Комментарии
- 17 фев 2011 23:07
შენი სიტყვა და ჩემი მერანი.
შენ შეიძლება არ დაიჯერო,
მაგრამ მე მხოლოდ მისთვის მოვედი,
რომ გამოგიხსნა და წაგიყვანო,
იქ საიდანაც აქ ჩამოვედი.
ვარ კადნიერი და მაქვს იმედი,
რომ შენ გამიგებ და გამომყვები,
მე არჩევანი არ გამაჩნია
და შენს გარეშე არ დავბრუნდები.
ათას გზის ვნებულს აღარც კი გახსოვს
შენ გადამკიდეს ამ მარტოობის,
თუ როგორია წმინდა სავანე
სიყვარულის და მარადისობის.
შენი სიტყვა და ჩემი მერანი
წამის უსწრაფესს დაგვაბრუნებენ,
სადაც გვიხმობენ წმინდად მყოფელნი
და სასოებით გადმომყურენი. - 20 фев 2011 00:51
დაკარგულების დღესასწაული.
ყოველთვის როცა თავიდან ვიწყებ
სვლას სიყვარულის მიმართულებით,
სულს ვივსებ ახალ იების წყებით
და მომავალი გაზაფხულებით.
შენი თვალების იდუმალება
და სინატიფე შენი ტუჩების,
არ მაძლევს ნებას რომ ძორს დავუშვა
მზე მარადიულ მშვენიერების.
და ვეჭიდები ბოლომდე იმედს,
რომ ისევ ისე ჩემი იქნები,
რომ ყველაფერი განმეორდება
და მეც ზღაპრულად გარდავიქმნები.
მაგრამ, ო მაგრამ, რა ამაოა
ჩემი ყოველი სვლა და მცდელობა
თავდავიწყების სასმისით თრობის
ნებაყოფლობით ჟამის მძევლობა.
ერთადერთი ხარ და არ არსებობს
ამ ქვეყანაზე სხვა სასწაული,
არ შევჩერდები და გაცხადდება
დაკარგულების დღესასწაული. - 27 фев 2011 17:46
იმ სამოთხიდან ამ სამოთხემდე.
კოცნით და კოცნით ჩაგეძიები,
გაბრუებული შენი სურნელით,
შენს შეცნობაში გადაშვებული
შტორმით, გრიგალით, ზღვართა მომსვრელი.
უხმო განდობის ბგერათა შვებით,
ცით დაშვებული მღერის ზვირთებში,
გავშლი იალქანს მზისფერ ხომალდის
და შემოვცურავ შენს სანახებში.
შენ ჩემი სულის აღთქმულო მიწა
დასაბამიდან მომავლის ბჭემდე,
ვარ თანამდევი შენი მეგზური
იმ სამოთხიდან ამ სამოთხემდე.
კოცნით და კოცნით ავხსნი შენს ბეჭდებს,
აგიხსნი პყრობილს და გამოგიხსნი,
ჩემო შუქურა მზიანი ღამის,
შენი გულისთვის ზეცას გადავხსნი. - 27 мар 2011 17:50
ამ პურით და ღვინით.
აბა სად გცალია ეხლა სადედოფლოდ,
როცა სარეცხი გაქვს თოკზე გასაფენი,
ცეცხლზე ქვაბი გიდგას, ბავშვი მისახედი
და თავზე გაყრია საქმე დანარჩენი.
როცა მოგადგება შორი გზიდან ბედი,
შენი მომავალი თავის მეგობრებით,
ძაან მეეჭვება წუთიც რომ დაუთმო,
ასე მოუცლელმა მართას რუდუნებით.
ო, რას იხალისებს შენი შემხედვარე-
სახე დაბურული კონკიას იერით,
ვიდრე ხელს მოგხვევს და ვიდრე მიგიზიდავს,
გულში გაჩენილი ხანძრის გადადებით.
