თელავის ისტორია

კახეთის ქალაქებს შორის ერთ-ერთი უძველესია თელავი.
ქალაქი სახელწოდებით ეტიმოლოგიურად უნდა უკავშირდებოდეს ხე-მცენარეს თელას, რომელიც ამ რეგიონისათვის საკმაოდ დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს.
თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიან ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.
თელავი პირველად მოიხსენება ბერძენი გეოგრაფის პტოლემე კლავდიუსის (ძ.წ. II საუკუნე) ”გეოგრაფიაში” ”Telada”ფორმით.
არაბი გეოგრაფი ალ-მუკადასი (X საუკუნე)აღნიშნავს, რომ თელავის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენდნენ. ცხადია, ამ დროს თელავი საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. აშკარად ჩანს, რომ თელავი ქალაქია უკვე ადრეფეოდალური ხანის პირველ ნახევარში, ე.ი. მანამ სანამ იქ კახეთის პირველი მეფეები დამკვიდრდებოდნენ.
ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ კახეთის ცენტრი კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების დროს იყო უჯარმა. გ.ჩუბინაშვილი კახეთის სამთავროს პირველ ცენტრად მიიჩნევდა ბოჭორმას, შემდეგ კი თელავს.ყოველ შემთხვევაში მეფე აღსართანის (1058-1084) რეზიდენცია ნამდვილად თელავშია.
ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როცა იგი კახეთ-ჰერეთის სამთავრო ცენტრი გახდა. XII საუკუნაში თელავი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, მისი მნიშვნელობა დაეცა,მოგვიანებით თელავი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა.
XV-XVI საუკუნეებში ქალაქი ისევ დაწინაურდა. ირანის შაჰის აბას I ლაშქრობებმა მისი განვითარება კვლავ შეაფერხა. XVII საუკუნის 60-იან წლებში თელავს ხელსაყრელი პირობები დაუდგა. კახეთის მეფემ არჩილ II ისარგებლა ხანმოკლე მშვიდობიანობით, აქ სამეფო სასახლე ააგო და თავისი რეზიდენცია 1672 წელს გრემიდან თელავში გადაიტანა.
თელავის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ერეკლე II მეფობის ხანას ეკუთვნის. მისი მეფობის პერიოდს (1744-1789 წ.წ.) ემთხვევა თელავის, როგორც სტრატეგიული და კულტურული ცენტრის კიდევ უფრო ზრდა.
1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფიო-საღვთისმეტყველი სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადააკეთეს.
ერეკლემ გამეფებიდან ღრმა მოხუცებულობამდე მთელი თავისი ცხოვრება მოახმარა ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენის ცდას.
ერეკლე II ძირეულმა რეფორმებმა პრინციპულად შეცვალა ქართლ-კახეთის, უფრო მოგვიანებით კი - მთელი საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ორიენტაცია.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყურადღებას იპყრობს ციხე-სიმაგრე ”ბატონის ციხე”. XVII-XVIII საუკუნეებშიაქ მოთავსებული იყო კახეთის მეფეთა რეზიდენცია. ”ბატონის ციხეს” უკავია პლატო ბატონის წყალსა და კაკლის ხევებს შორის. სამხრეთის მხარეს კედლის წინ არსებულ მოედანზე ძველად სპორტული ასპარეზობანი იმართებოდა. ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე ერეკლე II-ის სახელობის სკვერი და ქალაქის ცენტრალური მოედანია.
”ბატონის ციხის” ძველი კომპლექსი მოიცავს: ”ციხის ზღუდეს”, სასახლეს, კარის ორ ეკლესიას, აბანოს და გვირაბს. ციხის ზღუდე წარმოადგენს ქვითკირით აგებულ 5 მეტრის სიმაღლის ქონგურებიან კედელს, მასში დატანებულია ორი ჭიშკარი - აღმოსავლეთისა და დასავლეთის. იგი თავდაცვითი ნაგებობაა.
გალავნის შიგნითა ორი ეკლესიიდან ერთ-ერთი არჩილის კარის ეკლესიაა - ადრინდელი ნაგებობა. იგი აშენებულია როგორც მცირე სამრეკლო. ამჟამად ძლიერ არის დაზიანებული. მეორე ეკლესია, რომელიც აგებულია 1758 წელს მეფე ერეკლე მე-2-ის მიერ, მდებარეობს გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. ეკლესია აგურითაა ნაგები და ერთნავიანი შენობის ტიპს მიეკუთვნება.
აბანო გვიანფეოდალური პერიოდის აბანოების სისტემაზეა მოწყობილი. მისი კედლები მოხატული ყოფილა. აბანოს შენობიდან დღეს მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი: აუზი, იატაკის ქვეშ არსებული ღუმელი და რამდენიმე სათავსო. გვირაბი საიდუმლო გასასვლელს და ნაგებობასთან დამაკავშირებელი გზის ფუნქციას ასრულებდა.
ამჟამად კახეთის მეფეების ყოფილ სასახლეში განლაგებულია გალერეა, სადაც წარმოდგენილია ცნობილი ქართველი, რუსი, ჰოლანდიელი, იტალიელი და სხვა მხატვრების ტილოები. აქვეა წარმოდგენილიისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მდიდარი კოლექციით. აღმოსავლეთით დადგმულია მეფე ერეკლე II-ის ძეგლი. გზის გადასწვრივ თელავის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა - 950 წლის ჭადრის ხე (სიმაღლე 40მ,გარშემოწერილობა 11,4მ). თელავის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ვახვახიშვილებისა და ყორჩიბაშვილების ციხეები.
ერეკლე II სახელი ქართველთათვის თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა.
ხალხმა მას სიყვარულით ”პატარა კახი” უწოდა და ფართოდ ასახა მისი საგმირო საქმეები თავის შემოქმედებაში.

Комментарии

Комментариев нет.