწეველთათვის.
რაც შეეხება ამ პროცესის სხვა დადებით მხარეებს, – სიგარეტის თავის დანებების შემდეგ ადამიანს უქრება პირის ღრუში უსიამოვნო გემო, უმჯობესდება ყნოსვა, ძილი უფრო მშვიდი აქვთ და გაღვიძებისას კარგად გრძნობენ თავს. თამბაქოს გამო ადამიანს კბილები და ხელის თითები გაყვითლებული აქვს.
თამბაქოს წევის დანებება აუმჯობესებს ადამიანის გამომეტყველებას, სისხლძარღვების ცირკულაციის მოწესრიგების გამო კანი უფრო ჯანმრთელად გამოიყურება. მისი სუნთქვა და ტანსაცმელი უფრო ჯანსაღია
მაგრამ თამბაქოს წევის დანებება ასე ადვილი არ გეგონოთ, იგი ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ვინც მართლა ხვდება თუ როგორი საშიშია თამბაქოს წევა ორგანიზმისთვის იგი აუცილებლად დაანებებს ამ მავნე ჩვევას თავს!...

მილიონობით ადამიანი გულგრილად უყურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ თამბაქო შხამია ორგანიზმისთვის. - 812558928885

Комментарии

Комментариев нет.