მაშინ მოირთვები სუნთქვით გაზაფხულის,
სადედოფლო კაბით და ვარდის გვირგვინით
და დღე მარადისი ასე დაიწყება,
ფუძე დალოცვილი ამ პურით და ღვინით. - 10 апр 2011 12:08
და შენი პოვნა...
სიღრმეში შევალ, აქ ყველაფერი
გაგიჟებამდე ჩემეულია,
შევცურავ ვიდრე ვწვდები ჰორიზონტს
და ვიტყვი რომ სვე დაძლეულია.
ჩავწვდები ცის და მიწის ხვაშიადს,
გავიგებ რისთვის მოვედი ქვეყნად,
ვინა ვარ, სადაა ჩემი ადგილი
და აღვსრულდები ფარულის მჩენად.
მხოლდ ფრენისთვის ღირს ეს ცხოვრება
გაცლა მარადი უდაბნოეთის
და შენი პოვნა მაქმანთა მიღმა,
ვით აფეთქება ყველა შორეთის. - 27 мая 2011 15:03
ვერხვები...
რომ შემეძლოს გადაგცვლიდი ლექსებში,
მერე თუნდაც შემიწიროს ბუნებამ,
ჩემ ფანჯრის წინ ხმაურობენ ვერხვები,
და სიჩუმე ახლა არვის უნდება.
არ უხდება ახლა მთვარეს ტირილი,
არც დღის ნათელს ღვთაებრივი სინათლე,
რაც რამ ხდება, არ მოხდება პირიქით,
და ბოდვაა რაც ოდესღაც ვინატრე.
ეს ვერხვები ხმაურობენ ისევ და,
ლექსის ფურცლებს გულში იკრავს მდინარე,
ყველა ვინც კი გულში ღრუბლებს იტევდა,
ჩემთან ერთად არის ახლა მძინარე.
რომ შემეძლოს გადაგცვლიდი ლექსებში,
და ამ ნიჭსაც დავმარხავდი ვერხვის ქვეშ,
არ არსებობს რასაც მე სულ ვეძებდი,
და სიმშვიდეს ვერასდროს ვერ ვეღირსე.
დავით(დოდა) კინწურაშვილი - 18 ноя 2011 13:37
გაუჩინარდი
გაუჩინარდი ისე უეცრად,
როგორც გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში.
შესაბამისად კარმის კანონის...
ვრჩები ეული ღამის ქალაქში.
მცივა და ვეკვრი შენს მოგონებას
დაუსრულებლად გაყოვნებ ჩემში,
ვერ შეგელევი ბოლო სუნთქვამდე
მე ერთადერთი შევიცნე შენში.
შევეზიარე ბანალურ სიტყვებს,
მაგრამ გულს განა რას შეაგონებ,
ის შენ გეკუთვნის განუყოფელად,
მის ხმას ყოველგან შენ გაიგონებ.
სადა ხარ, ვისში აანთე რწმენა,
უფრო მეტი და თანაზიარი.
ბედის წერაა ჩემი ცხოვრება,
წითელი ვარდი და ნატყვიარი. - 8 мар 2012 23:44
სათიბში ფიქრს მზე არ მაცლის,
ფიქრი კარგია ჩეროსა...
გიმზერ, გხედავ და რას ვფიქრობ,
როგორ გავჩერდე ჩეროსა...
ნიავი გენანავება... მზისგან
ნაფერებ ნაწნავში...
სათიბში რა გამაჩერებს
მინდა ჩაგეფსკვნა ნაწნავში...
სათიბის თავში რომ იდგე,
მე ბოლოს... შეგამჩნიო რა...
ნიავსა ვთხოვ რომ შენამდინ
მანძილი შამიმციროსა,
შამისვას თავის ზურგზე და
შენს თმებში გამაბნიოსა...
სათიბში ფიქრს მზე არ მაცლის,
ფიქრი კარგია ჩეროსა...

ზვიად კეჭაყმაძე - ლირიკა
:Zviad Kechakmadze
საკუთარი ლექსები...